Thursday, September 10, 2015

Tiger - "ვეფხვები" ფრონტზე და ფრონტს მიღმა.

პროგრამა Panzerkampfwagen VI-ით დაგეგმილი ახალი მძიმე ტანკის შექმნის პირველი სამუშაოები ნაცისტურ გერმანიაში რეალურად 1937 წლის იანვრის ბოლოდან დაიწყო, როდესაც ფირმა „ჰენშელმა“ (Henschel) ახალი ტანკის პროექტის შექმნის შეკვეთა მიიღო, რომელსაც პირობითად DW1 (Durchbruchwagen - გარღვევის მანქანა) დაარქვეს. ამ 30-ტონიანი ტანკის კორპუსი ორი ნაწილისაგან შედგებოდა, რომელბიც ერთმანეთთან ჭანჭიკებით იყო შეერთებული - მეტალურგიულ ქარხნებს იმ დროს ჯერ კიდევ არ შეეძლოთ დიდი ზომის 50 მმ-იანი ჯავშანფილების დამზადება. რაც შეეხება კომპონირებას, ის გერმანული ტანკმშენებლობისათვის ტრადიციული იყო - გადაცემათა კოლოფი და ამძრავი ბორბალი - წინ, ბენზინის ძრავი (Maybach HL 120, 280 ცხ.ძ.) - უკან. მაქსიმალური სისწრაფე - 35 კმ/სთ.

DW1


1938 წლის სექტემბრიდან მუშავდებოდა აღწერილი პროექტის გაუმჯობესებული ვარიანტი - DW2 (განსხვავებები მუხლუხოს, დაკიდების, მუხრუჭების და გადაცემათა კოლოფის კონსტრუქციაში), რომელზეც სერიისათვის თითქმის ყოველმხრივ მომზადებული Pz.Kpfw.lV-ის კოშკის დადგმას გეგმავდნენ მოკლელულიანი 75 მმ-იანი ქვემეხითა და ერთი MG-34 ტყვიამფრქვევით: მეორე ასეთი ტყვიამფრქვევი საშუბლე ჯავშანში იყო ჩამონტაჟებული.

DW2


1939 წლის სექტემბრის დასაწყისში მზის სმინათლე იხილა „ჰენშელის“ მორიგმა პროექტმა, რომელიც, წინა ორის მსგავსად, ერვინ ადერსის დამუშავებული იყო - ამ პროექტს VK 3001(H) ეწოდა (გამოიყენებოდა ასევე, სხვაგვარი აღნიშვნაც - Panzerkampfwagen VI (7,5cm)). პირველ ეტაპზე ახალი ვერსია წინამორბედების - DW1-ისა და DW2-ის შეჯავშნის სქემასა (50 მმ-იანი „შუბლი“) და შეიარაღებას (მოკლელულიანი 75 მმ ქვემეხი KwK37 L/24) იმეორებდა, თუმცა, წონის 30 ტონამდე გაზრდის გამო, სავალი ნაწილის სრული გადახედვა გახდა საჭირო: წინა ვერსიებზე გამოყენებული ხუთი საყრდენი და სამი დამჭერი ბორბლის ნაცვლად შვიდი შეწყვილებული, ჭადრაკულად განლაგებული საყრდენი და სამი დამჭერი ბორბალი გამოიყენეს. ამძრავი ბორბალი, ტრადიციულად, წინ მდებარეობდა ისევე, როგორც გადაცემათა კოლოფი. ასევე ტრადიციული ბენზინის ძრავა კი (Maybach HL 116, 300 ცხ.ძ.) უკან იდგა. კოშკის კონსტრუქცია ასევე იმეორებდა წინამორბედებისას, თუმცა შეჯავშნა კორპუსის ანალოგიური იყო. უნდა აღინიშნოს, რომ 75 მმ-იანი ქვემეხის პარალელურად განიხილებოდა VK 3001(H)-ის 105 მმ-იანი L/28 ჰაუბიცით აღჭურვაც.
მოგვიანებით VK 3001(H) პროექტი კვლავ გადაიხედა და გაძლიერდა მისი საშუბლე ჯავშანი - 60 მმ-მდე და საცდელი პროტოტიპის სახით სწორედ ამ ვარიანტის აგებას შეუდგნენ, რომელიც 1940 წლის დასაწყისში იყო მზად, ხოლო გაზაფხულ-ზაფხულის განმავლობაში წარმატებით გაიარა გამოცდები. ტესტებისას ცხადი გახდა, რომ ძირითადი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლებით VK 3001(H) პანცერვაფეს იმდროისათვის ყველაზე მძლავრ და მძიმე ტანკს - Pz.Kpfw.lV-ს არ ჩამორჩებოდა, რაც ვერმახტს სავსებით აკმაყოფილებდა, თუმცა მაქსიმალური სისწრაფე მხოლოდ 35 კმ/სთ იყო, ხოლო სვლის მარაგი - სულ 150 კმ. გარდა ამისა, საცდელ ეგზემპლარს კოშკი არ ჰქონდა, მის ადგილას კი კოშკის წონის კომპენსატორი იყო დამონტაჟებული.


1940 წელი: VK 3001(H)-ის სავალი გამოცდები კოშკის წონის კომპენსატორით




VK 3001(H)-ის შეჯავშნის სქემა პროექტის მიხედვით


გამოცდების შედეგების მიხედვით 8 წინასერიული მანქანის აგების შეკვეთა გაიცა, რომელთაგან 1941 წლის შემოდგომისათვის მხოლოდ 3 აიგო, რის შემდეგაც შეკვეთა გაუქმდა: მიზეზი წითელი არმიის შემადგენლობაში გერმანელთათვის აქამდე უცნობი ტიპის Т-34-სა და КВ გამოჩენა და თავად გერმანიაში უფრო უკეთესი მონაცემების მქონე პროექტების - VK 3601-სა და VK 4501(P)-ს შექმნა იყო.



VK 3001(H)-ის წინასერიული პარტიის შასი კოშკის გარეშე



VK 3001(H)-ის წინასერიული პარტიის შასი კოშკით


რათა VK 3001(H)-ის თემა საბოლოოდ ამოვწუროთ, ორიოდე სიტყვით ვიტყვი აგებული პროტოტიპების ბედის შესახებ.
1941 წლის აგვისტოში ორი მზა შასი ტანკების მძიმე გამანადგურებლებად გადააკეთეს, რომლებიც მძლავრი 128 მმ-იანი ქვემეხებით Pak-40 L/61-ით შეაიარაღეს. 7-ტონიანი ქვემეხის მოსათავსებლად შასის ერთი საყრდენი ბორბლით დაგრძელება გახდა საჭირო. ქვემეხი ნახევრად ღია, უძრავ საბრძოლო განყოფილებაში იდგა, რომელიც 30 მმ-იანი ჯავშნის ფილებისგან იყო დამზადებული. ეკიპაჟი - 5 კაცი, საბრძოლო კომპლექტი - მხოლოდ 15 ჭურვი, რომელიც მოგვიანებით 18 ჭურვამდე გაიზარდა, რაც მაინც არ იყო საკმარისი. აგებულ ეგზემპლარებს 12,8 cm Selbstfahrlafette L/61 (Pzs.Sfl. V) იგივე «Sturer Emil / Stubborn Emil» („ჯიუტი ემილი“) უწოდეს და საჯარისო გამოცდებისათვის აღმოსავლეთის ფრონტზე გაგზავნეს.




“ჯიუტი ემილი“ აღმოსავლეთის ფრონტზე




“ჯიუტი ემილი“ კუბინკაში: კარგად ჩანს სავალი ნაწილი.


1943 წლის გაზაფხლზე მძლავრი თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხის ერთი ეგზემპლარი წითელმა არმიამ იგდო ხელთ სტალინგრადთან, სადგურ კალაჩის რაიონში და დღეს მისი ნახვა კუბინკის მუზეუმში შეიძლება, მეორის ბედი კი უცნობია.
რაც შეეხება VK 3001(H)-ის შასის მესამე ეგზემპლარს, ის ომის ბოლომდე საცდელი შასის სახით გამოიყენებოდა სხვადასხვა კვანძებისა და აგრეგატების გამოსაცდელად და 1945 წელს მოკავშირეებმა იგდეს ხელთ. მისი შემდგომი ბედიც უცნობია.


1945 წელი: VK 3001(H)-ის საცდელი ეგზემპლარი მოკავშირეთა ხელში - კადრი დოკუმენტური ფილმიდან


რაც შეეხება კოშკებს, 75 მმ-იანი მოკლელულიანი ქვემეხებით აღჭურვილი თორმეტი დამზადებული კოშკიდან ექვსი გერმანელებმა ატლანტიკის ყრილის საფორტიფიკაციო ნაგებობების მშენებლობისას უძრავი საცეცხლე წერტების ასაგებად გამოიყენეს.



1944 წელი: VK 3001(H)-ის კოშკები ატლანტიკის ყრილის საფორტიფიკაციო ნაგებობების უძრავი საცეცხლე წერტების შეიარაღებაში.


„ჰენშელის“ პარალელურად ახალი მძიმე ტანკის კონსტრუქციაზე ფერდინანდ პორშეც მუშაობდა. ახალი ქარხნის - „ნიბელუნგენვერკეს“ (Nibelungenwerke) კედლებში შექმნილმა პირველმა მანქანამ სტანდარტული აღნიშვნის - VK 3001(Р)-ს გარდა საკუთარი სახელი - „ლეოპარდი“ და შიდაქარხნული აღნიშვნა Тур 100 მიიღო.


VK 3001(Р)-ს საბოლოო ვერსიის სავარაუდო გარეგნობა.


პორშეს ვერსიის საბოლოო ნახაზები 1939 წლის 5 სექტემბერს იყო მზად და დაახლოებით ამ დროისათვის პირველი პროტოტიპის აგებასაც შეუდგნენ: ეს მანქანა Grosstraktor-ის პერიოდიდან მოყოლებული, ფერდინანდ პორშეს პირველი ტანკი იყო.
გენიალური, ღვთიური ნიჭით დაჯილდოებული კონსტრუქტორი სრულიად არ აგდებდა ანგარიშში ისეთ „წვრილმანებს“, როგორიც წარმოების ტექნოლოგია, საბრძოლო გამოყენების ტაქტიკა და, მით უმეტეს, ომის დროის ეკონომიკისა და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური შეზღუდვები და სტრატეგიული მასალებისა და ნედლეულის დეფიციტი იყო: პორშე იყო გენიოსი, ხოლო გენიოსები, როგორც ცნობილია, მიწიერი პრობლემებისაგან ძალიან შორს დგანან. რაც შეეხება სამხედრო სპეციალსტებსა და პრაქტიკოსებს, ისინი „ნიბელუნგენვერკეს“ პროდუქციას გაცილებით უფრო პრაქტიკული პოზიციებიდან და რეალური სიტუაციიდან გამომდინარე უყურებდნენ.
მოკლედ, ფერდინანდ პორშემ რევოლუციური კონსტრუქცია მოიფიქრა, რომელიც ტანკისათვის აბსოლუტურად და სრულიად არატიპიური იყო: VK3001(P)-ზე ელექტრომექანიკური ტრანსმისია იდგა, რომელიც მანამდე სახმელეთო ტექნიკაზე არასდროს გამოყენებულა, თუმცა წყალქვეშა ნავებზე კარგა ხანია, რაც ჩვეულებრივი მოვლენა იყო.
ჰაერით გაციების ორ 10-ცილინდრიან Simmering-Graz-Pauker Typ-100 ძრავას (თითოეულის სიმძლავრე - 210 ცხ.ძ.) მოძრაობაში მოჰყავდა ორი ელექტროგენერატორი, რომლებიც, თავის მხრივ კვებავდნენ ორ ელექტროძრავას, რომელთაგან თითოეულს ტანკის ბორტზე არსებული თითო ამძრავი ბორბალი მოჰყავდა მოძრაობაში. სავალი ნაწილი საყრდენი ბორბლების სამ-სამ წყვილს შეიცავდა ყოველი ბორტიდან, რომლებიც სამ-სამად იყვნენ გაერთიანებული: ყოველი ეს კვანძი დამოუკიდებელი დაკიდებით იყო აღჭურვილი. ტანკს ყოველი ბორტიდან სამ-სამი დამჭერი ბორბალიც ჰქონდა.
თეორიაში ელექტროტრანსმისია ტანკის მანევრულ თვისებებს მკვეთრად აუმჯობესებდა, რადგან ელექტროძრავაში გარდამავალი პროცესების დრო გაცილებით ნაკლებია, ვიდრე - მექანიკურ ტრანსმისიაში გადაცემების გადართვისას. ელექტროტრანსმისია კონსტრუქციულადაც ბევრად უფრო მარტივია - აქ ძრავისა და ტრანსმისიის დამაკავშირებელი, კორპუსის მთელ სიგრძეზე გამავალი გრძელი და მასიური ღერძი (კარდანის ღერძი) არაა, რომელიც სხვა გერმანულ ტანკებში მნიშვნელოვნად ამცირებდა საბრძოლო განყოფილების მოცულობას და ზრდიდა კორპუსის საერთო სიმაღლეს. რევოლუციური იყო დაკიდების სისტემაც, სადაც ტორსიონები ტანკის გრძივი ღერძის პარალელურად იყო განლაგებული ორივე ბორტზე და ასევე არ ზღუდავდა კორპუსის შიდა სივრცეს, თუმცა მეტისმეტად ართულებდა სავალი ნაწილის კონსტრუქციას.


