Saturday, September 12, 2015

Ferdinand

ჰყავდათ თუ არა ნაცისტებს ”ფერდინანდზე” უფრო მძლავრი თვითმავალი ქვემეხი, ჯერ კიდევ საკითხავია და ეს სულ სხვა საუბრისა და პოლემიკის თემაა, თუმცა ის კი ნამდვილად უდავოა, რომ გერმანელებმა უეჭველად მოახერხეს მსოფლიო ომების ისტორიაში ყველაზე სახელგანთქმული და ლეგენდარული თვითმავალი ქვემეხის შექმნა, რომელმაც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული მხარის თითქმის ყველა მებრძოლსა თუ მეთაურზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა და მათ ყველაზე მძაფრი მოგონებები დაუტოვა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ 1943 წლის მეორე ნახევრიდან ზემდგომ შტაბებში გაგზავნილ საბრძოლო მოხსენებებში საბჭოთა ჯარები ყოველდღიურად მინიმუმ 1 ”ფერდინანდს” ანადგურებდნენ და ამ მოხსენებებით ”განადგურებული” ”ფერდინანდები” რომ დავთვალოთ, თავისუფლად შეიძლება, რამდენიმე ათას ცალამდე ავიდეთ. არადა სიტუაციის პიკანტურობა სწორედ იმაშია, რომ რეალურად ”ფერდინანდები” სულ 90 ცალი (92 ცალი, თუ პირველ ორ ეგზემპლარსაც მივათვლით, რომლებიც ტანკებად დამზადდა და პორშეს ”ტიგრის” სახელწოდებითაა ცნობილი - მათზე ადრე უკვე ვილაპარაკეთ) გამოვიდა, პლიუს - კიდევ 4 შეჯავშნული საევაკუაციო მანქანა მათ ბაზაზე და ძნელია მოძებნო მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში გამოშვებული ჯავშანტექნიკის სხვა ნიმუში, რომელიც ასე ცოტა გამოვიდა და, ამასთან ერთად, ასე გაითქვა სახელი. ”ფერდინანდებად” ”წერდნენ” ნებისმიერ სხვა თვითმავალ ქვემეხს, თუმცა ყველაზე ხშირად - ”მარდერებსა” და ”შტუგებს”. როგორც ადრე აღვნიშნე, მსგავსი სიტუაცია იყო ”ტიგრების” შემთხვევაშიც, რომლებადაც ხშირად ”წერდნენ” Pz.Kpfw.IV-ების ბოლო მოდიფიკაციებს, თუმცა აქ სილუეტების მსგავსება მაინც იყო მაშინ, როდესაც დიდ კითხვის ნიშნად რჩება საკითხი, როგორი მსგავსება უნდა მოიძებნოს ”ფერდინანდსა” და ”შტუგს” შორის.
თუმცა, მივყვეთ მოვლენებს.
1942 წლის მარტში ჰიტლერმა ”სატანკო კომისიისაგან” ფირმა ”რაინმეტალის” მიერ სულ ახლახანს შექმნილი გრძელლულიანი ტანკსაწინააღმდეგო 88 მმ-იანი PaK.43/L71 ქვემეხით აღჭურვილი თვითმავალი საარტილერიო დანადგარის შექმნის მოთხოვნა წამოაყენა, რომელიც Pz.Kpfw.IV და VK 4501 ტანკების შასიზე უნდა ყოფილიყო ბაზირებული. ახალ ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხს მართლაც შთამბეჭდავი მონაცემები ჰქონდა: სტანდარტული ჯავშანგამტანი ჭურვის საწყისი სისწრაფე - 1 000 მ/წმ, ჯავშანგამტანობა 1 000 მეტრზე - 165/215 მმ-მდე (ჯავშანფილის დახრილობა - 60/90 გრადუსი), კუმულატიური ჯავშანგამტანი ჭურვის საწყისი სისწრაფე - 1 130 მ/წმ, ჯავშანგამტანობა 1 000 მეტრზე - 193/251 მმ-მდე (ჯავშანფილის დახრილობა - 60/90 გრადუსი); ეს მონაცემები იმ დროს არსებული ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ სერიული თუ ექსპერიმენტული ტანკის ნებისმიერი ჯავშნის ნებისმიერი რეალური დისტანციიდან (2 500 მეტრის ჩათვლით) უპირობო გახვრეტას უზრუნველყოფდა: თუკი ჯავშანი არ იხვრიტებოდა, ამის მიზეზი მხოლოდ ერთადერთი შეიძლებოდა ყოფილიყო - ჭურვის მოხვედრის მეტად მახვილი კუთხე და, აქედან გამომდინარე, რიკოშეტი. ყველა სხვა შემთხვევაში ჯავშნის გახვრეტა, ტანკის მძიმე დაზიანება/განადგურება და ეკიპაჟის ნაწილობრივი ამ მთლიანი მწყობრიდან გამოყვანა/დაღუპვა გარანტირებული იყო.




88 მმ-იანი PaK.43/L71 ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხის ადრეული ვერსია (88 მმ-იანი საზენიტო FlaK.41 ქვემეხის ლაფეტზე) სატრანსპორტო (პირველი ფოტო) და საბრძოლო (ქვედა ორი ფოტო) მდგომარეობაში.




88 მმ-იანი PaK.43/L71 ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხის გვიანდელი ვერსია PaK.43/41 (105 მმ-იანი მსუბუქი საველე ჰაუბიცა LeFH.18-ის ლაფეტზე): ქვედა ფოტოზე კარგად ჩანს ქვემეხის ზომები.


კვლევების შედეგად დადგინდა, რომ Pz.Kpfw.IV-ს შასი ახალი მძლავრი ქვემეხის დადსადგმელად მნიშვნელოვან ცვლილებებს მოითხოვდა, სერიაში სულ რამდენიმე დღის წინ გაშვებული ”ტიგრის” შასიზე იგივეს გაკეთება კი - ძალიან დიდ დროსა და რესურსებს, რისი შესრულება-განხორციელებაც ვერმახტის შეკვეთებით გადატვირთულ ”ჰენშელს” ძალიან გაუჭირდებოდა და ფირმა იძულებული გახდა, იმ ეტაპზე თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხის შექმნაზე უარი ეთქვა, რასაც ფერდინანდ პორშეზე ვერ ვიტყვით - ნიჭიერმა კონსტრუქტორმა დიდი სიამოვნებით განაცხადა თანხმობა.
ალბერტ შპეერთან ჰიტლერის 23.06.1942 წელს გამართული საუბრის შედეგად გადაწყდა, ფერდინანდ პორშეს განკარგულებაში ”ნიბელუნგენვერკეში” უკვე დამზადებული VK 4501 (P)-ს ყველა შასი გადაეცათ (სხვადასხვა წყაროებით ამ შასების საერთო რაოდენობა 89-92 ერთეულის ფარგლებში მერყეობს): სწორედ ამ მომენტიდან შეწყდა პორშეს ”ტიგრზე” მუშაობა, ხოლო 1942 წლის სექტემბრიდან საიერიშო ქვემეხზე მუშაობა დაიწყო.
ახალი თვითმავალი ქვემეხის შექმნისას დოქტორმა პორშემ ორ ეგზემპლარად აგებული ”ჯიუტი ემილის” შექმნისას დაგროვილი გამოცდილება გარკვეულწილად გამოიყენა იმ ასპექტით, რომ ”ემილის” მსგავსად, შეჯავშნული საბრძოლო განყოფილება აქაც შასის უკანა ნაწილში იყო განლაგებული, თუმცა, განსხვავებით იმავე ”ემილისაგან”, ამ განყოფილების შეჯავშნა გაცილებით შთამბეჭდავი და საფუძვლიანი იყო და ჯავშანსახურავიც ჰქონდა (”ემილის” განყოფილება ზემოდან ღია იყო). პროექტირებით გატაცებული პორშე უფრო შორსაც წავიდა და მძიმე ტანკის პროექტიც დაამუშავა, რომელსაც კოშკი შასის უკანა ნაწილში ედგა.
დრო ცოტა იყო და პორშეს საკონსტრუქტორო ბიურო ფირმა ”ალკეტთან” (კომპანია ”რაინმეტალ-ბორზიგის” ერთ-ერთი ქვეგანაყოფი Alkett - Altmärkische Kettenfabrik) ერთად (რომელიც მეტად გამოცდილი და ავტორიტეტული იყო ზოგადად ჯავშანტექნიკისა და კონკრეტულად - თვითმავალი ქვემეხების წარმოების საკითხში: აქ მზადდებოდა StuG.III-ის ყველა მოდიფიკაცია, ასევე - Panzerjäger I და სხვა თსდ-ები, მოგვიანებით კი - Hummel, Sturmtiger და თვით Maus-იც კი) ”ნიბელუნგენვერკეში” უკვე დამზადებული მძიმე ტანკების ჯავშანკორპუსების თვითმავალი ქვემეხების ჯავშანკორპუსებად გადაკეთების პროექტი დაამუშავა.
ახალი თვითმავალი ქვემეხის კომპონირებისას საბრძოლო განყოფილების უკანა ნაწილში მოთავსებამ სხვა ელემენეტების კორპუსში განლაგების სქემის გადახედვაც მოითხოვა: თსდ-ს მექანიკოს-მძღოლისა და რადისტ-მსროლელის ადგილები ტრადიციულად - კორპუსის წინა ნაწილში, საშუბლე ჯავშნის უკან განლაგდა, რომელთა უკანაც ძრავისა და ელექტროტრანსმისიის განყოფილება მდებარეობდა (ამიტომ მექანიკოს-მძღოლისა და რადისტ-მსროლელის უშუალო ვიზუალური და ვერბალური კონტაქტი კიჩოზე არსებულ საბრძოლო განყოფილებაში მყოფ ეკიპაჟის დანარჩენ სამ წევრთან შეუძლებელი გახდა და ისინი ერთმანეთს მხოლოდ სატანკო სასაუბრო ხელსაწყოთი ეკონტაქტებოდნენ): აქ ერთმანეთის პარალელურად იდგა ორი 12-ცილინდრიანი V-სებრი ბენზინის ძრავა Maybach HL 120TRM (თითოეულის სიმძლავრე - 265 ცხ.ძ.), რომლებსაც მოძრაობაში მოჰყავდათ ფირმა ”სიმენსის” ორი გენერატორის Siemens Typ aGV-ს (თითოეულის ძაბვა - 365 ვოლტი) როტორები და ეს გენერატორები ელექტროენერგიით ამარაგებდნენ კიჩოს ნაწილში, საბრძოლო განყოფილების ქვეშ მდგარ ორ გამწევ ელექტროძრავას Siemens D1495aAC-ს (თითოეულის სიმძლავრე - 230 კილოვატი), მათი ბრუნვის მომენტი კი ბორტის ელექტრომექანიკური გადაცემებით  შესაბამისი ბორტის კიჩოს ნაწილში არსებულ ამძრავ ბორბალს გადაეცემოდა. ასეთი კონსტრუქცია თსდ-ს მართვას მეტად მსუბუქსა და იოლს ხდიდა, თუმცა მეტისმეტად დიდი წონით გამოირჩეოდა.
”ფერდინანდის” სავალი ნაწილი პორშეს ”ტიგრის” ანალოგიური იყო და ექვსი, ორ-ორად დაწყვილებული საყრდენ-დამჭერი ბორბლისაგან შედგებოდა, რომლებსაც შიდა ამორტიზაცია ჰქონდათ. ამ ბორბლების დაკიდება ჯერ კიდევ VK 3001(P)-ზე გამოყენებული მეტად რთული, თუმცა მაღალეფექტური სისტემის შემდგომი განვითარებისა და დახვეწის შედეგი იყო, გრძივი ტორსიონებითა და დგუშოვანი სქემით: ასეთი დაკიდების მთავარი დამახასიათებელი თვისება იმაში მდგომარეობდა, რომ ტორსიონები კორპუსის გარეთ, ბორტების გასწვრივ, დაწყვილებული ბორბლების შიგნით გრძივად იყო მოთავსებული და არა - კორპუსის შიგთავსში; ამგვარად, დაკიდება კორპუსის შიდა სივრცეს არ ამცირებდა და მისი მომსახურება უფრო ხელმისაწვდომი და მარტივი იყო, ხოლო საიმედოობა - ძალიან მაღალი: მაგალითად, ერთი ცალი საყრდენ-დამჭერი ბორბლის გამოცვლას მხოლოდ 3-4 საათი სჭირდებოდა და, ”ტიგრის” ან ”პანტერასაგან” განსხვავებით, ამისათვის სხვა არავითარი კვანძის ან აგრეგატის მოხსნა არ იყო საჭირო, გარდა მუხლუხის დაჭიმვის მოშვებისა. მთლიანად სავალი ნაწილის კონსტრუქცია ძალიან კარგად იყო მოფიქრებული და დეფიციტური რეზინის ეკონომიასა და მუშაობის ხანგრძლივ დროს უზრუნველყოფდა.


