1939-1940 წლებში ევროპის ბრძოლის ველებზე "ვერმახტის" თავბრუდამხვევი წარმატებები მუსოლინის გულწრფელ შურს იწვევდა. ჰიტლერისაგან განსხვავებით, მას არაფერი ჰქონდა სატრაბახო და გრძნობდა, რომ მისი, როგორც ევროპის პირველი ფაშისტი დიქტატორის მდგომარეობა ჰიტლერის დიდების თუნდაც რაღაც ნაწილზე "თანაავტორობის" მოპოვებას მოითხოვდა. კერძო საუბრებში დუჩე გამუდმებით გამოთქვამდა უკმაყოფილებას და საყვედურებს იმ იტალიელთა მისამართით, რომლებიც მის ინიციატივებს ნაკლები გულმოდგინებითა და ყურადღებით უჭერდნენ მხარს: მეფე ვიქტორ-ემანუილზე, რომელიც არ უყვარდა, ვატიკანზე, რომელსაც არ ენდობოდა და თვით იტალიელ კომერსანტებსა და ბურჟუებზეც, რომლებსაც, უბრალოდ, ვერ იტანდა. მუსოლინის აუცილებლად უნდა გაეკეთებინა ისეთი რამ, რაც იტალიის საზოგადოებრივ აზრს მის სასარგებლოდ შემოაბრუნებდა, ხოლო მის მომხრეებსა და მიმდევრებს ახალ სულისკვეთებასა და გულმოდგინებას გაუღვიძებდა.
1940 წლის მაისში, როდესაც საფრანგეთი უკვე სრულად იყო დამორჩილებული, ხოლო დიდი ბრიტანეთი პრაქტიკულად მთლიანად განიდევნა ევროპის კონტინენტიდან, ომში გერმანიის საბოლოო გამარჯვება ეჭვს აღარ იწვევდა. ამ მომენტისათვის ჰიტლერსა და მუსოლინის შორის უკვე სრული თანხმობა არსებობდა იტალიისათვის საფრანგეთის იმპერიის დაყოფის შედეგად "გამონთავისუფლებული" გარკვეული ნაწილის გადაცემის თაობაზე. ამ "წილის" მიღების უფლების დასადასტურებლად მუსოლინის იტალიამ 1940 წლის 10 ივნისს დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს ომი გამოუცხადა, თუმცა ზუსტად ამ მომენტიდან ომი სწორედ იმ ფაზაში შევიდა, რომელსაც იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა (და, "შეთავსებით", მუსოლინის სიძემ) გრაფმა გალეაცო ჩიანომ (Gian Galeazzo Ciano) ირონიულად უწოდა "მშვიდობის მოულოდნელი დადგომა".
ამ დროს ჰიტლერი გულწრფელად იმედოვნებდა დიდ ბრიტანეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას და ამ მიზნის მისაღწევად დამარცხებული საფრანგეთისათვის მისაღები ზავის პირობების შეთავაზებით საკუთარი თავი საუკეთესო კუთხით სურდა წარმოეჩინა: მეტიმეტად მკაცრ პირობებს შესაძლოა, ფრანგული ფლოტისა და მეტროპოლიის საზღვრებს მიღმა დისლოცირებული ფრანგული სახმელეთო და საჰაერო ძალების ვიშის მთავრობის კონტროლიდან გამოსვლა და ბრიტანელთა მხარეს გადასვლა მოჰყოლოდა.
ამ მოსაზრებიდან გამომდინარე, ჰიტლერმა გადაწყვიტა, კოლონიალური სამფლობელოები საფრანგეთისათვის აღარ წაერთმია. 1940 წლის 19 ივნისს, მიუნხენში დუჩესთან შეხვედრისას, ფიურერმა ცხადად წარმოაჩინა აღნიშნული პოზიცია, როგორც კი მუსოლინიმ ნიცის, კორსიკის, ტუნისისა და ფრანგული სომალის იტალიის განკარგულებაში გადასვლის პრეტენზია წამოაყენა. ჰიტლერმა დუჩე დაარწმუნა, რომ ყველა ჩამოთვლილ ტერიტორიას დაუყოვნებლივ მიიღებდა, როგორც კი ევროპაში საბოლოოდ დამყარდებოდა "ახალი წესრიგი" და ომი დამთავრდებოდა. თუმცა მუსოლინიმ საკუთარი განუზომელი სურვილებიდან მციროდენი ნამცეცები მაინც მიიღო: საფრანგეთთან 1940 წლის 24 ივნისს დადებული ზავის პირობებით (გერმანია-საფრანგეთის ზავის ხელმოწერიდან 2 დღის შემდეგ) იტალიას ნიცა და სავოიის ნაწილი გადაეცა - ის სადავო ფრანგული ტერიტორიები, რომლებზეც იტალია ადრეც აცხადებდა პრეტენზიას.
საფრანგეთის კატასტროფამ დიდი გავლენა იქონია ბალკანეთზე, რადგან მუსოლინიმ სწორედ ამ რეგიონში გადაწყვიტა ტერიტორიული დაპყრობების წარმოება. 1939 წელს იტალიის მიერ ალბანეთის ანექსია დახმარების იმ გარანტიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი და გამომწვევი მიზეზი იყო, რომლებიც დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა საბერძნეთსა და რუმინეთს მისცეს მათი სუვერენიტეტის დარღვევის შემთხვევაში. ეს გარანტიები კიდევ უფრო განმტკიცდა 1939 წლის ოქტომბერში, როდესაც დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და თურქეთმა სამმხრივ სამოკავშირეო შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის ძალითაც თურქეთი ვალდებულებას იღებდა, ინგლისისა და საფრანგეთისათვის დახმარება გაეწია იმ შემთხვევაში, თუკი რუმინეთსა და საბერძნეთში შექმნილი სიტუაცია ფრანგებისა და ბრიტანელების ჩარევას მოითხოვდა.
მეორე მსოფლიო ომის საწყის ეტაპზე საფრანგეთ-დიდი ბრიტანეთის ალიანსის სტრატეგიული მარცხისა და გერმანული ტრიუმფის შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და ბალკანეთის რეგიონის ქვეყნებში ინგლის-საფრანგეთის მხრიდან აღებული ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობის თაობაზე ადრეც არსებული ეჭვები უკიდურესად გაღრმავდა და საფრანგეთის განადგურებისთანავე რუმინეთმა განაცხადა, რომ ის აღარ სცნობდა ფრანგულ-ინგლისურ გარანტიებს. თურქეთმა, რომელიც აქამდე თავს იკავებდა ნეიტრალიტეტის დეკლარირებისაგან, ამჯერად სრული ჩაურევლობა გამოაცხადა.
თურქეთის განცხადებამ, რომლის შემდეგაც, დუჩეს აზრით, საბერძნეთს მოკავშირეთა იმედი აღარ უნდა ჰქონოდა, მუსოლინის საბოლოოდ განუმტკიცა ამ ქვეყანაში შეჭრის განზრახვა.
1940 წლის აგვისტო-სექტემბერში ალბანეთში დისლოცირებული 70-ათასიანი იტალიური არმიის რაოდენობა თანდათან გაიზარდა 125 ათას კაცამდე. ეს გერმანელებს არ გამოჰპარვიათ და, რაკი ნაცისტები გაცილებით უფრო მეტად იყვნენ დაინტერესებულნი ლიბიაში ბრიტანელთა წინააღმდეგ იტალიელთა მოქმედებების გააქტიურებით, ვიდრე - თავად იტალიელები, ბერლინმა განაცხადა, რომ ბალკანეთში იტალიელთა რაიმე სახის სამხედრო აქტიურობა არასასურველი იყო. 1940 წლის 17 აგვისტოს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა რიბენტროპმა ჰიტლერს ოფიციალური წერილი გაუგზავნა, რომელშიც ჩიოდა, რომ დუჩე ანტიიუგოსლავიური ოპერაციების გეგმებს "გერმანიის ნებართვის გარეშე" ამუშავებდა. ჩიანომ გერმანულ განცხადებას "მთელი ხაზის გასწვრივ სრული გაჩერების ბრძანება" უწოდა. ამის შემდეგ მუსოლინიმ ჰიტლერს წერილი გაუგზავნა, რომელიც სავსე იყო დარწმუნებებით, რომ "საბერძნეთისა და იუგოსლავიის საზღვარზე მიღებული სამხედრო ხასიათის ზომები მხოლოდდამხოლოდ უბრალო სიფრთხილის ზომებია" და დაუმატა, რომ ისინი ბრიტანეთის მოქმედებათა წინააღმდეგ იყო მიმართული იმ შემთხვევისათვის, თუკი ის ბალკანეთის ქვეყნების ნეიტრალიტეტს დაარღვევდა. თანაც დუჩე ამტკიცებდა, რომ იმ დროისათვის ბალკანურ ქვეყნებს მთლიანად ჰქონდათ დასრულებული მობილიზაცია - ეს იყო აბსოლუტური ტყუილი.
ამ დროისათვის სრული სვლით მიმდინარეობდა "ნერვების ომი", რომელიც მუსოლინიმ საბერძნეთის წინააღმდეგ წამოიწყო. იტალიურმა პროპაგანდამ ძირითადი ძალისხმევა ალბანეთ-საბერძნეთის საზღვრისპირა ბერძნულ რეგიონ ეპირუსის ერთ-ერთ რაიონში (ცამურია) მცხოვრებ ეთნიკურ ალბანელთა შორის ანტიბერძნული განწყობილებების გაღვივებისაკენ მიმართა, ხოლო იტალიელთა მხრიდან წაქეზებული ალბანური პრესა და რადიო ერთხმად საუბრობდნენ ალბანური მიწების გაერთიანებაში იტალიის წამყვან როლზე. ერთ-ერთი ადგილობრივი, რომელიც საკუთარ თავს "ალბანელ პატრიოტს" უწოდებდა, საბერძნეთის საზღვართან ახლოს, ალბანეთის ტერიტორიაზე მკვდარი იპოვეს და მკვლელობა მაშინვე "საბერძნეთის აგენტებს" მიაწერეს. დამაჯერებლად ცხადდებოდა, რომ საბერძნეთში მუსლიმანები სასტიკ დევნას განიცდიდნენ. საბერძნეთის ტერიტორიაზე ასევე ამუშავდა იატაკქვეშა რადიოსადგური, რომელიც იტალიელთა სასარგებლოდ ეწეოდა აგიტაციას, თავად საბერძნეთი კი ნეიტრალიტეტის დარღვევაში დაადანაშაულეს, რადგან ის ბრიტანული ფლოტის ხომალდებს (მ.შ. ავიამზიდებსაც) საბერძნეთის წყლებში ღუზის ჩაშვების უფლებას აძლევდა.
