Tuesday, January 5, 2021

 ამერიკული ბომბდამშენები საბჭოთა ფლოტის წინააღმდეგ.

საზღვაო ომში ამერიკას მრავალძრავიანი ბომბდამშენების ხანგრძლივი და შინაარსიანი გამოყენების გამოცდილება გააჩნია. შედარებით მცირე ზომის ორძრავიანმა ბომბდამშენებმა მშვენივრად გაართვეს თავი იაპონურ მცირე ხომალდებსა და სანაპირო მიზნებზე შეტევებს ახალ გვინეაში ბრძოლებისას, ხოლო ეპოქალური B-29-ები ექსტრემალურად წარმატებულები აღმოჩნდნენ საზღვაო დანაღმვის ოპერაციებში (ე.წ. Operation Starvation): ასეთი ოპერაციების შედეგად მტრისთვის მიყენებული ზარალი პრაქტიკულად ატომური დარტყმით მიყენებული ზარალის ტოლფასი აღმოჩნდა (ჩაიძირა ან დაზიანდა 670-ზე მეტი იაპონური სამხედრო და სატრანსპორტო ხომალდი 1 250 000 ტონაზე მეტი საერთო ტონაჟით).

1945 წლის აპრილი: B-29 საზღვაო ნაღმებს
ყრის იაპონიის ტერიტორიულ წყლებში.

თუმცა მოწინააღმდეგის ერთეული ხომალდების წინააღმდეგ მრავალძრავიანი თვითმფრინავების გამოყენების ყოველი მცდელობა პრაქტიკულად უშედეგო აღმოჩნდა: ბომბდამშენებმა მხოლოდ რამდენიმე ტრანსპორტი ჩაძირეს და მეორეხარისხოვანი საბრძოლო ხომალდების დათვლილი ერთეულები თუ დააზიანეს. ამერიკელები ცდილობდნენ, მრავალძრავიანი ბომბდამშენები ფლოტებს შორის ბრძოლებშიც გამოეყენებინათ: მიდუეის ბრძოლისას B-17-ები ორჯერ გაფრინდნენ მიზნებზე შეტევისთვის, მაგრამ - უშედეგოდ. შემდეგ უკვე B-24-ების ჯერი დადგა, თუმცა შედეგიანობა კვლავ მოკრძალებული დარჩა: საბოლოო ჯამში, მრავალძრავიანმა ამერიკულმა ბომბდამშენებმა პრაქტიკულად მთელი მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში მოწინააღმდეგის რამდენადმე ღირებული ვერცერთი ხომალდი ვერ გაანადგურეს, რითაც ბომბდამშენი ავიაციის სარდლობის იმედები საგრძნობლად გააცრუეს: ომამდე წყალზედა მიზნებისთვის ბომბებით საგრძნობი დარტყმების მიყენებას ამერიკული სარდლობა ბომბდამშენი ავიაციის ერთ-ერთ ძირითად ამოცანად თვლიდა.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, 50-60-იანი წლების განმავლობაში, ამერიკული სამხედრო-საჰაერო ძალები პერიოდულად უბრუნდებოდნენ ზღვის თავზე მოქმედებებს, რომლებმაც განსაკუთრებული ინტენსიურობა კარიბის კრიზისისას მიიღო. ამ საქმიანობის ძირითადი სახეობა იყო ყველანაირი სახის დაზვერვა: ფლოტის მოთხოვნის შესაბამისად, სამხედო-საჰაერო ძალების რამდენიმე ნაწილი, რომლებიც სადაზვერვო RB-47-ებითა და KC-97 მფრინავი ტანკერებით იყვნენ აღჭურვილი, ფლოტის მიერ მითითებულ რაიონში ასრულებდნენ სადაზვერვო ამოცანებს. სწორედ მათ აღმოაჩინეს საბჭოთა ტანკერი „გროზნი“, რომელზეც შემდეგ ამერიკული საესკადრო ნაღმოსანი გაიყვანეს.
მფრინავი ტანკერი KC-97

