რატომ გაქრნენ სახაზო ხომალდები.
სახაზო
ხომალდების, როგორც კლასის გაქრობა გარკვეულწილად ჭკუისსასწავლებელია, თუმცა თავად
ეს პროცესი შედარებით მცირე ხნის წინ შექმნილი იმდენი ლეგენდითა და მითითაა
გარემოცული, რომ სახაზო ხომალდების ისტორიის სწორად გაგებასა და აღქმაში ყველას
მეტისმეტად უშლის ხელს. შევეცდებით, ეს საკითხი ცოტად თუ ბევრად სწორად
განვიხილოთ. მართალია, აღნიშნული საკითხის შესწავლას ერთი მხრივ რამენაირი
პრაქტიკული ღირებულება არ გააჩნია: ტრადიციული სახის შეჯავშნული და მაქსიმალურად
შესაძლებელი კალიბრის მთავარი არტილერიით შეიარაღებული სახაზო ხომალდები უკვე
მკვდარია ერთხელ და სამუდამოდ. თუმცა, მეორე მხრივ, საკითხის შესწავლა შესაძლებლობას
იძლევა, შეიარაღების სისტემათა, აგრეთვე - სამხედრო აზრის წინსვლისა და
განვითარების მიმართულებები და კანონზომიერებები გავიგოთ და გამოვკვეთოთ, რასაც
უკვე საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს.
ჯერ ტერმინოლოგიაში გავერკვეთ: ინგლისურენოვან ლიტერატურაში ტერმინ „სახაზო
ხომალდი“-ს (რომელიც, სხვათა შორის, ქართულ ენაში რუსულიდან მოხვდა: Линейный
Корабль, Линкор) ნაცვლად გამოიყენება ტერმინი Battleship – „საბრძოლო ხომალდი“,
„ხომალდი ბრძოლისთვის“ (ანალოგიურად - გერმანულშიც: Schlachtschiffe). ეს ტერმინი
გაცილებით ტევადია და ავტომატურად გვამცნობს, რომ საუბარია ხომალდებზე, რომლებსაც
არა მარტო ცეცხლის წარმოება შეუძლიათ სხვა ხომალდების წინააღმდეგ, არამედ სხვა
ხომალდების მიერ მათი მისამართით წარმოებული ცეცხლის გაძლების უნარიც გააჩნიათ.
ამგვარად, ინგლისურენოვან განსაზღვრებაში რუსეთ-იაპონიის ომის პერიოდის საესკადრო
ჯავშნოსნებიც (ეს ტერმინიც რუსული ენიდან მოხვდა ქართულში: Эскадренный Броненосец)
Battleship-ებია და ასეთი ხომალდების ბედიც ზუსტად შეესაბამება მათ ინგლისურენოვან
განსაზღვრებას. ოდესღაც Battle Ship იყო Line-of-battle Ship, ანუ - საბრძოლო
ხაზის ხომალდი (იგივე სახაზო ხომალდი), თუმცა ჩვეულებრივი ადამიანებისთვის
ტერმინების აღქმას შორის სხვაობა თვალნათელია.
რა განსხვავებაა Battleship-სა და სხვა სახის საარტილერიო ხომალდს შორის? პირველი
მათგანი ფლოტის ძლევამოსილების მწვერვალზეა, ბრძოლაში მასზე ძლიერი ხომალდი არ
არსებობს. სწორედ სახაზო ხომალდი-Battleship-ია ფლოტის ძლევამოსილების, საბრძოლო
წყობის საფუძველი და მასთან მიმართებაში ყველა სხვა ხომალდი დაქვემდებარებულ ან დამოკიდებულ
მდგომარეობას იკავებს. თანაც მოწინააღმდეგეს სწორედ ასეთი Battleship აყენებს
მთავარ ზარალს მაშინ, როდესაც სახაზო ხომალდის მიერ დაძაბუნებული
მოწინააღმდეგისთვის ხელის მოთავება და საბოლოო განადგურება შეუძლია როგორც სახაზო ხომალდს,
ასევე - ფლოტის სხვა ძალებსაც.
საბოლოო ჯამში სახაზო ხომალდის განსაზღვრება შემდეგნაირად შეიძლება: მძლავრად შეჯავშნული
დიდი საარტილერიო საბრძოლო ხომალდი, რომელსაც, თავისი საცეცხლე ძალიდან, დაცვიდან,
სიცოცხლისუნარიანობიდან და სისწრაფიდან გამომდინარე, შეუძლია აწარმოოს ხანგრძლივი
საცეცხლე ბრძოლა მოწინააღმდეგის ყველა კლასის ხომალდებთან მათ მთლიანად
განადგურებამდე და, ამასთან ერთად, შეინარჩუნოს ბრძოლისუნარიანობა მოწინააღმდეგის
საბრძოლო საშუალებების მიერ მასზე ინტენსიური ზემოქმედების შემთხვევაშიც;
რომლისთვისაც არ არსებობს მისი მსგავსი, ან მასზე მძლავრი შეიარაღების მქონე
ხომალდების კლასი, რომლებსაც მისი მსგავსი, ან მასზე უკეთესი დაცვა ექნებათ.
მართალია ეს განსაზღვრება მთლად იდეალური და ზუსტი არაა, მაგრამ მაქსიმალურად
ტევადია და საკმარისი სიზუსტით აღწერს, თუ რანი იყვნენ სახაზო ხომალდები და რანი
არ იყვნენ. ჩვენ კი განვაგრძოთ თხრობა.
დღევანდელ მსოფლიოში სახაზო ხომალდი არცერთი ქვეყნის ფლოტში აღარაა, მაგრამ
საინტერესოა, როგორ ჩაბარდნენ ეს გიგანტები ისტორიას.
მთავარი მითი ასე ჟღერს: მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას ცხადი გახდა, რომ დიდ,
მძლავრად შეჯავშნულ საარტილერიო ხომალდებს ავიამზიდი ავიაციის დარტყმების გაძლება
არ შეეძლოთ, რამაც სახაზო ხომალდების „ერის“ დასრულება და ავიამზიდების „ერის“
დაწყება გამოიწვია.
არსებობს მეორე ვერსიაც, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული იყო საბჭოთა კავშირში
და დღემდეა ტრენდში რუსეთშიც: სარაკეტო-ბირთვული იარაღის გამოჩენასთან ერთად
განსაკუთრებით დიდი კალიბრის ქვემეხები ფლოტისთვის რუდიმენტი გახდა, რომლებიც
საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობაში უკვე აღარაფერს იძლეოდნენ და სწორედ ამან
გამოიწვია წამყვანი საზღვაო სახელმწიფოების მიერ სახაზო ხომალდებზე უარის თქმა.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ადგილ-ადგილ ორივე ეს მითი რეალობას შეესაბამება,
ადგილ-ადგილ კი ძალიან ახლოსაა, თუმცე ეს მაინც მითებია და ამას დავამტკიცებთ.
დავიწყოთ ავიამზიდებიდან.
მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებები წარმოებდა ჩრდილოეთ ევროპის
გარემომცველ ზღვებში (ნორვეგიის, ბარენცის, ჩრდილოეთის და ბალტიის), ჩრდილოეთ
ატლანტიკაში, ხმელთაშუა და შავ ზღვებში და წყნარ ოკეანეში. ეპიზოდურად - ინდოეთის
ოკეანესა და ატლანტიკის ოკეანის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებშიც; შეუზღუდავი
წყალქვეშა ომი მიმდინარეობდა ძირითადად ატლანტიკისა და წყნარ ოკეანეებში. ამ
გრანდიოზულ აკვატორიებზე გამართულ არაერთ ბრძოლასა თუ შერკინებაში, რომელთაგან
ბევრი მრავალი დღის განმავლობაშიც მიმდინარეობდა და უზარმაზარი მსხვერპლითა და
სისხლით მთავრდებოდა, ავიამზიდები მთავარ დამრტყმელ ძალას მხოლოდ წყნარ ოკეანეში
წარმოადგენდნენ... თუმცა „მთავარი“ სულაც არ ნიშნავს „ერთადერთს“: კარგად
კოორდინირებული შეტევისა და ორგანიზებული საავიაციო საფარის პირობებში იაპონელებს
ნამდვილად შეეძლოთ (თეორიულად მაინც) თავისი მსხვილი საარტილერიო ხომალდების
გამოყენება ამერიკელთა ავიამზიდების წინააღმდეგ. მეტიც: მართალია შემთხვევით,
მაგრამ ერთხელ მათ მართლაც მოახერხეს ამის გაკეთება - 1944 წლის ოქტომბრის ბოლოს,
ლეიტეს ყურეში, კუნძულ სამართან.
კლიფტონ სპრეგიუ
"ფენშოუ ბეი"
"სენ ლო"
"უაით ფლეინს"
"კალინინ ბეი"
"ქითქან ბეი"
"გამბიერ ბეი"
"ჰოელი"
"ჰეერმანი"
"ჯონსტონი"
"დენისი"
"ჯონ ს. ბატლერი"
"სემუელ ბ. რობერტსი"
ამ ბრძოლაში ამერიკული 7-ე ფლოტის ოპერატიული შენაერთი 77.4, რომელსაც ვიცე-ადმირალი
ტომას სპრეგიუ სარდლობდა (უფრო ზუსტად - ამ შენაერთის ოპერატიული ჯგუფი 77.4.2
(ე.წ. Taffy 3) კონტრ-ადმირალ კლიფტონ სპრეგიუს მეთაურობით: 6 საესკორტო ავიამზიდი
(„ფენშოუ ბეი“, „სენ ლო“, „უაით ფლეინს“, „კალინინ ბეი“, „ქითქან ბეი“ და „გამბიერ
ბეი“), 3 საესკადრო („ჰოელი“, „ჰეერმანი“ და „ჯონსტონი“) და 4 საესკორტო („დენისი“,
„ჯონ ს. ბატლერი“, „რეიმონდი“ და „სემუელ ბ. რობერტსი“) ნაღმოსანი. ესკორტის
ნაღმოსნებს კომანდერი უილიამ ტომასი მეთაურობდა), მისთვის მოულოდნელად შეეჩეხა
იაპონური ფლოტის მძლავრ საარტილერიო შენაერთს 2 სახაზო ხომალდის („იამატო“ და
„ნაგატო“), 2 სახაზო („კონგო“ და „ჰარუნა“), 6 მძიმე („ჰაგურო“, „ჩოკაი“,
„კუმანო“, „სუძუია“, „ტონე“ და „ჩიკუმა“) და 2 მსუბუქი („ნოშირო“ და „იაჰაგი“)
კრეისერისა და 11 საესკადრო ნაღმოსნის შემადგენლობით: შენაერთს ვიცე-ადმირალი
ტაკეო კურიტა სარდლობდა.
ტაკეო კურიტა
"იამატო"
"ნაგატო"
"ჰაგურო"
"ჩოკაი"
"კუმანო"
"სუძუია"
"ტონე" (ან "ჩიკუმა")
"ნოშირო"
"იაჰაგი"
ნელმავალი საესკორტო ავიამზიდები (მათი მაქსიმალური სისწრაფე 19 კვანძს არ
აღემატებოდა მაშინ, როდესაც კურიტას შენაერთის ყველაზე ნელმავალი ერთეული - სახაზო
ხომალდი „ნაგატო“ 24 კვანძზე მეტს ავითარებდა) სასწრაფოდ დაიფანტნენ და ერთდროულად
თვითმფრინავების გაშვება დაიწყეს, საესკადრო და საესკორტო ნაღმოსნები კი
თავგანწირვით ეკვეთნენ სიმძლავრით მრავალჯერ უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეს: იაპონელი
თვითმხილველის თქმით, „ამერიკული ნაღმოსნები სახაზო ხომალდებივით იბრძოდნენ“.
მთლიანობაში ეს ბრძოლა განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს და ამ თემას
აუცილებლად ცალკე შევეხებით, ამჯერად კი აღვნიშნავთ, რომ, მიუხედავად იაპონური
ხომალდების ძლიერი ცეცხლისა, რომელსაც ავიამზიდებიდან მხოლოდ „გამბიერ ბეი“
ემსხვერპლა, ამერიკულმა თვითმფრინავებმა დღის ბოლომდე ერთი კრეისერის დაზიანება („ჩოკაი“)
და ორის ჩაძირვა („სუძუია“ და „ჩიკუმა“) მოახერხეს. კიდევ ერთი კრეისერი („კუმანო“)
ამერიკულმა საესკადრო ნაღმოსნებმა დააზიანეს და ერთი იაპონური საესკადრო ნაღმოსანი
ჩაძირეს, თავად ამერიკელებმა კი, „გამბიერ ბეის“ გარდა, „ჰოელი“, „სემუელ ბ.
რობერტსი“ და „ჯონსტონი“ დაკარგეს.
იწვის "გამბიერ ბეი" (ფოტოზე - მარჯვნივ)
მთლიანობაში ეს ბრძოლა შთაბეჭდილებას ქმნის, რომ იაპონელები ფსიქოლოგიურად
გატყდნენ, როდესაც მათთვის საძულველმა და მუდმივად ირონიული მასხრად აგდებისა და
დაცინვის ობიექტებმა - ამერიკელებმა, მათთვის მოულოდნელად, თავგანწირული
წინააღმდეგობა გაუწიეს: იაპონელებმა საკუთარი თვალით დაინახეს ამერიკელ მეზღვაურთა
თუ მფრინავთა მრავალრიცხოვანი, მათ შორის - მასობრივი თავგანწირვისა და ნებაყოფლობითი
თვითშეწირვის უამრავი ნათელი მაგალითი, რაც აქამდე ამომავალი მზის ქვეყნის შვილებს
მხოლოდ „ბუშიდოს სულისკვეთების“ მატარებელთა პრივილეგიად მიაჩნდათ და რასაც
ამერიკელთაგან ვერაფრით წარმოიდგენდნენ და არაფრით ელოდნენ. დაღუპული „ჯონსტონის“
გადარჩენილი მეზღვაურები შემდეგ იხსენებდნენ, რომ მათი ხომალდის ნამუსრევთან
ჩავლილი ერთ-ერთი იაპონური საესკადრო ნაღმოსნის მეთაურმა წყალში მოფართხალე
ამერიკელ მეზღვაურებს საბრძოლო ხიდურიდან სამხედრო სალამი მისცა.
"ატაგო"
"მუსაში" (ცენტრში) ამერიკული ავიაციის დარტყმების ქვეშ.
უნდა აღინიშნოს, რომ იაპონური ესკადრის მორალურ-ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ასევე
იმოქმედა ამ ბრძოლამდე ერთი დღით ადრე პალავანის სრუტეში გამართულმა ბრძოლამ: აქ ლეიტეს
ყურესკენ მიმავალი კურიტას ესკადრა, რომელიც უფრო მრავალრიცხოვანი და მძლავრი იყო,
ვიდრე - სამარის კუნძულთან ბრძოლაში, მთელი დღის განმავლობაში ამერიკული 3-ე ფლოტის
თვითმფრინავების დარტყმების ქვეშ იმყოფებოდა, რასაც მსოფლიოს ფლოტების ისტორიაში
ყველაზე მძლავრი სახაზო ხომალდის - „იამატოს“ სისტერშიპი და სრული ანალოგი -
„მუსაში“, აგრეთვე ესკადრის საფლაგმანო ხომალდი - მძიმე კრეისერი „ატაგო“ შეეწირა
(რის შემდეგაც კურიტამ თავისი ალამი „იამატოზე“ გადაიტანა და მისი ბორტიდან
ხელმძღვანელობდა ბრძოლას კუნძულ სამართან). გარკვეული დაზიანებები მიიღეს ესკადრის
სხვა ხომალდებმაც, მათ შორის - ახალმა ფლაგმანმა „იამატომაც“, რასაც მართლაც
შეეძლო გაეტეხა იაპონელთა მტკიცე საბრძოლო სულისკვეთება და მორალური მდგომარეობა.
