Tuesday, April 30, 2019

ერთადერთი და განუმეორებელი
(საბჭოთა/რუსული ავიამზიდი კრეისერის პერსპექტივები)

2017 წლის ბოლოს სირიის ნაპირებიდან რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის შემადგენლობაში დაბრუნებული მრავალტანჯული ავიამზიდი კრეისერი "ადმირალი კუზნეცოვი" სარემონტოდ დადგა როსლიაკოვოში, 82-ე გემსარემონტო ქარხანაში (მურმანსკი).

აღსანიშნავია, რომ ხომალდის ტექნიკური მდგომარეობა ჯერ კიდევ 2016 წლის შემოდგომაზე, სირიაში წასვლის წინ იდგა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ, თუმცა მაშინ ის ლაშქრობა პოლიტიკური მოსაზრებებით ჩაითვალა აუცილებლად და ხომალდი სირიაში წავიდა. ამჯერად არ მოვყვები "კუზნეცოვის" სირიაში მოქმედების პერიპეტიებსა და დეტალებს, რადგან ეს არაა ამ ტექსტის თემა. მსჯელობას იმ მომენტიდან შევუდგები, როდესაც ავიამზიდი კრეისერი სარემონტო ქარხანაში დადგა.



ფოტოებზე კარგად ჩანს ავიამზიდი კრეისერის საკვამურიდან ამომავალი შავი კვამლი - "ადმირალ კუზნეცოვის" ძრავების დანადგარის ტექნიკური პრობლემების თვალნათელი მაგალითი.

მძიმე ავიამზიდი კრეისერი "ადმირალი კუზნეცოვი" მცურავ დოკ ПД-50-ში

რემონტი ხანგრძლივ პერიოდზე იყო გათვლილი - 2021 წლამდე, თუმცა 2018 წლის 29-30 ოქტომბრის ღამეს მცურავ დოკზე, რომელშიც უკვე შეყვანილი და აწეული იყო "ადმირალი კუზნეცოვი", მოულოდნელად შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება ნაპირიდან, რის გამოც დაიწყო დოკის ორიდან ერთ-ერთი კოშკის უკონტროლო ჩაძირვა. იმის გამო, რომ დოკის მოტორისტთა გუნდის რაოდენობა, ეკონომიის მიზნით, მინიმუმამდე იყო შემცირებული, ხოლო საკუთრივ დოკზე არსებული და მისი ავტონომიური ფუნქციონირებისთვის საჭირო დიზელ-გენერატორებისთვის საწვავის შეძენა ასევე ეკონომიის მიზნით არ ხდებოდა, მცურავმა დოკმა ვერ შეძლო საკუთარ ელექტრომომარაგებაზე გადასვლა და მასში მყოფ "ადმირალ კუზნეცოვთან" ერთად დაიწყო ჩაძირვა. დოკის ერთ-ერთ კოშკზე დამონტაჟებული 50-ტონიანი კოშკურა ამწე წაიქცა, ჩაანგრია საფრენი გემბანი და კიდევ რამდენიმე ნაკვეთური ხომალდის კიჩოზე და ბორტის წყალზედა ნაწილში 20 კვადრატული მეტრის ფართობის ნახვრეტი გააკეთა.
"ადმირალ კუზნეცოვის" ბორტზე მყოფმა მისი ეკიპაჟის ნაწილმა ხომალდის სიცოცხლისუნარიანობისთვის დაიწყო ბრძოლა და ავიამზიდი კრეისერი, საბოლოოდ, ჩაძირვას გადაურჩა, რასაც ვერ ვიტყვით მცურავ დოკ ПД-50-ზე: ის ჩაიძირა.
აქვე რამდენიმე სიტყვას ვიტყვი მართლაც უნიკალურ ПД-50-ზე.
დოკი 1979 წელს ააგეს შვედეთში საბჭოთა სამხედრო-საზღვაო ფლოტისთვის და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეს მცურავი ნაგებობა მართლაც გრანდიოზული და უნიკალურია: მისი სიგრძე 330 მეტრს შეადგენს, სიგანე - 88 მეტრს (კოშკებს შორის შიდა დაშორება - 67 მეტრს), წყალწყვა - თითქმის 216 ათას ტონას, ტვირთამწეობა - 80 ათას ტონას. აქვს ორი 50-ტონიანი კოშკურა ამწე, 4 დიზელის ძრავა გადასაადგილებლად და 4 დიზელ-გენერატორი ელექტროენერგიით უზრუნველყოფისთვის (რომლებიც, რეალობაში, უფუნქციო გამოდგა), ეკიპაჟი - 175 კაცი. დოკის დანიშნულებაა 25 ათას ტონაზე მეტი ხომალდების მომსახურება და მათი რემონტის უზრუნველყოფა.
ПД-50-ის ჩაძირვას მისი ეკიპაჟიდან ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, კიდევ 4 კი მძიმედ დაშავდა.
მარცხნივ - ჩაძირული მცურავი დოკი ПД-50

