ბიტი დანიშნულ პუნქტში მივიდა და 8 მილით წინ
მსუბუქი კრეისერების რაზმი გაგზავნა, რომლებმაც მოწინააღმდეგე ვერ აღმოაჩინეს. რა
გაეწყობოდა: ძებნა შეწყდა და ბიტიმ ბრძანება გასცა, ჩრდილოეთისაკენ შებრუნებულიყვნენ.
ჰიპერის კრეისერები კი ამ დროს აღმოსავლეთით, სულ 40 მილში იმყოფებოდნენ,
რომლებსაც სამხრეთით, კიდევ 50 მილის დაშორებით მიჰყვებოდა შეერი მთავარი ძალებით.
ჰიპერსა და ბიტის შორის, ღია ზღვაში კი პაწაწკინტელა დანიური გემი ”ნ. ი. ფიორდი”
მიდიოდა, რომელზეც აზრადაც კი არავის მოსდიოდა, თუ სად ამოყვეს თავი და რომ
ისტორიაში უდიდესი საზღვაო ბრძოლა სწორედ ამ გემის გამო დაიწყებოდა.
14 საათზე, როდესაც ბიტი ძებნის ზონის
უკიდურეს აღმოსავლეთ წერტილს უახლოვდებოდა, ჰიპერის ესკადრის თანმხლები ძალების
დასავლეთის ფრთის შემედგენლობაში შემავალმა მსუბუქმა კრეისერმა ”ელბინგმა” (SMS Elbing)
დანიელი შენიშნა და მის დასაკავებლად და დასაკითხად ორი ნაღმოსანი გაგზავნა. ამ
დროს კი ბიტის სახაზო კრეისერების თანმხლები ძალების აღმოსავლეთ ფრთის
შემადგენლობაში შემავალმა მსუბუქმა კრეისერმა ”გალათეამ” (HMS Galathea), რომელმაც
საფლაგმანო ”ლაიონის” ანძაზე აფრიალებული ჩრდილოეთისაკენ წასვლის სიგნალი ვერ
შენიშნა და აღმოსავლეთისაკენ განაგრძობდა სვლას, 14 საათსა და 10 წუთზე შენიშნა
”ნ. ი. ფიორდი”, რომელიც ღია ზღვაში, კვამლის ქვეშ იდგა გაუნძრევლად. ეს უკვე
საინტერესო იყო: ბრიტანული კრეისერი დანიელს მიუახლოვდა სიტუაციის გამოსარკვევად
და ამ დროს ”ნ. ი. ფიორდის” უკნიდან ერთბაშად გამოვარდა ორი ნაღმოსანი. ”გალათეას”
მეთვალყურეებმა მათში დაუყოვნებლივ ამოიცნეს გერმანული ხომალდები: კრეისერზე
საბრძოლო განგაში გამოაცხადეს (როგორც მრავალი ათეული წლის განმავლობაში, ამის
მაუწყებელი ახლაც ბუკის სიგნალი იყო), სვლა 28 კვანძამდე გაზარდეს და ცხვირის 152
მმ-იანი ქვემეხიდან ცეცხლი გახსნეს.
სულ რამდენიმე წუთში ”გალათეა” იძულებული
გახდა, მოწინააღმდეგის დევნა შეეწყვიტა: ჰორიზონტზე გერმანელთა ორი მსუბუქი
კრეისერი გამოჩნდა, რომლებმაც დაუყოვნებლივ გახსნეს ცეცხლი და ”ელბინგის”
პირველივე ჭურვები ბრიტანელის ხიდურის მახლობლად გასკდა.
”გალათეამ” სვლა კიდევ გაზარდა და
ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ წავიდა, თანაც დაუყოვნებლივ გაგზავნა შეტყობინება
მოწინააღმდეგის აღმოჩენის შესახებ. სანამ მასზე ცნობას დაშიფრავდნენ, სანამ
”ლაიონზე” გაგზავნიდნენ, შემდეგ სანამ ისევ გაშიფრავდნენ, ჩაიწერდნენ და ბიტის
მიუტანდნენ, 12 წუთი გავიდა. 14 საათსა და 30 წუთზე ბრიტანეთის ფლოტში ჩაის სმა
იწყება და 14:31-ზე მოსულმა ”გალათეას” შეტყობინებამ ეს მშვიდობიანი საქმიანობა
დაუყოვნებლივ შეწყვიტა. გაისმა საბრძოლო განწესით გათვალისწინებულ პოსტებზე
დაუყოვნებლივ განლაგების გამყივანი ბრძანება, რასაც თითქმის მაშინვე მოჰყვა ბიტის
განკარგულებაც: ”შეცვალეთ კურსი! მიმართულება - სამხრეთ-აღმოსავლეთი!” - ადმირალს
მოწინააღმდეგისათვის მათი ბაზებისაკენ უკანდასახევი კურსის გადაჭრა სურდა.
”გალათეამ” შეტყობინება რადიოთი გადასცა,
თუმცა ხომალდები ერთმანეთის მხედველობის არეში იმყოფებოდნენ და ამისათვის
სასიგნალო ალმების გამოყენება უფრო ლიგიკური იქნებოდა. საერთოდ, ინგლისელები
ერიდებოდნენ მიმღებებისა და გადამცემების ბრძოლისას გამოყენებას: აპარატები ჯერ
კიდევ არასაიმედო იყო, კონტაქტები ხშირად სცილდებოდა ერთმანეთს, მავთულები
წყდებოდა, ნათურები იმსხვრეოდა. მცირეოდენი რყევაც კი საკმარისი იყო, რომ ისინი
მწყობრიდან გამოსულიყო - ამისათვის საკუთარი ზალპებიც კი კმაროდა. ამიტომ ბიტის
ბრძანებები ესკადრას იუტლანდის ბრძოლაში ალმებით გადაეცემოდა. თუმცა ადმირლის
საფლაგმანო ”ლაიონის” ფოკ-ანძის კონსტრუქცია ამისათვის სავსებით გამოუსადეგარი
აღმოჩნდა: ფალები ისე იყო დაჭიმული, რომ სიგნალი დიდი წვალებით იკითხებოდა, თანაც
ალმები მილებიდან ამომავალ შავ კვამლში ჩაიძირა - ბიტიმ ხომალდის ქვაბებში ორთქლის
წნევის მაქსიმუმამდე გაზრდა ბრძანა.
აღწერილი მოვლენის სამწუხარო შედეგმაც არ
დააყოვნა: ევან-ტომასმა (ალამი - ”ბარჰემზე”), რომელიც ბიტის შენაერთში შემავალ
ოთხ ზედრედნოუტს მეთაურობდა, ”ლაიონის” ანძაზე აფრიალებული
სამხრეთ-სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ შემობრუნების მაუწყებელი სიგნალი ვერ შენიშნა
და, რაკი სერ ჰიუ არ განეკუთვნებოდა იმ მეთაურთა რიცხვს, რომლებიც შინაგანად
გრძნობენ თავიანთი სარდლის ყოველ მანევრს და ბრძანების მიუღებლადაც კი ასევე
იქცევიან, ზედრედნოუტების ესკადრა წინანდელი კურსით განაგრძობდა სვლას. არ უშველა
”ლაიონის” მიერ სიგნალის გამეორებამ და იგივე ბრძანების პროჟექტორით გადაცემამაც:
სახაზო ხომალდების 5-ე ესკადრა ჯიუტად არ ცვლიდა კურსს (შემდგომმა შემოწმებამ
ცხადყო, რომ ფლაგმანის სიგნალები ”ბარჰემის” სავახტო ჟურნალში რეგისტრირებულიც კი
არ იყო). სანამ ზედრედნოუტებზე შეცდომას მიხვდნენ, სანამ მობრუნების მანევრს
ასრულებდნენ და სანამ ახალ კურსზე დგებოდნენ, 6 წუთი გავიდა და ასე საჭირო 381
მმ-იანი ქვემეხებით შეიარაღებული ოთხი უახლესი, უძლიერესი და ყველაზე სწრაფმავალი
სახაზო ხომალდი ბიტის შენაერთს 10 მილით ჩამორჩა. ბრძოლა მათ გარეშე დაიწყო.