პორშეს სისტემის დაკიდების სქემა ”ფერდინანდისთვის”.

ამძრავ ბორბალს 19-კბილიანიანი მოსახსნელი გვირგვინი ჰქონდა. ასევე ჰქონდა კბილანები მიმმართველ ბორბალსაც, რაც მუხლუხების ფუჭ მოძრაობას გამორიცხავდა და ეს ყოველივე თსდ-ს გამავლობას, რომელიც, დიდი წონიდან (არანაკლებ 65 ტონა), ელექტროტრანსმისიის თავისებურებიდან და ძრავების შედარებით მცირე სიმძლავრიდან გამომდინარე, არცთუ მთლად დამაკმაყოფილებელი იყო (განსაკუთრებით - სუსტ გრუნტებზე), შეძლებისდაგვარად აუმჯობესებდა და ასე თუ ისე მისაღებს ხდიდა.
ძალიან კარგად დაცულ საბრძოლო განყოფილებაში 88 მმ-იანი StuK-43 (PaK.43/L71-ის ვარიანტი თსდ-სათვის) იდგა, რომლის ჰორიზონტალური დამიზნების სექტორი მხოლოდ 28 გრადუსი იყო, ამართვის კუთხე - +41 გრადუსი, დახრის - -8 გრადუსი, წონა - 2,2 ტონა და საბრძოლო კომპლექტი - 55 ჭურვი, რომლებიც საბრძოლო განყოფილების მარჯვენა და მარცხენა კედლებზე იყო განლაგებული. საბრძოლო განყოფილების კიჩოს ჯავშანფილას მრგვალი ლუკი ჰქონდა, რომელიც ქვემეხის დემონტაჟისთვის იყო განკუთვნილი და, განსაკუთრებულ შემთხვევებში, ეკიპაჟის ნაწილის სასწრაფო ევაკუაციისთვისაც გამოიყენებოდა. საკუთრივ ამ მრგვალ ლუკში კიდევ ერთი ლუკი-საცობი იყო ჩამონტაჟებული საკომუნიკაციოდ და საბრძოლო მასალის ჩასატვირთად.



კომპონირება.


საბრძოლო განყოფილების შუბლის ჯავშანში არსებული ქვემეხის ამბრაზურა მსხლის ფორმის მასიური, ჩამოსხმული ნიღბით იყო დაფარული, რომელიც ქვემეხის დაზგასთან იყო შეერთებული. უნდა აღინიშნოს, რომ ნიღბის კონსტრუქცია არცთუ მთლად ხელსაყრელი აღმოჩნდა და არ უზრუნველყოფდა ტყვიის შხეფებისა და წვრილი ნამსხვრევებისაგან სრულ დაცვას, რომლებიც ნიღაბსა და ამბრაზურას შორის არსებულ წვრილ ღრიჭოებში აღწევდნენ, ამიტომ ”ფერდინანდების” უმრავლესობას ნიღაბზე დამატებით დაუმონტაჟეს ჯავშანფარები.


შეჯავშნის სქემა.


პირველი ”ფერდინანდის” აწყობა 1943 წლის 16 თებერვალს დაიწყო ”ნიბელუნგენვერკეს” საამქროებში (თავიდან პირველი ეგზემპლარების საწყისი აწყობა ბერლინში, ”ალკეტის” ქარხანაში იგეგმებოდა, რის შემდეგაც ნახევრად მზა თსდ-ები რკინიგზით უნდა გადაეტანათ ”ნიბელუნგენვერკეს” ქარხანაში და მთლიანად დაესულებინათ, თუმცა ამაზე ორი მიზეზით ითქვა უარი: პირველ რიგში ”ალკეტი” მეტისმეტად იყო გადატვირთული StuG.III-ისა და სხვა სერიული თსდ-ების წარმოებით და კიდევ ერთი ახალი თსდ-ს წარმოებისათვის სიმძლავრეები, უბრალოდ, აღარ ჰქონდა. გარდა ამისა, დამატებით დროსა და სახსრებს მოითხოვდა ”ფერდინანდების” ნახევრად მზა კორპუსების რკინიგზით გადაზიდვაც). სწორედ ამ პერიოდიდან მიიღო ახალმა თსდ-მ ოფიციალური აღნიშვნა 8,8cm Pak 43/2 Sfl L/71 Panzerjager Tiger(P) Sd.Kfz. 184 და საკუთარი სახელწოდება ”ფერდინანდი”, რომელიც ჰიტლერის პირადი ბრძანებით მიენიჭა მისი კონსტრუტორის - ფერდინანდ პორშეს საპატივსაცემოდ. 1943 წლის 8 მაისს ”ნიბელუნგენვერკეს” საამქროები უკანასკნელმა - 90-ე ”ფერდინანდმა” დატოვა: ამ დროისათვის სერიული თვითმავალი ქვემეხები უკვე კუმერსდორფის სატანკო პოლიგონზე გადიოდნენ გამოცდებს, რომლებიც ჯერ კიდევ აპრილში დაიწყო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჯავშანფილები ”ფერდინანდის” მწარმოებელ ქარხანას გერმანული ფლოტის საცავებიდან მიეწოდებოდა.


1943 წ.: თითქმის დასრულებული ”ფერდინანდები” ”ნიბელუნგენვერკეს” საამქროში.


განსაკუთრებული საბრძოლო მახასიათებლების მქონე ახალი მძიმე თვითმავალი ქვემეხებისათვის სპეცაილურად შეიქმნა განსაკუთრებული საბრძოლო ერთეული - ტანკების გამანადგურებელთა 653-ე და 654-ე ბატალიონები (schwere Panzerjäger Abteilung – s.Pz.Jäger.Abt.). მათი სპეციალური შტატი (31.03.43-ის შტატი K. St.N.№ 1148c) ასე გამოიყურებოდა:
ბატალიონის სარდლობა.
საშტაბო ასეული (მართვის, სანიტარული, მესანგრეთა და საზენიტო ოცეულები).
”ფერდინანდების” 3 ასეული (თითოეულში - 14 თსდ: ასეულის შტაბის 2 მანქანა და სამი ოცეული, თითოეულში 4 მანქანით).
სარემონტო-საევაკუაციო ასეული.
ავტოსატრანსპორტო ასეული.
სულ: 45 ”ფერდინანდი”, 1 სანიტარული ჯავშანტრანსპორტიორი Sd.Kfz.251/8, 6 საზენიტო Sd.Kfz.7/1, 15 ნახევრადმუხლუხა 18-ტონიანი გამწე Sd.Kfz.9, სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები.
653-ე ბატალიონი StuG.III საიერიშო ქვემეხების 197-ე ბატალიონის ბაზაზე იქნა ფორმირებული. ეს ნაწილი შემთხვევით არ შერჩეულა - 197-ე ბატალიონი 1941 წლის ზაფხულიდან 1943 წლის იანვრამდე არაერთ ბრძოლაში მონაწილეობდა აღმოსავლეთის ფრონტზე და უზარმაზარი საბრძოლო გამოცდილება ჰქონდა დაგროვილი. 1943 წლის მაისისათვის 653-ე ბატალიონი მთლიანად იქნა დაკომპლექტებული შტატის მიხედვით, თუმცა სწორედ მაისის დასაწყისში ამ ბატალიონის მთელი მატერიალური ნაწილი ფრანგულ რუანში ფორმირებულ 654-ე ბატალიონს გადაეცა, ამავე თვის შუახანებში კი 653-ე ბატალიონი შტატის მიხედვით კვლავ თითქმის მთლიანად შეავსეს მატერიალური ნაწილით (42 ”ფერდინანდი”). ყოველივე ამის შემდეგ დაიწყო სწავლების კურსი ნოიზაიდელის პოლიგონზე და, მისი დასრულების შემეგ, 9-12 ივნისის განმავლობაში, 653-ე ბატალიონი 11 ეშელონით გაემგზავრა აღმოსავლეთის ფრონტზე.
654-ე ბატალიონი 1943 წლის აპრილის ბოლოს იქნა ფორმირებული 654-ე ტანკსაწინააღმდეგო ბატალიონის ბაზაზე, რომელიც მანამდე ჯერ 37 მმ-იანი ბუქსირებადი ტანკსაწინააღმდეგო PaK-35/36 ქვემეხებით იყო შეიარაღებული, მოგვიანებით კი - თვითმავალი Marder-II-ებით: ამ ქვეგანაყოფს საბრძოლო გამოცდილება გაცილებით ნაკლები ჰქონდა, ვიდრე - მათ კოლეგებს 653-ედან. 28 აპრილამდე ბატალიონი ავსტრიაში იმყოფებოდა, 30 აპრილიდან კი - რუანში. 653-ე ბატალიონიდან ახალი ”ფერდინანდების” მიღების, მომზადებისა და ჩასათვლელი სწავლებების შემდეგ, 13-15 ივლისის განმავლობაში, 654-ე ბატალიონიც აღმოსავლეთის ფრონტზე გაემგზავრა 14 ეშელონით.
653-ე და 654-ე ბატალიონების საშტატო სტრუქტურა ერთმანეთისაგან ოდნავ განსხვავდებოდა. დავიწყოთ იქიდან, რომ 653-ე ბატალიონში 1-ლი, 2-ე და 3-ე ასეულები შედიოდნენ, ხოლო 654-ეში - 5-ე, 6-ე და 7-ე ასეულები: 4-ე ასეული სადღაც ”ამოვარდა”. ბატალიონებში მაქანების ნუმერაცია გერმანულ სტანდარტებს შეესაბამებოდა: მაგალითად, 5-ე ასეულის საშტაბო მანქანებს შესაბამისად 501 და 502 ნომრები ჰქონდა აღნიშვნად, ამავე ასეულის 1-ლი ოცეულის მანქანებს - 511-დან 514-ის ჩათვლით, 2-ე ოცეულისას - 521-დან 524-ის ჩათვლით, 3-ე ოცეულისას - 531-დან 534-ის ჩათვლით და ა.შ.. თუმცა, თუკი ყოველი ბატალიონის საბრძოლო შემადგენლობას ყურადღებით გადავხედავთ, ადვილად შევამჩნევთ, რომ ყოველი ქვეგანაყოფის საერთო ”საბრძოლო” რიცხოვნებაში 42 ”ფერდინანდი” ითვლება. შტატით კი 45 მანქანა უნდა იყოს... სად გაქრა კიდევ სამ-სამი თსდ ყოველი ბატალიონიდან? სწორედ აქ იჩენს თავს სხვაობა იმპროვიზირებული ტანკსაწინააღმდეგო-გამანადგურებელი ბატალიონების ორგანიზაციაში: თუკი 653-ე ბატალიონში 3 ”ფერდინანდი” სარეზერვო ჯგუფად იქნა გამოყოფილი, 654-ე ბატალიონში ”ზედმეტი” მანქანები საშტაბო ჯგუფად გამოყვეს, რომელთაც არასტანდარტული ტაქტიკური ნომრები ჰქონდათ: II-01, II-02 და II-03.
ორივე ბატალიონი 656-ე სატანკო (ტანკების გამანადგურებელთა) პოლკში იქნა შეყვანილი, რომლის შტაბიც ჯერ კიდევ 1943 წლის 8 ივნისს იქნა ფორმირებული. შენაერთი მეტად მძლავრი გამოვიდა: გარდა 90 ”ფერდინანდისა”, მასში შევიდა საიერიშო ტანკების/ქვემეხების (Sturmpanzer IV ”Brummbär”) 216-ე ბატალიონი და რადიომართული ტანკეტების (ВIV Borgward/schwerer Ladungstrager Sd.Kfz. 301) ორი (313-ე და 314-ე) ასეულიც.