ჩაძირვას გადარჩენილი "ადმირალი კუზნეცოვი" ბუქსირებით გადაიყვანეს 35-ე გემსარემონტო ქარხნის ნავმისადგომთან.
არა, სარემონტოდ - არა: უბრალოდ, სწორედ იქაა მისი საშტატო სადგომი. წაქცეული კოშკურა ამწის კონსტრუქცია კი დღემდეა გარჭობილი მის გემბანში.
ახლა კი - ანალიზი.
ავიამზიდი კრეისერის დოკირების უკვე დაწყებული სამუშაოების დასასრულებლად დოკია საჭირო (დოკირება ხომალდის წყალქვეშა ნაწილის დასათვალიერებლად, გასაწმენდად, სარემონტოდ და სამღებრო სამუშაოების შესასრულებლად ხდება). თანაც აქ კიდევ ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ნიუანსია: "კუზნეცოვის" დოკირებისას გარკვეული სახის სამუშაოების შესრულებისთვის ხომალდიდან ყველა სახოფი ხრახნის მოხსნა გახდა საჭირო და... ეს ხრახნები ПД-50-თან ერთად ჩაიძირა.
ამგვარად, რუსეთის ფლოტისა და პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის გაჩნდა ორი მეტად არასასიამოვნო ალტერნატივა: ან დაამზადონ ახალი ხრახნები, ან რამენაირად ამოიღონ წყლიდან ძველები. თუმცა, ხრახნები რომც იყოს, "კუზნეცოვზე" მათი დაყენება გამორიცხულია მცურავი ან მშრალი (სტაციონარული) დოკის გარეშე, რომლის საშუალებითაც ხომალდის წყალქვეშა ნაწილზე იქნება შესაძლებელი სამუშაოების წარმოება.
დოკი კი არაა.
რა თქმა უნდა, რუსეთში ჰყავთ კიდევ ერთი, ПД-50-ის თითქმის ანალოგიური შესაძლებლობების მქონე დოკი - ПД-41, თუმცა ეს დოკი, რომელიც 1978 წელს ააგეს იაპონიაში, ვლადივოსტოკში დგას და რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის ინტერესებს ემსახურება. თეორიულად, რასაკვირველია, სავსებით შესაძლებელია ПД-41-ის გადაყვანა წყნარი ოკეანიდან ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში. მაგრამ ეს - მხოლოდ თეორიულად. როგორ უნდა განხორციელდეს ეს პრაქტიკულად, ამაზე წარმოდგენა, ალბათ, მსოფლიოში არავის აქვს. მით უმეტეს, თუკი ფოტოს მიხედვით მაინც შევაფასებთ ПД-41-ის ტექნიკურ მდგომარეობას. თანაც, რომ გადაიყვანონ, წყნარი ოკეანის ფლოტის ხომალდებმა რაღა ქნან, როგორ გარემონტდნენ? ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში იარონ?
მცურავი დოკი ПД-41

რუსეთისთვის ორი ალტერნატივა არსებობს: ან ჩაძირული ПД-50 ამოყვანა, ან ახალი დოკის აგება.
როგორ უნდა ააგონ რუსეთში 200 ათას ტონაზე გაცილებით მეტი წყალწყვის, რამდენიმე ასეული მეტრის სიგრძის უნიკალური კონსტრუქციის მცურავი დოკი მაშინ, როდესაც ასჯერ ნაკლები წყალწყვის და სამჯერ ნაკლები სიგრძის კორვეტების მშენებლობაშიც დიდი პრობლემები აქვთ, ცალკე საუბრის თემაა და, გულახდილად რომ ვთქვათ, მათთვის პრაქტიკულად შეუძლებელია, მით უმეტეს, რომ ასეთი ნაგებობები რუსეთსა და საბჭოთა კავშირშიც კი ისტორიაში არასდროს აუგიათ.
იაპონელები? მეტად საეჭვოა: ПД-41-ის ექსპლუატირების დაწყებისთანავე ჰქონდა სსრ კავშირს პრობლემები იაპონიასთან. თავის დროზე ამომავალი მზის ქვეყანაში ბრეჟნევის მთავრობამ ПД-41-ის ტიპის 5 დოკი შეუკვეთა, თუმცა იაპონელები მათ მშენებლობას მხოლოდ იმ პირობით დათანხმდნენ, რომ მათში საბრძოლო ხომალდები არ გარემონტდებოდა. საბჭოთა მხარემ, რასაკვირველია, სიამოვნებით მოაწერა ამგვარი შეზღუდვის მატარებელ კონტრაქტს ხელი და ხუთივე დოკის სრული ღირებულება მთლიანად გადაიხადა, მაგრამ როგორც კი ПД-41 მიიღეს, მასში თითქმის მაშინვე შეაცუნცულეს საბრძოლო ხომალდი (მძიმე ავიამზიდი კრეისერი "მინსკი"), რის გამოც იაპონელებმა დაუყოვნებლივ გაწყვიტეს კონტრაქტი და საბჭოთა კავშირი ხუთის ფასად მხოლოდ ერთ დოკს დასჯერდა.
საბჭოთა მძიმე ავიამზიდი კრეისერი "მინსკი"