რათა საბერძნეთის ოფიციალური რეაქცია მოესინჯათ, ბერძნების დასაშინებლად ინცინდენტები იქნა ორგანიზებული. სამმა იტალიურმა ბომბდამშენმა ბერძენთა იმ გემს შეუტია, რომელიც შუქურას ემსახურებოდა. ამავე თვითმფრინავებმა შეუტიეს ბერძნულ ნაღმოსანს, რომელიც ამ გემის დასახმარებლად მივიდა. ორმა იტალიურმა თვითმფრინავმა ბერძნულ ნავპაქტოსის ყურეში ბაზირებული ორი ნაღმოსანი და ორი წყალქვეშა ნავი დაბომბა. სტამბულიდან პორტ-საიდისკენ მიმავალ ბერძნულ გემს იტალიურმა წყალქვეშა ნავმა შეუტია. 1940 წლის 15 აგვისტოს ტინოსის ყურეში მდგომ ბერძნულ კრეისერ "ელის" (Κ/Δ Έλλη) "დაუდგენელი საკუთრების" წყალქვეშა ნავმა ტორპედო ესროლა და ჩაძირა: ამ ტორპედოს ნამსხვრევების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ის იტალიაში იყო წარმოებული.
დაშინების პირობებში საბერძნეთის პოლიტიკა ორსახოვანი იყო: ერთი მხრივ ბერძნები გულმოდგინედ (და საკმაოდ დიდი წარმატებითაც) ცდილობდნენ, პროვოკაციას არ წამოგებოდნენ და ამ გზით ომის თავიდან აცილებას იმედოვნებდნენ, თუმცა უახლოესი წარსულის პრაქტიკა თვალნათლივ აჩვენებდა, რომ ამგვარი პოლიტიკა "ღერძის ქვეყნებზე" არანაირ გავლენას არ ახდენდა. იტალიის მხრიდან ზიზღის პოლიტიკის გაღვივების კრიტიკის უფლებას საბერძნეთის მთავრობა საკუთარ პრესას არ აძლევდა და მას მერეც კი, როდესაც დადგინდა, რომ კრეისერი "ელი" იტალიურმა ტორპედომ ჩაძირა, ბერძნულ გაზეთებს ამ ინფორმაციის გამოქვეყნების უფლება არ მისცეს. ცენზურის აკრძალვების მიუხედავად ბერძნებს ესმოდათ, რომ იტალია აგრესორი იყო და ამან ეროვნული ერთიანობა არნახულად განამტკიცა. მეორე მხრივ კი საბერძნეთის მთავრობამ იტალიელები მიახვედრა, რომ შემოჭრის შემთხვევაში ქვეყანა წინააღმდეგობას გასწევდა და იბრძოლებდა.
მუსოლინი ასე არ ფიქრობდა: ის ამჯობინებდა, ჩიანოს, ოკუპირებული ალბანეთის გუბერნატორ ფრანჩესკო ჯაკომონის (Francesco Jacomoni) და ალბანეთში იტალიური ჯარების მთავარსარდალ სებასტიანო ვისკონტი პრასკას (Sebastiano Visconti Prasca) მოხსენებებისთვის დაეჯერებინა, რომლებიც ერთხმად უჭერდნენ მხარს საბერძნეთში შეჭრის იდეას. დუჩეს არწმუნებდნენ, რომ ბერძნული ჯარები მხოლოდ სიმბოლურ წინააღმდეგობას გასწევდნენ, ხოლო ათენში მყოფი ზოგიერთი ბერძენი ხელმძღვანელი პირი მზად იყო, იტალიელებს, როგორც განმანთავისუფლებლებს, ისე შეხვედროდა. რაც შეეხება იტალიის გენერალური შტაბის უფროსის მარშალ პიეტრო ბადოლიოს (Pietro Badoglio) არგუმენტებს, რომელთა თანახმადაც შეჭრისათვის ძალზე ცუდი მზადყოფნა იკვეთებოდა, ისინი უბრალოდ უგულებელყვეს. მუსოლინი, ფაქტიურად, საკუთარი პროპაგანდისტული მანქანის მსხვერპლად იქცა; იტალიური ფული ბერძენთა ლოიალურობის საყიდლად იხარჯებოდა და ამ ფულის მიმღებებიც სწრაფი და უსისხლო გამარჯვების გარანტიის მოხსენებებს აგზავნიდნენ იტალიაში.
მუსოლინიმ საბერძნეთში შეჭრაზე გერმანელთა თანხმობის მიღება კიდევ ერთხელ სცადა რიბენტროპის რომში ვიზიტისას 1940 წლის 19 სექტემბერს. "ბერძნები იტალიელებისთვის იგივენი არიან, რაც ნორვეგიელები გერმანელებისთვის აპრილის ოპერაციებამდე (გერმანიის შეჭრა ნორვეგიაში: ოპერაცია "სწავლებები ვეზერზე" (Fall Weserübung) - ავტ.) - უთხრა დუჩემ რიბენტროპს. - ჩვენთვის საბერძნეთის ლიკვიდაცია აუცილებელია, მით უმეტეს, რომ როდესაც ჩვენი სახმელეთო ძალები ეგვიპტეში შევლენ, ინგლისის ფლოტი ალექსანდრიაში დარჩენას ვეღარ შეძლებს და მას თავშესაფრის ძიება ბერძნულ პორტებში მოუწევს". თუმცა, ამ საკითხის განხილვის შემდეგ, დუჩე კიდევ ერთხელ მიახვედრეს, რომ დიდი ბრიტანეთის განადგურება "ღერძის" ქვეყნების მთავარ მიზნად რჩებოდა.
მუსოლინი მზად იყო ამ მოსაზრების მისაღებად, რადგან ამ მომენტისათვის ეგვიპტეში შემტევმა იტალიურმა ძალებმა სიდი-ბარანის მიაღწიეს და ამით დაამტკიცეს, რომ მათ მოკავშირეთა მოახლოებულ გამარჯვებაში საკუთარი წვლილის შეტანა შეეძლოთ. თუმცა დუჩემ აფრიკაში იტალიური ძალების მთავარსარდალ გრაციანისაგან (Rodolfo Graziani) თითქმის მაშინვე შეიტყო, რომ შემდგომი წინსვლა კიდევ მხოლოდ 80 კილომეტრით იყო შესაძლებელი - ეს იყო ყველაფერი, რაც გრაციანის ხელთ არსებულ ძალებს იტალიიდან დამხმარე ძალებისა და ტრანსპორტების მოსვლამდე შეეძლოთ. ამგვარად, მუსოლინი კვლავ იტალიური იარაღის მქუხარე გამარჯვების მოლოდინში რჩებოდა. აქედან გამომდინარე, უკვე აღარაა გასაკვირი, რომ საკუთარი მზერა დუჩემ ისევ ბალკანეთს მიაპყრო, სადაც "ახალი რომის იმპერიის" სამფლობელოების გაფართოების პერსპექტივა ყველაზე მიმზიდველად და იმედისმომცემად გამოიყურებოდა.
ფიურერისადმი 19 ოქტომბერს მიწერილ თავის წერილში მუსოლინიმ ბერძენთა მხრიდან ნეიტრალიტეტის დარღვევის ყველა შემთხვევა ჩამოთვალა და დაამატა, რომ მტკიცედ ჰქონდა განზრახული, ეს უკანასკნელნი მკაცრად დაესაჯა. დუჩემ იცოდა, რომ ამ დროს ჰიტლერი საფრანგეთსა და ესპანეთში იმყოფებოდა ვიზიტით და წერილი ბერლინში მხოლოდ 23 ოქტომბერს გაგზავნა. მისი შინაარსი ფიურერს ტელეგრაფით გაუგზავნეს ენდაიში, სადაც ის ფრანკოს ხვდებოდა და ამაოდ სცადა ესპანეთის ჩართვა "ღერძის" ქვეყნების სიაში. მეორე დღეს ჰიტლერს მონტუარში ჰქონდა ვიზიტი პეტენთან, საიდანაც ფიურერმა დუჩეს ტელეგრამა გაუგზავნა ფლორენციაში 28 ოქტომბერს შეხვედრის წინადადებით. საბერძნეთში იტალიური ჯარები სწორედ 28 ოქტომბრის დილიდან შეიჭრნენ და ფლორენციაში, ვაგონის კიბეებზე ჩამოსულ ჰიტლერს მუსოლინი შემდეგი სიტყვებით შეეგება: "ფიურერო, ჩვენ მარშზე ვართ!".
იტალია საბერძნეთისაგან ტერიტორიულ დათმობებს ადრეც მოითხოვდა. XX საუკუნეში ამ ქვეყნებს შორის არაერთი კონფლიქტი მოხდა, რომელთა მიზეზიც იტალიელთა მხრიდან დოდეკანეზის კუნძულების, ეპირუსის რაიონისა და კუნძულ კორფუს მოთხოვნა იყო. 1928 წელს ხელმოწერილი სამშვიდობო ხელშეკრულების თანახმად (სხვათა შორის, იტალიის მხრიდან ამ ხელშეკრულებას ხელი სწორედ მუსოლინიმ მოაწერა) და იმ დეკლარაციის ძალით, რომლითაც დუჩე იტალიის მეორე მსოფლიო ომში ჩაბმის დღეს (10.06.1940) გამოვიდა, საზეიმოდ ცხადდებოდა, რომ მას არანაირი განზრახვა არ ჰქონდა, იტალიის მეზობლები კონფლიქტში ჩაეთრია.