რომ არა ეს და იაპონელები პრაქტიკულად დაუცველ საესკორტო ავიამზიდებს ბოლომდე
„მისწოლოდნენ“, კაცმა არ იცის, როგორ დამთავრდებოდა ბრძოლა კუნძულ სამართან:
შესაძლოა იქ არა მარტო Taffy 3 დაღუპულიყო, არამედ - დანარჩენი ორი Taffy-ც,
რომლებიც მთლიანობაში სწორედ ტომას სპრეგიუს 77.4 ოპერატიულ შენაერთს შეადგენდნენ,
რის შემდეგაც კურიტას ესკადრა აბსოლუტურად დაუცველი ამერიკული სადესანტო ტრანსპორტების
პირისპირ აღმოჩნდებოდა, რომლებიც სწორედ ამ დროს ამთავრებდნენ კუნძულ ლეიტეზე
მსხვილი დესანტის გადასხმას. ბრძოლამ კუნძულ სამართან აჩვენა, რომ, თავდასხმის
მოულოდნელობის უზრუნველყოფის შემთხვევაში, შეჯავშნულ საარტილერიო ხომალდებს
თავისუფლად შეუძლიათ მძიმე დანაკარგები მიაყენონ ან მთლიანად გაანადგურონ
ავიამზიდი ხომალდები.
ლეიტეს ყურეში დანარჩენმა ბრძოლებმა ასევე აჩვენა შესაძლებლობათა ის ზღვარიც, რაც
ავიაციას შეჯავშნულ საარტილერიო ხომალდებზე, კერძოდ კი - სახაზო ხომალდებზე დარტყმებისას
გააჩნდა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კუნძულ სამართან ბრძოლამდე ერთი დღით ადრე
კურიტას ესკადრა ამერიკელთა 3-ე ფლოტის ავიაციის მასირებული დარტყმების ქვეშ
აღმოჩნდა, რომლებშიც 5 მძიმე ამერიკული ავიამზიდის ავიაჯგუფები მონაწილეობდნენ.
დღის მთელი ნათელი ნაწილის განმავლობაში ჰაერიდან აბსოლუტურად დაუცველი იაპონური
ესკადრა 259 ამერიკული თვითმფრინავის განუწყვეტელი იერიშების ქვეშ მოძრაობდა,
თუმცა, როგორც ვიცით, ამერიკელთა ასეთი გრანდიოზული ძალების ხანგრძლივი,
მრავალსაათიანი გამოყენებით მიღწეული შედეგი საკმაოდ მოკრძალებული აღმოჩნდა:
კურიტას ესკადრამ მართალია ძალიან მძლავრი, მაგრამ მხოლოდ 2 ხომალდი დაკარგა,
დანარჩენებმა კი ისეთი დაზიანებები მიიღეს („იამატოს“ და „ნაგატოს“, მაგალითად,
მხოლოდ 2-2 ბომბი მოხვდა), რომლებითაც ჩვეულებრივად განაგრძეს საბრძოლო ამოცანის
შესრულება. ვიმეორებ - ჰაერიდან ყოველგვარი დაცვისა და საფარის გარეშე.
იყო თუ არა იაპონელთათვის რეალური ვარიანტი საკუთარი საარტილერიო ხომალდების
გადასროლა ამერიკულ ავიამზიდებთან საბრძოლველად თავისი ესკადრის ჰაერიდან დაცვის
შემთხვევაში, ანდა - მანამ, სანამ ორივე მხარის თვითმფრინავები ურთიერთგარჩევებში
იყვნენ ჩაბმული? ჩემი აზრით, საკმაოდ რეალური იყო: ლეიტემ აჩვენა, რომ ჰაერიდან
განუწყვეტელი დარტყმების პირობებში წყალზედა საარტილერიო შენაერთის არსებობის ვადა
არაერთ დღეს ითვლის, რომელთა განმავლობაში და შემდეგაც ეს შენაერთი სავსებით
ინარჩუნებს ბრძოლისუნარიანობას და, გარკვეულწილად, მრავალი (თუმცა - არა ყველა!)
სახის საბრძოლო ამოცანის შესრულებაც შეუძლია.
ხოლო რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ავიამზიდი ხომალდი მოულოდნელად აღმოჩნდება
შეჯავშნული საარტილერიო ხომალდის ქვემეხთა ცეცხლის დისტანციაზე, მშვენივრად აჩვენა
როგორც „გამბიერ ბეის“, ასევე - 1940 წელს ბრიტანული ავიამზიდ „გლორიესის“
განადგურებამ გერმანული „შარნჰორსტისა“ და „გნაიზენაუს“ მიერ.
გერმანული პროპაგანდისტული ჟურნალი
"დოიჩე ვოხენშაუ": ფილმი
"დოიჩე ვოხენშაუ": ფილმი
"შარნჰორსტისა" და "გნაიზენაუს" მიერ
"გლორიესის" ჩაძირვის შესახებ.
იბადება კიდევ ერთი კითხვა: შეეძლო ამ ყველაფერს ომის მსვლელობაში რაიმე სახის
ცვლილების შეტანა? არა, არ შეეძლო იმიტომ, რომ საარტილერიო ცეცხლის დისტანციაზე
მოხერხებულად გასვლის შემთხვევაში იაპონური სახაზო ხომალდები ამერიკული სახაზო
ხომალდების პირისპირ აღმოჩნდებოდნენ. ამერიკელებს ომის მხოლოდ პირველ წელს ჰქონდათ
სახაზო ხომალდების სერიოზული დისბალანსი არა მხოლოდ პირლ-ჰარბორში განცდილი
დანაკარგების, არამედ წყნარი ოკეანის თეატრზე სახაზო ხომალდების საერთო
უკმარისობის გამოც ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე, მაგრამ უკვე 1943 წლიდან ისინი სრულიად
უპრობლემოდ აყალიბებდნენ არაერთ კარგად დაბალანსებულ შენაერთს საარტილერიო და
ავიამზიდი ხომალდებისგან.
ამგვარად, მიუხედავად იმისა, დაკავებული იყო თუ არა ამერიკული ავიაცია, შეეძლო თუ
არა იაპონელებზე შეტევა, აძლევდა თუ არა ამინდი მას ფრენის საშუალებას, იაპონელებს
ამერიკულ ავიამზიდებზე საარტილერიო ხომალდებით შეტევა ვერ გამოუვიდოდათ: ყველა
ვარიანტში მოსალოდნელი იყო მძიმე საარტილერიო ბრძოლა, რომელშიც ამერიკელებს
უცილობელი უპირატესობა ჰქონდათ როგორც ლულათა რაოდენობაში, ასევე - ცეცხლის
მართვის ხარისხშიც.
ფაქტიურად სახაზო ხომალდები ავიამზიდთა ერთგვარი „დაზღვევა“ იყო: პირველები
მეორეების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას უზრუნველყოფდნენ საშუალო და მცირე
დისტანციებზე, ხოლო არასაფრენი ამინდის, ან თვითმფრინავებში დიდი დანაკარგების
პირობებში მოწინააღმდეგის საარტილერიო ხომალდების თავდასხმისგან გარანტირებულად
იცავდნენ და ეს რეალურად იყო სახაზო ხომალდების ძლიერების ელემენტი, რადგან მხოლოდ
მისი არსებობის ფაქტითაც კი ართმევდნენ მოწინააღმდეგეს შესაძლებლობას, ავიამზიდებს
მთელი საკუთარი შეჯავშნული მასით დასტყდომოდა თავს.
"საუთ დაკოტა"
1942 წლის 26 ოქტომბერი: "საუთ დაკოტა"
იაპონური ავიაციის დარტყმების ქვეშ.
თავის მხრივ იაპონურმა ავიაციამ ამერიკული სახაზო ხომალდების წინააღმდეგ მოქმედებაში
ბევრად უფრო შეირცხვინა თავი, ვიდრე ამერიკულმა - იაპონური სახაზო ხომალდების
წინააღმდეგ. ფაქტიურად, იაპონური ავიაციის ყოველი მცდელობა, ამერიკულ სახაზო
ხომალდებს მისწვდომოდნენ, მთავრდებოდა არა ამერიკული ხომალდების, არამედ იაპონური
ავიაციის სრული ჟლეტით (გავიხსენოთ თუნდაც „საუთ დაკოტას“ ერთადერთი ბრძოლა 1942
წლის 26 ოქტომბერს, როდესაც სახაზო ხომალდის მეზენიტეებმა მხოლოდ ერთ ბრძოლაში
იაპონელთა 42 (!) თვითმფრინავი ჩამოაგდეს). გამონაკლისს მხოლოდდამხოლოდ
პირლ-ჰარბორზე თავდასხმა წარმოადგენს, მაგრამ ეს სწორედ გამონაკლისია: ამერიკული
სახაზო ხომალდები უმოძრაოდ იდგნენ, მათზე ეკიპაჟების სრული შემადგენლობა არ იყო
(კვირა დღეს ნაპირზე ჩავიდნენ შვებულებაში), არ იყო არავითარი საბრძოლო მზადყოფნა,
საზენიტო მზადყოფნა, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ორდერი... საერთოდ ომიც კი არ
იყო გამოცხადებული!
წყნარ ოკეანეში თითქმის მთელი ომის განმავლობაში ამერიკული სახაზო ხომალდები
ფაქტიურად იმავე ამოცანებს ასრულებდნენ, რაც დღევანდელ დღეს კოსმოსურ სისტემა AEGIS-ით
აღჭურვილ, მართული სარაკეტო შეიარაღების მქონე ხომალდებს აკისრიათ: იგერიებდნენ მასირებულ
საჰაერო დარტყმებს და ამ თავდაცვის ეფექტურობა და შედეგიანობა ძალიან, ძალიან
მაღალი იყო.
და მაინც: მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, ის მაინც ფერმკრთალდება ნაპირის
წინააღმდეგ სახაზო ხომალდებისა და ავიამზიდების ზემოქმედების ეფექტურობის შედარების
ფონზე. გავრცელებული აზრის მიუხედავად ამერიკულმა ავიამზიდმა ავიაციამ სანაპირო
სამიზნეებზე დარტყმებში თავი სუსტად წარმოაჩინა: გაცილებით უარესად, ვიდრე იმავე
პირობებში საარმიო, სახმელეთო ავიაცია წარმოაჩენდა. საარტილერიო ხომალდებიდან
გახსნილი მსხვილკალიბრიანი ქვემეხების ცეცხლით გამანადგურებელი დაბომბვების ფონზე
ავიამზიდებიდან აფრენილი თვითმფრინავების დარტყმა კოღოს ნაკბენს თუ წააგავდა.
მეტიც: მეორე მსოფლიო ომისდროინდელი სახაზო ხომალდები და მძიმე კრეისერები
სანაპიროს წინააღმდეგ წარმოებული ცეცხლის სიმძლავრით დღემდე კონკურენციის მიღმა
დგანან.
კი, ეს მართალია, რომ ავიამზიდებმა სახაზო ხომალდები მნიშვნელობით პირველი ადგილიდან
უკან დასწიეს, თუმცა, ლაპარაკიც კი ზედმეტია იმაზე, რომ ავიამზიდებმა სახაზო
ხომალდები „არენიდან საერთოდ გაიყვანეს“: სახაზო ხომალდები წინანდებურად დარჩნენ
ძალიან მნიშვნელოვან და საჭირო ხომალდებად; ისინი უკვე აღარ იყო მთავარი ძალა
ზღვაზე, მაგრამ წინანდებურად რჩებოდნენ დაბალანსებული საზღვაო ძალების აუცილებელ,
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ელემენტად, რადგან მათ გარეშე ფლოტის ძლევამოსილება
გაცილებით დაბლა იდგა, ხოლო რისკი გაცილებით მაღალი იყო.
წყნარ ოკეანეში ბრძოლებისას ზღვაზე მთავარი ძალა გახდა არა ავიამზიდი, არამედ
ავიამზიდი შენაერთი, რომელიც ავიამზიდებისგან, სწრაფმავალი სახაზო ხომალდებისგან,
კრეისერებისა და საესკადრო ნაღმოსნებისგან შედგებოდა.
და ეს ყველაფერი - მხოლოდ წყნარ ოკეანეში. ატლანტიკაში მთავარი ძალა
ნავსაწინააღმდეგო ავიაჯგუფებით დაკომპლექტებული საესკორტო ავიამზიდები და ხმელეთზე
ბაზირებული შორმფრენი საპატრულო (საბაზო) ავიაცია გახდა, ხოლო საბრძოლო
მოქმედებათა სხვა თეატრებზე ავიამზიდების როლი საერთოდ დამხმარე დარჩა:
საარტილერიო ხომალდები, საესკადრო ნაღმოსნები და წყალქვეშა ნავები უფრო საჭირო და
მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ამის მიზეზი ხშირად უბრალო გეოგრაფია იყო, როდესაც
წყალზედა ხომალდები ძირითადად საბაზო ავიაციის იმედზე იყვნენ.
ამგვარად იდეა, თითქოს სახაზო ხომალდები ავიამზიდების გამოჩენასთან ერთად გაქრნენ,
მცირეოდენ კრიტიკასაც კი ვერ უძლებს. მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში არაფერი
მსგავსი არ მომხდარა. მეტიც: არაფერი მსგავსი არ მომხდარა მეორე მსოფლიო ომის
შემდეგაც.
მითი იმის შესახებ, თითქოს სახაზო ხომალდები ავიამზიდებმა „შეჭამეს“, იმ ფაქტით
ქარწყლდება, რომ სახაზო ხომალდების ისტორია მეორე მსოფლიო ომის დასრულებასთან
ერთად არ დასრულებულა. ამ თვალსაზრისით საყურადღებოა დამოკიდებულება სახაზო
ხომალდებთან სხვადასხვა ფლოტებში.
"ჟან ბარი"
"ვენგარდი"
საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიყვანეს მწყობრში
თითო სახაზო ხომალდი, რომელთა მშენებლობა ჯერ კიდევ ომის წინ ან ომის მსვლელობისას
დაიწყეს: ფრანგების შემთხვევაში ეს იყო წყალში ჯერ კიდევ 1940 წელს ჩაშვებული „ჟან
ბარი“, რომელიც მთელი ომის განმავლობაში დასამთავრებელი იყო და მწყობრში მხოლოდ
1949 წელს ჩადგა, ბრიტანელთა შემთხვევაში კი - ახალთახალი „ვენგარდი“, 1946 წელს.
ამასთან ერთად მიმდინარეობდა ძველი, 1930-იან წლებში აგებული სახაზო ხომალდების
მასობრივი ჩამოწერა ყველა ქვეყნის მიერ, გარდა საბჭოთა კავშირისა, სადაც წყალზედა
ხომალდების ისეთი სასტიკი დეფიციტი იყო, რომ საქმეში რთავდნენ ყველაფერს, რაც კი
ხელში მოხვდებოდათ, ნაალაფარი ფინური სანაპირო დაცვის ჯავშნოსნის ჩათვლით.
ამერიკელებს, რომლებსაც უკვე უსარგებლო ყველა კლასისი საბრძოლო ხომალდების
კოლოსალური სიჭარბე ჰქონდათ, მასობრივად გაჰყავდათ რეზერვში მოძველებული
ხომალდები, თუმცა ოთხიდან ორი უახლესი „აიოვა“ მწყობრში დატოვეს. გარდა ამისა,
უნდა გვესმოდეს, რომ ამერიკელებს კონსერვაციაში ათწლეულობით მდგარი თავისი
ხომალდების რეზერვიდან გამოყვანისა და მწყობრში დაბრუნების (რეაქტივაციის)
შესაშური უნარიც აღმოაჩნდათ და ის ფაქტი, რომ მათი „საუთ დაკოტები“ კონსერვაციაში
თითქმის 20 წელი იდგა და მხოლოდ 60-იანი წლების პირველ ნახევარში ჩამოწერეს, მეტად
ნიშანდობლივია.