შერკინების სულ საწყის ფაზაში გერმანელები
გაცილებით შეწყობილად მოქმედებდნენ. 14:27-ზე, ”ელბინგიდან” ”გალათეასთან”
შეტაკების დაწყების შეტყობინების მიღებიდან ზუსტად 1 წუთში, ჰიპერმა თავისი სახაზო
კრეისერები ვესტ-ზუიდ-ვესტზე შეაბრუნა და
მოწინააღმდეგის შესახვედრად დაიძრა. როგორც კი ეს მანევრი შენიშნეს, ჰიპერის
რაზმის თანმხლებმა მსუბუქმა კრეისერებმა და ნაღმოსნებმაც დაუყოვნებლივ მიბაძეს
ფლაგმანს (შეადარეთ ევან-ტომასის მოქმედებას!) და ახალ კურსზე დადგნენ. გერმანული
და ბრიტანული სახაზო კრეისერები, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ ხედავდნენ ერთმანეთს,
შემხვედრი კურსებით, სამხრეთის მიმართულებით მოძრაობდნენ: იქ, სადაც შეერის
დრედნოუტები იმყოფებოდნენ. ინგლისელებმა უპირატესობის კარგვა იწყეს: ჰიპერმა
იცოდა, საით მიდიოდა, ბიტიმ კი - არა.
ამ მოვლენიდან სულ რამდენიმე კვირით ადრე
ბიტი სწორედ ჰიპერის კრეისერებთან შეხვედრას ნატრობდა და ახლა, როდესაც ნატვრა
აუსრულდა, შანსის ხელიდან გაშვება აღარ ისურვა: მან თავის სახაზო კრეისერებს სვლის
მაქსიმუმამდე - 25 კვანძამდე გაზრდა უბრძანა, სახაზო კრეისერების 2-ე ესკადრის
სარდალს რეარ-ადმირალ სერ უილიამ პეკინჰემს (ალამი - ”ნიუ ზილენდზე”) კი 1-ლი
ესკადრის შემდეგ უბრძანა მწყობრში ადგილის დაკავება. თავად 1-ლ ესკადრას, რომელსაც
რეარ-ადმირალი სერ ოსმონდ დე ბროკი მეთაურობდა (ალამი - ”პრინსეს როიალზე”),
სათავეში საფლაგმანო ”ლაიონი” ჩაუდგა. როგორც კი პეკინჰემის ხომლადებმა კილვატერულ
მწყობრში მითითებული ადგილები დაიკავეს, ბიტიმ ახალი ბრძანება გასცა: ხომალდებმა
კურსი 100 გრადუსით იცვალონ - მოწინააღმდეგის გეზის გადასაჭრელად. ამასობაში
ევან-ტომასის დრედნოუტები გამალებით ცდილობდნენ ძირითადი კოლონის დაწევას, მაგრამ
ჯერ კიდევ შორს იყნენ.
ბიტი თითქმის 180 გრადუსით შემობრუნდა და
კურსი ჰიპერის ხომალდების პარალელურად აიღო. რასაკვირველია, დიდი სიჩქარით
მიმავალი ინგლისური სახაზო კრეისერებისათვის ასეთი რთული მანევრის სწრაფად და
ზუსტად დასრულება საკმაოდ ძნელი აღმოჩნდა და მოწინააღმდეგის ცეცხლს ისინი იშვიათად
და არაზუსტად პასუხობდნენ. თავის მხრივ არც გერმანელებს გამოუჩენიათ თავი ზუსტი
სროლით, რაც საკვირველიც კი გახლდათ: ჰოჰზეეფლოტეს გარდამავალი საარტილერიო პრიზის
თითქმის მუდმივ მფლობელ ”დერფლინგერს” მთელი 4 წუთი დასჭირდა, რათა ”პრინსეს როიალზე”
გამიზვნა დაემთავრებინა. ”დისტანციის გამოთვლაში ასეთ სერიოზულ შეცდომას იმით
ვხსნი, რომ ჩვენი მანძილმზომები სრულიად ამოვარდნენ რიტმიდან მტრის მონსტრების
ხილვით გამოწვეული პირველი შთაბეჭდილებისაგან. თითოეული მათგანი ოკულარში მოწინააღმდეგის
23-ჯერ გადიდებულ ხომალდს ხედავდა! პირველ წუთებში ისინი მტრის ხომალდების
გარეგნობით იყვნენ მონუსხულნი” - წერდა ფონ ჰაზე.
საარტილერიო დუელის დაწყების თითქმის
ერთდროულად გერმანულმა კრეისერებმა 180-გრადუსიანი ”ერთიმეორის მიყოლებით
მობრუნება” შეასრულეს. ახლა ორივე ესკადრა პარალელური კურსით მოძრაობდა პირდაპირ
შეერის დრედნოუტების შემხვედრი მიმართულებით, რომლებიც თანდათან უახლოვდებოდნენ
ბრძოლის ადგილს. ჰიპერის ეს მანევრი არანაკლები მოხდენილობითა და სიზუსტით იქნა
შესრულებული, ვიდრე ეს ადმირალ ტოგოს ხომალდებმა გააკეთეს ცუსიმის ბრძოლაში. იოლი
არითმეტიკა გახლდათ: ჰიპერისა და ბიტის ესკადრების 26-კვანძიანი სვლისა და
ჰოჰზეეფლოტეს მთავარი ძალების 15-კვანძიანი სიჩქარის პირობებში გერმანელ ადმირალს
სულ 1 საათი დასჭირდებოდა, რათა ბრიტანული ესკადრა ღია ზღვის ფლოტის მთავარი
კალიბრის სამიზნეებქვეშ მიეყვანა. დაიწყო ”სირბილი სამხრეთისაკენ” - იუტლანდის
ბრძოლის საწყისი ფაზა.
გერმანული კრეისერებიდან გამოსროლილმა
ჭურვებმა ერთ-ერთ ინგლისელ ოფიცერს ”უზარმაზარი ლურჯი ბოთლები” მოაგონა:
”გეგონება, პირდაპირ შენი თვალისკენ მოფრინავენო. მაგრამ ისინი ზღვაში ცვიოდა და
ან ფეთქდებოდნენ, ანდა, რიკოშეტით ასხლეტილნი, ჰაერში ტრიალ-ტრიალით სადღაც იქით
აგრძელებდნენ ფრენას”.
