იმედი ზეციდან.
Heinkel-111-ის ძრავას მეტისმეტად დამახასიათებელი, პულსირებადი გუგუნის ხმა ჰქონდა, რითაც მას უშეცდომოდ ცნობდნენ. Ил-2-ის დაბალი სიხშირის გუგუნის ხმაც ტოტალური პრობლემების დაწყების უცილობელი ნიშანი იყო ვერმახტის ჯარისკაცებისთვის თითქმის ისევე, როგორც „შტუკას“ სირენების გამაყრუებელი ღმუილი - წითელარმიელებისთვის. ფირმა „კონსოლიდეიტედის“ კონსტრუქციის მფრინავ ამფიბია PBY „კატალინას“ ძრავებს არავითარი განსაკუთრებული ხმა არ ჰქონდათ და მათი ამით ამოცნობა არც ისეთი ადვილი იყო, მაგრამ ეს ხმა შველასა და გადარჩენას ნიშნავდა მოკავშირეთა არქტიკული ქარავნის დაზიანებული, განადგურებული და ჩაძირული ტრანსპორტის ეკიპაჟისთვისაც, წყნარ ოკეანეში ჩავარდნილი და ჩაძირული ამერიკულ-ინგლისური თვითმფრინავების გადარჩენილი მფრინავებისთვისაც და ბრძოლაში განადგურებული და ჩაძირული მოკავშირეთა საბრძოლო ხომალდის გადარჩენილი ეკიპაჟისთვისაც. როგორც ერთ-ერთმა ამერიკელმა მფრინავმა უკვე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თქვა, „როდესაც ცაში „კატალინას“ ვხედავ, ყოველთვის ფეხზე ვდგები და სამხედრო სალამს ვაძლევ!“
„კატალინა“ რომ არა უბრალოდ კარგი თვითმფრინავი, არამედ დიდებული, შესანიშნავი თვითმფრინავი
იყო, მისი სერიული ეგზემპლარების რაოდენობაც მეტყველებს: ვიწროდ სპეციალიზებული, საკმაოდ
სპეციფიკური და არასაბრძოლო მფრინავი ამფიბია 3 305 ეგზემპლარად დამზადდა.
ეს ციფრი რომელიმე სახის გამანადგურებლის, ბომბდამშენის ან მოიერიშეს გამოშვების რაოდენობას
რომ შევადაროთ (მაგალითად, საბჭოთა მოიერიშე Ил-2 მსოფლიოს ისტორიაში საბრძოლო თვითმფრინავისთვის
ყველაზე მრავალრიცხოვანი სერიით - 36 ათას ეგზემპლარად დამზადდა), დიდად გაოცებული ვერ
დავრჩებით, მაგრამ თუკი გავითვალისწინებთ, რომ „კატალინები“ გაცილებით მეტი დამზადდა,
ვიდრე მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ყველა ქვეყნის ყველა კომპანიისა თუ ფირმის მიერ
წარმოებული ყველა მოდელისა და მოდიფიკაციის ყველანაირი დანიშნულების მფრინავი ნავი და ამფიბია ერთად
აღებული, უკვე ყველაფერი თავის ადგილას დგება: „კატალინა“ რეალურად იყო უშესანიშნავესი
თვითმფრინავი. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ზუსტად 80 ერთეული „კატალინა“
დღემდე დაფრინავს! თანაც - არა როგორც სამუზეუმო ექსპონატებიან ავიაშოუებისთვის განკუთვნილი
რარიტეტული აპარატები, არამედ - სახანძრო დაცვის, ან გეოდეზიური სამსახურების თვითმფრინავები
და დედამიწის სხვადასხვა მიყრუებულ კუთხეებში ტურისტთა თუ სხვა სახის ჯგუფების მიყვანა-წამოყვანის
საშუალება.
ანუ „კატალინა“ სერიული წარმოების დაწყებიდან - 1935 წლიდანაა სამსახურში: მთელი
85 წელია! ბევრი ადამიანი თუ ტექნიკური ეგზემპლარი ვერ დაიკვეხნის აქტიური სიცოცხლის
ასეთი ხანგრძლივობით... ლედი „კატალინას“ გარდა.
