Sunday, December 27, 2015

ერვინ რომელი: ბრძოლის ველიდან ბრძოლის ველამდე.

ვინც კი მეორე მსოფლიო ომის თემით ოდნავ მაინც არის დაინტერესებული, აუცილებლად აქვს გაგონილი ერვინ რომელის სახელი, რომელიც ვერმახტის და მთელი მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი საუკეთესო მხედართმთავარი იყო, თუმცა ბევრმა არ იცის, როგორ მივიდა სახელოვანი ფელდმარშალი მეორე მსოფლიო ომამდე და საიდან დაიწყო მისი სამხედრო გზა.

ერვინ რომელი, ვერმახტის ბევრი სხვა მხედართმთავრისგან განსხვავებით, არ განეკუთვნებოდა პრუსიელ არისტოკრატთა უძველეს გვარს, რომელთა წინაპრებიც საუკუნეების მანძილზე მისდევდნენ სამხედრო საქმეს და ომი მათი საგვარეულო საქმიანობა იყო - ერვინ რომელის მამაც და პაპაც მათემატიკის მასწავლებლები იყვნენ და ვიურტემბერგის პროვინციაში, სხვადასხვა სკოლებში ასწავლიდნენ. აქვე, ქალაქ ულმის მახლობლად, ჰედენჰაიმში დაიბადა 1891 წლის 15 ნოემბერს თავად ერვინიც.
ერვინ რომელის მშობლები
მამისგან განსხვავებით ერვინ რომელის დედა აზნაურული წარმოშობის იყო და, შესაძლოა, ამ ფაქტით მაინც მოხერხებულიყო რომელის სამხედრო თავადაზნაურთა წრეში შესვლა, თუმცა ყმაწვილს სამხედრო საქმისთვის ფიზიკური მონაცემებიც საკმაოდ შეუფერებელი ჰქონდა: ბავშვი საკუთარი ასაკისათვის ტანით ძალიან პატარა და მეტისმეტად ფერმკრთალი იყო, გამოირჩეოდა ზედმეტი სიწყნარით და ფლეგმატურობით. სწავლაშიც ვერ ბრწყინავდა, თუმცა განსაკუთრებულ უნარებს იჩენდა მათემატიკისადმი, ჰუმანიტარული მეცნიერებები კი მის ყურადღებას არ იმსახურებდა. ბავშვობაში ერვინ რომელი ავიაკონსტრუქტორობაზე ოცნებობდა და ცეპელინების ქარხანაში მუშაობის დაწყებას იმედოვნებდა, თუმცა მამამისს ერვინისთვის სწორედ სამხედრო კარიერა სურდა. მიუხედავად კარგი მათემატიკური მონაცემებისა, ფიზიკური კონდიციის გამო ერვინ რომელს არც არტილერიაში და არც საინჟინრო ჯარებში არ ღებულობდნენ და მხოლოდ მესამე ცდის შემდეგ მოხერხდა მისი ჩარიცხვა ქვეით ნაწილში - მეფე ვილჰელმ I-ის 124-ე ქვეით პოლკში. ეს 1910 წლის ივლისში მოხდა, ოქტომბერში კი ერვინ რომელმა უკვე ეფრეიტორის ჩინი მიიღო. იმავე წელს, დანციგის კადეტთა სკოლაში სწავლისას, ერვინ რომელმა თავისი მომავალი მეუღლე - ადგილობრივი მათემატიკის მასწავლებლის ქალიშვილი ლუსი-მარია მოლინი გაიცნო.