15:52-ზე, სროლის დაწყებიდან 4 წუთში,
”მოლტკედან” გამოსროლილი ჭურვი ”ტაიგერის” ნახევარბაკზე აფეთქდა და მანძილმზომი
გაანადგურა. მერე კი დაიწყო: ორი 280 მმ-იანი ჭურვი ”ტაიგერის” ცხვირის მთავარი
კალიბრის კოშკებს მოხვდა და სროლის ტემპი ორჯერ შეამცირა. 15:56-ზე კიდევ ერთი
ჭურვი მის ტრიუმში აფეთქდა და ორთქლის მაგისტრალი გაგლიჯა: საქვაბე განყოფილების
ეკიპაჟს ხომალდის სვლის შენარჩუნება განუზომელი შრომის ფასად დაუჯდა. შემდეგი 7
წუთის განმავლობაში ”ტაიგერს” ”მოლტკედან” ნასროლი კიდევ 5 ჭურვი მოხვდა.
ამასობაში ჰაზეს ბიჭებიც მოეგნენ გონს და
საქმეს სერიოზულად შეუდგნენ: ”დერფლინგერის” ერთი 305 მმ-იანი ჭურვი ”პრინსეს
როიალის” ცხვირის კოშკს მოხვდა, მეორე კი ტრიუმში გასკდა და სამანქანო
განყოფილების მართვის პოსტი 20 წუთით გამოიყვანა მწყობრიდან - ”პრინსესის” კურსზე
შენარჩუნება უკიდურესად გაძნელდა. ”დერფლინგერის” არტილერისტები კი უკვე ეშხში
შევიდნენ და მიღწეულით დაკმაყოფილება აღარ ისურვეს: ახალმა ზალპმა ბრიტანული
კრეისერის ცხვირზე მეორე კოშკიც დააზიანა და ფოკ-ანძა და საკვამლე მილი გახვრიტა.
ფლაგმანთა დუელში ბიტის ”ლაიონსაც” მძიმე დღე
აყარა ჰიპერის ”ლუტცოვმა”: ჯერ კიდევ ცეცხლის გახსნის პირველივე წუთებში მიიღო
ბრიტანულმა კრეისერმა ”ლუტცოვის” ორი ჭურვი, რომელთაგან ერთმა მაშველი კანჯო აქცია
ნაფოტებად, მეორემ კი გემბანს შესამჩნევი კვალი დაამჩნია - დაზიანებები უმნიშვნელო
იყო. არც მესამე ჭურვს მიუყენებია ფატალური ზარალი ”ლაიონისათვის” - ის
ჯავშანგამტანი არ აღმოჩნდა: ბრიტანული კრეისერს კვლავ უღიმოდა ბედი. მაგრამ მეოთხე
ჭურვმა ინგლისელთა ფლაგმანი აღარ დაინდო. მოვუსმინოთ ”ლაიონის” სავახტო ოფიცერს,
რომელიც ცეცხლს ადევნებდა თვალყურს, როდესაც ხიდურზე გასისხლიანებული, საზარლად
დამწვარი და მთლიანად გაყრუებული სამეფო საზღვაო ქვეითი ჯარის სერჟანტი ავიდა: ”მე
მას ვკითხე, რაში იყო საქმე. მან ძლივსგასაგონად ამოიხრიალა: ”კოშკი Q დანგრეულია.
მთელი მისი გათვლა დაღუპულია. ჩვენ საარტილერიო სარდაფი ჩავძირეთ”. ხიდურიდან
ხომალდის შუაწელს გადავხედე. კოშკის შეჯავშნული სახურავი მილივით იყო დახვეული და
სარდინების გახსნილ ქილას წააგავდა. ხახადაღებული ნახვრეტიდან კი ბოლქვებად
ამოდიოდა მსუქანი ყვითელი კვამლი. საკვირველია, რომ ეს ყველაფერი ბიტის საბრძოლო
პოსტიდან სულ რამდენიმე იარდში მოხდა, მაგრამ აფეთქება ხიდურზე არავის გაუგონია”.
”ლაიონს” იგივე უბედურება დაატყდა თავს, რაც
თავის დროზე ”ზაიდლიცმა” გადაიტანა დოგერ-ბანკის ბრძოლაში. იმ შეტაკებაში ”ლაიონის”
343 მმ-იანმა ჭურვმა გერმანული კრეისერის კიჩოს კოშკის ბარბეტი გახვრიტა და ალმა
ელვისსისწრაფით მოიცვა კიჩოს ორივე კოშკისათვის განკუთვნილი თითქმის 6 ტონა
ჭურვები. ორი კოშკის 165-კაციანი მომსახურე პერსონალიდან 159 ადგილზევე დაიღუპა,
უამრავი ჭურვითა და დენთის ქობინით სავსე საარტილერიო სარდაფები კი აფეთქებას
მხოლოდ ხომალდის მთავარი ზემდეგის საარაკო გმირობამ გადაარჩინა: კიჩოს კოშკების
სარდაფების ჩასაძირი სარქველების შტურვალები ცეცხლისაგან სიწითლემდე იყო
გახურებული, მაგრამ ზემდეგმა ისინი საკუთარი ხელებით მაინც გახსნა და ეს ხელები
ზედვე შეატოვა კიდეც. წყალმა სარდაფებში იხუვლა, ჩაძირა ისინი და ”ზაიდლიცი”
გადარჩა: ზემდეგის ზღაპრული თავგანწირვა რომ არა, საარტილერიო სარდაფებში შეღწეული
ხანძარი მთელს ხომალდს ჰაერში აისროდა და მოლეკულებად დაშლიდა.
მომხდარიდან გერმანელებმა სათანადო დასკვნები
გააკეთეს და საარტილერიო კოშკებისა და სარდაფების კონსტრუქციული ხარვეზი ყველა
თავიანთ დრედნოუტზე გამოასწორეს: სარდაფები ორმაგი ჰერმეტიული კარებით აღჭურვეს,
რომლებიც სროლის დაწყებისთანავე ყრუდ იგმანებოდა. ინგლისელებს კი მსგავსი სახიფათო
მოხვედრა მანამდე გადახდილ არცერთ ბრძოლაში არ მიუღიათ და ასეთი აფეთქებების
ბუნებასა და შესაძლო შედეგებზე არავითარი წარმოდგენა არ ჰქონდათ.
... ამგვარად, როდესაც ”ლაიონს” ”ლუტცოვის”
ნასროლი ეს საბედისწერო ჭურვი მოხვდა, აფეთქების ალი კოშკის ცენტრალური შახტით
პირდაპირ საარტილერიო სარდაფში დაეშვა, სადაც უეჭველად ხანძარი მოხდებოდა, რასაც
კოლოსალური აფეთქება და ხომალდის უცილობელი დაღუპვა მოჰყვებოდა, რომ არა კოშკის
მეთაურის, სამეფო საზღვაო ქვეითი ჯარის მაიორის ფრენსის ჯ. უ. ჰარვის ელვისებური
რეაქცია: სასიკვდილოდ დაჭრილმა მაიორმა (აფეთქებამ მას ორივე ფეხი მოაგლიჯა)
მოასწრო სარდაფების კარების დაგმანვისა და კინგსტონების გახსნის ბრძანების გაცემა.
მოგვიანებით ტრიუმიდან დაღუპული მეზღვაურების გვამები ამოიტანეს, რომლებმაც ჰარვის
ბრძანება შეასრულეს: მათი ხელები ჯერ კიდევ საარტილერიო სარდაფის კარების
სახელურებს იყო ჩაჭიდებული. ასეთი გმირობისათვის მაიორმა ჰარვიმ სიკვდილის შემდეგ
მიიღო ბრიტანეთის იმპერიის უმაღლესი ჯილდო - ”ვიქტორიას ჯვარი”.
