ვინც
კი მეორე მსოფლიო ომის თემით ოდნავ მაინც არის დაინტერესებული, აუცილებლად აქვს გაგონილი
ერვინ რომელის სახელი, რომელიც ვერმახტის და მთელი მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი საუკეთესო
მხედართმთავარი იყო, თუმცა ბევრმა არ იცის, როგორ მივიდა სახელოვანი ფელდმარშალი მეორე
მსოფლიო ომამდე და საიდან დაიწყო მისი სამხედრო გზა.
ერვინ
რომელი, ვერმახტის ბევრი სხვა მხედართმთავრისგან განსხვავებით, არ განეკუთვნებოდა პრუსიელ
არისტოკრატთა უძველეს გვარს, რომელთა წინაპრებიც საუკუნეების მანძილზე მისდევდნენ სამხედრო
საქმეს და ომი მათი საგვარეულო საქმიანობა იყო - ერვინ რომელის მამაც და პაპაც მათემატიკის
მასწავლებლები იყვნენ და ვიურტემბერგის პროვინციაში, სხვადასხვა სკოლებში ასწავლიდნენ.
აქვე, ქალაქ ულმის მახლობლად, ჰედენჰაიმში დაიბადა 1891 წლის 15 ნოემბერს თავად ერვინიც.
ერვინ რომელის მშობლები
მამისგან
განსხვავებით ერვინ რომელის დედა აზნაურული წარმოშობის იყო და, შესაძლოა, ამ ფაქტით
მაინც მოხერხებულიყო რომელის სამხედრო თავადაზნაურთა წრეში შესვლა, თუმცა ყმაწვილს
სამხედრო საქმისთვის ფიზიკური მონაცემებიც საკმაოდ შეუფერებელი ჰქონდა: ბავშვი საკუთარი
ასაკისათვის ტანით ძალიან პატარა და მეტისმეტად ფერმკრთალი იყო, გამოირჩეოდა ზედმეტი
სიწყნარით და ფლეგმატურობით. სწავლაშიც ვერ ბრწყინავდა, თუმცა განსაკუთრებულ უნარებს
იჩენდა მათემატიკისადმი, ჰუმანიტარული მეცნიერებები კი მის ყურადღებას არ იმსახურებდა.
ბავშვობაში ერვინ რომელი ავიაკონსტრუქტორობაზე ოცნებობდა და ცეპელინების ქარხანაში
მუშაობის დაწყებას იმედოვნებდა, თუმცა მამამისს ერვინისთვის სწორედ სამხედრო კარიერა
სურდა. მიუხედავად კარგი მათემატიკური მონაცემებისა, ფიზიკური კონდიციის გამო ერვინ
რომელს არც არტილერიაში და არც საინჟინრო ჯარებში არ ღებულობდნენ და მხოლოდ მესამე
ცდის შემდეგ მოხერხდა მისი ჩარიცხვა ქვეით ნაწილში - მეფე ვილჰელმ I-ის 124-ე ქვეით
პოლკში. ეს 1910 წლის ივლისში მოხდა, ოქტომბერში კი ერვინ რომელმა უკვე ეფრეიტორის
ჩინი მიიღო. იმავე წელს, დანციგის კადეტთა სკოლაში სწავლისას, ერვინ რომელმა თავისი
მომავალი მეუღლე - ადგილობრივი მათემატიკის მასწავლებლის ქალიშვილი ლუსი-მარია მოლინი
გაიცნო.
ერვინ
რომელი სამხედრო საქმემ ძალიან დააინტერესა. ის საკუთარ მოვალეობებს სერიოზულად ეკიდებოდა
და მეცადინეობებზე რეგულარულად წარმოაჩენდა ხოლმე თავს. იყო საკმაოდ სიტყვაძვირი, მაგრამ
კარგი მოსმენა შეეძლო და ადვილად ამყარებდა ურთიერთობებს ადამიანებთან. ამასთან ერთდ
იყო მშვიდი, გაწონასწორებული, საქმიანი და დისციპლინირებული. 1912 წელს ერვინ რომელი
უკვე ლეიტენანტად დააწინაურეს და საკუთარ პოლკში დააბრუნეს ახალწვეულებთან სამუშაოდ.