აუცილებლადაა აღსანიშნავი, რომ აღწერილ პერიოდში ერთი მხრივ საბერძნეთისა და მეორე მხრივ იტალიასა და გერმანიას შორის იდეოლოგიური სხვაობა დიდი არ იყო. დუჩეს არანაირი საფუძველი არ ჰქონდა, საბერძნეთი თავისთვის აუტანელ დემოკრატიაში დაედანაშაულებინა, რადგან საბერძნეთის პოლიტიკური სისტემა სავსებით დასაშვებს ხდიდა ამ ქვეყნის "ღერძისადმი" მიერთების შესაძლებლობას: 1936 წლიდან საბერძნეთს პრემიერი-დიქტატორი - გენერალი იოანის მეტაქსასი (Ιωάννης Μεταξάς) მართავდა, რომელიც არც მონარქისტებს უყვარდათ და არც პრობრიტანულ ლიბერალებს. მეტაქსასი სიმპათიით იყო განწყობილი გერმანიის მიმართ და იქაური მეთოდებიც ბლომად გადმოიღო: პოლიტიკური პარტიები აკრძალა, განსხვავებულად მოაზროვნეები ან ციხეებში ჩასვა, ან განდევნა, ანდა ფიზიკურად გაანადგურა, თავისუფალი არჩევნები არ ტარდებოდა, პრესა მეტად მკაცრი სახელმწიფო ცენზურის ქვეშ იყო. შეიქმნა სპეციალური ორგანიზაცია "ასფალეია" (asphaleia), რომლის სტრუქტურაც და მუშაობის მეთოდებიც პრაქტიკულად გესტაპოს იდენტური იყო. ჩამოყალიბდა "ბერძნული ჰიტლერიუგენდიც" - EON (Εθνική Οργάνωσις Νεολαίας - "ნაციონალური ახალგაზრდული ორგანიზაცია").
1940 წლის 25 ოქტომბერს ათენის ოპერის თეატრის რესტავრაციის დასრულებასთან დაკავშირებით მასში "მადამ ბატერფლაის" წარმოდგენა გაიმართა, რომელზეც მიწვეულნი იქნენ როგორც საბერძნეთის სამეფო კარი და მთელი მთავრობა, ასევე - დიპლომატიური კორპუსიც, მათ შორის - იტალიელები და თვით ამ დროს საბერძნეთში მყოფი, განთქმული კომპოზიტორის - ჯაკომო პუჩინის ვაჟი. ატმოსფერო, რასაკვირველია, სრულიად მშვიდობიანი იყო. 27 ოქტომბრის საღამოს საბერძნეთში იტალიის ელჩმა ემანუელე გრაციმ (Eamnuele Grazzi) ულტიმატუმის ტექსტი მიიღო, რომელიც მას მეტაქსასისთვის იმავე ღამის 3 საათზე უნდა გადაეცა.
28 ოქტომბრის ღამის 3 საათზე მეტაქსასი გრაციმ გააღვიძა და, "საკუთარი პროფესიისადმი ზიზღის გრძნობით", იმის გამო, რომ "მოვალეობამ მსგავსი უღირსობის თანამონაწილედ აქცია", იტალიის ულტიმატუმი წაუყენა, რომლის ვადაც იმავე დილის 6 საათზე იწურებოდა და რომლის ძალითაც იტალიურ ჯარებს საბერძნეთის ტერიტორიის გავლით გარკვეულ სტრატეგიულ პუნქტებამდე უნდა მიეღწიათ. საბერძნეთის ჯარებს მათთვის არავითარი წინააღმდეგობა არ უნდა გაეწიათ. ეს დოკუმენტი ბერძნებს აღარავითარ არჩევანს აღარ უტოვებდა: ან მისი პირობები უნდა მიეღოთ, ანდა იტალიური ინტერვენცია დაიწყებოდა. მეტაქსასმა ულტიმატუმი წაიკითხა და სევდიანი, თუმცა მტკიცე ხმით უპასუხა ფრანგულად - Alors, c'est la guerre! (მაშ ასე, ეს ომია!).
ალბანეთის საზღვარზე საბერძნეთს, გარდა სასაზღვრო ნაწილებისა, გენერალ ალექსანდროს პაპაგოსის (Αλέξανδρος Παπάγος) ეპირუსის არმიის 2 ქვეითი დივიზია და 2 ბრიგადა ჰყავდა: 27 ათასი მებრძოლი, 20 ტანკი, 70 ქვემეხი, 36 თვითმფრინავი.
იტალიელთა მთავარსარდალი გენერალი ვისკონტი პრასკა იმდენად იყო დარწმუნებული, რომ ინიციატივა მტკიცედ იყო მის ხელში, რომ მოწინააღმდეგისთვის ანგარიშის გაწევას საერთოდ არ თვლიდა საჭიროდ. მან იცოდა, რომ ომამდელი ბერძნული პოლიტიკა მთლიანად იყო მიმართული პროვოკაციების თავიდან აცილებისკენ, რაშიც ამ ქვეყანას ასე ომახიანად ადანაშაულებდა დუჩე და რის გამოც ბერძნებმა მობილიზაციაც კი არ ჩაატარეს. რაკი საბერძნეთის ზოგადი ეკონომიკურ-გეოგრაფიული პირობები - სუსტად განვითარებული საგზაო ქსელი, დიდ ტერიტორიაზე გაფანტული მოსახლეობა, მთაგორიანი ადგილმდებარეობა - მკვეთრად აუარესებდა ქვეყნის სამობილიზაციო შესაძლებლობებს, ვისკონტი პრასკა დარწმუნებული იყო, რომ კამპანიას მანამდე მოიგებდა, სანამ მოწინააღმდეგე ძალებს მოიკრებდა. მართლაც: სულ 16 დივიზიისაგან შემდგარი საბერძნეთის არმიის 12-მა დივიზიამ მობილიზაციის ბრძანება მხოლოდ იტალიური ინტერვენციის დაწყების შემდეგ მიიღო.
ვისკონტი პრასკამ საბერძნეთში შეჭრის სამი მიმართულება დაგეგმა. საბერძნეთის, ალბანეთისა და იუგოსლავიის საზღვრების შეერთების ადგილიდან უშუალოდ სამხრეთით დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ ორიეტირებული კორიცა-ფლორინა-სალონიკის გზა გადიოდა. სამხრეთით ალბანეთისა და საბერძნეთის გავლით გადიოდა ლონე-ფრაშეი-ვიიოსეს ველი-მეტსოვონიც გზა, რომელიც ნაკლები მნიშვნელობისა იყო და რთულად სავალ, მთაგორიან ადგილმდებარეობაზე გადიოდა. მესამე მიმართულება - კიდევ სამხრეთით - ადრიატიკის ზღვის სანაპირო იყო, რომელიც შედარებით სწორი რელიეფით გამოირჩეოდა.
ვისკონტი პრასკამ ჩათვალა, რომ ბერძნები მხოლოდ თავდაცვით ტაქტიკას მიმართავდნენ და ფლორინას მიმართულებაზე უმნიშვნელო ძალები დატოვა, ძირითადი დარტყმა კი მთაგორიან ცენტრალურ მიმართულებაზე დაგეგმა. მიუხედავად ამისა, სამხრეთის, ზღვისპირა მიმართულებაზე იტალიელთა ყველაზე მრავალრიცხოვანი დაჯგუფება ამოქმედდა, თუმცა ეს მიმართულება, ცენტრალურთან შედარებით, წინანდებურად მეორეხარისხოვნად ითვლებოდა.
იტალიელთა შეტევამ თავიდანვე ვერ აკრიფა რამდენადმე მაინც მნიშვნელოვანი ტემპი, თუმცა კი საბრძოლო მოქმედებების პირველი 2 დღის განმავლობაში ზღვისპირა დაჯგუფებამ სანაპირო გზისა და იოანინასაკენ მიმავალი პარალელური გზის გაყოლებით დაახლოებით 10 კილომეტრით წაიწია წინ. 2 ნოემბერს ცენტრალურ მიმართულებაზე მოქმედი იტალიური დამრტყმელი დაჯგუფების შეტევა ბერძნებმა შეაჩერეს, მიუხედავად იტალიელთა დაჟინებული მცდელობისა, ამ უბანზე წარმატებისთვის მიეღწიათ. ამ დროისათვის ზღვისპირა მიმართულებაზე ნელი წინსვლა კიდევ აღინიშნებოდა, თუმცა უფრო ჩრდილოეთით იტალიელები უკვე თვალნათლივ რწმუნდებოდნენ, რაოდენ სერიოზულად ვერ შეაფასეს მოწინააღმდეგე.
გენერალ პაპაგოსს მშვენივრად ესმოდა ჩრდილოეთ სექტორის დაცვის მთელი მნიშვნელობა. ფლორინასთან გაჭრით იტალიელებს სწრაფად შეეძლოთ სალონიკისკენ წაწევა, რითაც დანარჩენ საბერძნეთს მოწყვეტდნენ დასავლეთ თრაკიის პროვინციებს და იმ 5 დივიზიას, რომელთა მობილიზაციაც სალონიკის რაიონში მიმდინარეობდა. როდესაც ცხადი გახდა, რომ ჩრდილოეთის მიმართულება იტალიელთათვის მთავარ მიმართულებას არ წარმოადგენდა, პაპაგოსი დაელოდა, სანამ სალონიკის დივიზიებმა მობილიზაცია არ დაასრულეს და ისინი ალბანეთის საზღვრის მიმართულებით დაძრა, რითაც საბერძნეთის მთელი აღმოსავლეთი ნაწილი გააშიშვლა. თუნდაც იმ მომენტის უგულებელყოფით, რომ გერმანული ჯარები ჯერ კიდევ არ იმყოფებოდნენ იუგოსლავიისა და ბულგარეთის ტერიტორიებზე და ჯერ არ იყო საუბარი ვერმახტის საბერძნეთში შეჭრაზე, პაპაგოსის ეს ნაბიჯი მაინც დიდად სარისკო ჩანს, რადგან ბულგარეთს საბერძნეთის ტერიტორიის სწორედ ამ ნაწილზე ჰქონდა პრეტენზია და დასავლეთ თრაკიის უჯაროდ დატოვება საკმაოდ დიდ გაბედულებას მოითხოვდა.