ნიშანდობლივია, აგრეთვე, წლები, როდესაც სახაზო ხომალდების მასობრივად ჩამოწერა
დაიწყო: ეს მეოცე საუკუნის 50-იანი წლების შუახანებია. მანამდე კი სურათი
შემდეგნაირად გამოიყურებოდა.
1950 წლისთვის სახაზო ხომალდები მსოფლიო ფლოტების მწყობრში შემდეგნაირად იყო
განაწილებული:
"აიოვა"
"ნიუ ჯერსი"
"ვისკონსინი"
"მისური"
"სევასტოპოლი"
"ოქტიაბრსკაია რევოლუცია"
"ნოვოროსიისკი"
"ვიტორიო ვენეტო"
"რიშელიე"
"ლორეინი"
აშშ - 4, ყველა „აიოვა“.
სსრკ - 3, ჯერ კიდევ მეფის რუსეთში აგებული, არაერთხელ მოდერნიზებული, უკვე
გაცვეთილი და ყოველნაირი სახის საბრძოლო ღირებულებადაკარგული სისტერშიპები:
„სევასტოპოლი“ და „ოქტიაბრსკაია რევოლუცია“ (ყოფილი „განგუტი“); აგრეთვე -
ნაალაფარი იტალიური „ჯულიო ჩეზარე“, რომელიც ასევე პირველი მსოფლიო ომისდროინდელი
სახაზო ხომალდი იყო, თუმცა - კაპიტალურად მოდერნიზებული და პრაქტიკულად ხელახლა
აგებული 1937-1939 წლებში, უკვე მუსოლინის ფაშისტურ იტალიაში. როგორი პარადოქსულიც
არ უნდა იყოს, „ნოვოროსიისკად“ წოდებული ეს მოძველებული და შეზღუდული საბრძოლო
შესაძლებლობებისა და ღირებულებების მქონე იტალიური ხომალდი იმ პერიოდის საბჭოთა
ფლოტის ყველაზე მძლავრი საბრძოლო ერთეული გახდა.
იტალია - 2, „ვიტორიო ვენეტო“ და "იტალია" (1948 წლიდან - რეზერვში).
საფრანგეთი - 3, მოქმედი „ჟან ბარი“, მისი სისტერშიპი „რიშელიე“, რომელიც
სასწავლო-საარტილერიო ხომალდის კლასში იყო გადაყვანილი და 1910 წელს აგებული ძველი
„ლორეინი“, რომელიც „რიშელიეს“ მსგავსადვე ითვლებოდა სასწავლო-საარტილერიო
ხომალდად.
დიდი ბრიტანეთი - 1, „ვენგარდი“.
(აქ არაა გათვალისწინებული რეზერვში უკვე გაყვანილი, აგრეთვე - რამდენიმე მოქმედი
სამხრეთამერიკული თუ თურქული სახაზო ხომალდი).
ასევე აღსანიშნავია, რომ შესაძლებელი იყო რეზერვში მყოფი ამერიკული „საუთ
დაკოტებისა“ და ბრიტანული „ქინგ ჯორჯების“ საკმაოდ სწრაფი რეაქტივაცია და მწყობრში
დაბრუნებაც. ამგვარად, სახაზო ხომალდები მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც არსად
გამქრალან.
აი უკვე 1953 წლის შემდეგ კი დაიწყო სახაზო ხომალდების ზეაქტიური ჩამოწერა და
60-იანი წლების დასაწყისისთვის სახაზო ხომალდების გამოყენების შესაძლებლობა მხოლოდ
ამერიკას დარჩა. ამგვარად, როგორც მინიმუმ 50-იანი წლების შუახანებამდე სახაზო
ხომალდები ჯერ კიდევ ითვლებოდა მნიშვნელოვან და საჭირო საბრძოლო ერთეულებად და,
როგორც შემდგომმა საბრძოლო გამოცდილებამ ცხადყო, ეს მომდევნო წლებშიც უცვლელი
დარჩა. ქვემოთ აუცილებლად დავუბრუნდებით სახაზო ხომალდების მასობრივად ჩამოწერის
მიზეზებს - ესეც მეტად საინტერესო საკითხია.
მცირეოდენი თეორია:
მეოცე საუკუნის 50-იანი წლების შუახანებამდე ავიაციას რა ძლევამოსილებაც არ უნდა
ჰქონოდა, მის გამოყენებას მაინც გარკვეული შეზღუდვები ახლდა თან (სხვათა შორის,
ასეა დღესაც).
პირველ რიგში - ამინდი: ხომალდისგან განსხვავებით თვითმფრინავისთვის ამინდის
ავკარგიანობაზე დაფუძნებული შეზღუდვები გაცილებით მკაცრია. ასაფრენ-დასაშვები
ზოლის მიდამოებში ამოვარდნილი ბანალური ძლიერი გვერდითი ქარი ფრენებს აბსოლუტურად
შეუძლებელს ხდის. ავიამზიდის შემთხვევაში ეს საკითხი მარტივად წყდება - ის
პირქარის მიმართულებით იწყებს სვლას - მაგრამ ხომალდის რყევა და ცუდი ხილვადობა
ავიაციის გამოყენებას ისევე კატეგორიულად ზღუდავს, როგორც ნისლი და ძლიერი
გვერდითი ქარი - ხმელეთზე მდებარე აეროდრომიდან. სადღეისოდ საბრძოლო ხომალდისა და
ავიამზიდის შემთხვევაში იარაღის გამოყენებისა და ფრენების წარმოების კუთხით
ღელვაზე დაფუძნებული შეზღუდვების კრიტერიუმები დაახლოებით თანაბარია, თუმცა მაშინ
- მეოცე საუკუნის 50-იანი წლების შუახანებამდე - ყველაფერი სხვანაირად იყო: ასიათასტონიანი
ავიამზიდები და მათზე ბაზირებული ოცი-ოცდაათტონიანი თვითმფრინავები ჯერ არ
არსებობდა.
მეორე რიგში - გეოგრაფია: თუკი ახლომახლო სახმელეთო ავიაბაზები არაა, საიდანაც
თვითმფრინავებს მოწინააღმდეგის ხომალდებზე შეტევა შეუძლიათ, ან საპირისპირო მხარეს
ავიამზიდები არ ჰყავს (საერთოდ არ ჰყავს, ან სხვა საბრძოლო თეატრზე ჰყავს
გადასროლილი), წყალზედა ხომალდებს საკმაოდ თავისუფლად შეუძლიათ მოქმედება. კერძო
შემთხვევაა, როდესაც ნაპირზე ავიაბაზა არსებობს, თუმცა ის განადგურებულია:
მაგალითად - ჰაერიდან დაბომბვით. ასეთ პირობებში ძლიერად შეიარაღებულ და შეჯავშნულ
საბრძოლო ხომალდს ვერაფერი შეუშლის ხელს, რომ მოწინააღმდეგის უფრო სუსტი ხომალდები
გაანადგუროს, უზრუნველყოს საკუთარი საესკადრო ნაღმოსნების, სანაღმო გადამღობების
და საერთოდ მცირე ხომალდების გამოყენება, საბრძოლო მოქმედების არეალში უბრალოდ
თავისი ყოფნითაც კი უზრუნველყოს მოწინააღმდეგის სანაპიროს ბლოკადა და საზღვაო მიმოსვლის
შეწყვეტა. თანაც, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მას ვერავინ ვერაფერს უზამს.
50-იანი წლების შუახანებამდე სახაზო ხომალდების სისწრაფე ისეთი იყო, რომ მას
ვერცერთი არაატომური წყალქვეშა ნავი ვერ დაეწეოდა, სატორპედო კატარღები კი, როგორც
საბრძოლო გამოცდილებამ აჩვენა (მათ შორის - ლეიტესთანაც), სწრაფმავალი, მანევრული
და კარგად შეიარაღებული (მათ შორის - მრავალრიცხოვანი ავტომატური საზენიტო და
უნივერსალური სწრაფმსროლელი ქვემეხებით) და შეჯავშნული სახაზო ხომალდისთვის
აბსოლუტურად არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდნენ.
ფაქტიურად, სახაზო ხომალდთან გამკლავებისთვის, მოწინააღმდეგე მხარეს სჭირდებოდა ან
საარტილერიო ხომალდებითა და საესკადრო ნაღმოსნებით დაცული მძიმე ავიამზიდი,
ანდა... დიახ: თავისი სახაზო ხომალდები. ასე იყო მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში
და ასე გაგრძელდა მის შემდეგაც, კიდევ 10 წელიწადს.
დავუმატოთ ამას სახაზო ხომალდის ავიაციით დაცვა ჰაერიდან და მოწინააღმდეგისთვის
რეალური პრობლემა სახეზეა: სახაზო ხომალდს ისე შეუძლია მოიქცეს, როგორც მგელი -
ცხვრის ფარაში, მისთვის დარტყმის მისაყენებლად კი ჯერ ჰაერში ბატონობის მიღწევა
ხდება საჭირო.
რასაკვირველია, ადრე თუ გვიან, მოწინააღმდეგე ძალას მოიკრებს და საპასუხოდ დაარტყამს:
სანაპირო აეროდრომის ასაფრენ-დასაშვები ზოლები აღდგება და გარემონტდება, ამ
აეროდრომზე გამანადგურებელი და დამრტყმელი ავიაციის დამატებითი ძალები დაიწყებენ
თავმოყრას, სახაზო ხომალდს მასზე სწრაფმავალი ხომალდები დაუწყებენ თვალთვალს,
ამინდი გამოსწორდება და ნაპირიდან აფრენილი თვითმფრინავები შეძლებენ იმის
გამეორებას, რაც 1941 წლის დეკემბრის დასაწყისში გააკეთეს იაპონელებმა კუანტანის
კონცხთან, როდესაც ბრიტანელთა სახაზო ხომალდი „პრინს ოფ უელსი“ და სახაზო კრეისერი
„რიპალსი“ ჩაძირეს.
"პრინს ოფ უელსი"
"რიპალსი"
თუმცა მთელ აღწერილ საქმიანობაში დახარჯული დროის განმავლობაში ბევრი რამ შეიძლება
გაკეთდეს: მოესწროს დესანტის გადასხმა, რომელიც ნაპირზე მდებარე აეროდრომს
დაიკავებს, ამინდის გამოსწორებასთან ერთად ამ აეროდრომზე საკუთარი საავიაციო
ძალები მოიყრის თავს, სანაპირო წყლებში დანაღმული ველები მოეწყობა, მსუბუქი
ძალებით მოწინააღმდეგის ახლომდებარე საზღვაო ბაზებზე რამდენიმე სათარეშო ოპერაცია განხორციელდება...
და ეს ყველაფერი - აბსოლუტურად დაუსჯელად.
მსგავსი მოქმედებების თვალსაჩინო მაგალითია მეორე მსოფლიო ომის წლებში მიმდინარე
ბრძოლა გუადალკანალისთვის: იაპონელებს კუნძული 1942 წლის მაისიდან ეკავათ და მასზე
სტრატეგიულად მნიშვნელოვან აეროდრომს აშენებდნენ, თუმცა აგვისტოს დასაწყისში
ამერიკელები კუნძულზე მოულოდნელად გადასხდნენ და ეს აეროდრომი დაიკავეს.
იაპონელებმა რამდენიმე დესანტის გადასხმა სცადეს, რასაც მთელი რიგი საზღვაო
ბრძოლები მოჰყვა, რომელთა შორისაც ხუთი საკმაოდ მსხვილი და მნიშვნელოვანი იყო,
მაგრამ საარტილერიო ხომალდებით დაცული იაპონური სადესანტო ძალების გუადალკანალთან
მიახლოებისა და გადასხდომის ყველა მცდელობა ამერიკულმა საარტილერიო ხომალდებმა
მოიგერიეს. ამ მოვლენებიდან 10-15 წლის შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა.
საგულისხმოა, როგორ ხედავდნენ სახაზო ხომალდების საკითხს ომისშემდგომ საბჭოთა
კავშირში. აქ შესანიშნავად ესმოდათ, რომ სავარაუდო მოწინააღმდეგის ჭარბი
სამხედრო-საზღვაო ძალების თავდასხმის მოგერიება ძირითადად ავიაციითა და ფლოტის
მსუბუქი ძლებით მოუხდებოდათ, მსოფლიო ომის მთელი საბრძოლო გამოცდილება კი თვალნათლივ
აჩვენებდა, რომ ამ საქმეში წარმატების მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა,
მაგრამ სტალინურ საბჭოთა კავშირში სხვა ვარიანტი არ ჰქონდათ: ოთხი საბჭოთა ფლოტის
შემადგენლობაში (ჩრდილოეთის, ბალტიის ზღვის, შავი ზღვის და წყნარი ოკეანის) ერთად სულ
სამი სახაზო ხომალდი იმყოფებოდა. თანაც ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებების
ფლოტები წყნარ ოკეანესა და ჩრდილოეთის თეატრზე საერთოდ სახაზო ხომალდების გარეშე
იყვნენ მაშინ, როდესაც პრაქტიკულად ჩაკეტილ შავ ზღვაში სტალინს ორი სახაზო ხომალდი
ჰყავდა. ამასთან, ყველა მათგანი 30-35 წლის წინ იყო აგებული და, მიუხედავად
არაერთი მოდერნიზაციისა, მათი, როგორც სახაზო ხომალდების რეალური საბრძოლო
ღირებულება პრაქტიკულად ნულის ტოლფასი იყო. უკეთეს შემთხვევაში ისინი მხოლოდ
სავარაუდო მოწინააღმდეგის მსუბუქი და მძიმე კრეისერების შეზღუდული რაოდენობის
(დაახლოებით 2-3 ერთეული) წინააღმდეგ ერთდროული ბრძოლისთვის თუ გამოდგებოდა და
ისიც - გარკვეული პირობების დაცვისა და შესრულების შემთხვევაში: შედარებით დიდი
რაოდენობით მსუბუქი და მძიმე კრეისერების (5 ერთეულზე მეტი), ან სავარაუდო
მოწინააღმდეგეების ფლოტების მწყობრში მყოფი ბევრად თანამედროვე სახაზო ხომალდების
წინააღმდეგ ძველი საბჭოთა სახაზო ხომალდები აბსოლუტურად უძლურები იყვნენ.
შესაბამისად, თუკი ერთ მხარეს მწვავედ იდგა საკითხი, რით შეხვედროდნენ
მოწინააღმდეგის სახაზო ძალებს, როდესაც ისინი ავიამზიდებისთვის გზის გასაწმენდად
დაიძრებოდნენ, მეორე მხარეს იმაზე მსჯელობდნენ, რით გაეწმინდათ გზა
ავიამზიდებისთვის. პასუხი ორივე შემთხვევაში მხოლოდ ერთი იყო: სახაზო ხომალდით.
უკეთეს შემთხვევაში - სახაზო ხომალდთა შეძლებისდაგვარად დიდი ჯგუფით.
"რივადავია"
"მორენო"
ამასთან ერთად უნდა გვესმოდეს, რომ მეოცე საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისამდე
ფლოტის შემადგენლობაში რამდენიმე სახაზო ხომალდის ყოლის ფინანსური ფუფუნების
საშუალება არგენტინასაც კი გააჩნდა („რივადავია“ და „მორენო“) მაშინ, როდესაც
სრულფასოვანი და მრავალრიცხოვანი ავიამზიდი ავიაციის ყოლის მარიფათი პრაქტიკულად
მხოლოდ ამერიკელებს ჰქონდათ, გარკვეულწილად კი - ბრიტანელებს და ფრანგებსაც: საქმე
მხოლოდ ასეთი ხომალდის საჭიროებასა და აუცილებლობაში იყო. დანარჩენი საზღვაო
სახელმწიფოები იძულებულნი იყვნენ, ან საერთოდ ავიამზიდი ავიაციის გარეშე ეცადათ
ფლოტების დაბალანსება, ანდა ამგვარი ავიაციის საცოდავი ბუტაფორიით შემოფარგლულიყვნენ.
