როგორც კი ”სიბილი სამხრეთისაკენ” დასრულდა,
ჰიპერის მეზღვაურები აღმაფრენამ მოიცვა: ღმერთმა დასაჯა ბრიტანელები! მათი ორი
კრეისერია ჩაძირული, ახლა კი ბრძოლაში ღია ზღვის ფლოტის დრედნოუტებიც ჩაებმებიან!
ფონ ჰაზე წერდა: ””დერფლინგერზე” ეკიპაჟი მოპოვებული გამარჯვების კანონიერი
სიამაყით იყო აღვსილი და ჩვენს წინააღმდეგ მყოფი მთელი ძალების განადგურების
სურვილით იწვოდა. მზად ვიყავით ახალი დიდების მოსაპოვებლად”.
გერმანელთა საბრძოლო მოხსენების თანახმად
17:45-ზე ”ლუტცოვს” კიდევ ორი ჭურვი მოხვდა. ”ზაიდლიცმაც” მიიღო რამდენიმე
მოხვედრა და მას ცეცხლი მოედო. ”დერფლინგერზე” ბრიტანულმა ჭურვმა ცხვირზე ჯავშანი
გახვრიტა და ”მან ცხვირზე დიფერენტით დაიწყო წყალში წასვლა”. ”ფონ დერ ტანზე”
აბსოლუტურად ყველა ქვემეხი განადგურდა, მაგრამ ”მისმა მეთაურმა მწყობრში დარჩენის
გადაწყვეტილება მიიღო, ამიტომ მოწინააღმდეგე იძულებული გახდა, მიზნების
განაწილებისას მისი ხომალდიც გაეთვალისწინებინა და არ შეეძლო ცეცხლის გაძლიერება
სამი დარჩენილის წინააღმდეგ”. შემდეგ მოხსენებაში ნათქვამია: ”მოხვდნენ რა
მოწინააღმდეგის ძლიერ ცეცხლქვეშ და რაკი საპასუხო ცეცხლის წარმოების საშუალება არ
ჰქონდათ, ჩვენი სახაზო კრეისერები მალე გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ”. ბიტი
თავისი მანევრით მათ სულ უფრო აღმოსავლეთით მიერეკებოდა.
შეერის ხომალდების ჩრდილოეთით ზღვა უკაცრიელი
იყო. მზვერავებდაკარგული გერმანელი ადმირალი ისევ ბრმად მიდიოდა და ჯერ კიდევ არ
იცოდა, რომ ჩამოწოლილი ბინდბუნდისა და ნისლის მიღმა მას ჯელიკო და მთელი გრანდ
ფლიტი ელოდა.
17:30-სათვის, როდესაც ბიტი კვლავ
აღმოსავლეთისაკენ განაგრძობდა სვლას, ბრძოლაში უკვე ჩრდილო-აღმოსავლეთიდან
გამოჩენილი რეარ-ადმირალ ჰორეს ჰუდის სახაზო კრეისერების 3-ე ესკადრა ჩაება,
რომელიც ჯელიკოს ავანგარდში მოდიოდა: ჰიპერის კოლონა ორმხრივ ცეცხლში მოხვდა.
ბრძოლა უზარმაზარ აკვატორიაზე გაიშალა: მძიმე ხომალდების კოლონათა ფლანგებზე
მსუბუქი ძალების ბრძოლა წარმოებდა.
ადმირალი ჯონ რაშუორთ ჯელიკო ზღვაშიც კი
ნებაყოფლობით კარჩაკეტილობაში რჩებოდა. ეს ტანმორჩილი, დაღლილი ადამიანი, რომლის
მხრებზეც აგერ, უკვე ორი წელია, ფლოტის უმაღლესი მთავარსარდლის უზარმაზარი
პასუხისმგებლობა იწვა, საათობით იჯდა თავის კაიუტაში და უსასრულო მოხსენებებს,
ბრძანებებსა და ოქმებს არჩევდა. დღეში სამჯერ ადმირალი კაიუტ-კომპანიაში ჩადიოდა,
სასადილო მაგიდასთან კუთვნილ საპატიო ადგილს იკავებდა და ზრდილობიანი, მაგრამ
სიტყვაძვირი რჩებოდა.
შეშფოთებისათვის კი საკმაოზე მეტი მიზეზები
არსებობდა. ასეთივე პასუხისმგებლობა აქამდე, ალბათ, მხოლოდ ლეგენდარული ნელსონის
მხრებზე თუ იწვა, როდესაც მხოლოდ მის ფლოტს შეეძლო ნაპოლეონის ძლევამოსილი
არმიისათვის ზღვაზე გადასასვლელის გადაკეტვა, რაც კიდეც მოახერხა სახელოვანმა
ადმირალმა აბუქირთან და ტრაფალგართან დიადი გამარჯვებებით. მოახერხებს კი ჯელიკო
ასეთივე, ან თუნდაც მცირე, მაგრამ გამარჯვების მოპოვებას? საშინელებაა თვით იმის
გაფიქრებაც, თუ რა მოხდება, თუკი გერმანელები გაიმარჯვებენ და გრანდ ფლიტისაგან
მხოლოდ სახელიღა დარჩება: სკანდინავიასთან საზღვაო კომუნიკაციები გერმანელთა
კონტროლქვეშ გადაინაცვლებს, მოკავშირე რუსეთი იზოლაციაში აღმოჩნდება, ბრიტანეთის
სანაპიროს დასაცავად აღარაფერი დარჩება და ბრიტანეთის არმიის კონტინენტიდან
გამოწვევა გახდება საჭირო, რაც დაუყოვნებლივ გამოიწვევს დასავლეთის ფრონტის მყოფე
ბალანსის დარღვევას და გერმანიის ჯარების მაქსიმალურ გააქტიურებას...
ჯელიკოს თავისუფლად შეეძლო კატასტროფის
თავიდან აცილება, მაგრამ ამისათვის უკიდურესად ესაჭიროებოდა ცნობები
მოწინააღმდეგის შესახებ: მტრის ესკადრაში ალმების რაოდენობა, მისი შემადგენლობა და
კოორდინატები, კურსი და სიჩქარე. სადაზვერვო ინფორმაციას ოქროს ფასი ედებოდა.
მზვერავები მეთაურის თვალები და ყურებია და გრანდ ფლიტის სარდალს სადაზვერვო
ინფორმაციის მიღების მრავალი შესაძლებლობა ჰქონდა. ერთი მათგანი მან უკვე გაუშვა
ხელიდან: სკაპა ფლოუდან გრანდ ფლიტის მთავარი ძალების გასვლისას ავიატრანსპორტი
”კამპანია” (HMS Campania) ბაზის ჩრდილოეთ სანაპიროზე, მთავარი ძალებისაგან
მოშორებით იდგა და არ შეეძლო დაენახა ფლაგმანის მიერ გადაცემული სიგნალი ყველა
ხომალდის ზღვაში გასვლის შესახებ. მხოლოდ ორი საათის შემდეგ იგუმანეს
ავიატრანსპორტზე რაღაც გაუგებრობა: მეთვალყურეებმა ხომალდის მეთაურს მოახსენეს,
რომ რეიდზე ხომალდები აღარ იყო, რომ მთელმა ფლოტმა დატოვა ბაზა. ”კამპანია”
მაშინვე მოიხსნა ღუზიდან და სრული სვლით დაიძრა თავისიანების დასაწევად, მაგრამ
ჯელიკომ რადიოთი უბრძანა მას უკან დაბრუნება: როდესაც სარდალს მოახსენეს, რომ
ავიატრანსპორტის სიჩქარე სულ 19 კვანძი იყო, ჯელიკომ აღარ ისურვა, რომ დაუცველი
ავიატრანსპორტი გერმანული წყალქვეშა ნავების ლუკმად ქცეულიყო. სინამდვილეში
”კამპანიას” სულ ადვილად შეეძლო 20,5-კვანძიანი სიჩქარის განვითარებაც და ასეთი
სვლით ის სწრაფად და უპრობლემოდ დაიკავებდა თავის ადგილს ორდერში, რაც გრანდ ფლიტს
დიდად გამოადგებოდა. მაგრამ მას ბაზაში მოუხდა დაბრუნება.
კაცმა რომ თქვას, ბიტის ამოცანა უცვლელი
რჩებოდა: მას სარდლისათვის მოწინააღმდეგის შესახებ ცნობები უნდა მიეწოდებინა - ამ
ცნობების გარეშე ჯელიკოს არავითარი ზომების მიღება არ შეეძლო. დაკისრებული ამოცანა
ბიტიმ ვერ შეასრულა: დღე მტანჯველად იწელებოდა, სარდალმა კი კვლავინდებურად
არაფერი იცოდა გერმანელთა შესახებ - ბიტის მოხსენებები არასრული, გაუგებარი და
არაზუსტი გახლდათ, ხანდახან კი ისინი საერთოდ არ მოდიოდა და ამ დროს მოლოდინის
წუთები განსაკუთრებით გრძელი იყო.