1940 წლის 2 ნოემბერს პინდუსის ქედის რაიონში მოქმედი პოლკოვნიკ დავაკისის (Κωνσταντίνος Δαβάκης) 2000-კაციანი ბრიგადა, რომელიც ორი ბერძნული არმიის - ეპირუსისა და მაკედონიის არმიების - მეზობელ ფლანგებზე (ეპირუსის მარჯვენა და მაკედონიის მარცხენა) მოქმედებდა და ამ ფლანგებს უზრუნველყოფდა, კონტრშეტევაზე გადავიდა: ბრძოლის პირველივე დღეს წმინდა ილიას გორაზე, სოფელ დროსოპიგისთან დავაკისი მძიმედ დაიჭრა მკერდში და ბრძოლის ველიდან გონდაკარგული იქნა ევაკუირებული (გონს მხოლოდ 2 დღის შემდეგ მოვიდა, მკურნალობა დიდხანს გაგრძელდა და დავაკისი ნაცისტურ-ფაშისტურ ოკუპაციას ათენის ჰოსპიტალში შეხვდა. 1942 წლის დეკემბერში იტალიურმა საოკუპაციო ხელისუფლებამ ის ბერძნულ წინააღმდეგობის მოძრაობაში მონაწილეობის ბრალდებით დააპატიმრა და, სხვა დაპატიმრებულ ოფიცრებთან ერთად, პატრადან გაგზავნა გემით იტალიაში. 1943 წლის იანვარში სამხრეთ ალბანეთის ნაპირებთან ეს გემი ინგლისურმა წყალქვეშა ნავმა ჩაძირა, ხოლო დავაკისის გვამი ზღვამ გამორიყა ქალაქ ვალონა/ავალონას (დღევანდელი ალბანური ვლორა) მახლობლად. ადგილობრივმა ბერძნულმა მოსახლეობამ გვამი ამოიცნო და იქვე დაკრძალა, ომის შემდეგ კი დავაკისის ნეშტი სამხედრო პატივით იქნა გადასვენებული და დაკრძალული ათენში), მისი ადგილი კი მაიორმა კარავიასმა (Ιωάννης Καραβίας) დაიკავა და ბერძენთა 500-კაციანი რაზმით იტალიელთა 2000-კაციანი შემტევი შენაერთი ჯერ შეაჩერა, შემდეგ კი უკუაგდო, რითაც პინდუსის ქედზე ბერძენთა საბოლოო გამარჯვებას დაედო დასაბამი.
1940 წლის 2 ნოემბერს ბერძნულმა ჯარებმა მოწინააღმდეგეს შეუტიეს და ხელთ იგდეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტი - პისოდეროსის მთა, რომელიც ალბანეთის ტერიტორიაზე, საზღვრიდან დაახლოებით 5,5 კილომეტრში მდებარეობს და ერთ-ერთია იმ მაღლობებს შორის, რომელიც ქალაქ კორიცას არტყია გარს. ამ უბანზე ბერძნულმა მხარემ სალონიკის დივიზიების გადმოსროლით რიცხობრივ უპირატესობას მიაღწია და იტალიელები გამალებით შეუდგნენ ჩრდილოეთ სქტორში ჯარების გადასროლას ძალთა ბალანსის აღსადგენად. 5 ნოემბერს ბერძნების ტაქტიკური გეგმა აშკარა გახდა - მათმა ჯარებმა კორიცადან ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით მიმავალი მთავარი გზა გადაჭრეს. იმავე დღეს ბერძნულმა არტილერიამ ქალაქის დაბომბვა დაიწყო.
ამის ერთდროულად ფრონტის ცენტრალურ უბანზე ბერძნებმა, რომლებსაც აქ საწყის ეტაპზე მხოლოდ 1 დივიზია ჰყავდათ, იტალიელთა შეტევა საბოლოოდ შეაჩერეს. 4 ნოემბრისათვის ბერძნებმა შევსება მიიღეს, ხოლო 5 ნოემბერს დატოვეს პოზიციები ველზე, სადაც იტალიელთა ტექნიკური და საცეცხლე უპირატესობა მეტისმეტად მკვეთრი იყო, ფარულად, მცირე, თუმცა მრავალრიცხოვან ჯგუფებად გააღწიეს მოწინააღმდეგის განლაგების მიღმა და პრაქტიკულად მთლიანად მოაქციეს ალყაში იტალიელთა 3-ე დივიზია "ჯულია". საბრძოლო მოქმედებები 1500 მეტრამდე სიმაღლეზე მიმდინარეობდა და ამ პირობებში, ზამთრის პირზე, მკაცრ კლიმატურ პირობებში ბერძენ ჯარისკაცთა და ოფიცერთა ფიზიკური და საბრძოლო მომზადება, ადგილმდებარეობის ცოდნა, პატრიოტიზმი და თავგანწირვა გაცილებით უფრო ეფექტური და შედეგიანი აღმოჩნდა, ვიდრე - იტალიელთა ტექნიკური და საცეცხლე უპირატესობა. მომდევნო 4 დღის განმავლობაში იტალიელები უშედეგოდ ცდილობდნენ გარემოცვის გარღვევას. მხოლოდ ამ ბრძოლების შედეგად ბერძნებმა მოწინააღმდეგის 5 000-მდე მებრძოლი დაატყვევეს, იტალიელთა საერთო დანაკარგებმა კი 20 ათას კაცს მიაღწია. ამ კატასტროფის გამო ვისკონტი პრასკა თანამდებობიდან მოხსნეს და მისი ადგილი გენერალმა უბალდო სოდუმ დაიკავა.
ამასობაში ზღვისპირა უბანზე იტალიელები ნელ წინსვლას განაგრძობდნენ. 8 ნეომბერს ისინი მდინარე აქერონის ველთან გავიდნენ, თუმცა ბერძენთა წარმატებები ფრონტის ცენტრალურ უბანზე იტალიელთა ასეთ დისპოზიციას საკმაოდ სახიფათოდ აქცევდა. ამიტომ 13 ნოემბრიდან სოდუმ ამ უაბნზე უკანდახევა დაიწყო. ამავე 13 ნოემბერს ბერძნებს პირველი ალბანელი ჯარისკაცები დანებდნენ, რომლებიც მზად იყვნენ, თავიანთი იტალიელი "მეგობრების" წინააღმდეგ იარაღით ხელში ებრძოლათ - ესენი პირველები იყვნენ იმ ალბანური ლეგიონიდან, რომელიც მოგვიანებით ბერძენთა მხარეს იბრძოდა.
14 ნოემბერს ფრონტის ცენტრალურ უბანზე ზეწოლის შესუსტების გარეშე, ბერძნებმა კორიცის ჩრდილო-დასავლეთით ახალი პოზიციები იგდეს ხელთ. ზოგიერთმა ქვეგანაყოფმა ალბანეთის საზღვარი გადალახა. ბერძენთა ეს წინსვლა არა მხოლოდ ზღვისპირა უბანზე შემტევ იტალიელთათვის იყო სახიფათო, არამედ კორიციდან დასავლეთის მიმართულებით მიმავალ კიდევ ერთ გზას უქმნიდა საფრთხეს. 16 ნოემბერს იტალიელებმა კორიცის სამხრეთ-დასავლეთით არსებული პოზიციები დატოვეს, თუმცა თავად ქალაქში მთების გავლით გადაისროლეს შევსება, მაგრამ მეორე დღეს ბერძნებმა კორიცასა და იტალიური ზურგის დამაკავშირებელი უკანასკნელი გზაც გადაჭრეს.
კორიცაში გარემოცული იტალიური ნაწილები საკუთარ ზურგთან კავშირს მხოლოდ მთის ბილიკებით ახერხებდნენ, რომლებზეც მხოლოდ ცხენებს, ვირებს, ჯორებს და ქვეითად მოსიარულე ადამიანებს შეეძლოთ მოძრაობა, იტალიელთა მსხვილი ზღვისპირა დაჯგუფება კი გარემოცვისა და ზღვასთან მიმწყვდევის აშკარა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა და იძულებული გახდა, უკან დაეხია. სწორედ ამ უკანდახევისას მიაყენეს ბერძნებმა მას ამ ომის განმავლობაში ყველაზე ძლიერი და გამანადგურებელი დარტყმა. იტალიელთა თავდაცვითი პოზიციები პრაქტიკულად დაუყოვნებლივ გაირღვა და მთელი დაჯგუფება, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გაიქცა. ბერძნები მათ კარგა ხანს მისდევდნენ მთელი დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ, თითქმის ალბანურ ვლონემდე.
ამის პარალელურად დაიწყო ბერძენთა შეტევა უშუალოდ კორიცაზე და, მიუხედავად იტალიური 9-ე არმიის ნაწილების შეუპოვარი წინააღმდეგობისა, ქალაქი 22 ნოემბერს დაეცა. რაკი კორიცადან გამავალი ყველა გზა გადაჭრილი იყო და იტალიელებს უკანდასახევად არცერთი მიმართულება აღარ ჰქონდათ, ბერძენთა ხელში დიდი ოდენობის ტყვეები და სამხედრო ალაფი აღმოჩნდა.