გარკვეული პერიოდის შემდეგ ის ულმში, 49-ე საველე საარტილერიო პოლკში მიავლინეს, მაგრამ
პირველი მსოფლიო ომის სულ დასაწყისში ისევ ქვეითებს დაუბრუნდა. როდესაც ომი დაიწყო, რომელმა, როგორც მოწოდებით ჯარისკაცმა, საერთო სიხარული გულწრფელად გაიზიარა. „როგორც
იქნა, დადგა დრო!“ - წერდა თავის საცოლეს და ეჭვიც არ ჰქონდა, რომ ეს „დრო“ მთელ 4
წელიწადს გასტანდა.
ბელგიასა
და საფრანგეთში პირველივე ბრძოლებისას რომელმა საუკეთესო თვისებები გამოავლინა. მაგალითად,
1914 წლის 22 აგვისტოს, პარიზზე გერმანელთა ელვისებური შეტევისას, რომელიც ისტორიაში
მდინარე მარნაზე ბრძოლის სახელწოდებით შევიდა, რომელი თავის ოცეულთა ერთად დაზვერვას
აწარმოებდა. ხშირი ნისლი იყო ჩამოწოლილი, როდესაც ის, თავის ორ ჯარისკაცთან ერთად,
იმ სოფელს მიუახლოვდა, რომელიც ფრანგებს ეკავათ. როგორც კი ფერმერის სახლს შემოუარა,
რომელი პირისპირ შეეჯახა მოწინააღმდეგის 20 ჯარისკაცს და, მიუხედავად იმისა, რომ ნისლის
გამო ფრნაგებმა ჩასაფრებაზე ეჭვი ვერ აიღეს, რომელმა დაუყოვნებლივ გახსნა ცეცხლი. სანამ
ურთიერთსროლა მიმდინარეობდა, რომელს თავისმა ოცეულმაც მოუსწრო და, სანამ გერმანელთა
ერთი ნაწილი სათივეებს და ბეღელებს ცეცხლს უკიდებდა, მეორე ნაწილმა ფრანგებს შეუტია
და სოფლიდან უკუაგდო: ბატალიონის მეთაურის ნებართვის გარეშე წამოწყებული ოპერაცია წარმატებით
დაგვირგვინდა და ამ ბრძოლაში პირველად გამოვლინდა რომელის მთავარი დამახასიათებელი
თვისებები - სიმამაცე, გაბედულება, ორიგინალური აზროვნება და დამოუკიდებლად მოქმედებებისადმი
სწრაფვა.
მეორე
შემთხვევა 24 სექტემბერს მოხდა, როდესაც რომელი მარტოდმარტო დაესხა თვს მტრის 3 ჯარისკაცს
და სამივე გააქცია. გვერდში დაჭრილი ლეიტენანტი ამ მამაცობისთვის მეორე ხარისხის რკინის
ჯვრით დააჯილდოვეს.
II ხარისხის რკინის ჯვრით დაჯილდოებული ერვინ რომელი სანგრებში.
1915
წლის იანვარში, ჰოსპიტლიდან გამოწერიდან სულ ხოტა ხანში, რომელმა თავისი ოცეულით გაბედული
და ელვისებური იერიში მიიტანა ფრანგულ პოზიციებზე: მან ოცეული მავთულხლართებში გაიყვანა
და 4 ბლოკჰაუზი იგდო ხელთ. ამ პროცესში ოცეულისაგან თორმეტიოდე კაცირა გადარჩა, თუმცა
ამ ხალხით რომელმა მოწინააღმდეგის რამდენიმე კონტრშეტევა მოიგერია და მხოლოდ შემდეგ
დაიხია უკან, რითაც, საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ მოწინააღმდეგის დიდი შეტევა ჩაშალა.
ასეთი გაბედული და საზრიანი მოქმედებისათვის ერვინ რომელმა პირველი ხარისხის რკინის
ჯვარი და ობერლეიტენანტის წოდება მიიღო.
ობერლეიტენანტი ერვინ რომელი I ხარისხის რკინის ჯვრით დაჯილდოებისას.