Sturmpanzer IV ”Brummbär”.



ВIV Borgward/schwerer Ladungstrager Sd.Kfz. 301.


როგორც ცნობილია, ”ფერდინანდების” პირველი და მასიური გამოყენება 1943 წლის 5 ივლისს დაწყებული ოპერაცია ”ციტადელის” მსვლელობაში მოხდა, რომელიც საბჭოთა ისტორიოგრაფიაში კურსკის ბრძოლის სახელითაა ცნობილი: 656-ე პოლკი ჩრდილოეთის ფრთაზე, 41-ე სატანკო კორპუსის შემადგენლობაში მოქმედებდა პონირი-მალოარხანგელსკის მიმართულებაზე და მას, პრაქტიკულად, გერმანული ძლევამოსილი შეტევის მოწინავე ტარანის როლი დაეკისრა.
25 ივნისს ”ფერდინანდებმა” ფრონტის ხაზზე საწყისი პოზიციების დაკავება დაიწყეს. 5 ივლისისათვის 656-ე პოლკი შემდეგნაირად იყო გაშლილი: ორიოლ-კურსკის რკინიგზის ხაზის დასავლეთით - 654-ე ბატალიონი (არხანგელსკოეს რაიონი), აღმოსავლეთით - 653-ე ბატალიონი (გლაზუნოვის რაიონი), მათ უკან - 216-ე ბატალიონის 3 ასეული (45 ”ბრუმბარი”). ”ფერდინანდების” ყოველ ბატალიონს რადიომართული ”ბორგვარდების” ერთი ასეული ჰყავდა დაქვემდებარებაში.
5 ივლისს 656-ე პოლკმა და 86-ე და 292-ე ქვეითი დივიზიების მხარდამჭერი შეტევა დაიწყო, თუმცა ტარანული დარტყმა არ გამოვიდა: 653-ე ბატალიონი პირველივე დღეს იქნა ჩათრეული მძიმე ბრძოლებში 257,7 სიმაღლესთან, რომელსაც გერმანელებმა ”სატანკო სიმაღლე” უწოდეს. გარდა იმისა, რომ ამ სიმაღლეზე საბჭოთა მხარეს მიწაში კოშკებამდე ჩაფლული ტანკები ჰყავდა, მთელი პერიმეტრი უმჭიდროესი დანაღმული მინდვრებით იყო დაფარული: შეტევის პირველივე დღეს ნაღმებზე 10 ”ფერდინანდი” აფეთქდა. მძიმე დანაკარგები იყო პირად შემადგენლობაშიც: მისი თსდ-ს ნაღმზე აფეთქებისას მძიმე ჭრილობები მიიღო 1-ლი ასეულის მეთაურმა ჰაუპტმანმა შპილმანმა.
როგორც კი გერმანელთა დარტყმის მთავარი მიმართულება გაირკვა, გრიგალისებური ცეცხლი გახსნა საბჭოთა არტილერიამაც და 17:00 საათისათვის 653-ე ბატალიონის რიგებში ბრძოლისუნარიანი მხოლოდ 14 ”ფერდინანდი” დარჩა, დანარჩენებმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს. მომდევნო 2 დღის განმავლობაში ბატალიონის ნარჩენები სადგურ პონირის დასაკავებლად აწარმოებდნენ მძიმე შეტევით ბრძოლებს.
654-ე ბატალიონის შეტევა კიდევ უფრო კატასტროფული აღმოჩნდა: მისი 6-ე ასეული შეცდომით შევიდა საკუთარ დანაღმულ ველზე და რამდენიმე წუთის განმავლობაში 6 ”ფერდინანდი” საკუთარ ნაღმებზე აფეთქდა. უცნობი გერმანული თვითმავალი ქვემეხების დანახვისთანავე მათი მისამართით გრიგალისებური ცეცხლი გახსნა საბჭოთა არტილერიამაც, რის გამოც 6-ე ასეულის თანმხლები ქვეითები მიწაზე გაწვნენ, ”ფერდინანდებს” ჩამორჩნენ და ისინი ქვეითთა მხარდაჭერის გარეშე დატოვეს. 6-ე ასეულის 4-მა ”ფერდინანმა” საბჭოთა პოზიციებამდე მაინც მიაღწია, სადაც მათ ცეცხლმტყორცნებით შეუტიეს საბჭოთა ქვეითებმა, რკინიგზის ხაზის მხრიდან კი ფლანგური ცეცხლი გახსნეს საბჭოთა ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხებმა, რომელთა ჭურვების არაეფექტურობაში დარწმუნებისთანავე საბჭოთა ქვეითებმა ”ორგანიზებულად დაიხიეს უკან” (ფრაზა ”ფერდინანდების” გერმანული ეკიპაჟების მოხსენებიდან). 5-ე და 7-ე ასეულების მანქანებმა ასევე მიაღწიეს საბჭოთა სანგრების პირველ რიგს, თუმცა დანაღმულ ველებზე და საბჭოთა არტილერიის ცეცხლის შედეგად მატერიალური ნაწილის დაახლოებით 30% დაკარგეს. ამ დროს ჭურვის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა 654-ე ბატალიონის მეთაური მაიორი ნოაკი.
ტრანშეების პირველი რიგის დაკავებისთანავე 654-ე ბატალიონის ნარჩენები სადგურ პონირისაკენ დაიძრნენ, თუმცა მანქანების ნაწილი კვლავ ნაღმებზე აფეთქდა, 531-ე ”ფერდინანდს” კი, რომელსაც მანამდე საბჭოთა არტილერიამ საკუთარი ცეცხლით სვლის უნარი დააკარგვინა, საბჭოთა ქვემეხების უწყვეტი დაშენის ქვეშ ცეცხლი მოედო და დაიწვა. ბინდბუნდში 654-ე ბატალიონმა პონირის ჩრდილოეთით არსებულ გორაკებს მიაღწია და აქ შეჩერდა გადასაჯგუფებლად და ღამის გასათევად. დათვალეს დანაკარგებიც - ბატალიონში ბრძოლისუნარიანი მხოლოდ 20 ”ფერდინანდი” დარჩა.
საწვავთან დაკავშირებული პრობლემებიდან გამომდინარე, 6 ივლისს 654-ე ბატალიონმა მხოლოდ დღის 14:00 საათზე დაიწყო შეტევა, თუმცა, საბჭოთა არტილერიის ძლიერი ცეცხლის გამო, ”ფერდინანდების” თანმხლებმა ქვეითებმა დიდი დანაკარგები განიცადეს, თვითმავალ ქვემეხებს ჩამორჩნენ და შეტევა ჩაიშალა. ამ დღეს ბატალიონმა ზემდგომ შტაბს საბჭოთა თავდაცვის გასაძლიერებლად მოსული დიდი რაოდენობით ტანკების შესახებ შეატყობინა. საღამოს მოხსენების თანახმად ”ფერდინანდების” ეკიპაჟებმა 15 საბჭოთა Т-34 გაანადგურეს, რომელთაგან 8 ჰაუპტმან ლუდერსის თსდ-ს ანგარიშზე იყო, 5 კი - ლეიტენანტ პეტერსის ანგარიშზე. დღის ბოლოს ბატალიონში 17 ბრძოლისუნარიანი ”ფერდინანდი” დარჩა.
7 ივლისს 653-ე და 654-ე ბატალიონების ნარჩენები ზურგში გადაიყვანეს, სადაც მათ 41-ე კორპუსის რეზერვი შეადგინეს. ორი დღის განმავლობაში განუწყვეტლივ მიმდინარეობდა დაზიანებული მანქანების რემონტი, 8 ივლისს კი რამდენიმე ”ფერდინანდი” და ”ბრუმბარი” კვლავ მონაწილეობდა პონირიზე უნაყოფო შეტევაში.
მთავარი მოვლენები 9-10 ივლისის განმავლობაში განვითარდა. სადგურ პონირიზე მრავალრიცხოვანი უნაყოფო შეტევების შემდეგ გერმანელებმა დარტყმის მიმართულება შეცვალეს - ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, საბჭოთა მეურნეობა”1 მაია”-ს მხრიდან, მაიორ კალის მეთაურობით იმპროვიზირებულმა საბრძოლო ჯგუფმა განახორციელა დარტყმა, რომლის შემადგენლობაც შემდეგნაირი იყო: 505-ე მძიმე სატანკო ბატალიონი (40 ”ტიგრი”), 654-ე ბატალიონი და 653-ე ბატალიონის ნაწილი (ერთად - 44 ”ფერდინანდი”), საიერიშო ტანკების/ქვემეხების 216-ე ბატალიონი (38 ”ბრუმბარი”), საიერიშო ქვემეხების დივიზიონი (20 StuG.40 და StuH.42), 17 Pz.Kpfw.III და Pz.Kpfw.IV. უშუალოდ ამ შეჯავშნული ფარის უკან 2-ე სატანკო დივიზიის ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორებზე ამხედრებული ქვეითები მოძრაობდნენ: 3 კმ სიგანის ფრონტზე გერმანელებმა 150 ტანკსა და თსდ-ს მოუყარეს თავი, თუ არ ჩავთვლით მეორე ეშელონს, თანაც პირველი ეშელონის ხსენებული 150 ტანკიდან ნახევარზე მეტი (84 ”ტიგრი” და ”ფერდინანდი”) მძიმე იყო. საბჭოთა არტილერისტების მოხსენების თანახმად ამ შეტევისას გერმანელებმა პირველად გამოიყენეს ახალი საბრძოლო წყობა ”ერთ ხაზად” – ”ფერდინანდებით” წინ.
653-ე და 654-ე ბატალიონების მანქანები ორ ეშელონად მოწყობილნი მოქმედებდნენ: პირველი ეშელონის ხაზში 30 ”ფერდინანდი” მოძრაობდა, მათგან 120-150 მეტრით უკან - კიდევ ერთი ასეული (14 თსდ): ასმეთაურები საშტაბო მანქანებით იმყოფებოდნენ საერთო ხაზში, რომელთა ანტენებზეც ალმები იყო დამაგრებული.
შეტევის პირველსავე დღეს - 9 ივლისს - მაიორ კალის ჯგუფი იოლად გაიჭრა საბჭოთა მეურნეობის რაიონიდან სოფელ გორელოესთან. აქ საბჭოთა სარდლობა გასაოცარი საზრიანობით მოიქცა, როდესაც მძიმედ შეჯავშნული გერმანული ფარის წინააღმდეგ საკუთარი ქვემეხების ცეცხლის არაეფექტურობა დაინახა და შემტევი კოლონა დანაღმულ ველზე შეუშვა, რის შემდეგაც გრიგალისებური ცეცხლი გაუხსნა მძიმე მანქანების უკან მომავალ, საშუალო ტანკებისა და ჯავშანტრანსპორტიორებისაგან შემდგარ ”ამალას”. ამის შედეგად კალის მთელმა ჯგუფმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა და იძულებული გახდა, უკან დაეხია.
10 ივლისს კალის ჯგუფმა საბჭოთა თავდაცვას ახალი მძლავრი დარტყმა მიაყენა და მისი ცალკეული მანქანები სადგურ პონირის განაპირებთან გაიჭრნენ - ეს ”ცალკეული მანქანები” სწორედ ”ფერდინანდები” იყვნენ. საბჭოთა მხარის მოხსენებით ”ფერდინანდების” ეკიპაჟები მეტად გონივრულად და საზრიანად მოქმედებდნენ: უტევდნენ მოკლე-მოკლე გაჩერებებით, რომლის დროსაც ქვემეხებიდან 1-2 გასროლას ახდენდნენ 1 500-2 000 მეტრის მანძილიდან - კოლოსალური სიშორეა იმდროინდელი ჯავშანტექნიკის შესაძლებლობის პირობებში. როგორც კი მათზე ცეცხლის კონცენტრაციის პირველ ნიშნებს შეამჩნევდნენ, უკან იხევდნენ და რაიმე მოსაფარებელს ეძებდნენ, თანაც ყოველთვის ცდილობდნენ, საბჭოთა ცეცხლის მხარეს შუბლით მდგარიყვნენ, რადგან კარგად იცოდნენ, რომ მათი შუბლის 200 მმ-იანი ჯავშნის გახვრეტა საბჭოტა არტილერიას პრაქტიკულად არ შეეძლო.
11 ივლისს მაირო კალის ჯგუფი დაშალეს: 505-ე მძიმე სატანკო ბატალიონი 2-ე სატანკო დივიზიას დაუქვემდებარეს და საბჭოტა 70-ე არმიის თავდაცვის გასარღვევად დაძრეს კუტირკი-ტიოპლოეს რაიონში, ხოლო პონირისთან მხოლოდ 654-ე ბატალიონი და 216-ე ბატალიონი დარჩა, რომლებიც თავგამოდებით ცდილობდნენ თავიანთი დაზიანებული ტექნიკის ზურგში ევაკუაციას. მათდა სამწუხაროდ, 12-13 ივლისის განმავლობაში 65-ტონიანი დაზიანებული ”ფერდინანდების” ევაკუაცია ვერ მოხერხდა, 14 ივლისს კი საბჭოთა ჯარებმა პონირიდან საბჭოთა მეურნეობის მიმართულებით მასირებული კონტრშეტევა დაიწყეს - შუადღისათვის გერმანელები იძულებულნი გახდნენ, უკან დაეხიათ. ქვეითთა მხარდამჭერმა საბჭოთა ტანკებმა მძიმე დანაკარგები განიცადეს სწორედ იმ დანაღმულ ველზე, რომელზეც 3 დღით ადრე 654-ე ბატალიონის ”ფერდინანდები” აფეთქდნენ.
უკვე 15 ივლისს სადგურ პონირისთან დაზიანებული და განადგურებული გერმანული ჯავშანტექნიკა მოსკოვიდან ჩამოსულმა საბჭოთა სატანკო სპეციალისტებმა დაათვალიერეს. სადგურ პონირის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე მინდორზე (18 კვ.კმ.) 21 ”ფერდინანდი”, 3 ”ბრუმბარი”, 8 Pz.Kpfw.III და Pz.Kpfw.IV, ორი სამეთაურო ტანკი და რამდენიმე რადიომართული ”ბორგვარდი” იდგა.



