Thursday, June 11, 2015

იუტლანდის ბრძოლა (ნაწილი პირველი)


    1916 წლის 24 იანვარს გერმანული ფლოტის - ჰოჰზეეფლოტეს (Hochseeflotte, ღია ზღვის ფლოტი) სარდლობა ვიცე-ადმირალმა რაინჰარდ შეერმა მიიღო. ეს იყო გერმანიის ფლოტის ერთ-ერთი ყველაზე მამაცი და საზრიანი, გამოცდილი და ავტორიტეტული ოფიცერი, რომელსაც მეზღვაურები მთლიანად ენდობოდნენ. შეერი აბსოლუტურად დარწმუნებული იყო როგორც საკუთარ თავში, ასევე - ფლოტშიც: ”მთელი ფლოტის ინსპექტირება ჩავატარე და მხოლოდ იმის აღიარებასღა ვთვლი საჭიროდ, რომ ის ინგლისურს არაფრით ჩამოუვარდება” - განაცხადა მან. სწორედ ამ განწყობილებით შეხვდა შეერი 1916 წლის 26 თებერვალს გერმანიის კაიზერ ვილჰელმ II-ს და ღია ზღვის ფლოტის უფრო აქტიური გამოყენების აუცილებლობაში მის დარწმუნებას შეუდგა. როგორც კი იმპერატორის თანხმობა მიიღო, ადმირალმა მოქმედება დაიწყო: 1916 წლის გაზაფხულიდან გერმანულმა ესკადრებმა ზღვაში მთელი რიგი გასვლები მოაწყეს და ინგლისელთა ზოგიერთი გათამამებული მსუბუქი კრეისერი და საესკადრო ნაღმოსანიც გაგზავნეს ფსკერისაკენ, რასაც, ლოგიკის მიხედვით, მსხვილი ბრძოლაც უნდა მოჰყოლოდა...





    შეერის გეგმა უბრალო და ეფექტური იყო: ჰიპერის კრეისერთა ესკადრას აქტიური მოქმედებით ინგლისური სახაზო კრეისერთა ესკადრა უნდა გამოეტყუებინა ბაზებიდან და ისინი პირდაპირ ღია ზღვაში მომლოდინე ჰოჰზეეფლოტესთან მიეყვანა, სადაც საქმეში გერმანული დრედნოუტები და მათი გაწაფული არტილერისტები ჩაებმებოდნენ. ამის შედეგად მოპოვებული გადამწყვეტი გამარჯვების შემდეგ კი შეერი თავის ფლოტს მთელი ინგლისური ფლოტის - გრანდ ფლიტის (Grand Fleet - დიდი ფლოტი) წინააღმდეგ გენერალურ ბრძოლაში დაძრავდა. ოპერაციის ვადად 17 მაისი დაინიშნა.



    გეგმის საწყისად ჰოჰზეეფლოტეს სარდალმა ჰიპერს უბრძანა, ბრიტანელები საბოლოოდ გამოეყვანა მდგომარეობიდან და თავისი კრეისერებით  რამდენიმე  ელვისებური   თავდასხმა განეხორციელებინა ბრიტანულ ზღვისპირა ქალაქებზე, რაც წარმატებით მოხერხდა კიდეც: ჰიპერის ხომალდებმა პირველი თავდასხმა 6 მარტს განახორციელეს, მეორე კი - 24 აპრილს. შეერის აზრით, ამის შემდეგ ბრიტანელები სავსებით მომწიფდნენ იმისათვის, რათა მათი შემწუხებებლი გერმანული კრეისერების ესკადრის ზღვაში გამოჩენისთანავე ჭარბი ძალებით დაძრულიყვნენ თავიანთი ბაზებიდან. თანაც შეერმა ბრიტანეთის ნაპირებისაკენ, გარდა დაზვერვისა და შემდგომი საჰაერო დარტყმებისათვის გამოყოფილი გრაფ ფერდინანდ ფონ ცეპელინის კონსტრუქციის 17 დირიჟაბლისა (მათ შორის:  L-9, L-ll, L-13, L-14, L-16, L-17, L-21, L-22, L-23, L-24 და სხვ.), რომელთაც ასევე ერქვათ - ”ცეპელინები”, 88 წყალქვეშა ნავიც გაგზავნა განსაკუთრებული დავალებით: მათ ინგლისელთა თვალწინ უნდა ეცურათ სკაპა-ფლოუსთან, კრომარტისთან და ფერტ-ოფ-ფორტთან და საკუთარ თავზე გადაეტანათ გრანდ ფლიტის ყურადღება, ხოლო როდესაც ბრიტანეთის ფლოტის სარდალი სერ ჯონ ჯელიკო თავისი სახაზო კრეისერების ფლოტის თავს დამტყდარ უბედურებას შეიტყობდა და მთელს ძალებს დაძრავდა მის დასახმარებლად, წყალქვეშა ნავებს გრანდ ფლიტისათვის პირველი დარტყმაც უნდა მიეყენებინათ და ამით ჰოჰზეეფლოტეზე მათი დარტყმის ძალა შეესუსტებინათ. მერე კი საქმეში გერმანული დრედნოუტებიც ჩაერთვებოდნენ...