სხვათა შორის, ამ ამფიბიას სახელწოდება ბრიტანელებმა მიანიჭეს: 1940 წლამდე მას სახელი
საერთოდ არ ერქვა და, როდესაც მეორე მსოფლიო ომში ჩაბმულმა ბრიტანელებმა „უსახელო“
ამფიბიას კალიფორნიასთან მდებარე საკურორტო კუნძულის სახელწოდება მიანიჭეს, ამერიკელებმაც
ერთბაშად და დიდი სიამოვნებით აიტაცეს ეს სახელი.
საერთოდ „კატალინას“ ბედი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა.
მისი დაბადება 1927 წელს დაიწყო, როდესაც ფირმა Consolidated-ის ხელმძღვანელმა რუბენ
ფლიტმა ამერიკის არმიისთვის ბომბდამშენის შესაქმნელად გამოცხადებულ კონკურსში გადაწყვიტა
მონაწილეობის მიღება, რისთვისაც ფირმაში აიზეკ ლედონი მიიწვია.
ფირმამ ბიპლანი-ბომბდამშენი შექმნა და, მართალია, ამ აპარატმა კონკურსში ვერ გაიმარჯვა,
მაგრამ ტექნიკური ბაზა და გათვლები ფირმაში დარჩა. თანაც საკონკურსო ეგზემპლარმა ფრენის საკმაოდ
შთამბეჭდავი სიშორე აჩვენა.
1932 წელს ახლა უკვე ამერიკულმა ფლოტმა გამოაცხადა კონკურსი საპატრულო თვითმფრინავის
შექმნაზე, რომლის ტექნიკური მოთხოვნილებებიც ფირმა Consolidated-ის გათვლებს და უიღბლო პროტოტიპის მონაცემებს გადასარევად მოერგო: ფლოტის
საკონკურსო მოთხოვნილებების მიხედვით თვითმფრინავს საათში 100 მილის სიჩქარით (160
კმ/სთ) არანაკლები 3 000 მილი (4 800 კმ) უნდა ეფრინა, წონა კი 27 ათას ფუნტზე მეტი
(11 340 კგ) არ უნდა ყოფილიყო.
ფირმა Consolidated-ის საცდელი ბომბდამშენი-ბიპლანი ორჯერ ნაკლებს იწონიდა და კომპანიაში
დიდი ოპტიმიზმით შეუდგნენ საქმიანობას, რის შედეგადაც იმდენად ორიგინალური კონსტრუქციის
თვითმფრინავი დაბადა, რომ ლედონს კონსტრუქციაზე პატენტიც კი მიენიჭა (№ 92912).
წარმატება და პროტოტიპის აგების კონტრაქტი პრაქტიკულად ერთდროულად მოვიდა 1933 წელს
და ამ პროტოტიპს XP3Y-1ეწოდა.
Consolidated XP3Y-1 ამფიბიას თავისი დროისთვის საკმაოდ მოწინავე და პროგრესული აეროდინამიკა
ჰქონდა: ფრთების ბოლოში განლაგებული დამხმარე ტივტივები, რომლებიც წყალზე ჯდომისა და
აფრენა-დაშვებისას თვითმფრინავს წონასწორობისა და მდგრადობის შენარჩუნებაში ეხმარებოდა, აფრენის
შემდეგ ფრთაზე იკეცებოდა და ფრთის დაბოლოებებად იქცეოდა. 1934 წლისთვის საკმაოდ პროგრესული
იყო ნაწილობრივ ქსოვილისგან და ნაწილობრივ ლითონისგან დამზადებული გარსაცმიც. საჭის ყველა
ელემენტი ტრიმერებით იყო აღჭურვილი.
კორპუსი ტიხრებით იყო დაყოფილი ხუთ ნაკვეთურად, რაც თვითმფრინავს შესაძლებლობას აძლევდა,
ორი მათგანის წყლით გავსების შემთხვევაშიც კი შეენარჩუნებინა ცურვისუნარიანობა და აფრენის
შესაძლებლობა.
ეკიპაჟი ორი პილოტისგან, შტურმანისგან, რადისტისგან, ბორტინჟინრისგან მსროლელ-ბომბარდირისა
და ორი ბორტმსროლელისგან შედგებოდა.