VK 3001(Р)-ს კომპონირება.


გამოცდებისას სპეციალისტებმა სათანადოდ შეაფასეს VK3001(P)-ს შიდა სივრცის დიდი მოცულობა, თუმცა ამას მათთვის სრულიადაც არ შეუშლია ხელი, რათა მნიშვნელოვანი ხარვეზების ჩამოსათვლელად და აღსაწერად ანგარიშების რამდენიმე ტომი დაეწერათ. მაგალითად, ტანკის ცუდ გზებზე ან უგზოობაში მოძრაობისას ტორსიონები საყრდენი ბორბლების რყევების მკვეთრ ამპლიტუდებს ვერ უძლებდა და ხშირად იმსხვრეოდა.
„ლეოპარდის“ შეიარაღება თავიდან VK 3001(H)-ის ანალოგიური იყო: Pz.Kpfw. IV-ის მოდიფიცირებული კოშკი იგივე 75 მმ-იანი მოკლელულიანი ქვემეხით ან 105 მმ-იანი მოკლელულიანი ჰაუბიცით, თუმცა უკვე პროტოტიპის აგების სტადიაზე ფერდინანდ პორშემ კიდევ ერთი რევოლუციური ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა და ახალი კოშკი დააპროექტა მძლავრი 88 მმ-იანი (ლულის სიგრძე - 47 კალიბრი) ანდა თვით 105 მმ-იანი (ლულის სიგრძე - 52 კალიბრი) ქვემეხებითაც კი. 1941 წლის აპრილში გაფორმდა ორი პროტოიპისა და ექვსი 88 მმ-იანი ქვემეხით აღჭურვილი სერიული კოშკის დამზადების შეკვეთა, თუმცა ფირმა „კრუპმა“ კოშკები დათქმულ ვადაში არ დაამზადა. ამგვარად, VK 3001(Р)-ს ორი შასი კოშკების გარეშე გამოიცადა, რომელთა ადგილას კოშკის წონის მაკომპენსირებელი ბეტონის ბლოკები იდგა. საბოლოოდ ახალი კოშკები მხოლოდ 1 წლის მერე მოვიდა „ნიბელუნგენვერკეში“ და ისინი სულ სხვა ტანკებზე დაიდგა (ამაზე - ქვემოთ).




VK 3001(Р) სავალი გამოცდებისას.


ერთადერთი პროტოტიპის გამოცდები მძიმედ მიმდინარეობდა: გამუდმებით გამოდიოდა მწყობრიდან როგორც რევოლუციური ელექტროტრანსმისია, ასევე - მოწინავე კონსტრუქციის სავალი ნაწილი. ამასთან ერთად „ლეოპარდს“ გასაოცარი მახასიათებლები აღმოჩნდა: მაქსილამური სისწრაფე - 60 კმ/სთ, ადგილიდან სტარტის სარეკორდო დროით. სამაგიეროდ საწვავის ხარჯი იყო კოლოსალური - გზატკეცილზე 100 კმ-ს გავლას 770 ლ ბენზინი სჭირდებოდა. საწვავის ხარჯის რადიკალურად შემცირების მიზნით პორშემ მეორე პროტოტიპზე (რომელიც საბოლოოდ არასდროს აღარ აუგიათ) დიზელის ძრავის დადგმა გადაწყვიტა. გამუდმებული პრობლემებისა და დაზიანებების მიუხედავად VK 3001(Р)-ს ერთადერთი პროტოტიპის გამოცდები 1942 წლის მაისამდე საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობდა.
1941 წლის მაისში, ბერგჰოფში თათბირისას, ჰიტლერმა მძიმე ტანკის ახალი კონცეფცია წამოაყენა, რომელსაც გაზრდილი საცეცხლე ძალა და მძლავრი ჯავშანი უნდა ჰქონოდა და სატანკო შენაერთების მთავარი დამრტყმელი ძალა უნდა გამხდარიყო: ყოველ სატანკო შენაერთში 20 ასეთი ტანკის ჩართვა იქნა ნავარაუდევი. ფიურერის წინადადებებისა და საცდელი მძიმე ტანკების პროტოტიპების გამოცდების შედეგების გათვალისწინებით შემუშავებული იქნა ახალი ტაქტიკურ-ტექნიკური მოთხოვნილებები, ხოლო მოგვიანებით პორშეს 88 მმ-იანი ქვემეხით შეიარაღებული VK 4501(Р)-ს დამზადება შეუკვეთეს, ხოლო „ჰენშელს“ - ახალი კონუსურლულიანი (75/50 მმ) ქვემეხით აღჭურვილი VK 3601(Н)-ის დამზადება. პროტოტიპები გამოსაცდელად 1942 წლის მაის-ივნისში უნდა წარმოედგინათ.
ქარხანა „ნიბელუნგენვერკეში“ მიმდინარეობდა Sonderfahrzeug II-ზე მუშაობდა, რომელსაც ვერმახტის შეიარაღების განყოფილების კლასიფიკაციით Panzerkampfwagen VI, VK 4501(Р) Tiger (P) ერქვა, შიდაქარხნული აღნიშვნით კი - Тур-101. როგორც თავად ახალი ნიმუშის, ასევე მისი მოტორ-ტრანსმიის განყოფილების კომპონირებამ უცვლელად გადმოინაცვლა პორშეს წინა მოდელიდან - VK 3001(Р)-დან. ერთმანეთის პარალელურად განლაგებულ ორ 10-ცილინდრიან V-სებრ ბენზინის ძრავა Тур 101/1-ს (თითოეულის სიმძლავრე - 320 ცხ.ძ.) მოქმედებაში მოჰყავდა ორი გენერატორის როტორი, რომელთაგან გამომუშავებული ელექტროენერგია ორ ელექტროძრავას გადაეცემოდა და ესენი უკვე ამძრავ ბორბლებს ამუშავებდნენ. ტრანსმისიის მთელ „ელექტრომეურნეობას“ ფირმა „სიმენს-შუკერტი“ (Siemens-Schuckert) ამზადებდა და აწვდიდა მთავარ მწარმოებელს. რაც შეეხება კოშკს, ამ აგრეგატს ფირმა „კრუპი“ პორშესთან მჭიდრო კოოპერაციით, საინიციატივო წესით აპროექტებდა.


VK 4501(Р)/Tiger (P)


ამასობაში ფირმა „ჰენშელმა“ სწრაფად დააპროექტა, ააგო და გამოცდებზე გამოიყვანა თავისი VK 3601(Н), რომელიც დოკუმენტაციაში ასევე აღინიშნებოდა, როგორც Panzerkampfwagen VI Ausf.B. კონსტრუქციის ძირითად ნაწილთან დაკავშირებით პრობლემები საერთოდ არ წარმოშობილა - როგორც მოტორ-ტრანსმისიის, ასევე სავალი ნაწილი უკვე კარგად იყო დამუშავებული და აპრობირებული წინა საცდელ მოდელებზე: 36-ტონიანი ტანკი, რომელიც 100 მმ-იანი შუბლის ჯავშნით იყო დაცული, გამოცდებზე 40 კმ/სთ-მდე სისწრაფეს ავითარებდა. შასიში საერთოდ უარი თქვეს დამჭერ ბორბლებზე, სამაგიეროდ საყრდენი ბორბლების დიამეტრი გაიზარდა ისე, რომ ისინი დამჭერის ფუნქციასაც ასრულებდნენ და ეს ბორბლები ჭადრაკულად იქნა განლაგებული: დოქტორ კნიპკამპის მიერ დამუშავებული ეს სქემა და ზოგადად შასის ეს კონცეფცია შემდგომში უცვლელად იქნა გამოყენებული ახალი თაობის ბევრ გერმანულ ტანკსა თუ თსდ-ზე.





VK 3601(Н)-ს შასი სავალი გამოცდებისას.


რაც შეეხება კოშკსა და შეიარაღებას, ამ ტანკისათვის არც ერთი და არც მეორე არც არასდროს შექმნილა. VK 3601(Н)-სთვის „კრუპი“ ახალი თაობის კონუსისებურლულიან ქვემეხს - Gerat-725-ს ამზადებდა, რომელიც საკმაოდ მოწინავე კონსტრუქციის იყო: საწყისი კალიბრი 75 მმ ჰქონდა, საბოლოო - 55 მმ, ჭურვის ჯავშანგამტანობა კი - 88 მმ-იანის პრაქტიკულად ანალოგიური. არცთუ დიდი კალიბრის მეოხებით ტანკის საბრძოლო კომპლექტი საკმაოდ მნიშვნელოვანი რაოდენობის გამოდიოდა (არანაკლებ 120 ჭურვი), ხოლო სწრაფსროლა - საკმაოდ მაღალი: სწორედ ამ მოსაზრებებით იქნა არჩეული Gerat-725 „კრუპის“ მიერ. რომ არა ერთი დეტალი, შესაძლოა ამ მაღალი მონაცემების ქვემეხს დღის სინათლე მართლაც ეხილა: მაღალი ჯავშანგამტანობის საიდუმლო მის ჭურვში იმალებოდა, რომლის გულარიც ვოლფრამისა იყო. ეს კიდევ არაფერი - თითოეული ასეთი ჭურვის დასამზადებლად თითქმის 1 კგ ვოლფრამი იყო საჭირო. გამოდიოდა, რომ გერმანიაში, რომელსაც ვოლფრამის საკუთარი საბადოები არ გააჩნდა და ამ მასალის ექსპორტზე იყო მთლიანად დამოკიდებული, არსებული ამ ნედლეულის მთელი სტრატეგიული მარაგი მხოლოდ Gerat-725-ის ჭურვების წარმოებას უნდა მოხმარებოდა. რასაკვირველია, ეს აბსოლუტურად მიუღებელი იყო და რევოლუციურ ქვემეხზე ისე სასწრაფოდ თქვეს უარი, რომ საცდელი ეგზემპლარი და მისთვის (ასევეVK 3601(Н)-ს საცდელი ეგზემპლარისთვის) საჭირო კოშკიც კი არ დაუმზადებიათ.


VK 3601(Н)-ს საპროექტო გარეგნობა, 75/55 მმ-იანი კონუსისებურლულიანი ქვემეხით.