    გეგმა მართლაც უბრალო და ეფექტური იყო და დიდი გახლდათ მისი წარმატებით დასრულების შანსიც, რომ არა ერთი ”მაგრამ”...


    1914 წლის 26 აგვისტოს რუსული მეთვალყურე ხომალდების წინააღმდეგ მოქმედებისას, გერმანული მსუბუქი კრეისერი ”მაგდებურგი” (SMS Magdeburg) ფინეთის ყურის შესართავში, კუნძულ ოდენსჰოლმთან, წყალქვეშა ქვებზე დაჯდა. მრავალი ცდის მიუხედავად ხომალდის ქვებიდან მოხსნა ვერ მოხერხდა და განთიადისას ხომალდის მეთაურმა, კორვეტენკაპიტანმა რიჰარდ ჰაბენიხტმა ”მაგდებურგის” ასაფეთქებლად მომზადებისა და მისი დატოვების ბრძანება გასცა. ეს ოპერაცია სრული სვლით მიმდინარეობდა და ხომალდის ეკიპაჟი უკვე გერმანულ ნაღმოსანზე გადადიოდა, როდესაც ჰორიზონტზე რუსული კრეისერები ”ბოგატირ”-ი (Броненосный крейсер Богатырь) და ”პალადა” (Бронепалубный крейсер Паллада) გამოჩნდნენ, რომლებიც ოდენსჰოლმზე განლაგებულმა კავშირგაბმულობისა და მეთვალყურეობის რუსულმავე პოსტმა გამოიძახა. რუსულმა კრეისერებმა პირველივე ზალპით დაფარეს გერმანული ნაღმოსანი, რომელმაც დაუყოვნებლივ შეწყვიტა ხალხის მიღება და ნისლს შეერია. ამავე დროს დაზიანებული კრეისერის კორპუსი უძლიერესმა აფეთქებამ შეაზანზარა და მთელი მისი ცხვირი ძლიერმა ნგრევამ მოიცვა. როდესაც რუსული ხომალდები განწირულ კრეისერს მიუახლოვდნენ, იქ მხოლოდ ფსკერისაკენ მიმავალი ”მაგდებურგი” და წყალში მოფართხალე 54 გერმანელი მეზღვაური და ოფიცერიღა დახვდათ. რუსმა მყვინთავებმა ჩაძირული გერმანული კრეისერიდან და მის ახლოს  ფსკერიდან მრავალი დოკუმენტი ამოიღეს, რომელთა შორისაც ჰოჰზეეფლოტეს საიდუმლო შიფრების სრული კრებულიც იყო...