ამგვარად, ვარაუდის დონეზეც კი დაუშვებელი ამერიკულ-ინგლისურ-ფრანგული საზღვაო
კონფლიქტის წარმოშობის ალბათობის პირობებში სახაზო ხომალდი კვლავინდებურად რჩებოდა
საზღვაო პაექრობის ზემძლავრ იარაღად.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, უკვე თამამად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ
მოსაზრება, თითქოსდა სახაზო ხომალდები ფლოტების შემადგენლობიდან ავიამზიდებმა
განდევნეს, აბსოლუტურად არ შეესაბამება რეალობას. ისინი არც განიდევნენ და არც
გაქრნენ: დარჩნენ მწყობრში და კიდევ დიდხანს მიმდინარეობდა მათი საბრძოლო
გამოყენების სულ ახალი და ახალი თეორიების დამუშავება და არსებულების სრულყოფა.
სახაზო ხომალდები მოდერნიზაციასაც კი გადიოდნენ.
რაც შეეხება ფლოტების შემადგენლობიდან სახაზო ხომალდების თითქმის ერთდროულ
გაქრობას, ამის მიზეზი, ძირითადად, ფინანსური ასპექტი იყო: დიდ ბრიტანეთს და
საფრანგეთს (ან იმავე სამხრეთამერიკულ ქვეყნებს) აღარ ჰქონდათ სახაზო ხომალდების
ძვირადღირებული ყოველდღიური ექსპლუატაციის სურვილი და შესაძლებლობა. რაც შეეხება საბჭოთა
კავშირს, სადაც სამხედრო ხარჯებს თითქმის არასდროს ითვლიდნენ, აქ კიდევ დიდხანს ეყოლებოდათ
მწყობრში ნაალაფარი „ჩეზარე“-„ნოვოროსიისკი“, რომ არა იტალიური სიამაყე და
იტალიელი საბრძოლო მოცურავეები: 1955 წლის 28 ოქტომბერს რვა იტალიელმა საბრძოლო
მოცურავემ საბჭოთა შავი ზღვის ფლოტის კარგად დაცულ მთავარ ბაზა სევასტოპოლის
რეიდზე შეაღწია და იქ მდგარი „ნოვოროსიისკის“ კილს 1-1,5 ტონა საერთო წონის ასაფეთქებელი
მუხტები მიამაგრა. აფეთქება 29 ოქტომბერს, ღამის ორის ნახევარზე მოხდა: სახაზო
ხომალდი ნელ-ნელა გადაბრუნდა და თითქმის 24 საათის განმავლობაში მთლიანად ჩაიძირა.
საბჭოთა ხელმძღვანელობის უნიათო და არასწორი გადაწყვეტილებების გამო ხომალდის
გადარჩენის ზომები და ეკიპაჟის ევაკუაცია დროულად არ განხორციელდა, რის გამოც
მსხვერპლმა 829 ადამიანი შეადგინა.
ამგვარად, სახაზო ხომალდების გაქრობაში მეორე მსოფლიო ომი ან ავიამზიდები არაფერ
შუაშია: მიზეზი სულ სხვაა.
როდესაც სახაზო ხომალდებსა და მათი გაქრობის მიზეზებზე ვსაუბრობთ, მუდამ უნდა
გვახსოვდეს, რომ უკანასკნელი მათგანი, როგორც საბრძოლო ერთეული, მხოლოდ 2011 წელს
გაქრა: აშშ საზღვაო ფლოტის სახაზო ხომალდი „აიოვა“ სწორედ მაშინ ჩამოწერეს ფლოტის
რეზერვიდან და სამუზეუმო ექსპონატად აქციეს. ხოლო სახაზო ხომალდების საბოლოო
გაქრობის თარიღად თუ იმ პერიოდს მივიღებთ, როდესაც ეს ხომალდები საბრძოლო
შემადგენლობიდან რეზერვში გაიყვანეს, ეს თარიღი 1990-1992 წლები იქნება, როდესაც
ყველა „აიოვამ“ სამუდამოდ დატოვა ფლოტის საბრძოლო მწყობრი... თუმცა ეს დღეს ვიცით,
რომ სამუდამოდ დატოვეს: მაშინ ეს სულაც არ იყო აშკარა და თვალნათელი.
ცნობილია, რომ სახაზო ხომალდების უკანასკნელი ომი სპარსეთის ყურის 1991 წლის
პირველი ომი იყო, თუმცა ამერიკული სახაზო ხომალდების რეაქტივაცია და რეზერვიდან
გამოყვანა 80-იანი წლების დასაწყისიდან დაიწყო საბჭოთა კავშირთან აქტიური
დაპირსპირებისა და დიდი ალბათობით მოსალოდნელი ომისთვის. პრეზიდენტმა რეიგანმა სსრ
კავშირის წინააღმდეგ „ჯვაროსნული ლაშქრობა“ დაიწყო, რომელიც ბოროტების იმპერიის
განადგურებით უნდა დასრულებულიყო და აღნიშნული პროცესის სულ დასაწყისში ამერიკული
ელიტაც და საზოგადოებაც სავსებით ელოდა, რომ ეს ლაშქრობა მართლაც გადაიზრდებოდა
რეალურ საბრძოლო მოქმედებებსა და ნამდვილ დიდ ომში. ამერიკელები აშკარად აღარ
დაიხევდნენ უკან. ზოგადად დასავლეთისა და კონკრეტულად ამერიკის მიერ დაწყებული
მზადების ამ გრანდიოზულ პროცესში „600 ხომალდის პროგრამა“ ერთ-ერთი მთავარი
კომპონენტი იყო: ამ უზარმაზარ ფლოტს საბჭოთა კავშირისა და მისი მოკავშირეების
ფეხმოუცვლელი შეჩერება და განადგურება უნდა შეძლებოდა ნებისმიერ წერტილში ვარშავის
ბლოკის საზღვრებს მიღმა, ხოლო სახაზო ხომალდების მწყობრში დაბრუნება აღნიშნული
პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. თუმცა მანამდე ამ ხომალდებმა სხვა ომებშიც
მიიღეს მონაწილეობა.
1950 წელს კორეაში ომი დაიწყო. ამერიკის სარდლობამ აუცილებლად ჩათვალა, გაეროს
ჯარების კონტინგენტისთვის (რომლის ძირითად ნაწილს ამერიკული შენაერთები
შეადგენდნენ) მძლავრი საცეცხლე მხარდაჭერა აღმოეჩინა და ამ მიზნით ჩრდილოკორეული
კომუნისტური ჯარებისა და მათი მხარდამჭერი ჩინელი სახალხო მოხალისეების წინააღმდეგ
სახაზო ხომალდები გამოიყვანა. იმ პერიოდისთვის ამერიკის ფლოტს მწყობრში მხოლოდ ორი
სახაზო ხომალდი („ვისკონსინი“ და „მისური“) ჰყავდა, სათაო „აიოვა“ და მისი
მომდევნო „ნიუ ჯერსი“ კი რეზერვში იყვნენ, რომელთა რეაქტივაციაც სასწრაფოდ დაიწყო
და 1950-1953 წლებში, მთელი ომის განმავლობაში, ოთხივე მათგანი რიგრიგობით მიდიოდა
საბრძოლო მისიით კორეის ნახევარკუნძულთან. კავშირგაბმულობის მძლავრი საშუალებების
წყალობით „აიოვები“ შესანიშნავად ასრულებდნენ სამეთაურო ცენტრის როლს, ხოლო
ნაპირის წინააღმდეგ მათი ცეცხლის ძლევამოსილება უბრალოდ უმაგალითო იყო.
"მისური" ბომბავს კორეულ ჩჰონჯინს.
1950 წლის ოქტომბერი.
"ნიუ ჯერსი" ბომბავს კორეულ კესონს.
1952 წელი.
1950 წლის 15 სექტემბრიდან 1951 წლის 19 მარტის ჩათვლით და 1952 წლის 25
ოქტომბრიდან 1953 წლის 25 მარტის ჩათვლით კორეაში „მისური“ იბრძოდა, 1951 წლის 17
მაისიდან 14 ნოემბრის ჩათვლით და 1953 წლის 12 აპრილიდან 28 ივლისის ჩათვლით -
„ნიუ ჯერსი“, 1951 წლის 2 დეკემბრიდან 1952 წლის 1 აპრილის ჩათვლით - „ვისკონსინი“,
1952 წლის 8 აპრილიდან 16 ნოემბრის ჩათვლით - „აიოვა“.
სახაზო ხომალდების ბედის მორიგი მნიშვნელოვანი მომენტი: ისინი კორეის ომის
შემდეგაც არ წასულან რეზერვში და განაგრძობდნენ ინტენსიურ სამსახურს. მიზეზი
მარტივი იყო: საბჭოთა კავშირი აშკარად ავლენდა საგარეო პოლიტიკურ ამბიციებს,
აქტიურად აიარაღებდა ჩინეთს, წარმატებით წარმოაჩინა თავისი რეალური შესაძლებლობები
კორეის ცაში და შექმნა როგორც ბირთვული იარაღი, ასევე - მისი მიზნამდე მიტანის
საშუალებებიც. თუმცა, ამერიკელთათვის ამ საგანგაშო მოვლენათა სერიაში არ იყო
მათთვის კიდევ ერთი მთავარი კომპონენტი - საბჭოთა კავშირი საზღვაო შეიარაღებებისა
და ძლევამოსილების კუთხით კვლავ სერიოზულად მოიკოჭლებდა და დიდი ვერაფრით
დაიტრაბახებდა: მაქსიმუმი, რაც ომისშემდგომმა საბჭოთა მრეწველობამ და წყალზედა
ფლოტმა 50-იანი წლების ბოლომდე მოახერხა, დაახლოებით 15-17 მსუბუქი კრეისერის მწყობრში
შეყვანა იყო. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ამერიკელებმა ჯერ კიდევ არ
იცოდნენ, დაიწყებდნენ თუ არა წითლები თანამედროვე დიდი საოკეანო ფლოტის
მშენებლობას, მძლავრი საზღვაო შეჯავშნული მუშტის საკუთარ განკარგულებაში არსებობა
მეტისმეტად სასარგებლოდ ითვლებოდა და სახაზო ხომალდები ამერიკის ფლოტის აქტიურ
სამსახურში დარჩნენ: მაშინ, პრაქტიკულად მთელი 50-იანი წლების განმავლობაში,
საბჭოთა კავშირს, გარდა ატომური დაბომბვისა, საესკადრო ნაღმოსნების ესკორტით
დაცული ამ ხომალდების წინააღმდეგ აბსოლუტურად არაფრის გაკეთება არ შეეძლო.
რეზერვში „აიოვების“ კვლავ გაყვანა 1955 წლიდან დაიწყო, როდესაც უკვე თვალნათელი
გახდა სარაკეტო ერის დაწყება, რეაქტიული დამრტყმელი ავიაციის მასობრივი გამოჩენა
და ბირთვული შეიარაღების გაცილებით ფართოდ გავრცელება. 1955-1959 წლები გახდა
სახაზო ხომალდების არსებობის მორიგი ეტაპი, როდესაც არსებული სახით ზღვაზე
ბატონობისთვის ბრძოლაში რეალურად სასარგებლო საშუალებებად მათ უკვე აღარ განიხილავდნენ.
სწორედ მაშინ გაიყვანეს ამერიკელებმა „აიოვები“ საკმაოდ ხანგრძლივ რეზერვში, ხოლო
ფრანგებმა და ბრიტანელებმა აბსოლუტურად ყველა თავისი სახაზო ხომალდი ჩამოწერეს.
სან-დიეგოს 32-ე საზღვაო ბაზა:
ამერიკული ფლოტის რეზერვის სადგომი.
სხვათა შორის, სწორედ ფრანგული „ჟან ბარი“ გახდა ბოლო ევროპული სახაზო ხომალდი,
რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოახერხა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის
მიღება. 1956 წელს, სუეცის კრიზისისას, სწორედ მას დაევალა ეგვიპტური პორტ-საიდის
დაბომბვა და იქ დესანტის გადასხმის უზრუნველყოფა, თუმცა დაბომბვა მისი
დაწყებისთანავე გაუქმდა: „ჟან ბარმა“ ოთხი ზალპის მიცემა მოასწრო და ამგვარად
გახდა ისტორიაში მეექვსე სახაზო ხომალდი, რომელმაც მაინც მოახერხა საბრძოლო
მოქმედებებში მონაწილეობის მიღება მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდგომ (ოთხი
მათგანი, როგორც ვიცით, „აიოვები“ იყო კორეაში (და შემდეგაც: ამაზე - ქვემოთ),
მეხუთე კი „ჟან ბარის“ სისტერშიპი „რიშელიე“ გახლდათ, რომელმაც ინდოჩინეთში
წარმოაჩინა თავი). 1957 წელს „ჟან ბარი“ უკვე მცურავ ყაზარმად იყო ქცეული.
ამგვარად იმ ხალხმა, ვინც დაბეჯითებით თვლის, რომ „სახაზო ხომალდები ავიამზიდებმა
შეავიწროვეს და განდევნეს“, სწორედ ამ წლებს და მოვლენებს უნდა მოაქციონ
დაჟინებული ყურადღება.
სახაზო ხომალდების ბრძოლებში ხელახალი ჩართვა 1968 წლიდან დაიწყო, როდესაც „ნიუ
ჯერსი“ 25 სექტექმბერს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში გაიგზავნა, სადაც 1969 წლის 11
მარტამდე აწარმოებდა საცეცხლე დარტყმებს სამხრეთ ვიეტნამის ტერიტორიაზე.
სამხრეთ ვიეტნამი ვიწრო ზღვისპირა ზოლს წარმოადგენს, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის
ძირითადი ნაწილითაა დასახლებული. სწორედ აქ მოქმედებდნენ კომუნისტი აჯანყებულები
და აქვე იყვნენ მათ წინააღმდეგ გამოყვანილი ამერიკული ნაწილებიც. „ნიუ ჯერსის“
დარტყმები დემილიტარიზებული ზონისა და მასში მყოფ ჩრდილოვიეტნამელთა ძალების
დაბომბვებით დაიწყო. შემდგომში სახაზო ხომალდი სახანძრო დახმარების გუნდივით დაქროდა
სანაპიროს გასწვრივ ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ და პირიქით და სანაპიროდან
გამოძახებებისა და მიზნების მითითების საფუძველზე ანადგურებდა კლდეებსა და მთებში
დამალულ ვიეტკონგის ძალების გამოქვაბულებსა და ბუნკერებს, რომელთა თაღებიც სახაზო
ხომალდის მთავარი კალიბრის 406 მმ-იან ჭურვებს ვერ უძლებდა, ბომბავდა საწყობებს,
სანაპირო სიმაგრეებს და სანაპირო ბატარეებს, ხიდებს, გვირაბებს, გზებს,
მოწინააღმდეგის სხვა ინფრასტრუქტურას და, რაც მთავარია, მძლავრ საცეცხლე და
მორალურ მხარდაჭერას აძლევდა მტრის წინაშე, ცეცხლის ხაზზე თუ გარემოცვაში მყოფ
ამერიკელ ჯარისკაცებს.
წითელი ზოლი - სახაზო ხომალდების 406 მმ-იანი ქვემეხების მოქმედების ზონა,
ლურჯი ზოლი - მძიმე კრეისერების 203 მმ-იანი ქვემეხების მოქმედების ზონა.