ბერძნებს თანამედროვე იარაღი კატასტროფულად არ ყოფნიდათ. მათი არტილერიის უდიდესი ნაწილი ფრანგული და გერმანული წარმოებისა იყო და ისინი გამუდმებით განიცდიდნენ საბრძოლო მასალებისა და სათადარიგო ნაწილების უკმარისობას. კონფლიქტის შედარებით გვიანდელ სტადიებზე, როდესაც ბერძნებს უკვე ინგლისელები ეხმარებოდნენ შესაძლებლობების ფარგლებში, მათი შეიარაღების ფრანგული ნაწილისათვის საჭირო საბრძოლო და სათადარიგო მასალები ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოვიდა.
ბერძნებს საერთოდ არ ჰქონდათ ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და აბსოლუტურად არანაირი სახით არ გააჩნდათ თანამედროვე ტრანსპორტი, ხოლო ბერძნული ავიაცია საერთო ჯამში დაახლოებით 160, ძირითადად მოძველებული კონსტრუქციის ფრანგულ და პოლონურ თვითმფრინავს ითვლიდა. მის წინააღმდეგ იტალიელებს 160-200 მხოლოდ გამანადგურებლის გამოყვანა შეეძლოთ, რომლებიც თავისი მონაცემებით მკვეთრად აღემატებოდნენ ყველაფერს, რაც კი ბერძნების განკარგულებაში იყო. გარდა ამისა, იტალიელებს ბერძნების წინააღმდეგ არანაკლებ 200 ბომბდამშენი ჰყავდათ.
მალე ბერძენთა შეტევა ჩაშლის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა სწორედ საბრძოლო მასალებისა და სათადარიგო ნაწილების უკმარისობის გამო. ამერიკიდან მოწოდებული ყველაფერი გაიხარჯა, ახლის გამოგზავნას კი 1941 წლის ბოლომდე სჭირდებოდა ლოდინი. ბრიტანული წარმოებისა ბერძენთა განკარულებაში არსებული იარაღისათვის არაფერი გამოდგებოდა და საბოლოოდ ბრიტანელებმა გადაწყვიტეს, ცუდად შეიარაღებული, თუმცა კარგად მეომარი მოკავშირისათვის ლიბიაში ნაალაფარი იტალიური იარაღი და ამუნიცია მიეწოდებინათ.
ბერძენთა წარმატებებში ყველაზე დიდი წვლილი ბრიტანულმა ავიაციამ შეიტანა. ნოემბრის დასაწყისში საბერძნეთში "ბლენჰეიმ-1"-ით შეიარაღებული 30-ე ესკადრილია ჩავიდა, რომლის ნახევარი თვითმფრინავები გამანადგურებლის სპეციფიკაციით იყო მომზადებული, ნახევარი კი - ბომბდამშენის სპეციფიკაციით. თვის ბოლოს საბერძნეთში "ბლენჰეიმების" კიდევ ორი და "გლადიატორების" ერთი ესკადრილია ჩავიდა.
ბერძნები შეტევას განაგრძობდნენ და მათ მერ ქალაქ პოგრადეცის დაკავებამ რომში პანიკა გამოიწვია. მუსოლინიმ ჩიანოს განუცხადა, რომ, როგორც ჩანს, საბერძნეთთან ზავის გაფორმებაში გერმანიისთვის დახმარების თხოვნის გარდა, სხვა გამოსავალი არ ჩანდა: ამ პერიოდისათვის მესამე რაიხს ჯერ კიდევ ჰქონდა დიპლომატიური ურთიერთობები საბერძნეთთან. თუმცა რეალობაში თხოვნას ადგილი არ ჰქონია: ჰიტლერმა იტალიელებს თავის გეგმები გააცნო, რომელთა მიხედვითაც საბერძნეთში ბულგარეთიდან იგეგმებოდა შეჭრა და ურჩია, ყურადღების კონცენტრაცია ჩრდილო აფრიკასა და ბრიტანულ ხმელთაშუა ზღვის ფლოტზე გადაეტანა. დუჩესაც სხვა რა გამოსავალი ჰქონდა - დათანხმდა.
1941 წლის დადგომისათვის იტალია-საბერძნეთის ფრონტის ხაზი შემდეგ ზღუდეებზე გადიოდა: ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალაქ პოგრადეციდან ქალაქ ტეპელენესა და ქალაქ კლისურას აღმოსავლეთით სანაპიროს იმ წერტილამდე, რომელიც ქალაქ ჰიმარეს ჩრდილოეთით მდებარეობს.
იანვრის დასაწყისში იტალიელბმა კორიცას ჩრდილოეთით წამოიწყეს შეტევა, რისთვისაც აქ 2 ახალი დივიზია გადმოისროლეს, თუმცა შედეგები კატასტროფული აღმოჩნდა - ბერძნები კონტრშეტევაზე გადავიდნენ, უკუაგდეს იტალიელები და 10 იანვარს კლისურაში შევიდნენ. 13 იანვარს გენერალი სოდუ გადადგა და მისი ადგილი გენერალმა უგო კავალერომ დაიკავა.
1941 წლის 29 იანვარს გარდაიცვალა გენერალი მეტაქსასი. მისი ადგილი ალექსანდროს კოზირისმა დაიკავა, რომელსაც აღნიშნული თანამდებობის დაკავების მოვალეობა საბერძნეთის მეფე გეორგიოს II-მ დააკისრა.
ჰიტლერი იმედოვნებდა, რომ მეტაქსასის სიკვდილი ბერძნებს აიძულებდა, "ღერძის" ქვეყნების პოლიტიკურ ხაზს მიჰყოლოდნენ, თუმცა მეფის გამოსვლიდან ცხადი გახდა, რომ ბერძნები მომავალშიც გააგრძელებდნენ ბრძოლას იტალიელთა წინააღმდეგ. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა ჰიტლერმა საბრძნეთში შეჭრა საბოლოოდ და ბულგარეთის აეროდრომებზე ლიუფტვაფეს ნაწილებმა იწყეს თავმოყრა.
გენერალი პაპაგოსი იძულებული გახდა, ალბანეთის ფრონტიდან დასავლეთ თრაკიაში ჯარების გადასროლაზე ეფიქრა და გადაწყვიტა, დაჩქარებული წესით დაეკავებინა ვლონე და საბოლოოდ გაენადგურებინა იტალიური დაჯგუფება ალბანეთში. გერმანელთა მზადების მიუხედავად ბერძნები კვლავ ცდილობდნენ, გერმანელთა პროვოცირება არ მოეხდინათ, რის გამოც მათ უარი თქვეს გაერთიანებული ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო ბრიტანული პოლკის და მსუბუქი სატანკო ასეულის ალბანეთის ფრონტზე გადმოსროლაზე. ამასთან ერთად პირეოსის პორტში მზადება დაიწყო ბრიტანული საექსპედიციო ნაწილების გადმოსროლისათვის, თუკი გერმანელთა შემოჭრა დაიწყებოდა.
ვლონეზე ბერძენთა შეტევა საწყის ეტაპზე წარმატებით ვითარდებოდა: 5 თებერვალს ბერძნებმა ვლონესა და ტეპელენეს დამაკავშირებელი გზა გადაჭრეს, მაგრამ ამინდის მკვეთირ გაუარესებისა და იტალიელთა მხარეს დამატებითი ძალების მოსვლის გამო შეტევა შეჩერებული იქნა. ჰაერში ომი კი გრძელდებოდა. ბერძენთა თხოვნის საპასუხოდ ბრიტანელებმა ეგვიპტიდან 6 მძიმე ბომბდამშენი "ველინგტონი" გადმოისროლეს, თებერვლის ბოლოს კი "ჰარიკეინების" ესკადრილიაც ჩამოვიდა: იტალიური აეროდრომები ბრიტანული ავიაციის დარტყმების ქვეშ მოექცა.
1941 წლის 1 მარტს ბულგარეთი "ღერძის" ქვეყნებს შეუერთდა და გერმანულმა სახმელეთო ნაწილებმა აქ ჩამოსვლა დაიწყეს. ამის საპასუხოდ საბერძნეთში ბრიტანული ჯარების გადმოსხმა დაიწყო. მუსოლინის საკუთარი ძალებით თუნდაც რამის გაკეთების ერთადერთი საშუალებაღა რჩებოდა და 9 მარტს იტალიელებმა მდინარე ვიიოსეს ველსა და ტომოროტის მთას შორის 11 ქვეითი დივიზიისა და 131-ე სატანკო დივიზია "ჩენტაუროს" ძალებით შეტევა წამოიწყეს. მათ 160 გამანადგურებელი და 160 ბომბდამშენი უჭერდა მხარს. ოპერაციის ხელმძღვანელობა მუსოლინიმ პირადად გადაწყვიტა, რისთვისაც სპეციალურად ჩავიდა ტირანაში, კავალეროს შტაბში.
ბრიტანელთა მცირერიცხოვანმა ავიაციამ იტალიელთა თვითმფრინავებს შეუპოვარი წინააღმდეგობა გაუწია და ეფექტურად დაიცვა ბერძენთა სახმელეთო ძალები ჰაერიდან შეტევებისაგან, თუმცა თავადაც დიდი დანაკარგები განიცადა - 15 მარტისათვის მწყობრში მხოლოდ 12 ბრიტანული და დაახლოებით 40 იტალიური თვითმფრინავი რჩებოდა.
ხმელეთზე გააფთრებული ბრძოლები გაჩაღდა მდინარეების ოსუმისა და ვიოსას შორის, ტრებეშინის მთისა და მის გარშემო არსებული მაღლობების რაიონში. 14 მარტს კავალერომ მუსოლინის უნაყოფო იერიშების შეწყვეტა ურჩია. განსაკუთრებით გააფთრებული იყო ბრძოლები 731 სიმაღლის რაიონში, რომელსაც იტალიელებმა 18-ჯერ შეუტიეს და, ძალიან დიდი დანაკარგების მიუხედავად, ვერ დაიკავეს. იტალიელთა მოქმედებას ბერძნებმა აქტიური თავდაცვა დაუპირისპირეს: ხშირი კონტრშეტევები (ზოგჯერ - მომზადების გარეშე), წარმატებული კონტრბატარეული მოქმედება და მაღალი საბრძოლო სულისკვეთება. 16 მარტს იტალიური შეტევა ყოველგვარი შედეგების გარეშე დამთავრდა და შეწყდა.