    რუსებმა უძვირფასესი ინფომაცია დაუყოვნებლივ გადასცეს მოკავშირე ინგლისელებს  - ჩერჩილმა მათ ”ფასდაუდებელი დოკუმენტები” უწოდა - და ისინიც სასწრაფოდ ამოქმედდნენ: ბრიტანეთის საადმირლოს დქვემდებარებაში 8 ნოემბერს განსაკუთრებული ქვეგანყოფილება შეიქმნა, რომელსაც, დაკავებული ფართის მიხედვით, ”ოთახი 40” (Room 40) ეწოდა. ”მეორმოცის” მთავარი დანიშნულება სწორედ გერმანული ხომალდების რადიოგრამების გაშიფვრა და მათი ადგილმდებარეობის განსაზღვრა იყო. 1914-1917 წლებში, როდესაც ”ოთახი 40” დამოუკიდებლად მუშაობდა, მას ჯეიმს ალფრედ იუინგი (James Alfred Ewing) ხელმძღვანელობდა, ”დაბალ-დაბალი, ჩადგმული ადამიანი ცისფერი თვალებითა და განმაიარაღებელი ღიმილით, რომელიც სოფლის ექიმს ან მასწავლებელს უფრო ჰგავდა” (ჩერჩილი). ის სრულყოფილად ფლობდა გერმანულ ენას და გასაოცარი ინტელექტისა და მძლავრი ანალიტიკური უნარის მქონე ადამიანი იყო. გერმანული დოკუმენტების გაშიფვრაზე ”მეორმოცეში” მხოლოდ სამოქალაქო სპეციალისტები მუშაობდნენ, რომლებსაც სამხედრო-საზღვაო ტერმინოლოგიასა და სპეციფიკის გარკვევაში კომანდერ ჰერბერტ ჰოუპი ეხმარებოდა. მხოლოდ 1917 წლის ბოლოს დაუქვემდებარეს ”ოთახი 40” გენერალური შტაბის სადაზვერვო განყოფილებას.


    ”მეორმოცის” მუშაობა უზარმაზარი საიდუმლოების საფარქვეშ მიმდინარეობდა. თვით ამ ქვეგანყოფილების ხსენებაც კი მკაცრად იყო აკრძალული, მასში შესვლა კი უკიდურესად შეზღუდული გახლდათ. გარდა შტაბის რამდენიმე ოფიცრისა, ”ოთახი 40”-ის მუშაობაზე მხოლოდ პრემიერ-მინისტრი, საზღვაო მინისტრი და პირველი და მეორე საზღვაო ლორდები იყვნენ ინფორმირებულნი. მეზღვაურთაგან კი - გრანდ ფლიტის სარდალი სერ ჯონ ჯელიკო, მისი მოადგილე, სახაზო კრეისერების ფლოტის სარდალი სერ დევიდ ბიტი და შტაბის კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანი ოფიცერი. საადმირლოს ასობით საზღვაო ოფიცერსა და სამოქალაქო თანამშრომელს კი წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რა ხდებოდა ამ კარს მიღმა.



    ინგლისის სამხედრო-საზღვაო დაზვერვა ძალიან ფრთხილად სარგებლობდა კოდების გაშიფვრით მიღებული ინფორმაციით. ხანდახან, როდესაც საქმე გერმანული ფლოტის რაიმე უმნიშვნელო ოპერაციას ეხებოდა, ინგლისელთა ხელმძღვანელობა ამჯობინებდა, მასზე ”თვალი დაეხუჭა” (ჩერჩილი), რათა ზედმეტად არ წარმოეჩინა თავისი ინფორმირებულობა და ამით გერმანელთათვის ეჭვი არ აღეძრა. რაც შეეხება თავად გერმანელებს, ისინი მართლაც ეჭვობდნენ, რომ მათ საიდუმლო რადიოგრამებს ინგლისელები კითხულობდნენ და არაერთხელ შეცვალეს კიდეც შიფრები, მაგრამ იუინგის კვალიფიცირებული სპეციალისტები მათაც ხსნიდნენ. 1916 წელს გერმანელებმა უკვე მხოლოდ შიფრები კი არა, კოდებიც კი მთლიანად შეცვალეს, მაგრამ - ამჯერად მდგომარეობათა ბედნიერი დამთხვევის წყალობით - ინგლისელებმა კვლავ მოახერხეს მათი დაუფლება. ასე, რომ მთელი ომის განმავლობაში ჰოჰზეეფლოტეს ნებისმიერი გადაადგილება ცნობილი იყო ინგლისელთათვის და მათი მოუშორებელი მზერის ქვეშ მიმდინარეობდა.