შვედეთი ან, ვთქვათ, ნორვეგია, რომლებიც საკმაოდ კვალიფიციურად აგებენ ასეთ გრანდიოზულ მცურავ ნაგებობებს, რუსეთზე დაკისრებული სანქციების გამო, ძალიან დიდი ალბათობით არ მოჰკიდებენ ხელს მსგავს შეკვეთას.
ჩაძირული ПД-50-ს ამოყვანაზე თავად რუსი სპეციალისტებიც კი სევდიანად აქნევენ თავებს: მისი წყლიდან ამოყვანა საკუტარი, რუსეთის ძალებით შეუძლებელია, უცხოელები კი, მაგალითად - ჰოლანდიელები, რომლებმაც ტრაგიკულად დაღუპული ატომური "კურსკი" ამოიყვანეს ღია ზღვაში (სხვათაშორის, ამ წყალქვეშა ნავის სრული დემონტაჟი თავის დროზე სწორედ ПД-50-ზე განხორციელდა), დიდი ეჭვის თვალით უყურებენ მსგავს ავანტიურას როსლიაკოვოს თავთხელ წყლებში.

ატომური წყალქვეშა ნავის "კურსკის" უტილიზაცია ПД-50-ში

მივდივართ გარდაუვალამდე, რომელსაც, როგორც ჩანს, რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობაც აცნობიერებს: "ადმირალი კუზნეცოვი" ჩამოსაწერია. თანაც, თუკი რეალისტები ვიქნებით, რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტში კიდევ რამდენიმე კაპიტალური ხომალდია ჩამოწერის კანდიდატი, რადგან ისინიც ПД-50-ის მწყობრში ყოფნაზე იყვნენ ყოველთვის დამოკიდებული. ესენია: 1144 პროექტის ორივე მძიმე ატომური სარაკეტო კრეისერი - "პიოტრ ველიკი" და "ადმირალი ნახიმოვი" (ყოფილი საბჭოთა "კალინინი", რომელიც 1992 წლიდანაა "ხანგრძლივ" რემონტში), 1164 პროექტის სარაკეტო კრეისერი "მარშალი უსტინოვი", 1155 პროექტის დიდი ნავსაწინააღმდეგო ხომალდები "სევერომორსკი", "ადმირალი ლევჩენკო", "ადმირალი ხარლამოვი", "ადმირალი კულაკოვი", 1155.1 პროექტის დიდი ნავსაწინააღმდეგო ხომალდი "ადმირალი ჩაბანენკო".
მძიმე ატომური სარაკეტო კრეისერი "პიოტრ ველიკი"

მძიმე ატომური სარაკეტო კრეისერი
"ადმირალ ნახიმოვი"

სარაკეტო კრეისერი "მარშალ უსტინოვი"


დიდი ნავსაწინააღმდეგო ხომალდი "სევერომორსკი"


დიდი ნავსაწინააღმდეგო ხომალდი
"ადმირალ ლევჩენკო"


დიდი ნავსაწინააღმდეგო ხომალდი
"ადმირალ ხარლამოვი"


დიდი ნავსაწინააღმდეგო ხომალდი
"ადმირალ კულაკოვი"

დიდი ნავსაწინააღმდეგო ხომალდი
"ადმირალ ჩაბანენკო"

როგორც ჩანს, 30 წლის სამსახურის შემდეგ ავიამზიდი კრეისერი "ადმირალი კუზნეცოვი" ნემსებად დაიჭრება.
რუსეთის ფლოტი კი საერთოდ ავიამზიდების გარეშე დარჩება.