შემდგომში განიხილებოდა ამ ტანკის უფრო ტრადიციული საარტილერიო სისტემებით - 75- და 88 მმ-იანი ქვემეხებით აღჭურვა, თუმცა ამისათვის ახალი, უფრო დიდი კოშკი და, შესაბამისად, კორპუსის კონსტრუქციის სრული გადახედვა იყო საჭირო, რასაც, მიუხედავად ამ პროცესის დაუყოვნებლივ დაწყებისა, გარკვეული დრო მაინც ესაჭიროებოდა და საბოლოოდ პროექტი თითქმის შეჩერდა, მიუხედავად იმისა, რომ საცდელმა სავალმა ეგზემპლარმა გამოცდები წარმატებით გაიარა. თუმცა პროექტის შეჩერება საბოლოო არ აღმოჩნდა...
აღსანიშნავია, რომ VK 3601(Н) თავიდანვე შუალედურ მოდელად განიხილებოდა, რომელიც მომდევნო, გაცილებით უფრო მძლავრი მანქანისკენ მიმავალი საფეხური უნდა გამხდარიყო: სწორედ ამიტომ იგეგმებოდა ამ ტანკის შეზღუდული სერიით - მხოლოდ 172 ეგზემპლარად გამოშვება. რადგან კოშკისა და შეიარაღების თავდაპირველი ვარიანტი გამოუსადეგარი აღმოჩნდა, ვადები კი საკმაოდ იყო შეზღუდული, სასწრაფოდ საჭირო გახდა რაიმე ახალი გადაწყვეტილების მოძებნა, რამაც არ დააყოვნა: VK 3601(Н)-ზე „კრუპის“ სწორედ იმ კოშკის დადგმა გადაწყვიტეს, რომელიც პორშეს VK 4501(Р)-სათვის იქმნებოდა. მართალია ამისათვის კორპუსზე კოშკის რგოლის (башенный погон) დიამეტრის 1 650 მმ-დან 1 850 მმ-მდე გაზრდა გახდა საჭირო, რამაც კორპუსის ზედა ნაწილის მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია (ტანკზე მუხლუხებსზედა ნიშები გაჩნდა, მასამ კი 45 ტონამდე იმატა) და ტანკმა ახალი ინდექსი - VK 4501(Н) - მიიღო, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ ახლა, ისევე, როგორც პორშეს VK 4501(Р)-ს შემთხვევაში, საუბარი მიდიოდა ახალ, უძლიერეს 88 მმ-იან ქვემეხზე.


VK 4501(Р)-ს პირველი ეგზემპლარი: კარგად ჩანს მუხლუხების დასაცავი სპეციალური ასახდელი ჯავშანფილა, რომელიც პირველ პროტოტიპს ჰქონდა. სალაშქრო მდგომარეობაში ეს ჯავშანფილა კორპუსის ზედა საშუბლე ფილაზე იდებოდა, საბრძოლო მდგომარეობაში კი იგულისხმებოდა, რომ გადმოშლიდნენ და ის მუხლუხებს დაიფარავდა. სერიულ ეგზემპლარებს ეს ფილა აღარ ჰქონდათ.


ეს ქვემეხი „კრუპის“ მიერ საზენიტო 8,8-cm Flak 18/36-ის ბაზაზე იყო შექმნილი. სატანკო ვარიანტში ქვემეხმა ლულის მუხრუჭი და ელექტროჩახმახი მიიღო და 8,8cm KwK 36 L/56-ის ინდექსით წავიდა სერიაში.
აღსანიშნავია, რომ „ჰენშელი“ VK 4501(Н)-სათვის შეიარაღების კიდევ ერთ ვარიანტს - „რაინმეტალის“ კონსტრუქციის შედარებით მცირე ზომის კოშკსა და მასში მოთავსებულ 75 მმ-იან ქვემეხს KwK 42 L/70-ს ითვალისწინებდა. კოშკი მხოლოდ ხის მაკეტის სახით, ნატურალურ მასშტაბში დაამზადეს და მისი მთავარი დამახასიათებელი თვისება კიჩოს ჯავშანფილაში, სფერულ დანადგარში განლაგებული MG-34 იყო. „რაინმეტალის“ კოშკიანმა მანქანამ Н2 აღნიშვნა მიიღო, „კრუპის“ კოშკიანმა კი - Н1, თუმცა ”რაინმეტალის” კოშკი ნატურალური ზომის ხის მაკეტის სტადიას არ გასცილებია.
1942 წლის მარტში ჰიტლერმა ახალი ექსპერიმენტული მძიმე ტანკების ფრონტზე გაგზავნა ისურვა, რათა მათი თვისებები რეალურ საბრძოლო ვითარებაში გამოვლენილიყო. ამ სადავო წინადადებიდან ცოტა ხანში კი განაცხადა, თუ რამდენი ასეთი ახალი მანქანა უნდა ყოფილიყო მზად 1942 წლის ნოემბერში და 1943 წლის მარტში. წინადადებები სრულიად იყო მოკლებული რეალობას: 1942 წლის სექტემბრის ბოლოსათვის პორშეს 60 მანქანა უნდა მიეწოდებინა, ადერსს - 25, 1943 წლის თებერვლის ბოლოსათვის კი - კიდევ 135 მანქანა ორივეს ერთად. ამგვარად, ორივე ეს ტანკი, ფაქტიურად ყოველგვარი გამოცდების გარეშე, სერიულ წარმოებაში გაუშვეს: „ნიბელუნგენვერკეს“ ქარხანაში ერთდროულად 10 ტანკის დამზადებას შეუდგნენ და „კრუპს“ ერთბაშად შეუკვეთეს 90 კოშკი. ამის კვალდაკვალ პორშე 1943 წლის იანვრსათვის კიდევ 35 ტანკის დამზადებას გეგმავდა, ხოლო აპრილისათვის - კიდევ 45-ის. ბევრად შორს წავიდა „ჰენშელი“: პირველი 60 ერთეული VK 4501 (Н)-ის დამზადება უკვე 1941 წლის შუახანებში დაიწყო და, თუმცა 1942 წლის გაზაფხულისათვის მხოლოდ 1 ეგზემპლარი იყო მზად, დანარჩენების კვანძები და აგრეგატები არსად გამქრალა - ისინი შემდგომში გამოიყენეს პირველი სერიული „ტიგრების“ დასამზადებლად.


1942 წლის 20 აპრილს აღმოსავლეთ პრუსიაში, „ვოლფშანცეში“, ორივე ახალი მძიმე ტანკი ჰიტლერს მის დაბადების დღეზე აჩვენეს. პრობლემები უკვე ტანკების რკინიგზით გადაყვანისთანავე დაიწყო: გამოირკვა, რომ VK 4501(Н) გაბარიტებით რკინიგზის პლატფორმას სცდებოდა - მუხლუხები ორივე მხარეს 50-50 მმ-ით იყო გადაცილებული პლატფორმის ბორტებს. ტანკის რკინიგზით გადაყვანის მთელი პერიოდის მანძილზე კასელ-რასტენბურგის რკინიგზის ხაზის მთელს მანძილზე მატარებლების მოძრაობის სრულად გაჩერება გახდა საჭირო. არანაკლები პრობლემები შექმნა პორშეს ეგზემპლარმაც: პლატფორმიდან თავისი სვლით ჩამოტვირთვისას მძიმე მანქანა (57 ტ.) გრუნტში ჩაეფლო. „ჰენშელის“ წარმომადგენლებმა, რომლებმაც ჩათვალეს, რომ გაბარიტებთან დაკავშირებული პრობლემები მათთვის უკვე საკმარისზე მეტი იყო, თავიანთი ტანკის სარკინიგზო პლატფორმიდან ჩამოსატვირთად წინდახედულად გამოიყენეს 70-ტონიანი სარკინიგზო ამწე, ხოლო „პორშეს ბიჭებმა“ საკუთარი სიჩაუქის დემონსტრირება მოისურვეს. ჩანაფიქრი ჩაფლავდა და ბოლოსდაბოლოს ისინიც იძულებულნი გახდნენ, ამწე გამოეყენებინათ.


VK 4501(Р) სარკინიგზო პლატფორმაზე.


მეორე დღეს ორივე მანქანა საკუთარი სვლით მივიდა „ვოლფშანცეში“. როგორც ერვინ ადერსი იგონებს, დილის 10:30-დან ვერმახტისა და რაიხის ხელმძღვანელებმა იწყეს შეკრება. გებელსი და გერინგი არ იყვნენ. როდესაც 11:00-ზე ჰიტლერიც მოვიდა, მწარმოებელი ფირმების წარმომადგენლები ფიურერისათვის წარსადგენად მოეწყვნენ. შემდეგ ფერდინანდ პორშეს სამხედრო დამსახურებების 1-ლი ხარისხის ჯვრით დაჯილდოების ცერემონიალი შედგა და მხოლოს საზეიმო ნაწილის დასრულების შემდეგ დაიწყო ტექნიკის დათვალიერება. ჰიტლერი პორშეს მანქანას ნახევარ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ათვალიერებდა და კონსტრუქტორთა ახსნა-განმარტებებს ყურადღებით უსმენდა (ჰიტლერის სიმპათია პორშესადმი იმ დროს უკვე საყოველთაოდ იყო ცნობილი). „ჰენშელის“ ეგზემპლარის დათვალიერებას კი მხოლოდ 2-3 წუთი დაუთმო, ერვინ ადერსს მხოლოდ ერთი კითხვა დაუსვა და ტექნიკის დათვალიერების ეტაპი ამით დამთავრდა. დაიწყო მანქანების მოძრაობაში ჩვენება.
ნასადილევს გერინგიც მოვიდა და რაიხსმარშლისა და შეიარაღების მინისტრ ალბერტ შპეერის თანდასწრებით მანქანების სისწრაფეში გამოცდა შედგა. 1 000-მეტრიან მანძილზე VK 4501(Р)-მ 50 კმ/სთ მაქსიმალური სისწრაფე განავითარა, VK 4501(Н)-მა 850-მეტრიან მანძილზე კი - 45 კმ/სთ, თუმცა ამ უკანასკნელის ძრავა ამ დროს ისე გადახურდა, რომ ხანძრის რეალური საშიშროება წარმოიშვა; გაგრილების შემდეგ ტანკი კვლავ მზად იყო მოძრაობისთვის. „ჰენშელის“ მთავარმა ინჟინერმა კურტ არნოლდმა შპეერს ტანკების მანევრულობის შედარება შესთავაზა, რადგან კარგად იცოდა პორშეს მანქანის სუსტი ადგილი: VK 4501(Р)-ს არასრულყოფილი ელექტროტრანსმისია ძალიან ართულებდა მის მანევრულობას; მაგალითად, ტანკს მეტისმეტად უჭირდა 90-გრადუსიანი კუთხით შემობრუნება. ამგვარ ფონზე „ჰენშელის“ ეგზემპლარი ნამდვილი ბალერინის გრაციოზულობით იწონებდა თავს და ვერმახტისა და რაიხის გაოცებულ მესვეურთა წინაშე პრაქტიკულად ერთ ადგილას და თითქმის განუწყვეტლივ ბრუნავდა.
თუმცა, გულახდილად რომ ვთქვათ, „ვოლფშანცეში“ გამართული ახალი მძიმე ტანკების ეს დემონსტრაცია რეალურად არაფერს წყვეტდა - წინ იყო ნამდვილი გამოცდები ბერკის პოლიგონზე, სადაც 1942 წლის მაისში ჩაიტანეს ორი VK 4501(Р) და ერთი VK 4501(Н). გამოცდების შედეგად პორშეს ტანკს, ისევე, როგორც VK 3001(Р)-ს შემთხვევაში, ტრანსმისიის მეტისმეტად დაბალი საიმედოობა დაუდგინეს. გარდა ამისა, მანქანას არადამაკმაყოფილებელი გამავლობა (განსაკუთრებით - სუსტ გრუნტებზე) და სვლის მიკროსკოპული მარაგი (მხოლოდ 50 კმ) ჰქონდა: რაკი ჰიტლერი ახალი ტანკების გამოყენებას, სხვა თეატრებთან ერთად, ჩრდილოეთ აფრიკაშიც გეგმავდა, კონკრეტულად სვლის მარაგის მაჩვენებელი 150 კმ მაინც უნდა ყოფილიყო. შეუძლებელი იყო სვლის მარაგის გაზრდა საწვავის მარაგის უბრალო მომატების გზით, რადგან დამატებითი ავზების ადგილი VK 4501(Р)-ში არსად იყო. გარდა ამისა, სპეციალიტები ტანკის ჯარებში ექსპლუატაციის მნიშვნელოვან პრობლემებსაც ხედავდნენ: უჩვეულო კონსტრუქციის ელექტროტრანსმისია მექანიკოს-მძღოლების განსაკუთრებულ, ასევე უჩვეულო კვალიფიკაციასა და სპეციალურ მომზადებას და საველე-ტექნიკური სამსახურების ასევე სპეციალურ მომზადება-ინსტრუქტაჟს და ტექნიკურ აღჭურვილობას მოითხოვდა.