რაკი ამფიბია საძიებო-სამაშველო მოქმედებისთვის იყო განკუთვნილი, კონსტრუქციაში გათვალისწინებული
იყო კამბუზიც (კვების ბლოკის საზღვაო სახელწოდება) და ხანგრძლივი ფრენისას, ან დროებით სადგომებზე ყოფნის
შემთხვევაში ეკიპაჟის მოსასვენებელი საწოლებიც.
შეიარაღება 3 ტყვიამფრქვევისგან შედგებოდა: ბრაუნინგის 7,62 მმ-იანი ტყვიამფრქვევი
ცხვირის დანადგარში, რომლიდანაც მსროლელ-ბომბარდირი აწარმოებდა ცეცხლს და ასეთივე,
ან 12,7 მმ-იანი კიდევ ორი „ბრაუნინგი“ ბორტებზე არსებულ დანადგარებში. 4 000 ფუნტამდე
(1842 კგ-მდე) წონის ბომბები (თითო - 100 ფუნტიდან (45 კგ.) 1000 ფუნტამდე (452 კგ)
წონის) ფრთებზე მდებარე გარე საკიდებზე იყო განლაგებული.
1935 წლის 21 მარტს პირველი, ცოტად თუ ბევრად წარმატებული გაფრენა განხორციელდა, რასაც
შემდგომი გამოცდები მოჰყვა: უამრავ დადებით თვისებებთან ერთად გამოვლინდა ხარვეზები
მდგრადობასა და მართვისუნარიანობაში, ხოლო ფრენისას კურსზე რყეევები დაბომბვის სიზუსტეზე
უარყოფითად მოქმედებდა.
გამოცდებისას ექსპერიმენტული წესით იქნა შემოწმებული კორპუსის წყალგაუმტარობაც. წყალზე
ერთ-ერთი დაშვებისას ამფიბიის კორპუსში ნახვრეტი წარმოიქმნა, თუმცა ტიხრებმა კორპუსში
შესულ წყალს გაუძლო და თვითმფრინავი არ ჩაძირულა.
კონსტრუქცია გააუმჯობესეს, გააძლიერეს ბომბდამჭერები, დაამატეს კიდევ ერთი წერტილი
ტყვიამფრქვევისთვის და 1935 წლის 29 ივლისს კომპანია Consolidated-მა პირველი 60 სერიული
PBY-1-ის დამზადების შეკვეთა მიიღო: ფირმის სან-დიეგოში მდებარე ქარხანა ამფიბიების სერიული
წარმოებისთვის მზადებას შეუდგა.
ამერიკული ფლოტის წარმომადგენლებს ახალი ამფიბია იმდენად მოეწონათ, რომ პირველი სერიული
ეგზემპლარების მიწოდებას აღარ დაელოდნენ და 1936 წლის 25 ივლისს შეკვეთა კიდევ
50 მანქანით გაზარდეს. საბოლოოდ, ფლოტმა პირველი სერიული მანქანები 1936 წლის 5 ოქტომბერს
მიიღო და ახალი ამფიბიის ათვისებას შეუდგა.
სასეირო ამბავი უკვე 1939 წელს მოხდა, როდესაც, სულ რაღაც 4-წლიანი ექსპლუატაციის შემდეგ, ამერიკულმა
ფლოტმა ამფიბია PBY მოძველებულად ჩათვალა და მისი რაიმე უფრო თანამედროვეთი შეცვლისთვის
მზადებას შეუდგა. კანდიდატებიც მალე გამოჩნდა: XPBM „მარინერი“, XPB2Y „კორონადო“ და
XPBS "ექსკალიბური".
სერიული PBY ბრიტანელებმა გადაარჩინეს, რომლებმაც როგორც თავისი უზარმაზარი იმპერიის
სხვადასხვა დომინიონებისთვის, ასევე მოკავშირეებისთვის (დიდი ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალია,
საფრანგეთი, ნიდერლანდები) ერთბაშად შეუკვეთეს 106 მანქანა. არ ჩამორჩა ამერიკული ფლოტიც
- მან დამატებით 200 ამფიბია შეუკვეთა: ამერიკის სანაპირო ზოლის პატრულირებისთვის ბევრი
თვითმფრინავი აღმოჩნდა საჭირო.