საბჭოთა მოპიკირე ბომბდამშენ Пе-2-დან ჩამოგდებული ბომბის პირდაპირი მოხვედრით განადგურებული ”ფერდინანდი”. ტაქტიკური ნომერი უცნობია.



”ფერდინანდი” № 111: ხანძარი აღმართზე ასვლისას ძრავის გადახურებისაგან.



№ II-03 და № 732 ”ფერდინანდები”: დაზიანებულები ნაღმებზე აფეთქებისაგან. № 732 მანქანა (მოხსნილი კიჩოს ლუკით) 634-ე ბატალიონის 7-ე ასეულის 3-ე ოცეულის მეთაურის ”ფერდინანდია”.



ნაღმზე აფეთქებული  № 501 ”ფერდინანდი”: სწორედ ეს მანქანა გაიგზავნა რემონტის შემდეგ კუბინკაში.



1943 წ.: № 501 ”ფერდინანდი” კუბინკაში.



დღევანდელი დღე: № 501 ”ფერდინანდი” კუბინკაში.



№ 323 ”ფერდინანდი”: სავალი ნაწილი დაუზიანდა ნაღმზე აფეთქების შედეგად, აფეთქებულია ეკიპაჟის მიერ.



საბჭოთა ცენტრალური ფრონტის სარდალი არმიის გენერალი კ. როკოსოვსკი ათვალიერებს № II-03  ”ფერდინანდს”.


”ფერდნანდების” უმრავლესობა სოფელ გორელოესთან არსებულ დანაღმულ ველზე იმყოფებოდა: მათი რაოდენობიდან ნახევარზე მეტს სავალი ნაწილი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებისა და ფუგასებისაგან ჰქონდა დაზიანებული. 5 მანქანას სავალი ნაწილი 76 მმ და მეტი კალიბრის ჭურვების მოხვედრისგან ჰქონდა დაზიანებული, 2 მანქანას ქვემეხის ლულები ჰქონდა გახვრეტილი ტანკსაწინააღმდეგო თოფებისა და 76 მმ-მდე კალიბრის ჭურვებისაგან, თანაც ერთ მათგანს ქვემეხის ლულა 8 ადგილას ჰქონდა გახვრეტილი. ერთი ”ფერდინანდი” მთლიანად იქნა განადგურებული საბჭოთა მოპიკირე ბომბდამშენ Пе-2-დან ჩამოგდებული ბომბის პირდაპირი მოხვედრით, კიდევ ერთი კი - 203 მმ-იანი ჭურვის საბრძოლო განყოფილების სახურავში მოხვედრით. ჭურვმა ჯავშანი მხოლოდ ერთ ”ფერდინანდს” გაუხვრიტა - მისი ბორტი 76 მმ-იანი ჭურვის მოხვერდის შედეგად იყო გახვრეტილი: კონკრეტულად ამ მანქანას ყველა მხრიდან 200-400 მეტრის დისტანციიდან უშენდნენ ცეცხლს 76 მმ-იანი ЗИС-3 ქვემეხების ბატარეა და 7 Т-34. კიდევ ერთი ”ფერდინანდი” საბჭოთა ქვეითებმა ცეცხლგამჩენი ბოთლებით დაწვეს. რამდენიმე თსდ, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზით დაკარგეს მოძრაობის უნარი, საკუთარმა ეკიპაჟებმა გაანადგურეს.
653-ე ბატალიონის ძირითადი ნაწილი საბჭოთა 70-ე არმიის თავდაცვის ზოლში მოქმედებდა. 5-დან 15 ივლისის ჩათვლით ამ ბატალიონის უკანმოუბრუნებელმა დანაკარგებმა 8 ”ფერდინანდი” შეადგინა, რომელთაგან ერთი საბჭოთა ჯარებმა სრულიად გამართული იგდეს ხელთ მთელ ეკიპაჟთან ერთად. ეს ამგვარად მოხდა: სოფელ ტიოპლოეს რაიონში 11-12 ივლისს გამართული შეტევითი ბრძოლებისას 653-ე ბატალიონის ”ფერდინანდები” საბჭოთა კორპუსის არტილერიის, იმ მომენტისათვის უახლესი СУ-152-ების ერთი ბატარეისა და ორი ტანკსაწინააღმდეგო-გამანადგურებელი საარტილერიო პოლკის კონცენტრირებულ ცეცხლქვეშ მოხვდნენ, რის შედეგადაც ბრძოლის ველზე 4 ”ფერდინანდი” დარჩა. მიუხედავად ასეთი ცეცხლისა, არცერთი მათგანის ჯავშანი არ გახვრეტილა: ორ მანქანას საარტილერიო ცეცხლისაგან სავალი ნაწილი დაუზიანდა და მოძრაობის უნარი დაკარგა, ერთს სავარაუდოდ СУ-152-დან გასროლილი ჭურვით შუბლის ჯავშანფილა სამაგრებიდან მოძვრა და ადგილი იცვალა, მეოთხე (№ 333) კი, ცეცხლის ზონიდან გამოსვლის მცდელობისას უკუსვლით მოძრაობის დროს ქვიშიან ნიადაგზე მოხვდა და მუცელზე დაჯდა. ეკიპაჟი ნიჩბებით შეეცადა მის ამოთხრას, თუმცა ამ საქმიანობისას მათ კონტრშეტევაზე გადასული საბჭოთა 129-ე მსროლელი დივიზიის მებრძოლები წამოადგნენ თავს და გერმანელებმა დაღუპვას ტყვეობა არჩიეს.