VK 4501(Р)-ს კორპუსი საარტილერიო პოლიგონზე, საცეცხლე გამოცდების წინ.



VK 4501(Н)-ის კორპუსი საარტილერიო პოლიგონზე, საცეცხლე გამოცდების წინ.


სპეცილისტთა შეფასების შედეგად პორშეს ეგზემპლარი დაიწუნეს და სერიული წარმოებისათვის „ჰენშელის“ ტანკი ირჩიეს. მიუხედავად პორშესადმი აშკარა სიმპათიებისა, ჰიტლერი იძულებული გახდა, ამ არგუმენტირებულ გადაწყვეტილებას დათანხმებოდა, „ნიბელუნგენვერკეში“ ამ დროისათვის უკვე დამზადებული VK 4501(Р)-ის 90 კორპუსის გამოყენება კი მძიმე თვითმავალი ქვემეხის - „ფერდინანდის“ შესაქმნელად გადაწყდა, თუმცა ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა...
სერიაში მიღებულმა ახალმა მძიმე ტანკმა სრულ აღნიშვნად Pz.Kpfw.VI Tiger Ausf.H1 მიიღო (გამჭოლი საარმიო აღნიშვნა - Sd.Kfz.181), 1944 წელს შეიარაღებაში ახალი Tiger II-ს მიღების შემდეგ კი აღნიშვნა Tiger Ausf.E-თი, ანუ Tiger I-ით შეცვალეს. აღსანიშნავია, რომ სერიაში მიღებასთან ერთად ტანკის საგამოცდო ციკლი არ დასრულებულა - ის უკვე რაიხის მთავარ სატანკო პოლიგონზე, კუმერსდორფში გრძელდებოდა 1942 წლის აგვისტოს დასაწყისში დაწყებული სერიული წარმოების პარალელურად. ამ დროისათვის პირველ ეგზემპლარს უკვე 960 კმ ჰქონდა გავლილი. საშუალო სიმძიმის უგზოობაში მისი სისწრაფე 18 კმ/სთ-ს შეადგენდა, საწვავის ხარჯი კი - 430 ლიტრს 100 კმ-ზე.
1942 წლის 18 აგვისტოსათვის პირველი 4 სერიული „ტიგრი“ მზად იყო. 27 აგვისტოს მეხუთე და მეექვსე მანქანები ფალინგბოსტელში გაგზავნეს, სადაც 501-ე და 502-ე მძიმე სატანკო ბატალიონების ფორმირება მიმდინარეობდა.


1942 წლის აგვისტოში გამოშვებული Pz.Kpfw.VI Tiger Ausf.H1.


სერიული წარმოების პროცესში „ტიგრის“ კონსტრუქციაში განუწყვეტლივ შეჰქონდათ ცვლილებები და გაუმჯობესებები, თუმცა ოფიციალური მოდიფიკაცია მას მხოლოდ ერთი ჰქონდა; ამიტომ სხვადასხვა პერიოდში გამოშვებული ტანკები როგორც გარეგნულად, ასევე შიდა მოწყობით ერთმანეთისაგან  შესამჩნევად განსხვავდებოდნენ. მაგალითად, პირველი ცხრა წინასერიული ეგზემპლარის დამახასიათებელი ნიშანი გვერდითი ფრთების არქონა იყო, ხოლო მარჯვენა და მარცხენა მუხლუხოების სექციები ერთმანეთთან არ იყო უნიფიცირებული. ასევე მათი კოშკების კიჩოზე როგორც Pz.III-დან „დასესხებული“, ასევე ორიგინალური კონსტრუქციის სათადარიგო ინსტრუმენტების ყუთები იდგა, რომლებიც შემდგომ ეგზემპლარებზე აღარ გამოუყენებიათ.
1942 წლის ოქტომბერ-დეკემბერში გამოშვებულ „ტიგრებზე“ უკვე გვერდითი ფრთები, კოშკის კიჩოზე ინსტრუმენტების სტანდარტული სერიული ყუთი და მუხლუხების უნიფიცირებული სექციები გამოჩნდა. 1943 წლის იანვარში კოშკის მარჯვენა უკანა მხარეს არსებული პირადი იარაღის ამბრაზურიანი პატარა ლუკი საევაკუაციო ლუკით შეცვალეს. მარტში მექანიკოს-მძღოლის სამეთვალყურეო პერისკოპული მოწყობილობა KFF-2 გაუქმდა, ხოლო კოშკის ბორტებზე მუხლუხების სათადარიგო სექციები განალაგეს, რომლებიც აქამდე კორპუსის ქვედა საშუბლე ფილაზე მაგრდებოდა: ხუთი სექცია კოშკის მარჯვენა ბორტის მხარეს მაგრდებოდა, სამი კი - მარცხენა ბორტის მხარეს. მაისში მტრის ქვეითთაგან თავის დასაცავად კოშკისა და კორპუსის პერიმეტრზე სპეციალური მცირე მორტირები განალაგეს „S“ ტიპის ქვეითთასაწინააღმდეო ნაღმების გასატყორცნად: ეს ნაღმი, რომლის საბრძოლო ნაწილიც ფოლადის 360 ბურთულისაგან შედგებოდა, მცირე სიმაღლეზე გაიტყორცნებოდა მორტირიდან და ფეთქდებოდა. ამას გარდა ადრეული გამოშვების პირველი ტანკების კოშკებზე 90 მმ-იანი კვამლის ყუმბარმტყორცნები NbK-39-ც იდგა (სამ-სამი ყოველი მხრიდან), რომლებიდანაც ასევე იყო შესაძლებელი „S“ ტიპის ქვეითთასაწინააღმდეო ნაღმების გატყორცნა. გვიანდელი გამოშვების ტანკებზე იმავე მიზნისათვის გამოიყენებოდა „ახლო თავდაცვის იარაღი“ – Nähverteidigungswaffe: მცირე მორტირა, რომელიც ტანკში იდგა და გამტენის ლუკის უკან, კოშკის სახურავზე არსებული ამბრაზურიდან ისროდა.


1943 წლის აპრილ-ივნისში გამოშვებული სამეთაურო Pz.Kpfw.VI Tiger Ausf.H1.


1943 წლის მეორე ნახევრიდან გამოშვებულ „ტიგრებზე“ მეთაურის ახალი კოშკურა დადგეს (391-ე მანქანიდან), რომელიც „პანტერას“ სამეთაურო კოშკურასთან იყო უნიფიცირებული და საზენიტო MG-34-ის სამაგრი ჰქონდა. გამტენის ლუკის წინ კი პერისკოპული სამეთვალყურეო მოწყობილობა გამოჩნდა. ცვლილებები განიცადა ქვემეხის დამცემმა მექანიზმმა, ქვემეხის სალაშქრო მდგომარეობაში დაფიქსირების მექანიზმმა, ქვემეხთან შეწყვილებული ტყვიამფრქვევის სამაგრმა, ეკიპაჟის წევრების სავარძლებმა და ა.შ. ოქტომბრიდან შეიცვალა პირადი იარაღიდან სროლისთვის განკუთვნილი ლუკების კონსტრუქცია, ხოლო ტანკების დაფარვა „ციმერიტით“ დაიწყეს - სპეციალური შემადგენლობის საფარით, რომლის წყალობითაც ჯავშანს მაგნიტური ნაღმები აღარ ეკრობოდა. კორპუსის კიჩოს ნაწილში სატრანსპორტო მდგომარეობაში ქვემეხის ლულის სპეცალური ფიქსატორი გამოჩნდა, თუმცა ის უკვე 1944 წლის თებერვლიდან ისევ მოაშორეს.
ცვლილებები განიცადა ძრავამაც. პირველ 250 მანქანაზე 650-ცხენისძალიანი Maybach HL 210Р30 იდგა, დანარჩენებზე - 700-ცხენისძალიანი Maybach HL 230Р45. აფრიკასა და რუსეთის სამხრეთ რაიონებში ექსპლუატაციისათვის კორპუსის კიჩოს ჯავშანფილაზე Feifel-ის სისტემის ჰაერის ფილტრები დგებოდა.


ადრეული სერიის „ტიგრი“: კარგად ჩანს მუხლუხების სექციები კოშკის ბორტზე, აგრეთვე - კოშკზე და კორპუსის პერიმეტრზე დამონტაჟებული ქვეითთასაწინააღმდეგო ნაღმების გასატყორცნი მორტირები და მარცხენა ინერციული ფილტრი Feifel (ანალოგიური ფილტრი იდგა მარჯვენა მხარესაც).


პირველი 495 „ტიგრი“ წყალქვეშ სვლის მოწყობილობებით იყო აღჭურვილი, რომლის საშუალებითაც ტანკებს 4 მეტრამდე სიღრმის წყალსატევებისა და მდინარეების გადალახვა საკუთარი სვლით შეეძლოთ. ძრავის ხუფზე არსებულ სპეციალურ ლუკში მონტაჟდებოდა 3 მ სიგრძის ტელესკოპური მილი, საიდანაც ძრავას ჰაერი მიეწოდებოდა, ხოლო ძრავის გამონაბოლქვი უშუალოდ წყალში გადიოდა. ტანკის აბსოლუტურად ყველა ლუკს რეზინის შემამჭიდროებელი (ე.წ. уплотнитель) ჰქონდა. განსაკუთრებული გულდასმით იყო ჰერმეტიზირებული ძრავის ტიხარი, რათა გამონაბოლქვი ტანკის ეკიპაჟის სამყოფელში არ შესულიყო. ქარხნის პოლიგონზე გამოცდებისას, სადაც უშუალოდ ამ მიზნისათვის იქნა აშენებული სპეციალური აუზი, მომუშავე ძრავით „ტიგრმა“ წყალქვეშ 2,5 საათი გაძლო. იმ დროს „ტიგრი“ მსოფლიოში ერთადერთი სერიული ტანკი იყო, რომელზედაც მასობრივი წესით მონტაჟდებოდა წყალქვეშ სვლის მოწყობილობა - სისტემა, რომელმაც მსოფლიო ტანკმშენებლობაში ფართო გამოყენება მხოლოდ 20-ე საუკუნის 50-იანი წლებიდან ჰპოვა.
მუხედავად ამგვარი უნიკალურობისა, რეალურ საბრძოლო მოქმედებებში და ჯარებში „ტიგრების“ წყალქვეშა სვლის მოწყობილობამ გამოყენება ვერ ჰპოვა და სერიული წარმოების მსვლელობისას ამ სისტემაზე უარი თქვეს.
„ტიგრის“ სავალი ნაწილის სუსტი ადგილი საყრდენ-მამოძრავებელი ბორბლების რეზინის ბანდაჟების სწრაფი ცვეთა და შემდგომი განადგურება იყო, რომელიც თავიდან ვერაფრით აიცილეს. 1944 წლის თებერვლიდან (800-ე მანქანიდან) ტანკზე შიდაამორტიზაციიანი საყრდენ-დამჭერი ბორბლების დაყენება დაიწყეს, რომლებსაც ფოლადის ბანდაჟები ჰქონდა. ამასთან ერთად ბორბლების სულ გარე რიგი (რომელიც ტრანსპორტირებისას და ვიწრო მუხლუხის გადაცმისას იხსნებოდა) გაუქმდა. ასევე შემცირდა ამძრავი ბორბლის ზომა, კოშკის სახურავის ჯავშნის სისქემ იმატა, შეიცვალა გამტენის ლუკის კონსტრუქცია და ლიკვიდირებული იქნა მცირე ლუკი პირადი იარაღიდან სასროლად. კოშკის სახურავზე გამოჩნდა 2 ტ. ტვირთამწეობის ისრისებული ამწის დასამონტაჟებელი მოწყობილობა, ხოლო ჭურვებისა და მისი ნამსხვრევებისაგან კოშკის ბუდის დასაცავად კორპუსის სახურავზე სპეციალური ამრეკლავები დაადუღეს.


1944 წლის აგვისტო, რუმინეთი: “გროსდოიჩლანდის“ მძიმე სატანკო ბატალიონის გვიანდელი სერიის დაზიანებული „ტიგრი“ ახალი სავალი ნაწილით.