მწვანე ზოლი - 90-იან წლებში შექმნილი
ექსპერიმენტული, ჰიპერბგერითი, პირდაპირი დინების საჰაერო ძრავით აღჭურვილი აქტიურ-რეაქტიული
406 მმ-იანი ჭურვის მოქმედების ზონა.
„ნიუ ჯერსის“ გამანადგურებელ საცეცხლე მხარდაჭერას არა ერთხელ და ორჯერ
გადაურჩენია გარემოცვაში მოქცეული უამრავი ამერიკელი ჯარისკაცი და მათთვის
დამღუპველი ალყა უძლიერესი ცეცხლით მოუხსნია, რომელიც პირდაპირ მიწის პირიდან ღგვიდა
გულმოცემულ ჩრდილოვიეტნამელებს, ერთხელ კი სახაზო ხომალდმა აჯანყებულებისთვის
განკუთვნილი სურსათითა და საჭურველით პირამდე დატვირთული მცირე ხომალდების მთელი
ქარავანი პირწმინდად ჩაძირა. მთლიანობაში „ნიუ ჯერსის“ ეს მისია უახლეს ისტორიაში
ყველაზე წარმატებული საარტილერიო დაბომბვაა: სახაზო ხომალდის მიერ განადგურებული
აჯანყებულთა პოზიციების, ობიექტების, მძიმე იარაღისა და ტექნიკის რაოდენობა მრავალ
ასეულ ერთეულს ითვლიდა, მტრის დახოცილი მებრძოლების რაოდენობა - მრავალ ათასს,
ჩაძირული მცირე ხომალდების რაოდენობა - ათზე მეტს. თავისი ზუსტი და ეფექტური ცეცხლით
„ნიუ ჯერსიმ“ არაერთხელ უზრუნველყო ამერიკული ჯარების დიდი შენაერთების (დივიზიის
ჩათვლით) წარმატებული მოქმედება. მისიის მსვლელობისას სახაზო ხომალდმა 406 მმ-იანი
მთავარი კალიბრის 5 688 და 127 მმ-იანი უნივერსალური კალიბრის 14 891 ჭურვი
გახარჯა, რაც შეუდარებლად მეტია ჭურვთა იმ რაოდენობაზე, რომელიც კი ნებისმიერ
სახაზო ხომალდს გაუხარჯავს მთელი მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში.
სახაზო ხომალდის მთელი აღწერილი საბრძოლო ეფექტურობის მიუხედავად ასეთი საბრძოლო
მაგალითი ერთადერთი აღმოჩნდა სწორედ მისი ექსტრემალური შინაარსის გამო: პრეზიდენტი
ნიქსონი „ნიუ ჯერსის“ ხელახლა გამოყენების მუქარას მოლაპარაკების მაგიდასთან
ჩრდილოვიეტნამელების დაბრუნების სტიმულად იყენებდა, ხოლო ხომალდის უკან გაწვევას -
როგორც ამერიკული მოთხოვნების შესრულების წამახალისებელ ფაქტორს. ამგვარად,
მართალია მცირე ხნით, მაგრამ სახაზო ხომალდი კვლავ იქცა არა მხოლოდ მძლავრ
საბრძოლო, არამედ პოლიტიკურ იარაღადაც, როგორც ეს მეორე მსოფლიო ომამდე ხდებოდა.
1969 წელს „ნიუ ჯერსი“ ისევ რეზერვში გაიყვანეს, თუმცა მანამდე, ვიეტნამიდან
წამოსული ხომალდი სასწრაფო წესით იაპონიის ზღვაში გადაიყვანეს იქ მყოფი ამერიკული
ფლოტის შემადგენლობაში ჩრდილოეთ კორეაზე ზეწოლისთვის, რომელმაც სწორედ იმ პერიოდში
ჩამოაგდო ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავი (მსხვერპლი - 31 კაცი). გაზაფხულის
ბოლოს სახაზო ხომალდი ამერიკაში დაბრუნდა და დეკემბერში ისევ რეზერვში გაიყვანეს.
სახაზო ხომალდის ვიეტნამში გამოყენებამ მისი, როგორც წმინდა საარტილერიო ხომალდის
სახით არსებობას საბოლოო წერტილი დაუსვა: თუკი 50-იანი წლების ბოლომდე ის როგორც
ფლოტის, ასევე ნაპირის წინააღმდეგ მოქმედების საშუალებად ითვლებოდა, უკვე
ვიეტნამში წმინდა საარტილერიო ხომალდი მხოლოდ ნაპირის წინააღმდეგ გამოსაყენებელ
საშუალებად იქცა. ვიეტნამის წყლებში მას მოწინააღმდეგე პრინციპულად ვერ ეყოლებოდა,
თუმცა, როდესაც ამერიკელებმა ივარაუდეს, რომ სახაზო ხომალდს, შესაძლოა, საგრძნობლად
მოძლიერებული საბჭოთა ფლოტის წინააღმდეგ ებრძოლა, არსებული სახით ის უკვე საეჭვო
საბრძოლო ღირებულებასღა ინარჩუნებდა.
მეორე მხრივ, საკუთარი სარაკეტო ხომალდების მიერ მხარდაჭერილ მძლავრად შეჯავშნულ
საარტილერიო ხომალდს სულ თავისუფლად შეეძლო საბჭოთა სახომალდო რაკეტების მთელი
ზალპის მხოლოდ თავად მიღება, რითაც მნიშვნელოვნად უმსუბუქებდა ამოცანის შესრულებას
საკუთარ სარაკეტო ხომალდებს და, ამგვარად, სახაზო ხომალდი 70-იანი წლების პირველ
ნახევარშიც ინარჩუნებდა არცთუ მცირე საბრძოლო ღირებულებას ფლოტისთვის. ყოველ
შემთხვევაში, თუკი იმდროინდელი საბჭოთა სარაკეტო ფლოტის არცთუ მთლად ზუსტი და
სრულყოფილი რაკეტების ნაწილი მაინც ვერ მიაღწევდა მიზანს, რაკეტების გარეშე
დარჩენილ და საპასუხო დარტყმის რეალური საფრთხის წინაშე მდგომ საბჭოთა ხომალდებს
გაქცევის გარდა სხვა გზა აღარ რჩებოდათ. თანაც ეს გაქცევაც პრობლემატური ხდებოდა:
მოდერნიზებული „აიოვების“ სისწრაფე 34 კვანძს უტოლდებოდა, მათი ქვემეხებისა და
ჯავშნისთვის რეალურად დასაპირისპირებლად კი საბჭოთა ხომალდებს 70-იან წლებშიც კი ბევრი არაფერი ჰქონდათ ადექვატური. თუმცა აქ უკვე ერთი აუცილებელი პირობა
იწყებდა მუშაობას: თუკი სახაზო ხომალდის მხარდამხარ მყოფი უფრო თანამედროვე
სარაკეტო ხომალდები ეფექტურად და შედარებით ზომიერი დანაკარგებით მოიგერიებდნენ
საბჭოთა სარაკეტო დარტყმას.
ამგვარად, 70-იანი წლებისთვის კლასიკური საარტილერიო სახაზო ხომალდი უკვე არა
მარტო ავიამზიდის უკან გადავიდა, არამედ - თანამედროვე სარაკეტო ხომალდების
უკანაც: ახლა მისი საბრძოლო ღირებულება საკუთარი, უფრო თანამედროვე ხომალდების
მიერ მძიმე დარტყმამიყენებული და დასუსტებული, ან რაკეტებგახარჯული მოწინააღმდეგის თავისი მძიმე ჭურვებით საბოლოო განადგურებისა და ხელის მოთავების ვიწრო ჩარჩოებამდე
შემცირდა. როგორც ცნობილია, დღესაც კი სარაკეტო ხომალდის ბორტზე ხომალდსაწინააღმდეგო
რაკეტების რაოდენობა დიდადაა დამოკიდებული ამ ხომალდის ზომებზე და, ყველაზე უკეთეს
შემთხვევაშიც კი არ აღემატება 100-130 ერთეულს ვერტიკალურ გამშვებ კონტეინერებში
და გადატენვის მექანიზმებში ერთად. 70-იან წლებში კი ჯერ არც ვერტიკალური გამშვები
კონტეინერები არსებობდა, არც გადატენვის მექანიზმები და ყველაზე დიდ სარაკეტო
ხომალდზეც კი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების რაოდენობა ორი ათეული ერთეულის
ფარგლებში თუ მერყეობდა მაშინ, როდესაც „აიოვების“ მხოლოდ მთავარი კალიბრის
ჭურვების საერთო რაოდენობა 1200 ერთეულს აღემატებოდა (გარდა ამისა, ბორტზე კიდევ
10 ათასი ცალი ჭურვიც იყო ოცი 127 მმ-იანი ქვემეხისთვის), სამიზნეზე ზემოქმედების
ეფექტურობით კი ეს ჭურვები ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს ბევრით არაფრით ჩამოუვარდებოდნენ
(აღარაფერს ვამბობ 406 მმ კალიბრის 1-კილოტონიანი სიმძლავრის ბირთვულ Mk-23 ჭურვებზე,
რომლებიც 50-იანი წლების დასაწყისში შეიქმნა და მასაგაბარიტული მახასიათებლებით ამ
ქვემეხებისთვის განკუთვნილი ფუგასური ჭურვების ანალოგიური იყო. ბირთვული ჭურვების
გამოყენება სპეციალური, განსაკუთრებული წესით რეგულირდებოდა და, ამიტომ, ეს
ჭურვები სახაზო ხომალდებს ლაშქრობაში არასდროს მიჰქონდათ: ისინი ცალკე, სპეციალურ
საცავში ინახებოდა „განსაკუთრებული შემთხვევებისთვის“). ამგვარად, თანამედროვე
მართული სარაკეტო იარაღით აღჭურვილი ხომალდებით დაცულ საარტილერიო სახაზო
ხომალდებს საზღვაო ბრძოლაში საკუთარი, მნიშვნელოვანი, თუმცა კი - მაინც
მეორეხარისხოვანი სიტყვის თქმა შეეძლოთ.
406 მმ-იანი ბირთვული Mk.23 ჭურვი.
ამგვარად, 60-იანი წლების ბოლოსა და 70-იანი წლების დასაწყისისათვის მხოლოდ საარტილერიო
შეიარაღების მქონე მძლავრად შეჯავშნულმა სახაზო ხომალდებმა მართლაც თითქმის წარსულში
გადაინაცვლეს.
დიახ, დიახ: თითქმის, და არა - მთლიანად: როგორც მინიმუმ, ვიეტნამელები მაინც ბევრ
საინტერესო და საგულისხმო არგუმენტს ფლობენ ამის შესახებ.
მალე კი ეს „თითქმის წარსული“ სულ ცოტა ხანში იქცა სრულიად საწინააღმდეგო
მოვლენად: ახლოვდებოდა სახაზო ხომალდების ევოლუციის მორიგი, მეტად მოულოდნელი
ეტაპი და წარსულში მათ რეალურად და საბოლოოდ გადასვლამდე კიდევ ათობით წელი
რჩებოდა.
სახაზო ხომალდის, როგორც შეიარაღების მთელი სისტემის ყველაზე ლეგენდარული და
ეფექტური გვერდი ცივი ომის ბოლო ათწლეული გახდა. ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც
რეიგანის მიერ ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ გამოცხადებული ჯვაროსნული ლაშქრობა
დასავლეთმა საბჭოთა კავშირს რეალური საბრძოლო მოქმედებების გარეშე მოუგო გამანადგურებელი
შედეგით. მოუგო, მათ შორის, ზღვაზეც.
რეიგანის გუნდმა, რომელიც, პრეზიდენტის გარდა, თავდაცვის მდივნის კასპარ
უაინბერგერისა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის მდივნის ჯონ ლემანისგან შედგებოდა, მსოფლიოს
ზღვებსა და ოკეანეებში ძალთა ბალანსის ისეთი მკვეთრი ცვლილებები უზრუნველყვეს, რომლებზე
პასუხიც საბჭოთა კავშირმა უბრალოდ ვეღარ შეძლო. ევროპაში დაწყებულ გრანდიოზულ,
უმაგალითო ზეწოლასთან, ავღანელ მოჯაჰედთა კოლოსალური მასშტაბების მხარდაჭერასა და
საბჭოთა კავშირზე სხვა მრავალი სახის საბოტაჟსა და პრესინგთან ერთად ზღვაზე
ამერიკელთა ძლევამოსილების რადიკალურმა ზრდამ საბოლოოდ გორბაჩოვის კაპიტულაციას
შეუწყო ხელი.
ამერიკელები სერიოზულად ემზადებოდნენ დიდი ომისთვის და ეს მზადება იმდენად
უკომპრომისო და მასშტაბური იყო, რომ მან თავისი სიძლიერით საბჭოთა ხელმძღვანელობა
უბრალოდ ჰიპნოზში ჩააგდო: უნდა ითქვას, რომ ამერიკელთა ძლიერების ეს დემონსტრირება
საკმაოდ ხელშესახები, რეალური და უკიდურესად ანგარიშგასაწევი იყო.
ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ ჯვაროსნულ ლაშქრობაში ამერიკულ სამხედრო-საზღვაო
ფლოტს გადამწყვეტი როლი ენიჭებოდა. ეს ეხებოდა ყველაფერს და, პირველ რიგში - ომის
წარმოების უახლეს საშუალებებს: ფრთოსან რაკეტებს „ტომაჰავკებს“ და კოსმოსური
დამიზნების სისტემა AEGIS-ს, ახალ, პრაქტიკულად უხმაურო წყალქვეშა ნავებს, რომელთა
თვალთვალი საბჭოთა ნავსაწინააღმდეგო ძალებს აღარ შეეძლოთ და ძალიან ხარისხიანად
მოდერნიზებულ ძველ ნავებს, საკუთარი ნავსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებების ნახტომისებურად
გაზრდილ შესაძლებლობებს, 10 ატომური და 5 არაატომური მძიმე ავიამზიდისგან შემდგარ
დამრტყმელ შენაერთებს და ყველა კლასის ხომალდებში მიღწეულ ხარისხობრივ და
რიცხობრივ უპირატესობას. ყველა ეს ზომა საბჭოთა ხელმძღვანელობას დამაჯერებლად
აჩვენებდა წინააღმდეგობის გაწევის მთელ უპერსპექტივობას.
აღნიშნულ გეგმებში სახაზო ხომალდებს მნიშვნელოვანი როლი ეკისრებოდათ. ამერიკელებმა
70-იანი წლებიდან უკვე იცოდნენ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების საკითხში საბჭოთა
კავშირში მიღწეული პროგრესის შესახებ, იცოდნენ ახალი ხომალდმშენებელი პროგრამების
შესახებ, როგორებიცა იყო 1164 პროექტის სარაკეტო კრეისერები, 1144 პროექტის მძიმე
ატომური სარაკეტო კრეისერები, მრავალრეჟიმიანი ზებგერული რაკეტმზიდები Ту-22М.
იცოდნენ, რომ საბჭოთა კავშირში ახალი ზებგერული, ვერტიკალური აფრენა-დაშვების
გამანადგურებელ-ბომბდამშენი (მომავალი Як-41/141) იქმნებოდა ასაფრენტრამპლინიანი მშენებარე
მძიმე ავიამზიდი კრეისერებისთვის (პროექტი 1143-ის პირველი რამდენიმე ხომალდი).
ასევე იცოდნენ, რომ უკვე მიღებული იყო პრინციპული გადაწყვეტილება კლასიკური
სქემის, კატაპულტიანი, როგორც ჩვეულებრივი, ასევე - ატომური ავიამზიდების
დაპროექტებისა და მშენებლობის შესახებ (1143 პროექტის შემდგომი განვითრება) და რომ
ვერტიკალური აფრენა-დაშვების ახალი თაობის თვითმფრინავი ამ ავიამზიდებზეც იქნებოდა
კლასიკური სქემის მქონე ახალი თაობის (დღეს ამ თაობას მეოთხე თაობა ეწოდება)
დამრტყმელ თვითმფრინავებთან (მომავალი МиГ-29-სა და Су-27-ის საზღვაო ვერსიები)
ერთად. ეს ყველაფერი ამერიკელთა მხრიდან ჯერ ერთი, რიცხობრივ უპირატესობას
მოითხოვდა და მეორეც - უპირატესობას საცეცხლე სიმძლავრეში.