№ 333  ”ფერდინანდი”, რომელიც 1943 წლის 11-12 ივლისს საბჭოთა 129-ე მსროლელი დივიზიის მებრძოლებმა სრულიად გამართული იგდეს ხელთ ეკიპაჟთან ერთად.


საბჭოთა მხარე № 333  ”ფერდინანდის” ევაკუაციისას სწორედ იმავე პრობლემას გადააწყდა, რაც ასე მძაფრად აწუხებდა 653-ე და 654-ე ბატალიონების მთელს ოფიცრობას - როგორ ამეოთრიათ სუსტ გრუნტში ჩაფლული ეს 65-ტონიანი გოლიათი და როგორ წაეთრიათ ის ბრძოლის ველიდან.
”ევაკუაცია” 2 აგვისტომდე გაიწელა, როდესაც საქმეში ერთბაშად ჩართეს 4 ტრაქტორი С-60 და С-65 და ასე ჭაპანწყვეტით დააყენეს ჩაფლული ”ფერდინანდი” მყარ გრუნტზე, თუმცა რკინიგზის სადგურისაკენ მისი შემდგომი ტრანსპორტირებისას გერმანული თსდ-ს ერთ-ერთი ბენზინის ძრავა მწყობრიდან გამოვიდა. ამ მანქანის შემდგომი ბედი უცნობია.
საბჭოთა კონტრშეტევის დაწყებასთან ერთად ”ფერდინანდები” საკუთარ სტიქიაში აღმოჩნდნენ. მაგალითად, 12-14 ივლისის განმავლობაში 653-ე ბატალიონის 24 ”ფერდინანდი” 53-ე ქვეით დივიზიას უჭერდა მხარს ბერეზოვეცის რაიონში. აქ, სოფელ კრასნაია ნივას რაიონში საბჭოთა ტანკების კონტრიერიშის მოგერიების შემდეგ, მხოლოდ ერთი ”ფერდინანდის” - ლეიტენანტ ტირეტის მანქანის ეკიპაჟმა 22 Т-34-ის განადგურების შესახებ განაცხადა.
15 ივლისს 654-ე ბატალიონმა მალოარხანგელსკ-ბუზულუკის მხრიდან წამოსული საბჭოთა სატანკო შეტევა მოიგერია და მხოლოდ 6-ე ასეულმა 13 საბჭოთა ტანკის განადგურების შესახებ განაცხადა. შემდგომში ორივე ბატალიონის ნარჩენები ორიოლისკენ დასწიეს, ხოლო 30 ივლისისათვის ყველა ”ფერდინანდი” გაიყვანეს ფრონტის ხაზიდან და 9-ე საველე არმიის შტაბის ბრძანებით კარაჩევში გაგზავნეს.
ოპერაცია ”ციტადელის” მთელი პერიოდის განმავლობაში 656-ე პოლკი რადიოთი ყოველდღიურად მოახსენებდა ზემდგომ ხელმძღვანელობას ნაწილის შემადგენლობაში არსებული ბრძოლისუნარიანი ”ფერდინანდების” რაოდენობის შესახებ. ამ მოხსენებების თანახმად, მაგალითად, 7 ივლისს მწყობრში იყო 37 ”ფერდინანდი”, 8 ივლისს - 26, 9 ივლისს - 13, 10 ივლისს - 24, 11 ივლისს - 12, 12 ივლისს - 24, 13 ივლისს - 24, 14 ივლისს - 13. ეს მონაცემები საგრძნობ წინააღმდეგობაში მოდის იმ საბრძოლო ჯგუფების შემადგენლობის შესახებ გერმანულსავე მონაცემებთან, რომელთა შემადგენლობაშიც 653-ე და 654-ე ბატალიონები შედიოდნენ. გერმანული მონაცემებით უკანმოუბრუნებელ დანაკარგებად ითვლება 19 ”ფერდინანდი”, რომელთა გარდა კიდევ 4 მანქანა დაიკარგა ”მოკლე ჩართვისა და შემდგომში ამის შედეგად გაჩენილი ცეცხლისაგან”: ამგვარად, 656-ე პოლკმა სულ 23 ”ფერდინანდი” დაკარგა. ამას გარდა შეუსაბამობაა საბჭოთა მონაცემებთან, რომელთა თანახმადაც არსებობს 21 უკანმოუბრუნებლად დაკარგული ”ფერდინანდის” ფოტოდოკუმენტურად დადასტურებული განადგურება.
შესაძლოა, გერმანელებმა რამდენიმე მანქანა უკანა რიცხვით ჩათვალეს დაკარგულად, რადგან, მათი მონაცემებით, საბჭოთა ჯარების კონტრშეტევაზე გადასვლის მომენტისათვის, უკანმოუბრუნებელი დანაკარგები 20 ”ფერდინანდს” შეადგენდა (ამ რაოდენობაში, როგორც ჩანს, იმ 4 მანქანიდანაც შედის რომელიმე/რამდენიმე, რომლებიც მოკლე ჩართვის შედეგად დაიწვა). ამგვარად, გერმანული მონაცემებით, 656-ე პოლკის საერთო უკანმოუბრუნებელმა დანაკარგებმა 5 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით 39 ”ფერდინანდი” შეადგინა: ეს ყოველივე დოკუმენტალურად დასტურდება და, საერთო ჯამში, თოთქმის მოდის შესაბამისობაში საბჭოთა მონაცემებთან.
თუკი ”ფერდინანდების” უკანმოუბრუნებელი დანაკარგები საბჭოთა და გერმანული მონაცემებით პრაქტიკულად ემთხვევა ერთმანეთს (განსხვავება მხოლოდ თარიღებშია), შემდეგ უკვე არასამეცნიერო ფანტასტიკასთან გვაქვს საქმე. 656-ე პოლკის სარდლობის განცხადებით 5-დან 15 ივლისის ჩათვლით პოლკმა სულ გაანადგურა და მწყობრიდან გამოიყვანა 502 საბჭოთა ტანკი და თსდ, 20 ტანკსაწინააღმდეგო და დაახლოებით 100 სხვა სახის ქვემეხი. განსაკუთრებით გამოუჩენია თავი 653-ე ბატალიონს, რომელმაც 320 საბჭოთა ტანკისა და დიდი რაოდენობით ქვემეხების და ავტომობილების განადგურების შესახებ განაცხადა.
შევეცადოთ, გავერკვეთ ამ ციფრებში. საბჭოთა მონაცემებით როკოსოვსკის ცენტრალურმა ფრონტმა 5-დან 15 ივლისის ჩათვლით საერთო ჯამში ყველა ტიპის 433 ქვემეხი დაკარგა. ეს ეხება მთელ ფრონტს, რომელსაც არაერთი ათეული და ასეული კილომეტრი ეკავა და ერთ პატარა, 4-8-კილომეტრიან უბანზე მოქმედ ”ფერდინანდებს” როგორ შეეძლოთ ერთბაშად 120 ქვემეხის განადგურება ხსენებულ პერიოდში ხსენებული რაოდენობიდან, დიდი კითხვის ნიშნის თემაა. ამას გარდა, საინტერესოა 656-ე პოლკის მიერ გაცხადებული განადგურებული საბჭოთა ჯავშანტექნიკის რაოდენობის შედარება საბჭოთა მხარის მოხსენებებში არსებულ ჯავშანტექნიკის რეალურ გასავალთან. მაგალითად, 5 ივლისისათვის საბჭოთა 13-ე არმიის სატანკო ნაწილები სულ 215 ტანკსა და 32 თსდ-ს ითვლიდნენ. კიდევ 827 ერთეული ჯავშანტექნიკა შედიოდა ფრონტის რეზერვში მყოფი 2-ე სატანკო არმიისა და 19-ე სატანკო კორპუსის შემადგენლობაში: ამ რაოდენობიდან უმეტესობა სწორედ 13-ე არმიის თავდაცვის ზოლში იქნა ბრძოლაში შეყვანილი, სადაც გერმანელები მთავარ დარტყმას ახორციელებდნენ. 2-ე სატანკო არმიის დანაკარგები 5-დან 15 ივლისის ჩათვლით 270 დამწვარ და დაზიანებულ Т-34-სა და Т-70-ს ითვლიდა, 19-ე სატანკო კორპუსის დანაკარგები - 115 მანქანას, 13-ე არმიის დანაკარგები (შევსების ჩათვლით) – 132 მანქანას. ამგვარად, 13-ე არმიის ზოლში ამოქმედებული საერთო რაოდენობის 1 129 ერთეული ტანკიდან და თსდ-დან მთლიანმა დანაკარგებმა 517 მანქანა შეადგინა (რომელთა უმრავლესობაც ბრძოლების მსვლელობისას აღადგინეს - უაკნმოუბრუნებელი დანაკარგები საბოლოოდ მხოლოდ 219 მანქანა გამოვიდა). ხოლო თუ გავითვალისწინებთ, რომ 13- ე არმიის თავდაცვის ზოლი 5-დან 15 ივლისის პერიოდის განმავლობაში 80-დან 160 კმ-მდე უბანს მოიცავდა და ”ფერდინანდები” მხოლოდ 4-8-კილომეტრიან უბანზე მოქმედებდნენ, უკვე გასაგები ხდება, რომ მათ მიერ ასეთი რაოდენობის საბჭოთა ჯავშანტექნიკის განადგურება საკმაოდ არარეალური გამოდის. იმის გათვალისწინებით კი, რომ საბჭოთა ცენტრალური ფრონტის წინააღმდეგ არა მხოლოდ 656-ე პოლკი, არამედ ვერმახტის რამდენიმე სატანკო დივიზია, 505-ე მძიმე სატანკო ბატალიონი და ”მარდერებისა” და ”ჰორნისების” საიერიშო ქვემეხების ცალკეული ბატალიონებიც მოქმედებდნენ, ”ფერდინანდების” შედეგიანობა უკვე უსინდისოდაა გაბუქებული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი შეუსაბამობა შეინიშნება ”ტიგრების” ბატალიონების და, ზოგადად, ყველა გერმანული სატანკო ნაწილის შედეგიანობის შეფასებაში, თუმცა ამ საკითხში საბჭოთა მხარის მეზღაპრეობაც არანაკლებაა ცნობილი.


653-ე და 654-ე ბატალიონების ორგანიზაციის სქემა ოპერაცია ”ციტადელის” მსვლელობისას 1943 წლის 5 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით. წითელი ფერით აღნიშნულია უკანმოუბრუნებელი დანაკარგები.


კურსკის ბრძოლების მსვლელობაში საბჭოთა მხარემ მეტად ოპერატიულად გამოუშვა სპეციალური ბროშურა, რომელიც ”ფერდინანდთან” ბრძოლის წესებსა და მეთოდებს განმარტავდა - ეს ბროშურა ივლისის ბოლოს-აგვისტოში უკვე ჯარებში იყო.