სტრატეგიული შორმფრენი მზვერავი RB-47

ზღვებისა და ოკეანეების თავზე დამრტყმელი ამოცანების დამუშავებისა და შესრულების ფუნქციებს ამერიკული სამხედრო-საჰაერო ძლები 1975 წლიდან დაუბრუნდნენ, რაც ინდოეთ-პაკისტანისა და, განსაკუთრებით, 1973 წლის არაბეთ-ისრაელის ომებში საბჭოთა ხომალდების მნიშვნელოვანი აქტიურობით იყო გამოწვეული: ამერიკელებმა გადაწყვიტეს, საბჭოთა ფლოტისთვის სერიოზულად მოეკიდათ ხელი. ყველაფრის ჩამოთვლა, რის განხორციელებაც დაგეგმეს და, საბოლოოდ, განახორციელეს კიდეც, ამ ერთ სტატიაში არ დაეტევა, მაგრამ მათი ერთ-ერთი ქმედება საბჭოთა ფლოტის წინააღმდეგ არა მხოლოდ საკუთარი ფლოტის, არამედ სამხედრო-საჰაერო ძალების (მოგვიანებით კი - საკუთარი სანაპიროს დაცვის ძალებისაც) მოქმედების ინტენსიურობის რადიკალური გაზრდის გადაწყვეტილება იყო.
ამერიკელები, რასაკვირველია, ყოველთვის უფრო ძლიერები იყვნენ, ვიდრე - საბჭოთა კავშირი და, შესაბამისად, მეტოქის წინააღმდეგ არა მხოლოდ სიმეტრიულ (უფრო მეტი ხომალდის აგება, უფრო მეტი ტექნოლოგიური, საორგანიზაციო და ლოჯისტიკური უპირატესობა და ა.შ.), არამედ ასიმეტრიულ მეთოდებსაც იყენებდნენ.
სწორედ ერთ-ერთი ასეთი ასიმეტრიული მეთოდი იყო საზღვაო დამრტყმელი ამოცანების გადასაჭრელად სამხედრო-საჰაერო ძალების შესაძლებლობების და, პირველ რიგში, მრავალძრავიანი ბომბდამშენების პოტენციალის მობილიზება. იდეის ავტორი პრეზიდენტ ჯერალდ ფორდის ადმინისტრაციის თავდაცვის სახელმწიფო მდივანი ჯეიმს შლეზინგერი იყო, რომელმაც „ჰარპუნის“ მოდელის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებით სტრატეგიული B-52-ების შეიარაღების მოსაზრება წამოაყენა. იმავე წელს ჩამოყალიბდა სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალების ერთობლივი მუშა ჯგუფები, რომლებმაც დეტალურად განსაზღვრეს შეიარაღებული ძალების ხსენებულ გვარეობებს შორის ურთიერთქმედების მექანიზმები საბჭოთა ფლოტის წინააღმდეგ მიმართულ ოპერაციებში.
1975 წლიდან ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალების სტრატეგიულ საავიაციო სარდლობას დაქვემდებარებულ ბომბდამშენთა ეკიპაჟები დანაღმული ველების მოწყობაში, საზღვაო დაზვერვასა და სამხედო-საზღვაო ძალების მოთხოვნით წყალზედა სამიზნეებზე სარაკეტო დარტყმებში ინტენსიურ ვარჯიშებს შეუდგნენ.
პირველი და უმთავრესი ამოცანა საზღვაო სამიზნეების ძებნისა და სამხედრო-საზღვაო ძალებთან ურთიერთქმედების უნარების გამომუშავება, ჩამოყალიბება და განმტკიცება იყო. შემდეგ უკვე ტაქტიკური მოდელის დამუშავების ჯერი დგებოდა, რომლის კონტურებიც ისედაც უკვე ცხადი იყო და, ბოლოს, ბომბდამშენთა მიერ ამგვარი ამოცანების შესრულებაში მზადყოფნის ზრდასთან ერთად, მათი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებით შეიარაღებაც ხდებოდა შესაძლებელი.
ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალების სტრატეგიული საავიაციო სარდლობა სრულიად დამსახურებულად ამაყობდა თავისი პილოტების კლასითა და პროფესიონალიზმის დონით. ისინი მართლაც ძალიან კარგად იყვნენ მომზადებულები ყველა კუთხით, რაც მრავალი ფაქტორის ერთობლიობით იყო გამოწვეული: გამუდმებული ტრენინგები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და სრულყოფილი საბჭოთა საჰაერო თავდაცვის სისტემის გარღვევისთვის, ვიეტნამში ათწლიანი ომის გამოცდილება, ტექნიკა, რომელიც შექმნის მომენტიდანვე იყო საკმაოდ მოწინავე და სრულყოფილი და შემდგომი გაუმჯობესებისა და სრულყოფილებამდე მიყვანის პროცესი განუწყვეტლივ გრძელდებოდა, მეორე მსოფლიო ომის დროიდან მოყოლებული სტრატეგიული დაბომბვების მდიდარი გამოცდილება, ეკიპაჟების მასობრივი სიმამაცე და უშიშრობა პილოტებს მართლაც უმაღლესი კლასის პროფესიონალებად აყალიბებდა და, რადგან ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძლების პირადი შემადგენლობისთვის უორიენტირო ზედაპირის (ანუ - ზღვის და ოკეანის) თავზე ფრენა სტანდარტული ნორმა იყო (რადგან მათი სამიზნეები ძირითადად ოკეანის გაღმა იმყოფებოდა), ხოლო B-52-ის ნავიგაციური აპარატურა უმაღლესი დონის სიზუსტით გამოირჩეოდა, წყალზედა სამიზნეების ძებნის საწვრთნელი ფრენებში ამ ბომბდამშენთა პილოტებმა სწრაფად გამოიჩინეს თავი.
1976 წლიდან B-52-ებმა ამერიკისა და ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტებთან ერთობლივად  დაიწყეს ამერიკულ და ბრიტანულ ხომალდებზე ღია ოკეანეში „ნადირობის“ ამოცანების დამუშავება და ფლოტების იმ სხვადასხვა ხომალდებთან ურთიერთქმედების სქემებისა და სტანდარტების ჩამოყალიბება, რომლებიც მუდმივად იმყოფებოდნენ იმავე რაიონებში, რომლებშიც - საბჭოთა ფლოტის ხომალდები და ეს ამერიკული და ბრიტანული ხომალდები B-52-ების ეკიპაჟებს მიზნებს უთითებდნენ და მათზე გაჰყავდათ.
ოპერატიულობისა და ურთიერთქმედების დონის მაგალითად გამოდგება, ვთქვათ, იგივე 1979 წლის ირანის კრიზისი, როდესაც ისლამისტმა რევოლუციონერებმა ამერიკის საელჩო შტურმით აიღეს და პერსონალი მძევლებად აიყვანეს: დეკემბერში სამხრეთ დაკოტას შტატში მდებარე ავიაბაზა ელსუორთზე განლაგებული 28-ე ბომბდამშენი ავიაფრთის 37-ე ესკადრილიას ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალების სტრატეგიულმა საავიაციო სარდლობამ საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი გამოცდა მოუწყო, თანაც არ აუხსნეს, კონკრეტულად რომელ ამოცანას უკავშირდებოდა ეს: ნაწილის პირადი შემადგენლობა დააყენეს ფაქტის წინაშე, რომ ესკადრილია დაუყოვნებლივ უნდა გაშლილიყო გუამზე, წყნარ ოკეანეში. ამოცანის დასახვიდან 3 საათში 3 მფრინავი ტანკერი KC-135 უკვე ჰაერში იყო, კიდევ 3 საათში კი დავალებაზე პირველი B-52-ები გაფრინდნენ.
მფრინავი ტანკერი KC-135