6 აპრილს ბულგარეთის ტერიტორიიდან მოქმედება დაიწყო ვერმახტმა. მათ 9 აპრილს დაიკავეს სალონიკი, დასავლეთისკენ განავითარეს შეტევა და 23 აპრილს იოანინა აიღეს, რითაც ალბანეთის ფრონტზე მოქმედი ბერძნული დაჯგუფების სტრატეგიულ ზურგში გავიდნენ. ამით დასრულდა 1940-1941 წლების ომი იტალიასა და საბერძნეთს შორის.
ამ ომში იტალიამ 38 000 მოკლული, 50 000 დაჭრილი და 12 000 მოყინული დაკარგა, ხოლო ბერძენთა საერთო დანაკარგები როგორც იტალიასთან, ასევე გერმანიასთან ომში (28.10.1940-23.04.1941) დაახლოებით 20 000 კაცია.
იტალია-საბერძნეთის ზემოთაღწერილ ომს თანამედროვე შვედურმა ჯგუფმა Sabaton-მა საკუთრი რეპერტუარის ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერა მიუძღვნა - Coat of Arms.
https://www.youtube.com/watch?v=eglKhZ4ycGU

ეროვნული სიამაყე იდეოლოგიურ ნათესაობაზე გაცილებით მაღალი აღმოჩნდა: საბერძნეთმა ულტიმატუმი უარყო, ხოლო იმავე 28 ოქტომბრის დილიდან მთელი საბერძნეთი ქუჩაში გამოვიდა "ოხი"-ს (Οχι - არა) შეძახილებით (მოგვიანებით მთელი მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ბერძნული თემები და დიასპორები 28 ოქტომბერს საგანგებოდ აღნიშნავდნენ, 1942 წლიდან ეს დღე "ოხის დღე" გახდა, ომის შემდეგ კი 28 ოქტომბერი საბერძნეთის ოფიციალურ დღესასწაულად იქცა. "ოხის წლისთავი" (Επέτειος του «'Οχι») დღემდე აღინიშნება): დილის 6 საათიდან საბერძნეთი და იტალია საომარ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, თუმცა ზოგიერთმა იტალიურმა ნაწილმა მოქმედება ნახევარი საათით ადრეც კი დაიწყო.
ომის დასაწყისისათვის ალბანეთში იტალიის სამხედრო დაჯგუფება 9-ე არმიად გარდაიქმნა, რომელიც 7 ქვეით და 1 სატანკო დივიზიას ითვლიდა: ეს ძალები განაწილებულნი იყვნენ როგორც ციამურიას 25-ე (131-ე სატანკო დივიზია "ჩენტაურო", 23-ე ქვეითი დივიზია "ფერარა", 51-ე ქვეითი დივიზია "სიენა", საკავალერიო ბრიგადა (3 პოლკი), "შავხალათიანთა" რამდენიმე ბატალიონი, ალბანური დამხმარე ნაწილები) და კორიცას 26-ე (29-ე ქვეითი დივიზია "პიემონტე", 49-ე ქვეითი დივიზია "პარმა", ქვეითი დივიზია "ვენეცია") საარმიო კორპუსებში, ასევე უშუალო საარმიო დაქვემდებარებასა (ელიტარული ალპურ მსროლელთა 3-ე დივიზია "ჯულია") და რეზერვში (53-ე ქვეითი დივიზია "არეცო"). სულ იტალიური დაჯგუფების რაოდენობა დაახლოებით 200 ათას მებრძოლს, 250 ტანკს, 700 ქვემეხს და 380 თვითმფრინავს შეადგენდა.ალბანეთის საზღვარზე საბერძნეთს, გარდა სასაზღვრო ნაწილებისა, გენერალ ალექსანდროს პაპაგოსის (Αλέξανδρος Παπάγος) ეპირუსის არმიის 2 ქვეითი დივიზია და 2 ბრიგადა ჰყავდა: 27 ათასი მებრძოლი, 20 ტანკი, 70 ქვემეხი, 36 თვითმფრინავი.
იტალიელთა მთავარსარდალი გენერალი ვისკონტი პრასკა იმდენად იყო დარწმუნებული, რომ ინიციატივა მტკიცედ იყო მის ხელში, რომ მოწინააღმდეგისთვის ანგარიშის გაწევას საერთოდ არ თვლიდა საჭიროდ. მან იცოდა, რომ ომამდელი ბერძნული პოლიტიკა მთლიანად იყო მიმართული პროვოკაციების თავიდან აცილებისკენ, რაშიც ამ ქვეყანას ასე ომახიანად ადანაშაულებდა დუჩე და რის გამოც ბერძნებმა მობილიზაციაც კი არ ჩაატარეს. რაკი საბერძნეთის ზოგადი ეკონომიკურ-გეოგრაფიული პირობები - სუსტად განვითარებული საგზაო ქსელი, დიდ ტერიტორიაზე გაფანტული მოსახლეობა, მთაგორიანი ადგილმდებარეობა - მკვეთრად აუარესებდა ქვეყნის სამობილიზაციო შესაძლებლობებს, ვისკონტი პრასკა დარწმუნებული იყო, რომ კამპანიას მანამდე მოიგებდა, სანამ მოწინააღმდეგე ძალებს მოიკრებდა. მართლაც: სულ 16 დივიზიისაგან შემდგარი საბერძნეთის არმიის 12-მა დივიზიამ მობილიზაციის ბრძანება მხოლოდ იტალიური ინტერვენციის დაწყების შემდეგ მიიღო.
ვისკონტი პრასკამ საბერძნეთში შეჭრის სამი მიმართულება დაგეგმა. საბერძნეთის, ალბანეთისა და იუგოსლავიის საზღვრების შეერთების ადგილიდან უშუალოდ სამხრეთით დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ ორიეტირებული კორიცა-ფლორინა-სალონიკის გზა გადიოდა. სამხრეთით ალბანეთისა და საბერძნეთის გავლით გადიოდა ლონე-ფრაშეი-ვიიოსეს ველი-მეტსოვონიც გზა, რომელიც ნაკლები მნიშვნელობისა იყო და რთულად სავალ, მთაგორიან ადგილმდებარეობაზე გადიოდა. მესამე მიმართულება - კიდევ სამხრეთით - ადრიატიკის ზღვის სანაპირო იყო, რომელიც შედარებით სწორი რელიეფით გამოირჩეოდა.
ვისკონტი პრასკამ ჩათვალა, რომ ბერძნები მხოლოდ თავდაცვით ტაქტიკას მიმართავდნენ და ფლორინას მიმართულებაზე უმნიშვნელო ძალები დატოვა, ძირითადი დარტყმა კი მთაგორიან ცენტრალურ მიმართულებაზე დაგეგმა. მიუხედავად ამისა, სამხრეთის, ზღვისპირა მიმართულებაზე იტალიელთა ყველაზე მრავალრიცხოვანი დაჯგუფება ამოქმედდა, თუმცა ეს მიმართულება, ცენტრალურთან შედარებით, წინანდებურად მეორეხარისხოვნად ითვლებოდა.
იტალიელთა შეტევამ თავიდანვე ვერ აკრიფა რამდენადმე მაინც მნიშვნელოვანი ტემპი, თუმცა კი საბრძოლო მოქმედებების პირველი 2 დღის განმავლობაში ზღვისპირა დაჯგუფებამ სანაპირო გზისა და იოანინასაკენ მიმავალი პარალელური გზის გაყოლებით დაახლოებით 10 კილომეტრით წაიწია წინ. 2 ნოემბერს ცენტრალურ მიმართულებაზე მოქმედი იტალიური დამრტყმელი დაჯგუფების შეტევა ბერძნებმა შეაჩერეს, მიუხედავად იტალიელთა დაჟინებული მცდელობისა, ამ უბანზე წარმატებისთვის მიეღწიათ. ამ დროისათვის ზღვისპირა მიმართულებაზე ნელი წინსვლა კიდევ აღინიშნებოდა, თუმცა უფრო ჩრდილოეთით იტალიელები უკვე თვალნათლივ რწმუნდებოდნენ, რაოდენ სერიოზულად ვერ შეაფასეს მოწინააღმდეგე.
გენერალ პაპაგოსს მშვენივრად ესმოდა ჩრდილოეთ სექტორის დაცვის მთელი მნიშვნელობა. ფლორინასთან გაჭრით იტალიელებს სწრაფად შეეძლოთ სალონიკისკენ წაწევა, რითაც დანარჩენ საბერძნეთს მოწყვეტდნენ დასავლეთ თრაკიის პროვინციებს და იმ 5 დივიზიას, რომელთა მობილიზაციაც სალონიკის რაიონში მიმდინარეობდა. როდესაც ცხადი გახდა, რომ ჩრდილოეთის მიმართულება იტალიელთათვის მთავარ მიმართულებას არ წარმოადგენდა, პაპაგოსი დაელოდა, სანამ სალონიკის დივიზიებმა მობილიზაცია არ დაასრულეს და ისინი ალბანეთის საზღვრის მიმართულებით დაძრა, რითაც საბერძნეთის მთელი აღმოსავლეთი ნაწილი გააშიშვლა. თუნდაც იმ მომენტის უგულებელყოფით, რომ გერმანული ჯარები ჯერ კიდევ არ იმყოფებოდნენ იუგოსლავიისა და ბულგარეთის ტერიტორიებზე და ჯერ არ იყო საუბარი ვერმახტის საბერძნეთში შეჭრაზე, პაპაგოსის ეს ნაბიჯი მაინც დიდად სარისკო ჩანს, რადგან ბულგარეთს საბერძნეთის ტერიტორიის სწორედ ამ ნაწილზე ჰქონდა პრეტენზია და დასავლეთ თრაკიის უჯაროდ დატოვება საკმაოდ დიდ გაბედულებას მოითხოვდა.