ცეცხლის წარმოება თავიდან ინგლისელებმაც ვერ
მოაგვარეს. ჯერ ისინი ვერაფრით ახერხებდნენ დისტანციის განსაზღვრას: ბიტი თვლიდა,
რომ მათ ცეცხლი 18 ათასი იარდიდან გახსნეს, ერნლ ჩეტფილდი (”ლაიონის” მეთაური)
დისტანციას 16 ათას იარდად თვლიდა. სინამდვილეში კი მანძილი 15 ათას იარდს შეადგენდა.
ამის შედეგად ბრიტანელთა რამდენიმე ზალპი მიზანს დიდი მანძილით (2000 იარდით)
ასცდა. და თუ გერმანელებმა მანძილის განსაზღვრაში დაშვებული შეცდომის
გამოსასწორებლად სულ ხუთიოდე წუთი დაკარგეს, ინგლისელებს ამავე ხარვეზის
აღმოსაფხვრელად გაცილებით მეტი დრო დასჭირდათ.
შემდეგ ინგლისელებმა მიზნების არჩევაში
ისეთივე არევდარევა დაუშვეს, როგორსაც წლინახევრის წინ ჰქონდა ადგილი
დოგერ-ბანკისთან. მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად ბიტიმ თავისი კილვატერული
კოლონის სათავეში მიმავალ ”ლაიონსა” და მის მომდევნო ”პრინსეს როიალს” ცეცხლის
თავმოყრა გერმანელთა საფლაგმანო ”ლუტცოვზე” უბრძანა. ყოველ მომდევნო ინგლისურ
ხომალდს შესაბამისად მომდევნო გერმანულისათვის უნდა ესროლა. ალმებით გადაცემული
სიგნალის გარჩევაში დაშვებული შეცდომის შედეგად კი ბრიტანულ კილვატერში მესამე
ნომრად მიმავალმა ”ქუინ მერიმ” თავისი ცეცხლი გერმანული მწყობრის მესამე ხომალდზე
- ”ზაიდლიცზე” მიმართა, რითაც ამ მწყობრში მეორე ნომრად მიმავალი ჰოჰზეეფლოტეს
საპრიზო საარტილერიო ხომალდი ”დერფლინგერი” რამდენიმე უძვირფასესი წუთით საერთოდ
ცეცხლის მიღმა დატოვა. სამაგიეროდ ”მოლტკე” ერთბაშად ორი ბრიტანელის - ”ტაიგერისა”
და ”ნიუ ზილენდის” ცეცხლქვეშ აღმოჩნდა.
მაგრამ, ჯერჯერობით, ინგლისელთა დანაკარგები
მცირე იყო: პირველი აცდენების შემდეგ ”ქუინ მერიმ” ”ზაიდლიცს” ერთი ჭურვი მოარტყა,
რომელმაც ელექტროგამანაწილებელი ფარი გამოიყვანა მწყობრიდან. რვაწუთიანი
გრიგალისებური ცეცხლის შემდეგ მანვე მიაღწია კიდევ ერთ მოხვედრას: 343 მმ-იანმა
ჭურვმა ”ზაიდლიცის” შუაწელზე მდებარე მთავარი კალიბრის კოშკის 203 მმ-იანი ჯავშანი
გახვრიტა, მასში მყოფი გათვლა მთლიანად გაჟლიტა და გასასროლად გამზადებულ დენთის
ქობინებს ცეცხლი გაუჩინა. მაგრამ კოშკის ცენტრალურ ნაწილში გაჩენილი ხანძარი
საარტილერიო სარდაფში აღარ გავრცელებულა: ალს გზა ყრუდ დაგმანულმა კარებებმა
გადაუღობა, თანაც სარდაფებიც ნაწილობრივ ჩაძირეს.
იუტლანდის ბრძოლის საწყის ეტაპზე ტონს
გერმანელები იძლეოდნენ, თანაც აქ საქმე ბიტიში სულაც არ იყო: მართალია ბრიტანელი
ადმირალი სიტუაციას ყოველთვის სწორად ვერ აფასებდა, მაგრამ სიმამაცეში ძნელად თუ
მოეძებნებოდა ბადალი. და თუმცა კი ის ახლა უკან იხევდა (ჯერ დასავლეთით გაუხვია 5
რუმბით (მისი კომპასის 1 რუმბი 11 გრადუსსა და 15 მინუტს უდრიდა), შემდეგ - კიდევ
ერთით, შემდეგ კი - სამით და მოწინააღმდეგეთა კილვატერულ მწყობრებს შორის მანძილი
20 ათას იარდამდე გაზარდა), მაგრამ ეს სიმხდალით სულაც არ მოსვლია: უბრალოდ
გერმანელი არტილერისტები ისროდნენ უკიდურესად სწრაფად და ზუსტად.
ინგლისური კრეისერები გერმანელთა ცეცხლიდან გამოვიდნენ: ახლა მათამდე
მიღწევა მხოლოდ ”ფონ დერ ტანის” ჭურვებს შეეძლო, რომელთანაც ბრძოლის დაწყებიდან
აწარმოებდა ”თავის” დუელს ბრიტანული ”ინდეფატიგებლი”. მართალია ”ფონ დერ ტანი”
თავის თანამოძმეებზე ხნიერი იყო, არც ზომები ჰქონდა მათსავით შთამბეჭდავი და მისი
მთავარი კალიბრიც მხოლოდ 280 მმ-იანი ქვემეხებისაგან შედგებოდა, მაგრამ სწორედ ამ
ქვემეხებში იყო საქმე: მათი ამართვის კუთხე 20 გრადუსს შეადგენდა მაშინ, როდესაც
ჰიპერის ესკადრის დანარჩენი სახაზო კრეისერების მთავარი კალიბრის ქვემეხები მხოლოდ
16 გრადუსამდე იმართებოდა. მრავალრიცხოვანი ტაქტიკური მეცადინეობების შედეგად
გერმანელებმა დაასკვნეს, რომ ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვებზე ხედვადობის პირობები
14 ათას იარდზე მეტ მანძილზე სროლის საშუალებას იშვიათად იძლეოდა, მაქსიმალური
შორსმსროლელობის მისაღწევად ხომალდის ქვემეხის ლულის მნიშვნელოვან სიმაღლეზე
ამართვა კი გარკვეულ ტექნიკურ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. უსასრულო საინჟინრო
ძიებები გერმანელებმა უაზრობად ჩათვალეს და ახალ სახაზო კრეისერებზე ქვემეხების
ამართვის კუთხე შემცირებული იქნა. რაც შეეხება ”ფონ დერ ტანს”, მას თავისი
ქვემეხები მაქსიმალური ეფექტურობით შეეძლო გამოეყენებინა, რომელთა სროლის სიშორე
20 კილომეტრს აჭარბებდა (22400 იარდი). სწორედ ამ დისტანციიდან აგრძელებდა ის
სროლას ”ინდეფატიგებლის” მისამართით.
16:02-ზე ”ფონ დერ ტანის” სამმა 280 მმ-იანმა
ჭურვმა ”ინდეფატიგებლის” კვარტერდეკზე გემბანი ჩაანგრია და შიდა ნაგებობებში
აფეთქდა. ბრიტანული კრეისერი კურსიდან ასხლტა და კიჩოზე იწყო დაჯდომა. სწორედ ამ
მომენტში გაისროლა ”ფონ დერ ტანმა” კიდევ სამი 280 მმ-იანი ჭურვი, რომლებიც ”ინდეფატიგებლს”
ამჯერად პირდაპირ ცხვირის კოშკის ქვეშ მოხვდა.