1915
წელს ანტანტის მხარეს, ცენტრალური ქვეყნების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში იტალია
ჩაერთო და გერმანიამ თავისი მოკავშირის - ავსტრია-უნგრეთის დასახმარებლად 7 დივიზია
გადაისროლა: ამ დივიზიებისა და კიდევ 8 ავსტრია-უნგრული დივიზიის შერწყმით შეიქმნა
14-ე არმია, რომელსაც გერმანელი გენერალი ოტო ფონ ბელოვი სარდლობდა. 14-ე არმიის შემადგენლობაში
შედიოდა შენაერთიც, რომელშიც ობერლეიტენანტი ერვინ რომელი მსახურობდა. გერმანული სამთო
ეგერთა ბატალიონი მატაიურის მთასთან (მონტე-მატაიური) ჩაება ბრძოლაში და მთის დაკავებას
შეეცადა. პირველი შეტევა, რომელიც გერმანელებმა დღისით წამოიწყეს, იტალიელებმა მოიგერიეს.
მაშინ ობერლეიტენანტმა რომელმა ეგერთა ორი ასეული უნებართვოდ წაიყვანა, ღამის საფარქვეშ
თითქმის შეუმჩნევლად შეაწია მოწინააღმდეგის განლაგებაში და საარტილერიო ბატარეა იგდო
ხელთ. ერთი ასეული მან ბატარეასთან დატოვა, მეორე ასეულთან ერთად კი წინსვლა განაგრძო.
როგორც კი იტალიელებმა საკუთარ ზურგში მოწინააღმდეგის ეგერთა მოძრაობის შესახებ შეიტყვეს,
მათმა ბატალიონმა დაკარგული ბატარეის დაბრუნება სცადა, თუმცა ბატარეისკენ დაძრულ იტალიურ
ბატალიონს ზურგიდან რომელის ხელმძღვანელობით დაარტყა წინწასულმა ეგერთა ასეულმა და
თითქმის მთელი ბატალიონი იგდო ხელთ - ღამისა და დილის დასაწყისის განმავლობში რომელის
ორმა ასეულმა იტალიელთა ათასზე მეტი ჯარისკაცი დაატყვევა. სამხედრო დიდებისათვის უკვე
ესეც კმაროდა, თუმცა რომელი ამით არ დაკმაყოფილებულა: ტყვეებთან ეგერთა ორიოდე ოცეული
დატოვა დაცვის სახით, თავად კი დანარჩენი დანაყოფებით მტრის ზურგში ნამდვილი რეიდი
მოაწყო - ხელთ იგდო საბრძოლო მასალებით დატვირთული მოწინააღმდეგის სატვირთო კოლონა,
სამხედრო ქალაქი და მონტე-მატაიურის რაიონში ადგილმდებარეობაზე გაბატონებული მთა მონტე-გრაპა.
საერთო ჯამში, 50-საათიანი უწყვეტი ბრძოლების შედეგად, ობერლეიტენანტმა რომელმა ორი
ასეულით და დასახმარებლად მოსული ძალებით (საერთო რაოდენობით - დაახლოებით 1 ბატალიონი)
ხელთ იგდო მოწინააღმდეგის 81 ქვემეხი, დაატყვევა 150 ოფიცერი და 9000-ზე მეტი ჯარისკაცი,
გაანადგურა იტალიელთა მთელი დივიზია, უზრუნველყო 14-ე არმიის წინსვლა და, საბოლოო ჯამში,
გერმანელთა და ავსტრია-უნგრელთა საბოლოო გამარჯვებაც, რომელიც ისტორიაში კაპორეტოს ბრძოლის
სახელითაა შესული.
Pour Le Merite
ამ
განსაკუთრებული საზრიანობის, გაბედულებისა და გმირობისათვის ობერლეიტენანტმა ერვინ
რომელმა გერმანიის ძალიან ბევრი გენერლისა და ფელდმარშლის სანატრელი და სასურველი უმაღლესი
საბრძოლო ჯილდო - იშვიათი და მეტად დაფასებული Pour Le Merite („დამსახურებისათვის“),
იგივე „ცისფერი მაქსი“ (Blauer Max) მიიღო. ასევე დააწინაურეს ჰაუპტმანის ჩინამდე.