ერვინ რომელი სამხედრო საქმემ ძალიან დააინტერესა. ის საკუთარ მოვალეობებს სერიოზულად ეკიდებოდა და მეცადინეობებზე რეგულარულად წარმოაჩენდა ხოლმე თავს. იყო საკმაოდ სიტყვაძვირი, მაგრამ კარგი მოსმენა შეეძლო და ადვილად ამყარებდა ურთიერთობებს ადამიანებთან. ამასთან ერთდ იყო მშვიდი, გაწონასწორებული, საქმიანი და დისციპლინირებული. 1912 წელს ერვინ რომელი უკვე ლეიტენანტად დააწინაურეს და საკუთარ პოლკში დააბრუნეს ახალწვეულებთან სამუშაოდ. გარკვეული პერიოდის შემდეგ ის ულმში, 49-ე საველე საარტილერიო პოლკში მიავლინეს, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის სულ დასაწყისში ისევ ქვეითებს დაუბრუნდა. როდესაც ომი დაიწყო, რომელმა, როგორც მოწოდებით ჯარისკაცმა, საერთო სიხარული გულწრფელად გაიზიარა. „როგორც იქნა, დადგა დრო!“ - წერდა თავის საცოლეს და ეჭვიც არ ჰქონდა, რომ ეს „დრო“ მთელ 4 წელიწადს გასტანდა.
ბელგიასა და საფრანგეთში პირველივე ბრძოლებისას რომელმა საუკეთესო თვისებები გამოავლინა. მაგალითად, 1914 წლის 22 აგვისტოს, პარიზზე გერმანელთა ელვისებური შეტევისას, რომელიც ისტორიაში მდინარე მარნაზე ბრძოლის სახელწოდებით შევიდა, რომელი თავის ოცეულთა ერთად დაზვერვას აწარმოებდა. ხშირი ნისლი იყო ჩამოწოლილი, როდესაც ის, თავის ორ ჯარისკაცთან ერთად, იმ სოფელს მიუახლოვდა, რომელიც ფრანგებს ეკავათ. როგორც კი ფერმერის სახლს შემოუარა, რომელი პირისპირ შეეჯახა მოწინააღმდეგის 20 ჯარისკაცს და, მიუხედავად იმისა, რომ ნისლის გამო ფრნაგებმა ჩასაფრებაზე ეჭვი ვერ აიღეს, რომელმა დაუყოვნებლივ გახსნა ცეცხლი. სანამ ურთიერთსროლა მიმდინარეობდა, რომელს თავისმა ოცეულმაც მოუსწრო და, სანამ გერმანელთა ერთი ნაწილი სათივეებს და ბეღელებს ცეცხლს უკიდებდა, მეორე ნაწილმა ფრანგებს შეუტია და სოფლიდან უკუაგდო: ბატალიონის მეთაურის ნებართვის გარეშე წამოწყებული ოპერაცია წარმატებით დაგვირგვინდა და ამ ბრძოლაში პირველად გამოვლინდა რომელის მთავარი დამახასიათებელი თვისებები - სიმამაცე, გაბედულება, ორიგინალური აზროვნება და დამოუკიდებლად მოქმედებებისადმი სწრაფვა.
მეორე შემთხვევა 24 სექტემბერს მოხდა, როდესაც რომელი მარტოდმარტო დაესხა თვს მტრის 3 ჯარისკაცს და სამივე გააქცია. გვერდში დაჭრილი ლეიტენანტი ამ მამაცობისთვის მეორე ხარისხის რკინის ჯვრით დააჯილდოვეს.
II ხარისხის რკინის ჯვრით დაჯილდოებული ერვინ რომელი სანგრებში.
1915 წლის იანვარში, ჰოსპიტლიდან გამოწერიდან სულ ხოტა ხანში, რომელმა თავისი ოცეულით გაბედული და ელვისებური იერიში მიიტანა ფრანგულ პოზიციებზე: მან ოცეული მავთულხლართებში გაიყვანა და 4 ბლოკჰაუზი იგდო ხელთ. ამ პროცესში ოცეულისაგან თორმეტიოდე კაცირა გადარჩა, თუმცა ამ ხალხით რომელმა მოწინააღმდეგის რამდენიმე კონტრშეტევა მოიგერია და მხოლოდ შემდეგ დაიხია უკან, რითაც, საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ მოწინააღმდეგის დიდი შეტევა ჩაშალა. ასეთი გაბედული და საზრიანი მოქმედებისათვის ერვინ რომელმა პირველი ხარისხის რკინის ჯვარი და ობერლეიტენანტის წოდება მიიღო.
ობერლეიტენანტი ერვინ რომელი I ხარისხის რკინის ჯვრით დაჯილდოებისას.
1915 წელს ანტანტის მხარეს, ცენტრალური ქვეყნების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში იტალია ჩაერთო და გერმანიამ თავისი მოკავშირის - ავსტრია-უნგრეთის დასახმარებლად 7 დივიზია გადაისროლა: ამ დივიზიებისა და კიდევ 8 ავსტრია-უნგრული დივიზიის შერწყმით შეიქმნა 14-ე არმია, რომელსაც გერმანელი გენერალი ოტო ფონ ბელოვი სარდლობდა. 14-ე არმიის შემადგენლობაში შედიოდა შენაერთიც, რომელშიც ობერლეიტენანტი ერვინ რომელი მსახურობდა. გერმანული სამთო ეგერთა ბატალიონი მატაიურის მთასთან (მონტე-მატაიური) ჩაება ბრძოლაში და მთის დაკავებას შეეცადა. პირველი შეტევა, რომელიც გერმანელებმა დღისით წამოიწყეს, იტალიელებმა მოიგერიეს. მაშინ ობერლეიტენანტმა რომელმა ეგერთა ორი ასეული უნებართვოდ წაიყვანა, ღამის საფარქვეშ თითქმის შეუმჩნევლად შეაწია მოწინააღმდეგის განლაგებაში და საარტილერიო ბატარეა იგდო ხელთ. ერთი ასეული მან ბატარეასთან დატოვა, მეორე ასეულთან ერთად კი წინსვლა განაგრძო. როგორც კი იტალიელებმა საკუთარ ზურგში მოწინააღმდეგის ეგერთა მოძრაობის შესახებ შეიტყვეს, მათმა ბატალიონმა დაკარგული ბატარეის დაბრუნება სცადა, თუმცა ბატარეისკენ დაძრულ იტალიურ ბატალიონს ზურგიდან რომელის ხელმძღვანელობით დაარტყა წინწასულმა ეგერთა ასეულმა და თითქმის მთელი ბატალიონი იგდო ხელთ - ღამისა და დილის დასაწყისის განმავლობში რომელის ორმა ასეულმა იტალიელთა ათასზე მეტი ჯარისკაცი დაატყვევა. სამხედრო დიდებისათვის უკვე ესეც კმაროდა, თუმცა რომელი ამით არ დაკმაყოფილებულა: ტყვეებთან ეგერთა ორიოდე ოცეული დატოვა დაცვის სახით, თავად კი დანარჩენი დანაყოფებით მტრის ზურგში ნამდვილი რეიდი მოაწყო - ხელთ იგდო საბრძოლო მასალებით დატვირთული მოწინააღმდეგის სატვირთო კოლონა, სამხედრო ქალაქი და მონტე-მატაიურის რაიონში ადგილმდებარეობაზე გაბატონებული მთა მონტე-გრაპა. საერთო ჯამში, 50-საათიანი უწყვეტი ბრძოლების შედეგად, ობერლეიტენანტმა რომელმა ორი ასეულით და დასახმარებლად მოსული ძალებით (საერთო რაოდენობით - დაახლოებით 1 ბატალიონი) ხელთ იგდო მოწინააღმდეგის 81 ქვემეხი, დაატყვევა 150 ოფიცერი და 9000-ზე მეტი ჯარისკაცი, გაანადგურა იტალიელთა მთელი დივიზია, უზრუნველყო 14-ე არმიის წინსვლა და, საბოლოო ჯამში, გერმანელთა და ავსტრია-უნგრელთა საბოლოო გამარჯვებაც, რომელიც ისტორიაში კაპორეტოს ბრძოლის სახელითაა შესული.
Pour Le Merite
ამ განსაკუთრებული საზრიანობის, გაბედულებისა და გმირობისათვის ობერლეიტენანტმა ერვინ რომელმა გერმანიის ძალიან ბევრი გენერლისა და ფელდმარშლის სანატრელი და სასურველი უმაღლესი საბრძოლო ჯილდო - იშვიათი და მეტად დაფასებული Pour Le Merite („დამსახურებისათვის“), იგივე „ცისფერი მაქსი“ (Blauer Max) მიიღო. ასევე დააწინაურეს ჰაუპტმანის ჩინამდე.
ჰაუპტმანი ერვინ რომელი მკერდზე I ხარისხის რკინის ჯვრით და ყელზე Pour Le Merite-თი
პირველი მსოფლიო ომის დასრულებისა და რაიხსვერის შექმნის შემდეგ უმაღლესი სამხედრო ჯილდოთი დაჯილდოებული, ახლო და მანევრული ბრძოლის ექსპერტად და შესანიშნავ ტაქტიკოსად აღიარებული, გაბედული და საზრიანი ერვინ რომელი იმ ასი ათას სამხედროს შორის იყო, რომელიც გერმანიის ახალი არმიის მთელ შემადგენლობას წარმოადგენდა. მშვიდობიანი დროის განმავლობაში რომელის სამსახური მდორედ და ერთფეროვნად მიედინებოდა: 1921 წელს შტუტგარტში, 13-ე ქვეით პოლკში ასეულის მეთაური გახდა, სადაც ადმინისტრაციული სამსახურის მრავალწლიანი გამოცდილება მიიღო. კოლეგები გამუდმებით აღნიშნავდნენ მის განსაკუთრებულ გულმოდგინებას და შესაშურ უნარს, ხელქვეითთა მხრიდან პატივისცემა დაემსახურებინა. რვა წლის განმავლობაში მეთაურობდა რომელი ასეულს და მხოლოდ 1929 წელს მიიღო დანიშვნა დრეზდენის ქვეითთა სასწავლებელში ინსტრუქტორად. ოთხწლიანი პედაგოგიური მუშაობის განმავლობაში მან თანამედროვე სამხედრო საქმის განვითარების ტენდენციები და მიმართულებები გულდასმით შეისწავლა, გაატარა ეს ყველაფერი საკუთარი საბრძოლო გამოცდილების პრიზმაში და დაწერა წიგნი „უტევენ ქვეითები“. ამ წიგნში რომელმა საბრძოლო მოქმედებების მეთოდების საკუთარი წარმოდგენები ასახა. მიუხედავად იმისა, რომ კაპიტანი ერვინ რომელი რაიხსვერის ერთ-ერთი საუკეთესო ოფიცერი იყო, მაინც ვერ მიიღო დაშვება გერმანიის გენერალური შტაბის ოფიცერთა მოსამზადებელ კურსებზე სასწავლებლად, რადგან, კაიზერის არმიის მსგავსად, ვაიმარის რესპუბლიკის არმიაშიც უპირველესი ყურადღება ექცეოდა წელთა ნამსახურეობას, წარმოშობასა და ფორმალურ თუ არაფორმალურ კავშირებს.