დაახლოებით ნახევარ წუთს არაფერი მომხდარა,
მაგრამ 16:05-ზე დენთის მუხტები აალდა, ცეცხლი ელვისსისწრაფით გადაეშვა
საარტილერიო სარდაფებში და... ”ინდეფატიგებლზე” არ აღმოჩნდა კიდევ ერთი მაიორი
ჰარვი, რომელიც კარების დაგმანვისა და კინგსტონების გახსნის ბრძანებას გასცემდა...
სწორედ ამ დროს ”ლაიონის” საბრძოლო ხიდურზე
მყოფი ლეიტენანტი ჩალმერსი (William Scott Chalmers) ამაყად ათვალიერებდა ბრტანულ
სახაზო კრეისერებს და აღტაცებაში მოდიოდა, როგორ მძლავრად აქაფებდნენ ტალღებს
კილვატერულ მწყობრში სრული სვლით მიმავალი დიდებული აღნაგობის ხომალდები. და უცებ
ბოლო მათგანის ადგილზე მან შავ-ყვითელი კვამლის უზარმაზარი ღრუბელი დაინახა.
რამდენიმე ხნის განმავლობაში ჩალმერსი გაოგნებული შესცქეროდა ამ ღრუბელს და
ვერაფერს ხვდებოდა, შემდეგ კი მის შეგნებამდე დავიდა, რომ კილვატერულ მწყობრში
მხოლოდ 5 ხომალდიღა დარჩა. ლეიტენანტის გაოცება იმდენად დიდი იყო, რომ მან კიდევ
ერთხელ გადათვალა კრეისერები - მხედველობა ხომ არ მატყუებსო. მაგრამ ვაგლახ:
მწყობრში ნამდვილად ხუთი ხომალდი დარჩა. ბოლოში მომავალი მატელოტი - უბედური
”ინდეფატიგებლი”, თავისი ეკპაჟის 1017 მეზღავურთან და ოფიცერთან ერთად, უკვალოდ
გაქრა. გადარჩა მხოლოდ სამი მეზღვაური: მესაჭე და ორი მესიგნალე, რომლებიც
გერმანელებმა ამოიყვანეს წყლიდან.
მოვლენები ისეთი ელვისსისწრაფით ვითარდებოდა,
რომ არათუ ახალგაზრდა და გამოუცდელმა ჩალმერსმა, არამედ უფრო გამოცდილებმაც კი
თავიდან ვერაფერი გაიგეს. მაგალითად, როდესაც ”ინდეფატიგებლის” დაღუპვის ადგილას
ევან-ტომასის ესკადრის ერთ-ერთი ზედრედნოუტი - ”მალაია” მივიდა, მისმა ეკიპაჟმა
წყალში მოტივტივე ნარჩენები გერმანული ხომალდის ნამუსრევად ჩათვალა და ერთხმად
დააგუგუნა მძლავრი ”ვაშა”. ”თავშიც კი არ მოგვსვლია, რომ ეს ჩვენი კრეისერი
შეიძლებოდა ყოფილიყო, - იგონებდა შემდეგ ”მალაიის” გარდემარინი, - მაგრამ
აღმოჩნდა, რომ ეს ”ინდეფატიგებლი” ყოფილა - ყველაფერი, რაც კი უზარმაზარი
ხომალდისა და ათასკაციანი ეკიპაჟისაგან დარჩა”.
არც ”ლუტცოვზე” უჯერებდნენ საკუთარ თვალებს -
შეუძლებელია თანამედროვე სახაზო კრეისერი ასე ერთ წამში გაქრეს წყლის ზედაპირიდან!
ჰიპერი დიდხანს გასცქეროდა ბინოკლით მოწინააღმდეგის ხომალდებს, ითვლიდა მათ და
მხოლოდ მაშინ, როდესაც დარწმუნდა, რომ მტრის მწყობრში ექვსის ნაცვლად მხოლოდ ხუთი
ხომალდი დარჩა, შვებით ამოისუნთქა. შემდეგ კი სიგარას მოუკიდა.
მაგრამ გერმანელთა გამარჯვებაზე საუბარი ჯერ
კიდევ ძალზე ნაადრევი იყო. მათ ინგლისელთა ოთხი მოახლოებული ხომალდი დაინახეს და
მაშინვე ამოიცნეს კიდეც: ეს ბრიტანული ზედრედნოუტები გახლდათ. მათ შესახებ ყველას
გაეგონა და ბევრსაც ლაპარაკობდნენ; ამ ურჩხულებს სისწრაფე თითქმის სახაზო
კრეისერების მსგავსი ჰქონდათ, შეიარაღება კი - უბრალოდ კოლოსალური: თითოეულზე -
რვა 381 მმ-იანი ქვემეხი. ”ზაიდლიცის” მეთაურის, კაპიტან-ცურ-ზეე მორიც ფონ ეგიდის
სიტყვით, მათი გამოჩენა ”დიდებული და საშინელი სანახაობა იყო”, ფონ ჰაზე კი
პირდაპირ წმინდათაწმინდა თრთოლვით აღივსო: ”ისინი სისწრაფეში თითქმის არ
ჩამოუვარდებოდნენ ჩვენს სახაზო კრეისერებს, მაგრამ მათი ჭურვები ჩვენსაზე თითქმის
ორნახევარჯერ მძიმე იყო. მათ გამაოგნებელი დისტანციიდან გახსნეს ცეცხლი”.
”ბრიტანულმა ფლოტმა, მრავალთავიანი ჰიდრას
მსგავსად, დაღუპული ”ინდეფატიგებლის” ადგილას მაშინვე გამოიყვანა ოთხი კიდევ უფრო
მძლავრი ხომალდი” - წერდა ჩრდილოეთის ზღვაში ოპერაციების ოფიციალური გერმანული
ისტორია.
ჰიპერის კოლონის ბოლო მატელოტზე - ”ფონ დერ
ტანზე” ეკიპაჟმა ერთმანეთისათვის გამარჯვების მილოცვაც კი ვერ მოასწრო, რომ ხომალდი
ბრიტანული 5-ე ესკადრის სახაზო ხომალდების ცეცხლქვეშ აღმოჩნდა. გერმანულ სახაზო
კრეისერს ერთბაშად გაუხსნა ცეცხლი სამმა ზედრედნოუტმა - ”ბარჰემმა”, ”უორსპაიტმა”
და ”მალაიამ” და სახაზო კრეისერმა ”ნიუ ზილენდმა”. ”ბარჰემის” 381 მმ-იანი ჭურვი
”ფონ დერ ტანს” კიჩოში, წყალგამყოფ ხაზსქვემოთ მოხვდა, გახვრიტა თხელი ჯავშანი და
კრეისერის კიჩოს განყოფილებაში წყალმა იხუვლა. ”საშინელი დარტყმისაგან ხომალდმა
რყევა იწყო. წყალში ხან ცხვირი იძირებიდა, ხან - კიჩო. და ასე - ხუთჯერ თუ
ექვსჯერ”, იხსენებდა ”ფონ დერ ტანის” მეთაური კაპიტან-ცურ-ზეე ჰანს ცენკერი.