37-ე ესკადრილია B-52H მოდიფიკაციის ბომბდამშენებით იყო შეიარაღებული, რომლებიც წინა მოდიფიკაციებზე ბევრად ეკონომიური, ორკონტურიანი ძრავებით იყვნენ აღჭურვილი და ამის ხარჯზე მათი ფრენის სიშორე საგრძნობლად მეტი იყო. H მოდიფიკაციის მანქანები კონკრეტულად ბირთვულ დაბომბვაზე იყო სპეციალიზირებული და, ამიტომ, გუამზე ყოფნის პირველი თვის განმავლობაში, 37-ე ესკადრილია თავისთვის სრულიად ახალ ამოცანებს ამუშავებდა: ეკიპაჟები დანაღმვაში, არაბირთვულ დაბომბვებსა და საზღვაო დაზვერვაში ვარჯიშობდნენ. მათთან ერთად ვარჯიშობდნენ სხვა საავიაციო ნაწილების ეკიპაჟები და „ადგილობრივებიც“, რაც დაახლოებით 1 თვეს გაგრძელდა. შემდეგ უმრავლესობა ბაზირების მუდმივ ადგილს დაუბრუნდა, თუმცა რამდენიმე ეკიპაჟი დარჩა და ვარჯიში განაგრძო. ცოტა ხანში კი ახალი ამოცანაც დაისახა.
სტრატეგიული ბომბდამშენი B-52H

დაახლოებით ერთ კვირაში გუამზე ბაზირებულმა ბომბდამშენებმა უშუალოდ შტაბის უფროსთა გაერთიანებული სარდლობისგან მიიღეს ბრძანება საბჭოთა ფლოტის თვალთვალის შესახებ ინდოეთის ოკეანის სიღრმეში, სპარსეთის ყურეში. იმ პერიოდში ინდოეთის ოკეანეში ამერიკული 7-ე ფლოტი ოპერირებდა, რომელსაც განუწყვეტლივ უთვალთვალებდნენ საბჭოთა ხომალდები და Ту-95 მარკის სტრატეგიული ბომბდამშენები, რომლებიც, ამერიკელთა ინფორმაციით, ავღანეთიდან დაფრინავდნენ (ბაგრამის ავიაბაზას, რასაკვირველია, უკვე იმ დროს - 1979-1980 წლებში - თავისუფლად შეეძლო ასეთი კლასის ბომბდამშენების მიღება და გაშვება, თუმცა საკმაოდ საეჭვოა, რომ საბჭოთა ხელმძღვანელობა ამხელა რისკზე წასულიყო და თავისი სტრატეგიული ბირთვული ტრიადის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი საბჭოთა ტერიტორიის გარეთ ისეთი გაუმართლებელი რისკის ქვეშ დაეყენებინა, როგორსაც ავღანელი მოჯაჰედების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ბაგრამის ავიაბაზა და მისი შემოგარენი შეიცავდა). გაერთიანებული შტაბების სარდლობას საბჭოთა მხარისთვის (და, მათთან ერთად, ირანელებისთვისაც) უნდოდა ეჩვენებინა, რომ ამერიკული სტრატეგიული ძლევამოსილება ასეთ მანძილზეც კი უპრობლემოდ მისწვდებოდა მათ.
სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-95