    ...ამგვარად, ჰოჰზეეფლოტეს ახლადდანიშნული სარდლის ჩანაფიქრის ხორცშესხმის დაწყებისთანავე ”მეორმოცეში” მშვენივრად მიხვდნენ, რა თამაშის წამოწყებას აპირებდა ადმირალი შეერი.



    აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჰიპერის სახაზო კრეისერების 6 მარტისა და 24 აპრილის რეიდები საგრძნობი შეცდომა აღმოჩნდა: 24 აპრილს სახაზო კრეისერი ”ზაიდლიცი” ინგლისურ ნაღმზე აფეთქდა და საგრძნობი დაზიანებები მიიღო, რითაც ჰიპერის შეწყობილი და ფილიგრანულად მოქმედი რაზმის ჰარმონია სავსებით დაირღვა. ამასთან ერთად შეერს არ შეეძლო, ჰიპერის ესკადრისათვის ერთ-ერთი ახალი სახაზო კრეისერის გამოყოფა და მთელი ჰოჰზეეფლოტე რამდენიმე კვირის განმავლობაში ელოდა, როდის დაასრულებდნენ ვილჰელმსჰაფენის ხომალდმშენებლები ”ზაიდლიცის” რემონტს. ამასობაში კი უძვირფასესი დრო დაიკარგა: საწყისი გეგმის თანახმად პოზიციებზე გასულმა წყალქვეშა ნავებმა და ცეპელინებმა თავიანთი ავტონომიურობის რესურსი ამოწურეს და ბაზებში დაბრუნდნენ და 30 მაისს, როდესაც შეერმა ოპერაციის დაწყება ბრძანა, ბრიტანულ სკაპა-ფლოუსთან მხოლოდ 5 გერმანული წყალქვეშა ნავი იყო ჩასაფრებული. კაცმა რომ თქვას, ჰოჰზეეფლოტეს სარდალს შეეძლო  მოეცადა კიდეც, სანამ ცეპელინები და წყალქვეშა ნავები საწვავისა და საკვების მარაგს შეივსებდნენ და ისევ დაუბრუნდებოდნენ საწყის პოზიციებს, მაგრამ მოთმინება ადმირალ შეერის უპირველეს დადებით თვისებათა რიცხვს არ განეკუთვნებოდა. ასეა თუ ისე, 1916 წლის 30 მაისს, დილის 9 საათსა და 48 წუთზე ჰოჰზეეფლოტეს საფლაგმანო ხომალდის - ”ფრიდრიხ დერ გროსეს” (SMS Friedrich der Große) რადიოსადგურმა ფლოტს ისტორიული ბრძანება გადასცა: ღია ზღვის ყველა ხომალდი 19 საათისათვის გარე რეიდზე უნდა შეკრებილიყო და ”ბრძოლისა და ლაშქრობისათვის” მომზადებულიყო.


    30 მაისს დღისით შეერმა გეგმა შეცვალა: ფლოტის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა დაადგინა, რომ ძლიერი შემხვედრი ქარი იყო მოსალოდნელი და, ამგვარად, ცეპელინები - ჰაერზე მსუბუქი საფრენი აპარატები - მოქმედებას ვერ შეძლებდნენ. ამიტომ სარდალმა ფლოტს სათადარიგო გეგმაზე გადასვლა უბრძანა: ხომალდები ბრიტანეთის ნაპირებს აღარ უნდა მიახლოებოდნენ და საკუთარ ნაპირებთან ახლოს უნდა ემოქმედათ.