14-კვანძიანი სიჩქარით მიმავალი გრანდ ფლიტი
აუჩქარებლად ლავირებდა ნისლში, როდესაც 14:18-ზე სარდალს ბიტის მზვერავის - მსუბუქ
კრეისერ ”გალათეას” მოხსენება მიუტანეს, რომელიც მოულოდნელად წააწყდა დანიური
გემის დაკავებით გართულ გერმანულ ნაღმოსნებს და რომელმაც იუტლანდის ბრძოლა დაიწყო.
რადიოგრამა შემდეგნაირი იყო: ”სასწრაფოდ. ვხედავ ორ კრეისერს. სავარაუდოდ -
გერმანულებს. მიმართულება - ოსტ-ზუიდ-ოსტი, კურსი დაუდგენელია. ჩემი კოორდინატები:
ჩრდილოეთის გრძედის 56 გრადუსი და 48 მინუტი და აღმოსავლეთის განედის 5 გრადუსი და
21 მინუტი”. შემდეგ კი ეთერი ერთ საათზე მეტი ხნით მიჩუმდა: როგორც ჩანს,
მზვერავები ცდილობდნენ, თავიანთი ადგილსამყოფელი არ გაეცათ.
ჯელიკომ გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო:
შეცვალა კურსი სამხერთ-აღმოსავლეთიდან სამხრეთისაკენ, გაზარდა სიჩქარე ჯერ 18
კვანძამდე, შემდეგ - 19-მდე, ბოლოს კი - 20-მდე და ხომალდებზე საბრძოლო განგაშის
გამოცხადება ბრძანა. გრანდ ფლიტს სახაზო ძალები ერთმანეთის პარალელურ ექვს კოლონად
გაიშალა, რომელთაგან თითოეული ოთხ დრედნოუტს ითვლიდა (ვიცე-ადმირალ მარტინ ჯერამის
კრომარტიში ბაზირებული 2-ე სახაზო ესკადრა, რვა დრედნოუტის შემადგენლობით, სკაპა-ფლოუდან
გამოსულ მთავარ ძალებს დღის პირველი საათისათვის შეუერთდა). სარდლის ბრძანებით კოლონებმა
ურთიერთშორის მანძილი 1500-დან 2000 იარდამდე გაზარდეს, რათა, როდესაც საბრძოლო
წყობით, ერთ კილვატერულ კოლონად გაშლის დრო დადგებოდა, ხომალდებს ”ოპერატიული არე”
- მანევრისათვის საჭირო სივრცე ჰქონოდათ. ჯელიკომ გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო.
ლოდინის მეტი აღარაფერი რჩებოდა.
ბიტის მორიგი მოხსენება მხოლოდ 15:21-ზე
მოვიდა, შემდეგ კი მოხერხდა მისი კიდევ ერთი ტელეგრამის დაჭერა, სადაც ის
შენაერთთა ფლაგმანებს თავის კოორდინატებს, კურსსა და სიჩქარეს ატყობინებდა. რაკი
ჩვეულებრივ სიტუაციაში ასეთი ინფორმაცია ზედმეტი იყო, ჯელიკომ დაასკვნა, რომ ბიტის
რაღაც შეემთხვა. მაგრამ - რა? ამის შესახებ მხოლოდ ვარაუდებიღა შეიძლებოდა.
15:27-სათვის მოწინააღმდეგის შეახებ ცნობებმა
იმატა, მაგრამ ისინი არასრულად და ურთიერთგამომრიცხავად მოდიოდა. დაიჭირეს
”გალათეას” რადიოგრამა: ”ვხედავ კვამლებს. მიმართულება - ოსტ-ზუიდ-ოსტი. კურსი - ვესტ-ნორდ-ვესტი”.
ბიტის თანმხლებ ძალებში შემავალმა მსუბუქმა კრეისერმა ”ნოტინგემმაც” (HMS
Nottingham) ამოიღო ხმა - მასზეც შეამჩნიერ ხუთამდე კვამლი ოსტ-ნორდ-ოსტის
მიმართულებით. ორ წუთში ისევ ”გალათეას” რადიოგრამიდან გახდა ცხადი, რომ კრეისერი
მოწინააღმდეგის ხომალდებისაგან მიდიოდა ჩრდილო-დასავლეთისაკენ (მაგრამ რამდენი და
რა ხომალდები იყო ესენი, რადიოგრამა არ ამბობდა).
ინფორმაციის ამ პაწაწინა ნაგლეჯებისაგან
ჯელიკომ სრული სურათი ააგო და მსუბუქ კრეისერ ”კასტორზე” (HMS Castor) მყოფ
ნაღმოსანთა 11-ე ფლოტილიის მეთაურს, 2-ე კლასის კომოდორ ჯეიმს ჰოკსლის გადასცა: ”ჩვენი
სახაზო კრეისერები მოწინააღმდეგის კრეისერებსა და საესკადრო ნაღმოსნებს მისდევენ,
კურსი - ნორდი. დაახლოებით 16:00 საათისათვის მოწინააღმდეგე ჩვენს კრეისერებთან
საცეცხლე კონტაქტში შევა”. სარდალმა მდგომარეობა არასწორად შეაფასა: სწორედ ამ
დროს ბიტიმაც და ჰიპერმაც მობრუნება ბრძანეს და დაიწყო ”სირბილი სამხრეთისაკენ”.
მოხსენებები ერთიმეორის მიყოლებით მოდიოდა,
მაგრამ სიტუაციას ნათელი არ ეფინებოდა. 15:40-ზე ბიტი, როგორც იქნა, პირდაპირ
ჯელიკოზე გავიდა: ნორდ-ვესტზე შემჩნეულია მოწინააღმდეგის ხუთი სახაზო კრეისერი და
რამდენიმე საესკადრო ნაღმოსანი - არ მოვიდა ინფორმაცია არც კურსის, არც სიჩქარის
შესახებ. 16:38-ზე ბიტის ესკადრის ორი ხომალდის მეთაურების მოხსენება დაიჭირეს,
რომლებმაც თითქმის ერთდროულად დაინახეს მტრის სახაზო ფლოტი, მაგრამ გადმოცემულ
კოორდინატთა ერთმანეთთან შედარება 25-მილიან განსხვავებას იძლეოდა. 16:45-ზე ბიტის
რადიოგრამაც მოვიდა: ’ზუიდ-ოსტზე მტრის სახაზო ფლოტს ვხედავ”.
ის კიდევ არაფერი, რომ რადიოგრამა წესების
დარღვევით იყო გადმოცემული: ალმების სიგნალით ”პრინსეს როიალზე” გადაცემისას
(”ლაიონის” რადიოგადამცემი მწყობრიდან იყო გამოსული) მოხსენება საშინლად
დაამახინჯეს და ასე დასახიჩრებული გადასცეს რადიოთი ”აირონ დიუკზე”. დაშიფვრისას,
გადაცემისას, რეტრანსლაციისას, გაშიფვრისას და ჩაწერისას დოკუმენტში უამრავი შეცდომა
გაიპარა და ჯელიკოს შემდეგი უაზრობა მიუტანეს: ”26-დან (! - ავტ.) 30-მდე (!! -
ავტ.) სახაზო ხომალდი, სავარაუდოდ (!!! - ავტ.) - მოწინააღმდეგის (!!!! - ავტ.).
მიმართულება - ზუიდ-ზუიდ-ოსტი. კურსი - ზუიდ-ოსტი”.
”ასეთ ხეპრედ ჩემს ცხოვრებაში არ მიგრძვნია
თავი, - საყვედურობდა ჯელიკო ბიტის ბრძოლის დამთავრების შემდეგ, - მდგომარეობა
უკიდურესად გაურკვეველი რჩებოდა. საიდან ველოდო მოწინააღმდეგეს? ცხვირიდან?
კიჩოდან? რომელი ბორტიდან? ვერაფერი გავიგე!”.
საბოლოოდ, 17:55-ზე კიდევ ერთი მოხსენება
მოვიდა, მაგრამ არა ბიტისგან, არამედ დრედნოუტ ”მალბოროსაგან” (HMS Marlborough),
რომელიც მარჯვენა ფლანგის კოლონის თავში მოძრაობდა (აქვე იმყოფებოდა ჯელიკოს
საფლაგმანო ”აირონ დიუკიც”): ”ცხვირიდან მარჯვნივ გასროლების გაელვებებს ვხედავ და
მესმის კანონადა”. იმავე წუთს ჯელიკომაც გაიგონა ქვემეხების ღმუილი, მაგრამ ვერ
განსაზღვრა, საიდან ისროდნენ - ხელს ხშირი ნისლი უშლიდა. აქ უკვე სარდალსაც ვეღარ
გაუძლო ნერვებმა: ”მინდოდა მცოდნოდა, - დაიყვირა მან, - ვინ ვის ესვრის?!”.