1144 პროექტის მძიმე ატომური სარაკეტო კრეისერი
1164 პროექტის სარაკეტო კრეისერი
სტრატეგიული რაკეტმზიდი Ту-22М
ვერტიკალური აფრენა-დაშვების თვითმფრინავები.
ფოტოზე მარცხნივ - Як-38, მარჯვნივ - Як-41/141
პროექტი 1143-ის სათაო ხომალდი:
მძიმე ავიამზიდი კრეისერი "კიევი"
პროექტი 1143.2 - "მინსკი"
პროექტი 1143.3 - "ნოვოროსიისკი"
პროექტი 1143.4 - "ადმირალ გორშკოვი"
(ყოფილი "ბაქო")
პროექტი 1143.4-ის საფუძვლიანი მოდერნიზაცია:
ინდური ავიამზიდი "ვიკრამადიტია"
პროექტი 1143.5 - "ადმირალ კუზნეცოვი"
(ყოფილი "თბილისი")
პროექტი 1143.6 - ჩინური "ლიაონინი"
(ყოფილი "ვარიაგი")
(ყოფილი "ვარიაგი")
პროექტი 1143.7 - ატომური "ულიანოვსკი"
(მშენებლობა დასაწყისშივე შეწყდა)
МиГ-29К
Су-27К
80-იანი წლების დასაწყისიდან ამერიკელთა განკარგულებაში საბჭოთა ფრთოსანი
ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების სიმეტრიული პასუხი - ფრთოსანი რაკეტა „ტომაჰაუკი“
აღმოჩნდა. ასევე ათვისებული იყო ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა „ჰარპუნი“, რომელიც
იმდროინდელი საბჭოთა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისთვის მეტისმეტად რთული სამიზნე
გახლდათ. კონცეპტუალურად ამერიკელები ავიამზიდი ჯგუფებითა (სახომალდო შენაერთი
ერთი ავიამზიდით) და ავიამზიდი შენაერთებით (შენაერთი ერთზე მეტი ავიამზიდით და
შესაბამისი რაოდენობის საესკორტო და საცეცხლე მხარდაჭერის ხომალდებით) ომს
აპირებდნენ. 80-იანი წლების დასაწყისიდან, როდესაც ამერიკის სამხედრო-საზღვაო
ფლოტის რიცხოვნების გაზრდის პროგრამა დაიწყო, ავიამზიდი ჯგუფების (რომლებიც 15
უნდა ყოფილიყო, მწყობრში მყოფი მძიმე ატომური და არაატომური ავიამზიდების
რაოდენობის შესაბამისად) ოთხი წყალზედა საბრძოლო ჯგუფით (Surface Action Group -
SAG) გაძლიერების იდეა დაიბადა. ეს წყალზედა ჯგუფები ავიამზიდების გარშემო კი არა,
სახაზო ხომალდების გარშემო უნდა შექმნილიყო და მათ მსოფლიო ოკეანის იმ რაიონებში
უნდა ემოქმედათ, რომლებიც ან საბჭოთა რაკეტმზიდი საზღვაო ავიაციის მოქმედების
რადიუსს მიღმა მდებარეობდა (მხედველობაში გვაქვს საბრძოლო რადიუსი, ჰაერში
საწვავის დამატების გარეშე), ან - ამ რადიუსის უკიდურეს ნიშნულთან, ანდა - სხვა
შემთხვევებში, როდესაც საფრთხე საბჭოთა ავიაციის მხრიდან არ იყო მაღალი.
ფრთოსანი რაკეტა BGM-109 "ტომაჰავკი"
ასეთი რეგიონი იყო, მაგალითად, ხმელთაშუა ზღვა, თუკი მოხერხდებოდა ნატოს ავიაციის
საბრეძნეთისა და თურქეთის საჰაერო სივრცეებში ყოფნის უზრუნველყოფა, აგრეთვე -
სპარსეთის ყურე და მთელი ინდოეთის ოკეანე. რა თქმა უნდა - კარიბის ზღვაც, სადაც
საბჭოთა კავშირს კუბა ჰყავდა საიმედო მოკავშირედ და კიდევ მრავალი სხვა რაიონი.
ასეთი წყალზედა საბრძოლო ჯგუფების მთავარი სამიზნეები საბჭოთა წყალზედა ძალები იყვნენ.
ანუ საქმე გვაქვს ძალიან მნიშვნელოვან მომენტთან: სახაზო ხომალდები, რომლებიც
60-იანი წლებიდან უკვე აღარ იყვნენ სრულფასოვანი ინსტრუმენტები ზღვაზე ბატონობის
მოსაპოვებლად, მწყობრში სწორედ ამ დანიშნულებით - მტრის ფლოტთან საბრძოლველად
ბრუნდებოდნენ.
სახაზო ხომალდების საბრძოლო გამოყენების შეხედულებათა ევოლუცია 80-იანი წლების
განმავლობაში საკმაოდ რთულად მიმდინარეობდა და, ძირითადად, სამსაფეხურიან ჯაჭვში
მოექცა: 80-იანი წლების სულ დასაწყისის შეხედულებით სახაზო ხომალდს დესანტისათვის
საარტილერიო ცეცხლით უნდა დაეჭირა მხარი, საბჭოთა ხომალდები კი რაკეტებით უნდა
გაენადგურებინა. 80-იანი წლების შუახანების შეხედულებით ხსენებული ამოცანები
ადგილებს იცვლიდა: ახლა პრიორიტეტული ხდებოდა საბჭოთა ხომალდებთან რაკეტებითა და
ქვემეხებით ბრძოლა, დესანტის მხარდაჭერა კი მეორეხარისხოვანი იყო, 80-იანი წლების
მეორე ნახევრიდან კი დესანტის მხარდაჭერა დღის წესრიგიდან საერთოდ მოიხსნა,
სამაგიეროდ კი დაემატა სანაპიროზე დარტყმისთვის განკუთვნილი ბირთვულქობინიანი
ფრთოსანი „ტომაჰაუკები“, რაც ნიშნავდა, რომ საბჭოთა კავშირს დამატებითი თავის
ტკივილი უჩნდებოდა: ბალისტიკური ბირთვული რაკეტებით აღჭურვილი ატომური წყალქვეშა
ნავებისა და ბირთვული ბომბებით დატვირთული ასევე ატომური ავიამზიდების გარდა
საბჭოთა ტერიტორიას ბირთვული „ტომაჰაუკებით“ აღჭურვილი წყალზედა ხომალდებიც
ემუქრებოდნენ, რომელთა შორისაც 80-იანი წლების დასაწყისისთვის ყველაზე მძლავრად
სწორედ „აიოვების“ შეიარაღება იგეგმებოდა.
რასაკვირველია, აღწერილი ამოცანების შესასრულებლად ვეტერანი სახაზო ხომალდების
მოდერნიზაცია იყო საჭირო და ამ საქმეს ამერიკელებმა მთელი გულმოდგინებით მოჰკიდეს
ხელი. მოდერნიზაციის დაწყების მომენტისთვის „ტომაჰაუკის“ ხომალდსაწინააღმდეგო
ვარიანტი დღის წესრიგიდან მოიხსნა და ეს ფრთოსანი რაკეტები მოდერნიზებულ სახაზო
ხომალდებზე მხოლოდ სანაპიროს საწინააღმდეგო ვარიანტის სახით მოხვდნენ, მტრის
ფლოტის წინააღმდეგ მოქმედების ამოცანები კი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა
„ჰარპუნებს“ და, თუ მოხერხდებოდა, არტილერიას დაეკისრა.
მოდერნიზებულმა სახაზო ხომალდებმა მიიღეს სრულიად ახალი რადიოსალოკაციო სისტემები,
თანამედროვე სტანდარტებამდე განახლებული რადიოელექტრონული შეიარაღება, ინფორმაციის
ურთიერთგაცვლის სისტემები, რომლებიც ხომალდებს სამხედრო-საზღვაო ფლოტის მართვის
ავტომატიზირებულ სისტემებში რთავდა, თანამგზავრული კავშირის სისტემები.
უზრუნველყოფილი იქნა ტორპედების ჰიდროაკუსტიკური წინაღობის სისტემის გამოყენება,
ცოტა მოგვიანებით სახაზო ხომალდებზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებისთვის
საჭირო ყველა აუცილებელი მოწყობილობაც გაჩნდა (შემდგომში ასეთი უპილოტო საფრენი
აპარატი „პიონერი“ რეალურ საბრძოლო მოქმედებებში გამოიყენა „ვისკონსინმა“), კიჩოზე
კი ვერტმფრენების დასაშვები მოედნები მოეწყო. თუმცა მთავარი საქმე შეიარაღების
განახლება გახდა: 127 მმ-იანი ქვემეხების ნაწილის ნაცვლად „აიოვებმა“ შეჯავშნულ
ამოსაწევ დანადგარებში მოთავსებული 32 ფრთოსანი „ტომაჰაუკი“ მიიღეს. დღეს ეს
რაოდენობა დიდი აღარაფერია, თუმცა მაშინ - 80-იანების პირველ ნახევარში - მსგავსი
არავის ჰქონდა.
ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა
"ჰარპუნის" გასაშვები დანადგარი
Mk.141. ფოტოზე მარჯვენა ზედა კუთხეში -
20 მმ-იანი ექვსლულიანი "ფალანკსი"
ვერტიკალური გასაშვები დანადგარები Mk.41 იმ დროს ჯერ კიდევ ექსპერიმენტული სახით
არსებობდა და, ამგვარად, სახაზო ხომალდები სარაკეტო ზალპის მხრივ ჩემპიონები
გახდნენ. წყალზედა ხომალდების წინააღმდეგ თითოეულ „აიოვას“ 16 „ჰარპუნი“ ჰქონდა, რაც
ასევე ძალიან ბევრი იყო. უფრო მეტი რაოდენობის „ჰარპუნების“ ჩატვირთვა მხოლოდ Mk.13
ან Mk.26 ტიპის გამშვებ დანადგარებში იყო შესაძლებელი, მაგრამ ეს დანადგარები
„ჰარპუნების“ გაშვების შესაძლებლობას Mk.13-ის შემთხვევაში ყოველ 20 წამში ერთი
რაკეტის, Mk.26-ის შემთხვევაში კი ყოველ 20 წამში ორი რაკეტის ინტერვალით იძლეოდა.
„აიოვებზე“ გამოყენებული Mk.141 დანადგარიდან კი „ჰარპუნების“ გაშვება მეტად
მჭიდრო ზალპით და მცირე გაქანებით იყო შესაძლებელი, რაც კრიტიკულად ფატალური იყო
ისეთი მძლავრი საბჭოთა ხომალდების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის „შესანგრევად“,
როგორებიც, მაგალითც 1144 პროექტის ატომური სარაკეტო კრეისერები გახლდათ.
თავისი საბოლოო სახით თითოეულ „აიოვას“ 32 „ტომაჰაუკი“, 16 „ჰარპუნი“, 3 კოშკში
განლაგებული ცხრა 406 მმ-იანი ქვემეხი, 6 კოშკში განლაგებული 12 უნივერსალური 127
მმ-იანი ქვემეხი და 4 ექვსლულიანი 20 მმ-იანი საზენიტო-საარტილერიო კომპლექსი
„ფალანკსი“ ჰქონდა. გემბანის სხვადასხვა წერტილში ხელის გადასატანი
საზენიტო-გამშვებ დანადგარის „სტინგერის“ ოპერატორების პოზიციები მოეწყო. სახაზო
ხომალდების ჯავშანი წინანდებურად უზრუნველყოფდა აბსოლუტურ დაცვას 250 კგ-მდე
ბომბებისგან, უმართავი რაკეტებისა და მსუბუქი მართული რაკეტებისგან. „აიოვების“
საზენიტო შეიარაღებისა და დაცვის ანალიზიდან გამომდინარე, თამამად შეიძლება
დავასკვნათ, რომ მოდერნიზებული სახაზო ხომალდი საბჭოთა ავიამზიდი კრეისერიდან
აფრენილი Як-38-ების მთელი პოლკის (36 ერთეული) დარტყმას გარანტირებულად
გადაურჩებოდა.
ჩემი აზრით, ასეთი მოდერნიზებული სახაზო ხომალდები საბჭოთა ფლოტის წინააღმდეგ
გამოყენება სავსებით რეალისტური გახლდათ.
წყალზედა საბრძოლო ჯგუფის შემადგენლობაში უნდა შესულიყო „აიოვას“ კლასის
მოდერნიზებული სახაზო ხომალდი, „ტიკონდეროგას“ კლასის ერთი სარაკეტო კრეისერი და
„არლი ბერკის“ კლასის სამი მართული სარაკეტო შეიარაღების მქონე საესკადრო
ნაღმოსანი. რეალობაში ასეთი საბრძოლო ჯგუფების ფორმირება მანამ დაიწყო, სანამ
ამერიკის შეერთებული შტატები „არლი ბერკების“ სერიული წარმოების კონვეიერს ჩართავდა,
ამიტომ ჯგუფების შემადგენლობა თავიდან არაერთგვაროვანი იყო, თუმცა ეფექტური
ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის მქონე ხომალდები მათ შემადგენლობაში თავიდანვე შედიოდა
და სიტუაცია, როდესაც, ერთმანეთთან მიახლოების პროცესში, ამერიკული SAG და საბჭოთა
КУГ (Корабельная Ударная Группа) ჯერ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების ზალპებს
გაცვლიდნენ, შემდეგ საზენიტო რაკეტებს დაუშენდნენ ერთმანეთს (რომლებიც ორივე
მხარეს არც ისე ბევრი დარჩებოდა მოწინააღმდეგის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების
მასირებული თავდასხმის მოგერიების შემდეგ) და ბოლოს რაკეტების ამ სეტყვას
გადარჩენილი ნარჩენებით ერთმანეთს საარტილერიო ბრძოლის დისტანციაზე
მიუახლოვდებოდნენ, აბსოლუტურად რეალისტური ჩანდა... და სწორედ ამ მომენტში 406
მმ-იანი ქვემეხები იტყოდნენ თავიანთ ავტორიტეტულ სიტყვას: არანაკლებს, ვიდრე - 16
„ჰარპუნი“. რა თქმა უნდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ამერიკული ჯგუფის დანარჩენი
ხომალდები სახაზო ხომალდს საბჭოთა რაკეტებისგან სათანადოდ დაიცავდნენ, თუნდაც
საკუთარი დაღუპვის ფასად.
წყალზედა საბრძოლო ჯგუფი (SAG) კოდით "რომეო":
ცენტრში - სახაზო ხომალდი "ნიუ ჯერსი", მის მარჯვენა ბორტზე - ატომური სარაკეტო კრეისერი "კლივლენდი",
ცენტრში - სახაზო ხომალდი "ნიუ ჯერსი", მის მარჯვენა ბორტზე - ატომური სარაკეტო კრეისერი "კლივლენდი",
მარცხენა ბორტზე - სარაკეტო საესკადრო ნაღმოსანი "მერილი", წინ - ფრეგატები "ტათჩი" და "კოუპლენდი",
უკან - უზრუნველყოფის ხომალდი "უაბაში".
ასეთ ჯგუფთან საბჭოთა არაავიამზიდი წყალზედა ხომალდების ჯგუფის შეხვედრა (მაგალითად 58 პროექტის სარაკეტო კრეისერის, 68 პროექტის საარტილერიო კრეისერის, ორი-სამი ნებისმიერი კორვეტის, ფრეგატის ან საესკადრო ნაღმოსნის (გარდა, ალბათ, 956 პროექტისა) შემადგენლობით) ამ უკანასკნელთათვის
პრაქტიკულად სასიკვდილო იყო.
