ვისაც კრივი
ესმის და იცის, აუცილებლად დამეთნხმება: ნოკაუტი არაა უძლიერესი დარტყმა - ნოკაუტი
არის გამოტოვებული დარტყმა. რა არის საჭირო ნოკაუტისთვის? უნდა იყო უფრო სწრაფი, ამტანი
და ტექნიკური, ვიდრე მოწინააღმდეგეა, ხოლო დარტყმა შეიძლება არც იყოს ძლიერი: ის, უბრალოდ,
ნოკაუტისთვის საკმარისი უნდა იყოს. ძალა, რასაკვირველია, საჭიროა, მაგრამ ეს არაა გადამწყვეტი:
გადამწყვეტია სისწრაფე. უნდა იყო სწრაფი და ამტანი, რათა დროზე ადრე არ დაიღალო, სისწრაფე
არ დაკარგო და გადამწყვეტი, მანოკაუტირებელი დარტყმის მომენტი დროულად დაიჭირო.
კრივის ეს აქსიომად ქცეული ერთ-ერთი უმთავრესი წესი აბსოლუტურად მიესადაგება საბრძოლო
მოქმედებებსაც. საბრძოლო გაშლაში, მანევრში, დარტყმასა და უკანდახევაში მოწინააღმდეგის
დასწრება ბრძოლაში წარმატების მიღწევის მთავარი საწინდარია და ეს მოწინააღმდეგეზე გაცილებით
მცირერიცხოვანი საკუთარი ძალებითაცაა შესაძლებელი.
საზღვაო ბრძოლაში ზემოთაღწერილი აქსიომა განსაკუთრებული სიცხადით ჩანს.
რატომ?
იმიტომ, რომ ზღვაზე გაბატონებული მოწინააღმდეგე ისეთი ვალდებულებითაა დატვირთული, რომელზე
უარის თქმაც მას არ შეუძლია - ის უნდა იყოს ყველგან და ყოველთვის.
გავიხსენოთ მეორე მსოფლიო ომი: ბრიტანული ფლოტი საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებს ჩრდილოეთის
ზღვასა და ნორვეგიის გარშემო, ნაწილობრივ - ბარენცის ზღვაშიც. აგრეთვე - ხმელთაშუა
ზღვაში იტალიელებისა და გერმანელების წინააღმდეგ (ომის გარკვეულ ეტაპზე - ფრანგების
წინააღმდეგაც). აგრეთვე - ჩრდილოეთ ატლანტიკაში. აგრეთვე - ცენტრალურ ატლანტიკაში.
აგრეთვე - სამხრეთ ატლანტიკაში (არავის გაუუქმებია, ასევე, ინდოეთის ოკეანე, სამხრეთ-აღმოსავლეთ
აზია და ავსტრალია - აქაც საჭიროა საკმაოდ ქმედუნარიანი ფლოტი). აგრეთვე პატრულირებს
გერმანიისა და მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების სანაპიროების გასწვრივ და უთვალთვალებს
იქ, სადაც ეს შესაძლებელია. აგრეთვე გამოჰყოფს ჭარბ ძალებს ნაცისტთა ცალკეული რეიდერების
საძებნელად და სადევნად. საბოლოოდ, ძალების ეს დაქსაქსვა მეტისმეტად ართულებს რეალურად
დიდი რაოდენობის ხომალდების ერთ მუშტად შეკვრას მოწინააღმდეგის იმ დარტყმების გასანეიტრალებლად,
რომელსაც ეს აქტიური, საზრიანი და ინიციატივიანი მოწინააღმდეგე პერიოდულად აწარმოებს
ამა თუ იმ, სრულიად მოულოდნელ თუ ცოტად თუ ბევრად მოსალოდნელ ადგილებში.
განვიხილოთ აღნიშნული პრობლემა მეორე მსოფლიო ომის სულ დასაწყისის ოპერაციაში „ბრიტანული
ფლოტი „ადმირალ გრაფ შპეე“-ს წინააღმდეგ“.
"ჯავშნოსანი" ("ჯიბის სახაზო ხომალდი")
"ადმირალ გრაფ შპეე"
(Panzerschiffe (Pocket Battleship)
(Panzerschiffe (Pocket Battleship)
KMS Admiral Graf Spee)
ერთი „ჯიბის სახაზო ხომალდის“, ანუ „ჯავშნოსნის“ წინააღმდეგ ბრიტანულმა ფლოტმა სამი
სხვადასხვა შენაერთი გამოჰყო, რომლებიც, საერთო ჯამში, ერთი ავიამზიდისგან, ერთი სახაზო
კრეისერისგან, ოთხი მძიმე კრეისერისგან და ყოველი ხელმისაწვდომი ადგილიდან სასწრაფოდ
წამოსული ათზე მეტი მსუბუქი კრეისერისგან შედგებოდა. ერთობლიობაში ეს საკმაოდ მძლავრი
ძალები სამხრეთ ატლანტიკაში იმდენად მიმოფანტულები აღმოჩნდნენ, რომ „შპეეს“ წინააღმდეგ
ბრძოლაში მათი ყველაზე სუსტი ნაწილი - ადმირალ ჰენრი ჰარვუდის რაზმი: ორი მსუბუქი („ეიჯექსი“ და „აქილესი“) და ერთი
მოძველებული მძიმე კრეისერი („ეკსეტერი“) აღმოჩნდა ჩართული: დანარჩენები ყველა ვარიანტში
აგვიანებდნენ. კიდევ ერთი მძიმე კრეისერი („ქამბერლენდი“) მხოლოდ მაშინ მივიდა ბრძოლის
რაიონში (მდინარე ლა-პლატის შესართავი), როდესაც „ეკსეტერმა“ პრაქტიკულად უკვე მთლიანად
დაკარგა ბრძოლისუნარიანობა „შპეეს“ ცეცხლისგან.
ჰენრი ჰარვუდი
მსუბუქი კრეისერი "ეიჯექსი" (HMS Ajax)
მსუბუქი კრეისერი "აქილესი" (HMS Achilles)
მძიმე კრეისერი "ეკსეტერი" (HMS Exeter)
მძიმე კრეისერი "ქამბერლენდი" (HMS Cumberland)
"ეკსეტერი" "შპეესთან" ბრძოლის შემდეგ
ერთი შეხედვით „შპეეს“ ლაშქრობა, რომელიც მისი დაღუპვით დამთავრდა, სრულ ფიასკოდ გამოიყურება,
თუმცა ერთმანეთისგან ცხადად უნდა გავაცალკევოთ ხომალდის დანიშნულებასა და მის ლაშქრობაში
ჩადებული იდეა „შპეეს“ მეთაურის, ჰანს ფონ ლანგსდორფის შეცდომებისგან.