37-ე ესკადრილიისა და გუამზე ბაზირებული ნაწილების გაერთიანებულმა შტაბმა ერთ ღამეში დაგეგმა ეს უმნიშვნელოვანესი ოპერაცია და უკვე მეორე დილით, ადრიანად შეუდგა მის განხორციელებას. რადგან საბჭოთა მხარე თავისი სათევზაო (სინამდვილეში - რადიოელექტრონული და ვიზუალური დაზვერვის) ტრაულერებიდან გამუდმებით უთვალთვალებდა გუამის ამერიკულ ბაზას, ორი B-52 ჯერ კიდევ ღამით აფრინდა ICAO-ს (International Civil Aviation Organizacion - სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) საფრენოსნო გეგმით დიეგო-გარსიასკენ მიმავალი KC-135 მფრინავი ტანკერების ნიღაბქვეშ. ბომბდამშენთა შეიარაღების ოპერატორებს ინსტრუქციები მიეცათ, არ ჩაერთოთ დამიზნების რადიოელექტრონული მოწყობილობები, ხოლო შტურმანებს ებრძანათ, მხოლოდ ის რადიოელექტრონული სიხშირეები გამოეყენებინათ, რომლებზეც KC-135 მფრინავი ტანკერები ჩვეულებრივ მუშაობდნენ ხოლმე.
ეს ოპერაცია ტრიუმფალური წარმატებით დამთავრდა: უკვე ინდოეთის ოკეანეში B-52-ებმა 7-ე ფლოტის ხომალდებისგან მიიღეს საბჭოთა ხომალდების ზუსტი კოორდინატები რეალურ დროში და პელენგი მათზე და, როდესაც ამერიკულმა ბომბდამშენებმა პირველად გადაიფრინეს მათ თავზე, საბჭოთა ხომალდების ეკიპაჟების დიდი ნაწილი უდარდელად იყო გემბანებზე გამოფანტული, რადგან დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათ თავიანთი Ту-95-ები უახლოვდებოდნენ, ხოლო უკვე მეორე გადაფრენისას საბჭოთა ხომალდების გემბანები აბსოლუტურად ცარიელი იყო.
სტრატეგიული ბომბდამშენი B-52
საბჭოთა ავიამზიდი კრეისერი "კიევის"
(პროექტი 1143) თავზე: ხედი მეორე B-52-დან.

სტრატეგიული ბომბდამშენი B-52
საბჭოთა ავიამზიდი კრეისერი "კიევის"
(პროექტი 1143) თავზე: ხედი "კიევის" გემბანიდან.