ჰაუპტმანი ერვინ რომელი მეუღლესთან ერთად
მიუხედავად ამისა, რომელის ყველა კოლეგა, ხელქვეითი თუ ხელმძღვანელი ერთხმად აღნიშნავდა მის კრისტალურად სუფთა ხასიათს, თავდადებულობას, უბრალოებასა და მოკრძალებულობას, ხელქვეითთა მხრიდან პატივისცემასა და ამხანაგ-მეგობართა სიყვარულს. დრეზდენის ქვეითთა სკოლის უფროსი, მოგვიანებით კი - გენერალ-ფელდმარშალი ვილჰელმ ლისტი რომელს „დიდებულ ჯარისკაცად“ თვლიდა. ყოველივე ამის მუხედავად, ოცწლიანი სამხედრო სამსახურის განმავლობაში (1910-1933) „დიდებულმა ჯარისკაცმა“, „მანევრული ბრძოლის ექსპერტმა“ და „შესანიშნავმა ტაქტიკოსმა“ ერვინ რომელმა მხოლოდ მაიორის წოდებას მიაღწია - მას თვალწინ ენგრეოდა ბრწყინვალე სამხედრო კარიერის ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში დალაგებული გეგმები და ყველაფერი მართლაც ასე მოხდებოდა, რომ არა მთავარი პიროვნება მის ცხოვრებაში - ადოლფ ჰიტლერი.
1934 წელი, გოსლარი: ჰიტლერისგან მარჯვნივ, განაპირას მყოფი ტანდაბალი ჩაფხუტიანი ოფიცერი მაიორი ერვინ რომელია.
1934 წლის სექტემბერში, მოსავლიანობის იმპერიული დღესასწაულის ჩატარების პროცესში ჰიტლერი ქალაქ გოსლარს ეწვია, სადაც დისლოცირებული იყო 17-ე ქვეითი პოლკი, რომლის 3-ე ბატალიონსაც მაიორი ერვინ რომელი მეთაურობდა. როგორც წესი, მგზავრობისას ჰიტლერს SS-ის პირადი დაცვა ახლდა თან და საპატიო ყარაულსაც ამ დაცვის წევრებისგან აწყობდნენ, თუმცა გოსლარში რომელი ამის წინააღმდეგ პროტესტით გამოვიდა: ის დაჟინებით მოითხოვდა, რომ საპატიო ყარაულის ასეული მისი ბატალიონიდან შეერჩიათ, ხოლო თუკი მის ხალხს ფიურერის დაცვას არ ანდობდნენ, პირობას იძლეოდა, რომ ყველა ჯარისკაცს სამსახურიდან დაითხოვდა. ჭირვეულმა მაიორმა თავისას მიაღწია: როდესაც ჰიტლერი საპატიო ყარაულის წინ მიაბიჯებდა, ყარაულის SS-ის ფორმაში გამოწყობილი ჯარისკაცები რომელის ბატალიონიდან იყვნენ, თავად ბატალიონის მეთაური კი ფიურერისგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით მიაბიჯებდა.
1934 წელი, გოსლარი: ჰიტლერისგან მარცხნივ, განაპირას მყოფი ტანდაბალი ჩაფხუტიანი ოფიცერი მაიორი ერვინ რომელია.
ფიურერთან ნაცნობობის შემდეგ რომელის კარიერამ სწრაფად იწყო წინსვლა, მიუხედავად იმისა, რომ რომელი არც ნაციონალურ-სოციალისტური პარტიის წევრი არ გამხდარა და არც - რომელიმე პარტიული სტრუქტურისა (მაგალითად - SS-ის). გოსლარის მოვლენებიდან სულ რაღაც 1 წელიწადში, 1935 წლის სექტემბერში, ერვინ რომელს მორიგი, ობერსტლეიტენანტის წოდება მიანიჭეს და ბერლინის მახლობლად, პოტსდამის ახლადგახსნილი ქვეითთა სკოლის უფროსად დანიშნეს. 1937 წელს კი მისი წიგნი „ქვეითები უტევენ“ გამოვიდა, რომელიც ჯერ კიდევ დრეზდენის სკოლაში წაკითხული ლექციების საფუძველზე იყო დაწერილი. ეს წიგნი დაუყოვნებლივ გახდა ბესტსელერი და მილიონობით ეგზემპლარი გაიყიდა. მისი მკითხველი, სხვა სახელგანთქმულ ადამიანებთან ერთად, ადოლფ ჰიტლერიც გახდა, რომლმაც განაცხადა: „ამ წიგნმა ჩემი ცხოვრების უბედნიერესი დრო გამახსენა და მისი ბევრი მომენტი საომარი წლების ჩემს ბევრ განცდას ეხმიანებოდა“.
პოტსდამის ქვეითთა სკოლის უფროსი, ობერსტლეიტენანტი ერვინ რომელი
1938 წლის აგვისტოში რომელმა ობერსტის წოდება მიიღო, ოქტომბერში კი ფიურერის თანმხლები ბატალიონის მეთაურად დაინიშნა. ამ თანამდებობაზე რომელი იმ ენით აუწერელი აღტაცებისა და ზეიმის მოწმე გახდა, რომელიც ფიურერს მოუწყვეს რაიხთან ახლადმიერთებული სუდეტის ოლქის მაცხოვრებლებმა, როდესაც ჰიტლერი იქაურობას ესტუმრა - სუდეტის ოლქში ჰიტლერის ჩასვლა ნამდვილ ტრიუმფალურ სვლას დაემსგავსა, რამაც წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა რომელზე და ისიც, მრავალი მილიონი სხვა გერმანელის მსგავსად, ფიურერის ქარიზმისა და მომხიბლავობის ნებაყოფლობითი ტყვე გახდა. მეუღლისადმი მიწერილ ყოველ ახალ წერილში რომელის ეს განწყობა სულ უფრო მეტად იჩენს თავს.
ვენის ქვეითთა სასწავლებლის უფროსი, ობერსტი ერვინ რომელი
რომელის ფიურერისადმი სიმპათია უპასუხოდ არ დარჩენილა - როდესაც 1938 წლის ნოემბერში ვენაში ახლადგახსნილი ქვეითთა სასწავლებლის უფროსის შერჩევის საკითხი წამოიჭრა, ჰიტლერს მაშინვე გაახსენდა წიგნის „ქვეითები უტევენ“ ავტორი: თავისი გრანდიოზული სამხედრო გეგმების დასამუშავებლად და განსახრციელებლად ფიურერისთვის უმნიშვნელოვანესი იყო ახალი თაობის სამხედროთა გონებაში აზრის გაბატონება, რომ ახალ ომში წარმატების მისაღწევად სწრაფი, გაბედული, მანევრული და ნოვატორული იდეები იყო საჭირო. ობერსტი ერვინ რომელი საქმეს ჩვეული საფუძვლიანობით, გულმოდგინებითა და გაქანებით შეუდგა, რადგან ევროპისა და მსოფლიოს საუკეთესო სამხედრო სასწავლებლის ჩამოყალიბება ჰქონდა განზრახული, თუმცა ეს საქმიანობა მალევე შეაწყვეტინა მას ისევ ფიურერმა: ჰიტლერს ახსოვდა სუდეტის ტრიუმფი და ერვინ რომელი მის გვერდში და ახლა, ჩეხოსლოვაკიის სრული ანექსიის მომენტში, ასეთივე ტრიუმფი სურდა პრაღაშიც; რომელს კი მისი დაცვის ორგანიზება ევალებოდა. სწორედ რომელის რჩევით არ დაელოდა ჰიტლერი დიდ ესკორტს და დაუყოვნებლივ გაემართა სამთავრობო რეზიდენციისკენ პრაღის გრადში. და თუკი გოსლარში ჰიტლერსა და რომელს შორის ჯერ კიდევ იყო რამდენიმემეტრიანი დისტანცია და რამდენიმე ადამიანი მათ შორის, ახლა უკვე ყველამ დაინახა ობერსტი ერვინ რომელი უშუალოდ ფიურერის გვერდით.
ჰიტლერი პრაღის გრადში. მისგან მარჯვნივ, ტანდაბალი ჩაფხუტიანი ოფიცერი ობერსტი ერვინ რომელია
ერვინ რომელის კარიერის საბოლოო შემობრუნება პოლონეთზე თავდასხმისას მოხდა: ამ მომენტში ობერსტი ფიურერის შტაბ-ბინის კომენდანტად დაინიშნა და მას გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა. ახალი თანამდებობის მიღებისთანავე რომელი ჰიტლერის უშუალო გარემოცვაში აღმოჩნდა: ახლა მას ნება ეძლეოდა, ოპერატიულ თათბირებსა და შეხვედრებს დასწრებოდა და, რაც ყველაზე მთავარია და კარგად ასახავს რომელისადმი ჰიტლერის ნდობისა და მადლიერების გრძნობას, ხანდახან სიტყვაც აეღო. პოლიტიკისადმი სრულიად გულგრილი გენერალ-მაიორი რომელი სულ უფრო მეტად ექცეოდა ჰიტლერის გავლენის ქვეშ და უკვე გულწრფელად სჯეროდა, რომ რაც არ უნდა გაეკეთებინა, ჰიტლერი ყოველთვის ცდილობდა გერმანიისათვის მაქსიმალური სარგებელი მოეპოვებინა, რის გამოც ფიურერის უერთგულესი ჯარისკაცი გახდა.
სწორედ იმის გამო, რომ ერვინ რომელი პირველ რიგში მებრძოლი ჯარისკაცი იყო, მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ აღარ ისურვა პროტოკოლისა და საშტაბო სამუშაოების რუტინით ყოველდღიური საქმიანობა და ფრონტზე გაგზავნა და სატანკო დივიზიის მეთაურობა ითხოვა. 1940 წლის თებერვალში ის 7-ე სატანკო დივიზიის მეთაურად დანიშნეს - ამ დივიზიის მოქმედება მხოლოდ საფრანგეთის კამპანიაშიც კი უკვე ცალკე საუბრის თემაა.
1940 წელი: 7-ე სატანკო დივიზიის მეთაური გენერალ-მაიორი ერვინ რომელი პარიზში.