ჰანს ფონ ლანგსდორფი
საკუთარი ეკიპაჟის მიერ განადგურებული
"გრაფ შპეე"
ლანგსდორფმა ბრძოლის პირველ ეტაპზე საკმაოდ ხელშესახები უპირატესობები მოიპოვა: მწყობრიდან
სრულად გამოიყვანა სამიდან ერთი, ყველაზე მძლავრი ხომალდი, რომლის 203 მმ-იანი ქვემეხებიც
„შპეესთვის“ რეალურ საფრთხეს წარმოადგენდა; თანაც დარჩენილ ორ მსუბუქ კრეისერთან შედარებით
ჯერ კიდევ უდიდეს საცეცხლე უპირატესობას ფლობდა. მართალია „შპეე“ გარკვეულწილად დაზიანებული
იყო და დანაკარგები ჰქონდა პირად შემადგენლობაშიც, ხოლო ბრიტანულ მსუბუქ კრეისერებს
მასთან შედარებით საგრძნობი უპირატესობა ჰქონდათ სისწრაფეში, მაგრამ გერმანული რეიდერის
მხარეს იყო უდიდესი უპირატესობა ცურვის სიშორეში - „შპეეზე“ საწვავის უკანასკნელი მიღებიდან
მხოლოდ 1 კვირა იყო გასული და ეს მარაგი სრულიად საკმარისი იყო ძალიან შორს წასასვლელად:
სამხრეთ ატლანტიკაში კვირაობით მყოფ ბრიტანულ მსუბუქ კრეისერებს დარჩენილი საწვავი
„შპეეს“ დიდი სისწრაფით სადევნად დიდხანს ვერ ეყოფოდათ და ლანგსდორფს შეეძლო, სროლა-სროლით
თანდათან დაეღწია თავი დევნისგან.
რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც კი სიტუაცია ნებისმიერი კუთხით შეიძლება შეცვლილიყო,
თუმცა არა თუ იმ წლებში, არამედ ახლაც კი - თანამგზავრული დაზვერვის, სტრატეგიული სადაზვერვო
ავიაციისა და რადიოელექტრონული საშუალებების უდიდესი შესაძლებლობების პირობებში - უკიდეგანო
ოკეანეში ჩაკარგული ერთადერთი ხომალდის პოვნა შეუძლებელი თუ არა, ძალიან ძნელი მაინცაა
და ლანგსდორფს გარღვევის გადაწყვეტლება რომ მიეღო, ბრიტანელთათვის ყველაზე უკეთეს შემთხვევაშიც
კი წინ იყო ხანგრძლივი და მომქანცველი დევნა მთელს ატლანტიკის ოკეანეში, რომლის დროსაც
ამ დევნის ოპერაციაში სულ უფრო მეტი და მეტი ბრიტანული ხომალდების ჩართვა გახდებოდა
საჭირო, რათა, ბოლოსდაბოლოს, ლანგსდორფი როგორმე მიემწყვიდათ და ეიძულებინათ, სადმე
მაინც მიეღო ბრძოლა (შესაძლოა - არაერთიც), რომელიც აშკარად არ დასრულდებოდა დიდი დანაკარგების
გარეშე ორივე მხრიდან. ბრიტანელთათვის უარეს შემთხვევაში კი „ეიჯექსი“ და „აქილესი“
დევნის საწყის ეტაპზე, უბრალოდ, საწვავს გახარჯავდნენ, იძულებით დააგდებდნენ სვლის
სისწრაფეს, ამ კრეისერთა დამხმარე ძალები ოპერაციის რაიონში გასვლას დააგვიანებდნენ,
ბრიტანელები „შპეეს“ დაკარგავდნენ და ლანგსდორფი მოახერხებდა სამშვიდობოს გაღწევას
და შინ დაბრუნებას.
„შპეეს“ოპერატიულ ჩიხში შეყვანა, ბრძოლით გარღვევაზე უარის თქმა, საკუთარი ხომალდის
ჩაძირვა, ეკიპაჟის ინტერნირებისთვის გაწირვა და, საბოლოოდ, საკუთარი ხელით შუბლში ნაკრავი
ტყვია არაფრით იყო განპირობებული, გარდა ჰანს ლანგსდორფის პირადი ნებისა და გადაწყვეტილებისა.
იმავე მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში ბრიტანელ კაპიტნებს არაერთხელ გაუწირიათ ეკიპაჟიც
და ხომალდიც უიმედო ბრძოლებში, მოწინააღმდეგის ხომალდისთვის თუნდაც ერთი-ორი ჭურვის
ან ტორპედოს მოსარტყმელად მაშინ, როდესაც უკანდახევა-გაქცევის შესაძლებლობა მთლიანად
არ იყო დაკარგული. არც ლანგსდორფს უშლიდა ვინმე ხელს ამგვარი გადაწყვეტილების მიღებაში.
მთელი მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში ბრიტანელებს არცერთხელ არ ჰქონიათ შესაძლებლობა,
ერთი დარტყმით მოეგვარებინათ თავხედი „კრიგსმარინეს“ პრობლემა, რადგან მათი მთავარი
ამოცანა იყო, ყოფილიყვნენ ყველგან და ყოველთვის. საბრძოლო ხომალდების რაოდენობა კი
არასდროს, არცერთ ეპოქაში არავისთვის ყოფილა საკმარისი იმისთვის, რათა თანაბრად ძლიერი
იყოს ყველგან და ერთდროულად. ინიციატივიან და საზრიან მოწინააღმდეგეს კი თავისუფლად
შეუძლია, ამით ისარგებლოს.
სწორედ ესაა საზღვაო რეიდის წარმატების მთავარი წინაპირობა იმ პირობებშიც კი, როდესაც
რეიდის მიზანი საზღვაო ქარავნის შეტევა კი არაა (ამ ოპერაციას რეიდი კი არა, კრეისერული
ოპერაცია ეწოდება), რომელსაც არ შეუძლია ზღვაზე გამარჯვების უზრუნველყოფა ამ შეტევის
დიდი წარმატებით დასრულების შემთხვევაშიც, არამედ - მოწინააღმდეგის ცალკეული საბრძოლო
ხომალდების, ან ასეთ ხომალდთა მცირე ჯგუფების ძებნა და განადგურება, რათა ძალთა ბალანსი
თანდათან გათანაბრდეს.
მთელი მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში გერმანელები ასეთ მიზნებს არ ისახავდნენ: მათ
ან არ ესმოდათ მათი მნიშვნელობა, ანდა ამ საქმეში წარმატებისა არ სჯეროდათ. ბედის ირონია
კი იმაში მდგომარეობს, რომ მსგავსი ქმედება მათ ძალიან კარგად გამოსდიოდათ. მაგრამ
გამოსდიოდათ შემთხვევით.
განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.