უცებ ჯელიკოს სვლის მიმართულებიდან მარჯვნივ,
ხუთი მილის მოშორებით, რუხი ნისლიდან ერთბაშად ამოყვინთეს ბიტის ხომალდებმა.
”ლაიონის” მარჯვენა ბორტზე, კიჩოდან, ბოლქვებად მიცურავდა თეთრი კვამლი, მისი
ქვემეხები ცეცხლს ანთხევდნენ, გარშემო კი ჭურვები სკდებოდა და წყლის უზარმაზარ
შადრევნებს აყენებდა. ჯელიკომ მაშინვე აღმართა სიგნალი: ” სადაა მოწინააღმდეგის
სახაზო ფლოტი?”. ბიტიმ სიჩქარის დაუგდებლად (ის თავისი კრეისერების დრედნოუტთა
საფარქვეშ გაყვანას ჩქარობდა) უპასუხა: ”ზუიდ ოსტზე გერმანული სახაზო
კრეისერებია!”. მაგრამ გერმანული სახაზო კრეისერები ჯელიკოს ახლა ყველაზე ნაკლებად
აინტერესებდა: მას მტრის დრედნოუტთა კოორდინატები სჭირდებოდა, ბიტიმ კი შეერი
საათზე მეტ ხნის უკან დაკარგა მხედველობიდან და იფიქრა, რომ ლაპარაკი სწორედ მტრის
მზვერავებზე იყო. საბოლოოდ მან შეერი 13 წუთის შემდეგ დაინახა და დაუყოვნებლივ
უსიგნალა ფლაგმანს: ”ზუიდ-ზუიდ-ვესტზე მოწინააღმდეგის სახაზო ფლოტია!” და ისევ -
არც სისწრაფე, არც დისტანცია! ჯელიკოს ფიქრის დრო აღარ რჩებოდა, დაყოვნება
დაღუპვის ტოლფასი იყო: ხომალდებს საბრძოლო წყობით გაშლა შეიძლება ვერც მოესწროთ და
მოწინააღმდეგის ცეცხლის წინაშე სრულიად უმწეონი აღმოჩნდებოდნენ.
მესიგნალემ სიტყვა-სიტყვით გაიმეორა ბიტის
მოხსენება. ნალების წკაპუნით ჯელიკო სწრაფად მივიდა კომპასთან და თითქმის ნახევარ
წუთს მდუმარედ შეჰყურებდა მას. ”უზარმაზარი ინტერესით შევცქეროდი მის სახეს და
ვუცდიდი, რას იზამდა. - იხსენებს ფლაგ-კაპიტანი (საფლაგმანო ”აირონ დიუკის”
მეთაური) ფრედერიკ დრეიერი. - არაფერი ამჟღავნებდა მის მღელვარებას. ადმირალი,
როგორც ყოველთვის, მტკიცე და აუღელვებელი ჩანდა. მან კომპასს მზერა მოსწყვიტა,
ყველას შეგვხედა და საერთო დუმილში მისი ლითონგარეული ხმა აჟღერდა. ჯელიკომ მეკავშირე-ოფიცერს
ა.რ.უ. ვუდსს უბრძანა: ”აღმართეთ ალამი S.E.”. სამეფო ფლოტის სიგნალების კრებულში
ეს ნიშნავდა: ხომალდებმა დატოვონ თავიანთი ადგილები სალაშქრო კოლონებში, ერთრიგად
მოეწყონ და სამხრეთ-აღმოსავლეთის კურსი დაიკავონ. მოცემულ შემთხვევაში კილვატერულ
კოლონას სამხრეთ-დასავლეთიდან მომავალი შეერის ავანგარდის გზის გადასაჭრელად უნდა
ემოძრავა.
მაგრამ ბრიტანული ფლოტი ისედაც მოძრაობდა
სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით და, არეულობის თავიდან ასაცილებლად - გაუგებარი
იყო, რომელ საფლანგო კოლონაზე უნდა ყოფილიყო სწორება - ვუდსმა შესთავაზა: ”სერ, არ
გსურთ კურსის დაზუსტება? კიდევ ერთი რუმბით მარჯვნივ რომ ავიღოთ, ცხადი გახდება,
რომ სწორება მარცხენა ფლანგისაკენაა საჭირო”. ჯელიკო ცოტა ხნით დაფიქრდა და თქვა:
”ჩინებულია. უბრძანეთ აღმართონ სიგნალი ზუიდ-ოსტი/ოსტი””. ამგვარად ჯელიკომ
მანევრში სიცხადე შეიტანა: ხაზი მარცხენა კოლონაზე მოეწყოთ, რომლის თავშიც ”ქინგ
ჯორჯ V” (HMS King George V) მოძრაობდა. როდესაც გრანდ ფლიტის ხომალდებზე სიგნალი
გაამეორეს, ჯელიკომ განკარგულება გასცა: ”დრეიერ, უბრძანეთ გადაწყობა”.
გრანდ ფლიტის საბრძოლო მწყობრზე გადასვლა
შემდეგნაირად მიმდინარეობდა: მარცხენა ფლანგის კოლონას კურსი არ შეუცვლია.
დანარჩენი ხუთი კოლონის ლიდერებმა, მათ კვალდაკვალ კი - მიმყოლებმაც, ორი მოკლე
საყვირი მისცეს და 90 გრადუსით მარცხნივ აიღეს, შემდეგ კი - 90 გრადუსით მარჯვნივ.
ამგვარად ისინი შვიდ მილზე გაჭიმულ ერთ უზარმაზარ კილვატერულ კოლონად მოეწყვნენ.
ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას ჯელიკო
თითქმის ინსტინქტურად მოქმედებდა. მისი ამოცანა შეერის კურსის გადაკვეთა და
მისდამი 90 გრადუსით დადგომა იყო. ამ შემთხვევაში ინგლისელებს თავიანთი ოცდაოთხივე
დრედნოუტის ყველა ქვემეხიდან შეეძლოთ ცეცხლის წარმოება მაშინ, როდესაც შეერის კოლონის
მხოლოდ წინა ხომალდები და მხოლოდ ცხვირის კოშკებით უპასუხებდნენ (უკვე კლასიკურად
ქცეული წყობა Crossing-T, რომლის ავტორიც ლეგენდარული იაპონელი ადმირალი ტოგო
გახლავთ: სწორედ ამ წყობის მეოხებით მოაქცია მან ”ნალში” რუსული ფლოტი ცუსიმის
ბრძოლის საწყის ეტაპზე და სწორედ აქ გამარჯვების შემდეგ მიიღო ტოგომ ”აზიელი
ნელსონის” საპატიო მეტსახელი). მაგრამ ჯელიკომ უკიდურესად ცოტა იცოდა
მოწინააღმდეგის კოორდინატების, კურსისა და სიჩქარის შესახებ და როდესაც თავისი
ფლოტის მარცხენა ფლანგის მიმართულებით გაშლის გადაწყვეტილებას ღებულობდა, იმ
ვარაუდიდან გამოდიოდა, რომ მოწინააღმდეგე სამხრეთ-დასავლეთიდან მოდიოდა და დისტანცია
დაახლოებით 5 მილს შეადგენდა: ამ შემთხვევაში ბრიტანელები დროს იგებდნენ და
მანევრისათვის საკმაო სივრცესაც ღებულობდნენ. ისინი რომ მარჯვენა ფლანგის
მიმართულებით გაშლილიყვნენ, მოწინააღმდეგე მათ მანევრის მსვლელობისას მოუსწრებდა
და ცეცხლს გაუხსნიდა.
საღამოს შვიდი საათისათვის ჯელიკოს ოცდაოთხმა
დრედნოუტმა მანევრი დაასრულა და ჩრდილოეთიდან აღმოსავლეთისაკენ, თითქმის
90-გრადუსიან რკალად მოხრილ კილვატერულ კოლონად მოეწყო. ამ დროისათვის, სათავეში
საფლაგმანო ”ფრიდრიხ დერ გროსეთი”, ერთ კილვატერულ კოლონად მოწყობილი შეერის 16
დრედნოუტიც მოდიოდა სამხრეთიდან. ჰოჰზეეფლოტეს სარდალმა ჯერ კიდევ არ იცოდა, რა
ელოდა. მოწინააღმდეგეები ბრძოლისათვის ემზადებოდნენ, ორივე მხარის საგრძნობლად
შეფერთხილი სახაზო და მსუბუქი კრეისერები და საესკადრო ნაღმოსნები კი თავთავისი
ადგილების დაკავებას ჩქარობდნენ: ინგლისელები - ჯელიკოს ფლანგებზე, გერმანელები კი
- შეერის ავანგარდში.