1944 წლის ზაფხულიდან გამოსულ მანქანებს „ტიგრ-II“-სთან უნიფიცირებული მრავალი დეტალი ჰქონდათ: ქვემეხის ლულის მუხრუჭი, გამტენის ლუკი, ქვემეხის სამიზნე და ა.შ.
1943 წელს 84 ტანკი სამეთაურო ვარიანტად გადააკეთეს: საბრძოლო კომპლექტი 66 ჭურვამდე შემცირდა, ქვემეხთან შეწყვილებული ტყვიამფრქვევი გაქრა და გამოჩნდა დამატებითი რადიომოწყობილობა. დანიშნულების მიხედვით სამეთაურო Pz.Bef.Wg. Tiger Ausf.E ორი სახის იყო, რომლებიც რადიოსადგურების ნაკრებით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან - Sd.Kfz.267 Fu 5 და Fu 8 რადიოსადგურებით დივიზიის რგოლისთვის იყო განკუთვნილი, ხოლო Sd.Kfz.268 Fu 5 და Fu 7 რადიოსადგურებით - ასეულებისა და ბატალიონების მეთაურებისათვის.
1943 წლის შემოდგომაზე ჰიტლერის დაჟინებით „ტიგრის“ სტანდარტულ კოშკში 88 მმ-იანი KwK-43 ქვემეხი დადგეს (ლულის სიგრძე - 71 კალიბრი), თუმცა ამ დროისათვის უკვე მიმდინარეობდა VK 4503-ის - მომავალი „ტიგრ-II“-ის შექმნის პროცესი, რომლის ახალი კოშკიც გაცილებით უკეთ გამოდგებოდა ამ ქვემეხის დასადგმელად.


Tiger Ausf.E 88 მმ-იანი ქვემეხით KwK 43 L/71


ერთადერთი ქვეყანა, სადაც „ტიგრის“ ექსპორტი მიმდინარეობდა, უნგრეთი იყო - რაიხის ყველაზე მედგარი და ერთგული თანამებრძოლი, რომელიც პრაქტიკულად ომის ბოლომდე არ წყვეტდა გერმანიასთან მოკავშირეობას. უნგრეთში პირველი „ტიგრები“ 1944 წლის ივლისში გაიგზავნა და მათი რაოდენობა სხვადასხვა წყაროებით 3-დან 13 ერთეულამდე მერყეობს. ეს სხვადასხვა პერიოდში გამოშვებული მანქანები იყო, რომლებიც, როგორც ჩანს, გერმანელებმა უნგრელებს პირდაპირ სამწყობრო ნაწილებიდან გადასცეს. 1944 წლის 7 დეკემბრისათვის 4 „ტიგრი“ 2-ე უნგრული სატანკო დივიზიის შემადგენლობაში ითვლებოდა. როგორც ჩანს, ეს მანქანები 1-ლი უნგრული საკავალერიო დივიზიის შემადგენლობაშიც შედიოდნენ, რომელიც წითელ არმიას აღმოსავლეთ პოლონეთში ებრძოდა.
1943 წლის ზაფხულში 3 „ტიგრი“ გერმანელებმა იტალიელებს გადასცეს დროებით სარგებლობაში, რომლებიც იტალიის კაპიტულაციის შემდეგ ისევ „პანცერვაფეს“ რიგებს დაუბრუნდა.
1943 წლის 7 ივნისს გერმანიაში იაპონიის ელჩი გენერალი ოშიმა ლენინგრადის მისადგომებთან 502-ე მძიმე სატანკო ბატალიონის საბრძოლო მოქმედებას ადევნებდა თვალს, შემდეგ კი „ჰენშელის“ ქარხანა და პოლიგონიც მოინახულა, სადაც სერიული „ტიგრები“ მიმღებ-ჩასაბარებელ გამოცდებს გადიოდნენ, მალე კი ფირმამ მითითება მიიღო, მოკროფირზე გადაღებული დოკუმენტაციის ორი კომპლექტი იაპონელებისთვის გადაეცა. 1943 წლის სექტემბერში იაპონიისათვის უკვე ერთი „ტიგრის“ მიყიდვის საკითხი დადგა: ნავარაუდევი იყო, რომ ეს ტანკი, იაპონელთა მიერ ასევე ნაყიდ ერთ „პანტერასთან“ ერთად, ბორდოში უნდა ჩაეტანათ, იქ დაეშალათ და წყალქვეშა ნავით გადაეტანათ იაპონიაში. ეს ყოველივე - კარგი, მაგრამ რეალობაში საკმაოდ რთული წარმოსადგენია, როგორ აპირებდნენ ყოველივე ამის განხორციელებას: ტანკის წვრილმან ნაწილებად დაშლა ხომ პრაქტიკულად წარმოუდგენელია. მაგალითად იმავე „ტიგრის“ კორპუსი, სრულიად შიშველ მდგომარეობაშიც კი, წყალქვეშა ნავის უკიდურესად შეზღუდულ შიგთავსში ჩასატვირთად მეტისმეტად მასიურ და ძალიან მოუხერხებელ დეტალს წარმოადგენს, რომლის წონაც, მოუხერხებლობას რომ თავი დავანებოთ, მთელი 29 ტონაა.
გერმანელებმა იაპონელთათვის „ტიგრის“ მიყიდვით მშვენიერი ბიზნესი დაატრიალეს - მთლიანად დაკომპლექტებული ტანკი (სწორედ ამ სახით სურდათ იაპონელებს „ტიგრის“ მიღება) 92 ჭურვით, ტყვიამფრქვევებისათვის განკუთვნილი 4 500 ვაზნით და 192 ვაზნით პისტოლეტ-ტყვიამფრქვევისათვის, რადიოსადგურითა და ოპტიკით ვერმახტს 300 ათასი რაიხსმარკა უჯდებოდა. მოკავშირეს კი ეს ტანკი 645 ათას რაიხსმარკად „შეტენეს“, თუმცა ამ ფასში დაშლისა და შეფუთვის ღირებულებაც შედიოდა. 1943 წლის 14 ოქტომბერს ტანკი ბორდოში გაიგზავნა და, როდესაც 1944 წლის თებერვალში თანხა გადაირიცხა, „ტიგრი“ იაპონური გახდა. მიუხედავად ამისა, იაპონიიდან მის წასაღებად წყალქვეშა ნავი არც არასდროს ჩამოსულა და 1944 წლის 21 სექტემბერს, ვერმახტის სახმელეთო ჯარების მთავარსარდლობის გადაწყვეტილებით, იაპონური ”ტიგრი” რეკვიზირებული იქნა და ვერმახტს გადაეცა.


”ტიგრის“ შეჯავშნის სქემა.