მაგალითი 1: ოპერაცია „იუნო“
1940 წლის 4 ივნისს ვილჰელმსჰაფენიდან ღია ზღვაში სახაზო ხომალდები „შარნჰორსტი“ და
„გნაიზენაუ“ და მძიმე კრეისერი ადმირალი ჰიპერი“ გავიდნენ. 8 ივნისისთვის, როდესაც
ამ სამ უძლიერეს და უახლეს ხომალდს უკვე შეუერთდა კიდევ ოთხი საესკადრო ნაღმოსანი
(Z20 „კარლ გალსტერი“, Z10 „ჰანს ლოდი“, Z15 „ერიხ შტაინბრინკი“ და Z7 „ჰერმან შიომანი“),
შენაერთს გერმანული ფლოტის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი, უნარიანი და გამოცდილი ადმირალი,
ვილჰელმ მარშალი მეთაურობდა.
ადმირალი ვილჰელმ მარშალი
სახაზო ხომალდი "გნაიზენაუ" (KMS Gneisenau)
სახაზო ხომალდი "შარნჰორსტი" (KMS Scharnhorst)
მძიმე კრეისერი "ადმირალი ჰიპერი"
(KMS Admiral Hipper)
საესკადრო ნაღმოსანი "კარლ გალსტერი"
(KMS Zerstorer Z20 Karl Galster)
საესკადრო ნაღმოსანი "ჰანს ლოდი"
(KMS Zerstorer Z10 Hans Lodi)
საესკადრო ნაღმოსანი "ერიხ შტაინბრინკი"
(KMS Zerstorer Z15 Erich Steinbrink)
საესკადრო ნაღმოსანი "ჰერმან შიომანი"
(KMS Zerstorer Z7 Herman Schoemann)
ამ მძლავრი შენაერთის საბრძოლო ამოცანა ნორვეგიულ ჰარსტადზე სათარეშო თავდასხმა იყო:
გერმანული სარდლობა თვლიდა, რომ ამ თარეშით ნორვეგიულ ნარვიკში ინგლისურ-ფრანგულ ნაწილებთან
მებრძოლ ვერმახტის შენაერთებს მდგომარეობა საკმაოდ შეუმსუბუქდებოდათ. ასე დაიწყო გერმანული
ოპერაცია „იუნო“ („იუნონა“).
იმავე დღეს, 8 ივნისს, როდესაც შენაერთი უკვე მიზნისკენ მიემართებოდა, ადმირალ მარშალს
მოულოდნელად შეატყობინეს, რომ ინგლისურ-ფრანგულმა მოკავშირე ძალებმა უკვე დაიწყეს ნორვეგიიდან
ევაკუაცია. ჰარსტადზე თავდასხმა აზრს კარგავდა, თუმცა მარშალმა თითქმის მაშინვე გადაწყვიტა,
მოკავშირეთა ევაკუირებული ძალებით დატვირთული საზღვაო ქარავანი მოეძებნა და გაენადგურებინა.
მისდა სამწუხაროდ, მარშალმა ქარავანი ვერ იპოვა, თუმცა, ძებნისას, მოწინააღმდეგის ორი
გემს - საჯარისო ტრანსპორტ „ორამას“ და ტანკერ „ოილ ფაიონირს“ წააწყდა და ჩაძირა, ცოტა
ხანში კი გერმანულმა შენაერთმა, როგორც იტყვიან, აბსოლუტურად სანატრელი, ნამდვილად
დაუჯერებელი და ზღაპრული პრიზი „გამოიჭირა“ - ბრიტანული ავიამზიდი „გლორიესი“ თანმხლებ
ორ საესკადრო ნაღმოსანთან („არდენტი“ და „აკასტა“) ერთად.
საჯარისო ტრანსპორტი "ორამა"
(RMS Orama)
T2 კლასის ტანკერი "ოილ ფაიონირი"
(SS Oil Pioneer)
ავიამზიდი "გლორიესი"
(HMS Glorious)
საესკადრო ნაღმოსანი "არდენტი"
(HMS destroyer "Ardent")
საესკადრო ნაღმოსანი "აკასტა"
(HMS destroyer "Acasta")
ამ ბრძოლის შედეგები ცნობილია: სახაზო ხომალდებმა ყველა და ყველაფერი ჩაძირეს ისე,
რომ ავიამზიდმა თვითმფრინავების გაშვება ვერ მოახერხა (ვერც მოახერხებდა: მისი ასაფრენი
გემბანი ნორვეგიიდან ევაკუირებული სახმელეთო „სპიტფაირებით“ იყო გავსებული), საესკადრო
ნაღმოსნებმა კი განწირული „გლორიესი“ არ მიატოვეს, მიუხედავად იმისა, რომ სისწრაფე
ამის შესაძლებლობას აძლევდათ: ბოლომდე იბრძოლეს და ამ ბრძოლაში გმირულად დაიღუპნენ.
რაც შეეხება გერმანული მხარის დანაკარგებს, ისინი თითქმის არ იყო: „აკასტამ“ მხოლოდ
ერთადერთი ტორპედოს მორტყმა შეძლო „შარნჰორსტისთვის“ და ამ იერიშს შეეწირა კიდეც (აგერ
- ბრიტანული ბოლომდე ბრძოლის თვალსაჩინო პრინციპი, რომლისთვისაც ნისლიანი ალბიონის
ფლოტის მეზღვაურებს ამ ბრძოლამდეც და მის მერეც არაერთხელ მიუმართავთ და რომლის გამეორებასაც
ჰანს ლანგსდორფს არავინ უშლიდა), გერმანულმა ხომალდმა კი 50 მეზღვაური დაკარგა და კორპუსში,
წყალგამყოფ ხაზთან, არცთუ დიდი მნიშვნელობის ნახვრეტი მიიღო.
აქვე გადავხედოთ, რა ძალები ჰყავდათ ინგლიესლებს მარშალის შენაერთის მოქმედების რაიონში.
ავიამზიდები „არკ როიალი“ და „გლორიესი“, მძიმე კრეისერი „დევონშირი“ და მსუბუქი კრეისერები
„ქოვენთრი“ და „საუთჰემპტონი“ ბრძოლის ადგილის უშუალო სიახლოვეს იმყოფებოდნენ, ხოლო
ერთ დღე-ღამეზე ნაკლები დროის ფორსირებული გადასვლის მანძილზე დამატებით მოქმედებდნენ
სახაზო ხომალდები „ველიანტი“ და „როდნი“, სახაზო კრეისერები „რიპალსი“ და „რინაუნი“
და მძიმე კრეისერი „სასექსი“.