ოპერაცია საერთო ჯამში 30 საათსა და 30 წუთს გაგრძელდა და B-52-ებს ჰაერში საწვავით გამართვა ხუთჯერ დასჭირდათ.
აღწერილის მსგავსი გაფრენები შემდგომში სულ უფრო ხშირად მეორდებოდა და ყოველ ჯერზე მათი სიშორე სულ უფრო იზრდებოდა. თანაც პილოტები ყოველი გაფრენისას ახალ და ახალ ამოცანებს ამუშვებდნენ და, ძირითადად, პირობითი მოწინააღმდეგის ხომალდებისკენ დაბალ სიმაღლეებზე გარღვევაში ვარჯიშობდნენ. თავიდან B-52-ები არ იყო ასეთი დაბალ სიმაღლეებზე ფრენისთვის შესაფერისი, თუმცა მოგვიანებით მათი რადიოელექტრონული მოწყობილობები და მართვის საშუალებები შესაბამის დონემდე იქნა მოდერნიზირებული, რის შემდეგაც ეკიპაჟების წვრთნების ინტენსიურობა კიდევ უფრო გაიზარდა: ითვლებოდა, რომ ასეთი დაბალ სიმაღლეებზე ფრენებისა და გარღვევების გარეშე საბჭოთა ტერიტორიის სიღრმეში სტრატეგიული დაბომბვებისთვის შეჭრა შეუძლებელი იყო. ხმელეთის თავზე ასეთი მოდენიზებული B-52-ების სათანადოდ გაწვრთნილ ეკიპაჟებს მაქსიმალურად შესაძლებელი სისწრაფით შეეძლოთ სულ რამდენიმე ასეული მეტრის სიმაღლეზე დამაჯერებლად ფრენა ბორტზე არსებული რადიოელექტრონული მოწყობილობებისა და საკუთარი უნარ-ჩვევების წყალობით.
საზღვაო ოპერაციებისთვის მზადების დასაწყისში B-52-ების ეკიპაჟები ზღვის დონიდან სულ რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლეზე დაფრინავდნენ, თანაც ბომბდამშენების ეკიპაჟები საკუთარივე ხომალდების გარშემო შემოფრენისას უჩვეულო პრობლემებსაც აწყდებოდნენ. მაგალითდ, ერთ-ერთ სადესანტო ხომალდ-შვეულმფრენმზიდის გარშემო შემოფრენისთვის მომზადებისას ბომბდამშენის პილოტმა ხომალდის სამეთაურო ხიდურს ჰკითხა, თქვენი ხომალდის ანძის მაქსიმალური სიმაღლე რამდენიაო, თუმცა ზუტი პასუხი ვერ მიიღო, რადგან შვეულმფრენმზიდის და, ზოგადად, ყველა ხომალდის ანძის კენწეროსა და ზღვის დონეს შორის მანძილი ხომალდის დატვირთვაზეა დამოკიდებული, თუმცა არასდროს აღემატება ხოლმე 50 მეტრს. ამგვარად, საკუთარი ხომალდების შემოფრენისასაც კი B-52-ების მიერ ანძაზე გამოდების საფრთხე საკმაოდ რეალური იყო, რადგან ფრენის სიმაღლე სულ რამდენიმე ათეულ მეტრს თუ ითვლიდა. გასაოცარია, საერთოდ რას ახერხებდა ეს 250-ტონიანი, რვაძრავიანი ბომბდამშენი ამგვარ მინიმალურ სიმაღლეებზე, მით უმეტეს, რომ კონსტრუქციულად მასში საერთოდ არ იყო გათვალისწინებული ასეთი სიმაღლეებზე და ასეთი მანევრირებებით ფრენა.
1980 წელი: B-52-ების წყვილი ავიამზიდ
"მიდუეის" შემოფრენისას: ხედი "მიდუეის" გემბანიდან.
რამდენიმეწლიანი ინტენსიური ვარჯიშების შემდეგ B-52-ების ეკიპაჟების მიერ ხომალდებთან „მიპარვის“ უნარ-ჩვევებმა პრაქტიკულად ფანტასტიურ დონეს მიაღწია.
1990 წლის გაზაფხულზე სპარსეთის ყურეში მყოფ ამერიკულ ავიამზიდ „რეინჯერს“ სადაზვერვო-საწვრთნელ გაფრენაში მყოფმა B-52-მა ხომალდის გარშემო საწვრთნელი შემოფრენის ნებართვა სთხოვა.
ნებართვა მიცემული იქნა და სულ ცოტა ხანში ის დიალოგიც შედგა, რომელიც შემდგომში ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალების ლეგენდად იქცა:
„ავიამზიდი „რეინჯერი“: შეგვატყობინეთ, სად იმყოფებით.
B-52: თქვენგან ხუთ მილში ვართ.
ავიამზიდი „რეინჯერი“: ვიზუალურად ვერ გხედავთ.
B-52: ქვემოთ ჩაიხედეთ.“
...და „რეინჯერიდანაც“ ჩაიხედეს.
B-52 ავიამზიდ "რეინჯერის" შემოფრენისას:
ხედი ავიამზიდის ესკორტის ხომალდიდან.

B-52 ავიამზიდ "რეინჯერის" შემოფრენისას:
ხედი ავიამზიდის გემბანიდან.

მსგავსი გავლა ზედაპირის რელიეფის მიმყოლი სისტემით აღჭურვილი, შესაბამისი აეროდინამიკის მქონე, სპეციალიზებული თვითმფრინავისა და მისი ეკიპაჟისთვისაც კი სერიოზული გამოცდაა, აქ კი იგივეს სტრატოსფეროში საფრენად დაპროექტებული და აგებული გიგანტური მრავალმოტორიანი სტრატეგიული ბომბდამშენი ასრულებდა.
მალე ასეთივე გაფრენა ავიამზიდ „ინდეპენდენსთანაც“ იქნა შესრულებული.
B-52 ავიამზიდ "ინდეპენდენსის" შემოფრენისას:
ხედი ავიამზიდის გემბანიდან.

ყოველივე ეს ცხადად აჩვენებს, რამდენად სერიოზულად მიუდგა ამერიკის სტრატეგიული საავიაციო სარდლობა მრავალმოტორიანი მძიმე ბომბდამშენების საზღვაო ოპერაციებში გამოყენებას... თუმცა ეს ყველაფერი სავარაუდო მოწინააღმდეგის ტერიტორიის სიღრმეში გაჭრისა და დაბომბვისთვის იყო საჭირო მაშინ, როდესაც B-52-ების საზღვაო მიზნებზე შეტევისთვის მომზადების ინიციატორებს სულ სხვა გეგმები ჰქონდათ.
B-52-ების საბჭოთ ხომალდებისკენ გარღვევისა და მათზე დარტყმის ტაქტიკური სქემები სტრატეგიული ბომბდამშენების ეკიპაჟების მიერ საზღვაო სამიზნეების ძიებისა და როგორც ამერიკულ, ასევე - მოკავშირეთა სამხედრო-საზღვაო ფლოტებთან ერთობლივი მოქმედებების დამუშავებისა და ათვისების პარალელურად მიმდინარეობდა.
ოპერაციების კონცეფცია იმაში მდგომარეობდა, რომ საზღვაო მიზნების შეტევისთვის გამოყოფილი B-52-ები ფლოტის შორეული მოქმედების რადიოლოკაციური აღმომჩენების E-2-ებისა და „ორიონების“, ანდა ბევრად შთამბეჭდავი შესაძლებლობების მქონე შორეული მოქმედების რადიოლოკაციური აღმომჩენების E-3-ების მიერ მიწოდებული გამიზვნის ინფორმაციითა და დამიზნებით საბჭოთა წყალზედა ძალებს უტევდნენ.
შორი რადიოლოკაციური
აღმოჩენის თვითმფრინავი E-2