ადგილი, სადაც ორი გიგანტური ფლოტი ერთმანეთს
შეხვდა, ჩრდილოეთის გრძედის 56 გრადუსსა და 57 მინუტზე და აღმოსავლეთის განედის 5
გრადუსსა და 43 მინუტზე მდებარეობს. ჩრდილოეთის ზღვის ეს უკაცრიელი აკვატორია,
რომელიც იუტლანდის ნახევარკუნძულიდან დაახლოებით 85 მილში მდეგარეობს,
ბრიტანელთაგან მალე ”ქარიანი კუთხის” (Windy Corner) სახელწოდებას მიიღებს.
...ჰუდის სახაზო კრეისერებმა თავიანთ მიერ
მძიმედ დაზიანებულ ”ვისბადენს” გვერდი აუარეს და უმწეო მსუბუქი კრეისერი უკან
მოიტოვეს. სამაგიეროდ მას ყურადღება სერ რობერტ არბეტნოტმა მიაქცია, რომელმაც
თავისი ესკადრის ოთხივე ჯავშნოსანი კრეისერი (”დიფენსი” (HMS Defence), ”უორიორი”
(HMS Warrior), ”ბლექ პრინსი” (HMS Black Prince) და ”დიუკ ოფ ედინბურგი” (HMS Duke of Edinburgh),
ალამი - ”დიფენსზე”) მისკენ დაძრა გასანადგურებლად: ამ მკვლელობას დაახლოებით 50
ხომალდის ეკიპაჟი ადევნებდა თვალს.
არბეტნოტის ხომალდებმა დარდიმანდულად ჩაუარეს
”ვისბადენს” ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ, თანაც ისინი ისე იყვნენ დევნით გართულნი,
რომ ვერც კი შეამჩნიეს ბიტის საფლაგმანო ”ლაიონი”, რომლის კურსზედაც ისე მოულოდნელად
აღმოჩნდნენ, რომ ამ უკანასკნელმა ძლივს მოასწრო საჭის აღება და შეჯახების თავიდან
აცილება: ”იმ ათი წუთის განმავლობაში მართვის ისეთი კლასი იქნა წარმოჩენილი, როგორზედაც
ჩვენს ფლოტში არც კი უოცნებიათ” - წერდა ამ მანევრირების თვითმხილველი. სწორედ ამ
დროს შეამჩნიეს ეს ჯავშნოსანი კრეისერები გერმანული სახაზო ხომალდებიდან და სახაზო
კრეისერებიდან. დიტანციაც შესაფერისი აღმოჩნდა - სულ 4,5 მილი - და ოთხივე
ბრიტანელი მტრის ხომალდების უძლიერეს ცეცხლქვეშ აღმოჩნდა. არბეტნოტის საფლაგმანო
”დიფენსი” მწყობრში მეორე ნომრად, ”უორიორის” შემდეგ მიდიოდა და გერმანელთა
ძირითადი ცეცხლიც სწორედ მას დაატყდა თავს. ერთიმეორის მიყოლებით იქუხა გერმანული
დრედნოუტების სამმა ზალპმა: არმიფრენა-გადაფრენა-მოხვედრა. ”დიფენსი” ცხვირით
წყალში ჩაეფლო, მაგრამ უეცრად გასწორდა და სვლა განაგრძო. ისევ იქუხა გერმანელთა
ზალპებმა: არმიფრენა-გადაფრენა-მოხვედრა. თვითმხილველი წერდა: ””დიფენსი”
შხეფების, კვამლისა და ცეცხლის გაუვალ ფარდას მოეფარა, მაგრამ პირველად შესამჩნევ
დაზიანებებს გადაურჩა. თუმცა ყველაფერი რამდენიმე წამში გამეორდა: კრეისერი მობობოქრე
ცეცხლსა და შავი კვამლის უზარმაზარ ღუბელში გაქრა, იქიდან კი ჩიკორივით ბზრიალით
გამოფრინდა რაღაც საგანი - კანჯო თუ მილი. კვამლი რამდენიმე ასეული ფუტის
სიმაღლეზე აიჭრა და როდესაც ის გაიფანტა, ხომალდი წყლის ზედაპირზე აღარ იყო”.
”დიფენსთან” ერთად დაიღუპა ადმირალი არბეტნოტი და ეკიპაჟის დაახლოებით 900 წევრიც.
”დიფენსის” თანმხლებმა ”უორიორმა” და ”ბლექ პრინსმა” მძიმე დაზიანებები მიიღეს,
მაგრამ წყლის ზედაპირზე დარჩნენ, ”დიუკ ოფ ედინბურგი” კი საერთოდ დაიფარა ღმერთმა
- მას არცერთი მოხვედრა არ მიუღია. ფონ ჰაზეს მოწმობით ”დიფენსი”, როგორც ჩანს,
ჰიპერის საფლაგმანო ”ლუტცოვმა” ჩაძირა.
არევდარევა გამოიწვია ”უორსპაიტმაც”,
რომელიც, 5-ე ესკადრის დანაჩენ სამ ზედრედნოუტთან ერთად, მთელი დღის განმავლობაში
ბიტის ესკადრაში შედიოდა, მაგრამ გრანდ ფლიტთან მისვლისთანავე ევან-ტომასის ოთხივე
ხომალდმა ჯელიკოს მწყობრის არიერგარდში მიიღო ადგილის დაკავების ბრძანება. ამ
მომეტში ისინი ჩრდილო-ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ მოძრაობდნენ და სწორედ აქ მიიღო
”უორსპაიტმა” მძიმე დაზიანება: მასზე საჭე გაიჭედა. დაახლოებით 15 წუთის
განმავლობაში დრედნოუტი წინანდელი 25-კვანძიანი სიჩქარით განაგრძობდა სვლას, ორი
გიგანტური წრეც შემოხაზა და შეერის კოლონის სათაო ხომალდებისაგან სულ რაღაც 10
ათასი იარდის მანძილზე აღმოჩნდა.
თუკი აქამდე ვინმეს კიდევ ეპარებოდა ეჭვი
დრედნოუტთა ჯავშნის სიმტკიცეში, ამ მომენტიდან ის სრულიად გაქარწყლდა. სანამ
”უორსპაიტი” ადგილზე ბრუნავდა, მას ერთდროულად დაატყდა თავს ექვსი (!!!) გერმანული
დრედნოუტის: საფლაგმანო ”ფრიდრიხ დერ გროსეს” და მისი მიმყოლების - ”კიონიგის” (SMS
König), ”ჰელგოლანდის” (SMS Helgoland), ”ოსტფრისლანდის” (SMS Ostfriesland),
”ტიურინგენისა” (SMS Thüringen) და ”კაიზერინის” (SMS Kaiserin) კონცენტრირებული
ცეცხლი. ბრიტანულმა ზედრედნოუტმა 280- და 305 მმ-იანი ჭურვების 13 მოხვედრა მიიღო,
მაგრამ მისი მწყობრიდან გამოყვანა მაინც ვერ მოხერხდა! დაზიანებული საჭე რომ არა,
5-ე ესკადრის მეთაური არაფრისდიდებით არ მისცემდა ”უორსპაიტს” ბაზაში დაბრუნების
ნებას. როდესაც კვამლი გაიფანტა, გერმანელებმა ხომალდი ვეღარ დაინახეს და იფიქრეს,
რომ ის ჩაიძირა, მაგრამ დაზიანებული ”უორსპაიტი” საკუთარი სვლით დაბრუნდა ბაზაში,
თანაც გზაში სატორპედო იერიშსაც გადაურჩა.
უნდა აღინიშნოს ”უორსპაიტის” უნებლიე გმირობა,
რომლის შემთხვევითობაც სრულიადაც არ ამცირებს მის მიერ გამოჩენილ თავგანწირვას:
თავისი ცირკულაციისას დრედნოუტმა საკუთარი კორპუსით მცირე ხნით დაფარა მძიმედ
დაზიანებული ჯავშნოსანი კრეისერი ”უორიორი” და მისთვის განკუთვნილი მძიმე ჭურვებიც
თავის თავზე მიიღო. თუმცა ამან უბედურ ”უორიორს” ბევრით ვერაფრით უშველა: მისი
დალეწილი კორპუსი ერთხანს კიდევ დრეიფობდა ახლომახლო, შემდეგ კი სწრაფად ჩაიძირა.
ამგვარად ბრძოლისათვის მზადება დასრულდა.