იგეგმებოდა ავიამზიდებისა და სახაზო ხომალდების ერთობლივი გამოყენებაც, თუმცა
ამერიკელებმა, რომლებმაც ცივი ომის დასრულებისა და საბჭოთა კავშირის ლიკვიდაციის
შემდეგ, უკვე 2000-იან წლებში, ბოროტების იმპერიის გასანადგურებლად აღორძინებული
სახაზო ხომალდებისთვის შექმნილ თავიანთ სტრატეგიულ და ოპერატიულ დოკუმენტებს
საიდუმლო გრიფი მოხსნეს და გაასაჯაროეს, იგივე არ გააკეთეს ამავე სახაზო ხომალდების
გამოყენების ტაქტიკასთან და ხერხებთან მიმართებაში და, ამიტომ, ზოგიერთი საკითხის
თაობაზე მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა თუა შესაძლებელი. მიუხედავად ამისა, ვიდეოდადასტურებით
შემდგარი ფაქტია, რომ, მაგალითად, SinEx-ის
სერიის სამხედრო-საზღვაო სწავლებებში მოდერნიზებული სახაზო ხომალდები წყალზედა
სამიზნეების საარტილერიო ცეცხლით განადგურების ამოცანებს რეგულარულად ამუშავებდნენ.
სახაზო ხომალდ "მისურის" ცეცხლი
სამხედრო-საზღვაო სწავლება
SinEX'89-ს მიმდინარეობისას.
ამგვარად, 80-იანი წლების დასაწყისიდან სახაზო ხომალდები კვლავ თავისი
თავდაპირველი დანიშნულებით - ზღვაზე ბატონობის მოპოვებისთვის საბრძოლველად ჩადგნენ
მწყობრში. თუმცა ამჯერად ისინი სამხედრო-საზღვაო ძალების ერთიანი სისტემის
ელემენტები გახდნენ და კონკრეტული ამოცანების შესრულებაზე იყვნენ პასუხისგებელნი
და არა - სტრატეგიულ-ოპერატიულ-ტაქტიკური მნიშვნელობით და საბრძოლო ღირებულებით
პირველი ან მეორე ელემენტები. თუმცა აბსოლუტურად უდავოა, რომ ავიამზიდების გარეშე
მოქმედი წყალზედა საბრძოლო ჯგუფების სიძლიერე მოდერნიზებული სახაზო ხომალდებით
ბევრად უფრო მაღალი იყო, ვიდრე - მათ გარეშე.
შემდგომი მოვლენები ცნობილია: პირველად, 1982 წელს, მწყობრში მოდრენიზაციაგავლილი
„ნიუ ჯერსი“ ჩადგა, მეორე 1984 წელს „აიოვა“ იყო, მესამე, 1986 წელს - „მისური“ და
მეოთხე, 1988 წელს - „ვისკონსინი“. 1988-1990 წლებში მწობრში ოთხი სახაზო ხომალდი
იყო: იმდენივე, რამდენიც საბჭოთა ფლოტის შემადგენლობაში - ავიამზიდი კრეისერები და
უფრო მეტი, ვიდრე - ავიამზიდები ბრიტანულ ფლოტში.
დამეთანხმეთ, რომ ფანტასტიური შედეგია ხომალდების იმ კლასისთვის, რომლებიც
ავიამზიდებმა ჯერ კიდევ 40-45 წლის წინ, მეორე მსოფლიო ომისას „შეცვალეს“.
მოდერნიზებულ სახაზო ხომალდებს ამერიკა აქტიურად იყენებდა საბჭოთა კავშირზე
ზეწოლის ინსტრუმენტად. ისინი ბალტიის ზღვაში ატარებდნენ საარტილერიო სროლებს,
ლაშქრობდნენ ნორვეგიისა და ოხოტის ზღვებში. ამერიკელი ერი აღმავლობის გზას ადგა,
კომუნიზმის განადგურების იდეამ მასები დაიპყრო, რის პასუხადაც ტომ კლენსი და მისი
ალტერნატიული ისტორიის დეტალურად გააზრებული და გაწერილი ნაწარმოებები,
ვიდეოთამაში „ჰარპუნი“ და „ზღვის ლომებსა“ თუ ავიამზიდ ავიაციაზე გადაღებული
არაერთი ფილმი გამოჩნდა: ეპოქის სულისკვეთებას ასეთი ნაწარმოებები დღემდე ყველაზე
კარგდ გადმოსცემენ; „თოფ განის“ ფართო ეკრანებზე გამოსვლისას კინოთეატრებში ფოიეებში
ფლოტის დამქირავებელი პუნქტები იყო მოწყობილი და ახალგაზრდობის დიდი მასა პირდაპირ
კინოთეატრებიდან მიემართებოდა საზღვაო სამსახურში. ეს იდეური აღმაფრენა უდიდეს
გავლენას ახდენდა ამერიკელთა საომარ მზადყოფნაზე და საბჭოთა კოლეგებისთვის მათი ამ
მზადყოფნის დემონსტრირებაზე. მეორე მსოფლიო ომიდან გამოყოლილი თავისი საბრძოლო
დიდებით და 80-იანი წლებისთვის უახლესი შეიარაღებითა და აღჭურვილობით ამერიკული
სახაზო ხომალდები თავიანთ პროპაგანდისტულ მისიას ისეთი ზედმიწევნით ასრულებდნენ,
როგორც - სხვა არავინ.
სახაზო ხომალდებს კვლავ მოუხდათ ბრძოლებში ჩართვა, თუმცა კვლავ - ნაპირის
წინააღმდეგ. 1983 წლის 14 დეკემბერსა და 1984 წლის 8 თებერვალს „ნიუ ჯერსიმ“ მთავარი
კალიბრის ქვემეხებით ორჯერ დაბომბა სირიის არმიის პოზიციები ლიბანში.
„მისურიმ“ და „ვისკონსინმა“ სპარსეთის ყურის პირველ ომში, 1991 წელს წარმოაჩინეს
თავისი შესაძლებლობები. სახაზო ხომალდები უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით
აწარმოებდნენ დაზვერვასა და ცეცხლის კორექტირებას და არაერთი, ერაყის არმიის
ქვეგანაყოფებისთვის მეტად მტკივნეული დაბომბვაც განახორციელეს. თანაც მთავარი
კალიბრის გასროლილი ჭურვების რაოდენობა თითოეული ხომალდისთვის ასობით ერთეულს
ითვლიდა, ჯამში კი ათას ჭურვს გადააჭარბა.
ერაყელთა ერთ-ერთი ქვეგანაყოფი დაზვერვისა და ცეცხლის კორექტირებისთვის გაგზავნილ
„ვისკონსინის“ უპილოტო საფრენ აპარატს მიწიდან აქტიურად აჩვენებდა დანებების განზრახვას
და, საბოლოოდ, დანებდა კიდეც, რათა კვლავ არ მოხვედრილიყო 406 მმ-იანი ქვემეხების
ცეცხლქვეშ: ხმელეთის სიღრმეში განლაგებული საარმიო ქვეგანაყოფის სახაზო ხომალდისა
და უპილოტო საფრენი აპარატისთვის ტყვედ დანებება სამხედრო ისტორიაში მართლაც
უნიკალური შემთხვევაა და ანალოგი დღემდე არ მოეძებნება.
უპილოტო საფრენი აპარატი "პიონერი"
უპილოტო საფრენი აპარატის მიღება-გაშვების პერსონალი "აიოვაზე".
„ვისკონსინმა“ და „მისურიმ“ 1991 წლის ომში ასევე ხმელეთის წინააღმდეგ გამოიყენეს „ტომაჰავკის“
კლასის ფრთოსანი რაკეტები: „ვისკონსინმა“ 24 ასეთი რაკეტა გაუშვა, „მისურიმ“ – 28.
საბოლოო ჯამში სახაზო ხომალდების მოქმედება 80-90-იანი წლების ომებშიც ისეთივე
უკიდურესად წარმატებული აღმოჩნდა, როგორიც ყველა მანამდელ ომში, სადაც ისინი
გამოიყენეს.
"ტომაჰავკების" გასაშვები დანადგარი
"ნიუ ჯერსიზე"
უკანასკნელი რეაქტივაციის შემდეგ ბრძოლა მხოლოდ „აიოვამ“ ვერ მოახერხა: 1989 წლის
18 აპრილს, კარიბის ზღვაში სასწავლო სროლებისას, მთავარი კალიბრის №2
კოშკის ცენტრალური ქვემეხის განყოფილებაში აფეთქება მოხდა, რასაც კოშკის
პერსონალის 47 მოსამსახურის სიცოცხლე შეეწირა, მთლიანად კოშკმა კი მძიმე
დაზიანებები მიიღო. წლის ბოლომდე სახაზო ხომალდი უმოქმედო №2
კოშკით დაცურავდა, 1990 წლის 26 იანვარს კი რეზერვში გაიყვანეს. ამგვარად,
„აიოვას“ რეალური სამხედრო კარიერა №2 კოშკში მოულოდნელ აფეთქებასთან ერთად დასრულდა,
თუმცა მოწინააღმდეგეებზე ფსიქოლოგიურ ეფექტს ეს ხომალდი რეზერვში გაყვანის
მომენტამდე წინანდებურად ახდენდა.
1990 წლიდან სახაზო ხომალდების ერამ საბოლოოდ იწყო დასრულება: „აიოვას“ რეზერვში
გაყვანას ანალოგიური ქმედება მოჰყვა „ნიუ ჯერსისთვის“ 1991 წლის 8 თებერვალს, 30
სექტემბერს - „ვისკონსინისთვის“ და 1992 წლის 31 მარტს - „მისურისთვის“.
სწორედ 1992 წლის 31 მარტი გახდა მსოფლიოს ფლოტების ისტორიაში სახაზო ხომალდების
სამსახურის დამამთავრებელი დღე და არა - რომელიმე სხვა. თანაც აუცილებლად უნდა
აღვნიშნოთ, ისინი საერთოდ კი არ ჩამოწერეს, არამედ კვლავ რეზერვში გაიყვანეს.
ფლოტს ეს ხომალდები აღარ სჭირდებოდა. პრობლემატური ხდებოდა მათი ექსპლუატაცია: მათთვის
სათადარიგო ნაწილებს დიდი ხანია, აღარ აწარმოებდნენ და ადრე დაგროვილი მარაგებიც
ამოიწურა, მათი ტექნიკური მდგომარეობის სათანადო დონეზე შენარჩუნება უზარმაზარ
ძალისხმევასა და დიდ იმპროვიზაციას მოითხოვდა: მხოლოდ უკანასკნელი რეაქტივაცია
დაჯდა 1,5 მილიარდი დოლარი. პრობლემატური გახდა პერსონალი უძველესი ქვაბების,
სატურბინო დანადგარებისა და ტურბოხრახნიანი აგრეგატებისთვის. აღარ აწარმოებდნენ
ქვემეხების ლულებსა და ლაინერებს მათთვის. საერთო ჯამში მოდერნიზებული სახაზო
ხომალდები საჭირო იყო საბჭოთა კავშირისთვის ხელის მოსათავებლად და მანამ, სანამ
ახალი თაობის რაკეტებისთვის ასევე ახალი თაობის ვერტიკალური გასაშვები დანადგარები
და მათი ხომალდზევე გადასატენი მოწყობილობები არ გამოჩნდა. საბჭოთა კავშირის
დასრულებასთან ერთად მოდერნიზებული სახაზო ხომალდებისთვის აღარ დარჩა
მოწინააღმდეგე, რომელთა წინააღმდეგაც ასეთი კოლოსალური შესაძლებლობებისა და
კოლოსალური ხარჯის მქონე ხომალდები იქნებოდა საჭირო. ჩინური სამხედრო რენესანსი
90-იანებში რომ დაწყებულიყო, შესაძლოა, კვლავ გვეხილა სახაზო ხომალდების მორიგი
რეაქტივაცია, მაგრამ 90-იანებში ამერიკას ზღვაზე მოწინააღმდეგე უბრალოდ აღარ
ჰყავდა.
მიუხედავად ამისა, ამერიკის კონგრესი 1998 წლამდე არ იძლეოდა სახაზო ხომალდების
რეზერვიდან გაყვანისა და ჩამოწერის უფლებას და მხოლოდ შემდეგ დაიწყო მათი
სამუზეუმო ექსპონატებად ქცევა, რაც უკანასკნელ სახაზო ხომალდს - „აიოვას“ მხოლოდ
2011 წელს ერგო ბედად.
"ვისკონსინი" - სამუზეუმო ექსპონატი.
"მისური" - სამუზეუმო ექსპონატი.
"ნიუ ჯერსი" - სამუზეუმო ექსპონატი.
"აიოვა" - სამუზეუმო ექსპონატი.
მაშ რატომ აღარ არიან სახაზო ხომალდები?
დასაწყისისთვის დავასკვნათ, რომ მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას არანაირი სახაზო ხომალდის,
როგორც ომის წარმოების საშუალების სიკვდილზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება: 50-იანი
წლების შუახანებამდე სახაზო ხომალდები მონდომებულად მსახურობდნენ, ამერიკულ და
ფრანგულ სახაზო ხომალდებს კი ბრძოლებშიც მოუხდათ მონაწილეობის მიღება. ისინი მეორე
მსოფლიო ომის დასრულებიდან კიდევ 10 წლის განმავლობაში იყვნენ ზღვაზე ბრძოლისთვის
საჭირო და მოთხოვნადი საბრძოლო საშუალებები, კვლავინდებურად გრძელდებოდა მათი
საბრძოლო გამოყენების თეორიის, სტრატეგიისა და ტაქტიკის დახვეწა, ორმა ქვეყანამ -
საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა კი თითო სახაზო ხომალდიც შეიყვანეს მწყობრში
მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ. ამასთან ერთად მეორე მსოფლიო
ომისდროინდელი სახაზო ხომალდები არც ამერიკელებმა და არც ბრიტანელებმა არ
ჩამოწერეს: რეზერვში ჰყავდათ და მზად იყვნენ მათი რეაქტივაციისთვის. ამერიკული ხომალდები
რეგულარულ მოდერნიზაციასაც კი გადიოდნენ.
საბჭოთა კავშირი იძულებით დარჩა სახაზო ხომალდის გარეშე 1955 წელს: რომ არა
აფეთქება, „ნოვოროსიისკი“ კიდევ დიდხანს დარჩებოდა მწყობრში.
1962 წლის შემდეგ მსოფლიოში მხოლოდ „აიოვას“ კლასის ოთხი სახაზო ხომალდი დარჩა ფლოტის
რეზერვში. შემდგომში მათ მონაწილეობა მიიღეს კიდევ 3 სამხედრო კონფლიქტსა
(ვიეტნამი, ლიბანი, ერაყი) და ერთ გრანდიოზულ, გლობალურ და, მართალია „ცივ“,
მაგრამ - მაინც ომში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. თანაც მოდერნიზებული სახაზო
ხომალდები 80-იანი წლების ბოლოსკენ თავისი დამრტყმელი პოტენციალით მსოფლიოში
ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი საბრძოლო ერთეულები იყვნენ, თუმცა თანამედროვე მართული
სარაკეტო და ნავსაწინააღმდეგო შეიარაღების მქონე ხომალდების მხარდაჭერის გარეშე
მოქმედება უკვე აღარ შეეძლოთ. სარაკეტო შეიარაღებით აღჭურვილი მოდერნიზებული
სახაზო ხომალდების საბრძოლო გამოყენების თეორიაც აქტიურად ვითარდებოდა: ისინი
რეალური საბრძოლო ხომალდები იყვნენ და არა - მუზეუმიდან იძულებით სამსახურში
გაწვეული ექსპონატები. იბრძოდნენ მეტად ეფექტურად, თუმცა - ნაკლებად ინტენსიურად.