ჰაუპტმანი ერვინ რომელი მკერდზე I ხარისხის რკინის ჯვრით და ყელზე Pour Le Merite-თი
პირველი
მსოფლიო ომის დასრულებისა და რაიხსვერის შექმნის შემდეგ უმაღლესი სამხედრო ჯილდოთი
დაჯილდოებული, ახლო და მანევრული ბრძოლის ექსპერტად და შესანიშნავ ტაქტიკოსად აღიარებული, გაბედული და საზრიანი ერვინ რომელი იმ ასი ათას სამხედროს შორის იყო, რომელიც გერმანიის
ახალი არმიის მთელ შემადგენლობას წარმოადგენდა. მშვიდობიანი დროის განმავლობაში რომელის
სამსახური მდორედ და ერთფეროვნად მიედინებოდა: 1921 წელს შტუტგარტში, 13-ე ქვეით პოლკში
ასეულის მეთაური გახდა, სადაც ადმინისტრაციული სამსახურის მრავალწლიანი გამოცდილება
მიიღო. კოლეგები გამუდმებით აღნიშნავდნენ მის განსაკუთრებულ გულმოდგინებას და შესაშურ უნარს,
ხელქვეითთა მხრიდან პატივისცემა დაემსახურებინა. რვა წლის განმავლობაში მეთაურობდა რომელი
ასეულს და მხოლოდ 1929 წელს მიიღო დანიშვნა დრეზდენის ქვეითთა სასწავლებელში ინსტრუქტორად.
ოთხწლიანი პედაგოგიური მუშაობის განმავლობაში მან თანამედროვე სამხედრო საქმის განვითარების
ტენდენციები და მიმართულებები გულდასმით შეისწავლა, გაატარა ეს ყველაფერი საკუთარი
საბრძოლო გამოცდილების პრიზმაში და დაწერა წიგნი „უტევენ ქვეითები“. ამ წიგნში რომელმა
საბრძოლო მოქმედებების მეთოდების საკუთარი წარმოდგენები ასახა. მიუხედავად იმისა, რომ
კაპიტანი ერვინ რომელი რაიხსვერის ერთ-ერთი საუკეთესო ოფიცერი იყო, მაინც ვერ მიიღო
დაშვება გერმანიის გენერალური შტაბის ოფიცერთა მოსამზადებელ კურსებზე სასწავლებლად,
რადგან, კაიზერის არმიის მსგავსად, ვაიმარის რესპუბლიკის არმიაშიც უპირველესი ყურადღება
ექცეოდა წელთა ნამსახურეობას, წარმოშობასა და ფორმალურ თუ არაფორმალურ კავშირებს.
ჰაუპტმანი ერვინ რომელი მეუღლესთან ერთად
მიუხედავად
ამისა, რომელის ყველა კოლეგა, ხელქვეითი თუ ხელმძღვანელი ერთხმად აღნიშნავდა მის კრისტალურად
სუფთა ხასიათს, თავდადებულობას, უბრალოებასა და მოკრძალებულობას, ხელქვეითთა მხრიდან
პატივისცემასა და ამხანაგ-მეგობართა სიყვარულს. დრეზდენის ქვეითთა სკოლის უფროსი, მოგვიანებით
კი - გენერალ-ფელდმარშალი ვილჰელმ ლისტი რომელს „დიდებულ ჯარისკაცად“ თვლიდა. ყოველივე
ამის მუხედავად, ოცწლიანი სამხედრო სამსახურის განმავლობაში (1910-1933) „დიდებულმა
ჯარისკაცმა“, „მანევრული ბრძოლის ექსპერტმა“ და „შესანიშნავმა ტაქტიკოსმა“ ერვინ რომელმა
მხოლოდ მაიორის წოდებას მიაღწია - მას თვალწინ ენგრეოდა ბრწყინვალე სამხედრო კარიერის ჯერ
კიდევ ახალგაზრდობაში დალაგებული გეგმები და ყველაფერი მართლაც ასე მოხდებოდა, რომ
არა მთავარი პიროვნება მის ცხოვრებაში - ადოლფ ჰიტლერი.
1934 წელი, გოსლარი: ჰიტლერისგან მარჯვნივ, განაპირას მყოფი ტანდაბალი ჩაფხუტიანი ოფიცერი მაიორი ერვინ რომელია.