1940 წლის 2 ნოემბერს პინდუსის ქედის რაიონში მოქმედი პოლკოვნიკ დავაკისის (Κωνσταντίνος Δαβάκης) 2000-კაციანი ბრიგადა, რომელიც ორი ბერძნული არმიის - ეპირუსისა და მაკედონიის არმიების - მეზობელ ფლანგებზე (ეპირუსის მარჯვენა და მაკედონიის მარცხენა) მოქმედებდა და ამ ფლანგებს უზრუნველყოფდა, კონტრშეტევაზე გადავიდა: ბრძოლის პირველივე დღეს წმინდა ილიას გორაზე, სოფელ დროსოპიგისთან დავაკისი მძიმედ დაიჭრა მკერდში და ბრძოლის ველიდან გონდაკარგული იქნა ევაკუირებული (გონს მხოლოდ 2 დღის შემდეგ მოვიდა, მკურნალობა დიდხანს გაგრძელდა და დავაკისი ნაცისტურ-ფაშისტურ ოკუპაციას ათენის ჰოსპიტალში შეხვდა. 1942 წლის დეკემბერში იტალიურმა საოკუპაციო ხელისუფლებამ ის ბერძნულ წინააღმდეგობის მოძრაობაში მონაწილეობის ბრალდებით დააპატიმრა და, სხვა დაპატიმრებულ ოფიცრებთან ერთად, პატრადან გაგზავნა გემით იტალიაში. 1943 წლის იანვარში სამხრეთ ალბანეთის ნაპირებთან ეს გემი ინგლისურმა წყალქვეშა ნავმა ჩაძირა, ხოლო დავაკისის გვამი ზღვამ გამორიყა ქალაქ ვალონა/ავალონას (დღევანდელი ალბანური ვლორა) მახლობლად. ადგილობრივმა ბერძნულმა მოსახლეობამ გვამი ამოიცნო და იქვე დაკრძალა, ომის შემდეგ კი დავაკისის ნეშტი სამხედრო პატივით იქნა გადასვენებული და დაკრძალული ათენში), მისი ადგილი კი მაიორმა კარავიასმა (Ιωάννης Καραβίας) დაიკავა და ბერძენთა 500-კაციანი რაზმით იტალიელთა 2000-კაციანი შემტევი შენაერთი ჯერ შეაჩერა, შემდეგ კი უკუაგდო, რითაც პინდუსის ქედზე ბერძენთა საბოლოო გამარჯვებას დაედო დასაბამი.
1940 წლის 2 ნოემბერს ბერძნულმა ჯარებმა მოწინააღმდეგეს შეუტიეს და ხელთ იგდეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტი - პისოდეროსის მთა, რომელიც ალბანეთის ტერიტორიაზე, საზღვრიდან დაახლოებით 5,5 კილომეტრში მდებარეობს და ერთ-ერთია იმ მაღლობებს შორის, რომელიც ქალაქ კორიცას არტყია გარს. ამ უბანზე ბერძნულმა მხარემ სალონიკის დივიზიების გადმოსროლით რიცხობრივ უპირატესობას მიაღწია და იტალიელები გამალებით შეუდგნენ ჩრდილოეთ სქტორში ჯარების გადასროლას ძალთა ბალანსის აღსადგენად. 5 ნოემბერს ბერძნების ტაქტიკური გეგმა აშკარა გახდა - მათმა ჯარებმა კორიცადან ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით მიმავალი მთავარი გზა გადაჭრეს. იმავე დღეს ბერძნულმა არტილერიამ ქალაქის დაბომბვა დაიწყო.
ამის ერთდროულად ფრონტის ცენტრალურ უბანზე ბერძნებმა, რომლებსაც აქ საწყის ეტაპზე მხოლოდ 1 დივიზია ჰყავდათ, იტალიელთა შეტევა საბოლოოდ შეაჩერეს. 4 ნოემბრისათვის ბერძნებმა შევსება მიიღეს, ხოლო 5 ნოემბერს დატოვეს პოზიციები ველზე, სადაც იტალიელთა ტექნიკური და საცეცხლე უპირატესობა მეტისმეტად მკვეთრი იყო, ფარულად, მცირე, თუმცა მრავალრიცხოვან ჯგუფებად გააღწიეს მოწინააღმდეგის განლაგების მიღმა და პრაქტიკულად მთლიანად მოაქციეს ალყაში იტალიელთა 3-ე დივიზია "ჯულია". საბრძოლო მოქმედებები 1500 მეტრამდე სიმაღლეზე მიმდინარეობდა და ამ პირობებში, ზამთრის პირზე, მკაცრ კლიმატურ პირობებში ბერძენ ჯარისკაცთა და ოფიცერთა ფიზიკური და საბრძოლო მომზადება, ადგილმდებარეობის ცოდნა, პატრიოტიზმი და თავგანწირვა გაცილებით უფრო ეფექტური და შედეგიანი აღმოჩნდა, ვიდრე - იტალიელთა ტექნიკური და საცეცხლე უპირატესობა. მომდევნო 4 დღის განმავლობაში იტალიელები უშედეგოდ ცდილობდნენ გარემოცვის გარღვევას. მხოლოდ ამ ბრძოლების შედეგად ბერძნებმა მოწინააღმდეგის 5 000-მდე მებრძოლი დაატყვევეს, იტალიელთა საერთო დანაკარგებმა კი 20 ათას კაცს მიაღწია. ამ კატასტროფის გამო ვისკონტი პრასკა თანამდებობიდან მოხსნეს და მისი ადგილი გენერალმა უბალდო სოდუმ დაიკავა.
ამასობაში ზღვისპირა უბანზე იტალიელები ნელ წინსვლას განაგრძობდნენ. 8 ნეომბერს ისინი მდინარე აქერონის ველთან გავიდნენ, თუმცა ბერძენთა წარმატებები ფრონტის ცენტრალურ უბანზე იტალიელთა ასეთ დისპოზიციას საკმაოდ სახიფათოდ აქცევდა. ამიტომ 13 ნოემბრიდან სოდუმ ამ უაბნზე უკანდახევა დაიწყო. ამავე 13 ნოემბერს ბერძნებს პირველი ალბანელი ჯარისკაცები დანებდნენ, რომლებიც მზად იყვნენ, თავიანთი იტალიელი "მეგობრების" წინააღმდეგ იარაღით ხელში ებრძოლათ - ესენი პირველები იყვნენ იმ ალბანური ლეგიონიდან, რომელიც მოგვიანებით ბერძენთა მხარეს იბრძოდა.
14 ნოემბერს ფრონტის ცენტრალურ უბანზე ზეწოლის შესუსტების გარეშე, ბერძნებმა კორიცის ჩრდილო-დასავლეთით ახალი პოზიციები იგდეს ხელთ. ზოგიერთმა ქვეგანაყოფმა ალბანეთის საზღვარი გადალახა. ბერძენთა ეს წინსვლა არა მხოლოდ ზღვისპირა უბანზე შემტევ იტალიელთათვის იყო სახიფათო, არამედ კორიციდან დასავლეთის მიმართულებით მიმავალ კიდევ ერთ გზას უქმნიდა საფრთხეს. 16 ნოემბერს იტალიელებმა კორიცის სამხრეთ-დასავლეთით არსებული პოზიციები დატოვეს, თუმცა თავად ქალაქში მთების გავლით გადაისროლეს შევსება, მაგრამ მეორე დღეს ბერძნებმა კორიცასა და იტალიური ზურგის დამაკავშირებელი უკანასკნელი გზაც გადაჭრეს.
კორიცაში გარემოცული იტალიური ნაწილები საკუთარ ზურგთან კავშირს მხოლოდ მთის ბილიკებით ახერხებდნენ, რომლებზეც მხოლოდ ცხენებს, ვირებს, ჯორებს და ქვეითად მოსიარულე ადამიანებს შეეძლოთ მოძრაობა, იტალიელთა მსხვილი ზღვისპირა დაჯგუფება კი გარემოცვისა და ზღვასთან მიმწყვდევის აშკარა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა და იძულებული გახდა, უკან დაეხია. სწორედ ამ უკანდახევისას მიაყენეს ბერძნებმა მას ამ ომის განმავლობაში ყველაზე ძლიერი და გამანადგურებელი დარტყმა. იტალიელთა თავდაცვითი პოზიციები პრაქტიკულად დაუყოვნებლივ გაირღვა და მთელი დაჯგუფება, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გაიქცა. ბერძნები მათ კარგა ხანს მისდევდნენ მთელი დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ, თითქმის ალბანურ ვლონემდე.
ამის პარალელურად დაიწყო ბერძენთა შეტევა უშუალოდ კორიცაზე და, მიუხედავად იტალიური 9-ე არმიის ნაწილების შეუპოვარი წინააღმდეგობისა, ქალაქი 22 ნოემბერს დაეცა. რაკი კორიცადან გამავალი ყველა გზა გადაჭრილი იყო და იტალიელებს უკანდასახევად არცერთი მიმართულება აღარ ჰქონდათ, ბერძენთა ხელში დიდი ოდენობის ტყვეები და სამხედრო ალაფი აღმოჩნდა.
ბერძნებს თანამედროვე იარაღი კატასტროფულად არ ყოფნიდათ. მათი არტილერიის უდიდესი ნაწილი ფრანგული და გერმანული წარმოებისა იყო და ისინი გამუდმებით განიცდიდნენ საბრძოლო მასალებისა და სათადარიგო ნაწილების უკმარისობას. კონფლიქტის შედარებით გვიანდელ სტადიებზე, როდესაც ბერძნებს უკვე ინგლისელები ეხმარებოდნენ შესაძლებლობების ფარგლებში, მათი შეიარაღების ფრანგული ნაწილისათვის საჭირო საბრძოლო და სათადარიგო მასალები ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოვიდა.