”ნიუ ზილენდის” მეთაური ჯონ გრინი საბრძოლო
ხიდურზე ეგზოტიკურ სამოსელში გამოწყობილი იდგა: მუნდირის ზემოდან მას ლერწმისაგან
დაწნული შავ-თეთრი ბოლოკაბა ეცვა, რომელსაც მაორთა ენაზე ”პიუ-პიუ” ერქვა: როდესაც
”ნიუ ზილენდი” დედამიწის გარშემო ლაშქრობაში იმყოფებოდა, ეს ბოლოკაბა კრეისერის
მეთაურს მაორთა ერთ-ერთმა ბელადმა აჩუქა და განუცხადა, რომ ამ სამოსს ბედნიერება
მოჰქონდა. შეიძლება პიუ-პიუს მართლაც მოჰქონდა იღბალი, რადგან ”ფონ დერ ტანის”
ერთ-ერთმა ჭურვმა (”ფონ დერ ტანი” ჯერ კიდევ ისროდა, თუმცა მისი ორი ქვემეხი უკვე მწყობრიდან
იყო გამოსული), რომელიც ”ნიუ ზილენდს” მოხვდა, თითქმის ვერავითარი ზიანი ვერ
მიაყენა ბრიტანულ კრეისერს.
ახლა, როდესაც ბრძოლაში ზედრედნოუტები
ჩაებნენ, ბიტის ისევ შეეძლო შეტევაზე გადასვლა: ადმირალმა კვლავ უბრძანა თავის
კრეისერებს მოწინააღმდეგესთან მიახლოება და ხომალდებიც ჯერ ერთი რუმბით
შებრუნდნენ, შემდეგ - კიდევ სამით. ინგლისურმა ხომალდებმა გამიზვნა დაამთავრეს და
”ფონ დერ ტანის” დაზიანებებს ”ლუტცოვის” დაზიანებებიც დაემატა, რომელსაც მოხვედრილმა
ჭურვმა კოშკი დაუზიანა და რამდენიმე ადამიანი მოუკლა და დაუჭრა. ბიტის ყველა
საფუძველი ჰქონდა ეფიქრა, რომ სადაცაა გადამწყვეტი გარდატეხაც მოხდებოდა და სწორედ
ამ დროს (16:26-ზე) დაატყდათ თავს ბრიტანელებს მორიგი კატასტროფა.
”ქუინ მერის” კილვატერში მიმავალი ”ტაიგერის”
საბრძოლო ხიდურზე მყოფმა ერთ-ერთმა ოფიცერმა დაინახა, როგორ მოხდა ეს ყველაფერი.
საშინელი სანახაობისათვის მან თვალის მოწყვეტა ვერ შეძლო: ”ქუინ მერის”
”ზაიდლიციდან” და ”დერფლინგერიდან” გამოსროლილი ჯერ სამი ჭურვი მოხვდა, შემდეგ -
კიდევ ორი. ოფიცერი: ”მოხვედრებიდან ცოტა ხანში ხომალდის შუაგულში ბუნდოვანი
გაელვება დავინახე, შემდეგ კი ის დათვასავით აფეთქდა, თუ რა ვიცი, რა ჰქვია იმ
სოკოს, რომელიც მასზე დაწოლისთანავე ფეთქდება”.
როგორც ”ინდეფატიგებლი” ცოტა ხნით ადრე, ”ქუინ
მერიც” საარტილერიო სარდაფების დეტონაციით აფეთქდა და ცეცხლისა და კვამლის ფარდის
მიღმა გაუჩინარდა. რამდენიმე წუთში ფსკერისაკენ მიმავალი ხომალდის გვერდით ”ნიუ
ზილენდი” აღმოჩნდა. მისი ეკიპაჟის ერთ-ერთი ოფიცერი შემდგომში წერდა: ”ბინოკლში
წყლიდან 70 ფუტზე ამოწეულმა ხომალდის კიჩომ ჩაიარა; ხრახნები ნელა ბრუნავდა; კიჩოს
განყოფილებაში მიმავალი ლუკიდან ბამბასავით თეთრი და ხშირი კვამლი ამოდიოდა.
კიჩოზე წარწერა წავიკითხე - ”ქუინ მერი””. ორივე ესკადრის თვითმხილველთა მოწმობით,
კვამლის სიმაღლე 300-400 მეტრს შეადგენდა და სწორედ ამ კვამლის ნაწილად იქცა 26-ათასტონიანი
”ქუინ მერის” 1266-კაციანი ეკიპაჟიც. გადარჩა მხოლოდ 14 კაცი, რომელთაგან 12
ბრიტანულმა ხომალდებმა ამოიყვანეს წყლიდან, ხოლო 2 - გერმანელებმა.
სანამ ნაღმოსნების იერიშის აღწერაზე
გადავიდოდეთ, საჭიროა, რამდენიმე ფაქტი აღვნიშნოთ: იუტლანდის ბრძოლაში მოვლენები
იმდენად სწრაფად ცვლიდა ერთმანეთს, რომ მათი აღწერა, ფაქტიურად, წუთ-წუთის
მიყოლებით შეიძლება. სულ რაღაც ასი წლის წინათ, ტრაფალგარის ბრძოლისას, ნელსონის
ხომალდებმა მტრის ფლოტი განთიადისას შეამჩნიეს. მოწინააღმდეგე ხომალდების
ერთმანეთთან დაახლოებამ ვიზუალური აღმოჩენიდან საარტილერიო ცეცხლის გახსნამდე,
ხუთი საათი დაიკავა. 10-დან 50 მეტრ დისტანციამდე წარმოებული კიდევ ხუთსაათიანი
გააფთრებული კანონადის შემდეგ მეტოქეთა არცერთი ხომალდი არ ჩაძირულა, თუმცა
ზოგიერთი მათგანი აბორდაჟზე იქნა აყვანილი. იუტლანდის ბრძოლაში ბიტისა და ჰიპერის
სახაზო კრეისერებმა ერთმანეთის დანახვიდან 18 წუთში, 12-18 კილომეტრის
დისტანციაზე, სასტიკი საარტილერიო დუელი გააჩაღეს, ერთ საათში კი ბიტის ესკადრის
მესამედი უკვე განადგურებული იყო.
ბიტი, თავისი შტაბის ოფიცრების ჯგუფთან
ერთად, ბრძოლას წინანდებურად ”ლაიონის” ზედა ხიდურიდან მართავდა. ისინი პირდაპირ
ფორ-მარსის ქვეშ, სრულიად ღიად იდგნენ და გარშემო უამრავი ნამსხვრევი დაფრინავდა:
საოცარია, რომ ყველა მათგანი არათუ დაღუპვას, დაჭრასაც კი გადაურჩა. ბიტიმ
რამდენიმე წუთით მძიმედ შეჯავშნულ საბრძოლო ხიდურში სცადა გადასვლა, მაგრამ მალევე
დაუბრუნდა ზედა ხიდურს უკიდურესი სივიწროვისა და არადამაკმაყოფილებელი ხილვადობის
გამო და აღარც მოუცვლია აქედან ფეხი იუტლანდის მთელი ბრძოლის განმავლობაში. უნდა
აღინიშნოს ბრიტანელი ადმირლის საარაკო სიმამაცე: ის თითქოსდა საერთოდ უგრძნობი იყო
საფრთხისადმი, გონება კი ასეთ მომენტებში გაცილებით სწრაფად უმუშავებდა - ეს ძალზე
საქებარი თვისება თვით უდიდესი მხედართუფროსებისათვისაც კი უკიდურესი იშვიათობა
გახლავთ. ორი სახაზო კრეისერის დაღუპვამ ბიტიში წამითაც კი არ გამოიწვია მცირეოდენი
ყოყმანი და შიში და იოტისოდენადაც კი ვერ შეარყია დაწყებული ბრძოლის ბოლომდე
მიყვანის გადაწყვეტილება.