    გერმანული სახაზო კრეისერების ესკადრა, 5 ხომალდის შემადგენლობით (”ფონ დერ ტანი” (SMS von der Tann), ”დერფლინგერი” (SMS Derflinger), ”ზაიდლიცი” (SMS Seydlitz), ”მოლტკე” (SMS Moltke) და ”ლუტცოვი” (SMS Lutzow)), ჰოჰზეეფლოტეს ავანგარდში მიდიოდა. რაზმის მეთაურს თავისი ალამი ამჯერად მწყობრში სულ ახლახანს ჩამდგარ ”ლუტცოვზე” ეჭირა. მათგან 60 მილით უკან კი გერმანიის ფლოტის მთავარი ძალები მოდიოდნენ: 16 დრედნოუტი, 6 საესკადრო ჯავშნოსანი და მსუბუქი ხომალდები. სულ ზღვაში გასული გერმანული ფლოტი 99 ალამს ითვლიდა.



    თითქმის ჰოჰზეეფლოტეს ერთდროულად საკუთარი ბაზებიდან გრანდ ფლიტიც დაიძრა. მისი ავანგარდი ადმირალ სერ დევიდ ბიტის 6 სახაზო კრეისერისა (საფლაგმანო სახაზო კრეისერი ”ლაიონი” (HMS Lion), სახაზო კრეისერები ”პრინსეს როიალი” (HMS Princess Royal), ”ქუინ მერი” (HMS Queen Mary), ”ტაიგერი” (HMS Tiger), ”ნიუ ზილენდი” (HMS New Zealand) და ”ინდფატიგებლი” (HMS Indefatigable)) და სახაზო ხომალდების 5-ე ესკადრისაგან შედგებოდა (ოთხი უძლიერესი ზედრედნოუტი: ”ბარჰემი” (HMS Barham), ”ველიანტი” (HMS Valiant), ”უორსპაიტი” (HMS Warspite) და ”მალაია” (HMS Malaya)), რომელსაც რეარ-ადმირალი სერ ჰიუ ევან-ტომასი სარდლობდა. ამავე რაზმში შედიოდა 13 მსუბუქი კრეისერი და 39 საესკადრო ნაღმოსანი. ავანგარდის საერთო სარდლობას დევიდ ბიტი ახორციელებდა. უნდა აღინიშნოს, რომ როზაიტიდან გამოსულ ამ რაზმს (62 ალმის შემადგენლობით) ერთიან ძალას ვერ უწოდებდით: მასში შემავალი სახაზო კრეისერები და ზედრედნოუტები საბრძოლო ლაშქრობაში პირველად იყვნენ ერთად და მათ შორის საბრძოლო ურთიერთქმედება ჯერ კიდევ ძალზე შორს იყო იმ ჰარმონიულობისა და ავტომატიზმისაგან, რომლითაც მხოლოდ ბიტის სახაზო კრეისერები და, მით უმეტეს, ჰიპერის იდეალურად შეწყობილი ესკადრა თუ დაიკვეხნიდა. ამას გარდა ჰიუ ევან-ტომასი, რომელთან ერთადაც ბიტის ჯერ არასოდეს ემსახურა, იმ გაუბედავი მეთაურების რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომლებიც მცირეოდენი საეჭვო სიტუაციის აღმოცენების შემთხვევაშიც კი წესდების თანახმად, ანუ - უკვე გაცემული ბრძანების შესაბამისად ამჯობინებენ ხოლმე მოქმედებას მაშინაც კი, როდესაც მოვლენების მთელი მსვლელობა და თვით საღი აზრიც პირადი ინიციატივის გამოჩენას მოითხოვს.









    ევან-ტომასის დრედნოუტები ბიტის შემთხვევით ერგო: როზაიტის მიდამოებში საარტილერიო წვრთნებისთვის შესაფერისი ადგილი არ არსებობდა და ბიტის რაზმის ერთ-ერთი ძირითადი შემდგენელი ნაწილი - სახაზო კრეისერების 3-ე ესკადრა სროლების ჩასატარებლად სკაპა-ფლოუში გაემართა. მის ნაცვლად კი ბიტიმ გრანდ ფლიტის ყველაზე მძლავრი, თანამედროვე და სწრაფმავალი დრედნოუტების ესკადრა მიიღო.


    ბიტის რაზმმა ჩრდილოეთის ზღვა დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადაკვეთა და სკაგერაკისაკენ დაიძრა: რაზმი გრანდ ფლიტს სკაპა-ფლოუდან  240 და სკაგერაკიდან 90 მილში, 31 მაისს, დღის 14 საათზე უნდა შეხვედროდა.