1934
წლის სექტემბერში, მოსავლიანობის იმპერიული დღესასწაულის ჩატარების პროცესში ჰიტლერი
ქალაქ გოსლარს ეწვია, სადაც დისლოცირებული იყო 17-ე ქვეითი პოლკი, რომლის 3-ე ბატალიონსაც
მაიორი ერვინ რომელი მეთაურობდა. როგორც წესი, მგზავრობისას ჰიტლერს SS-ის პირადი დაცვა
ახლდა თან და საპატიო ყარაულსაც ამ დაცვის წევრებისგან აწყობდნენ, თუმცა გოსლარში რომელი
ამის წინააღმდეგ პროტესტით გამოვიდა: ის დაჟინებით მოითხოვდა, რომ საპატიო ყარაულის
ასეული მისი ბატალიონიდან შეერჩიათ, ხოლო თუკი მის ხალხს ფიურერის დაცვას არ ანდობდნენ,
პირობას იძლეოდა, რომ ყველა ჯარისკაცს სამსახურიდან დაითხოვდა. ჭირვეულმა მაიორმა თავისას
მიაღწია: როდესაც ჰიტლერი საპატიო ყარაულის წინ მიაბიჯებდა, ყარაულის SS-ის ფორმაში გამოწყობილი
ჯარისკაცები რომელის ბატალიონიდან იყვნენ, თავად ბატალიონის მეთაური კი ფიურერისგან
რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით მიაბიჯებდა.
1934 წელი, გოსლარი: ჰიტლერისგან მარცხნივ, განაპირას მყოფი ტანდაბალი ჩაფხუტიანი ოფიცერი მაიორი ერვინ რომელია.
ფიურერთან
ნაცნობობის შემდეგ რომელის კარიერამ სწრაფად იწყო წინსვლა, მიუხედავად იმისა, რომ რომელი
არც ნაციონალურ-სოციალისტური პარტიის წევრი არ გამხდარა და არც - რომელიმე პარტიული
სტრუქტურისა (მაგალითად - SS-ის).
გოსლარის მოვლენებიდან სულ რაღაც 1 წელიწადში, 1935 წლის სექტემბერში, ერვინ რომელს
მორიგი, ობერსტლეიტენანტის წოდება მიანიჭეს და ბერლინის მახლობლად, პოტსდამის ახლადგახსნილი
ქვეითთა სკოლის უფროსად დანიშნეს. 1937 წელს კი მისი წიგნი „ქვეითები უტევენ“ გამოვიდა,
რომელიც ჯერ კიდევ დრეზდენის სკოლაში წაკითხული ლექციების საფუძველზე იყო დაწერილი.
ეს წიგნი დაუყოვნებლივ გახდა ბესტსელერი და მილიონობით ეგზემპლარი გაიყიდა. მისი მკითხველი,
სხვა სახელგანთქმულ ადამიანებთან ერთად, ადოლფ ჰიტლერიც გახდა, რომლმაც განაცხადა:
„ამ წიგნმა ჩემი ცხოვრების უბედნიერესი დრო გამახსენა და მისი ბევრი მომენტი საომარი
წლების ჩემს ბევრ განცდას ეხმიანებოდა“.
პოტსდამის ქვეითთა სკოლის უფროსი, ობერსტლეიტენანტი ერვინ რომელი
1938
წლის აგვისტოში რომელმა ობერსტის წოდება მიიღო, ოქტომბერში კი ფიურერის თანმხლები ბატალიონის
მეთაურად დაინიშნა. ამ თანამდებობაზე რომელი იმ ენით აუწერელი აღტაცებისა და ზეიმის
მოწმე გახდა, რომელიც ფიურერს მოუწყვეს რაიხთან ახლადმიერთებული სუდეტის ოლქის მაცხოვრებლებმა,
როდესაც ჰიტლერი იქაურობას ესტუმრა - სუდეტის ოლქში ჰიტლერის ჩასვლა ნამდვილ ტრიუმფალურ
სვლას დაემსგავსა, რამაც წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა რომელზე და ისიც, მრავალი
მილიონი სხვა გერმანელის მსგავსად, ფიურერის ქარიზმისა და მომხიბლავობის ნებაყოფლობითი
ტყვე გახდა. მეუღლისადმი მიწერილ ყოველ ახალ წერილში რომელის ეს განწყობა სულ უფრო
მეტად იჩენს თავს.