ყველა სპეციალისტის შეფასებით „ტიგრს“ მეტად მაღალი საბრძოლო მახასიათებლები ჰქონდა - როგორც შეიარაღების, ასევე - დაცვის, კავშირგაბმულობის საშუალებებისა და ოპტიკის მხრივ. მოწოდების სიმაღლეზე იყო ეკიპაჟის კომფორტიც - 56-ტონიანი მანქანის მართვა და სიჩქარეების (8 სიჩქარე - წინ, 4 - უკან) გადართვა მექანიკოს-მძღოლს პრაქტიკულად ორი თითით შეეძლო. ასევე, ცნობილია საბრძოლო შემთხვევები, როდესაც „ტიგრები“ მოწინააღმდეგის სამიზნეებს 4 000 მეტრის მანძილიდან არტყამდნენ, თუმცა, თავად გერმანელი ტანკისტი-პრაქტიკოსების შეფასებით, ბრძოლის იდეალური დისტანცია 1 500 მეტრი იყო. ხანძარსაქრობი სისტემა ავტომატური იყო და 120 გრადუსზე ირთვებოდა.
სპეციალურად „ტიგრებისათვის“ შეიქმნა განსაკუთრებული ტაქტიკური ერთეული - მძიმე სატანკო ბატალიონი (schwere Panzerabteilung - sPzAbt), რომელიც ცალკეული ნაწილი იყო და შეეძლო როგორც დამოუკიდებელი მოქმედება, ასევე - მოქმედება სხვადასხვა ნაწილის ან შენაერთის შემადგენლობაში.
მთელი 1942 და 1943 წლის დასაწყისში მძიმე სატანკო ბატალიონი ორგანიზაციულად ოთხი ასეულისაგან შედგებოდა, რომელთაგან სატანკო მხოლოდ ორი იყო (1943 წლის გაზაფხულიდან შესაბამისად - ხუთი და სამი). უნდა აღინიშნოს, რომ თვით 1943 წლის შემოდგომამდე ბატალიონები შერეული შემადგენლობისა იყო: მძიმე „ტიგრებთან“ ერთად მათ შემადგენლობაში Pz.Kpfw.III Ausf.L, М და N მოდელებიც შედიოდა, თანაც 1942 წლის ბოლომდე ეს უკანასკნელნი ბატალიონში ტანკების უმრავლესობას შეადგენდნენ. 1944 წლისათვის მძიმე სატანკო ბატალიონის შემადგენლობა უფრო ერთგვაროვანი გახდა: სატანკო ასეულებსა და შტაბში მხოლოდ „ტიგრები“ ჰყავდათ, უფრო სუსტი მანქანები კი (საშუალოPz.Kpfw.IV Ausf.H) უზრუნველყოფის ასეულის სატანკო ოცეულში დარჩა. სხვათა შორის ამ ტანკებს, რომლებიც სხვა მოდელის Pz.Kpfw.IV-ებისაგან გარეგნულად მკვეთრად განსხვავდებოდნენ (5 მმ-იანი კუმულატიური ეკრანების მეოხებით, რომელიც ტანკის ორივე ბორტს კორპუსის სახურავიდან თითქმის მიწამდე იცავდა), მოწინააღმდეგე მხარეს ხშირად ერეოდა „ტიგრებში“. მეტიც - ასეთ ტანკებს, მაგალითად, საბჭოთა მხარე „„Тигр“, тип 4“-ს ეძახდა და მათი ფრონტის რომელიმე უბანზე გამოჩენა „ტიგრების“ ამ რაიონში მოქმედების საბჭოთა სტატისტიკას მკვეთრად ზრდიდა. უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ მძიმე სატანკო ბატალიონში წინანდებურად რჩებოდა შეიარაღებაში Pz.IIIN. ხოლო, მაგალითად, 502-ე ბატალიონში (sPzAbt 502) თვითმავალი საარტილერიო დანადგარების - Jagdpanzer 38(t) Hetzer-ების ოცეულიც შედიოდა.
მძიმე სატანკო ბატალიონების ფორმირება 1942 წლის მაისში დაიწყო. საბრძოლო და სასწავლო ნაწილებიდან ეკიპაჟები 500-ე სასწავლო ბატალიონში ჩადიოდნენ, რომელიც პადერბორნში იყო დისლოცირებული. მათ მოსამზადებლად პუტლოსის, ორდურფისა და ფალინგბოსტელის პოლიგონებიც გამოიყენებოდა.
პირველად 1942 წლის 19 აგვისტოს ახალი „ტიგრები“ 502-ე ბატალიონმა მიიღო და უკვე 23 აგვისტოს ამ ბატალიონის 1-ლი ასეული (ოთხი „ტიგრი“ და რამდენიმე Pz.III) სარკინიგზო პლატფორმებზე დაიტვირთა და აღმოსავლეთის ფრონტზე გაემგზავრა - ჰიტლერს მოუთმენლად სურდა გაეგო, როგორები იყვნენ ახალი ტანკები რეალურ საქმეში. 29 აგვისტოს 1-ლი ასეული მთელი ტექნიკითა და პირადი შემადგენლობით ლენინგრადის ახლოს მდებარე სარკინიგზო სადგურ მგაზე ჩამოიტვირთა. პრობლემები შეტევის საწყისი პოზიციებისკენ მიმავალ გზაზევე დაიწყო: ორ „ტიგრს“ გადაცემათა კოლოფები გამოუვიდა მწყობრიდან, მესამეს კი ძრავა გადაუხურდა და ცეცხლი წაეკიდა. ეს აგრეგატები, რომლებიც ისედაც დიდ დატვირთვას განიცდიდნენ ტანკის დიდი წონის გამო, დამატებით გადაიტვირთა დაჭაობებულ და რბილ ნიადაგზე მოძრაობისას. ღამით დაზიანებული მანქანები ბუქსირით გაიყვანეს ზურგში, 1-ლ ასეულთან ერთად ჩამოსული ქარხნის მექანიკოსები დაუყოვნებლივ შეუდგნენ დაზიანებების გამოსწორებას, უვარგისი აგრეგატები გერმანიიდან სასწრაფოდ ჩამოტანილი ახლებით შეცვალეს და 15 სექტემბრისათვის ოთხივე „ტიგრი“ კვლავ მწყობრში იყო.
21 სექტემბერს 1-ლი ასეული ოპერატიულ დაქვემდებარებაში გადასცეს 170-ე ქვეით დივიზიას, რომელიც ამ დროს საბჭოთა ვოლხოვის ფრონტის თითქმის მთლიანად გარემოცული 2-ე დამრტყმელი არმიის წინააღმდეგ მოქმედებდა. მეორე დღეს 1-ლი ასეული სოფელ ტორტოლოვოსთან შეტევაზე გადავიდა: ერთი Pz.III დამბაზე გადასვლისას გადაბრუნდა, კიდევ რამდენიმე კი საბჭოთა არტილერიამ დააზიანა. „ტიგრებიდან“ ერთის ძრავა ჩაქრა და აღარ დაიქოქა (როგორც მექანიკოს-მძღოლმა განაცხადა ბრძოლის შემდეგ - ელექტროგაყვანილობა გამოვიდა მწყობრიდან). მოგვიანებით ამ „ტიგრს“ ცეცხლი მოედო, რადგან რომელიღაც ტანკისტმა ჩათვალა, რომ მანქანის გადარჩენა ვეღარ მოხერხდებოდა და ლუკში ხელყუმბარა ჩააგდო. დანარჩენმა სამმა ”ტიგრმა” ცოტათი წინწაწევა კი მოახერხა, მაგრამ შემდეგ ყველა მათგანი ჭაობში ჩაეფლო. რამდენიმე დღის შემდეგ არტილერიისა და ქვეითების დახმარებით ჩაფლული ტანკების ევაკუაცია დიდი წვალებით მოხერხდა, მეოთხე დაზიანებული მანქანა კი ნეიტრალურ ზოლში დარჩა და თითქმის 1 თვე დაჰყო იქ. შემდეგ კი ჰიტლერის პირადი მითითებით ის ააფეთქეს.
სრულიად ახალი ნიმუშისა და ტიპის მძიმე ტანკების სტრატეგიული ფრონტის მეორეხარისხოვან უბანზე, დაჭაობებულ ადგილმდებარეობაზე, მცირერიცხოვან ჯგუფად გაგზავნის გადაწყვეტილების მიმღები გერმანული სარდლობის ლოგიკაში ჩაწვდომა და ამ ყოველივეს ახსნა საკმაოდ ძნელია. ასევე რთულია, არ დაეთანხმო გუდერიანს, რომელიც გერმანული სარდლობისათვის უჩვეულო ამგვარ წინდაუხედავობას მკაცრად აკრიტიკებს. შესაძლოა, ასეთი გადაწყვეტილება სწორედ ამ პერიოდში საბჭოთა ვოლხოვის ფრონტის მიერ წარმოებული და კატასტროფისკენ მიმავალი მგა-სენიავინოს ოპერაციის (ცნობილი 2-ე დამრტყმელი არმიის გარემოცვისა და დაღუპვის და მისი სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ ა. ვლასოვის ტყვედ დანებების ეპიზოდი) მოგერიების სურვილით იქნა მიღებული - უახლესი ”ტიგრები” სწორედ 2-ე დამრტყმელი არმიის ფრონტის ზოლში შეიყვანეს ბრძოლაში. თუმცა გულუბრყვილობაა იმის ვარაუდი, თითქოს ასეთი უმნიშვნელო რაოდენობის მძიმე ტანკები რაიმე შესამჩნევ გავლენას მოახდენდნენ დაჭაობებულ ადგილმდებარეობაზე მიმდინარე ოპერაციის მსვლელობაზე. სავარაუოდოდ, ”ტიგრების” გამოჩენა იმ მომენტში საბჭოთა მხარისათვისაც სრულიად შეუმჩნეველი აღმოჩნდა.
1943 წლის იანვარში 502-ე ბატალიონის 1-ლი ასეულის ”ტიგრები” საბჭოთა მხარის მიერ ლენინგრადის ბლოკადის გარღვევის ოპერაციის მსვლელობისას გამართულ მძიმე თავდაცვით ბრძოლებში მონაწილეობდნენ: 10 იანვრისათვის ასეულის შემადგენლობაში შვიდი ”ტიგრი”, სამი Pz.IIIN და შვიდი Pz.IIIL შედიოდა. იანვრის ბოლოსათვის ასეულმა ხუთი ”ტიგრი” დაკარგა, რომელთაგან სამი თავად ეკიპაჟებმა ააფეთქეს. ერთი, შედარებით მსუბუქად დაზიანებული მანქანა, რომელიც რაღაც მიზეზის გამო არ ააფეთქა ეკიპაჟმა, საბჭოთა ჯარებმა იგდეს ხელთ: კონკრეტულად ეს ეპიზოდი საბჭოთა ისტორიოგრაფიაში პრაქტიკულად მითიურ ლეგენდამდეა გაბუქებული და ათასნაირად შეფერადებულადაა აღწერილ-გადმოცემული. მაგალითად, ვოლხოვის ფრონტის სარდალი მერეცკოვი წერს, რომ ”ტიგრები”, რომლებიც ლენინგრადთან გადმოისროლეს 1943 წლის იანვარში, მანამდე სტალინგრდთან გადიოდნენ საბრძოლო გამოცდებს (რაც აბსოლუტური ტყუილია - სტალინგრადთან (მანშტაინის მადებლოკირებელ დარტყმაში) არასდროს უბრძოლია არცერთ ”ტიგრს”: 1943 წლის იანვარში სსრკ-გერმანიის სტრატეგიული ფრონტის სამხრეთის ფრთაზე გადასროლილი 503-ე მძიმე სატანკო ბატალიონი ვერმახტის 4-ე სატანკო არმიის შემადგენლობაში მოქმედებდა ჩრდილოეთ კავკასიაში და მასთან ერთად იხევდა უკან სტავროპოლიდან დონის როსტოვისაკენ. 503-ე ბატალიონის მხარდამხარ მოქმედებდა 502-ე ბატალიონის 2-ე ასეულიც, რომელიც მოგვიანებით 503-ე ბატალიონის შემადგენლობაში შეიყვანეს 3-ე ასეულის სახით. 1943 წლის 10 აპრილს 503-ე ბატალიონი ზურგში გაიყვანეს შესავსებად, შემდეგ კი ხარკოვთან გადაისროლეს.) და კონკრეტულად ხელში ჩაგდებული მანქანის სამზერი მოწყობილობები ტანკსაწინააღმდეგო თოფებით შეიარაღებულმა გათვლებმა გამოიყვანეს მწყობრიდან, რის შემდეგაც ეკიპაჟმა თითქმის გამართული ტანკი არც კი გაანადგურა, ისე გაიქცა. მოგვიანებით გერმანელები ამ მანქანის საარტილერიო ცეცხლით განადგურებას ან კონტრშეტევებით დაბრუნებას ცდილობდნენ, მაგრამ - უშედეგოდ: მერეცკოვმა, თურმე, პირადად გასცა ამ ტანკის ზურგში გაგზავნის ბრძანება, სადაც პოლიგონზე მისი შესწავლა დაიწყო.
საბჭოთა სატანკო მრეწველობის კომისარი მალიშევი ამ ერთ ”ტიგრთან” ბრძოლაში მთელს 18-ე მსროლელ დივიზიას აბამს, რომლის მთელი საცეცხლე საშუალებების კონცენტრირებულმა დაშენამ თითქოს ”ტიგრის” მექანიკოს-მძღოლი დააბნია, მან გზიდან გადაუხვია, რათა სენიავინოს სიმაღლეებზე ასულიყო (რატომ, რისთვის?) და N5 მუშათა დასახლებაში, აგურის ქარხანასთან არსებულ ტორფიან ნიადაგში ჩაეფლო (აქ მალიშევი კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ ”ტიგრი” საკმაოდ ცუდი მანევრულობით გამოირჩეოდა და მეტად მოუქნელი იყოო), რის შემდეგაც ეკიპაჟმა არც ტანკი ააფეთქა, არც ტექნიკური დოკუმენტაცია გაანადგურა, ისე დატოვა მანქანა გასაქცევად, თუმცა ისინი იქვე ამოხოცეს.
1986 წელს გამოცემულ პროპაგანდისტულ ბროშურაში უკვე ორ ”ტიგრს” ვხვდებით, რომლებიც კორპუსის არტილერიის 267-ე საბჭოთა საარტილერიო პოლკის 122 მმ-იანი ქვემეხების ბატარეას უტევენ (კორპუსის არტილერია, როგორც წესი, წინა ხაზიდან საკმაოდ მოშორებით, მინიმუმ 7-8 კმ მანძილზეა ხოლმე განლაგებული და როგორ შეაღწიეს ”ტიგრებმა” იქამდე წითელი არმიის ნაწილების შეტევის პირობებში, კიდევ ცალკე შეკითვის თემაა...). ბატარეამ, თურმე, ცეცხლი გახსნა ჯავშანგამტანი ჭურვებით (!!! – ჯავშანგამტანი ჭურვები 122 მმ-იანი ქვემეხებისათვის სავალდებულო წესით მხოლოდ სანაპირო დაცვის ბატარეებსა და თვითმავალ არტილერიას ჰქონდა, სტაციონარული 122 მმ-იანი (А-19) ქვემეხებისათვის კი ისინი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში გაიცემოდა - მაშინ, როდესაც მათ პოზიციებზე სატანკო იერიშის უშუალო საფრთხე იყო მოსალოდნელი), რომლის მოხვედრამაც ერთი ”ტიგრის” კოშკურა შუაზე გახეთქა (!) და მისი ნამსხვრევების მეორე ტანკზე მოხვდრამ ამ უკანასკნელის ეკიპაჟი მეტად დააფრთხო: მათ ისე მიატოვეს ტანკი, რომ ძრავაც არ გამოურთავთ.
ამავე ეპიზოდს ეხმაურება მარშალი ჟუკოვიც თავის მემუარებში, რომელიც იმ პერიოდში ვოლხოვის ფრონტზე იყო მთავარსარდლობის ბანაკის წარმომადგენლად და ლენინგრადის ბლოკადის გარღვევის ოპერაციაში ვოლხოვისა და ლენინგრადის ფრონტების მოქმედებების კოორდინაციას ახორციელებდა. აქ საქმე უკვე კონკრეტულ ადამიანებთან გვაქვს: ჟუკოვის ვერსიით N5 და N6 მუშათა დასახლებებთან ”ტიგრი” საბჭოთა არტილერიამ დააზიანა (ქვემეხების ტიპი აქ არ კონკრეტდება) და გერმანელები ცდილობდნენ, დაზიანებული მძიმე ტანკი საკუთარი არტილერიის ცეცხლით გაენადგურებინათ ან კონტრშეტევით დაებრუნებინათ, თუმცა, ჟუკოვის ბრძანებით, უფროს ლეიტენანტ კოსარევის ჯგუფი შეიქმნა მეავტომატეთა ოცეულისა და 4 ტანკის შემადგენლობით, რომლებიც 17 იანვრის ღამეს საბოლოოდ დაეუფლნენ ”ტიგრს” და საკუთარ განლაგებაში ბუქსირით მიიყვანეს. აქ უკვე თავად ჟუკოვი ებმება საქმეში და ძვირფასი ალაფის შესასწავლად და გამოსაკვლევად ზურგში გაგზავნას უკეთებს ორგანიზაციას.
და ბოლოს - კიდევ ერთი ვერსია: ამჯერად N1 მუშათა დასახლებასთან მარტოხელა ”ტიგრი” საბჭოთა 86-ე სატანკო ბატალიონის ტანკისტებმა დააზიანეს და იგდეს ხელთ.