ოპერაცია ”ციტადელის” წარუმატებლად დასრულების შემდეგ 653-ე და 654-ე ბატალიონების გადარჩენილი ”ფერდინანდები”  ჟიტომირსა და დანეპროპეტროვსკში გადაისროლეს, სადაც მათი რემონტი და ქვემეხების გამოცვლა დაიწყო. აგვისტოს ბოლოს 654-ე ბატალიონმა თავისი მანქანები 653-ეს გადასცა და თავად ორლეანში გაემგზავრა ”პანტერებზე” გადასამზადებლად (საბოლოოდ 1944 წლის მარტში მან ”იაგდპანტერები” მიიღო), ხოლო 50 ”ფერდინანდით” შეიარაღებული 653-ე ბატალიონი დნეპროპეტროვსკში განაგრძობდა მატერიალური ნაწილის წესრიგში მოყვანას. 1943 წლის 19 სექტემბერს ბატალიონმა ბრძანება მიიღო, ყველა ბრძოლისუნარიანი ”ფერდნინანდი” (ერთი ასეული - 14 მანქანა) დნეპრის დასაცავად გადაეცა საფრონტო ნაწილებისათვის. ნიკოპოლ-კრივოი როგის რაიონში წარმოებული გააფთრებული თავდაცვითი ბრძოლების შემდეგ, სადაც ბატალიონმა 7 ”ფერდინანდი” დაკარგა, ოქტომბერ-ნოემბერში ზურგში გასვლისა და დასვენების ბრძანება მიიღო, თუმცა ნანატრ ავსტრიაში ჩასვლას 653-ე ბატალიონის მებრძოლები 1944 წლის 10 იანვრამდე ელოდნენ - სანამ ამინდმა და გზის საფარმა არ მისცა მათ ამის საშუალება.


654-ე ბატალიონის №632 ”ფერდინანდი” უკრაინის უგზოობაში: ტალახში ჩაფლული 65-ტონიანი თვითმავალი ქვემეხის საევაკუაციოდ ოთხი 18-ტონიანი გამწე Sd.Kfz.9 მიყოლებითაა ჩაბმული.



1943 წლის შემოდგომა, ნიკოპოლის რაიონი: ”ფერდინანდის” წონას ხის ხიდმა ვერ გაუძლო.


1944 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით ”ნიბელუნგენვერკეში” მიმდინარეობდა დარჩენილი 47 ”ფერდინანდის” მოდერნიზაცია - თვითმავალ ქვემეხებზე დანერგეს ის სიახლეები, რომელთა აუცილებლობაც საბრძოლო მოქმედებებმა და მიღებულმა საბრძოლო გამოცდილებამ აჩვენა: კორპუსის საშუბლე ჯავშანში საკურსო ტყვიამფრქვევის სფერული დანადგარი დაამონტაჟეს, საბრძოლო განყოფილების სახურავზე StuG.40-თან უნიფიცირებული სამეთაურო კოშკურა დადგეს, ქვემეხის ლულაზე ამრეკლავი ფარი ”უკუღმა” დააყენეს და ასეთივე ფარებით აღჭურვეს ის ”ფერდინანდებიც”, რომლებსაც ისინი არ ჰქონდათ. საბრძოლო კომპლექტის რაოდენობა 50-დან 55 ჭურვამდე გაიზარდა - 5 დამატებული ჭურვი საბრძოლო განყოფილების იატაკზე მოათავსეს. ამგვარად მოდერნიზირებულ თვითმავალ ქვემეხს ახალი სახელი - ”ელეფანტ”-ი (Eelephant-სპილო) უწოდეს, თუმცა ომის ბოლომდე ჩვეული სახელწოდებით - ”ფერდინანდითაც” მოიხსენიებდნენ.
1944 წლის იანვარში 653-ე ბატალიონის 1-ლი ასეული, 14 ”ფერდინანდ”/”ელეფანტის” შემადგენლობით, იტალიაში იქნა გადასროლილი. ასეულის შემადგენლობაში ასევე ჩართეს ერთი სარემონტო-საევაკუაციო მანქანა პორშეს ”ტიგრის” ბაზაზე (Bergepanzer Tiger(P)/Bergetiger(P)/Berge-Elephant) და საბრძოლო მასალების ორი ტრანსპორტიორი.


სარემონტო-საევაკუაციო მანქანა Bergepanzer Tiger(P)/Bergetiger(P)/Berge-Elephant.


იტალიაში, ანციოსთან ჩასვლისთანავე 1-ლი ასეული საიერიშო ქვემეხების 216-ე ბატალიონის შემადგენლობაში ჩართეს და 508-ე მძიმე სატანკო ბატალიონს დაუქვემდებარეს, რომელსაც საბრძოლო ამოცანად მოკავშირეთა ანციოს პლაცდარმის განადგურება და მტრის ჯარების ზღვაში გადაყრა ევალებოდა. აქ ”ელეფანტებმა” საკმაოდ გამოიჩინეს თავი თავდაცვით ბრძოლებში, თუმცა გერმანულმა ჯარებმა ანციოს პლაცდარმის ლიკვიდაცია ვერ შეძლეს. მაგალითად, გერმანული მონაცემებით, რომის მისადგომებთან ორმა ”ელეფანტმა” დაახლოებით 50 ამერიკული ტანკი, თსდ და ჯავშანტრანსპორტიორი გაანადგურა, რის შემდეგაც ეს თვითმავალი ქვემეხები ეკიპაჟებმა ააფეთქეს. აღსანიშნავია, რომ როგორც იტალიაში, ასევე მოგვიანებით ნორმანდიაშიც მთავარ საფრთხეს გერმანული ჯავშანტექნიკისთვის მოკავშირეთა ავიაცია წარმოადგენდა.


იტალია, №114 ”ელეფანტი”: 1944 წლის 1 მარტს რბილ გრუნტში ჩაეფლო. 508-ე ბატალიონის ”ტიგრის” დახმარებით მისი ამოთრევის მცდელობა, რომელიც განუწყვეტელი ცეცხლის ქვეშ მიმდინარეობდა, წარუმატებელი აღმოჩნდა. თვითმავალი ქვემეხი ეკიპაჟმა ააფეთქა.



იტალია, №123 ”ელეფანტი”: 1944 წლის 5 ივნისს დააზიანეს და გაანადგურეს მოკავშირეთა გამანადგურებელ-ბომბდამშენებმა.


1944 წლის 26 ივნისს 653-ე ბატალიონის 1-ლი ასეული, რომელშიც მხოლოდ 3 ბრძოლისუნარიანი ”ელეფანტი” დარჩა, ჯერ ავსტრიაში იქნა გადაყვანილი, 6 აგვისტოს კი - აღმოსავლეთ პოლონეთში, სადაც ის 653-ე ბატალიონს შეუერთდა: თავის მხრივ ეს ბატალიონი აქ აპრილიდან იმყოფებოდა (30 ”ელეფანტის” შემადგენლობით) და ის ლვოვის რაიონში, ტარნოპოლთან გარშემორტყმული გერმანული ნაწილების დასახმარებლად მოქმედებდა, თუმცა საგაზაფხულო უგზოობის პირობებში 65-ტონიანი გიგანტების მოქმედება მეტად შეზღუდული აღმოჩნდა და, 3 ”ელეფანტის” დაკარგვის შემდეგ, 653-ე ბატალიონი რეზერვში გაიყვანეს.


დასავლეთ უკრაინაში ბრძოლებისას 653-ე ბატალიონის 2-ე ასეულის ”ელეფანტმა” საბჭოთა თვითმავალი ქვემეხის 152 მმ-იანი ჭურვის მოხვედრა მიიღო საბრძოლო განყოფილების შუბლის ჯავშანფილაში, ქვემეხის მარჯვნივ (ფოტოზე მოხვედრის კვალი ჩანს). ჯავშანი არ გახვრეტილა, თუმცა შიდა დაზიანებები იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ”ელეფანტი” საქარხნო რემონტისათვის იგზავნება.