Sunday, September 20, 2015

Panther

სსრკ-ში შეჭრამდე გერმანული "პანცერვაფეს" ხელმძღვანელობა საკუთარი სატანკო ნაწილების შემადგენლობაში ჭურვგამძლედ შეჯავშნული ტანკის ყოლას არანაირ აუცილებლობად არ თვლიდა. ნაგულისხმევი იყო, რომ სხვადასხვა მოდიფიკაციის საშუალო Pz.III სატანკო ნაწილებზე დაკისრებულ ამოცანათა უმრავლესობას წარმატებით ართმევდა თავს და მხოლოდ ხანდახან თუ იყო საჭირო ამ ტიპის ტანკების თითქმის მათსავით შეჯავშნული, თუმცა უფრო დიდი კალიბრის (75 მმ) ქვემეხით აღჭურვილი "მძიმე" Pz.IV-ებით "გაზავება" ფორტიფიკაციულად ცოტად თუ ბევრად მომზადებული საველე ტიპის თავდაცვის გასარღვევად, ხოლო გაცილებით უფრო ძლიერად და საფუძვლიანად მომზადებული თავდაცვითი ხაზების გადასალახად (რომლებსაც ნაცისტები დიდი ბრიტანეთსა და, შესაძლოა, ამერიკაში შეჭრისას ელოდნენ), ალბათ მართლაც გახდებოდა საჭირო ჭურვგამძლედ შეჯავშნული და მძლავრი ქვემეხით აღჭურვილი მძიმე ტანკი (მომავალი "ტიგრი"), რომელზეც უკვე მუშაობდნენ ერვინ ადერსისა და ფერდინანდ პორშეს საკონსტრუქტორო ბიუროები: 1941 წლისათვის მძიმე ტანკების ძირითადი მახასიათებლები, კონსტრუქცია და შეიარაღება უკვე განისაზღვრა და დაიწყო პირველი სადემონსტრაციო თუ სავალი მაკეტებისა და საცდელი ნიმუშების დამზადება.
გერმანელთა იდეალურად აწყობილი გეგმები 1941 წლის ზაფხულში დაინგრა, როდესაც სსრკ-ში შეჭრილი "ვერმახტი" წითელი არმიის სატანკო ნაწილების შემადგენლობაში არსებულ მათთვის აქამდე უცნობ, ახალი ტიპის ტანკებს - T-34-სა და KB- შეეჩეხა, რაც მათთვის მეტად არასასიამოვნო სიურპრიზი გახდა: Pz.III-ის 37 მმ-იანი და Pz.IV-ის მოკლელულიანი 75 მმ-იანი ქვემეხი პრაქტიკულად ვერ უმკლავდებოდა T-34-ის ჯავშანს, რომ აღარაფერი ვთქვათ KB-ზე, რომლის წინააღმდეგ 1941 წელს მსოფლიოში არსებული ვერცერთი სატანკო თუ ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი ვერაფერს აწყობდა. თავად ამ საბჭოთა ტანკების 76 მმ-იანი ქვემეხები რეალური ბრძოლების ნებისმიერი დისტანციიდან უპრობლემოდ ხვრეტდნენ როგორც Pz.III-ის, ასევე Pz.IV-ის ყველა სახის ჯავშანს ნებისმიერი კუთხიდან. ცალკე საკითხი იყო საბჭოთა ტანკების ფართო მუხლუხები, რომელიც რუსულ უგზოობაში გამავლობის თვალსაზრისით გაცილებით სასარგებლო და ეფექტური იყო, ვიდრე - ევროპულ "სათბურის პირობებს" მორგებული "პანცერების" ვიწრო მუხლუხები.
აღმოსავლეთის ფრონტიდან წამოსული შეშფოთებული მოხსენებების საპასუხოდ უკვე 1941 წლის ოქტომბერში "ცენტრის" არმიათა ჯგუფში "ვერმახტის" შეიარაღების სამმართველოს ავტორიტეტული კომისია ჩავიდა ფერდინანდ პორშეს ხელმძღვანელობით (არსებობს მოსაზრება, რომ ეს კომისია კი არ ჩასულა აღმოსავლეთის ფრონტზე, არამედ აღმოსავლეთის ფრონტიდან გაგზავნეს გერმანიაში ნაალაფარი საბჭოთა ჯავშანტექნიკა (ეს კომისიის მუშაობის შემდეგ მოხდა), რაც სინამდვილეს არ შეესაბამება), რომელმაც ადგილზე შეისწავლა "ვერმახტის" მიერ ამ დროისათვის ხელში ჩაგდებული Т-28, KB, Т-34, Т-35 და სხვა, ნაკლებად საინტერესო ნიმუშები. მოგვიანებით საბჭოთა ტანკების ახალი ნიმუშები გერმანული მრეწველობის წარმომადგენლებსაც გადაეცათ შესასწავლად.



1941 .: ალბერტ შპეერი T-34-ის შესწავლისას


ხსენებული ნიმუშების შემსწავლელი ნებისმიერი ადამიანისა თუ ადამიანთა ჯგუფის აზრი საოცრად მსგავსი აღმოჩნდა: თუკი საცდელ ეგზემპლარებამდე მიყვანილი ახალი თაობის გერმანული მძიმე ტანკები აშკარად აღემატებოდნენ KB-, T-34-ის ადექვატური გერმანელებს აბსოლუტურად არაფერი (არც პროტოტიპი, არც მაკეტი, არც კონსტრუქცია და თვით კონცეფციაც კი) არ ჰქონდათ; რასაკვირველია, შესაძლებელი იყო არსებული სერიული საშუალო ტანკების დაცვისა და შეიარაღების გარკვეული გაძლიერება (რაც მოხდა კიდეც Pz.III-ის და Pz.IV-ის 1941-1942 წლების მოდიფიკაციებზე), მაგრამ T-34-ზე რადიკალურად უკეთესი ტანკის მისაღებად სრულიად ახალი კონსტრუქცია იყო დასამუშავებელი.
მდგომარეობას განსაკუთრებით ართულებდა ისიც, რომ Pz.III-ის შემცვლელად მოაზრებული ყველა 20-25 ტონიანი ტანკის პროექტი (მაგ. VK-20.01H ან VK-30.01H) ვერანაირად ვერ "წვდებოდა" T-34-, რის გამოც გერმანელებმა საერთოდ შეწყვიტეს ამ "წონითი კატეგორიის" ტანკებზე მუშაობა თვით კონსტრუქციის დამტკიცებისა და ხის მაკეტების დამზადების გადაწყვეტილების მიღების შემდეგაც კი. 1941 წლის ნოემბერში "პანცერვაფეს" ძირითადი საშუალო ტანკის სრულიად ახალი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები მომზადდა: მასა - 28 ., ძრავა - 600-700 ცხ.., სისწრაფე - 55 კმ/სთ, კორპუსის დახრილი, 60-70 მმ-იანი ჯავშანფილები. დღეს უკვე უცნობია, რატომ მოხდა შეიარაღების მინისტრ ფრიც ტოდტის წინადადების უყურადღებოდ დატოვება, რომელიც სთავაზობდა ამ დროისათვის უკვე დამუშავებული და გამოცდილი "ტიგრის" 30-ტონიანი წინამორბედების - VK 30.01Н-ისა და VK 30.01Р- სავალი ნაწილების გამოყენებით ახალი ტანკების დაპროექტებასა და აგებას წარმოებისა და მომსახურების უნიფიკაციის მიზნით (მით უმეტეს, რომ, მაგალითად, პორშეს პროექტმა ამ კლასის ტანკისათვის რეკორდული სისწრაფე - 60 კმ/სთ განავითარა).
საკმაოდ გავრცელებული მოსაზრება, თითქოს გერმანელებს ძალიან უნდოდათ T-34-ის კოპირება, მაგრამ ტექნიკურმა სირთულეებმა შეუშალა ხელი, უბრალოდ სასაცილოა: როგორც ტექნიკური დონით, ასევე საინჟინრო კულტურით გერმანული სატანკო მრეწველობა საბჭოთაზე გაცილებით მაღლა იდგა და, სურვილის შემთხვევაში, T-34-ის კოპირება და წარმოებაში გაშვება გერმანელთათვის არანაირ სირთულეს არ წარმოადგენდა, მით უმეტეს, რომ საბჭოთა ტანკი თავიდანვე იყო ჩაფიქრებული და დაპროექტებული მასობრივი წარმოებისათვის და ჰქონდა საკმაოდ მარტივი კონსტრუქცია, რომელიც ზოგან პრიმიტივიზმამდე დადიოდა. საბჭოთა ტანკის კოპირებაზე უარის თქმის ძირითადი მოტივი ის აუარებელი ხარვეზი იყო, რომელიც პორშეს კომისიის მიერ შესწავლილ ეგზემპლარებს აღმოაჩნდათ: ძალიან უხარისხო ოპტიკა, ძრავა თავის კვებისა და ჰაერის გაფილტვირს სისტემიანად და გადაცმათა კოლოფი (კოპირების შემთხვევაში ყოველივე ამის გამოსწორება გერმანულ მრეწველობას სრულიად თავისუფლად შეეძლო), მეტად შეზღუდული შიდა სივრცე, სწრაფი აალების შემთხვევაში ეკიპაჟის სწრაფი ეაკუაციის შეუძლებლობა, ტანკის მეთაურის გადატვირთული ფუნქციები და კიდევ მრავალი სხვა.
1941 წლის 25 ნოემბერს ახალი საშუალო ტანკის პროექტირების შეკვეთა "მანმა" და "დაიმლერ-ბენცმა" მიიღეს. საპროექტო სამუშაოები საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობდა და უკვე 1942 წლის თებერველში პროტოტიპების დამზადება დაიწყო. ახალმა ტანკებმა შესაბამისად VK-30.02MAN და VK-30.02DB აღნიშვნები მიიღეს და ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდნენ.
"დაიმლერ-ბენცის" მოდელი გარეგულად საკმაოდ წააგავდა T-34- და თვით ძრავა-ტრანსმისიის კომპონირებაც კი საბჭოთა ნიმუშიდან იყო გადმოღებული - გადაცემათა კოლოფი, ძრავა და, შესაბამისად, ამძრავი ბორბალიც კორპუსის უკანა ნაწილში იყო თავმოყრილი - და რადიკალურად განსხვავდებოდა ამ კვანძის კომპონირების გერმანული სისტემისაგან, სადაც ძრავა უკან იდგა, გადაცემათა კოლოფი და, შესაბამისად, ამძრავი ბორბალი კი - წინ. თვით ძრავაც კი დიზელისა იყო (МВ-507, 700-720 ცხ..), რაც ასევე უჩვეულოა მეორე მსოფლიო ომისდორინდელი გერმანული ტანკმშენებლობისათვის და აშკარად იგრძნობა საბჭოთა "ანალოგის" გავლენა. ყოველივე ხსენებულის გამო VK-30.02DB, წინწაწეული კოშკით, სილუეტითაც ძალიან წააგავდა საბჭოთა T-34-