ვენის ქვეითთა სასწავლებლის უფროსი, ობერსტი ერვინ რომელი
რომელის
ფიურერისადმი სიმპათია უპასუხოდ არ დარჩენილა - როდესაც 1938 წლის ნოემბერში ვენაში
ახლადგახსნილი ქვეითთა სასწავლებლის უფროსის შერჩევის საკითხი წამოიჭრა, ჰიტლერს მაშინვე
გაახსენდა წიგნის „ქვეითები უტევენ“ ავტორი: თავისი გრანდიოზული სამხედრო გეგმების
დასამუშავებლად და განსახრციელებლად ფიურერისთვის უმნიშვნელოვანესი იყო ახალი თაობის
სამხედროთა გონებაში აზრის გაბატონება, რომ ახალ ომში წარმატების მისაღწევად სწრაფი,
გაბედული, მანევრული და ნოვატორული იდეები იყო საჭირო. ობერსტი ერვინ რომელი საქმეს
ჩვეული საფუძვლიანობით, გულმოდგინებითა და გაქანებით შეუდგა, რადგან ევროპისა და მსოფლიოს
საუკეთესო სამხედრო სასწავლებლის ჩამოყალიბება ჰქონდა განზრახული, თუმცა ეს საქმიანობა
მალევე შეაწყვეტინა მას ისევ ფიურერმა: ჰიტლერს ახსოვდა სუდეტის ტრიუმფი და ერვინ რომელი
მის გვერდში და ახლა, ჩეხოსლოვაკიის სრული ანექსიის მომენტში, ასეთივე ტრიუმფი სურდა
პრაღაშიც; რომელს კი მისი დაცვის ორგანიზება ევალებოდა. სწორედ რომელის რჩევით არ დაელოდა
ჰიტლერი დიდ ესკორტს და დაუყოვნებლივ გაემართა სამთავრობო რეზიდენციისკენ პრაღის გრადში.
და თუკი გოსლარში ჰიტლერსა და რომელს შორის ჯერ კიდევ იყო რამდენიმემეტრიანი დისტანცია
და რამდენიმე ადამიანი მათ შორის, ახლა უკვე ყველამ დაინახა ობერსტი ერვინ რომელი უშუალოდ
ფიურერის გვერდით.
ჰიტლერი პრაღის გრადში. მისგან მარჯვნივ, ტანდაბალი ჩაფხუტიანი ოფიცერი ობერსტი ერვინ რომელია
ერვინ
რომელის კარიერის საბოლოო შემობრუნება პოლონეთზე თავდასხმისას მოხდა: ამ მომენტში ობერსტი
ფიურერის შტაბ-ბინის კომენდანტად დაინიშნა და მას გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა.
ახალი თანამდებობის მიღებისთანავე რომელი ჰიტლერის უშუალო გარემოცვაში აღმოჩნდა: ახლა
მას ნება ეძლეოდა, ოპერატიულ თათბირებსა და შეხვედრებს დასწრებოდა და, რაც ყველაზე
მთავარია და კარგად ასახავს რომელისადმი ჰიტლერის ნდობისა და მადლიერების გრძნობას,
ხანდახან სიტყვაც აეღო. პოლიტიკისადმი სრულიად გულგრილი გენერალ-მაიორი რომელი სულ
უფრო მეტად ექცეოდა ჰიტლერის გავლენის ქვეშ და უკვე გულწრფელად სჯეროდა, რომ რაც არ
უნდა გაეკეთებინა, ჰიტლერი ყოველთვის ცდილობდა გერმანიისათვის მაქსიმალური სარგებელი
მოეპოვებინა, რის გამოც ფიურერის უერთგულესი ჯარისკაცი გახდა.
სწორედ
იმის გამო, რომ ერვინ რომელი პირველ რიგში მებრძოლი ჯარისკაცი იყო, მეორე მსოფლიო ომის
დაწყების შემდეგ აღარ ისურვა პროტოკოლისა და საშტაბო სამუშაოების რუტინით ყოველდღიური
საქმიანობა და ფრონტზე გაგზავნა და სატანკო დივიზიის მეთაურობა ითხოვა. 1940 წლის თებერვალში
ის 7-ე სატანკო დივიზიის მეთაურად დანიშნეს
- ამ დივიზიის მოქმედება მხოლოდ საფრანგეთის კამპანიაშიც კი უკვე ცალკე საუბრის
თემაა.
1940 წელი: 7-ე სატანკო დივიზიის მეთაური გენერალ-მაიორი ერვინ რომელი პარიზში.
No comments:
Post a Comment