ავიამზიდი "არკ როიალი"
(HMS Ark Royal)
მძიმე კრეისერი "დევონშირი"
(HMS Devonshire)
მსუბუქი კრეისერი "ქოვენთრი"
(HMS Coventry)
მსუბუქი კრეისერი "საუთჰემპტონი"
(HMS Southampton)
სახაზო ხომალდი "ველიანტი"
(HMS Valiant)
სახაზო ხომალდი "როდნი"
(HMS Rodney)
სახაზო კრეისერი "რიპალსი"
(HMS Repusle)
სახაზო კრეისერი "რინაუნი"
(HMS Renown)
მძიმე კრეისერი "სასექსი"
(HMS Sussex)
თუმცა საზღვაო ჰეგემონიის პარადოქსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ზემოთჩამოთვლილ
ბრიტანულ ხომალდს მკაცრად განსაზღვრული საკუთარი ამოცანა ჰქონდა და ასე ერთი ხელის
მოსმით არ შეეძლოთ, მაგალითად, სატრანსპორტო ქარავნის უშუალო თანხლების ამოცანის შეწყვეტა,
ან ამ ქარავნის დაცვის ახლო თუ შორი უზრუნველყოფის ოპერაციის მიტოვება. საბოლოო ჯამში,
„გლორიესის“ და მისი ორი თანხმლები საესკადრო ნაღმოსნის ჩაძირვის შემდეგ, გერმანელები
შემდგომი თავგადასავლების გარეშე დაბრუნდნენ ბაზირების პუნქტებში.
მარშალის შენაერთის ეს მართლაც უნიკალური წარმატება (არც მანამდე და აღარც მერე აღარ
მომხდარა, რომ ღია ზღვაში, საბრძოლო ლაშქრობაში მყოფი ავიამზიდი მოწინააღმდეგის სახაზო
ხომალდებს საარტილერიო ცეცხლით ჩაეძიროთ, მით უმეტეს - ისე, რომ ავიამზიდს საკუთარი
თვითმფრინავების ჰაერში აშვება ვერ მოესწრო; ხდებოდა ყოველთვის პირიქით: სახაზო ხომალდები
ხშირად ავიამზიდის თვითმფრინავების ლუკმა ხდებოდნენ) აბსოლუტურად შემთხვევითი იყო:
გერმანული ხომალდები არ ეძებდნენ მოწინააღმდეგის იმ საბრძოლო ხომალდებს, რომელთა ჩაძირვასაც
შეძლებდნენ - მათი მიზანი სატრანსპორტო გემები და/ან ქარავანი იყო, მაგრამ რა უშლიდა
ხელს კრიგსმარინეს, რომ ასეთი ამოცანა დაესახა მიზნად? ამის მიზეზი იყო ის, რომ, ანგლოსაქსებისგან
განსხვავებით, გერმანელებს ნაკლებად ესმოდათ ზღვაზე ბრძოლის სპეციფიკა და განსაკუთრებული
ბუნება.
გერმანელთა საზღვაო ოპერაციების ძირითდი სამიზნე მოწინააღმდეგის სატრანსპორტო ქარავნების
ნაცვლად მისი საბრძოლო ხომალდები რომ ყოფილიყო, საბრძოლო მოქმედებების გარკვეულ ეტაპზე
ბრიტანელები საბრძოლო ხომალდების სულ უფრო მზარდ დეფიციტს წააწყდებოდნენ, ეს კი ქარავნების
წინააღმდეგ მოქმედ გერმანულ წყალქვეშა ნავებსა და დამხმარე კრეისერებს მოქმედების გაცილებით
მეტ თავისუფლებას მიანიჭებდა. ინგლისელებს სულ უფრო მეტად გაუჭირდებოდათ საკმარისი
რაოდენობის საბრძოლო ხომალდების გამოყოფა მათ წინაშე არსებული ყველა ამოცანის შესასრულებლად
და, პირველ რიგში, გერმანელთა რეიდერებისა და დამხმარე კრეისერთა წინააღმდეგ სამოქმედოდ,
რომლებიც ბრიტანულ ქარავნებს დაემუქრებოდნენ, ხოლო ბრიტანული საბრძოლო ხომალდების წინააღმდეგ
ბრძოლაში გერმანული წყალქვეშა ნავებიც რომ ჩაბმულიყვნენ...
1941 წლის 22 იანვარს „შარნჰორსტი“ და „გნაიზენაუ“ ატლანტიკის შორეულ ლაშქრობაში, ბრიტანული
ქარავნების ჩასაძირად გაემართნენ. ამ ოპერაციის მსვლელობისას გერმანული წყვილი ბრიტანელთა
მხედველობის არეში არაერთხელ აღმოჩნდა, მათ მიერ განადგურებული გემები დაღუპვის წინა
წუთებში ისტერიულად იტყობინებოდნენ მათი ზუსტი ადგილსამყოფელის შესახებ და, საერთო
ჯამში, ბრიტანელებს საკმაოდ კარგი წარმოდგენა ჰქონდათ იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა
ოკეანეში. თუმცა, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ღია ოკეანეში ცალკეული წყალზედა ხომალდის
სადმე და როგორმე მიმწყვდევა, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ რთული საქმეა. მოკლედ,
1941 წლის 22 მარტს „შარნჰორსტი“ და „გნაიზენაუ“ ოკუპირებულ ფრანგულ ბრესტში დადგნენ
ღუზაზე, ბრიტანული სავაჭრო ფლოტის რაოდენობა კი 22 გემით შემცირდა. ამ ორთვიან ოპერაციას
ადმირალი გიუნტერ ლუტიენსი მეთაურობდა, რომელმაც „სრულიად კრიგსმარინეს მთავარი რეიდერი“,
ადმირალი მარშალი შეცვალა - ამ უკანასკნელს „კრიგსმარინეს“ მოქმედებების ცალკეულ საკითხებთან
დაკავშირებით საკმაოდ დიდი და გაუთავებელი უთანხმოებები ჰქონდა ნაცისტური ფლოტის მთავარსარდალ
გროს-ადმირალ ერიხ რიოდერთან. თუკი მოვლენებს წინ გავუსწრებთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ,
რომ ასეთი ადგილგადანაცვლება „კრიგსმარინესთვის“ საბედისწერო აღმოჩნდა და ფატალური
შედეგები მოიტანა: კრეისერული ომის დიდოსტატი, საკმაოდ თავნება და რთულ და კრიტიკულ
სიტუაციებში დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უნარის მქონე ვილჰელმ მარშალი,
რომელიც იმ მომენტისთვის ისტორიაში პირველი და ერთადერთი ადმირალი იყო, რომელმაც საარტილერიო
ბრძოლაში ავიამზიდი ჩაძირა, აქტიური წყალზედა საზღვაო ოპერაციებისთვის ბევრად უფრო
შესაფერისი ფიგურა იყო, ვიდრე მორჩილი, უკონფლიქტო და უინიციატივო გიუნტერ ლუტიენსი.