ბერძნებს საერთოდ არ ჰქონდათ ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და აბსოლუტურად არანაირი სახით არ გააჩნდათ თანამედროვე ტრანსპორტი, ხოლო ბერძნული ავიაცია საერთო ჯამში დაახლოებით 160, ძირითადად მოძველებული კონსტრუქციის ფრანგულ და პოლონურ თვითმფრინავს ითვლიდა. მის წინააღმდეგ იტალიელებს 160-200 მხოლოდ გამანადგურებლის გამოყვანა შეეძლოთ, რომლებიც თავისი მონაცემებით მკვეთრად აღემატებოდნენ ყველაფერს, რაც კი ბერძნების განკარგულებაში იყო. გარდა ამისა, იტალიელებს ბერძნების წინააღმდეგ არანაკლებ 200 ბომბდამშენი ჰყავდათ.
მალე ბერძენთა შეტევა ჩაშლის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა სწორედ საბრძოლო მასალებისა და სათადარიგო ნაწილების უკმარისობის გამო. ამერიკიდან მოწოდებული ყველაფერი გაიხარჯა, ახლის გამოგზავნას კი 1941 წლის ბოლომდე სჭირდებოდა ლოდინი. ბრიტანული წარმოებისა ბერძენთა განკარულებაში არსებული იარაღისათვის არაფერი გამოდგებოდა და საბოლოოდ ბრიტანელებმა გადაწყვიტეს, ცუდად შეიარაღებული, თუმცა კარგად მეომარი მოკავშირისათვის ლიბიაში ნაალაფარი იტალიური იარაღი და ამუნიცია მიეწოდებინათ.
ბერძენთა წარმატებებში ყველაზე დიდი წვლილი ბრიტანულმა ავიაციამ შეიტანა. ნოემბრის დასაწყისში საბერძნეთში "ბლენჰეიმ-1"-ით შეიარაღებული 30-ე ესკადრილია ჩავიდა, რომლის ნახევარი თვითმფრინავები გამანადგურებლის სპეციფიკაციით იყო მომზადებული, ნახევარი კი - ბომბდამშენის სპეციფიკაციით. თვის ბოლოს საბერძნეთში "ბლენჰეიმების" კიდევ ორი და "გლადიატორების" ერთი ესკადრილია ჩავიდა.
ბერძნები შეტევას განაგრძობდნენ და მათ მერ ქალაქ პოგრადეცის დაკავებამ რომში პანიკა გამოიწვია. მუსოლინიმ ჩიანოს განუცხადა, რომ, როგორც ჩანს, საბერძნეთთან ზავის გაფორმებაში გერმანიისთვის დახმარების თხოვნის გარდა, სხვა გამოსავალი არ ჩანდა: ამ პერიოდისათვის მესამე რაიხს ჯერ კიდევ ჰქონდა დიპლომატიური ურთიერთობები საბერძნეთთან. თუმცა რეალობაში თხოვნას ადგილი არ ჰქონია: ჰიტლერმა იტალიელებს თავის გეგმები გააცნო, რომელთა მიხედვითაც საბერძნეთში ბულგარეთიდან იგეგმებოდა შეჭრა და ურჩია, ყურადღების კონცენტრაცია ჩრდილო აფრიკასა და ბრიტანულ ხმელთაშუა ზღვის ფლოტზე გადაეტანა. დუჩესაც სხვა რა გამოსავალი ჰქონდა - დათანხმდა.
1941 წლის დადგომისათვის იტალია-საბერძნეთის ფრონტის ხაზი შემდეგ ზღუდეებზე გადიოდა: ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალაქ პოგრადეციდან ქალაქ ტეპელენესა და ქალაქ კლისურას აღმოსავლეთით სანაპიროს იმ წერტილამდე, რომელიც ქალაქ ჰიმარეს ჩრდილოეთით მდებარეობს.
იანვრის დასაწყისში იტალიელბმა კორიცას ჩრდილოეთით წამოიწყეს შეტევა, რისთვისაც აქ 2 ახალი დივიზია გადმოისროლეს, თუმცა შედეგები კატასტროფული აღმოჩნდა - ბერძნები კონტრშეტევაზე გადავიდნენ, უკუაგდეს იტალიელები და 10 იანვარს კლისურაში შევიდნენ. 13 იანვარს გენერალი სოდუ გადადგა და მისი ადგილი გენერალმა უგო კავალერომ დაიკავა.
1941 წლის 29 იანვარს გარდაიცვალა გენერალი მეტაქსასი. მისი ადგილი ალექსანდროს კოზირისმა დაიკავა, რომელსაც აღნიშნული თანამდებობის დაკავების მოვალეობა საბერძნეთის მეფე გეორგიოს II-მ დააკისრა.
გენერალი პაპაგოსი იძულებული გახდა, ალბანეთის ფრონტიდან დასავლეთ თრაკიაში ჯარების გადასროლაზე ეფიქრა და გადაწყვიტა, დაჩქარებული წესით დაეკავებინა ვლონე და საბოლოოდ გაენადგურებინა იტალიური დაჯგუფება ალბანეთში. გერმანელთა მზადების მიუხედავად ბერძნები კვლავ ცდილობდნენ, გერმანელთა პროვოცირება არ მოეხდინათ, რის გამოც მათ უარი თქვეს გაერთიანებული ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო ბრიტანული პოლკის და მსუბუქი სატანკო ასეულის ალბანეთის ფრონტზე გადმოსროლაზე. ამასთან ერთად პირეოსის პორტში მზადება დაიწყო ბრიტანული საექსპედიციო ნაწილების გადმოსროლისათვის, თუკი გერმანელთა შემოჭრა დაიწყებოდა.
ვლონეზე ბერძენთა შეტევა საწყის ეტაპზე წარმატებით ვითარდებოდა: 5 თებერვალს ბერძნებმა ვლონესა და ტეპელენეს დამაკავშირებელი გზა გადაჭრეს, მაგრამ ამინდის მკვეთირ გაუარესებისა და იტალიელთა მხარეს დამატებითი ძალების მოსვლის გამო შეტევა შეჩერებული იქნა. ჰაერში ომი კი გრძელდებოდა. ბერძენთა თხოვნის საპასუხოდ ბრიტანელებმა ეგვიპტიდან 6 მძიმე ბომბდამშენი "ველინგტონი" გადმოისროლეს, თებერვლის ბოლოს კი "ჰარიკეინების" ესკადრილიაც ჩამოვიდა: იტალიური აეროდრომები ბრიტანული ავიაციის დარტყმების ქვეშ მოექცა.
1941 წლის 1 მარტს ბულგარეთი "ღერძის" ქვეყნებს შეუერთდა და გერმანულმა სახმელეთო ნაწილებმა აქ ჩამოსვლა დაიწყეს. ამის საპასუხოდ საბერძნეთში ბრიტანული ჯარების გადმოსხმა დაიწყო. მუსოლინის საკუთარი ძალებით თუნდაც რამის გაკეთების ერთადერთი საშუალებაღა რჩებოდა და 9 მარტს იტალიელებმა მდინარე ვიიოსეს ველსა და ტომოროტის მთას შორის 11 ქვეითი დივიზიისა და 131-ე სატანკო დივიზია "ჩენტაუროს" ძალებით შეტევა წამოიწყეს. მათ 160 გამანადგურებელი და 160 ბომბდამშენი უჭერდა მხარს. ოპერაციის ხელმძღვანელობა მუსოლინიმ პირადად გადაწყვიტა, რისთვისაც სპეციალურად ჩავიდა ტირანაში, კავალეროს შტაბში.
ბრიტანელთა მცირერიცხოვანმა ავიაციამ იტალიელთა თვითმფრინავებს შეუპოვარი წინააღმდეგობა გაუწია და ეფექტურად დაიცვა ბერძენთა სახმელეთო ძალები ჰაერიდან შეტევებისაგან, თუმცა თავადაც დიდი დანაკარგები განიცადა - 15 მარტისათვის მწყობრში მხოლოდ 12 ბრიტანული და დაახლოებით 40 იტალიური თვითმფრინავი რჩებოდა.
ხმელეთზე გააფთრებული ბრძოლები გაჩაღდა მდინარეების ოსუმისა და ვიოსას შორის, ტრებეშინის მთისა და მის გარშემო არსებული მაღლობების რაიონში. 14 მარტს კავალერომ მუსოლინის უნაყოფო იერიშების შეწყვეტა ურჩია. განსაკუთრებით გააფთრებული იყო ბრძოლები 731 სიმაღლის რაიონში, რომელსაც იტალიელებმა 18-ჯერ შეუტიეს და, ძალიან დიდი დანაკარგების მიუხედავად, ვერ დაიკავეს. იტალიელთა მოქმედებას ბერძნებმა აქტიური თავდაცვა დაუპირისპირეს: ხშირი კონტრშეტევები (ზოგჯერ - მომზადების გარეშე), წარმატებული კონტრბატარეული მოქმედება და მაღალი საბრძოლო სულისკვეთება. 16 მარტს იტალიური შეტევა ყოველგვარი შედეგების გარეშე დამთავრდა და შეწყდა.
6 აპრილს ბულგარეთის ტერიტორიიდან მოქმედება დაიწყო ვერმახტმა. მათ 9 აპრილს დაიკავეს სალონიკი, დასავლეთისკენ განავითარეს შეტევა და 23 აპრილს იოანინა აიღეს, რითაც ალბანეთის ფრონტზე მოქმედი ბერძნული დაჯგუფების სტრატეგიულ ზურგში გავიდნენ. ამით დასრულდა 1940-1941 წლების ომი იტალიასა და საბერძნეთს შორის.
ამ ომში იტალიამ 38 000 მოკლული, 50 000 დაჭრილი და 12 000 მოყინული დაკარგა, ხოლო ბერძენთა საერთო დანაკარგები როგორც იტალიასთან, ასევე გერმანიასთან ომში (28.10.1940-23.04.1941) დაახლოებით 20 000 კაცია.
იტალია-საბერძნეთის ზემოთაღწერილ ომს თანამედროვე შვედურმა ჯგუფმა Sabaton-მა საკუთრი რეპერტუარის ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერა მიუძღვნა - Coat of Arms.
https://www.youtube.com/watch?v=eglKhZ4ycGU
No comments:
Post a Comment