VK-30.02DB, პირველი ვარიანტი (ზოგჯერ აღინიშნება, როგორც VK-30.01DB): ოთხი საყრდენი ორმაგი და სამი დამჭერი ბორბალი, დაკიდება რესორებზე, დიზელის ძრავა МВ-507.
ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები (პროექტის მიხედვით):
საბრძოლო მასა - 32-33 .
ჯავშანი: კორპუსი, მმ (შუბლი/ბორტი/კიჩო) - 60/50/40, კოშკი, მმ (შუბლი/ბორტი/კიჩო) - 50/30/30.
შეიარაღება - ერთი 75 მმ ქვემეხი KwK 42 L/71, ორი 7,92 მმ ტყვიამფრქვევი MG-34.
მაქს. სისწრაფე - 56 კმ/სთ.


VK-30.02DB-ის ამ წარმოდგენილმა ვარიანტმა თვით ჰიტლერის მოწონება დაიმსახურა, რომელიც 1941-1942 წლების ზამთარში საბჭოტა T-34-ების მოქმედების შთაბეჭდილების ქვეშ იყო და მალევე გაფრომდა ახალი საშუალო ტანკის 200 ეგზემპლარად დამზადების შეკვეთა. თუმცა შეიარაღების სამმართველოს წარმომადგენლები ფიურერის აზრს არ დაეთანხმნენ: მიუხედავად იმისა, რომ "მანის" პროექტი დადგენილი საბრძოლო მასის ლიმიტს მნიშვნელოვნად აჭარბებდა, სპეციალისტთა აზრით, "დაიმლერ-ბენცის" პროექტი T-34-ის უბრალო კოპირება იყო და მისი შემდგომი მოდერნიზაციის მიმართულებები საკმაოდ ბუნდოვანი ჩანდა მაშინ, როდესაც "მანის" პროექტი უფრო შეესაბამებოდა გერმანული ტანკმშენებლობის ტრადიციებს და მისი შემდგომი მოდერნიზაციის მარაგი საგრძნობად და ცხადად ჩანდა. მეტად სადავო იყო დიზელის ძრავის კონცეფციაც, რომლის ექსპლუატაციისა და რემონტის გამოცდილება "პანცერვაფეში" საერთოდ არ იყო, რომ აღარაფერი ითქვას თავად დიზელის საწვავზე, რომლის 100%-იანი პრეროგატივაც ფლოტის განკარგულებაში იყო. სპეციალისტების აზრით აღარ იყო საკმარისად საიმედო 50-60 მმ-იანი შუბლის ჯავშანი და საევაკუაციო ლუქებით დარღვეული ბორტების ჯავშნის მონოლითურობაც.
მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, "დაიმლერ-ბენცის" პროექტი მზადყოფნით საკმაოდ უსწრებდა "მანისას", პროტოტიპის აგება სწრაფად მიდიოდა წინ. 1942 წლის ადრე გაზაფხულზე ყველაზე ოპტიმალური პროექტის განსასაზღვრავად სპეციალური კომისია ჩამოყალიბდა, რომელმაც 13 მაისს უპირატესობა "მანის" პროექტს საბოლოოდ მიანიჭა: უარის თქმის ერთ-ერთ მიზეზად VK-30.02DB-სა და T-34-ის სილუეტების საგრძნობი მსგავსებაც გახდა, რაც ბრძოლისას საკუთარი ტანკების საკუთარივე საცეცხლე საშუალებების ზემოქმედების საფრთხეს ქმნიდა (კონკრეტულად ეს მიზეზი საკმაოდ თითიდან გამოწოვილს ჰგავს: მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში მოწინააღმდეგე მხარეები გამუდმებით ურევდნენ როგორც საკუთარ, ასევე მტრის ტანკებს ერთმანეთში - უამრავი შემთხვევაა, როდესაც, მაგალითად, საშუალო T-34-ები მძიმე "ტიგრებშიც" კი აერიათ. ასე რომ სილუეტი აქ არაფერ შუაშია). ამ მომენტისათვის "დაიმლერ- ბენცს" პრაქტიკულად მზად ჰქონდა კორპუსი და სავალი ნაწილის ცალკეული ელემენტები. VK-30.02DB-ის ავტორებმა კონსტრუქციის გადახედვა შეიარაღების სამმართველოს სპეციალისტთა აზრის გათვალისწინებით უმოკლეს დროში გადაწყვიტეს და განახორციელეს, რათა საკუთარი პროექტის უპირატესობა დაემტკიცებინათ: ტანკმა ახალი სავალი ნაწილი, ბენზინის ძრავა და უფრო სქელი ჯავშანი მიიღო, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა, უფრო წვრილმან ცვლილებებზე.



VK-30.02DB, საბოლოო ვარიანტი: ჭადრაკულად განლაგებული რვა ერთმაგი საყრდენ-დამჭერი ბორბალი, დაკიდება ტორსიონებზე, ბენზინის ძრავა Maybach HL-210-P45.
ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები (პროექტის მიხედვით):
საბრძოლო მასა - 34-37 .
ჯავშანი: კორპუსი, მმ (შუბლი/ბორტი/კიჩო) - 80/50/45, კოშკი, მმ (შუბლი/ბორტი/კიჩო) - 80/45/45.
შეიარაღება - ერთი 75 მმ ქვემეხი KwK 42 L/71, ორი 7,92 მმ ტყვიამფრქვევი MG-34.
მაქს. სისწრაფე - 51 კმ/სთ


მიუხედავად ამისა, როგორც ითქვა, საბოლოო არჩევანი "მანის" პროექტის სასარგებლოდ გაკეთდა: ცვლილებების "დაიმლერ-ბენცის" უკვე დამზადების პროცესში მყოფ პროტოტიპში დანერგვა და შემდგომი გამოცდა ბევრ გადაკეთებებს და, აქედან გამომდინარე, ბევრ დროსაც მოითხოვდა, რაც უკვე აღარ კმაროდა; VK-30.02DB- დაუსრულებელი კორპუსი "დაიმლერ-ბენცის" ჯავშანფილების საწყობის ტერიტორიაზე 1942 წლის შემოდგომიდან პრაქტიკულად ომის დასასრულამდე იმყოფებოდა, 1945 წლიდან კი მისი კვალი იკარგება: სავარაუდოდ ის ჯართად დაჭრეს.



VK-30.02DB- დაუსრულებელი კორპუსი "დაიმლერ-ბენცის" ჯავშანფილების საწყობის ტერიტორიაზე.


VK-30.02MAN-ში სპეციალისტებმა შემდეგი უპირატესობები აღნიშნეს:
- ეფექტური დაკიდება ტორსინულ ღერძებზე საყრდენ-დამჭერი ბორბლების ჭადრაკული განლაგებით (.. კნიპკამპის სქემა).
- ბენზინის ძრავა.
- ქვემეხის ლულის კორპუსის წინგაშვერილი ნაწილის ნაკლები სიგრძე, რაც ტანკის გეომეტრიულ გამავლობაზე და დასახლებულ პუნქტებში მოძრაობისას დადებითად ისახებოდა.
- ეკიპაჟის წევრების საგრძნობი კომფორტი.
- ტანკის ბორტების მონოლითურობა, რომელიც საევაკუაციო ლუქებით არ იყო დარღვეული.
- ტანკის მასის დიდი რეზერვი, რაც მისი შეიარაღებისა და დაცვის შემდგომი გაუმჯობესების შესაძლებლობას იძლეოდა.