რა არის დამახასიათებელი ოპერაცია „ბერლინისთვის“? პირველ რიგში გერმანული სახაზო ხომალდების
წყვილმა ატლანტიკაში მთელი ბრიტანული ნაოსნობა აბსოლუტურად დაუსჯელად დააწიოკა, მიუხედავად
იმისა, რომ ისინი სამჯერ წააწყდნენ ინგლისელთა ქარავნების საკმაოდ ძლიერ დაცვას: 9
თებერვალს „შარნჰორსტი“ და „გნაიზენაუ“ ჩრდილოეთ ატლანტიკაში ბრიტანულ სახაზო ხომალდ
„რემილიესთან“ საკმაოდ სახიფათო სიახლოვეს აღმოჩნდნენ, 16 თებერვალს უფრო სამხრეთ-დასავლეთით
სულ ცოტათი ასცდნენ სახაზო ხომალდ „როდნის“, 7 მარტს აფრიკის სანაპიროს აღმოსავლეთით ანალოგიურად
აუარეს გვერდი სახაზო ხომალდ „მალაიას“, 20 მარტს კი ისინი ავიამზიდ „არკ როიალიდან“
აფრენილი თვითმფრინავებიდან შენიშნეს. ვერცერთ შემთხვევაში ბრიტანელებმა გერმანულ ხომალდებზე
შეტევა ვერ მოახერხეს, თუმცა მათ საძებნელად ზღვაში საკმაოდ დიდი ძალები ჰყავდათ გაყვანილი.
მაგრამ ზღვა დიდია...
სახაზო ხომალდი "მალაია"
(HMS Malaya)
ახლა კი - კითხვა: შეძლებდნენ კი „შარნჰორსტი“ და „გნაიზენაუ“ ბრიტანული სამხედრო ფლოტის
რიგების შეთხელებას, სავაჭრო გემების ნაცვლად რომ საბრძოლო ხომალდებზე ენადირათ? განვიხილოთ
გერმანული ხომალდების ბრიტანულ HQ-106 ქარავანზე გასვლის სიტუაცია.
"ფლაუერის" კლასის ბრიტანული კორვეტი
"ბლუბელი" (Flower-class corvette HMS Bluebell)
ამერიკული საესკადრო ნაღმოსანი "უიკსი" - ერთ-ერთი
იმ 50 საესკადრო ნაღმოსნიდან, რომლიც დიდ
ბრიტანეთს გადაეცა
(USS Wickes DD-75)
ამერიკული საესკადრო ნაღმოსანი "ფოქსი" - "კლემსონის" კლასის ერთ-ერთი ხომალდი
იმ 50 საესკადრო ნაღმოსნიდან, რომლიც დიდ
ბრიტანეთს გადაეცა
(USS Fox DD-234)
1940 წლის 8 დეკემბრისთვის აღნიშნული ქარავნის დაცვა მხოლოდ ერთი სახაზო ხომალდისგან
- 1915 წელს აგებული „რემილიესისგან“ შედგებოდა: დანარჩენი მოძველებული საესკადრო ნაღმოსნები (იმ 50 ამერიკული ნაღმოსანთა რიცხვიდან, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მიიღო დიდმა ბრიტანეთმა საკუთარი ბაზების ამერიკისთვის 99-წლიანი იჯარით გადაცემის სანაცვლოდ) და „ფლაუერის“ კლასის კორვეტები ამ ქარავნის დაცვაში მხოლოდ მას შემდეგ შეიყვანეს,
როდესაც „შარნჰორსტისა“ და „გნაიზენაუს“ ატლანტიკაში გასვლის გამო ატყდა განგაში. თეორიულად
გერმანული სახაზო ხომალდების წყვილს თავისუფლად შეეძლო, ბრიტანული „რემილიესისთვის“
ბრძოლა მოეხვია თავს და ჩაეძირა: მართალია, ბრიტანული ხომალდის 381 მმ-იან მთავარი
კალიბრის ქვემეხებს იმავე სიშორეზე შეეძლოთ სროლა, როგორზეც გერმანული წყვილის 283
მმ-იანი ქვემეხები ისროდა, ხოლო ბრიტანული 381 მმ-იანი ჭურვის წონა თითქმის ორჯერ მეტი
იყო გერმანული 283 მმ-იანი ჭურვის წონაზე, მაგრამ, სამაგიეროდ, ბრიტანელს სულ 8 ასეთი
ქვემეხი ჰქონდა გერმანული წყვილის 18 ქვემეხის წინააღმდეგ, ხოლო სვლის სისწრაფე „შარნჰორსტსა“
და „გნაიზენაუს“ ბრიტანულ „რემილიესზე“ მთელი 11 კვანძით მეტი ჰქონდათ; თეორიულად მხოლოდ
სისწრაფეში უპირატესობაც კი აძლევდა საშუალებას გერმანელებს, ბრიტანელისთვის ბრძოლის
ნებისმიერი, თავისთვის ყველაზე მეტად ხელსაყრელი სცენარი მოეხვიათ თავს.
სახაზო ხომალდი "რემილიესი"
(HMS Ramillies)
უფრო მეტიც: გერმანელებს წყალზედა და წყალქვეშა ფლოტებს შორის ურთიერთქმედება ოდნავ
უკეთ რომ მოეგვარებინათ, „შარნჰორსტსა“ და „გნაიზენაუს“ შეეძლოთ, „რემილიესი“ ქარავნის
უშუალო სიახლოვიდან გამოეტყუებინათ და მასზე გერმანული წყალქვეშა ნავი U-96 გაეყვანათ,
რომელმაც, სხვათა შორის, შეუტია კიდეც ამ ქარავანს ორიოდე დღის შემდეგ და ორიოდე ტრანსპორტიც
ჩაძირა, ხოლო წყალქვეშა ნავის წარმატების შემთხვევაში წყვლის შეეძლო, მშვიდად და აუღელვებლად
დასხმოდა თავს დაუცველ ქარავანს და ქვემეხებით და ტორპედებით ჩაეძირა აბსოლუტურად ყველა
ტრანსპორტი მათი უშუალოდ დამცველი წვრილფეხობიანად. ეს აბსოლუტურად რეალური იყო, რადგან
იმ ლაშქრობაში გერმანულმა სახაზო ხომალდებმა საკუთარი წყალქვეშა ნავები მოგვიანებით
არაერთხელ გაიყვანეს სამიზნეებზე. „შარნჰორსტსა“ და „გნაიზენაუს“ ბრიტანულ სახაზო ხომალდზე
შეტევა ღამითაც შეეძლოთ, ქვემეხთა სროლის მაქსიმალური სიშორის მანძილიდან, რის დროსაც
თავისი ცეცხლის კორექტირებას რადიოლოკატორებით მოახდენდნენ. შეიძლებოდა, „რემილიესზე“
ჩვეულებრივი საცეცხლე თავდასხმა მოეხდინათ და შემდეგ მასზე წყალქვეშა ნავი გაეყვანათ...
„რემილიესის“ ჩაძირვის შემთხვევაში დასავლეთ ატლანტიკაში ბრიტანელებს ძალიან სერიოზული
ხვრელი უჩნდებოდათ, რომლის რაღაცით ამოვსებაც სასწრაფო წესით გახდებოდა საჭირო, მაგრამ
რით უნდა ამოევსოთ?