    ბიტის ხომალდებიდან რამდენიმე მილით ჩრდილოეთით, მისივე პარალელური კურსით მოძრაობდა აღმოსავლეთისაკენ ორ კოლონად განაწილებული გრანდ ფლიტიც. პირველ ორდერს სათავეში სარდლის - ადმირალ ჯელიკოს საფლაგმანო დრედნოუტი ”აირონ დიუკი” (HMS Iron Duke) ედგა, თავად მწყობრი კი დრედნოუტების 1-ლი და 4-ე ესკადრებისაგან (16 ალამი), რეარ-ადმირალ სერ ჰორეს ჰუდის სახაზო კრეისერების 3-ე ესკადრისაგან (3 ალამი), რეარ-ადმირალ ჰერბერტ ჰიტის ჯავშნოსანი კრეისერების 2-ე ესკადრისაგან (4 ალამი) და თანმხლები მსუბუქი კრეისერებისა და საესკადრო ნაღმოსნებისაგან შედგებოდა. მათთან ახლოსვე მოძრაობდა ვიცე-ადმირალ მარტინ ჯერამის მეორე კოლონა, რომელიც დრედნოუტთა 2-ე ესკადრისაგან (8 ალამი) და რეარ-ადმირალ რობერტ არბეტნოტის ჯავშნოსანი კრეისერების 1-ლი ესკადრისაგან (4 ალამი) შედგებოდა. ამ ორდერს ახლდა ”M” ტიპის 11 უახლესი საესკადრო ნაღმოსანი, რომლებმაც გამოცდებისას იმ დროისათვის უზარმაზარი, 37-კვანძიანი სიჩქარე აჩვენეს. საერთო ჯამში ინგლისური არმადა 155 ალამს ითვლიდა.
    შეცვლილი გეგმის თანახმად გერმანელთა 1-ლ (ჰიპერის სახაზო კრეისერების) და 2-ე (მსუბუქი კრეისერების) სადაზვერვო რაზმებს, აგრეთვე ნაღმოსანთა სამ ფლოტილიას, ებრძანა ჩრდილოეთისაკენ  სწრაფი წინსვლა, მხოლოდ ისინი ნეიტრალური დანიის ნაპირებიდან ხილვადობის არეში არ უნდა ყოფილიყვნენ, შემდეგ კი - 31 მაისს, განთიადისას - ნორვეგიის ნაპირებთან თავიანთი ყოფნა რომელიმე სავაჭრო გემის დაკავებით უნდა გაემჟღავნებინათ.
    არსებობდა საწყისი გეგმიდან კიდევ ერთი გადახვევაც: ჰოჰზეეფლოტეს მთავარი ძალები ჰიპერის რაზმს 60 კი არა, 25 მილის დაშორებით უნდა მიჰყოლოდნენ. შეერმა გადაწყვიტა, რომ, საჰაერო დაზვერვის არარსებობის პირობებში, შედარებით  მშვიდად იქნებოდა, თუ სახაზო კრეისერების რაზმი უფრო ახლოს ეყოლებოდა. და, ბოლოს, სარდალმა შეისმინა თავისი ყოფილი შენაერთის - 2-ე დამრტყმელი ესკადრის ვედრება და მისი ექვსივე მოძველებული საესკადრო ჯავშნოსანი ლაშქრობაში წაიყვანა. ამ ხომალდებზე სულ ოთხ-ოთხი 280 მმ-იანი ქვემეხი იდგა და გერმანულ ფლოტში ისინი ”ხუთწუთიანებად” მონათლეს - თანამედროვე საესკადრო ბრძოლაში ამ ხომალდებს მტრის ცეცხლისათვის სწორედ ამდენ ხანს შეეძლოთ გაეძლოთ. შეერს გული აუჩუყდა - რაც მისგან ნაკლებად იყო მოსალოდნელი - ვეტერანები ესკადრის შემადგენლობაში ჩართო და ამით ფლოტის სიჩქარე, სულ მცირე, 3 კვანძით შეამცირა.