VK-30.02MAN.
ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები (პროექტის მიხედვით):
საბრძოლო მასა - 40 .
ჯავშანი: კორპუსი, მმ (შუბლი/ბორტი/კიჩო) - 80/45/45, კოშკი, მმ (შუბლი/ბორტი/კიჩო) - 80/45/45.
შეიარაღება - ერთი 75 მმ ქვემეხი KwK 42 L/71, ორი 7,92 მმ ტყვიამფრქვევი MG-34.
მაქს. სისწრაფე - 55 კმ/სთ


"პანტერას" პირველი ორი პროტოტიპი ((Pz.Kpf.V-V1 და Pz.Kpfw.V-V2) 1942 წლის ზაფხულში ააგეს და ტიურინგიაში, . აიზენახთან არსებულ პოლიგონზე გაგზავნეს გამოსაცდელად, რომლის დროსაც ტრანსმისიის სისტემასა და მართვის მექანიზმებში უამრავი ხარვეზი და პრობლემა გამოვლინდა - ვერცერთი მათგანი ვერ აკმაყოფილებდა საიმედოობის ელემენტარულ მოთხოვნილებებსაც კი. მიუხედავად ამისა, ცვლილებების საჭიროება მინიმალური აღმოჩნდა და, მათი განხორციელების შემდეგ, "მანმა" პირველი 20 საცდელი სერიის ტანკის გამოშვების შეკვეთა მიიღო საჯარისო გამოცდებისათვის.


1943 ., MAN-ის საამქრო: მიმდინარეობს პირველი სერიული "პანტერების" კორპუსების აწყობა.


პირველმა "პანტერებმა", რომლებსაც ჯერ კიდევ არ ერქვა ეს სახელი და მხოლოდ Pz.Kpfw.V-Ausf.a ინდექსით აღინიშნებოდა (არ აგვერიოს Ausf.A-ში - ეს სულ სხვა მოდიფიკაციაა!), "მანის" საამწყობო საამქროები 1943 წლის იანვარში დატოვეს. ეს მანქანები შეიარაღებულნი იყვნენ ქვემეხებით, რომლებსაც ერთკამერიანი ლულის მუხრუჭი ჰქონდათ. ამ ქვემეხის უკუცემის გაზრდილმა სიგრძემ მეთაურის ადგილისა და, შესაბამისად, მისი კოშკურის გადაწევა მარცხენა ბორტისაკენ მოითხოვა, რის გამოც მეთაურის კოშკურა კოშკზე "გამოზრდილი" ერთგვარი სპონსონის თავზე დადგეს. ამ მანქანებზე 650-ცხენისძალიანი Maybach HL-210-P45 იდგა. თებერვალში ამ ტანკებს Pz.Kpfw.V-Ausf.D1 ინდექსი მიენიჭათ: ამგვარად, Pz.Kpfw.V-Ausf.a და Pz.Kpfw.V-Ausf.D1 ერთი და იგივე ტანკებია და ისინი საცდელი სერიის სულ პირველ, დაახლოებით 20 მანქანას წარმოადგენენ.


პირველი ჭეშმარიტად საჯარისო, სერიული "პანტერა" Pz.Kpfw.V-Ausf.D2 მოდიფიკაცია გახდა: მასზე უკვე ლულის ორკამერიანი მუხრუჭით აღჭურვილი ქვემეხები იდგა, რის გამოც ქვემეხის უკუცემის ძალა შემცირებული იყო და მეთაურის ადგილისა და, შესაბამისად, მისი კოშკურის მარცხნივ გადაწევის აუცილებლობა აღარ იყო - კოშკზე მეთაურის კოშკურის სპონსონი გაქრა და ტანკმა სადღეისოდ უკვე კარგად ცნობილი გარენობა მიიღო. გამოჩნდა ახალი ძრავაც - 700-ცხენისძალიანი Maybach HL-230-P30 და ამავე ფირმის უფრო საიმედო გადაცემათა კოლოფი




1943 .: კონვეიერიდან ახლადჩამოსული Pz.Kpfw.V-Ausf.D2 "პანტერა" და ორი Pz.Kpfw.VI-ausf.H "ტიგრი" ფირმა "ჰენშელის" ქარხნის ეზოში.


შეჯავშნის სქემა ასე გამოიყურება:


ორიოდე სიტყვაც ვთქვათ იმაზე, თუ რა კატეგორიის ტანკი იყო "პანტერა" - მძიმე, თუ საშუალო.
საბრძოლო თეატრებზე გამოჩენისთანავე (1943 წლის ივლისის დასაწყისიდან, კურსკის რკალზე) საბჭოთა მხარე "პანტერებს", მისი 45-ტონიანი მასიდან და 80-120 მმ-იანი ჯავშნიდან გამომდინარე, მძიმე ტანკებად თვლიდა, მით უმეტეს, რომ წითელი არმიის შეიარაღებაში იმ დროს არსებული მძიმე KB-ებიც დაახლოებით იმავე კალიბრის 76 მმ-იანი ქვემეხებით იყვნენ აღჭურვილნი, როგორი კალიბრიც "პანტერების" 75 მმ-იან ქვემეხებს ჰქონდა (შესაძლებლობები რომ რადიკალურად იყო განსხვავებული გერმანული ქვემეხის სასარგებლოდ, ეს სხვა საუბარია და ამაზე - ქვემოთ). ზოგჯერ საბჭოთა მხარე "პანტერებს" "საშუალო-მძიმე" (средне-тяжёлый) ტანკებადაც მოიხსენიებდა, ხოლო დასავლელი მოკავშირეები მას ასევე უდავოდ თვლიდნენ მძიმე ტანკად.
თავად გერმანელები "პანტერას" საშუალო ტანკად თვლიდნენ, რადგან აშკარად მძიმე "ტიგრი" "პანტერას" როგორც წონაში (56 ტონა 45 ტონის ნაცვლად), ასევე - შეიარაღებაშიც (88 მმ-იანი L56 75 მმ-იანი L71-ის ნაცვლად) აჭარბებდა, თანაც, "ტიგრი" ბორტებიდანაც უკეთ იყო დაცული.
"პანტერას" შეიარაღებაში მიღებით "პანცერვაფეს" ხელმძღვანელობა იმედოვნებდა, რომ ახალი ტანკი მთლიანად ჩაანაცვლებდა ნაწილებში Pz.III-, რის გამოც ამ უკანასკნელის შემდგომი მოდერნიზირების ნაცვლად წარმოებიდან საერთოდ მოხსნა გადაწყდა. რაც შეეხება Pz.IV-, ის შეიარაღებაში დატოვეს და მოდიფიცირებაზეც არ უთქვამთ უარი, რადგან თვლიდნენ, რომ ცალკეული მიზნებისათვის ეს ტანკები მაინც დასჭირდებოდათ, მიუხედავად სატანკო ნაწილების "პანტერებით" სრული გაჯერებისა.
რეალობა გაცილებით პროზაული და ბევრად რთული აღმოჩნდა: პირველი სერიული "პანტერები" წარმოებაში ძალიან ძვირი აღმოჩნდა, ექსპლუატაციაში კი - მეტისმეტად არასაიმედო და კაპრიზული. ნელა იზრდებოდა მათი წარმოებაც და, მოვლენებს თუ წინ გავუსწრებთ, უნდა აღინიშნოს, რომ სატანკო ნაწილებში ამ ტანკების მნიშვნელოვანი დეფიციტი ომის ბოლომდე იგრძნობოდა. ამგვარად გადაწყდა, რომ ახალი საშუალო ტანკებით პირველ ეტაპზე, სანამ წარმოების, ხარისხისა და ღირებულების პრობლემები მოგვარდებოდა, ყოველი სატანკო პოლკის მხოლოდ ერთი ბატალიონი გადაეიარაღებინათ, ხოლო Pz.IV-ების მოდიფიცირება ყველანაირად დაეჩქარებინათ, ღირებულება შეემცირებინათ, წარმოება კი გაეზარდათ.
პირველად ახალი "პანტერები" (Ausf.D2 მოდიფიკაცია) 51- და 52- სატანკო ბატალიონებმა მიიღეს: 1943 წლის მაისში თითოეულმა 96 "პანტერა" და უზრუნველყოფის სხვა ნაწილები მიიღო, ერთ თვეში კი ორივე ბატალიონისგან 39- სატანკო პოლკი ჩამოაყალიბეს, რომელსაც მაიორი ლაუკერტი მეთაურობდა. პოლკის შემადგენლობაში სულ 200 "პანტერა" ითვლებოდა: 192 - 51- და 52- ბატალიონებში და 8 - პოლკის შტაბის განკარგულებაში. ოპერაცია "ციტადელის" დაწყების წინ განსაკუთრებული ნაწილი - 10- სატანკო ბრიგადა იქნა ფორმირებული, რომლის შემადგენლობაშიც 39- სატანკო პოლკი და SS-ის მოტორიზებული (პანცერგრენადერული) დივიზია "გროსდოიჩლანდის" სატანკო პოლკი შევიდა. ბრიგადას ობერსტი დეკერი მეთაურობდა და ორგანიზაციულად ეს ნაწილი "გროსდოიჩლანდის" შემადგენლობაში შედიოდა. 10- ბრიგადას დოკუმენტებში ხშირად "პანტერბრიგადა დეკერსაც" უწოდებენ.