18:30-ზე მოწინააღმდეგეთა დრედნოუტებმა ერთმანეთი დაინახეს. ”აირონ დიუკის”
ხიდურზე მდგარმა ჯელიკომ (ამ დროს ფლაგმანს უკვე ბრიტანელთა საბრძოლო წყობის
შუაგულში ეკავა ადგილი) ნისლში ბუნდოვნად მოხაზული გერმანელთა მეწინავე ხომალდების
სილუეტები შეამჩნია. შეერი ინგლისური მწყობრისადმი სწორი კუთხით,
სამხრეთ-დასავლეთიდან მოდიოდა და სწორედ იქ აღმოჩნდა, სადაც ეს ჯელიკოს
ესაჭიროებოდა. მან კი დროულად გაშალა თავისი ძალები. ამის გულისათვის ნამდვილად
ღირდა ორწლიანი ლოდინი - გერმანელებს ბრძოლა მოახვიეს თავს და ახლა ჯელიკო მათ
კალსიკური მწყობრით ხვდება: ინგლისელთა საბრძოლო რიგები მოწინააღმდეგის კოლონის
კურსს კვეთენ (სახელგანთქმული Crossing-T). ”აირონ დიუკმა” და ათამდე სხვა
ხომალდმა დაუყოვნებლივ გახსნეს ცეცხლი აღმოცენებული სილუეტების მიმართულებით.
შეერისათვის ეს ყველაფერი სრული მოულოდნელობა
აღმოჩნდა. აგერ, უკვე ნახევარი საათის განმავლობაში, ჰოჰზეეფლოტეს წინ მიმავალი
გერმანული კრეისერებიდან ინგლისელთა ხომალდების შესახებ ურთიერთგამომრიცხავი
ცნობები მოდიოდა: მათი ბუნდოვანი სილუეტები ნისლში ხან აქ გაიელვებდა, ხან - იქ.
პირველი, რაც შეერმა თავად დაინახა, საკუთარი საფლაგმანო ხომალდის სვლის
მიმართულებით გამოჩენილი ქვემეხთა გასროლების გაელვებები იყო. ბრძოლაში
მოწინააღმდეგის ასზე მეტი მძიმე ქვემეხი ჩაება. თავად მტრის ხომალდები არ ჩანდა და
მათი ადგილსამყოფელის დადგენა მხოლოდ ზალპების გაელვებებით შეიძლებოდა: ჩრდილოეთიდან
აღმოსავლეთისაკენ ზღვაზე ცეცხლოვანი რკალი გაიჭიმა.
შეერმა ინგლისელებს ხაფანგი დაუგო, მაგრამ
მასში თავად გაება: ტაქტიკის თვალსაზრისით ამაზე უარესი მდგომარეობის წარმოდგენაც
კი შეუძლებელი გახლდათ. ბრიტანელთა ნებისმიერ დრედნოუტს მთელი თავისი არტილერიით
შეეძლო ცეცხლის წარმოება შეერის კოლონის სათაო დრედნოუტთა და სახაზო კრეისერთა
წინააღმდეგ. მეტიც: ინგლისელთა მხრიდან ხედვადობაც გაცილებით უკეთესი იყო. გაშლის
წინ ჯელიკომ თავისი საფლაგმანო ხომალდის მეთაურს, კეპტენ დრეიერს ჰკითხა, მისი
აზრით, როგორი კურსით სჯობდა სვლა ჩრდილოეთისაკენ მიმავალ მოწინააღმდეგეზე უკეთესი
ხედვადობის უზრუნველსაყოფად. ”მოვახსენე,
- იგონებდა შემდგომში დრეიერი, - რომ სამხრეთი უკეთ გამოჩნდებოდა, ხოლო მზის
ჩასვლასთან ერთად საუკეთესო ხედვადობის ზონა დასავლეთისაკენ გადაინაცვლებდა”. გათვლა
სავსებით სწორი აღმოჩნდა და ჯელიკომ თავისი წინდახედულობის ნაყოფი ბოლომდე მოიმკო.
შემონახულია შეერის მოხსენება: ”ჩვენი ავანგარდი ჩრდილო-დასავლეთიდან
ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ უსასრულო ზოლად გაჭიმული მოწინააღმდეგის მძიმე ხომალდების
ძლიერ ცეცხლქვეშ აღმოჩნდა. ისროდნენ განუწყვეტლივ, ზალპი ზალპს მოსდევდა. ეს
ყველაფერი ძალზე მძიმე შთაბეჭდილებას ახდენდა, მით უმეტეს, რომ ინგლისელთათვის
ჩვენ პრაქტიკულად არ შეგვეძლო პასუხის გაცემა - კვამლსა და ნისლში მათი
დრედნოუტები საერთოდ არ ჩანდნენ”.
ათი წუთის განმავლობაში ინგლისელებმა ორმოცი
ზალპი მისცეს, მიზნები თორმეტმა ჭურვმა დაფარა: დაზიანდნენ სახაზო ხომალდები
”კიონიგი” და ”მარკგრაფი” (SMS Markgraf), სახაზო კრეისერები ”ლუტცოვი” და
”დერფლინგერი”. ”ლუტცოვი”, რომელმაც დღის განმავლობაში 12 მოხვედრა მიიღო,
გადარჩენისათვის იბრძოდა, შეერის კოლონის სათაო ხომალდი ”კიონიგი” 4,5 გრადუსით
დაიხარა. მოგვიანებით ფონ ჰაზე წერდა: ”ცხადი იყო, რომ მოწინააღმდეგე უკეთ
გვხედავდა, ვიდრე ჩვენ მას ვხედავდით. რამდენიმე ჭურვმა გასაოცარი სიმსუბუქით
გახვრიტა ჩვენი ჯავშანი და საშინელი გრუხუნით გასკდა. ლამის ყველა ნაკერმა და
მოქლონმა დაიწყო ცახცახი”.
ჰიპერს ”ინვინსიბლის” ჩაძირვით გამოწვეული
სიხარულის გამოსახატავად არც ეცალა და არც სცხელოდა: მისმა ყველა ხომალდმა ცოტად
თუ ბევრად მძიმე დაზიანებები მიიღო, საფლაგმანო ”ლუტცოვის” ცხვირის განყოფილებაში
კი ხანძარმა იფეთქა; ხომალდი ძლიერად დაიხარა და წყალში ცხვირით ჩაეფლო, რომელიც
ახლა ბაკს ევლებოდა. შტაბმა ჰიპერს ხვეწნა დაუწყო, რათა ადმირალს ალამი სხვა
ხომალდზე გადაეტანა. თავიდან სარდალი უარზე იყო - ჩემს ფლაგმანს ვერ დავტოვებო,
მაგრამ როდესაც მისივე შტაბის უფროსმა, კორვეტენკაპიტანმა ერიჰ რედერმა შეახსენა,
რომ ის ჯერ კიდევ სჭირდებოდა ფლოტს, ჰიპერი დაჰყვა თხოვნას და დროებით გადავიდა
თანმხლებ საესკადრო ნაღმოსანზე. ”ლუტცოვმა” მწყობრი დატოვა და მცირე სვლით წავიდა
სამხრეთისაკენ იმის იმედით, რომ ბაზამდე მიაღწევდა. გერმანული სახაზო კრეისერების
ესკადრის სარდალმა კი ახალი ფლაგმანის ძებნის ოდისეა დაიწყო.
კურსზე პირველი ”დრეფლინგერი” აღმოჩნდა.
ჰიპერმა მას უსიგნალა: ”მეთაურმა განსაკუთრებულ განკარგულებამდე მიიღოს ესკადრის
სარდლობა”. მაგრამ ”დერფლინგერი”, ჰიპერის თქმით, ”საცოდავი სანახავი იყო”.
ანძებზე ერთმანეთში აბურდული რადიოანტენების მავთულები და რაღაც ბადეები ეკიდა,
რაც სიგანლის გადაცემას საერთოდ გამორიცხავდა, კიჩოზე, ზედ წყალგამყოფ ხაზთან,
”ხუთი-ექვსზე ზომის ნახვრეტს დაეღო ხახა” და დახრისას იქიდან ტრიუმებში წყალი
შედიოდა. მალე კრეისერი იძულებული გახდა, საერთოდ გაეჩერებინა მანქანები, რათა
აფეთქებებისაგან დაგლეჯილი ტორპედებისსაწინააღმდეგო ბადეები ხრახნებზე არ
დახვეულიყო.
ჰიპერი ”ზაიდლიცისაკენ” გაემართა, მაგრამ არც
აქ იყო საქმე კარგად: ბაკზე წყალი შუა გემბანზე ჩადიოდა, რადიოკავშირი არ
მუშაობდა. საშინელ მდგომარეობაში იყო ”ფონ დერ ტანიც”: მასზე არ ბრუნავდა არცერთი
კოშკი, არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, მაგრამ ის გმირულად რჩებოდა მწყობრში,
თანაც - მხოლოდ იმისათვის, რათა საკუთარ თავზე გადაეტანა მოწინააღმდეგის ცეცხლის
ნაწილი. მოკლედ, ხუთივე კრეისერიდან, დიდი ჭოჭმანის შემდეგ, ფლაგმანად მხოლოდ
”მოლტკე” თუღა გამოდგებოდა, მაგრამ ბრძოლის დინებით ატაცებული ჰიპერი მასზე მხოლოდ
21:50-ზე ავიდა.