შერკინებაში ორი გერმანული ნაღმოსანი V-27 და
V-29 დაიღუპა, ორი ბრიტანული კი (”ნომადი” (HMS Nomad) და ”ნესტორი” (HMS Nestor))
სამანქანო განყოფილებაში ჭურვების მოხვედრით გამოვიდა მწყობრიდან: მათ სვლა
დაკარგეს და ორ ესკადრას შორის უმწეოდ ქანაობდნენ ტალღებზე. ორივე მხრიდან ოცზე
მეტი ტორპედო იქნა გაშვებული მაგრამ მიზანს მხოლოდ ერთმა - ბრიტანულმა (სავარაუდოდ
”პეტარდიდან” (HMS Petard, ”ნესტორის” სისტერშიპი) ან ”ტურბულენტიდან” (HMS
Turbulent) გაშვებულმა) მიაღწია: ის ”ზაიდლიცს” მოხვდა. გერმანელთა საბრძოლო
მოხსენების თანახმად, მან ”ბეღლის ჭიშკრისოდენა ნახვრეტი მიიღო და ნელა მიდიოდა
წყალქვეშ ცხვირზე დიფერენტით”, მაგრამ იუტლანდის ბრძოლის ბოლომდე წყლის ზედაპირზე
დარჩა - გერმანელ ხომალდმშენებლებს საქმე დიდებულად ჰქონდათ დაყენებული.
”საუთჰემპტონზე” მყოფი გუდინაფი გარეგნულ
სიმშვიდეს ინარჩუნებდა, თუმცა თავისი ფლაგ-ლეიტენანტის მისამართით უკანმოუხედავად
გამოსცრა კბილებიდან: ”თუკი სიგნალის აღმართვას საერთოდ აპირებთ, სერ, უმჯობესია,
ეს ახლავე გააკეთოთ. ამის კიდევ ერთი შესაძლებლობა შეიძლება აღარც კი მოგეცეთ”.
მსუბუქი კრეისერი სწრაფად შემობრუნდა და უზარმაზარი ჭურვებით აქაფებულ ჭავლებს
შორის ზიგზაგებით წამოვიდა საკუთარი ესკადრისაკენ - საკვირველია, მაგრამ მას
არცერთი მოხვედრა არ მიუღია. მოწინააღმდეგის დანახვიდან უკვე რვა წუთში
”საუთჰემპტონმა” რადიოგრამა გაგზავნა, რომელმაც იუტლანდის მთელი ბრძოლის მსვლელობა
რადიკალურად შეცვალა: ”ელვა. რიგგარეშე. ზუიდ-ოსტზე მოწინააღმდეგის სახაზო
ხომალდებს ვხედავ. მოძრაობენ მეწინავე ძალების კურსით”.
შეერი 16-კვანძიანი სიჩქარით მოდიოდა: მეტი
სისწრაფის განვითარებაში მას ხელს სწორედ მეორე ესკადრის ნელმავალი ჯავშნოსნები
უშლიდა. ბიტი უმალ მიხვდა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ჰიპერი მას თავის
მთავარ ძალებთან იტყუებდა და მაშინვე გადაწყვიტა, სიტუაცია რადიკალურად შეეცვალა:
თავისი ცრუ გაქცევით გერმანელთა მთელი ფლოტი გაეყოლიებინა ჩრდილოეთისაკენ, სადაც
მტერს მძლავრი გრანდ ფლიტი ელოდა და რომლის ახლომახლო ყოფნაზეც - ბიტის
აბსოლუტურად სწორი ვარაუდით - გერმანელებს საერთოდ არ ჰქონდათ წარმოდგენა.
”ლაიონის” რადიოგადამცემი მწყობრიდან იყო
გამოსული და ბიტიმ პროჟექტორის სიგნალებით უბრძანა მწყობრში მეორე ნომრად მომავალ
”პრინსეს როიალს”, ჯელიკოსათვის მოხსენება გადაეცა, შემდეგ კი თავის მთელ ესკადრას
ალმებით უბრძანა, კურსი ნორდზე აეღოთ. ჰიპერმაც გაიმეორა მოწინააღმდეგის მანევრი:
”სირბილი სამხრეთისაკენ” დასრულდა და დაიწყო ”სირბილი ჩრდილოეთისაკენ” - იუტლანდის
ბრძოლის მომდევნო ფაზა.
თუმცა
ამ მარათონში ყველა ინგლისური ხომალდი არ ჩაბმულა: გუდინაფის კრეისერებმა
სამხრეთისაკენ აიღეს გეზი, რათა მოწინააღმდეგე უკეთ შეეთვალიერებინათ. მოგვიანებით
”საუთჰემპტონის” ერთ-ერთი ლეიტენანტი იხსენებდა: ”სადღაც 25-კვანძიანი სიჩქარით
ვუახლოვდებოდით საშინელი გოლიათების მწყობრს, ჩრდილოეთის კურსზე მდგარი ჩვენი
ამხანაგები კი შორს მიიმალნენ. ლოდინის მომქანცველი წამები წუთებით იცვლებოდა,
გერმანელები კი კვლავ არ ისროდნენ”. საერთო არეულობასა და გაფენილ ნისლში,
რომელსაც შემდეგ ორივე ფლოტის მეზღვაურები წყევლიდნენ, გერმანელებმა მოახლოებული
ინგლისური კრეისერები თავისიანებად ჩათვალეს. გუდინაფის ფლაგმანზე უკვე აღმართეს
შემობრუნების სიგნალი და ეკიპაჟები მოუთმენლად ელოდნენ, როდის დაეშვებოდა
სასიგნალო ალმები ანძიდან, რაც ნიშნავდა ”შეასრულეთ ბრძანება!”. მაგრამ მხოლოდ
მაშინ, როდესაც ”საუთჰემპტონი” მტერს 13 ათას იარდზე მიუახლოვდა, მის ანძაზე,
როგორც იქნა, ნელა დაეშვა ალმები. ”ჰაერში მეზღავურთა ქუდები ავარდა, ოთხივე
ხომალდი ერთდროულად შემობრუნდა და მოწინააღმდეგეს კიჩო მიუშვირა. მაშინვე დაიწყო
სეირიც - ნახევარმა დუჟინმა გერმანულმა ხომალდმა დაუყოვნებლივ გაგვიხსნა ცეცხლი”.