საპატრულო-სამაშველო
თვითმფრინავი P-2 Orion

შორი რადიოლოკაციური
აღმოჩენის თვითმფრინავი E-3
ათამდე B-52 უკიდურესად დაბალ სიმაღლეებამდე ჩადიოდა, სხვადასხვა მიმართულებებიდან უახლოვდებოდა სამიზნეს და ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა „ჰარპუნების“ მასირებულად გაშვებას ახორციელებდა, რაც მოწინააღმდეგის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მკვეთრ და სწრაფ გადატვირთვასა და გარღვევას გამოიწვევდა: როგორც B-52-ები ზღვის თავზე, დაბალ სიმაღლეებზე ფრენისა და დაზვერვის წარმოების გამოცდილება აჩვენებს, ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენების მოქმედების ასეთი სცენარის ალბათობა საკმაოდ მაღალი იყო.
1983 წლიდან B-52-ების „ჰარპუნებით“ აღჭურვა დაიწყეს. პირველ ეტაპზე ეს ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები G მოდიფიკაციის B-52-ებმა მიიღეს, როგორც უფრო ნაკლებად ღირებულებმა, ვიდრე - უფრო ეკონომიური ძრავებიანმა და, შესაბამისად, ფრენის უფრო დიდი სიშორის მქონე H მოდიფიკაციის B-52-ებმა, რომლებსაც სხვადასხვა სახის, მ.შ. ბირთვული ბომბებითა და ფრთოსანი რაკეტებით შეეძლოთ საბჭოთა კავშირის ტერიტორიები შეტევა. ამ მომენტისთვის ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენები აბსოლუტურად მზად იყვნენ ნებისმიერი სირთულის საბრძოლო ამოცანის შესასრულებლად. B-52-ების ჯგუფები ამერიკის ტერიტორიაზე, მენის შტატში და წყნარ ოკეანეში, გუამის ავიაბზაზე იყვნენ განლაგებულნი.
სტრატეგიული ბომბდამშენი B-52G

სტრატეგიული ბომბდამშენი B-52G
ფრთისქვეშ 6 ხომალდსაწინააღმდეგო
რაკეტა AGM-84 Harpoon-ით.

ხომალდსაწინააღმდეგო
რაკეტა AGM-84 Harpoon-ების
განლაგება B-52-ის ფრთისქვეშ.
იქნებოდა თუ არა აღწერილი ტიპის ოპერაციები ეფექტური და წარმატებული, ამის თაობაზე ჯერ კიდევ „ცივი ომის“ აპოთეოზისას, 1987 წელს ჩაატარა ამერიკის სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალების ოფიცერთა ერთობლივმა ჯგუფმა სპეციალური კვლევა - B-52 Maritime operations: the anti-surface warfare mission („B-52 საზღვაო ოპერაციებში: წყალზედა ძალებთან ბრძოლის ამოცანები“), რომელიც მაშინ უკიდურესად საიდუმლო იყო, ახლა კი უკვე მოხსნილი აქვს საიდუმლოების გრიფი და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ღია წყაროებშიც იყო ხელმისაწვდომი. ამ კვლევის დასკვნები შემდეგნაირი იყო.

საბჭოთ წყალზედა შენაერთების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის შესაძლებლობების შეფასება მათზე სტრატეგიული ბომბდამშენების შეტევისას.

ხსენებული ამერიკული კვლევა მრავალ საკითხს აშუქებს, ამჯერად კი მხოლოდ ერთს განვიხილავთ: როგორ აფასებდა ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძლები საბჭოთა მხარეს წინააღმდეგობის გაწევის თვალსაზრისით. მრავალწლიანი მუშაობის შედეგად მოპოვებულ სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით ამერიკელებმა ცალკე აღებული საბჭოთა ხომალდის საბრძოლო მდგრადობის თაობაზე შემდეგნაირი დასკვნები გააკეთეს:

ცხრილი 1:

რაკეტა „ჰარპუნების“ რაოდენობა, რომელიც საჭიროა საბჭოთა სამხედრო-საზღვაო ფლოტის ცალკეული ხომალდების გასანადგურებლად.