მოკლედ, თუკი ყველა საბჭოთა ვერსიას გავაერთიანებთ, საერთო სურათი ასეთი გამოგვდის: საცდელი მძიმე ტანკი ”ტიგრი”, რომელიც სტალინგრადთან იყო გადასროლილი საბრძოლო გამოცდებისათვის, რატომღაც ლენინგრადთან აღმოჩნდა. აქ ის N1, N5 და N6 მუშათა დასახლებებთან (რომელთა შორის რეალური მანძილი არანაკლებ 5-8 კილომეტრია) საბჭოთა ტანკსაწინააღმდეგო თოფების გათვლებმა ”დააბრმავეს”, კურდღელივით დამფრთხალმა ეკიპაჟმა მიატოვა და გაიქცა, თუმცა ეს უღირსი ეკიპაჟი ადგილზევე გაანადგურეს, მაგრამ ”ტიგრი” ჯიუტად განაგრძობდა სვლას. გზად კიდევ ერთი, არანაკლებ უიღბლო თანამოძმე შეუერთდა და ერთად გაიჭრნენ საბჭოთა განლაგების საგრძნობ სიღრმეში, კორპუსის არტილერიის პოზიციებთან, სადაც ერთის კოშკი 122 მმ-იანი ჯავშანგამტანი ჭურვის მოხვდრამ გახეთქა და ამ განადგურებულის ნამსხვრევები მეორეს მოხვდა, რომლის მშიშარა ეკიპაჟიც ასევე გაიქცა ისე, რომ ტანკის ძრავაც არ გამოურთავს (ამ კონკრეტულის მომენტიდან უნდა ვივარაუდოთ, რომ ”დაბრმავებულ” ”ტიგრს” ”გაუხეთქეს” კოშკი, რომლის ეკიპაჟიც უკვე ადრე იყო გაქცეული თუ ამოხოცილი...). შემდეგ, ამ მცირედ დაზიანებული ”ტიგრის” გასანადგურებლად ან უკან დასაბრუნებლად, გერმანელები ინტენსიურ საარტილერიო ცეცხლს აწარმოებენ და კონტრშეტევებსაც ახორციელებენ (არ დაგვავიწყდეს, რომ ”ტიგრი”/"ტიგრები" ამ დროისათვის, როგორც მინიმუმ, კორპუსის არტილერიის პოზიციებამდე არის/არიან მისული:: როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს პოზიციები, როგორც წესი, წინა ხაზიდან საკმაოდ შორსაა განლაგებული, თანაც საბჭოთა ჯარები ამ პერიოდში საკმაოდ წარმატებულ შეტევას აწარმოებენ ლენინგრადის ბლოკადის გასარღვევად...), თუმცა ჟუკოვის ბრძანებით შექმნილმა კოსარევის ჯგუფმა 17 იანვრის ღამეს მეავტომატეთა ოცეულისა და 4 ტანკის დახმარებით ”ტიგრი” საკუთარ განლაგებაში მიათრია (??? თუკი ”ტიგრი” კორპუსის არტილერიის პოზიციებთანაა, კიდევ რომელ გალაგებაში მიათრიეს ბუქსირით და რა საჭირო იყო ამ არცთუ იოლი საქმის ღამის სიბნელეში გაკეთება?). ჟუკოვის ამ ბრძანების შესახებ მერეცკოვმა არაფერი იცის და ისიც გასცემს ამ გატანჯული ”ტიგრის” საბჭოთა ზურგში ევაკუაციის ბრძანებას. ასევე პარალელურად მოქმედებენ ჟუკოვი და მერეცკოვი ერთი ცალი ნაალაფარი ”ტიგრის” ღრმა ზურგში, საბჭოთა სატანკო სპეციალისტებისთვის გადასაცემად სავაკუაციოდ.
ასეა თუ ისე, ამ ერთი უდღეური ”ტიგრის” გარშემო უამრავი საბჭოთა ლეგენდა დაფარფატებს და დღეს უკვე შეუძლებელია იმის დადგენა, კონკრეტულად რომელი ვერსიაა რეალობასთან ყველაზე ახლოს. ყურადღებას იქცევს თავშესაქცევი მომენტიც: ყველა შემთხვევაში ”ტიგრის” ეკიპაჟი მეტად მშიშარა და მორალურად არამდგრად ელემენტადაა გამოყვანილი, რომელმაც უახლესი და საიდუმლო ტექნიკის მოწინააღმდეგის ხელში მოხვედრის ფაქტი არ აღკვეთა; რეალობაში კი საქმე სწორედ პირიქით იყო ხოლმე - ”ტიგრების” ეკიპაჟებად ყველაზე მეტად გამოცდილი, უნარიანი, საზრიანი და შედუღაბებული ეკიპაჟები ირჩეოდა, რომლებიც, მიუხედავად საბრძოლო გამოცდილებისა და ავტორიტეტისა, საფუძვლიან გადამზადებას გადიოდნენ ახალ ტექნიკაზე. თუმცა ფაქტი ერთია - პირველი ასე თუ ისე გამართული და გამოსაკვლევად ვარგისი ”ტიგრი” საბჭოთა ხელში სწორედ 1943 წლის იანვარში, ლენინგრადის ბლოკადის გარღვევის ოპერაციისას მოხდა.
1942-1943 წლებში ფორმირებული იქნა 10 მძიმე სატანკო ბატალიონი ვერმახტისთვის და კიდევ 4 ასეული – SS-ის სატანკო დივიზიებისათვის (თითო - ”ლაიბშტანდარტისათვის” (LSSAH – Leibstandart SS Adolf Hitler), ”ტოტენკპფისათვის” (Totenkopf), ”გროსდოიჩლანდისთვის” (Grossdeutschland) და ”დას რაიხისთვის” (Das Reich)): ამ ასეულების ბაზაზე შემდგომში ასევე იქნა ფორმირებული სატანკო ბატალიონები. მძიმე სატანკო ბატალიონების უმეტესობა აღმოსავლეთის ფრონტზე იბრძოდა, თუმცა აქ არასდროს ყოფილა 504-ე (თავიდან აფრიკაში იბრძოდა, შემდეგ - იტალიაში) და 508-ე (იბრძოდა იტალიაში) ბატალიონები. ასევე აღმოსავლეთის ფრონტზე იყვნენ SS-ის ყველა ასეული და ”გროსდოიჩლანდის” 3-ე მძიმე სატანკო ბატალიონი, რომელიც ამავე დივიზიის მძიმე სატანკო ასეულის ბაზაზე იქნა ფორმირებული. SS-ის დანარჩენი მძიმე სატანკო ბატალიონები დასავლეთის ფრონტზე მოქმედებდნენ.
ყველაზე მასიურად ”ტიგრები” კურსკის ბრძოლისას გამოიყენეს. 1943 წლის 12 მაისისათვის ოპერაცია ”ციტადელში” სამოქმედოდ ჰიტლერი 285 ”ტიგრის” გამოყვანას გეგმავდა, თუმცა რეალურად მრეწველობამ მხოლოდ 246 მანქანის მიწოდება შეძლო (რაც ასევე საკმაოდ შთამბეჭდავი ციფრია): ამ რაოდენობიდან უმეტესობა ორიოლ-კურსკის უბანზე იყო თავმოყრილი. უშუალოდ ”ციტადელში” მონაწილეობა მიიღეს 503-ე და 505-ე მძიმე სატანკო ბატალიონებმა და მოტორიზებული დივიზიების ოთხმა მძიმე სატანკო ასეულმა.
კურსკის რკალის ჩრდილოეთ უბანზე საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ 505-ე ბატალიონი (45 ”ტიგრი”) მოქმედებდა და ამ ბატალიონის სადგურ პონირისათვის ბრძოლებში მონაწილეობის შესახებ ცნობები არ ემთხვევა დასავლეთში ამავე ბატალიონის მიერ გავლილი საბრძოლო გზის შესახებ გამოქვეყნებულ ცნობებს. 505-ე ბატალიონმა, გერმანელთა 2-ე სატანკო დივიზიასთან ერთად, რომლის ოპერატიულ დაქვემდებარებაშიც ის იმყოფებოდა, 70-ე საბჭოთა არმიის პოზიციებს შეუტია პოდოლიან-საბოროვკა-ტიოპლოეს მიმართულებით. გერმანული მონაცემებით ამ ბრძოლებისას ”ტიგრების” უკანმოუბრუნებელმა დანაკარგმა 3 მანქანა შეადგინა - ეს მონაცემები საბჭოთა მხარისას თითქმის ემთხვევა: სამოდუროვკა, კაშარა, კუტირკი, ტიოპლოე, სიმაღლე 238,1-ს რაიონში მდებარე 6-კვადრატულკილომეტრიან მინდორზე ბრძოლების შემდეგ 74 დაზიანებული, განადგურებული და დამწვარი გერმანული ტანკი, თსდ და სხვა ჯავშანტექნიკა იქნა დათვლილი, მათ შორის - ოთხი ”ტიგრი” და ორი ”ფერდინანდი”. 15 ივლისს საბჭოთა ცენტრალური ფრონტის სარდალ როკოსოვსკის ნებართვით ეს მინდორი მოსკოვიდან ჩამოსულმა კინოოპერატორებმა გადაიღეს და შემდგომში სწორედ მას უწოდეს ”მინდორი პროხოროვკასთან”, თუმცა პროხოროვკასთან, კურსკის რკალის სამხრეთ ფრთაზე, არცერთ ”ფერდინანდს” არ უბრძოლია. აღსანიშნავია, რომ ”ციტადელში” ჩართული საკმაოდ მნიშვნელოვანი რაოდენობის ”ტიგრებიდან” ბრძოლებში ისინი რეალურად მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობით მონაწილეობდნენ. მაგალითად, 13 ივლისს 505-ე ბატალიონს მწყობრში მხოლოდ 14 ბრძოლისუნარიანი ”ტიგრი” ჰყავდა: დანარჩენებს სხვადასხვა სირთულის რემონტი ესაჭიროებოდა.
503-ე მძიმე სატანკო ბატალიონში, რომელიც ოპერატიულ ჯგუფ ”კემპფის” შემადგენლობაში შემავალი 3-ე სატანკო კორპუსის რიგებში მოქმედებდა, ”ციტადელის” დაწყების მომენტისათვის 42 ”ტიგრი” ითვლებოდა. ოპერატიული ჯგუფი და სატანკო კორპუსი საბჭოთა 7-ე გვარდიული არმიის თავდაცვის ზოლში მოქმედებდა.
რაც შეეხება საკუთრივ პროხოროვკის ველზე ბრძოლას, აქ 11-12 ივლისის განმავლობაში SS-ის მოტორიზებული დივიზიების - LSSAH-ის, ”დას რაიხისა” და ”ტოტენკოპფის” მძიმე სატანკო ასეულები მოქმედებდნენ: სულ მათ შემადგენლობაში 42 მანქანა ითვლებოდა. კიდევ 15 ”ტიგრი” ჰყავდა ”გროსდოიჩლანდს”, რომელიც ობოიანის მიმართულებაზე მოქმედებდა.
ამგვარად, მთლიანად ოპერაცია ”ციტადელში” 144 ”ტიგრი” მოქმედებდა - ამ ოპერაციაში ამოქმედებული გერმანული ტანკების საერთო რაოდენობის მხოლოდ 7,6%. რასაკვირველია, ისეთი მასშტაბის სტრატეგიულ ოპერაციაზე, როგორადაც ”ციტადელი” იყო ჩაფიქრებული, მძიმე ტანკების ეს რაოდენობა გადამწყვეტ გავლენას ვერ მოახდენდა, მით უმეტეს, რომ ისინი საკმაოდ დაქსაქსულად გამოიყენებოდა. ამასთან ერთად უნდა აღინიშნოს, რომ მათი ფრონტზე შედარებით მასიურად გამოჩენისადმი მიძღვნილმა პროპაგანდისტულმა კამპანიამ გარკვეულწილად მზანს მიაღწია: ზემდგომ საბჭოთა ინსტანციებში საკმაოდ ხშირად მიდიოდა მოხსენებები ”ტიგრების” შეტევებისა და განადგურებების შესახებ ფრონტის იმ უბნებიდან, სადაც ამ მძიმე ტანკების ჩრდილიც კი არ ჭაჭანებდა: პირველ რიგში ”ტიგრებად” თვლიდნენ ბოლო მოდიფიკაციების ნებისმიერ გერმანულ ტანკს და მეორეც - წითელი არმიის მებრძოლებსა და მეთაურებში ჯერ კიდევ საფუძვლიანად იყო გამჯდარი 1941-1943 წლებში გაჩენილი შიში გერმანული ტანკებისადმი, ამჯერად კი ფრონტზე გამჩნდა ახალი გერმანული ტანკი, რომელთანაც პრაქტიკულად ვერაფერს აწყობდა საბჭოთა არტილერიის შეიარაღებაში მყოფი ქვემეხების უდიდესი უმეტესობა.
თუკი გერმანულ წყაროებს ვენდობით, 1943 წლის ივლის-აგვისტოში ”ტიგრების” საერთო უკანმოუბრუნებელმა დანაკარგმა 73 მანქანა შეადგინა, ხოლო 1943 წლის ბოლომდე - 274 მანქანა. ამასთან ერთად, 1943 წლის ბოლომდე ბრძოლებში დაზიანებული, გარემონტებული და მწყობრში დაბრუნებული ”ტიგრების” რაოდენობა მხოლოდ 13 მანქანა იყო.
1944 წლის ივნისის დასაწყისისათვის, მოკავშირეთა ნორმანდიაშია გადასხმის მომენტისათვის დასავლეთის მიმართულებით გერმანელებს 102 ”ტიგრი” ჰყავდათ SS-ის სამი მძიმე სატანკო ბატალიონის - 101-ე, 102-ე და 103-ე ბატალიონების შემადგენლობაში. თავი განსაკუთრებით გამოიჩინა პირველმა მათგანმა - სწორედ იმან, რომლის ერთ-ერთ ასეულსაც ლეგენდარული მიხაელ ვიტმანი მეთაურობდა. თავად ამ სატანკო ასის საბრძოლო მოქმედებაზე ცალკე წიგნის დაწერა შეიძლება, თუმცა ვერც მისმა და ვერც მისი სხვა კოლეგების ოსტატობამ ვერ გადაარჩინა კონკრეტულად 101-ე ბატალიონი - ის ფალეზთან ბრძოლებში პრაქტიკულად მთლიანად განადგურდა. მთლიანად 1944 წელს გერმანელებმა 756 ”ტიგრი” დაკარგეს, რემონტიდან მწყობრში კი მხოლოდ 60 დაბრუნდა. 1944 წლის ნოემბრის დასაწყისისათვის ვერმახტისა და SS-ის ნაწილებს საერთო ჯამში აღმოსავლეთის ფრონტზე 317 ”ტიგრი” ჰყავდათ, დასავლეთის ფრონტზე - 84 და იტალიაში - 36, ხოლო 1945 წლის 1 მარტისათვის ყველა ფრონტზე ”ტიგრების” უკანმოუბრუნებელი დანაკარგი 1 032 მანქანას შეადგენდა. ამავე თარიღისათვის, გერმანული მონაცემებით, ყველა საფრონტო ნაწილში ერთად 142 ”ტიგრი” ითვლებოდა (31 სამეთაურო მანქანის ჩათვლით), ხოლო სარეზერვო ნაწილებში - კიდევ 43 (ხუთი სასწავლო მანქანის ჩათვლით).
გადავიდეთ ტანკის ექსპლუატაციის მომენტებზე და ვნახოთ, რამდენად პრაქტიკული იყო ”ტიგრი”.
საბრძოლო მახასიათებლებით მოწოდების სიმაღლეზე მდგარი „ტიგრი“ საკმაოდ პრობლემატური იყო საექსპლუატაციო მახასიათებლების შეფასებისას. გამოცდებზე ძრავის გადახურების შესახებ უკვე ვილაპარაკეთ - ეს პრობლემა სერიულ ეგზემპლარებზეც გადავიდა და „ტიგრს“ პრაქტიკულად მთელი წარმოების მანძილზე მიჰყვებოდა: იყო შემთხვევები, როდესაც ძრავა რუსული მკაცრი და ცივი ზამთრის პირობებშიც კი გადახურებულა, თუმცა ამ შემთხვევაში უკვე მხოლოდ მძღოლ-მექანიკოსის არასაკმარის კვალიფიკაციაზე უნდა ვისაუბროთ.
სავალი ნაწილის ჭადრაკულად განლაგებული საყრდენ-დამჭერი ბორბლები ტანკის დიდი მასის ნიადაგზე დაწოლას საკმაოდ რაციონალურად ანაწილებდა და ”ტიგრის” გრუნტზე დაწოლის ნიშნული თითქმის ისეთივე იყო, როგორც - მასზე ლამის ორჯერ მსუბუქი Т-34-ისა, რომ აღარფერი ვთქვათ სვლის სიმდოვრესა და კომფორტზე, თუმცა ასეთი ხელსაყრელი მახასიათებლის მისაღებად მნიშვნელოვანი ხარკი იქნა გაღებული: დიდი წონის (7 ტონა. ИС-2-ს, მაგალითად, 3,5 ტონა ჰქონდა) სავალი ნაწილის როგორც დამზადება და ექსპლუატაცია, ასევე რემონტი საკმაოდ ძვირი და შრომატევადი იყო და დიდი დროც მიჰქონდა. მაგალითად, არსებული საყრდენ-მამოძრავებელი ბორბლების სამი რიგიდან შიდა ორი რიგის ერთი რომელიმე ბორბლის მოსახსნელად ჯერ, როგორც მინიმუმ, ორი გარეთა ბორბალი მაინც უნდა მოხსნილიყო.