ასე მოხვდაPBY დიდ ბრიტანეთში სადაც საკუთარი სახელი მიიღო: ამერიკელებმაც ბევრი აღარ
იფიქრეს და 1941 წლის ოქტომბერში ამფიბიას თავადაც „კატალინა“ დაარქვეს.
მეორე მსოფლიო ომში პირველები სწორედ ბრიტანული „კატალინები“ ჩაებნენ. ამფიბიის ათვისებასა
და მის შესაძლებლობების სრულად გამოვლინებასა და გამოყენებაში ამერიკელები ბრიტანელებს
ყოველმხრივ დახმარებას უწევდნენ და 16 მფრინავი-ინსტრუქტორიც კი მიავლინეს ამ პროცესის
დასაჩქარებლად.
სიგიზმუნდ ლევანევსკი
ლევანევსკის ეკიპაჟის ძებნის ოპერაციის უშედეგოდ დასრულების შემდეგ GUBA საბჭოთა კავშირში
დარჩა და პოლარული ავიაციის შემადგენლობაში გამოიყენებოდა. საბჭოთა მხარემ ეს კონკრეტული
ეგზემპლარი 1942 წლის 21 ივლისს დაკარგა, როდესაც კუნძულ ახალ მიწაზე ამერიკელი სამხედრო
ატაშე ფრენკელი სწორედ ამ ამფიბიით ჩაიყვანეს: გერმანულმა წყალქვეშა ნავმა თავისი
88 მმ-იანი ქვემეხით დაბომბა კუნძული და ერთ-ერთი ჭურვი ღუზაზე მდგარ GUBA-ს მოხვდა.
GUBA-ს საფრენოსნო მონაცემებმა საბჭოთა მხარეზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა და
1937 წელს მან ფირმა Consolidated-ისგან ამფიბიის სამოქალაქო მოდიფიკაცია Model
28-2-ის 3 ეგზემპლარი და მათი სერიულად წარმოების ლიცენზია შეიძინა: ამერიკული კომპანიის
სპეციალისტები აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ ქალაქ ტაგანროგში აგებული ჰიდროთვითმფრინავების
სპეციალური ახალი ქარხნის აღჭურვასა და აქ თვიანთი ამფიბიის ლიცენზიური სერიული წარმოების
დაწყებაშიც. ამ ქარხანაში დაახლოებით 150 „კატალინა“ დამზადდა, რომლებსაც საკუთარი
საბჭოთა აღნიშვნა ჰქონდათ - ГСТ (Гидросамолёт транспортный) და ორიგინალისგან ცხვირის
ტყვიამფრქვევის დანადგარის შეცვლილი კონსტრუქციით განსხვავდებოდნენ. გარდა ლიცენზიით
დამზადებულებისა, საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომის წლებში ლენდ-ლიზით კიდევ
205 „კატალინა“ მიიღო. ეს თვითმფრინავები (როგორც ნაჩუქარი, ასევე ლიცენზიით წარმოებულები)
საბჭოთა ჰიდროავიაციის ვეტერანები გახდნენ: ზოგიერთი მათგანი 60-იანი წლების ბოლომდე
განაგრძობდა სამსახურს, რესურსამოწურული ამერიკული ძრავების - Wright R-1830-72-ების (1050 ცხ.ძ.) ნაცვლად კი ასევე 30-იან წლებში, ამავე
„რაიტის“ ფირმის ლიცენზიით წარმოებული Wright R-1820-ის საბჭოთა ასლის - M-25-ის კონსტრუქციის შემდგომი განვითარების
შედეგად მიღებულ АШ-82ФН (1530 ცხ.ძ.) ძრავებს უპრობლემოდ დგამდნენ.
მოკლედ, აი ასე, ყოველგვარი მქუხარე დაფდაფებისა და სკანდალების გარეშე, მშვიდად და
საქმიანად შეუდგა „კატალინა“ მსოფლიოს დაპყრობას... ანუ - მსოფლიოს იმ ნაწილისას, რომელსაც
ანტიჰიტლერული კოალიციის მოკავშირეები ეწოდებოდა.