ხომალდის ტიპი

ხომალდის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გასარღვევად საჭირო ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების რაოდენობა

მიზანში მოხვედრილი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების რაოდენობა, რომელიც საკმარისია მიზნის გარანტირებულად გასანადგურებლად

საჭირო ზალპი

58 პროექტის სარაკეტო კრეისერი

1

2-3

3-4

1134 პროექტის სარაკეტო კრეისერი

1

3

4

1123 პროექტის ნავსაწინააღმდეგო კრეისერი

2

4

6

1134A პროექტის დიდი ნავსაწინააღდეგო ხომალდი

4

3

7

1135 პროექტის დიდი ნავსაწინააღმდეგო ხომალდი

3

2

5

68-бис პროექტის კრეისერი

3

5

8

1134Б პროექტის დიდი ნავსაწინააღმდეგო ხომალდი

6

4

10

1143 პროექტის მძიმე ავიამზიდი კრეისერი

8

7

15

1144 პროექტის მძიმე ატომური სარაკეტო კრეისერი

12

5-6

17-18


ცხრილი 2:

რაკეტა „ჰარპუნების“ რაოდენობა, რომელიც საჭიროა ესკორტის სამი ხომალდით დაცული საბჭოთა სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდების გასანადგურებლად.

ხომალდის ტიპი - მთავარი მიზანი ორდერში

მთავარი მიზნის გასანადგურებლად საჭირო ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების რაოდენობა

სრული ზალპი

58 პროექტის სარაკეტო კრეისერი

3

9

1134 პროექტის სარაკეტო კრეისერი

4

12

1123 პროექტის ნავსაწინააღმდეგო კრეისერი

6

19

1134A პროექტის დიდი ნავსაწინააღდეგო ხომალდი

7

23

1135 პროექტის დიდი ნავსაწინააღმდეგო ხომალდი

5

16

68-бис პროექტის კრეისერი

8

26

1134Б პროექტის დიდი ნავსაწინააღმდეგო ხომალდი

10

33

1143 პროექტის მძიმე ავიამზიდი კრეისერი

15

51

1144 პროექტის მძიმე ატომური სარაკეტო კრეისერი

18

62


ცხრილი 3:

რაკეტა „ჰარპუნების“ რაოდენობა, რომელიც საჭიროა ესკორტის სხვადასხვა რაოდენობის ხომალდებით დაცული საბჭოთა სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდების გასანადგურებლად.

ხომალდის ტიპი - მთავარი მიზანი ორდერში

დაცვის ხომალდების რაოდენობა

მთავარი მიზნის გასანადგურებლად საჭირო ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების რაოდენობა

სრული ზალპი

1123 პროექტის ნავსაწინააღმდეგო კრეისერი

3

6

19

1123 პროექტის ნავსაწინააღმდეგო კრეისერი

5

6

26

1123 პროექტის ნავსაწინააღმდეგო კრეისერი

7

6

32

1134 პროექტის სარაკეტო კრეისერი

3

10

33

1134 პროექტის სარაკეტო კრეისერი

5

10

46

1134 პროექტის სარაკეტო კრეისერი

7

10

57

1143 პროექტის მძიმე ავიამზიდი კრეისერი

3

15

51

1143 პროექტის მძიმე ავიამზიდი კრეისერი

5

15

71

1143 პროექტის მძიმე ავიამზიდი კრეისერი

7

15

91


მართალია დოკუმენტში არაა განმარტება ან მეთოდოლოგია, რა სახის ხომალდი ან ხომალდები განიხილება ტერმინში „ესკორტი“, თუმცა, უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს ერთგვარად გასაშუალოებული მონაცემებია, რომლებიც რეალობისგან პრაქტიკულად არაა აცდენილი.
58 პროექტის სათავო სარაკეტო კრეისერი "გროზნი"

1134 პროექტის სათავო სარაკეტო კრეისერი
"ადმირალ ზოზულია"

1123 პროექტის სათავო
ნავსაწინააღმდეგო კრეისერი "მოსკვა"

1135 პროექტის სათავო დიდი ნავსაწინააღმდეგო
ხომალდი "ბდიტელნი"

68 бис პროექტის სათავო მსუბუქი
კრეისერი "სვერდლოვი"

1143 პროექტის სათავო მძიმე
ავიამზიდი კრეისერი "კიევი"