1943 .: Pz.Kpfw.V-Ausf.D2 მოდიფიკაციის "პანტერები" გერმანულ რკინიგზის სადგურზე, აღმოსავლეთის ფრონტზე გაგზავნის წინ.



1943 .: აღმოსავლეთის ფრონტზე ჩასული Pz.Kpfw.V-Ausf.D2 მოდიფიკაციის "პანტერები" ოკუპირებულ საბჭოთა რკინიგზის სადგურზე, პლატფორმებიდან გადმოტვირთვისას.


1943 წლის 5 ივლისს, ოპერაცია "ციტადელის" დაწყებისთანავე, 39- სატანკო პოლკმა სოფელ ჩერკასსკოეს რაიონში შეუტია საბჭოთა ნაწილებს და, მიუხედავად 67- და 71- მსროლელი დივიზიების შეუპოვარი წინააღმდეგობისა და 245- ცალკეული სატანკო პოლკის კონტრიერიშისა, საღამოსათვის სოფელი დაიკავა. ბრძოლების პირველი დღის დანაკარგებმა 18 "პანტერა" შეადგინა. 6 ივლისს 10- "პანტერბრიგადის" ტანკებმა, "გროსდოიჩლანდის" სხვა ნაწილებთან ურთიერთქმედებით, ლუხანინოს მიმართულებით განავითარეს შეტევა, თუმცა ისინი საბჭოთა 3- მექანიზირებულმა კორპუსმა შეაჩერა: დანაკარგებმა 37 "პანტერა" შეადგინა. მეორე დღეს გერმანელებმა შეტევა განაახლეს და, საბჭოთა ჯარების შეუპოვარი წინააღმდეგობის მიუხედავად, 10- სატანკო ბრიგადის ნაწილებმა სოფელი გრემუჩეე დაიკავეს, რის შემდეგაც მთელი დღის განმავლობაში იგერიებდნენ საბჭოთა ტანკებისა და ქვეითების შეტევებს. დღის ბოლოსათვის მწყობრში მხოლოდ 20 ბრძოლისუნარიანი ტანკი დარჩა.


1943 ., ოპერაცია "ციტადელი": Pz.Kpfw.V-Ausf.D2 მოდიფიკაციის "პანტერები" ორიოლის რაიონში.


მომდევნო დღეებში 39- პოლკის დარტყმის ძალა სულ უფრო სუსტდებოდა: 11 ივლისისათვის ბრძოლისუნარიანი იყო 39 ტანკი, 31 უკანმოუბრუნებლად დაიკარგა, კიდევ 131 კი რემონტს ითხოვდა. 12 ივლისს 39- პოლკი ბრძოლებიდან გაიყვანეს მატერიალური ნაწილის სარემონტოდ და მოსაწესრიგებლად, ხოლო 14 ივლისს ისევ შეტევაში ჩართეს: დღის ბოლოსათვის მის შემადგენლობაში მხოლოდ 1 Pz.III, 23 Pz.IV და 20 "პანტერა" ითვლებოდა ბრძოლისუნარიანად. მიუხედავად უზრუნველყოფისა და სარემონტო სამსახურების თავგამოდებული შრომისა (დღეში მწყობრში 25-მდე მანქანას აბრუნებდნენ) 18 ივლისისათვის 51- ბატალიონს 31 ბრძოლისუნარიანი და 32 სარემონტო ტანკი ჰყავდა, ხოლო 52- ბატალიონს - 28 ბრძოლისუნარიანი და 40 სარემონტო ტანკი. მეორე დღეს 51- ბეტალიონმა 52-ეს დარჩენილი ტანკები გადასცა და ბრიანსკში გაემგზავრა ახალი ტანკებისათვის (გერმანული მონაცემებით ამ ბატალიონის ანგარიშზე 150 განადგურებული საბჭოთა ტანკი ირიცხებოდა, საკუთარი უკანმოუბრინებელი დანაკარგები კი 32 "პანტერას" შეადგენდა). შემდგომში 51- ბატალიონი "გროსდოიჩლანდის" სატანკო პოლკის შემადგენლობაში ჩართეს.
52- ბატალიონი 19-21 ივლისის განმავლობაში ბრიანსკთან გადაიყვანეს და ის უკვე 52- საარმიო კორპუსის შემადგენლობაში განაგრძობდა მოქმედებას, მოგვიანებით კი 19- სატანკო დივიზიის შემადგენლობაში ჩართეს. მომდევნო ბრძოლებში ბატალიონმა დიდი დანაკარგები განიცადა და უკანასკნელი "პანტერები" ხარკოვისათვის უკანასკნელ ბრძოლაში დაკარგა.


1943 .: Pz.Kpfw.V-Ausf.D2 მოდიფიკაციის "პანტერები" ნაალაფარი ტექნიკის შემკრებ საბჭოთა პუნქტზე, ბელგოროდის განაპირას. No.732 ტანკი შემდგომში კუბინკაში ჩაიყვანეს გამოსაცდელად.


"პანტერების" პირველმა საბრძოლო გამოყენებამ მხოლოდ დაადასტურა ის ღირსებები და ხარვეზები, რომლებიც პირველი მოდიფიკაციის ამ ტანკებს ჰქონდათ. ღირსებებს შორის გერმანელი ტანკისტები შესანიშნავ ოპტიკას, მძლავრ, ზუსტ, შორსმსროლელ და საკმაოდ სწრაფმსროლელ ქვემეხს, საშუბლე პროექციის იმ დროისათვის ფაქტიურად გადაულახავ დაცვასა და ეკიპაჟის მაღალ კომფორტს ასახელებდნენ. ხარვეზებში ერთხმად აღინიშნებოდა უკიდურესად დაბალი ტექნიკური და საექპლუატაციო საიმედოობა და ბორტებისა კიჩოს სუსტი დაცვა: პრაქტიკულად ყველა "პანტერას" (სულ - 32 ტანკი), რომელიც სპეციალურმა საბჭოთა კომისიამ გამოიკვლია 1943 წლის ივლისის მეორე ნახევარში და რომლის ჯავშანიც საბჭოთა ჭურვებმა გახვრიტეს, ეს მოხვედრები სწორედ ბორტისა და კიჩოს ჯავშანფილებში ჰქონდა, ხოლო საშუბლე პროექციაში აღნიშნული ყველა კალიბრის (45-76-85 მმ) ჭურვის მოხვედრა აბსოლუტურად უშედეგო იყო: თვით 122 მმ-იანი ჭურვის რიკოშეტირებული მოხვედრის შედეგადაც კი საშუბლე ჯავშანზე მხოლოდ 40 მმ სიღრმის კვალი იყო დარჩენილი. საშუალოდ ყოველ გამოკვლეულ "პანტერას" 6-დან 17-მდე ჭურვის მოხვედრა აღენიშნებოდა.
მოგვიანებით, საბჭოთა საარტილერიო და სატანკო პოლიგონებზე ცეცხლდაშენით გამოცდებისას, კიდევ ერთხელ დადასტურდა "პანტერის" საშუბლე დაცვის ეფექტურობა 45-76-85-122 მმ ჭურვებისათვის (122 მმ - ჰაუბიცებიდან გასროლილი),რასაც აბსოლუტურად ვერ ვიტყვიY ბორტისა და კიჩოს პროექციაზე - აქ დაცვა მეტად სუსტი იყო თვით საბჭოთა 45 მმ-იანი ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხების ჩვეულებრივი ჯავშანგამტანი (არაკუმულატიური) ჭურვებისთვისაც.


1943 .: მიტოვებული Pz.Kpfw.V-Ausf.D2 მოდიფიკაციის "პანტერა" ხარკოვში.


1943 წლის შემოდგომაზე, კურსკის ბრძოლებში მიღებული გამოცდილებისა და შედეგების გათვალისწინებით, სერიულ წარმოებაში წავიდა მორიგი მოდიფიკაცია - Pz.Kpfw.V-Ausf.A. მასზე ახალი კოშკი გამოჩნდა, რომელიც "დაიმლერ-ბენცმა" ჯერ კიდევ 1943 წლის აგვისტოს ბოლოს გაუშვა სერიაში და ეს კოშკები გვიანდელი გამოშვების Ausf.D2 მოდიფიკაციებზეც ყენდებოდა. ზოგადად, Ausf.A მოდიფიკაციაში შეეცადნენ, მნიშვნელოვნად შეემცირებინათ "პანტერის" მეტისმეტად დიდი ღირებულება (198 ათასი რაიხსმარკა) და როგორმე მიახლოებოდნენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ღირებულებას (117 ათასი რაიხსმარკა). ახალ კოშკზე უარი თქვეს გასროლილი ჭურვების ჰილზების გადმოსაგდებ ლუკზე, ეკიპაჟის პირადი იარაღიდან სასროლ ამბრაზურებზე, Verstandigungsoeffnung-ზე (ერთ-ერთი თარგამნი - "ლუკი ქვეითებთან კავშირისათვის"), გამოჩნდა "ტიგრთან" უნიფიცირებული მეთაურის კოშკურა და უფრო მარტივი, მონოკულარული (ბინოკულარულის ნაცვლად) სამიზნე, შემცირდა ქვემეხის ამართვის კუთხე (20-დან 18 გრადუსამდე).