არანაკლებ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა
შეერიც. როდესაც გრანდ ფლიტმა მისი კურსი გადაკვეთა, გერმანელთა დრედნოუტები
ბრიტანელთა ცეცხლის არეში მოხვდნენ და ფოლადის სეტყვის ქვეშ შერდკნენ კიდეც. ისინი
ერთიმეორის მიყოლებით უხვევდნენ აღმოსავლეთისაკენ და ბრიტანული კოლონის პარალელურ
კურსზე დგებოდნენ. ცეცხლის ინტენსიურობა ყოველ წამს იზრდებოდა, თანაც ბრიტანელთა
მხარეს რიცხობრივი უპირატესობა იყო, მათი ქვემეხები უფრო შორს ისროდა და
ხედვადობაც უკეთესი ჰქონდათ. თანაც შეერს ფრანც მაუვეს ექვსი ძველისძველი ვარცლი -
სულ ოთხ-ოთხი 280 მმ-იანი ქვემეხით შეიარაღებული მოძველებული საესკადრო ჯავშნოსანი
აფერხებდა, რომლებიც სარდალმა წინდაუხედავად წამოიყვანა ასეთ საპასუხისმგებლო და
ისტორიული მნიშვნელობის ლაშქრობაში და ახლა ისინი ზედმეტ ბარგად იქცნენ. შეერის
წინაშე მთელი სიმწვავით დადგა ალტერნატივა: ჯავშნოსნები ან ბედის ანაბარად უნდა
მიეტოვებინა, ან ბრძოლიდან გამოსულიყო. მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სარდალს
დიდხანს არ უფიქრია - 18:30-ზე ”ფრიდრიხ დერ გროსეს” ანძაზე სიგნალი აფრიალდა:
”საბრძოლო შემობრუნება უკანა კურსზე, მარჯვენა ბორტით!”
ეს უჩვეულო მანევრი იყო: ხომალდები 180
გრადუსით უნდა შემობრუნებულიყვნენ და ყველაფერი დათვლილ წუთებში უნდა
მოეხერხებინათ. საერთოდ, როდესაც ფლოტის საბრძოლო წესრიგით გაშლა მატელოტთა
შემობრუნებას მოითხოვს, ხომალდები კურსს თანმიმდევრობით, ერთიმეორის მიყოლებით,
სათაო ხომალდიდან დაწყებული იცვლიან, მობრუნება კი გარკვეულ, ყველასათვის საერთო,
ერთ წერტილში ხდება. ასეთი მანევრისას ხომალდების შეჯახების ალბათობა მინიმუმამდეა
დაყვანილი, მაგრამ არსებობს მნიშვნელოვანი საფრთხეც: მოხვევის მომენტში ხომალდი
მოწინააღმდეგისაკენ ბორტით ხვდება, შესაფერისი დისტანციისას კი შესანიშნავ
სამიზნედ იქცევა და მტრის კონცენტრირებულ ცეცხლშიც ექცევა. მოწინააღმდეგისათვის
საკმარისია, თავისი კილვატერული კოლონის ყველა ხომალდის ცეცხლი ერთ - მობრუნების
წერტილში მიმართოს და მორჩა: დანარჩენს მძიმე ჭურვები გააკეთებენ და მოპირდაპირე
მხარის ყველა ხომალდი ამ წერტილში მოხვედრისთანავე ნამდვილ ხორცსაკეპში გაივლის.
ადვილი წარმოსადგენია, რა დღე დაადგებოდა ჰოჰზეეფლოტეს 16 დრედნოუტსა და 6
საესკადრო ჯავშნოსანს, თანმიმდევრული მობრუნებისას სათითაოდ რომ გაევლოთ გრანდ
ფლიტის 28 სახაზო ხომალდის ერთობლივ ცეცხლქვეშ.
მაგრამ შეერი, რასაკვირველია, ასეთ ფატალურ
შეცდომას არ დაუშვებდა. მან შემობრუნება ”ყველას ერთად” უბრძანა, ეს კი თვით
მშვიდობიან დროსაც, მშვიდი ზღვისა და იდეალური ხედვის პირობებშიც უზარმაზარ
ოსტატობას და მოხერხებულობას მოითხოვს, რომ აღარაფერი ვთქვათ ბრძოლის ამ მომენტში შექმნილ
პირობებზე. საკმარისი იყო, მობრუნებისას ერთადერთ ხომალდს დაერღვია კურსის დაჭერის
სიზუსტე და - მეორესთან შეჯახება, შემდეგ კი - ხომალდების მასიური ზედახორაც
გარდაუვალი იქნებოდა, რაც გულმოცემულ ბრიტანელებს კიდევ უფრო გაუადვილებდა ისედაც
მშვენივრად დაწყებულ საქმეს. მაგრამ ჰოჰზეეფლოტეს საბრძოლო მომზადება მოწოდების
სიმაღლეზე იდგა: შეერის კოლონის ყველა (!) ხომალდის ეკიპაჟმა უმაღლესი დონის
გაწაფულობა, ოსტატობა და ავტომატიზმი გამოავლინა და კოლონამ უზუსტესად, როგორც
ერთმა მთლიანმა ორგანიზმმა, ისე შეასრულა ეს ურთულესი მანევრი; ისტორიკოსები და
მეზღვაურები დღემდე აღტაცებულნი არიან ასეთი ბრწყინვალე და შეუდარებელი სიზუსტით
განხორციელებული ევოლუციით. სწორედ ამ სწორუპოვარი მანევრით დასრულდა დრედნოუტთა შერკინების
პირველი ეტაპი, რომელმც 30 წუთიც კი არ დაიკავა.
შეერის მანევრი ინგლისელთათვის აბსოლუტური
მოულოდნელობა აღმოჩნდა. სულ ახლახანს ჯელიკო მშვენივრად ხედავდა მოწინააღმდეგეს და
ის უეცრად გაქრა! ”მე შტურმანის ხიდურზე ვიმყოფებოდი, - წერდა ის, - იქიდან კი არ
ჩანდა, რას აკეთებდა მოწინააღმდეგე. ჯერ ვიფიქრე, რომ ნისლი გახშირდა და ხედვადობა
გაუარესდა, მაგრამ ორიოდე წუთში ცხადი გახდა, რომ საქმე მთლად კარგად ვერ იყო”.
გრანდ ფლიტის სარდალი სასწრაფოდ შეეკითხა არიერგარდის სათაო დრედნოუტ ”მალბოროს”:
”ხედავთ მოწინააღმდეგეს?”. ”ჯერ ვერა!” - უპასუხეს იქიდან.
დროებით დავანებოთ თავი ინგლისელი ადმირლების
მოქმედებების შეფასებას, რადგან ამან ბრძოლის შედეგებზე ნაკლები გავლენა იქონია.
18:55-ზე, ბრძოლიდან ასეთი ელვისებური გამოსვლიდან სულ 20 წუთში, შეერი კვლავ
იცვლის კურსს და ისევ მოწინააღმდეგესთან მიახლოებას იწყებს. აქ კი ბედმა ჯელიკოს
ისეთი უიშვიათესი საჩუქარი მიუძღვნა, რომელზედაც ომში მხოლოდ ოცნება თუ შეიძლება: გრანდ
ფლიტის სარდალმა მეორე შანსი მიიღო.
”კოლოსუსის” ჭურვმა ”დერფლინგერის” ერთ-ერთი კოშკის
ჯავშანი გახვრიტა და მასში აფეთქდა, აალდა დენთის ქობინები, ცაში ცეცხლის ენები
აიჭრა. კოშკის 78-კაციანი გათვლიდან ცოცხალი მხოლოდ 5 გადარჩა. მალე მეორე კოშკსაც
მოხვდა ჭურვი. ”ჩვენ თავიდან გადავიტანეთ მთელი საშინელება, - წერდა ფონ ჰაზე, -
ერთ წამში დაიღუპა კოშკის ეკიპაჟის 80 კაცი, სარდაფების გათვლების ჩათვლით. მხოლოდ
ერთი გადარჩა. გემბანს ჯავშნის ფილები აეგლიჯა და ისინი ბუმბულივით ფარფატებდა
ჰაერში. აფეთქების ტალღამ ბორტს მიღმა გადახვეტა ყველაფერი, რისი გადახვეტაც
შეიძლებოდა. შტურმანის პოსტისაგან კვალიც კი არ დარჩენილა”.