კონსტრუქციის სრულყოფა გრძელდებოდა: 7,62 მმ-იანი „ბრაუნინგები“ იმავე ფირმის 12,7
მმ-იანი ტყვიამფრქვევებით შეცვალეს და ამით ცეცხლის ძალა მნიშვნელოვნად გაზარდეს, ბორტის დანადგარების
ლუკები ბლისტერებით შეცვალეს, რითაც ცეცხლის ზონამ და მსროლელთა ხედვისა და მეთვალყურეობის
არემ საგრძნობლად მოიმატა და გაუმჯობესდა. ასევე გაუმჯობესდა საჭეების მუშაობაც.
საბოლოოდ „კატალინა“ მეტად ხელმისწვდომ, საიმედო და მუშა ამფიბიად იქცა.
1940-1941 წლებშიფირმა Consolidated-ში შეკვეთების ნიაღვარი წამოვიდა: ავსტრალიამ
18 მანქანა შეუკვეთა, კანადამ - 36, ჰოლანდიამ - 36, საფრანგეთმა - 30... თუმცა ფრანგებმა
შეკვეთილი „კატალინების“ მიღება ვეღარ მოასწრეს: სანამ მათთვის ამფიბიების პარტია მზადდებოდა,
საფრანგეთი დამთავრდა, მაგრამ „უპატრონოდ“ დარჩენილი თვითმფრინავები სიამოვნებით წაიღეს
ბრიტანელებმა. ყველა ეს თვითმფრინავი ამერიკის ფლოტისთვის მიწოდებულებისგან კომპლექტაციითა
და აღჭურვილობით განსხვავდებოდნენ.
„კატალინას“ სრულყოფა გრძელდებოდა. შასი ასაკეცი გაცდა: ცხვირის ბორბალი კორპუსში იკეცებოდა,
გვერდითები - ფიუზელაჟზე. საფრენოსნო-ტექნიკური მონაცემების გაუმჯობესების მიზნით დაგრძელდა
კორპუსი, ფრთა და კუდის ფრთასხმულობა კი ხელახლა დააპროექტეს. ასაკეცი (უფრო სწორად
- ჩასაკეცი) გახდა ცხვირზე მდგარი სატყვიამფრქვევო ტურელიც... ფაქტიურად, ეს უკვე ახალი
მანქანა გამოვიდა და სახელიც ახალი შეურჩიეს - PBN-1 „ნომადი“, თუმცა ეს სახელწოდება
ამფიბიას არ მოერგო და მას წინანდებურად „კატალინას“ ეძახდნენ. ამიტომ ახალი აღნიშვნაც
მოიფიქრეს - PBY-4.
„კატალინას“ საბოლოო ვერსია PBY-6A გახდა, რომელსაც მოყინვისსაწინააღმდეგო სისტემა,
გაუმჯობესებული აეროდინამიკა, ძრავების უფრო მძლავრი (1200 ცხ.ძ.) მოდიფიკაციები, გაუმჯობესებული
შეჯავშნა და რადიოლოკატორი ჰქონდა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბრძოლაში პირველად ბრიტანული „კატალინები“ ჩაებნენ: სწორედ
ბრიტანული ფლოტის 209-ე ესკადრილიის „კატალინამ“ აღმოაჩინა „ბირმარკი“ 1941 წლის მაისში
დანიის ყურეში და ამ გაფრენისას ამფიბიის მეორე პოლოტი ამერიკელი ინსტრუქტორი სმიტი
იყო.
თავად ამერიკელი პილოტები მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთვის ჩვეულებრივ გეგმიურ საწვრთნელ-სასწავლო
ფრენებს ახორციელებდნენ და ეს რუტინა 1939 წლის ბოლოს მიღებულმა ე.წ. „ნეიტრალიტეტის
აქტმა“ და ამასთან დაკავშირებით ამერიკის სანაპირო წყლების მუდმივი პატრულირების შემოღებამ
დაარღვია.