    მდინარე იადეს შესართავიდან ჰოჰზეეფლოტეს ზღვაში გასვლას სახაზო კრეისერ ”დერფლინგერის” არტილერიის მეთაური, გეორგ ფონ ჰაზე, შემდგომში ასე იხსენებედა: ”დიდებულად ამოსულმა მზემ თავისი ოქროს სხივები ზღვაზე გაფანტა და ჩვენს თვალწინ მთელი სილამაზით წარსდგა ბრძოლაში მიმავალი ღია ზღვის ფლოტი - სანახაობა, რომელიც აღტაცების ღირსია. ჩვენგან შორს, ნაღმოსნების თანხლებით, კილვატერული კოლონით მოდიოდნენ მცირე კრეისერები. მათ სახაზო კრეისერები მიჰყვებოდნენ - მქუხარე სახელების მატარებელი ხუთი მძლავრი ხომალდი, ჩვენი ფლოტის სიამაყე. უღრუბლო ამინდი იდგა და კიჩოდან შორს მის მთავარ ძალებს, ჩვენს სახაზო ხომალდებსაც ვხედავდით. ისინი ოცდაორი იყო - ნამდვილი არმადა”.



   თუმცა არმადა მოწინააღმდეგეს საგრძნობლად ჩამორჩებოდა: ჰოჰზეეფლოტეს 99 ხომალდის საერთო წყალწყვა 660 ათასი ტონა იყო, მათი ეკიპაჟების რაოდენობა კი 45 ათას მეზღვაურს შეადგენდა. ინგლისელთა 155 ხომალდის საერთო წყალწყვა მილიონ 250 ათას ტონას აღწევდა, ხომალდების ეკიპაჟები კი დაახლოებით 60 ათას მეზღვაურს ითვლიდნენ. არც არტილერიის მხრივ იყო საქმე გერმანელთა სასარგებლოდ: მათ მძიმე ხომლადებზე მაქსიმუმ 305 მმ-იანი არტილერია იდგა მაშინ, როდესაც ინგლისური ზედრედნოუტები სტანდარტული 343- და 381 მმ-იანი ქვემეხებით იყვნენ აღჭურვილნი. ყველა ბრიტანული ხომალდი უახლესი აგებული გახლდათ, გარდა სახაზო კრეისერებისა, რომლებიც ამ დროისათვის შვიდი და მეტი წლისანი იყვნენ. თვით ”ახალი ფლოტის” ფუძემდებელი ”დრედნოუტიც” კი, რომელსაც 10 წელი შეუსრულდა, უკვე უიმედოდ მოძველებულად ითვლებოდა და გრანდ ფლიტის დამრტყმელი დაჯგუფებების შემადგენლობაში არ შედიოდა, მაშინ როდესაც შეერმა არათუ სულ პირველი სერიის დრედნოუტები, არამედ მორალურად მოძველებული საესკადრო ჯავშნოსნებიც კი წაიყვანა საბრძოლო ლაშქრობაში.