13 ივლისს სამხრეთ პოლონეთში დაიწყო საბჭოთა ჯარების ლვოვ-სანდომირის ოპერაცია. ამ დროისათვის გერმანულ არმიათა ჯგუფ ”ჩრდილოეთ უკრაინის” დიდი ნაწილი არმიათა ჯგუფ ”ცენტრის” დასახმარებლად იყო გადასროლილი და საბჭოთა შემტევმა დაჯგუფებებმა დიდი წვალების გარეშე გაარღვიეს გერმანული თავდაცვა. ამ მძიმე ბრძოლებში კიდევ ერთხელ გამოვლინდა ”ფერდნინანდ”/”ელეფანტის” უარყოფითი მხარეები: სვლის მცირე მარაგი, დიდი წონა და აქედან გამომდინარე, დაზიანებული მანქანების ევაკუაციის მეტისმეტი სირთულე. 18 ივლისს 653-ე ბატალიონი საფრთხეში ჩავარდნილი SS-ის დივიზია ”ჰოჰენშტაუფენის” დასახმარებლად დაზვერვისა და წინასწარი მომზადების გარეშე დაძრეს და ის საბჭოთა ჩასაფრებაში მოყვა - საბჭოთა ტანკებისა და ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხების ცეცხლით ერთბაშად 19 მანქანა დაკარგა.
653-ე ბატალიონის ნარჩენები 1944 წლის აგვისტოში კრაკოვში იქნა გაყვანილი, სადაც ყველა გადარჩენილი ”ელეფანტი” (14 მანქანა) ერთ - 2-ე ასეულში შეკრიბეს, 1-ლი და 3-ე ასეულები კი საფრანგეთში გაგზავნეს ახალ ”იაგდტიგრებზე” გადასამზადებლად. 2-ე ასეული 1944 წლის სექტემბერში დაბრუნდა აღმოსავლეთის ფრონტზე, პოლონეთში. 15 დეკემბერს ის ტანკების მძიმე გამანადგურებელთა 614-ე ცალკეულ ასეულად გადაკეთდა და 1945 წლის იანვარში საბჭოთა ჯარების ვისლა-ოდერის შეტევითი ოპერაციის მოგერიებაში იღებდა მონაწილეობას 4-ე სატანკო არმიის შემადგენლობაში. ამ ბრძოლების შედეგად იანვრის ბოლოსათვის ასეულში ბრძოლისუნარიანი მანქანების რაოდენობა 4 ერთეულამდე შემცირდა. 25 თებერვალს ისინი ვიუნსდორფის რაიონში გადაისროლეს ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვის გასაძლიერებლად და აპრილის ბოლოს ”ელეფანტები” ვიუნსდორფსა და ცოსენში იბრძოდნენ ე.წ. რიტერის ჯგუფში (ჰაუპტმანი რიტერი 614-ე ასეულის მეთაური იყო). ამ ბრძოლებში ყველა მათგანი დაზიანდა და ისინი ბერლინის რაიონში გაგზავნეს სარემონტოდ და წესრიგში მოსაყვანად, რაც ომის უკანასკნელი თვეების გაურკვევლობასა და ქაოსში მეტისმეტად გაიწელა.
ბერლინში ბრძოლების დასაწყისისათვის გერმანელებმა მხოლოდ ორი ”ელეფანტის” შეკეთება მოახერხეს, რომლებმაც ქალაქის დაცვის ბრძოლებში მიიღეს მონაწილეობა და ისინი 1945 წლის 1 მაისს იგდეს ხელთ საბჭოთა და პოლონელმა ჯარისკაცებმა კარლ-ავგუსტის მოედანზე და წმინდა სამების ეკლესიასთან.
გადავიდეთ ”ფერდინანდის” შეფასებაზე.
უდავოა, რომ ფერდინანდ პორშემ მეტად მოწინავე და ნოვატორული კონსტრუქცია შექმნა: მსოფლიო ტანკმშენებლობაში ასეთი კომპონირებისა და ტექნიკური გადაწყვეტილებების მატარებელი მანქანა ასე დეტალურად და სერიული (თუმცა კი - მეტად მცირე) წარმოების დონეზე მანამდე არავის დაუმუშავებია - უკეთეს შემთხვევაში საქმე ესკიზებითა და მოსაზრებებით იფარგლებოდა.
საკუთრივ ”ფერდინანდის” კონსტრუქციის შეფასებისას ვერ გავექცევით მისი უშუალო წინამორბედის - პორშეს ”ტიგრის” კონსტრუქციის შეფასებას, რადგან მემკვიდრეობითობა აქ შეუიარაღებელი თვალითაც კი კარგად ჩანს. პორშეს ”ტიგრზე” ადრე უკვე ვილაპარაკეთ და, გარკვეულწილად, განვიხილეთ მისი კონსტრუქციის ძლიერი და სუსტი მხარეები. ამიტომ ამჯერად მხოლოდ იმ მომენტებზეა შესაძლებელი საუბარი, რითაც ”ფერდინანდი” მისი წინამორბედისაგან განსხვავდებოდა: სავალი ნაწილის გადამუშავებული და გაცილებით უკეთ გააზრებულ-შესრულებული კონსტრუქცია, რომელიც მაღალი ეფექტურობით და რემონტისუნარიანობით გამოირჩეოდა, თუმცა მეტისმეტად რთული და ძვირადღირებული აღმოჩნდა წარმოებაში; აბსოლუტურად ნოვატორული ელექტროტრანსმისია, რომელიც ასევე მაღალ კომფორტსა და ეფექტურობას იძლეოდა, თუმცა მეტისმეტად დიდი წონით, სირთულით, დეფიციტური ნედლეულის სიჭარბითა და, აქედან გამომდინარე, ფასით გამოირჩეოდა. ყოველივე ზემოთჩამოთვლილის ახსნა ადვილად შეიძლება, თუკი ფერდინანდ პორშეს ომამდელ საქმიანობას გადავხედავთ: წლების მანძილზე ნიჭიერი კონსტრუქტორი სარბოლ და ექსპერიმენტულ ავტომობილებს ქმნიდა, სადაც ძირითადი მოთხოვნილება სწორედ კონსტრუქციის მოწინავეობა, საიმედოობა და მაღალი მაჩვენებლების მიღწევა იყო, ეს ყველაფერი კი კონსტრუქციისა და დამზადების ტექნოლოგიის სირთულით, ყოველ კონკრეტულ ეგზემპლართან მაღალკვალიფიციური მუშახელის ინდივიდუალური მუშაობით, ძვირადღირებული და მაღალი ხარისხის მასალებისა და ნედლეულის გამოყენებით და შექმნილი ტექნიკის მაღალკვალიფიციური პერსონალის მიერ ექსპლუატაციით მიიღწეოდა. ყოველივე ზემოთჩამოთვლილი აბსოლუტურად ამართლებდა ერთეული სარბოლი ან ექსპერიმენტული ავტომობილების პროტოტიპების შემთხვევაში, მაგრამ ტანკმშენებლობის დარგში, მით უმეტეს - ყველაზე მასშტაბური ომის პირობებში, სულ სხვა კრიტერიუმები და მიდგომები იყო აქტუალური და პორშეს მცდელობა, ტექნიკის კონსტრუირების, აგებისა და ექსპლუატაციის მისთვის ჩვეული მეთოდები ახალ საქმიანობაში გამოეყენებინა და დაენერგა, წინააღმდეგობისთვის იყო განწირული. ასეც ხდებოდა: ვერმახტის შეიარაღების სამმართველო დიდი ეჭვის თვალით უყურებდა გენიალური კონსტრუქტორის მოწინავე იდეებსა და მიგნებებს და მათ სერიული წარმოებისა და ფრონტის პირობებში ექსპლუატაციის პრიზმაში განიხილავდა, რის შედეგადაც პორშეს პრაქტიკულად ყველა წარდგენილი კონსტრუქცია სერიული წარმოებისა და არმიის ფართო აღჭურვისათვის დაწუნებული იქნა.
”ფერდინანდის” შემთხვევაში საქმე გვაქვს სერიული წარმოებისათვის დაწუნებული მძიმე ტანკის საწყისი კონსტრუქციის გადამუშავებასთან, საიდანაც ფაქტიურად მიღებული იქნა თვითმავალი ქვემეხი, რომელსაც მოწინავე კონსტრუქცია, მაღალი საბრძოლო მაჩვენებლები, მისაღები საექსპლუატაციო მახასიათებლები და საიმედოობა და მეტისმეტად მაღალი ღირებულება და საექსპლუატაციო მოთხოვნილებები ჰქონდა. ”ფერდინანდის” შექმნის მთავარი წინაპირობა ახლადშექმნილი გრძელლულიანი ტანკსაწინააღმდეგო 88 მმ-იანი PaK.43/L71 ქვემეხის კარგად დაცულ შასიზე დადგმის ჰიტლერისეული ხუშტური იყო, რომლის სწრაფად და უმტკივნეულოდ განხორციელების გზად ვერმახტის შეიარაღების სამმართველომ ”ნიბელუნგენვერკეში” უკვე დამზადებული პორშეს ”ტიგრის” 90 კორპუსის ჰიტლერის ნანატრ თვითმავალ ქვემეხად კონვერტირება კეთილგონივრულად ირჩია. მხოლოდ ეს იყო მიზეზი, რომ პრაქტიკულად ექსპერიმენტულმა და დიდი ომის პირობებს ძალიან ცუდად მორგებულმა ”ფერდინანდებმა” დღის სინათლე იხილეს და, საბოლოოდ, ”დენთიც იყნოსეს”. მეორე მხრივ, მათი გამოშვების საკითხი მხოლოდ იმ 90 კორპუსით ამოიწურა, რომელიც ჰიტლერის კიდევ ერთი წინდაუხედავი ხუშტურით ჯერ კიდევ პორშეს ”ტიგრისათვის” დაამზადეს 1941-1942 წლებში და, ჰენშელის ”ტიგრის” სერიულ წარმოებაში გაშვების შემდეგ, გამოყენება ვერ მოუნახეს - ”ფერდინანდების” შემდგომ, თუნდაც მცირესერიულ წარმოებაზე კრინტიც კი არავის დაუძრავს: ყველა ხვდებოდა, რა ხარჯებთან და დანაკარგებთან იქნებოდა დაკავშირებული ამ უდიდესი პოტენციალის მქონე, თუმცა აბსოლუტურად დაუმთავრებელი და ბოლომდე გაუაზრებელი კონსტრუქციის ნამდვილი სერიული წარმოებისათვის შესაბამის კონდიციამდე მიყვანა.
”ფერდინანდების” საბრძოლო გამოყენებამ ორგვარი შთაბეჭდილება დატოვა.
1. უძლიერესი და უზუსტესი 88 მმ-იანი ქვემეხი და ”ცაისის” შესანიშნავი ოპტიკა დიდებულად ერგებოდა მტრის ნებისმიერ ტანკთან ნებისმიერ დისტანციაზე მეტად ხელსაყრელ და ეფექტურ ბრძოლას და ეკიპაჟებიც შესაშური წარმატებით იყენებდნენ ამ უპირატესობას. ასევე უძლიერესი საშუბლე ჯავშნის მეოხებით ”ფერდინანდი” აბსოლუტურად შეუღწევადი იყო საბჭოთა არტილერიის თითქმის ნებისმიერი სახის საველე ქვემეხის ჭურვისათვის. ბორტისა და კიჩოს 85 მმ-იანი დაცვა ასევე აბსოლუტურად შეუღწევადი იყო საბჭოთა 45 მმ-იანი ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხების ჭურვებისათვის, ხოლო 76 მმ-იანი ქვემეხების მხოლოდ ცალკეული მოდიფიკაციის ჭურვებს შეეძლოთ მისი გახვრეტა უკიდურესად მცირე (150-200 მ და ნაკლები) დისტანციიდან და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მოხვედრა 90 გრადუსიანი კუთხით იყო. სწორედ ამიტომ საბჭოთა არტილერისტების ინსტრუქციაში ”ფერდინანდებთან” ბრძოლის ყველაზე ეფექტურ გზად ცეცხლის მისი სავალი ნაწილის, ქვემეხის ლულის, სამზერი მოწყობილობებისა და ჯავშანფილების შეპირაპირების ადგილებისკენ წარმოება იყო მითითებული.