საერთოდ, უნდა ითქვას, რომ „კატალინების“ ამერიკული ეკიპაჟებისთვის სხვა ამერიკელ პილოტებთან
შედარებით საკმაოდ ადრე დაწყებული საპატრულო სამსახური მეტად სასარგებლო აღმოჩნდა,
რადგან ეს გამოცდილების მიღებისა და დაგროვების იშვიათ შესაძლებლობას იძლეოდა, რაც
შემდგომში ამერიკელებს ძალიან გამოადგათ.
რასაკვირველია, „კატალინებმა“ მიიღეს იაპონელთა პირველი დარტყმაც წყნარ ოკეანეში: ჯერ
კიდევ 30-იანი წლების ბოლოდან, როდესაც ამ ამფიბიებმა ცოტად თუ ბევრად ინტენსიური ფრენები
დაიწყეს წყნარი ოკეანის მთელ რიგ რაიონებში, იაპონელები მათ რეგულარულად ხვდებოდნენ
სხვადასხვა ადგილას, სათანადოდ შეაფასეს „კატალინების“ შესაძლებლობები და, პირველივე
ხელსაყრელ მომენტში - პირლ-ჰარბორზე თავდასხმისას - ერთ-ერთ პრიორიტეტულ სამიზნეებად
აქციეს: კუნძულ ფორდის სანაპიროზე ბაზირებული 36 ამფიბიიდან 27 მათგანი ამერიკელებმა
უკანმოუბრუნებლად დაკარგეს, კიდევ 6 „კატალინა“ მძიმედ დაზიანდა. გადარჩა მხოლოდ 3
თვითმფრინავი.
ფილიპინებზე მდგომარეობა უკეთესი არ იყო: აქ „კატალინები“ პირდაპირ შეეჩეხნენ იაპონურ
თვითმფრინავებს საჰაერო ბრძოლებში და მაშინვე წარმოჩნდა ამფიბიების უამრავი სუსტი წერტილი.
ჯავშნისა და საწვავის პროტექტირებული ავზების უქონლობამ ამერიკული ამფიბიები მაშინვე
იაპონური თვითმფრინავების დონეზე დაიყვანა: ანუ ერთნიც და მეორენიც საკმაოდ იოლი ლუკმა
იყვნენ მოწინააღმდეგის საცეცხლე საშუალებებისთვის.
მართალია „კატალინებს“ თავდაცვითი შეიარაღება საკმაოდ მოხერხებულად ჰქონდათ განლაგებული,
მაგრამ ამ დადებით მომენტს მთლიანად აქარწყლებდა ერთადერთი ნიუანსი: „ბრაუნინგების“
50-ვაზნიანი სტანდარტული სავაზნე კოლოფები სატყვიამფრქვევო ლენტის ნაცვლად. როდესაც
საჰაერო ბრძოლაში ჩართულ ბორტმსროლელს ტყვიამფრქვევის სავაზნე კოლოფი ეცლებოდა და მის
ახლით შეცვლას იწყებდა, ყველა მისი მოქმედება შესანიშნავად ჩანდა შემინულ ბლისტერში:
იაპონელებმა ძალიან სწრაფად გამოიცნეს ეს ხარვეზი და „კატალინებზე“ გადამწყვეტ იერიშებზე
სწორედ ამ საკვანძო მომენტში გადადიოდნენ. იაპონელი პილოტების საქმეს კი აქ უკვე მეტისმეტად
აადვილებდა ამფიბიებზე ჯავშნის არქონა.
გარდა ამისა, პილოტებისთვის უკანა ხედვის არესა და კუდის მხარეს მიმდინარე პროცესების დანახვის შესაძლებლობის პრაქტიკული არარსებობა
და ეკიპაჟის წევრებს შორის კარგი კავშირის უქონლობა მეტისმეტად ართულებდა ამფიბიით
ჰაერში მანევრირებას და მოწინააღმდეგის საჰაერო იერიშებისგან თავის არიდებას.
1941 წლის 27 დეკემბერს ამერიკელებმა პირველად გამოიყენეს „კატალინები“ ბრძოლაში: ამბონიდან (ჰოლანდიური ოსტ-ინდოეთი) აფრენილმა 6-მა PBY-4-მა ჯოლოს ყურეში (სულუს არქიპელაგი) მდგარ
იაპონურ ხომალდებს შეუტია: ყოველ ამფიბიას სამი 226-კილოგრამიანი ბომბი მიჰქონდა.