როდესაც ბიტი ჩრდილოეთისაკენ შებრუნდა, მან
არამარტო თავისი მსუბუქი კრეისერების რაზმი და დაზიანებული საესკადრო ნაღმოსნები,
არამედ ევან-ტომასიც მიატოვა თავისი ოთხი ზედრედნოუტით. ძნელია დაჯერება, მაგრამ
5-ე ესკადრამ ვერც ახლა დაინახა ”ლაიონის” მიერ გადაცემული სიგნალი. როგორც ჩანს,
ამაყმა გოლიათებმა გადაწყვიტეს, რომ ისეთი წვრილმანებისათვის, როგორიც სასიგნალო
ალმები იყო, ყურადღება არ მიექციათ. თვით ბიტის კრეისერების მრავლისმეტყველმა
მანევრმაც კი, რომლებმაც შემხვედრი მანევრით ჩაუარეს ევან-ტომასის დრედნოუტებს,
ვერ გამოაფხიზლა მიზანმიმართული სერ ჰიუ: ის წინანდებურად მიემართებოდა აღებული
კურსით და, როგორც ჩანს, მთლიანად იყო აღვსილი სურვილით, რომ პირველს დაეწყო არა
მხოლოდ პირველი მსოფლიო ომის, არამედ საერთოდ ომების მსოფლიო ისტორიაში პირველი
საზღვაო შერკინება დრედნოუტთა მონაწილეობით. 24-კვანძიანი სრული სვლით მიმავალ
დრედნოუტებზე შემხვედრ კურსზე 26-კვანძიანი სიჩქარით მომავალი ”ლაიონის”
განმეორებითმა სიგნალმაც კი (”ყველა შემობრუნდეს ერთიმეორეის მიყოლებით 180
გრადუსით!”) ვერ მოახდინა გავლენა: ”ბარჰემზე” მყოფი ევან-ტომასი წინანდებურად
იმტვრევდა თავს იმაზე ფიქრით, თუ რაში დასჭირდა ბიტის ეს მოულოდნელი შემობრუნება.
მხოლოდ მაშინ, როდესაც ზედრედნოუტების წინაშე ერთიმეორის მიყოლებით აღმოცენდნენ
ჰოჰზეეფლოტეს სახაზო ხომალდები, სერ ჰიუ მიხვდა, რომ საქმე მთლად კარგად ვერ იყო.
5-ე ესკადრამ დაუყოვნებლივ დაიწყო
180-გრადუსიანი მობრუნება ერთიმეორის მიყოლებით და, როგორც სპეციალისტები იტყვიან,
მოწინააღმდეგესთან საბრძოლო ურთიერთშეხებაში შევიდა, რაც, სხვათა შორის, თვით
მძიმედ შეჯავშნული დრედნოუტებისათვისაც კი საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდა.
”მთელ
ამ საქმეში განსაკუთრებით მძიმე შთაბეჭდილება ადამიანის დამწვარი ხორცის სუნმა
დატოვა, რომელიც ხომალდზე რამდენიმე კვირის განმავლობაში დარჩა და ყველას მუდმივად
უღვიძებდა გულისრევის გრძნობას” - წერდა შემდგომში ერთ-ერთი ოფიცერთაგანი.
წყალგამყოფ ხაზსქვემოთ კიდევ ორმა მოხვედრამ ”მალაიის”
წყალქვეშა ნაწილში ორი დიდი ნახვრეტი გააკეთა და, მართალია, საფრთხე სწრაფად იქნა
ლიკვიდირებული, მაგრამ კორპუსში შესულმა წყალმა 4-გრადუსიანი დახრა წარმოქმნა,
რამაც დაუყოვნებლივ გამოიწვია ქვემეხების ამართვის კუთხის და, აქედან გამომდინარე,
სროლის სიშორის შემცირებაც.
45 წუთის განმავლობაში აწარმოებდა 5-ე
ესკადრა ბრძოლას მოწინააღმდეგის ჭარბ ძალებთან, თანაც ბრიტანული ხომალდები
შემობრუნების რაღაც მომენტში ისე ახლოს იყვნენ გერმანელებთან, რომ, სურვილის
შემთხვევაში, აბორდაჟზეც კი შეეძლოთ წასვლა. შემდეგ კი ევან-ტომასმა მაინც
უმჯობესად ჩათვალა, უკან დაეხია და ბიტის კვალში მიჰყვა, თანაც მთელი ძალების
უკანდახევას მჭიდრო საარტილერიო ცეცხლით იფარავდა.
ფიცხელი ბრძოლის 45 წუთის განმავლობაში
დრედნოუტებმა სრულად წარმოაჩინეს თავისი შესაძლებლობები. განსხვავებით
ხომალდმშენებლებისაგან, არტილერისტებისათვის პერსპექტივები ფრიად არასახარბიელო აღმოჩნდა:
გოლიათები სრულიად მოუწყვლადნი აღმოჩნდნენ. მათ მოუღლელად შეეძლოთ ერთმანეთის
გვემა, რაც არც საგრძნობ მატერიალურ ზარალს იწვევდა და არც ბრძოლისუნარიანობის
შემცირებას. ხშირად იუტზე ვერც კი ხვდებოდნენ, რომ ნახევარბაკზე ჭურვი გასკდა და
ეს მანამდე არ სჯეროდათ, სანამ საკუთარი თვალით არ ნახულობდნენ დაზიანებებს.
”უორსპაიტის” უფროსი ოფიცერი შემდგომში წერდა: ”ხომალდი ერთი-ორჯერ ძლიერად
შეირყა, მაგრამ ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ მივანიჭე. თავშიც კი არ
მომსვლია აზრად, რომ მოგვარტყეს. დავინახე, რომ ჩვენი ორი ზალპით დავფარეთ
გერმანული კრეისერი, რომელიც თავიდან თითქოს ხრჩოლავდა, შემდეგ კი თივის ზვინივით
აალდა. გათვლა შევაქე და ვუთხარი, რომ ასევე გაეგრძელებინათ. მანქანა საათივით
მუშაობდა”.
რასაკვირველია, ზედმეტია იმის თქმა, რომ არც
ბრიტანული ზედრედნოუტები დარჩენილან ვალში და უხვად გაუმასპინძლდნენ ჰიპერისა და
ბენკეს ხომალდებს თავიანთი 885-კილოგრამიანი ჭურვებით: ხუთი მათგანი ”ზაიდლიცმა”
მიიღო და ჩაძირვის პირას იმყოფებოდა, ”ფონ დერ ტანზე” კი აბსოლუტურად ყველა
ქვემეხი განადგურდა, მაგრამ მისმა მეთაურმა ვილჰელმ ცენკერმა ხომალდის მწყობრში
დატოვება გადაწყვიტა, რითაც ინგლისეთა ცეცხლის ნაწილი თავის ხომალდზე გადაიტანა.
საერთოდ, გერმანული ხომალდების დაზიანებებზე
არ არსებობს ისეთივე სრული და ამომწურავი ინფორმაცია, როგორსაც ბრიტანულ
ხომალდებზე იძლევიან ინგლისელი ოფიცრები თავიანთ მოხსენებებში. საქმე იმაში
გახლავთ, რომ, გრანდ ფლიტისაგან განსხვავებით, ჰოჰზეეფლოტეში არ იყო მიღებული
ხომალდების დაზიანებათა კონკრეტული ხასიათის მითითება. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება:
არცერთი დრედნოუტი - არც ინგლისური და არც გერმანული - მწყობრიდან არ გამოსულა და
არც ჩაძირვას აპირებდა. მათმა პირველივე შეტაკებამ წარმოაჩინა, რომ, განსხვავებით
სახაზო კრეისერებისაგან, სახაზო ხომალდების დაცვის საშუალებები თავდასხმისაზე
გაცილებით მძლავრი იყო: ჭურვებს შეეძლით ხომალდის დასახიჩრება და ძალზე
სერიოზულადაც, მაგრამ მისთვის სასიკვდილო ჭრილობის მისაყენებლად მრავალსაათიანი
კონცენტრირებული ცეცხლი იყო საჭირო. ერთადერთი, რაც სახაზო ხომალდს შეაჩერებდა,
ტორპედის განსაკუთრებით მგრძნობიარე ადგილებში - საჭეებში, ხრახნებში და,
შესაძლოა, სამანქანო განყოფილებაში მოხვედრა გახლდათ.
...............................................................................
გაგრძელება იქნება
No comments:
Post a Comment