„ტიგრის“ სავალი ნაწილისა და ფსკერის სქემა.
1,2 - საყრდენ-დამჭერი ბორბლები.
3 - ამძრავი ბორბალი.
4 - მიმმართველი ბორბალი.
5 - გადაცემათა კოლოფიდან ზეთის ჩამოსასხმელი ლუკი.
6 - საწვავის ჩამოსასხმელი ლუკები.
7 - ძრავიდან ზეთისა და წყლის ჩამოსასხმელი ლუკი.
8 - ფსკერის ვენტილები.
9 - გენერატორთან და საწვავის ტუმბოსთან მისადგომი ლუკი.


ეს კიდევ არაფერი - მრისხანე და კომფორტული ”ტიგრის” ეკიპაჟის მთავარი თავგადასავალი რუსული უგზოობისა და ყინვების პერიოდში იწყებოდა, როდესაც ბორბლებს შორის უზომო რაოდენობის ტალახი და თოვლი იყრიდა თავს და ეს ყველაფერი იყინებოდა: ასეთ შემთხვევაში თუნდაც რამდენიმესაათიანი ერთ ადგილზე დგომაც კი საკმარისი იყო, რომ ”ტიგრებს” მოძრაობის უნარი სრულიად დაეკარგათ. გაყინული სავალნაწილიანი ”ტიგრების” რამდენიმე ეკიპაჟმა თავიდან ტანკისათვის მოძრაობის უნარის სწრაფად დასაბრუნებლად ე.წ. ”გაკვრით” დაძვრა სცადა, რათა მძლავრი ძრავისა და დიდი წონის მეოხებით დაემსხვრიათ ბორბლებზე მიყინული თოვლი და ტალახი, თუმცა ასეთ ქმედებას დაუყოვნებლივ მოჰყვა გადაცემათა კოლოფის, ან კარდანის ღერძის (ანდა - ორივესი ერთად) მძიმე დაზიანება და ხანგრძლივი რემონტის აუცილებლობა. ამიტომ ასეთი ქცევა შემდგომში ეკიპაჟებს კატეგორიულად აეკრძალათ. საბჭოთა მხარე მალე მიხვდა ”ტიგრების” ამ ”საექსპლუატაციო თავისებურებების” არსებობას და მასთან დაკავშირებულ ხელსაყრელ პირობებს და წლის ცივ პერიოდში ფრონტის იმ უბანზე, სადაც ”ტიგრების” ყოფნა აშკარად იყო დადასტურებული, ყოველთვის ცდილობდა, საბრძოლო მოქმედებები ყველაზე დაბალი ტემპერატურის პირობებში დაეწყო, რითაც დამატებით უპირატესობას იძენდა.
სავალი ნაწილის კიდევ ერთი, საკმაოდ არასასიამოვნო თავისებურება იყო ორი - სატრანსპორტო და საბრძოლო ტიპის მუხლუხების არსებობა. სატრანსპორტო მუხლუხების გადაცმისას საყრდენ-დამჭერი ბორბლების გარე რიგის დემონტირება ხდებოდა და ”ტიგრის” გაბარიტები სტანდარტული სარკინიგზო პლატფორმის გაბარიტებში ჯდებოდა, ხოლო საბრძოლო მუხლუხების გადაცმისას შესაბამისად მაგრედებოდა საყრდენ-დამჭერი ბორბლების გარე რიგი, იზრდებოდა ტანკის საერთო სიგანე და მისი ტრანსპორტირება სტანდარტული სარკინიგზო პლატფორმით შეუძლებელი ხდებოდა - ტანკის გაბარიტები პლატფორმის სიგანეს სცილდებოდა. რასაკვირველია, სატრანსპორტო მუხლუხების გადაცმისას იზრდებოდა გრუნტზე დაწოლა და, შესაბამისად, უარესდებოდა ტანკის გამავლობა.



სერიული „ტიგრი“ ქარხნის ჭიშკრიდან გამოდის. კარგად ჩანს ვიწრო სატრანსპორტო მუხლუხები, საყრდენ-დამჭერი ბორბლების გარე რიგი კი დემონტირებულია.



სერიულ „ტიგრზე“ კოშკის მონტაჟი. კარგად ჩანს ვიწრო სატრანსპორტო მუხლუხები, საყრდენ-დამჭერი ბორბლების გარე რიგი კი დემონტირებულია.



“ციმერიტით“ დაფარული სერიული „ტიგრი“ სარკინიგზო პლატფორმაზე. ტანკზე „ჩამოცმულია“ ვიწრო სატრანსპორტო მუხლუხები, ფართო საბრძოლო მუხლუხები კი ტანკის ქვეშაა დალაგებული.



1944 წლის აგვისტო: SS-ის მოტორიზებული დივიზია „გროსდოიჩლანდის“ „ტიგრზე“ სატრანსპორტო მუხლუხების მოხსნის პროცესი - საყრდენ-დამჭერი ბორბლების გარე რიგი უკვე დამონტაჟებულია.




სერიული „ტიგრები“ საბრძოლო მუხლუხებით სარკინიგზო პლატფორმაზე. კარგად ჩანს, როგორ სცილდება ტანკების საერთო სიგანე პლატფორმის გაბარიტებს.


 აქ უკვე ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ რკინიგზით ტრანსპორტირების შემდეგ ”ტიგრების” საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა საკმაოდ შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესი იყო და ეკიპაჟების მხრიდან დიდი ნერვებისა და ენერგიის დახარჯვა ხდებოდა საჭირო.
საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ, ჩემი აზრით, ”ტიგრი” საბრძოლო მახასიათებლებით მეორე მსოფლიო ომის საუკეთესო მძიმე ტანკი იყო, თუმცა საექსპლუატაციო მახასიათებლებში - რემონტისუნარიანობაში, წარმოების შრომატევადობასა და ღირებულებაში - აშკარად ჩამორჩებოდა მთავარ კონკურენტს - ИС-2-ს. რაც შეეხება ხსენებულ საბრძოლო მახასიათებლებს, უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა ტანკი ასევე არაფრით ჩამოუვარდებოდა ”ტიგრს”, გარდა ოპტიკის ხარისხისა და ქვემეხის სწრაფსროლისა.
და, რაც ყველაზე მთავარია: ”ტიგრები” იყო ცოტა. მეტიც - ძალიან ცოტა. სწორედ საკუთარი რთული კონსტრუქციიდან და სიძვირიდან გამომდინარე, მათი წარმოება დიდ დროსა და მაღალ კვალიფიკაციას მოითხოვდა, ასევე მაღალი კვალიფიკაცია იყო საჭირო მისი ექსპლუატაციისათვის, რათა მთლიანად გამოვლენილიყო მისი ყველა დადებითი თვისება. ყოველივე ეს კი მეტად უარყოფითად აისახებოდა საერთო რაოდენობასა და, აქედან გამომდინარე, ომის მსვლელობაზე.

No comments:

Post a Comment