შედარებით უკეთესად შეეძლო ”ფერდინანდის” ბორტის ჯავშნის გახვრეტა 57 მმ-იან ტანკსაწინააღმდეგო ЗИС-2-ს (მისი ჯავშანგამტანი ჭურვი ”ფერდინანდის” ბორტის 85 მმ-იან ფილას დაახლოებით 1 000 მეტრიდან ხვრეტდა მოხვედრის 90-გრადუსიანი კუთხის შემთხვევაში, ”შუბლზე” ლაპარაკი კი საერთოდ არ იყო), თუმცა კურსკის ბრძოლისას საბჭოთა ვორონეჟის ფრონტს (კურსკის რკალის სამხრეთი ფრთა) ასეთი ქვემეხები საერთოდ არ ჰყავდა, ცენტრალური ფრონტის შემადგენლობაში (კურსკის რკალის ჩრდილოეთი ფრთა) კი ЗИС-2-ებით შეიარაღებული მხოლოდ 4 ტანკსაწინააღმდეგო-საარტილერიო პოლკი ითვლებოდა (დაახლოებით 80 ქვემეხი). ზოგადად, ЗИС-2-ების როლი 1943 წლის განმავლობაში მეტად უმნიშვნელო იყო, რაზედაც მათ მიერ გახარჯული ჭურვების რაოდენობაც მეტყველებს: მთელი წლის განმავლობაში - მხოლოდ 76 ათასი ცალი მაშინ, როდესაც, მაგალითად, ყველა სახის (სატანკო და ტანკსაწინააღმდეგო) 45 მმ-იანი ქვემეხებისათვის ჭურვების ხარჯმა მხოლოდ 1943 წელს 12 მილიონს გადააჭარბა.
”ფერდინანდებთან” საკმაოდ ეფექტური ბრძოლა შეეძლო კორპუსისა და საარმიო დონის საბჭოთა არტილერიას - მოუქნელ, მძიმე, თითქმის არამობილურ, სროლის დაბალი ტემპის მქონე და ძვირადღირებულ 122 მმ-იან ქვემეხებსა (А-19) და 152 მმ-იან (МЛ-20) ქვემეხ-ჰაუბიცებს, აგრეთვე - ასევე ძვირადღირებულ და ნაკლებმობილურ და, დაზგისა და გამოყენების თავისებურებების გამო, მაღალ 85 მმ-იან საზენიტო 52-К-ს (თუმცა ამ უკანასკნელის ჯავშანგამტანობა ”ფერდინანდის” მხოლოდ ბორტისა და კიჩოს ჯავშნის გახვრეტას ”ყოფნიდა”). 1943 წელს წითელი არმიის ჯავშანსატანკო ნაწილების შემადგენლობაში არსებობდა მხოლოდ ერთი ტიპის მანქანა, რომელსაც ”ფერდინანდებთან” ასე თუ ისე ეფექტური ბრძოლა შეეძლო: ეს იყო 152 მმ-იანი ქვემეხ-ჰაუბიცით აღჭურვილი მძიმე თვითმავალი საარტილერიო დანადგარი СУ-152, რომელიც მკვეთრად ჩამორჩებოდა მოწინააღმდეგეს როგორც დაცვის დონით, ასევე - ჯავშანგამტანი ჭურვის გამიზნული სროლის ეფექტური სიშორითა და სიზუსტით (თუმცა, მოხვედრის შემთხვევაში, მშვენიერი შედეგი მიიღწეოდა მსხვრევად-ფუგასური ჭურვითაც: მართალია ”ფერდინანდის” ჯავშანი არ იხვრიტებოდა, მაგრამ 600 მ/წმ საწყისი სისწრაფით გასროლილი 43-კილოგრამიანი ”ჩემოდნის” მოხვედრისაგან გამოწვეული დიდი კინეტიკური ენერგიით მძიმედ ზიანდებოდა სავალი ნაწილი, ქვემეხი, შიდა კვანძები და აგრეგატები, ტრავმირდებოდა ეკიპაჟი) და სწრაფსროლით. ”ფერდინანდის” ბორტის ჯავშნის წინააღმდეგ ასევე სავსებით ეფექტური იყო საბჭოთა თვითმავალი ჰაუბიცის СУ-122-ის კუმულატიური ჭურვი БП-460А, თუმცა ისევ გამიზნული სროლის სიშორესა და სიზუსტეზე რა მოგახსენოთ...
”ფერდინანდებთან” ბრძოლა წითელი არმიისათვის ნაკლებად რთული გახდა 1944 წლიდან, როდესაც არტილერიის შეიარაღებაში 57 მმ-იანი ЗИС-2-ების რაოდენობამ იწყო ზრდა, ხოლო სატანკო და თვითმავალი არტილერიის ნაწილებში ახალი ნიმუშის ИС-2, Т-34-85, ИСУ-122 და СУ-85 მანქანები გამოჩნდა, რომელთა ცეცხლი საკმაოდ ეფექტური იყო ”ფერდინანდების” ბორტისა და კიჩოს წინააღმდეგ. რაც შეეხება ამ უკანასკნელის ”შუბლს”, მისი გახვრეტის ამოცანა საბჭოთა მხარემ ომის ბოლომდე ვერ გადაწყვიტა: მართალია არსებობს გარკვეული ცნობები, რომ ამას ახალი 100 მმ-იანი ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი  БС-3 და მის ბაზაზე შექმნილი თსდ СУ-100 ახერხებდნენ, მაგრამ ასევე არსებობს 1944-1945 წლების საბჭოთა ანგარიშები, რომლებიდანაც 122 მმ-იან А-19-სა და Д-25-სთან შედარებით ამ ქვემეხების ნაკლები ჯავშანგამტანობა იკვეთება: 122 მმ-იანებისთვის სროლის ცხრილებში მითითებულია 150 მმ-იანი ჯავშნის გახვრეტა 500 მ დისტანციიდან, თუმცა ჯავშანგამტანობის გრაფიკი მათ მიერ ”ფერდინანდის” შუბლის ჯავშნის გახვრეტას 450 მეტრიდან მიუთითებს. თუნდაც რომ დავუშვათ ჭეშმარიტებად ფანტასტიკის სფეროსთან მეტისმეტად ახლოს მდგომი ეს მონაცემები, პირისპირ შეჯახებისას ძალთა თანაფარდობა ხსენებულ საბჭოთა ნიმუშებსა და ”ფერდინანდს” შორის აშკარად გერმანული თვითმავალი ქვემეხის სასარგებლო გამოვა. ეს, რასაკვირველია, კარგად იცოდნენ საბჭოთა ჯავშანტექნიკის ეკიპაჟებმაც და ისინი მოწინააღმდეგის მძიმედ შეჯავშნულ სამიზნეებს ყოველთვის დიდი დისტანციიდან უშენდნენ ცეცხლს მსხვრევად-ფუგასური ჭურვებით: თუნდაც ჯავშანი არ გაეხვრიტათ, მოხვედრის შემთხვევაში 100- და 122 მმ-იანი ჭურვების კინეტიკური ენერგია სავსებით საკმარისი იყო ”ფერდინანდის” მწყობრიდან გამოსაყვანად.
ინგლის-ამერიკელთა ტანკსაწინააღმდეგო არტილერია ასევე აბსოლუტურად არაეფექტური იყო ”ელეფანტის” 200 მმ-იანი შუბლის ჯავშნის წინააღმდეგ. ამ ამოცანის გადაჭრა მხოლოდ 1944 წლის შუახანებიდან გამოჩენილ ბრიტანულ 17-ფუნტიან (76,2 მმ) ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხს შეეძლო (რომელიც ასევე იდგა ტანკზე Sherman Firefly და თსდ-ებზე Achilles და Archer) და ისიც - მხოლოდ მოცილებადი ფსკერის მქონე ქვეკალიბრის ჭურვით (საწყისი სისწრაფე - 1 204 მ/წმ) და უკიდურესად მცირე (150 მეტრი და ნაკლები) დისტანციებზე. ”ფერდინანდის” ბორტს დამაჯერებლად ხვრეტდნენ ბრიტანული 57 მმ-იანი და ამერიკული 75 მმ-იანი ქვემეხების ჯავშანგამტანი ჭურვები დაახლოებით 500 მეტრისა და ნაკლები დისტანციიდან, ხოლო 76- და 90 მმ-იანი ქვემეხების ჯავშანგამტანი ჭურვები - დაახლოებით 2 000 მეტრისა და ნაკლები დისტანციიდან.
2. ”ფერდინანდის” შესანიშნავმა დაცვამ მის საბრძოლო იღბალზე მეტად უარყოფითად იმოქმედა, განსაკუთრებით - საბრძოლო გამოყენების დასაწყისში. ნაცვლად იმისა, რომ ეს თვითმავალი ქვემეხი დანიშნულებისამებრ - როგორც ტანკების შორსმსროლელი გამანადგურებელი - გამოეყენებინა, საბჭოთა არტილერიის მასირებული და ზუსტი ცეცხლის გამო გერმანული სარდლობა იძულებული გახდა, ”ციტადელის” დაწყებისას ”ფერდინანდები” მოწინააღმდეგის ღრმად ეშელონირებული თავდაცვის გასარღვევ სატანკო იერიშებში მოწინავე შეჯავშნული ფარისა და ტარანის სახით გამოეყენებინა, რაც აშკარა შეცდომა იყო და აბსოლუტურად არ შეესაბამებოდა ამ თვითმავალი ქვემეხების დანიშნულებას: ”ფერდინანდს” არ ყოფნიდა სიმძლავრე, დიდი იყო გრუნტზე დაწოლა, ქვემეხის გარდა არ ჰქონდა სხვა შეიარაღება (თუ ეკიპაჟის პირად იარაღს არ ჩავთვლით). როგორც ზევით აღვნიშნეთ, კურსკის ბრძოლისას დაზიანებული ”ფერდინანდების” უდიდეს უმეტესობას ეს დაზიანებები სავალ ნაწილზე ჰქონდა და ისინი დანაღმულ ველებზე მოხვედრისას და საბჭოთა არტილერიის ცეცხლით მიიღეს. რაც შეეხება უკანმოუბრუნებელ დანაკარგებს, თითქმის ყველა მათგანი საკუთარმა ეკიპაჟებმა გაანადგურა, რადგან ცუდი გამავლობის გამო სუსტ გრუნტში ჩაფლული, ან დაზიანებული სავალნაწილიანი თვითმავალი ქვემეხის ევაკუაცია მეტისმეტად იყო გართულებული დიდი მასის გამო. საბჭოთა მხარემ სწრაფად ისწავლა ”ფერდინანდის” სისუსტეები და მათთან ბრძოლისას ცდილობდნენ, თვითმავალი ქვემეხები ახლოს მოეშვათ, თანხმლები ქვეითები ინტენსიური ცეცხლით მათგან მოეკვეთათ და ახლო ბრძოლაში დაეზიანებინათ ბორტში, ქვემეხის ლულაში, სავალ ნაწილში და სამზერ მოწყობილობებში ცეცხლით, ასვე - ხელყუმბარებითა და ცეცხლგამჩენი ბოთლებით, როგორც ამას ”ფერდინანდებთან” ბრძოლის ოპერატიულად მომზადებული და გავრცელებული ინსტრუქცია ამბობდა.
ახლო ბრძოლაში ”ფერდინანდების” სისუსტე იყო სწორედ მათი ”ელეფანტამდე” მოდერნიზაციის ძირითადი მიზეზი, როდესაც, მაგალითად, დამატებით გამოჩნდა საკურსო ტყვიამფრქვევი.
მიუხედავად იმისა, რომ ”ფერდინანდის” მასა არ იყო ისეთი კოლოსალური, როგორიც, მაგალითად, ”ტიგრ-2”-ის ან ”იაგდტიგრისა”, ის მაინც მეტად დიდი იყო, რაც საკმაოდ ართულებდა ამ თვითმავალი ქვემეხის როგორც გამავლობას, ასევე - ხიდების უმეტესობაზე მოძრაობას. ცუდი მანევრულობა ასევე უარყოფითად მოქმედებდა ”ფერდინანდების” სიცოცხლისუნარიანობაზე მოწინააღმდეგის ავიაციის ჰაერში ბატონობის პირობებში.
საერთო ჯამში საბრძოლო გამოყენების კუთხით ”ფერდინანდებმა” მეტად გამოიჩინეს თავი და სწორი გამოყენების შემთხვევაში ეს თვითმავალი ქვემეხი უკიდურესად საშიში მოწინააღმდეგე იყო ნებისმიერი იმდროინდელი ჯავშანობიექტისათვის. მისი მემკვიდრეები გახდნენ როგორც ასეთივე მძლავრი ქვემეხით შეიარაღებული, უფრო მსუბუქი და მანევრული და სერიულ წარმოებას გაცილებით უკეთ მორგებული, თუმცა კი ნაკლებად დაცული ”იაგდპანტერა”, ასევე - ნამდვილი მონსტრი ”იაგდტიგრი”, გაცილებით მძლავრი 128 მმ-იანი ქვემეხითა და 250 მმ-იანი საშუბლე ჯავშნით.

No comments:

Post a Comment