ბრიტანელთათვის ზარალი განსაკუთრებით მტკივნეული იქნებოდა, აგრეთვე, იმ შემთხვევაშიც,
თუკი „შარნჰორსტი“ და „გნაიზენაუ“ „რემილიესის“ დასახმარებლად და ქარავნის უშუალოდ
დასაცავად გამალებით მიმავალ მოძველებულ საესკადრო ნაღმოსნებს, კორვეტებსა და პირველი
მსოფლიო ომისდროინდელ ლიდერს დაერეოდნენ: წელიწადიც არ იყო გასული იმ დროიდან, როდესაც
ბრიტანეთი იძულებული გახდა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან
შეთანხმებაზე წასულიყო - „ხომალდები ბაზების სანაცვლოდ“, რის შედეგადაც 50 პირველი
მსოფლიო ომისდროინდელი, მოძველებული ამერიკული საესკადრო ნაღმოსნის სანაცვლოდ იანკებს
სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჩრდილოატლანტიკური ბაზები დაუთმო. აი, სწორედ ეს ამერიკული
ნაღმოსნები იყო ის „მოძველებული საესკადრო ნაღმოსნები“, რომლებიც „რემილიესისა“ და
ქარავნის დასახმარებლად მიდიოდნენ: ამ მართლაც ფიზიკურად და მორალურად მოძველებულ ხომალდებზე
„შარნჰორსტისა“ და „გნაიზენაუს“ თავდასხმა გერმანელთათვის მშრალი ანგარიშით გამანადგურებელ
გამარჯვებას ნიშნავდა. ეს ბრიტანელთათვის გაცილებით მტკივნეული დანაკარგი იქნებოდა,
ვიდრე - ათიოდე სატრანსპორტო გემი.
ლუტიენსი ბრმად ემორჩილებოდა ჰიტლერის ბრძანებას, მოწინააღმდეგის წყალზედა ხომალდებთნ
ბრძოლაში არ ებმებოდა და ოპერაცია „ბერლინმა“ ბრიტანული საბრძოლო ხომალდების რაოდენობის
კლება არ გამოიწვია. მიუხედავად ამისა, ამ ოპერაციის მსვლელობისას გერმანელებმა თვალნათლივ
წარმოაჩინეს, რომ ზღვაზე მოწინააღმდეგის ფლოტის ბატონობის, ყველა კლასის საბრძოლო ხომალდებში
უდიდესი რიცხობრივი უპირატესობის, ავიამზიდებისა და მათზე ბაზირებული თვითმფრინავების
სრულად განკარგვის მიუხედავადაც კი, წყალზედა ხომალდების მცირე კრეისერულ რაზმს სრულიად
თავისუფლად შესწევს ძალა, გაიჭრას ღია ზღვაში, აწარმოოს იქ აქტიური საბრძოლო მოქმედებები
და უკანაც უდანაკარგოდ დაბრუნდეს. პრინციპში, ასეც მოხდა, თუმცა სამიზნეები იქნა არასწორად
შერჩეული.
მაგალითი 3: „ბისმარიკისა“ და „პრინც ოიგენის“ ლაშქრობა.
კონკრეტულად ამ ლაშქრობის შესახებ ძალიან ბევრია დაწერილი, თუმცა რამენაირად ადექვატური
და კონკრეტული დასკვნები ფაქტიურად არასდროს გაკეთებულა. რას გვასწავლის იმ მომენტისათვის
მსოფლიოში საუკეთესო და ყველაზე მძლავრი სახაზო ხომალდის - „ბისმარკის“ პირველი და
უკანასკნელი საბრძოლო ლაშქრობა?
სახაზო ხომალდი "ბისმარკი"
(KMS Bismark)
მძიმე კრეისერი "პრინც ოიგენი"
(KMS Prinz Eugen)
პირველ რიგში: რეიდერს ნამდვილად შეუძლია ღია ზღვაში გაჭრა მაშინაც კი, როდესაც მას
მოწინააღმდეგის მსხვილი ძალები ელიან და გზასაც უჭრიან; „ბისმარკს“ ელოდნენ და ის მაინც
გაიჭრა.
მეორე: ნამდვილად ღირს დაფიქრება ლუტიენსის წინადადებაზე, როდესაც მან ამ ლაშქრობაში,
„ბისმარკსა“ და „პრინც ოიგენთან“ ერთად, „შარნჰორსტისა“ და „გნაიზენაუს“ მიცემაც ითხოვა,
იდეალურ პირობებშიც კი - „ტირპიცისაც“, როგორც კი ეს უკანასკნელი მწყობრში ჩადგებოდა
და იმ მომენტისთვის „გნაიზენაუს“ მიმდინარე რემონტიც კარგა ხნის დასრულებული იქნებოდა.
გროს-ადმირალმა რიოდერმა ყველაფერზე უარი უთხრა და ძალიან დიდი შეცდომაც დაუშვა. ლუტიენსმა
ოპერაცია „ბერლინის“ მსვლელობისას ბრწყინვალედ შეასრულა ყველა დასახული ამოცანა ორი
ხომალდითაც კი. თავისთავად ცხადია, რომ ბრიტანელები, რომელთათვისაც ზღვებისა და ოკეანეების
სრული და ტოტალური კონტროლი ერთგვარი იდეა-ფიქსი იყო, მსგავსი კაზუსის გამეორებას არანაირ
შემთხვევაში აღარ დაუშვებდნენ, გერმანელთა მორიგი მცდელობის შემთხვევაში ამ მცდელობის
აღსაკვეთად გაცილებით დიდ ძალებს მოუყრიდნენ თავს და, შესაბამისად, ამოცანის შესასრულებლად,
ლუტიენსსაც გაცილებით მძლავრი ჯგუფი სჭირდებოდა, ვიდრე ოპერაცია „ბერლინის“ დროს ჰყავდა
„შარნჰორსტისა“ და „გნაიზენაუს“ სახით: იქ ორი სახაზო ხომალდი იყო, აქ - სახაზო ხომალდი
(მართალია, გაცილებით მძლავრი, ვიდრე იმ წყვილის თითოეული ერთეული, მაგრამ - მაინც
მხოლოდ ერთი) და მძიმე კრეისერი. იქნებოდნენ მზად ინგლისელები, ერთბაშად ოთხი, მსოფლიოში
იმ მომენტისთვის პრაქტიკულად უძლიერესი სახაზო ხომალდისთვის გაეწიათ წინააღმდეგობა?
სავარაუდოდ ეს მათ ძალიან გაუჭირდებოდათ, თუკი საერთოდ მოახერხებდნენ: ოთხი გერმანული
სახაზო ხომალდისა და ერთი ან ორი მძიმე კრეისერის წინააღმდეგ ბრიტანელები პრაქტიკულად
იმავე ძალების გამოყვანას შეძლებდნენ, რაც რეალობაში გამოიყვანეს კიდეც „ბისმარკისა“
და „პრინც ოიგენის“ წინააღმდეგ. ანუ დანიის სრუტეში, სადაც ორი გერმანული ხომალდის
წინააღმდეგ რეალურ ბრძოლაში ბრიტანული სახაზო კრეისერი „ჰუდი“ და სახაზო ხომალდი „პრინს
ოფ უელსი“ ჩაებნენ, სრულიად შესაძლებელი იყო, გერმანელთა გაცილებით მძლავრი რაზმი ყოფილიყო
და მაშინ საქმე მხოლოდ „ჰუდის“ დაღუპვითა და „პრინს ოფ უელსის“ დაზიანებით აღარ დამთავრდებოდა.