აქ შეერმა ახალი გადაწყვეტილება მიიღო და ცოცხალმკვდარ
სახაზო კრეისერებს ”მოწინააღმდეგის ავანგარდთან ბრძოლაში ჩაბმა” უბრძანა. ჰარტოგმა
კურსის შეცვლა ოსტიდან ზიუდზე ბრძანა 23-კვანძიანი სვლით. სახაზო კრეისერებმა
უყოყმანოდ დაიწყეს მანევრი და სრულიად უმწეონი აღმოჩნდნენ ბრიტანელთა ზალპების
წინაშე: მრავალრიცხოვანი მოხვედრები მიიღეს ”ზაიდლიცმა” და ”ფონ დერ ტანმა”, ექვსი
ჭურვი მოხვდა ”დერფლინგერს”. ბოლოს მათ, როგორც იქნა, თავი დააღწიეს ცეცხლოვან
ქვაბს და თავიანთი ნაღმოსნების მიერ დაყენებული კვამლის ფარდის მიღმა მიიმალნენ.
მართალია ბრიტანელთა მთავარი დარტყმა
გერმანულმა სახაზო კრეისერებმა გმირულად მიიღეს საკუთარ თავზე, მაგრამ მტრის მძიმე
ჭურვებმა შეერის დრედნოუტებამდეც მიაღწია: ”კიონიგი” ცხვირით დაიძირა, ”გროსერ
კურფიურსტი” (SMS Großer Kurfürst) კი ცხვირზე დიფერენტით დაიხარა 7 გრადუსით,
თანაც წყალი მის მთავარ გემბანს აღწევდა. 19:18-ზე შეერმა გმირ სახაზო კრეისერებს
უაზრო შეტევის შეწყვეტა, ხოლო საესკადრო ნაღმოსნებს მთავარი ძალების უკანდახევის
დასაფარად სატორპედო იერიშის წამოწყება უბრძანა.
ბრიტანული დრედნოუტებიდან მშვენივრად ჩანდა,
როგორ მოდიოდნენ გერმანული საესკადრო ნაღმოსნები. ინგლისელთა მწყობრის მეშვიდე
დრედნოუტის - ”კონკერორის” (HMS Conqueror) ერთ-ერთი ოფიცერი იხსენებდა, როგორ
იცვლიდნენ ეს მოქნილი და სახიფათო ხომალდები კურსს ყოველ წამს, გამუდმებით
”ტრიალებდნენ, ბრუნავდნენ, ლავირებდნენ, კვამლში ქრებოდნენ, მაშინვე ჩნდებოდნენ
სულ სხვა ადგილას და მათთვის სროლა სრული უაზრობა იყო: სცადე და მოარტყი ბეღურას
ტყვია, საფანტის ნაცვლად”. ინგლისურმა ნაღმოსნებმა კონტრშეტევის ბრძანება მიიღეს,
გერმანულებმა კვამლის ფარდა დააყენეს და ყველაფერი კვამლში ჩაიძირა. შემდეგ კი
გერმანული ტორპედების ტრასები გამოჩნდა.
თუკი მძიმე ხომალდი ტორპედოს სვლისადმი
შებრუნდა, მას მეტი შანსი რჩება მოხვედრის თავიდან ასაცილებლად. შეიძლება
ტორპედოსადმი ცხვირით დადგომა და მისთვის გვერდის ავლაც. მაგრამ ბრიტანული ფლოტის წესდება
ტორპედოსადმი კიჩოთი დადგომას და მისგან გაშვების ტრაექტორიის მიმართულებით
წასვლას მოითხოვდა. ითვლებოდა, რომ ეს უფრო უსაფრთხო იყო: ჯერ ერთი, შეიძლება
მოესწროს ტორპედის მოქმედების სიშორის მიღმა გასვლა და მეორეც - ტორპედო ნებისმიერ
შემთხვევაში დაკარგავს სიჩქარეს და ხომალდისათვის გაცილებით ადვილი იქნება მისთვის
თავის არიდება მანევრის საშუალებით. ჯელიკომ თავის ხომალდებს ტორპედებისათვის და,
მაშასადამე, მოწინააღმდეგის უკანდახეული ფლოტისათვისაც თავის არიდება უბრძანა.
გერმანელთა სატორპედო იერიშმა ბრიტანელთა
რიგებში საკმაო ჩოჩქოლი გამოიწვია, მაგრამ რაიმე საგრძნობი ზიანი მათთვის არ
მოუტანია. გერმანელთა განკარგულებაში 50-მდე ნაღმოსანი იყო, რომელთა შეიარაღებაც
თითქმის 250 ტორპედოს ითვლიდა, მაგრამ ინგლისელები მათ მჭიდრო საარტილერიო
ცეცხლითა და თავისი ნაღმოსნების კონტრშეტევით შეეგებნენ და მხოლოდ 13-მა
გერმანულმა ნაღმოსანმა შეძლო საცეცხლე პოზიციის დაკავება და მტერთან ტორპედის
სროლის უკიდურეს მანძილზე - 7500 იარდზე მიახლოება. ამ ხომალდებმა საერთო ჯამში 31
ტორპედო გაუშვეს, რომელთაგან მიზნამდე მხოლოდ 21 მივიდა, მაგრამ ბრიტანულმა დრედნოუტებმა
მათგანაც მოახერხეს თავის არიდება და არცერთი მოხვედრა არ ყოფილა.
ინგლისელებს სასიამოვნო სიურპრიზი ელოდათ:
მტრის ტორპედები წყალში მოძრაობისას ჰაერის ბუშტულების ადვილად შესამჩნევ კვალს
ტოვებდნენ. თავად ინგლისელებმა დიდი ხნის წინ გამოასწორეს თავიანთი ტორპედების ეს
ხარვეზი და, მათი დაზვერვის მონაცემებით, გერმანელებიც ამ გზით წავიდნენ. მაგრამ
ამჯერად ინგლისის დაზვერვა შეცდა და ამას თვალნათლივ ხედავდნენ ბრიტანელი
მეთვალყურეები: ისინი გერმანულ ტორპედოს მთელი 2 მილის მანძილიდან ამჩნევნენ და ამ
დროის განმავლობაში თვით მძიმე ხომალდიც კი ასწრებდა მისთვის თავის არიდებას.
მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში მოხვედრის თავიდან აცილება მხოლოდ სასწაულით ხდებოდა
შესაძლებელი. ერთმა ტორპედომ ”ნეპტუნის” კიჩოს მიღმა ჩაიარა, მაგრამ ფოკ-ანძაზე
მყოფმა მეთვალყურემ, ახალგაზრდა ლეიტენანტმა მეორე შენიშნა, რომელიც პირდაპირ
მათზე მოდიოდა. ”მარჯვენა ბორტისაკენ!” - აღრიალდა ის სალაპარაკო მილში და იქვე
მდგარი ახალგაზრდა მიჩმანი იხსენებს, რა მოხდა შემდეგ: ”ანძა აზანზარდა და
აკვნესდა - მასზე მანქანების ვიბრაცია გადადიოდა. ხომალდმა სრული სვლისას გადახარა
საჭე ბოლომდე, მკვეთრად მოუხვია და ტორპედოს კიჩო მიუშვირა. მხოლოდ ლოდინიღა
გვრჩებოდა. დიდხანს ველოდეთ, მაგრამ არაფერი ხდებოდა. ყველა ანგარიშით ტორპედო
დიდი ხნის წინათ უნდა მოხვედროდა კიჩოს და ნამსხვრევებად ექცია, მაგრამ აფეთქება
არა და არ იყო”. მოხდა ნამდვილი საოცრება, თუმცა ხომალდის მეთაურმა, კეპტენ ვივიან
ჰ.ჯ. ბერნარდმა ეს უფრო პრაგმატულად ახსნა: ”ტორპედო ”ნეპტუნის” კილვატრეულ ჭავლში
მოხვდა, რამაც ის ტრაექტორიიდან ააცდინა, ანდა მას სვლა გამოუმუშავდა. მეორე
ვარიანტი უფრო შესაძლებელია”.
19:31-ზე სატორპედო შეტევა დასრულდა,
გერმანული ნაღმოსნები გაქრნენ და ”აირონ დიუკის” გიგანტური ქვემეხებიც დადუმდნენ:
ჯელიკოს წესად არ ჰქონდა გაბრაზებით, ბრმად და უმისამართოდ სროლა, თუმცა კი
ბრაზისათვის საკმაოზე მეტი მიზეზი არსებობდა. ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ძალების
პრესტიჟს საშინელი დარტყმა მიაყენეს. ვის გაექცა გრანდ ფლიტი? რისი შეეშინდა? ამას
თანამემამულეები არ აპატიებენ! და ჯელიკომ 19:40-ზე დევნის განახლება ბრძანა.
მაგრამ გერმანელებმა წასვლა მოასწრეს. დრედნოუტთა მეორე შერკინება სულ 15 წუთს
გაგრძელდა, მაგრამ ამ დროის განმავლობაში მოწინააღმდეგეებს არცერთი მძიმე ხომალდი
არ დაუკარგავთ.