მაშ რაღამ გამოიწვია საბოლოო ჯამში სახაზო ხომალდების გაქრობა? ავიამზიდებმა?
აშკარად არა: ზემოთ მოყვანილმა მაგალითებმა თვალნათლივ აჩვენა, რომ, ეს რომ ასე
ყოფილიყო, აღარ გვექნებოდა 46-წლიანი აქტიური სამსახური და არაერთი საბრძოლო
გამოყენება მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. იქნებ ის მითია მართალი, რომ
სახაზო ხომალდების გაქრობა ბირთვული და სარაკეტო შეიარაღების გამოჩენამ და
გავრცელებამ გამოიწვია?
წმინდა ლოგიკური თვალსაზრისით ვერც ბირთვული და სარაკეტო შეიარაღება იქნება სახაზო
ხომალდების გაქრობის მიზეზი: სხვანაირად ამერიკელები არ ჩაუტარებდნენ რეზერვში
მყოფ თავიანთ სახაზო ხომალდებს ისეთ გრანდიოზულ და ძვირადღირებულ მოდერნიზაციას,
რამაც „აიოვები“ მოკლე ხნით, მაგრამ მაინც აქცია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ
დამრტყმელ ხომალდებად. სახაზო ხომალდი მართლაც პრაქტიკულად უძლურია ბირთვული
იარაღის წინააღმდეგ, მაგრამ ეს მოსაზრება თანაბრად სამართლიანია ნებისმიერი სხვა
კლასის საბრძოლო (და - არა მხოლოდ!) ხომალდისთვისაც: პირველი ხომალდები, რომლებშიც
კონსტრუქციულ და კონცეპტუალურ დონეზე იყო მიღებული ზომები ბირთვული იარაღის წინააღმდეგ,
გაცილებით გვიან გამოჩნდა.
რასაკვირველია, სახაზო ხომალდი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტის წინაშეც საკმაოდ
მოწყვლადია, თუმცა - გაცილებით ნაკლებად, ვიდრე, მაგალითად, „ნოქსის“ ან „გარსიას“
კლასის ფრეგატები. არადა, ხსენებული ფრეგატები ძალიან დიდხანს მსახურობდნენ და
საერთოდ, ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების გამოჩენასა და გავრცელებასთან ერთად ფრეგატი, როგორც კლასი, ფლოტიდან არ გამქრალა.
მაშასადამე, არც ეს არგუმენტია ღირებული. გარდა ამისა, როგორც 80-იანმა წლებმა
აჩვენა, სახაზო ხომალდი სარაკეტო შეიარაღების სავსებით სრულფასოვანი მატარებელი
იყო: ზომებისა და გაბარიტების წყალობით მასზე მეტად შთამბეჭდავი სარაკეტო
არსენალის განლაგება იყო შესაძლებელი. 60-70-იანი წლების ეპოქის დიდი გაბარიტის
მქონე ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებისთვის ეს არგუმენტი აბსოლუტურად ურყევი იყო და
იმ პერიოდში სახაზო ხომალდების სარაკეტო შეიარაღების მატარებელ ხომალდებად
გადაკეთების არაერთი პროექტი არსებობდა.
აბა, ვცადოთ და გავყოთ შეკითხვა „რატომ გაქრნენ სახაზო ხომალდები?“ ორ ნაწილად:
რატომ ჩამოწერეს არსებული სახაზო ხომალდები და რატომ აღარ ააგეს ახლები მათ
ნაცვლად? სწორედ აქაა დამალული ნაწილობრივი პასუხი: ყველა ქვეყანა, რომელსაც
სახაზო ხომალდი ჰყავდა, საკმაოდ ხანგრძლივად იყენებდა მათ და იყენებდა მანამ,
სანამ ისინი უბრალოდ ფიზიკური ცვეთის გამო არ გახდნენ სრულიად უვარგისები.
მაგალითისთვის საბჭოთა კავშირიც კმარა, სადაც ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის
დასაწყისში აგებული სახაზო ხომალდები („სევასტოპოლი“ და „ოქტიაბრსკაია რევოლუცია“
(ყოფილი „განგუტი“)) 1954 წლამდე ჰყავდათ მწყობრში, სანამ ისინი აბსოლუტურად არ
გაცვდა, თუმცა საბრძოლო ღირებულება კარგა ხნის წინ ჰქონდათ უკვე დაკარგული.
მსგავსი მაგალითია ამერიკაც: მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე დაწყებული და
მწყობრში 1942 წლის პირველ ნახევარში ერთიმეორის მიყოლებით შეყვანილი „საუთ
დაკოტას“ კლასის ოთხი სახაზო ხომალდი („საუთ დაკოტა“, „ინდიანა“, „მასაჩუსეტსი“ და
„ალაბამა“) ომის დასრულებისთანავე რეზერვში გაიყვანეს და მწყობრში დაბრუნებისთვის
მუდმივ მზადყოფნაში 60-იანი წლების დასაწყისამდე ჰყავდათ. „აიოვების“ შემთხვევაში
ყველაფერი ისედაც ცხადია.
სახაზო ხომალდები, რომლებსაც კიდევ შეეძლოთ სამსახური, მხოლოდ დიდმა ბრიტანეთმა
ჩამოწერა და უკვე ვიცით, რომ ამის მიზეზი ფულის ბანალური უკმარისობა იყო: მწყობრში
თუნდაც ორიოდე ხომალდის დატოვების ოპერატიული და ტაქტიკური არგუმენტები
ბრიტანელებს ზუსტად იმდენივე ჰქონდათ, რამდენი მსხვილი საარტილერიო ხომალდიც
(კრეისერები და სახაზო ხომალდები) ითვლებოდა საბჭოთა ფლოტის შემადგენლობაში.
რაც შეეხება სახაზო ხომალდების მასობრივ გაქრობას: ისინი ფლოტების შემადგენლობიდან
მხოლოდ ფიზიკური ცვეთისა და ყოველი კონკრეტული ხომალდის მოძველების გამო ქრებოდნენ.
გამონაკლისია მხოლოდ დიდი ბრიტანეთი, რომელსაც სახაზო ხომალდის/ხომალდების
ექსპლუატაციისთვის ფული არ ჰყოფნიდა. არსად მომხდარა ისე, რომ ჩამოეწერათ და
„ნემსებად დაეჭრათ“ შედარებით ახალი, კარგი და სამსახურისთვის ვარგისი სახაზო
ხომალდი. ასეთი რამ უბრალოდ არ ყოფილა და ეს ნიშნავს, რომ ამკლასის ხომალდებს
რეალური საბრძოლო ღირებულება გააჩნდათ საბოლოო დასასრულამდე. ეს მართლაც ასე იყო.
პასუხი კითხვაზე „რატომ გაქრა სახაზო ხომალდი?“ ძევს კითხვა „რატომ შეწყვიტეს სახაზო
ხომალდების მშენებლობა?“-ს პასუხში. მართლაც: სახაზო ხომალდები ხომ 90-იანი წლების
დასაწყისამდე ომობდნენ და ომობდნენ ძალიან კარგად - მათი „მოძველებული“ დიდი
ქვემეხებიც კი სათანადო როლს ასრულებდნენ და მნიშვნელოვანი საბრძოლო ღირებულება
გააჩნდათ.
სახაზო ხომალდის გაქრობა სხვადასხვა მიზეზთა რთულმა და კომპლექსურმა ერთობლიობამ
გამოიწვია.
სახაზო ხომალდი რთული ნაგებობა იყო. მხოლოდ უზარმაზარი კალიბრის ზემძლავრი
ქვემეხების შექმნა და წარმოებაც კი უზარმაზარ თანხებსა და უმაღლესი კლასის საინჟინრო,
საწარმოო და სამრეწველო კულტურას, პოტენციალსა და სიმძლავრეებს მოითხოვდა, რომ
აღარაფერი ვთქვათ ტურბინებზე, ქვაბებზე, ტურბოხრახნიან აგრეგატებზე, ჯავშნის
ფილებზე, კოშკებისა და საარტილერიო სარდაფების მექანიზმებზე, ცეცხლის მართვისა და
კავშირგაბმულობის სისტემებსა და რადიოლოკატორებზე. იმავე საბჭოთა კავშირმა სახაზო
ხომალდი „ვერ გაქაჩა“, თუმცა ქვემეხი კი შექმნეს. მაგრამ ქვემეხი მხოლოდ ქვემეხია
და არა - ხომალდი. ანალოგიურად რთული და ძვირადღირებული ამოცანაა ასეთი
ხომალდისთვის ეკიპაჟისა და სამეთაურო შემადგენლობის მომზადება და, საბოლოო ჯამში,
როგორც ფულის, ასევე რესურსების ხარჯვა მხოლოდ მანამ იყო გამართლებული, სანამ
სახაზო ხომალდის ამოცანების შესრულება სხვა ხერხებით არ გახდა შესაძლებელი.
მაგალითად - საზღვაო დესანტის საცეცხლე მხარდაჭერა: ღირს კი სახაზო ხომალდის აგება
და მწყობრში შეყვანა მხოლოდ ამ ამოცანისთვის? არა, არ ღირს: შეიძლება საშუალო
კალიბრით შეიარაღებული უფრო მრავალრიცხოვანი ხომალდების თავმოყრა. ნაპირიდან
წინააღმდეგობის პირობებში დესანტის გადასხმა 50 წელიწადში ერთხელ თუ ხდება და
მსოფლიოს მრავალი ქვეყანა ამას ან კიდევ უფრო იშვიათად, ანდა საერთოდ არასდროს
აკეთებს. თუკი ამ შემთხვევებისთვის სახაზო ხომალდია „თადარიგში“, ძალიანაც კარგი,
მაგრამ თუ არაა - არაუშავს: არსებობს სხვა კლასის ხომალდები, რომლებმაც, შესაძლოა,
ჯამში ასობით ჭურვი გახარჯონ სახაზო ხომალდის ათი ჭურვის ნაცვლად, მაგრამ თუ
საჭიროა, ისინი ამოცანას შეასრულებენ. არსებობს ავიაცია და, თუკი მოწინააღმდეგე
სანაპიროზეა ჩასანგრებული და გაფანტული, მისი ნაპალმით განადგურება შეიძლება, ხოლო
თუ ბუნკერშია, არსებობს მართული ან ვაკუუმის ბომბები და შესაძლებლობა, ასეთი
ბომბები ზუსტად „დაასვან“ ბუნკერს. ავიაციაც და უფრო მცირე კლასების ხომალდებიც საგრძნობლად
ჩამორჩებიან სახაზო ხომალდს ცეცხლის სიმძლავრით, მაგრამ რაკი ამოცანის შესრულება
სახაზო ხომალდის აგების გარეშეა შესაძლებელი, სახაზო ხომალდს არ ააგებენ.
ავიღოთ წყალზედა ხომალდების განადგურების ამოცანა. ამისთვის არსებობს ავიაცია,
არსებობს კრეისერები, სწორედ 50-იანი წლების ბოლოდან კი - ატომური წყალქვეშა
ნავებიც. ყველა მათგანი უფრო სასარგებლოა, მათ სხვა ამოცანების შესრულებაც
შეუძლიათ, მათი მშენებლობა მაინც საჭიროა და წყალზედა ხომალდების განადგურების
ამოცანასაც შეასრულებენ. მაშ რაღა საჭიროა სახაზო ხომალდის მშენებლობა?
ამგვარად, „ყულაბაში“ სათითაოდ ცვივა ყველაფერი: ავიამზიდი, რომელმაც სახაზო
ხომალდი რანგით უკან დასწია და პირველი ადგილი დაისაკუთრა, ხომალდსაწინააღმდეგო
რაკეტა, რომელიც მართლაც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს თვით სახაზო ხომალდისთვისაც
კი და, ბოლოს, ბირთვული იარაღი, რომლის წინაშეც სახაზო ხომალდს სხვა კლასის
ხომალდთან შედარებით უკვე აღარანაირი უპირატესობა აღარ გააჩნია.
საბოლოო ჯამში სახაზო ხომალდმა არენა იმის გამო დატოვა, რომ აღარ დარჩა ამოცანები,
რომელთა შესასრულებლადაც მისი აგება გამართლებული იყო: ამ ამოცანების შესრულება
სხვა ძალებმა შეძლეს, რომელთა შექმნა-აგება ნებისმიერ შემთხვევაში იყო საჭირო და,
ამგვარად, სახაზო ხომალდისთვის ადგილი აღარ დარჩა. თუკი სახაზო ხომალდის
თანამედროვე, საარტილერიო-სარაკეტო ვარიანტზე და მწყობრში მყოფ იმ ერთეულებზე ვისაუბრებთ,
რომლებიც სასარგებლო და საჭირო საბრძოლო ერთეულებად ბოლომდე დარჩნენ, ისინი კონცეპტუალურად
კი არ მოძველებულა, უბრალოდ, გარკვეული მომენტიდან, აბსოლუტურად ყველა საბრძოლო
ამოცანის შესრულება მათ გარეშე გახდა შესაძლებელი. თანაც, მართალია, მათი ქონა
უკეთესი კი იყო, ვიდრე - არქონა, მაგრამ ამას უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა. იმ
გრანდიოზული თანხებისა და რესურსების ხარჯვა, რაც სახაზო ხომალდის აგებასა და
მწყობრში შეყვანას სჭირდებოდა, აღარ იყო გამართლებული იმ პირობებში, როდესაც სახაზო
ხომალდზე დაკისრებული ყველა ამოცანის შესრულება უკვე სხვა ძალებსაც შეეძლოთ.
ხშირად - უფრო უარესად, ვიდრე სახაზო ხომალდს, მაგრამ, სამაგიეროდ, თითქმის
„უფასოდ“.
საბოლოო ჯამში სახაზო ხომალდი გაქრა იმიტომ, რომ ის ძალიან რთული და
ძვირადღირებული აღმოჩნდა იმ ამოცანების შესასრულებლად, რომელთა შესრულებისთვისაც
იყო განკუთვნილი და, სანამ მის მწყობრში ყოფნას ალტერნატივა არ გააჩნდა, სახაზო
ხომალდების მშენებლობისა და ფლოტის შემადგენლობაში ყოლისსთვის აუცილებელი და გარდაუვალი
გრანდიოზული ხარჯების გაწევაზე ყველა ქვეყანა იყო თანახმა საკუთარი ფინანსური და
სხვა რესურსების შესაძლებლობების ფარგლებში, მაგრამ როგორც კი უმისობის საშუალება
გაჩნდა, ყველამ უმისობა ამჯობინა. ეკონომიის შესაძლებლობა გაჩნდა და ყველამ
ეკონომია გასწია.
სწორედ ეკონომიის შესაძლებლობა გახდა სახაზო ხომალდების გაქრობის მიზეზი და არა -
ავიამზიდები, ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები, ან - ატომური ბომბები.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახაზო ხომალდები „ბუნებრივი მიზეზით დაიხოცნენ“ -
ფიზიკურად დაბერდნენ, ახლები კი უკვე გაუმართლებლად მაღალი ფასის, საჭირო
გრანდიოზული რესურსებისა და წარმოების წარმოუდგენლად მაღალი შრომატევადობის გამო
აღარ ააგეს: ამოცანები, რომლებსაც ადრე ასრულებდნენ სახაზო ხომალდები, ახლა
სხვანაირად, უფრო იაფად სრულდება.
Las Vegas' Wynn Casino - JTM Hub
ReplyDeleteCasino. Wynn is 출장안마 a $4 herzamanindir billion resort with four hotel towers with 5,750 rooms and casinosites.one suites. https://octcasino.com/ Each of the goyangfc hotel towers includes a 20,000 square foot casino and a