თანაც, თუკი „ჰუდის“ ელვისებური დაღუპვა შემთხვევითობა უფროა, ვიდრე კანონზომიერება,
„პრინს ოფ უელსის“ დაზიანება და ბრძოლიდან გამოსვლა შექმნილი სიტუაციიდან და ინგლისელთა
სახაზო ხომალდის იმდროინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე („პრინს ოფ უელსი“ და მისი
ტიპის სახაზო ხომალდების მთელი სერია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში აგებულ მოსფლიოს
ყველა სახაზო ხომალდს შორის ყველაზე მცირე ზომის, ნელმავალი და სუსტად შეიარაღებული
ხომალდები იყო, თავად „პრინცი“ კი იმ მომენტისთვის ჯერ კიდევ არ იყო მწყობრში შესული:
მასზე მშენებელი ქარხნის სპეციალისტთა დიდი ჯგუფი იმყოფებოდა, მრავალი მექანიზმი ან
არ მუშაობდა, ან სათანადოდ არ ფუნქციონირებდა და, ზოგადად, ხომალდი ბოლომდე და სრულად
ბრძოლისუნარიანი არ იყო), უკვე აბსოლუტური და გარდაუვალი კანონზომიერებაა. გერმანელთა
ჯგუფში მხოლოდ „შარნჰორსტის“ დამატებით ყოფნაც კი „ჰუდის“ დაღუპვასაც აბსოლუტურ კანონზომიერებად
აქცევდა და „პრინცის“ დაღუპვაც თუ პრაქტიკულად გარდაუვალი არ გახდებოდა, მასზე გაცილებით
უფრო მძიმე დაზიანებები და უდიდესი დანაკარგები კი ნამდვილად იქნებოდა გარანტირებული.
სახაზო კრეისერი "ჰუდი"
(HMS Hood)
სახაზო ხომალდი "პრინს ოფ უელსი"
(HMS Prince of Wales)
და, ბოლოს, მესამე: გერმანელებს პირველი რიგის ოპერატიულ-სტრატეგიულ მიზნად ბრიტანელთა
სავაჭრო ფლოტის შეთხელება კი არა, საბრძოლო ფლოტის გამოხშირვა რომ დაესახათ, დანიის
სრუტეში ბრძოლის შემდეგ ლუტიენსი გააკეთებდა იმას, რასაც რეალობაში სთხოვდა მას „ბისმარკის“
მეთაური, კაპიტან-ცურ-ზეე ერნსტ ლინდემანი: დაზიანებულ „პრინს ოფ უელსს“ დაედევნებოდა
და ჩაძირავდა. სწორედ ასე დასრულდებოდა „ბისმარკის“ პირველი საბრძოლო ლაშქრობა: დანიის
სრუტეში რეზონანსული გამარჯვების შემდეგ ლუტიენსის ჯგუფი დიდებით მოსილი დაბრუნდებოდა
მშობლიურ ბაზაში და რემონტზე დადგებოდა.
კაპიტან-ცურ-ზეე ოტო ერნსტ ლინდემანი
გერმანელებს უფრო რაციონალურად და ზღვაზე ბრძოლის არსის უკეთ ხედვის პრინციპებიდან
გამომდინარე რომ ემოქმედათ, გარკვეულ მომენტამდე მათი ყოველი მორიგი ლაშქრობის მოსავალი
მინიმუმ ერთი ბრიტანული სახაზო ხომალდი მაინც იქნებოდა და ყოველ ჯერზე საკუთარი ქარავნების
დაცვაში სამეფო ფლოტის შესაძლებლობები სულ უფრო მოიკლებდა. მარტივი ლოგიკაა: ქარავნის
დაცვაში სახაზო ხომალდი ან კრეისერი თუ არაა, მოწინააღმდეგის დამხმარე კრეისერს შეუძლია,
ქარავნის დამცველი წვრილფეხობა ჩაძიროს და შემდეგ ტრანსპორტების განადგურებას მიჰყოს
ხელი. დამხმარე კრეისერები ცოტაა? სამაგიეროდ წყალქვეშა ნავებია ბევრი და ჩვენს მიერ
აღწერილ ჰიპოთეტურ მდგომარეობაში ისინი ესკორტის გარეშე დარჩენილ ქარავნებს შეუტევდნენ.
ბრიტანული ფლოტისთვის მიყენებული გამოუსწორებელი დანაკარგები ხმელთაშუა ზღვაში იტალიურ
ფლოტს გაუხსნიდა ხელ-ფეხს, ეს კი, თავის მხრივ, აფრიკაში ბრძოლების შედეგებზე მოახდენდა
გავლენას. იგივე ერვინ რომელს ელ-ალამეინის ბრძოლის მოგება შეეძლო, მანევრისათვის უფრო
მეტი საწვავი რომ ჰქონოდა. საზღვაო ბრძოლაში ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული
და გერმანელებს პრიორიტეტულ მიზნებად მოწინააღმდეგის სავაჭრო გემები და სატრანსპორტო
ქარავნები კი არა, საბრძოლო ხომალდები უნდა ჰყოლოდა: ის ხომალდები, რომლებმაც დიდი
ბრიტანეთი „ზღვების მბრძანებლად“ აქცია. რა თქმა უნდა, მხოლოდ გააზრებული, აქტიური
და აგრესიული ზღვაზე მოქმედებებით გერმანია ომს ვერ მოიგებდა და ადრე თუ გვიან მაინც
მოიქანცებოდა, მაგრამ მოკავშირეთა ჩაძირული საბრძოლო ხომალდებით გამოწვეული ტალღა ომის
მსვლელობას სულ სხვა მიმართულებით წაიყვანდა.
„ბისმარკი“ შეცდომების სერიის გამო დაიღუპა: რიოდერმა შეცდომა დაუშვა, როდესაც ლუტიენსს
დამატებითი ძალების მიცემაზე უარი უთხრა, ლუტიენსმა შეცდომა დაუშვა, როდესაც ლინდემანს
არ უგდო ყური, შემდეგ კი რადიოდუმილის დარღვევით სრული უდისციპლინობა გამოიჩინა და
მოწინააღმდეგე უფრო ინფორმირებულად ჩათვალა, ვიდრე ეს სინამდვილეში იყო და ზედმეტად
მოიგონა რაღაცეები. „ბისმარკის“ დაღუპვა არ იყო გარდაუვალი. უკიდურეს შემთხვევაში
- არა იქ და არა მაშინ.