იაპონელებმა დროულად შენიშნეს ამერიკული ამფიბიები, საზენიტო ცეცხლიც გახსნეს და
გამანადგურებლებიც აფრინდნენ: ყოველი „კატალინა“ ორმხრივ ცეცხლში მოექცა - ქვემოდანაც
და ზემოდანაც, რის გამოც ეკიპაჟები იძულებულნი გახდნენ, დამოუკიდებლად ეძებნათ სამიზნეები
და ერთობლივ მოქმედებაზე უარი ეთქვათ.
ორი დაზიანებული იაპონური გამანადგურებლისა და ხომალდებზე ორი ბომბის მოხვედრის ფასი
4 ჩამოგდებული „კატალინა“ გახდა: მხოლოდ ორმა მოახერხა, გამანადგურებლებს ჩამოშორებოდა.
„კატალინების“ პრაქტიკულად ყველა მოდიფიკაციას შეეძლო ტორპედების ტარება: სპეციალურად
ამ ამფიბიებისთვის იქნა დამუშავებული სატორპედო სამიზნე, რომელიც პილოტის კაბინის საქარე
მინის მიღმა იდგა და საშუალებას იძლეოდა, შედარებით ზუსტად ყოფილიყო განსაზღვრული ტორპედოს
ჩამოგდების წერტილი.
გარკვეული პერიოდის განმავლობაში „კატალინები“ ღამის ტორპდომზიდებად გამოიყენებოდა,
მაგრამ ახალი, ამ საქმიანობისთვის უფრო შესაფერისი თვითმფრინავების გამოჩენასთნ ერთად,
ამერიკელებმა ამ ამფიბიებისთვის სატორპედო იერიშების ამოცანების დაკისრება შეწყვიტეს.
ყველაზე წარმატებულად „კატალინები“ სწორედ ღამის მზვერავებად გამოიყენებოდა: ამ საქმეში
ერთდროულად რამდენიმე ფაქტორმა ითამაშა გადამწყვეტი როლი.
პირველი იყო შესაფერისი რადიოლოკატორების გამოჩენა, ხოლო მეორე - ის, რომ იაპონელები
ძალიან მაღალი ინტენსიურობით იყენებდნენ ღამის პერიოდს წყნარი ოკეანის კუნძულებზე მიმოფანტული
საკუთარი გარნიზონების მოსამარაგებლად.
„შავი კატების“ ქვეგანაყოფები, რომლებმაც ეს სახელწოდება შენიღბვის მიზნით შავად შეღებილი
თავიანთი „კატალინების“ გამო მიიღეს, შესაშური ინტენსიურობით ეძებდნენ, პოულობდნენ
და საკუთარ თვითმფრინავებსა და ხომალდებს უმიზნებდნენ ღამით მცურავ იაპონურ ქარავნებს.
ხშირად კი თავადაც უტევნენ.
„შავი კატები“ მთელი ომის განმავლობაში ძალიან წარმატებულად მოქმედებდნენ.
მეტი თუ არა, არანაკლები ეფექტურობით მოქმედებდნენ სამაშველო „კატალინები“: მფრინავებისა
და მეზღვაურების ოკეანეში ძებნისა და გადარჩენის ოპერაციებს სახელად „დამბო“ უწოდეს
- ასე ერქვა უოლტ დისნეის მულტფილმის პერსონაჟ მფრინავ პატარა სპილოს.
თავიდან „დამბო“ რადიოსაუბრებისას გამოყენებული კოდური სიტყვა იყო, მაგრამ ძალიან მალე
„მიეწება“ ყველა მაშველს: მით უმეტეს, რომ ისინი სულაც არ იყვნენ ამის წინააღმდეგი.
როდესაც სოლომონის კუნძულებისთვის გააფთრებული ბრძოლები დაიწყო, ამერიკული ფლოტის სარდლობამ
„კატალინების“ სამაშველო ჯგუფები დამრტყმელ თვითმფრინავთა ჯგუფების შემადგენლობაში
შეიყვანა იმ მიზნით, რათა ამფიბიებს საბრძოლო მოქმედებების არეალის ახლომახლო, გარკვეულ
მანძილზე ემოძრავათ და ყოველ ჩამოგდებულ ამერიკულ თვითმფრინავზე მოეხდინათ რეაგირება.