1144 პროექტის სათავო მძიმე ატომური
სარაკეტო კრეისერი "კიროვი"
ნებისმიერ B-52-ს, რომელიც ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებით იყო აღჭურვილი, ფრთისქვეშა პილონებზე 12-მდე ასეთი რაკეტა ჰქონდა განლაგებული (6-6 - ყოველ მხარეზე): ასეთი მოდიფიცირება გაიარა ყველა ბომბდამშენმა, რომელიც საზღვაო ოპერაციებში მონაწილეობდა, თუმცა ზემოთნახსენები კვლევა ამბობს, რომ ყოველ B-52-ზე დამატებით კიდევ 8 რაკეტა შეიძლებოდა განთავსებულიყო ბომბების ნაკვეთურში „მინიმალური სრულყოფის ფასად“ და ამ შემთხვევაში ბომბდამშენებს 20-მდე რაკეტის ტარება შეეძლოთ. ამგვარად, თუკი ამერიკულ კვლევას დავეყრდნობით, ათი B-52-ისგან შემდგარ ჯგუფს ნებისმიერი საბჭოთა სახომალდო ჯგუფის ნებისმიერი სიმძლავრის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის გარანტირებულად გარღვევა შეეძლო.
ამავე კვლევაში ამერიკელები ხაზს უსვამენ, რომ ყოველივე ზემოთჩამოთვლილი სწორია იმ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტისთვის, რომლის თვითდამიზნების თავაკმაც მისი „ხედვის“ არეალში მოხვედრილი პირველივე სამიზნე ჩაიჭირა. ხოლო თუკი ვივარაუდებთ, რომ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტის თვითდამიზნების თავაკი სამიზნეების სელექციას აწარმოებს, მთავარი მიზნის გასანადგურებლად გასროლილი რაკეტების ხარჯი გაცილებით ნაკლები იქნება.

ცხრილი 4:

რაკეტა „ჰარპუნების“ რაოდენობა, რომელიც საჭიროა ესკორტის სამი ხომალდით დაცული საბჭოთა სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდების გასანადგურებლად, როდესაც ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტის თვითდამიზნების თავაკი აწარმოებს სელექციას და ემიზნება მთავარ სამიზნეს.

ხომალდის ტიპი - მთავარი მიზანი ორდერში

მთავარი მიზნის გასანადგურებლად საჭირო ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების რაოდენობა

სრული ზალპი

1123 პროექტის ნავსაწინააღმდეგო კრეისერი

6

12

1134 პროექტის სარაკეტო კრეისერი

10

19

1143 პროექტის მძიმე ავიამზიდი კრეისერი

15

29


მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ, განსხვავებით საბჭოთა მხარისგან, ამერიკელები აღნიშნავენ ხოლმე არა „მთავარ სამიზნეს“, არამედ - „მაღალი ღირებულების ერთეულს“ (HVU – High Value Unit). თუკი ასეთი ერთეული მოწინააღმდეგის სახომალდო ორდერში ერთია, ის „მთავარი სამიზნის“ საბჭოთა განსაზღვრებას დაემთხვევა, თუმცა ამერიკელთა აზრით სახომალდო ორდერში სრულიად შესაძლებელია, რამდენიმე მაღალი ღირებულების ერთეული ერთდროულადაც იყოს.
კვლევის ერთ-ერთი შუალედური დასკვნა საკმაოდ საინტერესოა: „დასკვნა ნათელია:
ზღვაზე ომის ნებისმიერი სცენარისას წყალზედა საბრძოლო ჯგუფებისათვის „ჰარპუნებით“ შეიარაღებული B-52-ების მიცემა სულაც არაა გაუმართლებელი ფუფუნება. რამდენიმე მაღალი ღირებულების ერთეულიანი და ესკორტის ხომალდებიანი დიდ საბჭოთა სახომალდო ჯგუფზე პრევენციული დარტყმის პროცესში B-52-ების საცეცხლე ძლევამოსილების დამატება შეიძლება აბსოლუტურად აუცილებელი იყოს ინიციატივის ხელში ჩაგდებისა და ბრძოლაში გამარჯვებისთვის“.
მთელი ზემოთჩამოთვლილი რესურსებისა და საკითისადმი ამერიკელთა მიდგომის სერიოზულობის მიუხედავად, მათ „საზღვაო“ ბომბდამშენებს ბრძოლა, საბედნიეროდ, არ მოუწიათ: „ცივი ომი“ დამთავრდა. 90-იანების დასაწყისში B-52-ების საზღვაო მიზნებიზე დარტყმების ამოცანებისკენ მიმართვა დასრულდა, ხოლო როდესაც
G
მოდიფიკაციის ბომბდამშენები შეიარაღებიდან მოხსნეს, დანარჩენი B-52-ების მოდერნიზაცია ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების გამოყენების მიმართულებით აღარ მომხდარა. სტრატეგიულმა საავიაციო სარდლობამ წყალზედა მიზნებზე ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებით შეტევის შესაძლებლობა დაკარგა: 90-იან წლებში ამერიკელებს ეს, უბრალოდ, აღარ სჭირდებოდათ. თუმცა ეს სულაც არ ყოფილა ამერიკის სტრატეგიული ავიაციის დამრტყმელ საზღვაო ოპერაციებში გამოყენების ისტორიის დასასრული: კიდევ ერთი თავი სწორედ ახლა, ამერიკისა და ჩინეთის ელვისსისწრაფით მზარდი საზღვაო პაექრობის პირობებში იწერება.