საბოლოო ჯამში გამოვიდა ის, რაც გამოვიდა და სამხედრო-საზღვაო საქმეებში აბსოლუტურმა
დილეტანტმა და უვიცმა ადოლფ ჰიტლერმა საკუთარი ხელით მოახრჩო გერმანული ფლოტი, რითაც
დაკარგა კიდევ ერთი შესაძლებლობა, მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ პრაქტიკულად მარტოდმარტო
მებრძოლი გერმანიის გარდაუვალი დასასრული როგორმე ან დროში გაეწელა, ანდა ოდნავ მაინც
შეეცვალა.
1941 წლის ბოლოსათვის ზღვაზე საბრძოლო ანგარიში გერმანელთა სასარგებლოდ იყო: წყალზედა
რეიდებში მათ ავიამზიდი („გლორიესი“), სახაზო კრეისერი („ჰუდი“), ორი საესკადრო ნაღმოსანი
(„არდენტი“ და „აკასტა“) და ერთი ტრალერი ჩაძირეს. ანგარიშს შეიძლება დამხმარე კრეისერ
(ეს ფაქტიურად ჩვეულებრივი, თუმცა კი შეიარაღებული სავაჭრო გემია) „კორმორანის“ მიერ
ბრიტანული მსუბუქი კრეისერის - „სიდნეის“ ჩაძირვაც დავუმატოთ. ყველაფერი ჩამოთვლილის
ფასი გერმანელთა მიერ დაკარგული ერთი სახაზო ხომალდი („ბისმარკი“), ერთი „ჯიბის სახაზო
ხომალდი“-რეიდერი („ადმირალ გრაფ შპეე“) და სწორედ ის „კორმორანი“ იყო.
დამხმარე კრეისერი "კორმორანი"
(KMS Kormoran)
(KMS Kormoran)
ავსტრალიური მსუბუქი კრეისერი "სიდნეი"
(HMAS Sydney)
გერმანული წყალქვეშა ნავები ჩვენი განხილვის მიღმა დარჩა, რადგან საკმაოდ შეზღუდული
წყალზედა და, განსაკუთრებით, წყალქვეშა სისწრაფის გამო, მაშინდელ წყალქვეშა ნავებს
მოწინააღმდეგის წყალზედა საბრძოლო ხომალდების დევნა არ შეეძლოთ, ხოლო საფრთხის შემთხვევაში
ასევე არ შეეძლოთ ერთი სწრაფი და დიდი ნახტომით ნახევარი ოკეანის მიღმა წასვლა: მოწინააღმდეგის
საბრძოლო ხომალდების წინააღმდეგ იმდროინდელი წყალქვეშა ნავების გამოყენება ძალიან ძნელი
იყო. თუმცა სრულიად შესაძლებელი იყო კატეგორიული ბრძანების გაცემა, რომ სამხედრო მიზნის
გამოჩენის შემთხვევაში სატრანსპორტო ხომალდთან შედარებით პირველი პრიორიტეტი მას მისცემოდა
და პირველი რიგში შეტევა მასზე განხორციელებულიყო. გერმანული წყალქვეშა ნავები მთელი
მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში რიცხობრივად აღემატებოდნენ საკუთარ წყალზედა ხომალდებს
და თავისუფლად შეეძლოთ, პერიოდულად ჩაეძირათ ბრიტანული საბრძოლო ხომალდები. სხვათა
შორის, ძირავდნენ კიდეც: 1941 წლის ბოლოსათვის მათ ანგარიშზე ორი სახაზო ხომალდი
(„როიალ ოუკი“ და „ბარჰემი“), ავიამზიდი („არკ როიალი“), საესკორტო ავიამზიდი, ორი
მსუბუქი კრეისერი და ხუთი საესკადრო ნაღმოსანი იყო. საკუთარი დანაკარგები, რასაკვირველია,
გაცილებით დიდი იყო, ვიდრე - წყალზედა ხომალდების შემთხვევაში: 1941 წლის ბოლოსათვის
უკვე 68 გერმანული წყალქვეშა ნავი იყო დაღუპული. თანაც, ეს დანაკარგები, „ბისმარკისგან“
განსხვავებით, აბსოლუტურად გარდაუვალი იყო.
წყნარ ოკეანეში ამერიკული წყალქვეშა ნავების მიერ მოწინააღმდეგის საბრძოლო ხომალდებისთვის
მიყენებული ზარალის აბსოლუტურად ზედაპირული გადახედვითაც კი ცხადი ხდება, რის მიღწევა
შეეძლოთ გერმანელებს, საკუთარი წყალქვეშა ნავებისთვის სამიზნეების პრიორიტეტები რომ
სწორად გაენაწილებინათ: წყნარ ოკეანეში მხოლოდ ამერიკულმა წყალქვეშა ნავებმა საერთო
ჯამში მოწინააღმდეგის უფრო მეტი საბრძოლო ხომალდი ჩაძირეს, ვიდრე ამერიკული ფლოტის
ყველა სხვა დანარჩენმა გვარეობამ - იაპონელთა საბრძოლო ხომალდების 55%, თუკი ალმების
რაოდენობით დავთვლით; გერმანელებს აბსოლუტურად იგივე შეეძლოთ გაეკეთებინათ.
მოგვიანებით გერმანელებს ისეთივე საზღვაო საბრძოლო ჯგუფების შექმნა შეეძლოთ, როგორსაც
სახმელეთო ოპერაციებში ქმნიდნენ მოტომსროლელი, საარტილერიო, სატანკო და მესანგრეთა
ნაწილებისგან (ე.წ. kampfgruppe) საავიაცო მხარდაჭერით და ასეთი მუდმივი შემადგენლობის
უნივერსალური ჯგუფებით ბევრ მნიშვნელოვან საბრძოლო ამოცანას ასრულებდნენ. ანალოგიურად
შეიძლებოდა ამერიკული Task Force-ს ტიპის საზღვაო ჯგუფის შექმნაც (ოღონდ - ავიამზიდების
გარეშე: გერმანელებს არცერთი ავიამზიდი არ ჰყავდათ), სადაც, სახაზო ხომალდებთან ერთად,
კრეისერები და საესკადრო ნაღმოსნებიც შევიდოდნენ, რომლებიც, საერთო ჩანაფიქრთან ერთად,
თავის სპეციფიკურ ამოცანებსაც შეასრულებდნენ. ეს წყალზედა საბრძოლო ჯგუფები წყალქვეშა
ფლოტთან და „ლიუფტვაფეს“ „კონდორებთან“ ააწყობდნენ ურთიერთქმედებას... საბოლოო ჯამში
ის თამასა, რომლის დაძლევის შემთხვევაშიც ბრიტანული ფლოტი „კრიგსმარინეს“ ისევ უკან,
თავის ბაზებში შერეკავდა, უკიდურესად მაღალი აღმოჩნდებოდა. საბოლოო ჯამში ბრიტანელთა
ფლოტის ნაცვლად ჰიტლერმა ეს საკუთარი ხელით გააკეთა.
No comments:
Post a Comment