„დამბოები“ ძალიან ეფექტურად მუშაობდნენ: მაგალითად, კუნძულ ტულაგიზე ბაზირებულმა სამმა
„კატალინამ“ 1943 წლის 1 იანვრიდან 15 აგვისტოს ჩათვლით 161 ამერიკელი მფრინავი გადაარჩინა.
სწორედ „კატალინების“ ამ უკეთილშობილესი საქმიანობის შედეგია მათდამი ამერიკელ მფრინავთა
ის საყოველთაო დამოკიდებულება, რომელიც დღემდე გრძელდება და რომელზეც ამ სტატიის დასაწყისში გვქონდა საუბარი.
უკიდურეს ჩრდილოეთსა და არქტიკაში „კატალინები“ ძალიან იშვიათად უტევდნენ მოწინააღმდეგის
ხომალდებს უბრალოდ იმიტომ, რომ შესაფერისი სამიზნეები არ იყო: აქ ამფიბიის ძირითადი
საქმიანობა თავისიანების ძებნა იყო. ისინი ეძებდნენ და პოულობდნენ პოლარული ქარავნების
ჩაძირული ტრანსპორტებისა და დაცვის ხომალდების მეზღვაურებს, ჩამოგდებული თვითმფრინავების
ეკიპაჟებს, აწარმოებდნენ მეტეოროლოგიურ მეთვალყურეობასა და ყინულების დაზვერვას. მოქმედების
გრანდიოზული რადიუსის მეოხებით „კატალინა“ მეტად სასარგებლო თვითმფრინავი აღმოჩნდა
ამ საქმიანობისთვის: სწორედ ამ ამფიბიებმა იპოვნეს და გადაარჩინეს გერმანული წყალქვეშა
ნავის - U-365-ის მიერ კარის ზღვაში 1944 წლის 15 აგვისტოს ჩაძირული საბჭოთა ტრანსპორტის
„მარინა რასკოვასა“ და მისი თანმხლები ორი ტრალერის ეკიპაჟების 70 წევრი.
მეორე მსოფლიო ომის დამთავრებასთან ერთად „კატალინები“ რაღაცნაირად ძალიან სწრაფად
გაქრნენ ყველა ფლოტიდან. ერთი მხრივ ამის მიზეზი ახალი, უფრო სრულყოფილი თვითმფრინავების
გამოჩენა იყო, მეორე მხრივ კი შეიცვალა თავად სამყარო, რომელშიც სულ უფრო დამაჯერებლად
გრძნობდნენ თავს რეაქტიული და ტურბორეაქტიული ძრავებით აღჭურვილი თვითმფრინავები. აი, ასე ჩუმად და წყნარად
ჩამოვიდა სცენიდან ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი თვითმფრინავი, რომლის ანგარიშზეც გაცილებით
მეტი გადარჩენილი სიცოცხლეა, ვიდრე - განადგურებული.
ომის შემდეგ გაირკვა, რომ თუ „კატალინადან“ ჯავშანს, შეიარაღებას და უკვე გამოუსადეგარ
რადიომოწყობილობებს მოხსნიდნენ, საკმაოდ შთამბეჭდავი შესაძლებლობების სატვირთო ამფიბია
გამოდიოდა. მაგალითად, დანიელები XX საუკუნის 70-იან წლებამდე იყენებდნენ 8 „კატალინასგან“
შემდგარ ესკადრილიას გრენლანდიაში, კანადელები - ტყის ხანძრების ჩასაქრობად, ბრაზილიელები
კი - ამაზონის დელტის რთულად მისადგომ ადგილებში სატრანსპორტო გადაზიდვებისთვის.
ფირმა Consolidated-მა თავისი არსებობის მანძილზე არაერთი მშვენიერი თვითმფრინავი დააპროექტა
(მაგალითად - B-24 ან B-32), მაგრამ „კატალინა“ ნამდვილად საუკეთესოა ყველა იმ თვითმფრინავს
შორის, რაც კი მას ოდესმე შეუქმნია
No comments:
Post a Comment