იუტლანდის თავზე ნელ-ნელა წვებოდა ღამე, რაც
ბრიტანელთათვის ნამდვილი ღვთის წყრომა იყო. ომამდე ინგლისის ფლოტმა ესპანეთის სანაპიროსთან,
ვიგოს მახლობლად ღამის სწავლებები ჩაატარა, რომლის შედეგებიც მეტად სავალალო
აღმოჩნდა: სწავლებებმა გრანდ ფლიტის ღამის ბრძოლებისათვის სრული მოუმზადებლობა
გამოავლინა. მასში მონაწილე ერთ-ერთი ოფიცერი წერდა: ”ჩვენი პროჟექტორისტების
შემხედვარე, სიცილით გასკდებოდი”. თავისი ფლოტის მოქმედებების სევდიანად შემყურე
ჯელიკო დარწმუნდა, რომ ღამის ბრძოლა ნამდვილი ლატარია იყო, აზარტული თამაშები კი
მას არ უყვარდა. შემთხვევითობებით აღსავსე ღამის ბრძოლა უფრო სუსტი მოწინააღმდეგის
შანსებს რამდენჯერმე ზრდიდა და ინგლისური არტილერიის შორსმსროლელობას მთლიანად
გადაუსვმდა ხაზს. ამიტომ, სწავლებების შედეგებიდან გამომდინარე, საადმირლომ ფლოტს
უბრძანა, ღამის ბრძოლებისთვის თავი აერიდებინა, გათენებისთანავე კი მთელი ძალებით
დაცხრომოდა მოწინააღმდეგეს. იუტლანდის ბრძოლის შემდეგ წარდგენილ მოხსენებაში
ჯელიკო წერდა: ”მძიმე ხომალდებს შორის ღამის ბრძოლის იდეა, როგორც კატასტროფული
შედეგების მომტანი, მაშინვე უარვყავი. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მოწინააღმდეგეს
ტორპედომზიდი საშუალებების უზარმაზარი რაოდენობა ჰყავდა და მეორეც იმიტომ, რომ
სიბნელეში საკუთარი ხომალდების მოწინააღმდეგისაგან გარჩევა შეუძლებელი იყო”.
თავის მხრივ გერმანელებს ღამე უზარმაზარ უპირატესობებს აძლევდა. ინგლისელებისაგან განსხვავებით მათ ისწავლეს სიბნელეში მოქმედება, რისთვისაც ფართოდ და დიდი წარმატებით იყენებდნენ მანათობელ ჭურვებს: ეს ჭურვები კარგად ანათებდა მოწინააღმდეგის ხომალდს და, ამასთან ერთად, საკუთარ პოზიციასაც არ გასცემდა. გერმანელებს გაცილებით მძლავრი და სრულყოფილი პროჟექტორები ჰქონდათ, რომელთა წვრილი სხივი ზღვაზე დაჰქროდა და მოწინააღმდეგეს ეძებდა; მიზნის აღმოჩენისთანავე პროჟექტორისტი ჟალუზებს ხსნიდა და მოწინააღმდეგის ხომალდი სინათლის ზღვაში ხვდებოდა: მისი მისამართით მაშინვე იხსნებოდა ცეცხლი. ინგლისელებს არაფერი მსგავსი არ ჰქონდათ. და ყველაზე მთავარი: ჰოჰზეეფლოტეში ღამის ამოსაცნობი ნიშნების, განათებებისა და სინათლეების მთელი სისტემა დაამუშავეს. შეკითხვისთანავე ყოველი ხომალდი სინათლის სიგნალებით შედგენილი გარკვეული კომბინაციით პასუხობდა; ისინი ანთებისთანავე ქრებოდნენ და ინგლისელები ვერც კი ასწრებდნენ მათ გარჩევას, რომ აღარაფერი ვთქვათ დამახსოვრებასა და იმიტაციაზე, რათა შემდეგ მოწინააღმდეგე შეცდომაში შეეყვანათ. გრანდ ფლიტში კი ამოსაცნობი სიგნალები მორზეს სისტემით კოდირდებოდა, მათ გადაცემაზე უამრავი დრო იხარჯებოდა, მოწინააღმდეგე კი ასწრებდა მათ ჩაწერას და შემდეგ საკუთარი მიზნებისათვის იყენებდა.
თავის მხრივ გერმანელებს ღამე უზარმაზარ უპირატესობებს აძლევდა. ინგლისელებისაგან განსხვავებით მათ ისწავლეს სიბნელეში მოქმედება, რისთვისაც ფართოდ და დიდი წარმატებით იყენებდნენ მანათობელ ჭურვებს: ეს ჭურვები კარგად ანათებდა მოწინააღმდეგის ხომალდს და, ამასთან ერთად, საკუთარ პოზიციასაც არ გასცემდა. გერმანელებს გაცილებით მძლავრი და სრულყოფილი პროჟექტორები ჰქონდათ, რომელთა წვრილი სხივი ზღვაზე დაჰქროდა და მოწინააღმდეგეს ეძებდა; მიზნის აღმოჩენისთანავე პროჟექტორისტი ჟალუზებს ხსნიდა და მოწინააღმდეგის ხომალდი სინათლის ზღვაში ხვდებოდა: მისი მისამართით მაშინვე იხსნებოდა ცეცხლი. ინგლისელებს არაფერი მსგავსი არ ჰქონდათ. და ყველაზე მთავარი: ჰოჰზეეფლოტეში ღამის ამოსაცნობი ნიშნების, განათებებისა და სინათლეების მთელი სისტემა დაამუშავეს. შეკითხვისთანავე ყოველი ხომალდი სინათლის სიგნალებით შედგენილი გარკვეული კომბინაციით პასუხობდა; ისინი ანთებისთანავე ქრებოდნენ და ინგლისელები ვერც კი ასწრებდნენ მათ გარჩევას, რომ აღარაფერი ვთქვათ დამახსოვრებასა და იმიტაციაზე, რათა შემდეგ მოწინააღმდეგე შეცდომაში შეეყვანათ. გრანდ ფლიტში კი ამოსაცნობი სიგნალები მორზეს სისტემით კოდირდებოდა, მათ გადაცემაზე უამრავი დრო იხარჯებოდა, მოწინააღმდეგე კი ასწრებდა მათ ჩაწერას და შემდეგ საკუთარი მიზნებისათვის იყენებდა.
დღის ბრძოლის მსვლელობისას ბრიტანულმა ფლოტმა
გერმანელთაგან აღმოსავლეთით გადაინაცვლა და შეერს ბაზებისაკენ უკანდასახევი გზა
მოუჭრა. ჯელიკოს ასეთი მდგომარეობა სავსებით აწყობდა, მაგრამ პოზიციური
უპირატესობის შესანარჩუნებლად შეერის სავარაუდო კურსის აწონდაწონილი შეფასება იყო
საჭირო. არჩევანი კი საკმაოდ მწირი გახლდათ: ჰელგოლანდის ყურის გარშემო დანაღმული
ველები იდგა, რაც მანევრის სივრცეს საგრძნობლად ამცირებდა. არსებობდა ორი შესაძლო
ვარიანტი: გერმანელებს ჯერ პირდაპირ სამხრეთით, შემდეგ კი - მკვეთრად
აღმოსავლეთით, ჰოლანდიის ნაპირების გასწვრივ შეეძლოთ სვლა იადეს შესართავისაკენ;
ასეთი გზა მართალია საკმაოდ გრძელი გახლდათ, მაგრამ შედარებით უხიფათო იყო. მათ
ასევე შეეძლოთ, კუთხე მოეჭრათ და პირდაპირ სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ, დანიის
სანაპიროსკენ, ჰორნს-რიფის გვერდის ავლით დაძრულიყვნენ.
კაცმა არ იცის, რატომ, მაგრამ ჯელიკომ
ჩათვალა, რომ ჰოლანდიის სანაპიროს ვარიანტი უფრო შესაძლებელი იყო და ფლოტს სამხრეთის
კურსის დაჭერა უბრძანა, ჰორნს რიფისაკენ კი მხოლოდ ერთი ხომალდი - სანაღმო
გადამღობი ”ებდიელი” (HMS Abdiel) გაგზავნა. 21 საათისათვის ბრიტანული ფლოტი კვლავ
სალაშქრო კოლონად გადაეწყო და სამხრეთისაკენ დაიძრა. მის უკან, 5 მილში დაცვის
საესკადრო ნაღმოსნები მოძრაობდნენ, დასავლეთით 13 მილში კი - ბიტის სახაზო
კრეისერები. მთელი ფლოტი 25 მილზე გაიჭიმა.
....................
დასასრული იქნება.
....................
დასასრული იქნება.
No comments:
Post a Comment