საფრანგეთი: Pz.Kpfw.V-Ausf.A მოდიფიკაციის "პანტერა" სომიურის სატანკო მუზეუმში.


გარკვეული ცვლილებები განიცადა კორპუსმაც: შუბლის ზედა ჯავშანფილაში მდებარე საკურსო ტყვიამფრქვევმა სფერული დანადგარი მიიღო, რომელიც ჯერ კიდევ VK-30.02DB-სათვის შექმნა "დაიმლერ-ბენცმა".
კურსკის ბრძოლის შემდეგ დაწყებული ფართო საბჭოთა სტრატეგიული შეტევების მოგერიებისას "პანტერები", რომლებიც ძირითადად თავდაცვაში გამოიყენებოდა, მეტად ეფექტურად მოქმედებდნენ სწორედ ტავისი დადებითი თვისებების - შესანიშნავი ოპტიკის, შორსმსროლელი, სწრაფმსროლელი, მძლავრი და ზუსტი ქვემეხისა და საშუბლე პროექციის მაღალი დონის დაცვის გამო. დასავლეთში არსებობს ცნობები, რომ 1943 წლის 12-13 სექტემბერს გამართულ სატანკო ბრძოლაში "დას რაიხის" სატანკო პოლკის 2- სატანკო ბატალიონის "პანტერებმა" 48 საბჭოთა ტანკი გაანადგურეს, თუმცა საბჭოთა წყაროებით მტკიცდება, რომ ეს 48 განადგურებული საბჭოთა ტანკი 45 კმ-იან ფრონტზე განცდილ მთლიან დანაკარგებს განეკუთვნება და ცალკე შეკითხვის თემაა, თუ როგორ მოახერხა ერთმა გერმანულმა სატანკო ბატალიონმა ასეთ სივრცეზე მოქმედება.
ასევე, გერმანელ თვითმხილველთა მონათხრობებით, 1944 წლის იანვარში სატანკო პოლკმა "ბაკემ" (ან "ბეკემ"), რომელიც "ტიგრების" 503- ბატალიონისა და "პანტერების" ერთი ბატალიონისაგან შედგებოდა, რამდენიმე დღის განმავლობაში მოახერხა ორ საბჭოთა სატანკო კორპუსთან ბრძოლა და მათ საერთო ჯამში 267 ტანკი გაუნადგურა, თავად კი მხოლოდ 1 "ტიგრი" და 4 "პანტერა" დაკარგა. დავიწყოთ იქიდან, რომ საქმე გვაქვს მხოლოდ თვითმხილველთა მონათხრობთან, რომელიც დოკუმენტალურად არაა განმტკიცებული. ამას გარდა უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა სატანკო კორპუსის რიცხოვნება 1942 წლის შტატით 110 ტანკს შეადგენდა (1944 წლის შტატით, რომელიც სადღაც ზაფხულიდან იყო მოქმედებაში - უკვე 165 ტანკს), 1944 წლის იანვარში კი კორპუსებში ტექნიკის რაოდენობა საშუალოდ მხოლოდ 70% იქნებოდა და თუნდაც ამიტომ საბჭოთა სატანკო კორპუსში 267 და მეტი ტანკი ვერაფრით მოიყრიდა თავს, თანაც 1944 წლის იანვარში, ჟიტომირ-ბერდიჩევის ოპერაციისას, დოკუმენტების მიხედვით, არცერთ საბჭოთა სატანკო კორპუსს არ დაუკარგავს მატერიალური ნაწილის ნახევარი და ნახევარზე მეტი რამდენიმე დღის განმავლობაში ერთსა და იმავე ადგილზე.
1944 წლის მარტიდან სერიაში წავიდა "პანტერის" ახალი, ყველაზე მასობრივი მოდიფიკაცია - Pz.Kpfw.V-Ausf.G, რომელზეც კონსტრუქციის გამარტივება და მასობრივი სერიული წარმოებისთვის მორგება გაგრძელდა. ასე, მაგალითად, კორპუსის ზედა ჯავშანფილიდან საერთოდ გაქრა მექანიკოს-მძღოლის სამზერი და ლუქი-საცობი; მექანიკოსისა და რადისტ-მსროლელის ლუქები, რომლებიც კორპუსის სახურავზე, კოშკის წინ მდებარეობდა, ასაწევ-შემოსაბრუნებელის ნაცვლად ასახდელი გახდა, მექანიკოსმა სამი სათვალთვალო მოწყობილობის ნაცვლად ერთი მბრუნავი მიიღო, გაიზარდა კორპუსის ბორტების დახრის კუთხე (47-50 გრადუსიდან 60-62 გრადუსამდე) და სისქე (45 მმ-დან 50 მმ-მდე), გამოჩნდა პირველი სერიული ღამის ხედვის მოწყობილობებიც.


1944 .: Pz.Kpfw.V-Ausf.G მოდიფიკაციის "პანტერა" ღამის ხედვის მოწყობილობით (Sperber FG 1250) მეთაურის კოშკურაზე. "დაიმლერ-ბენცის" ცენტრის საცდელი პოლიგონი.


მზადდებოდა "პანტერების" ახალი მოდიფიკაციები: Pz.Kpfw.V-Ausf.F (ახალი კოშკი (Schmalturm 605) შემცირებული ზომებითა და გაზრდილი დაცვით, კორპუსის გაზრდილი დაცვა, ახალი 75 მმ-იანი "შკოდას" ქვემეხი KwK 44/2 L/70) და "პანტერა-2" ("ტიგრ-2"-ის კორპუსი შემცირებული სისქის ჯავშნით, კოშკი Schmalturm 605 და ახალი 88 მმ-იანი ქვემეხი KwK 43/2 L/71), თუმცა პირველ შემთხვევაში საქმე პროექტის მომზადებას არ გასცილებია, მეორე შემთხვევაში კი მხოლოდ ერთი საცდელი კორპუსი დამზადდა, რომელზეც სერიული Ausf.G- კოშკი დადგეს გამოსაცდელად, თუმცა ბრძოლებში მას მონაწილეობა არ მიუღია და ის ამერიკელებმა იგდეს ხელთ.


Pz.Kpfw.V-Ausf.F - მაკეტი.



Pz.Kpfw.V-Ausf.F - მასშტაბური მოდელი.



აშშ: "პანტერა-2" პატონის კავალერიისა და სატანკო ჯარების მუზეუმში, ფორტ-ნოქსი.



"პანტერა-2" - მასშტაბური მოდელი.


დასკვნის სახით შემიძლია ვთქვა, რომ "პანტერა" მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი საუკეთესო ტანკი იყო, რომელიც, საზრიანი გამოყენების პირობებში, მრისხანე მოწინააღმდეგე იყო იმ ეპოქის ნებისმიერი ტანკისათვის (არსებობს დადასტურებული ცნობები, როდესაც 16-მა "პანტერამ", ორმა Pz.IV-მა და ორმა StuG III-მა თავდაცვით ბრძოლაში 25 ИС-1 (ИС-85) გაანადგურეს), თუმცა არაგონივრული გამოყენების შემთხვევაში იოლად ხდებოდნენ ბევრად უფრო სუსტი მოწინააღმდეგის ლუკმა.


1944 წლის თებერვალი: სერჟანტ პეგოვის Т-70 ის მიერ ჩასაფრებიდან განადგურებული "პანტერები".
Т-70-ის ეკიპაჟმა პირველმა შეამჩნია "პანტერები" (16 ტანკისაგან შემდგარი კოლონა), საბჭოთა ტანკი ბუჩქნარში შენიღბა და მხოლოდ მას შემდეგ, რაც გერმანული ტანკები 150-200 მეტრამდე მიუახლოვდნენ, ცეცხლი გახსნა. პირველი ორი "პანტერის" ეკიპაჟებიდან არავინ გადარჩენილა, დანარჩენებმა ჩათვალეს, რომ კარგად შენიღბულ ტანკსაწინააღმდეგო ბატარეასთან ჰქონდათ საქმე და უკან დაიხიეს.