    უფრო მეტიც: სადაზვერვო ინფორმაცია, რომელსაც განუწყვეტლივ აწვდიდა გრანდ ფლიტს მეორმოცე ოთახი, ინგლისელებს უზარმაზარ უპირატესობას აძლევდა - უპირატესობას, რომელიც მათ მიუტევებლად უგულებელყვეს. სანამ ზღვაში გავიდოდა და ჰიპერის კრეისერებს გაჰყვებოდა, შეერის ფლაგმანმა ”ფრიდრიხ დერ გროსემ” თავისი გამოსაძახებელი კოდი - DK - რომელიღაც სანაპირო რადიოსადგურს გადასცა, თავისთვის კი სხვა აიღო. ეს იმისათვის გაკეთდა, რათა მოწინააღმდეგისათვის ზღვაში გასვლის ფაქტი დაემალათ. თუმცა გერმანელებმა ამ ხრიკს მანამდეც არაერთხელ მიმართეს და მის თაობაზე მეორმოცე ოთახშიც მშვენივრად იცოდნენ. იუინგის სპეციალისტებმა ამჯერადაც სწრაფად განსაზღვრეს გემანული ფლაგმანის ახალი კოდი და ახლა აქ არამარტო მტრის რადიოგრამებს შიფრავდნენ, არამედ მის ხომალდებსაც მოუშორებლად ადევნებდნენ თვალს, რისთვისაც საპელენგაციო სადგურებს იყენებდნენ. თუმცა, იუინგის სპეციალისტებსა და ბრიტანეთის საადმირლოს ოპერატიულ განყოფილებას ფლოტური სნობიზმის უფსკრული ჰყოფდა; სამწყობრო ოფიცრები მეორმოცე ოთახის მუშაკებს ქედმაღალ მეტიჩრებად თვლიდნენ: კი ბატონო, შიფრებს ისინი თხილივით ამტვრევენ - ამას ვერ წაართმევ, მაგრამ ინფორმაციის გაანალიზებისა და მისი სათანადოდ ახსნის ძალა მათ, რასაკვირველია, არ შესწევთ - ასეთი რამ მხოლოდ ნამდვილ მეზღვაურებს შეუძლიათ. ამიტომ ნამდვილი მეზღვაურები გამუდმებით ცდილობდნენ ”თავგასული ხმელეთის ვირთხების თავის ადგილზე დაყენებას”, რაც, საბოლოოდ, შეძლეს კიდეც: ამიერიდან მეორმოცე ოთახი მხოლოდ შეკითხვებს პასუხობდა და საკუთარი ინიციატივით ინფორმაციას უკიდურესად იშვითად და მწირად იძლეოდა. ამიტომ, როდესაც 31 მაისს, დილის 11 საათსა და 10 წუთზე მეორმოცე ოთახში საადმირლოს ოპერატიული განყოფილების უფროსი, რეარ-ადმირალი სერ ტომას ჯეკსონი შევიდა და DK-კოდის ადგილსამყოფელის მოხსენება ითხოვა, თავის კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღო: ”იადე” - უთხრეს მას და შემდგომი კომენტარებისაგან თავი შეიკავეს. ჯეკსონმაც მაშინვე შეატყობინა ჯელიკოსა და ბიტის, რომ ჰიპერის კრესიერები ზღვაში გავიდნენ, შეერი და მისი დრედნოუტები კი ჯერ ისევ ბაზაში იმყოფებოდნენ.


    ამგვარად, ორივე მოქიშპე ფლოტის სარდალი დარწმუნებული იყო, რომ მოწინააღმდეგის დრედნოუტები მას არ ემუქრებოდა და ორივე ფლოტის ხომალდები დაიძრნენ საბედისწერო წერტილისაკენ, რათა ეჩვენებინათ ”ფლოტის სამხედრო ძლიერება, როგორიც ისტორიას ჯერ არ ახსოვდა” (ჩერჩილი). იუტლანდის, ანუ, როგორც მას გერმანელები ეძახდნენ - სკაგერაკის ბრძოლა პირველი მსოფლიო ომის განმავლობაში ერთადერთი საზღვაო შეტაკება გახდა, რომელშიც მოწინააღმდეგეთა ფლოტების მთელი ძალები იყო ამოქმედებული. ეს ბრძოლა გახდა, აგრეთვე, გერმანიისა და ინგლისის ფლოტების უკანასკნელი მსხვილი შეტაკება სახაზო ხომალდების მონაწილეობით. რაც შეეხება ავიაციას, შემდგომ საზღვაო ისტორიაში არ ყოფილა ასეთი მასშტაბის არც ერთი ოპერაცია, რომელშიც საჰაერო ძალებს მსგავსი უბადრუკი როლი ეთამაშოთ. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ”ფლოტის სამხედრო ძლიერება” იუტლანდის ბრძოლაში მთლად სახარბიელოდ ვერ წარმოჩინდა. უფრო მეტიც: ადგილი ჰქონდა უამრავ გაუგებრობას, გაურკვევლობას და კურიოზს, რომლებზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.
.......................................................................
გაგრძელება იქნება

1 comment: