Friday, November 11, 2016

საბჭოთა სახაზო ხომალდები: დაუსაბუთებელი ამბიციები.
ნაწილი პირველი: "კრონშტადტის" ტიპის მძიმე (სახაზო) კრეისერები - პროექტი 69.

   XX საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისისათვის მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფოღა შემორჩა, რომლებსაც ხელეწიფებოდათ ისეთი რთული, ძვირადღირებული და სპეციფიური ნაგებობის შექმნა, როგორიც იყო სახაზო ხომლადი. ესენი ტრადიციული საზღვაო სახელმწიფოები გახლდათ: დიდი ბრიტანეთი, აშშ, იაპონია, საფრანგეთი და იტალია, რომლებთან პაექრობისთვისაც ემზადებოდა გერმანია.
      და საბჭოთა კავშირიც.
  უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ძირითადი საზღვაო სახელმწიფო (რასაკვირველია, პრეტენდენტების გამოკლებით) მთავარი სამხედრო-საზღვაო შეთანხმებით - 1922 წელს ხელმოწერილი ვაშინგტონის ათწლიანი ხელშეკრულებით იყო შებოჭილი, რომელიც განსაკუთრებით ზღუდავდა იმ დროის ძირითადი საბრძოლო ხომალდების კლასების - სახაზო ხომალდებისა და კრეისერების - როგორც რაოდენობას, ასევე - მათ უკიდურეს ზომებსა და სხვა პარამეტრებსაც. საკმარისია ითქვას, რომ ბრიტანული სახაზო ხომალდები "ნელსონი" და "როდნი", რომლებიც მწყობრში 1927-1928 წლებში ჩადგნენ და თავიანთი ყველა მონაცემით სრულად შეესაბამებოდნენ ვაშინგტონის ხელშეკრულების მოთხოვნილებებს, მთელი თავიანთი მძლავრი შეიარაღებისა და შთამბეჭდავი თავდაცვისუნარიანობის მიუხედავად, მაინც ვერ აღმოჩნდნენ სრულფასოვანი სახაზო ხომალდები იმ სახით, როგორც ეს მოცემულ პერიოდში მოიაზრებოდა. ვაშინგტონის ხელშეკრულებით ნებადართული 35-ათასტონიანი სტანდარტული წყალწყვის პირობებში ინგლისელმა კონსტრუქტორებმა მოახერხეს ცხრა 406 მმ-იანი ქვემეხისა და ადექვატური დაცვის ურთიერთბალანსის მიღება, რაც შეიარაღებისა და შეჯავშნის არატრადიციული სქემის გამოყენებით შეძლეს (მთავარი კალიბრის სამი სამქვემეხიანი კოშკი გორაკისებურად იყო განლაგებული და ხომალდის ცხვირისა და შუა ნაწილები ეკავა, რომელთა ქვემოთაც ბორტისა და გემბანების სქელი ჯავშნით დაცული საარტილერიო სარდაფები იყო).

  ამას ემატებოდა ინგლისური ხომალდებისათვის საერთოდ დამახასიათებელი მაღალი ზღვაოსნური თვისებები და ცურვის საკმაოდ სოლიდური სიშორეც. მაგრამ ყველა ხსენებულმა პარამეტრმა ხომალდის კორპუსის ზომებსა და წყალწყვაში აღარ დატოვა ადგილი სათანადო სიმძლავრის ისეთი ენერგეტიკული დანადგარისათვის, რომელიც ახალი ხომალდების თუნდაც პირველი მსოფლიო ომისდროინდელი ბრიტანულივე "ქუინ ელიზაბეტების" მსგავს 24,5-25-კვანძიან სისწრაფეს მაინც უზრუნველყოფდა. მართალია "ნელსონმა" და "როდნიმ" გამოცდებისას 22,5-23-კვანძიანი სისწრაფე აჩვენეს (რაც თავისთავადვეა უკიდურესად მოკრძალებული შედეგი თუნდაც იაპონური "ნაგატოების" 26,5-კვანძიანი სისწრაფის ფონზე), მაგრამ რეალური ექსპლუატაციის მთელი პერიოდის განმავლობაში (1946-1948 წლებამდე) არცერთ მათგანს არ განუვითრებია 20 კვანძზე მეტი.
  სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ "ნელსონი" და "როდნი" დიდ ყურადღებასა და პატივისცემას იმსახურებენ სწორედ იმის გამო, რომ ისინი ვაშინგტონის ხელშეკრულების დაცვით აგებული ერთადერთი სახაზო ხომალდები აღმოჩნდა და მათ მაგალითზე ამ ხელშეკრულების მონაწილე ყველა სახელმწიფო თვალნათლივ დარწმუნდა, რომ დაშვებული პარამეტრების პირობებში დაბალანსებული პროექტის მიღება ძალზე შორს იდგა რეალობისგან. შესაბამისად, არც აღარავის უცდია ბრიტანელთა მსგავსი ოფლისღვრა "ნელსონისა" და "როდნის" მსგავსი, არცთუ მთლად სრულფასოვანი სახაზო ხომალდების შესაქმნელად (თუმცაკი, რომც ყოფილიყო ამის დიდი სურვილი, ახალი სახაზო ხომალდების მშენებლობის უფლებას ხსენებული ხელშეკრულება ხუთი ჩამოთვლილი საზღვაო ზესახელმწიფოდან მხოლოდ იტალიასა და საფრანგეთს უტოვებდა).
  უკვე ხელშეკრულების ვადის დასასრულის მოახლოებისთანავე დაიწყეს ინგლისმა და ამერიკამ გაცხოველებული მოღვაწეობა მის გასაგრძელებლად, ბრიტანელები კი უფრო შორსაც აპირებდნენ წასვლას და სახაზო ხომალდების უკიდურესი პარამეტრების კიდევ უფრო გამკაცრების წინადადებებსაც ამზადებდნენ: მათი აზრით წყალწყვა 30 000 და 25 000 ტონამდეც კი უნდა შემცირებულიყო, მთავარი არტილერიის უკიდურესი კალიბრი კი - 406 მმ-დან 356- ან 305 მმ-მდე. ამ წინადადებების მიღების შემთხვევაში მსოფლიოს ახალი სახაზო ფლოტების მდგომარეობა ფაქტიურად 20-25 წლით უკან დაბრუნდებოდა: პირველი დრედნოუტებისა და კლასის ფუძემდებლის - "დრედნოუტის" ხანაში, ხოლო ის ქვეყნები, რომლებსაც უკვე ჰყავდათ მძლავრი სახაზო ფლოტი (მაგალითად - დიდი ბრიტანეთი და აშშ), დანარჩენებთან შედარებით აშკარად მომგებიან პოზიციაში ხვდებოდნენ, რადგან მათი 10-20 წლის წინ აგებული სახაზო ხომალდებიც კი გაცილებით უფრო მძლავრებად რჩებოდნენ, ვიდრე - შემოთავაზებული პირობების დაცვით აგებული ახალი სახაზო ხომალდები. რასაკვირველია, ასეთ დამამცირებელ პირობებში მოხვედრა არცერთმა სხვა ქვეყანამ არ ისურვა და 1930 წლის ლონდონის საზღვაო კონფერენციაზე ყველა მთავარმა საზღვაო სახელმწიფომ ერთხმად თქვა უარი ბრიტანელთა წინადადებებზე. საბოლოოდ გაფორმდა ახალი - ლონდონის საზღვაო ხელშეკრულება, რომელმაც, იაპონელთა მნიშვნელოვანი უკმაყოფილებისა და წინააღმდეგობის მიუხედავად, "სახაზო ხომალდების არდადეგები" კიდევ 5-6 წლით გააგრძელა (ვაშინგტონისა და ლონდონის ხელშეკრულებები ორ მსოფლიო ომსშორის პერიოდის იმდენად მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელი მოვლენებია, რომ ამ თემას ცალკე დავუბრუნდები და დაწვრილებითაც განვიხილავ).
  მთავარი საზღვაო სახელმწიფოების საზრუნავი სრულიად უცხო იყო პირველ მსოფლიო ომში დამარცხებული და ვერსალის ზავის კაბალური პირობების მარწუხებში მომწყვდეული გერმანიისათვის: მას საერთოდ ჰქონდა აკრძალული დიდი სამხედრო ხომალდებისა და წყალქვეშა ნავების მშენებლობა, ხოლო ის საარტილერიო ხომალდები (XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში, "დრედნოუტამდელ ეპოქაში" აგებული საესკადრო ჯავშნოსნები), რომლებიც მწყობრში დაუტოვეს, მხოლოდ 30-იანი წლების დასაწყისიდან უნდა შეეცვალა; თანაც ყველა ახალი გერმანული ხომალდის სტანდარტული წყალწყვა 10 000 "გრძელ" (ანუ ინგლისურ) ტონაზე მეტი არ უნდა ყოფილიყო (მეტრული სისტემის მიხედვით 1 000 "გრძელი" ტონა 1 016 მეტრული ტონის ტოლია), ანუ - იმ პერიოდის მძიმე (იგივე "ვაშინგტონური") კრეისერის ანალოგიურად, რომლებიც ექვსი-თორმეტი 203 მმ-იანი მთავარი კალიბრით იყვნენ შეიარაღებულნი.
   როდესაც ხომალდების შეცვლის პერიოდი მოახლოვდა, გერმანელებმა ძალზე საინტერესო და ორიგინალური პროექტი შექმნეს: თითქმის მოცემული, დიდი კაპიტალური ხომალდისათვის საკმაოდ შეზღუდული წყალწყვის პირობებში (უნდა აღინიშნოს, რომ ახალი ხომალდების სრულმა წყალწყვამ მნიშვენლოვნად გადააჭარბა ვერსალის ზავით გათვალისწინებულ 10 160-ტონიან შეზღუდვას და 15 500-18 000 ტონას მიაღწია) "დოიჩლანდის" ტიპის ხომალდები "ვაშინგტონურ" მძიმე კრეისერებზე გაცილებით მძლავრი საბრძოლო ერთეულები გამოვიდა: პრაქტიკულად ანალოგიური დაცვის პირობებში ("დოიჩლანდების" ბორტის ჯავშანი 80 მმ-ს აღწევდა - იმავე მაჩვენებელს, რასაც "ვაშინგტონური" კრეისერების კლასის პირველი და მეორე თაობის საუკეთესო წარმომადგენლების ბორტის დაცვა) ისინი რამდენადმე ჩამორჩებოდნენ კრეისერებს სისწრაფეში (27-28 კვანძი "ვაშინგტონურების" 31-34 კვანძის ნაცვლად), მაგრამ აშკარად ჯაბნიდნენ მათ ცურვის სიშორესა (8 000 საზღაო მილი "ვაშინგტონურების" 3 500-5 000 საზღვაო მილის ნაცვლად) და შეიარაღებაში (მთავარი კალიბრის ექვსი 283 მმ-იანი ქვემეხი "ვაშინგტონურების" მთავარი კალიბრის ექვსი-თორმეტი 203 მმ-იანი ქვემეხის ნაცვლად). რეალობაში "დოიჩლანდები" უკიდურესად მძლავრად შეიარაღებულ და, ამის ხარჯზე სისწრაფეშემცირებულ მძიმე კრეისერებს წარმოადგენდნენ, რომელთა კლასში ისინი მოხვდნენ კიდეც სამსახურის დასასრულს. ამ ხომალდებს ევროპაში მაშინვე უწოდეს "ჯიბის სახაზო ხომალდები", თავად გერმანელები კი ამჯობინებდნენ, "დოიჩლანდებისთვის" "ჯავშნოსნები" ან "რეიდერები" ეწოდებინათ.
   რაც შეეხება საბჭოთა კავშირს, აქ სულ სხვა სიტუაცია და სისტემა მოქმედებდა. ბურჟუაზიულ-დემოკრეტიული და ბოლშევიკური რევოლუციების და სამოქალაქო და დამპყრობლური ომების შედეგად ყოფილი რუსეთის იმპერიის ტერიტორიასა და მის ნანგრევებზე შექმნილი საბჭოთა კავშირის ფლოტის მდგომარეობა 20-იანი წლების დასაწყისისათვის იმდენად კატასტროფული იყო, რომ არათუ ახალი ხომალდების (მით უმეტეს - სახაზო ხომალდების) მშენებლობის, არამედ უკვე დაწყებულების დამთავრებისა და დაზიანებულების შეკეთებისათვისაც კი არ არსებობდა არც არანაირი სახსრები და არც ტექნიკური და ეკონომიკური საშუალებები. ის კი არა, საბჭოების ქვეყანას იმის ელემენტარული შესაძლებლობაც კი არ გააჩნდა, რომ მწყობრში უკვე მყოფი ხომალდების ბრძოლისუნარიანობა თუნდაც ხანმოკლე პერიოდით მაინც შეენარჩუნებინა.
  მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა 20-იანი წლების ბოლოსა და 30-იანი წლების დასაწყისისთვის, როდესაც საბჭოთა კავშირში "ხომალდმშენებლობის მცირე პროგრამა" მიიღეს. ამ პროგრამით მწყობრში მყოფმა ყველა ხომალდმა მნიშვნელოვანი მოდერნიზაცია გაიარა, ხოლო გემხარიხებზე ჯერ კიდევ 1916-1917 წლებიდან მდგარი თითქმის ყველ მცირე ხომალდის (მსუბუქი კრეისერების, საესკადრო ნაღმოსნების და სხვა, უფრო მცირე ხომალდების) მშენებლობა კვლავ განაახლეს და 30-იანი წლების დასაწყისისათვის ყველა მათგანი მწყობრში ჩადგა. თუმცა ეს გაცხოველებული მოღვაწეობა მშენებარე დიდი ხომალდებს (სახაზო ხომალდებსა და სახაზო კრეისერებს) არ შეხებია: მათი დასრულების შესაძლებლობა საბჭოთა კავშირს იმ პერიოდში არ გააჩნდა.
   მიუხედავად "სახაზო ხომალდების მორატორიუმისა", უკვე 30-იანი წლების დასაწყისიდან თითქმის ყველა საზღვაო სახელმწიფოში ("ძირითადშიც" და "პრეტენდენტშიც") შეუდგნენ ახალი თაობის სახაზო ხომალდების პროექტებზე მუშაობას. ისინი უკვე სრულიად ახალი გენერაციის ერთეულები იყო: ყველა მათგანს არანაკლებ 28-კვანძიანი საპროექტო სისწრაფე ჰქონდა, შეიარაღება და დაცვაც შემტევი საშუალებების ადექვატური გახდა. ამ დროისათვის სახაზო ხომალდებად ითვლებოდა ყველა კაპიტალური საბრძოლო საარტილერიო ხომალდი, რომელთა სტანდარტული წყალწყვა 10 000 "ინგლისურ", "გრძელ" ტონაზე მეტი იყო, ხოლო მთავარი კალიბრი 203 მმ-ს აღემატებოდა. ამგვარად, ფორმალურად, ერთ კლასში მოხვდნენ გერმანელთა 18-ათასტონიანი "ჯიბის სახაზო ხომალდებიც" და ყველა დროისა და ეპოქის გიგანტებიც - 73-ათასტონიანი იაპონური "იამატოებიც".
  თუმცა ტერმინებზე ნუ ვიდავებთ: "იამატოებიც" და "დოიჩლანდებიც" თავიანთი დროის შვილები და ძალზე საინტერესო ხომალდები იყვნენ, რომლებმაც შესამჩნევი და ყურადსაღები კვალი დატოვეს მსოფლიო ხომალდმშენებლობის ისტორიაში, მაგრამ ეს სულ სხვა საუბრის თემაა: ამჯერად საბჭოთა სახაზო ხომალდებზე ვიწყებთ საუბარს.
  საბჭოთა კავშირში სახაზო ხომალდების პროექტებზე მუშაობას სხვა ქვეყნებზე გვიან - 1934-1935 წლებში შეუდგნენ. თუკი მოვლენებს წინ გავუსწრებთ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ, სხვა ხელისშემშლელ ფაქტორებთან ერთდ (რომლებზეც ქვემოთ ვისაუბრებთ), სწორედ გვიან დაწყებულმა საპროექტო სამუშაოებმა ითამაშა საბედიწერო როლი საბჭოთა სახაზო ხომალდების დრამატულ ბედში.
   მივყვეთ მოვლენებს.
  მძლავრი წყალზედა საზღვაო ფლოტის შექმნის იდეა საბჭოთა კავშირის წამყვანმა სპეციალისტებმა ქვეყნის ხელმძღვანელობას 1931 წლის ბოლოსათვის წარუდგინეს. ეს იყო ზოგადი მოხსენებითი ბარათი, რომელშიც ჩამოყალიბებული იყო ხომალდმშენებლობის განვითარების მიმართულებებისა და ძირითადი საბრძოლო ხომალდების კლასების ტრანსფორმაციის ტენდენციები და პერსპექტივები. რაოდენ საკვირველად და პარადოქსულადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, "წამყვანი სპეციალისტების" მოხსენებით ბარათში აბსოლუტურად არაფერი იყო ნათქვამი წყალზედა ხომალდების სრულიად ახალ და უზარმაზარი პერსპექტივების მქონე კლასზე - ავიამზიდებზე. ამას მხოლოდ ერთადერთი ახსნა შეიძლება მოვუძებნოთ: ჯერ რუსეთის იმპერიასა და შემდეგ საბჭოთა კავშირში მხოლოდ თეორიული და ისიც სრულიად ზედაპირული და ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდათ ავიამზიდების რეალური შესაძლებლობებისა და პერსპექტივების შესახებ და ვერც კი წარმოედგინათ, თუკი ეს სუსტი არტილერიით შეიარაღებული, დიდი და ბრტყელგემბანიანი ხომალდები სულ რაღაც 10-15 წელიწადში დამაჯერებლად და საბოლოოდ ჩამოართმევდნენ პირველობას სწორედ იმ სახაზო ხომალდებს, რომლებსაც ასე ყურადღებით და დაჟინებით აპროექტებდნენ საბჭოთა კავშირში.
 სახაზო ხომალდების მიმართულებით კი საბჭოთა კავშირში მართლაც გაცხოველებული მუშაობა გაჩაღდა. თითქმის სპეციალისტთა მოხსენებითი ბარათის ერთდროულად იხილეს დღის სინათლე პერსპექტიული სახაზო ხომალდების პირველმა ესკიზებმა: განიხილებოდა რამდენიმე ვარიანტი, რომლებიც ერთმანეთისაგან წყალწყვითა და შეიარაღებით განსხვავდებოდა.
ერთ-ერთი ვარიანტი მძიმე კრეისერად გამოიკვეთა, რომელიც საწყის სტადიაში რამდენიმე მიმართულებით მუშავდებოდა: ხომალდების წყალწყვა 15 500-19 500 ტონის ფარგლებში მერყეობდა, ხოლო მთავარი კალიბრის არტილერია - 240-280 მმ-ის ფარგლებში. აქ, პრაქტიკულად, "დოიჩლანდის" სახის "ჯიბის სახაზო ხომალდზე" იყო საუბარი, რომელიც არ იქნებოდა ზომებში იმგავარდვე შეზღუდული, როგორც გერმანული რეიდერი, რაც, თავის მხრივ, საბჭოთა კრეისერის პროექტის ბევრად უკეთ დაბალანსების საშუალებას იძლეოდა. მოგვიანებით - 1936-1937 წლებში - მძიმე კრეისერების პერსპექტიული ხაზი ორად გაიყო: საკუთრივ მძიმე კრეისერები (პროექტი 122-ის რამდენიმე ვარიანტი, რომლებიც 229-, 254- და 280 მმ-იანი არტილერიით იყვნენ შეიარაღებულნი) და "მცირე სახაზო ხომალდები" (პროექტი 25 და პროექტი 64, რომელთა შეიარაღებაც, შესაბამისად, 305- და 356 მმ-იანი ქვემეხებისგან შედგებოდა). საერთო ჯამში არცერთმა ჩამოთვლილმა პროექტმა არ მიიღო განვითარება და მათ ბაზაზე ახალი ხომალდის შექმნას შეუდგნენ.
   1937 წლის 1 ნოემბერს მუშურ-გლეხური წითელი არმიის საზღვაო ძალების უფროსის, 1-ლი რანგის ფლაგმანის ნ. ვიქტოროვის მიერ დამტკიცებული ტაქტიკურ-ტექნიკური მოთხოვნილებების მიხედვით ახალი პროექტის კრეისერის ამოცანები შემდეგნაირი იყო:

  • საესკადრო ბრძოლაში მოწინააღმდეგის კრეისერებთან (განსაკუთრებით - მძიმე კრეისერებთან) ბრძოლა;
  • მსუბუქი ძალების მხარდაჭერა შორ რაიონებში მოქმედებისას;
  • დამოუკიდებელი მოქმედებები მოწინააღმდეგის კომუნიკაციებზე;
      ამ მოთხოვნილებათა შესაბამისად განისაზღვრა კრეისერის სხვა მონაცემებიც:

  • სტანდარტული წყალწყვა - 22 000-23 000 ტონა;
  • სისწრაფე - არანაკლებ 34 კვანძი;
  • ეკონომიური სვლით ცურვის სიშორე - 8 000 მილამდე;
  • ავტონომიურობა სურსათის მიხედვით - 50 დღე-ღამე;
  • შეიარაღება: 3 სამქვემეხიან კოშკში განლაგებული 254 მმ-იანი მთავარი კალიბრი, 4 ორქვემეხიან კოშკში განლაგებული 130 მმ-იანი საშუალო კალიბრი, ასევე 4 ორქვემეხიან კოშკში განლაგებული 100 მმ-იანი შორსმსროლელი საზენიტო არტილერია, 4 ოთხად შეკრული 37 მმ-იანი საზენიტო ავტომატური ქვემეხი (16 ლულა; უკვე პროექტირების სტადიაში ამ დანადგარების რაოდენობა ექვსამდე (ლულების საერთო რაოდენობა, შესაბამისად, 24-მდე) გაიზარდა), ორი სამმილიანი 533 მმ-იანი სატორპედო აპარატი, 80-100 ნაღმი (გადატვირთულ მდგომარეობაში), КОР-2 ტიპის 2 მზვერავ-მაკორექტირებელი თვითმფრინავი;
  • ტაქტიკურ-ტექნიკურ მოთხოვნილებებში მითითებული იყო, აგრეთვე, სავარაუდო მოწინააღმდეგის ხომალდების მთავარი კალიბრის არტილერია და მათთან ბრძოლის დისტანციებისა და ჰორიზონტალური და ვერტიკალური შეჯავშნის განსასაზღრავად.
        ახალმა ხომალდმა პროექტი 69-ს სახელწოდება მიიღო.
   კრეისერის პარამეტრების პირველივე გათვლებმა ცხადყო, რომ გათვალისწინებული შეიარაღების პირობებში წყალწყვის დადგენილი სიდიდის შენარჩუნება შეუძლებელი ხდებოდა, რამაც იძულებითი ზომების მიღება გამოიწვია: მთავარი კალიბრის ჭურვების მარაგი ლულაზე 150-დან 125 ჭურვამდე შემცირდა, საერთოდ მოიხსნა სატორპედო შეიარაღება, ხოლო კრეისერული სვლით (20 კვანძი) ცურვის სიშორემ 6 000-დან 4 500 მილამდე იკლო. მუშურ-გლეხური წითელი არმიის საზღვაო ძალების სამხედრო საბჭო ამ წინადადებებს დაეთანხმა.
  1938 წლის ივნისისათვის პროექტი 69 დასრულებული იქნა. ის 24 450-ტონიანი სტანდარტული წყალწყვის კრეისერს წარმოადგენდა, რომლის სისწრაფეც 33,3 კვანძს აღწევდა, ხოლო შეჯავშნა შემდეგნაირი იყო: ბორტის ჯავშნის მთავარი სარტყელი - 140 მმ (თავსა და ბოლოში - 20 მმ), საბრძოლო ხიდური, ტრავერზები, კოშკების შუბლი და ბარბეტები - 210 მმ, გემბანები - 100 მმ (შუა - 80 მმ, ქვედა - 20 მმ).

  თუმცა ამ დროისათვის ცნობილი გახდა, რომ გერმანიაში უკვე სრულდებოდა "შარნჰორსტის" ტიპის ორი ხომალდის მშენებლობა ("შარნჰორსტი" და "გნაიზენაუ"), რომლებიც თავიანთი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლებით სახაზო ხომალდებსა და მძიმე კრეისერებს შორის შუალედურ მდგომარეობას იკავებდნენ. ისინი სახაზო ხომალდებზე სწრაფმავალნი იყვნენ, ხოლო მათი მთავარი კალიბრი (ცხრა 283 მმ-იანი ქვემეხი) მართალია ჩამორჩებოდა სახაზო ხომალდების მთავარ კალიბრს, მაგრამ მნიშვნელოვნად აღემატებოდა მძიმე კრეისერების 6-12 ლულისაგან შემდგარ 203 მმ-იან მთავარ არტილერიას. მსგავს ხომალდებს აგებდნენ საფრანგეთშიც ("დიუნკერკი" და "სტრასბურგი"), რომლებიც კიდევ უფრო მძლავრი არტილერიით (2 ოთხქვემეხიან კოშკში განლაგებული 330 მმ-იანი მთავარი კალიბრით) იყვნენ შეიარაღებულნი. ეს ინფორმაცია საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოს (სახკომსაბჭო - მინისტრთა კაბინეტის ანალოგი) თავდაცვის კომიტეტში 1938 წლის ივნისის ბოლოს განიხილეს და მუშურ-გლეხური წითელი არმიის საზღვაო ძალების პერსპექტიული მძიმე კრეისერების წინაშე "შარნჰორსტებისა" და "დიუნკერკების" წინააღმდეგ ბრძოლის მიზანი დაისახა.

  69 პროექტის კორექტირების შესახებ კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად სამხედრო-საზღვაო ფლოტის სახალხო კომისრის პირველმა მოადგილემ, 1-ლი რანგის ფლაგმანმა ი. ისაკოვმა უკვე 1938 წლის 10 ივლისს დაამტკიცა "69 პროექტის მძიმე კრეისერის ძირითადი ტაქტიკურ-ტექნიკური დავალება". ხომალდის მთავარი კალიბრი 254 მმ-დან 305 მმ-მდე გაიზარდა (საბრძოლო მარაგი - 100 ჭურვი ლულაზე), 130 მმ-იანი არტილერიის საბრძოლო მარაგი ლულაზე 200 ჭურვიდან 150-მდე შემცირდა, 37 მმ-იანი ჭურვებისა - ლულაზე 800 გასროლამდე (1 800-ის ნაცვლად). დადგინდა კრეისერის სტანდარტული წყალწყვა (არაუმეტეს 31 000 ტონისა) და სისწრაფეც (არანაკლებ 32 კვანძი).

  ესკიზური პროექტის ახალი ვარიანტი სამხედრო-საზღვაო ფლოტისა და თავდაცვითი მრეწველობის სახალხო კომისარიატებში განსახილველად 1938 წლის 20 ნოემბერს იქნა წარდგენილი. მუშურ-გლეხური წითელი ფლოტის ხომალდმშენებლობის სამმართველოს დასკვნით მას მნიშვნელოვანი ხარვეზები ჰქონდა. ამიტომ, ესკიზური პროექტის შედეგების შეფასებისა და მისი შემდგომი ბედის განსასაზღვრავად, სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელსაც სამხედრო-საზღვაო აკადემიის ტაქტიკის კათედრის უფროსი, 2-ე რანგის ფლაგმანი პროფესორი ს. სტავიცკი ხელმძღვანელობდა, რომელმაც განიხილა კიდეც 69 პროექტის მძიმე კრეისერის შესაძლო სავარაუდო მოწინააღმდეგეები: გერმანული "შარნჰორსტები", ფრანგული "დიუნკერკები", ინგლისური "ჰუდი" და "რიპალსები", იტალიური "ჯულიო ჩეზარეები", თურქული "იავუზი" (პირველი მსოფლიო ომისდროინდელი ყოფილი გერმანული "გებენი") და იაპონური "კონგოები". ეს ხომალდები ზომებში, შეიარაღებასა და სიჩქარეში დაახლოებით შეესაბამებოდნენ 69 პროექტის მძიმე კრეისერს. განხილვის შედეგად ხომალდის ამოცანები მნიშვნელოვანწილად დაზუსტდა.







   ახლა ახალი კრეისერის დანიშნულება საკუთარი მსუბუქი ძალების მოქმედებისათვის გაზრდილი საბრძოლო მდგრადობის მინიჭება იყო ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც სახაზო ხომალდების გამოყენების აუცილებლობა არ იკვეთებოდა, ანდა ეს უკანასკნელნი ამოცანას შედარებით მცირე სისწრაფის გამო არ შეესაბამებოდნენ. კრეისერის ცალკეული კერძო ამოცანები შემდეგნაირად განისაზღვრა:

  • საკუთარი მოწინავე მზვერავების მხარდაჭერა და მოწინააღმდეგის მოწინავე მზვერავების ხელისშეშლა;
  • მსუბუქი ძალების დაზვერვის მხარდაჭერა და მოწინააღმდეგის დაზვერვის დარღვევა;
  • მსუბუქი ძალების უზრუნველყოფა აქტიურ გადამღობ ოპერაციებში;
  • საკუთარი წყალქვეშა ნავების საბრძოლო დავალებებზე გასვლისა და უკან დაბრუნების უზრუნველყოფა;
  • მოქმედება მტრის კომუნიკაციებზე და მოწინააღმდეგის ყველ სახის კრეისერთა მოქმედების პარალიზება საკუთარ კომუნიკაციებზე;
  • მოწინააღმდეგის კრეისერთა ნეიტრალიზაცია საესკადრო ბრძოლაში.
   სპეციალურად აღინიშნა ამოცანები ცალკეული საზღვაო თეატრების მიხედვით:

  • წყნარ ოკეანეში - სათარეშო ოპერაციები იაპონიის კუნძულებზე და იაპონიის საზღვაო კომუნიკაციებზე მოქმედება მისი საზღვაო ვაჭრობის აღკვეთისა და მისი ძალების გატყუების მიზნით ოხოტისა და იაპონიის ზღვებიდან წყნარ ოკეანეში.
  • ჩრდილოეთის თეატრზე - სათარეშო ოპერაციები გერმანული (ჩრდილოეთის) ზღვის ჩრდილოეთ ნაწილსა და ატლანტიკის ოკეანეში.
  • შავ ზღვაში - საკუთარ და თურქულ ძალებს შორის თანაფარდობის შექმნა ("იავუზის" უპირატესობის განეიტრალება სისწრაფეში "პარიჟსკაია კომუნასთან" და არტილერიაში - საკუთარ კრეისერებთან), ხოლო თეატრზე მოწინააღმდეგის ჭარბი ძალების გამოჩენის შემთხვევაში - სათარეშო ოპერაციები მისი მუდმივ დაძაბულობაში ყოლის მიზნით.
  ხომალდის ტაქტიკური შესაძლებლობების გამოსავლენად სხვადასხვა პირობებში ჩატარდა 8 ტაქტიკური თამაში, რომლებშიც მის მოწინააღმდეგეებად "შარნჰორსტი", "დიუნკერკი" და "კონგო" გამოდიოდნენ. თამაშების შედეგებმა აჩვენა, რომ 69 პროექტის კრეისერი "შარნჰორსტზე" ძლიერი იყო, გარკვეული უპირატესობები ჰქონდა "კონგოს" წინაშე 90 კაბელტოვზე (16,7 კმ) ნაკლებმანძილიანი ბრძოლის დისტანციებზე და ჩამორჩებოდა "დიუნკერკს", თანაც მნიშვნელოვნად ძლიერი იყო "ვაშინგტონურ" მძიმე კრეისერებზე, თუმცა ამ უკანასკნელთ სისწრაფეში ვერ უტოლდებოდა.
   კომისიის დასკვნაში მითითებული იყო, რომ 69 პროექტის ხომალდი პასუხობდა მის წინაშე დასახულ ამოცანებს, თუმცა მოწინააღმდეგის მსუბუქ კრეისერთა დევნისათვის მას აშკარად არ ჰყოფნიდა სისწრაფე. 305 მმ-იანი მთავარი კალიბრის ქვემეხების რაოდენობით, სროლის სისწრაფითა და სიშორით დასახულ ამოცანებს შეესაბამებოდა, მაგრამ სასურველი იყო ამ კალიბრის საბრძოლო მარაგის გაზრდა ლულაზე 120 ჭურვამდე მაინც. მეორე, ანუ ნაღმოსნების საწინააღმდეგო არტილერია (რვა 130 მმ-იანი ქვემეხი) რაოდენობრივად არ ჩაითვალა საკმარისად საესკადრო ნაღმოსნების იერიშის მოსაგერიებლად, ხოლო კალიბრით - მსუბუქ კრეისერებთან საბრძოლველად. 100 მმ-იან საზენიტო არტილერიას შეზღუდული შესაძლებლობები აღმოაჩნდა, 37 მმ-იანი კი სრულიად საკმარისი იყო. 17-კვანძიანი სვლით ცურვის 8 000-მილიანი სიშორე საკმარისზე გაცილებით მეტიც კი გამოდგა. კომისიამ აგრეთე აღნიშნა, რომ კრეისერის მოქმედება მოწინააღმდეგის შორეულ კომუნიკაციებზე ძალზე გაძნელდებოდა, რადგან მის თანხლებას ვერ შეძლებდნენ საესკადრო ნაღმოსნები და ხომალდს ჰაერიდან საკუთარი ავიაცია ვერ დაიცავდა. კომისიის დასკვნა კონსტრუქტორებს 130 მმ-იანი არტილერიის 152 მმ-იანით შეცვლას, ცურვის სიშორის შემცირების ხარჯზე შეჯავშნისა და წყალქვეშა დაცვის გაძლიერებას და სისწრაფის უცვლელად დატოვებას ურჩევდა.
  კორექტრებული პროექტის მომზადებისას კონსტრუქტორებმა გაითვალისწინეს კომისიის რეკომენდაციები და 130 მმ-იანი არტილერია 152 მმ-იანით შეცვალეს, გააძლიერეს საბრძოლო ხიდურის, აგრეთვე - მთავარი და ნაღმოსნების საწინააღმდეგო არტილერიის შეჯავშნა. გაზარდეს ელექტროსადგურების გენერატორთა სიმძლავრეც. უმნიშვნელოდ იმატა ხომალდის სიგრძემ, სიგანემ, ბორტის სიმაღლემ და, რასაკვირველია, წყალწყვამაც.
   კორექტირებული პროექტი თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტმა განიხილა და 1939 წლის 13 ივლისის დადგენილებით დაამტკიცა კიდეც. ხომალდებს სახელებიც მიანიჭეს: სათაო კრეისერს "კრონშტადტი" უწოდეს, მომდევნოს - "სევასტოპოლი", მესამეს - "სტალინგრადი" (თუმცა ამ უკანასკნელის მშენებლობა, განსხვავებით პირველი ორისაგან, საერთოდ არ დაწყებულა). კომიტეტის დადგენილების თანმხლებ მოთხოვნილებებში განსაკუთრებით იყო აღნიშნული 37 მმ-იანი დანადგარების რაოდენობის შვიდამდე გაზრდა.

  თავის მხრივ ჯერ კიდევ პროექტის დამტკიცებამდე დაიწყო მომწოდებელი საწარმოებისათვის შეკვეთების გაცემა მასალებისა და მოწყობილობების დაპროექტებაზე, დამზადებასა და მიწოდებაზე (არტილერიის კოშკები, ცეცხლის მართვის მოწყობილობები და საარტილერიო სარდაფებისათვის საჭირო საბრძოლო მასალების მიმწოდებელი მოწყობილობები). ასეთი ფაციფუცი ადვილად აიხსნება მისი მიზეზის გაგებისთანავე: სამუშაოების მსვლელობას თავად სტალინი ადევნებდა თვალყურს.
   ხომალდების მშენებლობაზე განაცხადი პროექტის დამტკიცებამდე - 1939 წლის მარტში გასცეს, მაგრამ, 25-წლიანი იძულებითი "შესვენების" შემდეგ, საბჭოთა სპეციალისტებსა და ხომალდმშენებელ ქარხნებს გამოცდილება და პროფესიონალიზმი აშკარად აკლდათ. საკმარისია ითქვას, რომ შეკვეთილი "კრონშტადტისა" და "სევასტოპოლისთვის" შესაბამისი ზომის ელინგები და გემხარიხებიც კი ასაგები იყო: ანუ შეკვეთა კი გაიცა და მიიღეს კიდეც, მაგრამ მშენებლობის რეალურად, ფაქტიურად დაწყების შესაძლებლობა არ არსებობდა. მიუხედავად ასეთი მნიშვნელოვანი სიძნელეებისა, 1939 წლის 5 ნოემბერს "სევასტოპოლის" მშენებლობა დაიწყო, ხოლო ცოტა მოგვიანებით - 30 ნოემბერს - სათაო "კრონშტადტისაც". ორივე ხომალდის ჩაბარების ვადად 1943 წელი დაითქვა.
   უნდა აღინიშნოს, რომ, მიუხედავად "უზენაესი ყურადღებისა" (დიდი საარტილერიო ხომალდების და, განსაკუთრებით, კრეისერებისადმი სტალინის უცნაური და აუხსნელი სიყვარული უკვე საყოველთაოდ იყო ცნობილი) და ხომალდების კორპუსების შედარებით დამაკმაყოფილებელი სისწრაფით ფორმირებისა, მძიმე კრეისერების მშენებლობის ტემპები დადგენილ ვადებს მაინც ჩამორჩებოდა. ამის მიზეზი მექანიზმების დაპროექტებისა და დამზადების საკითხში შექმნილი კატასტროფული მდგომარეობა იყო: ჯერ არ იყო დაწყებული მთავარი და ნაღმოსნების საწინააღმდეგო საარტილერიო სისტემების (305- და 152 მმ-იანი საარტილერიო სისტემების, კოშკებისა და თანმხლები მოწყობილობების) წარმოება. თვით 305 მმ-იანი ქვემეხიც კი ჯერ მხოლოდ პროექტირების სტადიაში იმყოფებოდა. მეტად რთულად იყო საქმე ტურბინების მხრივაც: ქვეყანაში ამ საქმის მონოპოლისტი - ხარკოვის ტურბინების ქარხანა ამავე პერიოდში მშენებარე, უმაღლესი პრიორიტეტის მქონე 23 პროექტის სახაზო ხომალდებისათვის საჭირო ტურბინების დამზადების შეკვეთებით იყო გადატვირთული.
    შეიარაღების წარმოებასა და მიწოდებაში წარმოშობილი შეფერხებებისა და დადგენილ ვადებში ხომალდების ჩაბარების აუცილებლობის გამო საბჭოთ ფლოტის სარდლობა და ქვეყნის გემთმშენებელი მრეწველობის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, 380 მმ-იანი ქვემეხების, მათთვის საჭირო მოწყობილობებისა და კოშკების მოწოდებაზე გერმანული ფირმა "კრუპის" მიერ წარმოდგენილი წინადადება განეხილა.
  საქმე იმაშია, რომ "კრუპს" 380 მმ-იანი არტილერიისა და კოშკების საკმაოდ მნიშვნელოვანი რაოდენობა ჰქონდა დამზადებული: სწორედ ასეთი სისტემები იდგა მშენებარე გერმანულ სახაზო ხომალდებზე - "ბისმარკსა" და "ტირპიცზე". გერმანული ფლოტის სარდლობა 6 ასეთი ხომალდის აგებას გეგმავდა, რომელთათვისაც წინასწარ დამზადდა სხვადასხვა სახის საჭირო მასალები, მათ შორის - საარტილერიო სისტემებიც, მაგრამ "კრიგსმარინე", საბოლოოდ, მხოლოდ ორი სახაზო ხომალდით შემოიფარგლა. ზარალის თავიდან აცილების მიზნით "კრუპი" იძულებული გახდა, მესამე რაიხის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით საარტილერიო სისტემები საბჭოთა კავშირისთვის შეეთავაზებინა. საბჭოთა "სამეურნეო კომისიის" გერმანიაში ვიზიტისას ფირმის ხელმძღვანელობამ მზადყოფნა გამოთქვა, დაინტერესების შემთხვევაში, უმოკლეს ვადაში მიეწოდებინა 380 მმ-იანი არტილერიის ორქვემეხიანი კოშკების ექვსი კომპლექტი (ორი მშენებარე საბჭოთა კრეისერისთვის) თავისი ცეცხლის მართვის სისტემებიანად. ამ წინადადებამ სტალინი დააინტერესა.
  ბელადის მითითებით 1940 წლის მაისში სამხედრო-საზღვაო აკადემიაში დამატებით ჩაატარეს ორი ტაქტიკური თამაში, რომელშიც გერმანელთა შეთავაზებული 380 მმ-იანი ექვსი ქვემეხით შეიარაღებული "კრონშტადტის" მოწინააღმდეგეებად კვლავ "შარნჰორსტი" და "დიუნკერკი" გამოვიდნენ: ამის მიზანი სწორედ 380 მმ-იანი მთავარი კალიბრით შეიარაღებული კრეისერების საბრძოლო შესაძლებლობების შეფასება იყო. თამაშების შედეგებმა აჩვენა, რომ 305 მმ-იანი ქვემეხების 380 მმ-იანებით შეცვლა, თვით მათი რაოდენობის ცხრიდან ექვსამდე შემცირების შემთხვევაშიც კი, ხარისხობრივად განუზომლად ზრდიდა მძიმე კრეისერის არტილერიის ძლიერებას. მოწინააღმდეგე ხომალდების ჯავშანი ამ დროს უფრო მსხვილი კალიბრის ჭურვებით იხვრიტებოდა, 305 მმ-იანი ქვემეხებით შეიარაღებული პროექტისათვის დამახასიათებელი საარტილერიო ბრძოლის არახელსაყრელი დისტანციები (110-170 კაბელტოვი - 20-31,5 კმ) მთლიანად გამოირიცხებოდა. 305 მმ-იან მთავარ კალიბრთან შედარებით ლულების ნაკლები საერთო რაოდენობისა და სროლის უფრო მცირე ტემპის გამო 380 მმ-იანი ჭურვების მოხვედრების შემცირებული რაოდენობა ამ უკანასკნელების სიმძლავრით და, აქედან გამომდინარე, ჯავშანსმიღმა სივრცეში მიყენებული დაზიანებების გაცილებით დიდი მასშტაბებით კომპენსირდებოდა. სწორედ ამ ფაქტორებმა განაპირობა "კრონშტადტების" გადაიარაღების პროექტის დამუშავება.
  გერმანიაში 380 მმ-იანი კოშკებისა და მათი ცეცხლის მართვის სისტემების და, სხვათა შორის, დაუმთავრებელი მძიმე (203 მმ-იანი არტილერიით შეიარაღებული "ვაშინგტონური") კრეისერის - "ლუტცოვის" შეძენის პოლიტიკური გადაწყვეტილებაც საბჭოთა სამხედრო-საზღვაო ფლოტის აზრის გაუთვალისწინებლად იქნა მიღებული.


  "ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როდესაც ფლოტის საკითხები სახკომატის თავსზემოთ წყდებოდა" - წერდა ადმირალი კუზნეცოვი (საბჭოთა კავშირის სამხედრო-საზღვაო ფლოტის კომისარი (მინისტრი) 1939-1951 წლებში) 60-იან წლებში დაწერილ თავის მემუარებში "წინადღეს".

  მიუხედავად ამისა, 1940 წლის 10 ივლისს კუზნეცოვმა "305 მმ-იანების ნაცვლად 69 პროექტის გერმანული 380 მმ-იანი კოშკებით გადაიარაღების ტაქტიკურ-ტექნიკური დავალება" დაამტკიცა. პროექტი კონსტრუქტორებმა სულ რაღაც 3 თვეში დაამუშავეს, რომელსაც 69И ეწოდა ("მძიმე კრეისერი იმპორტული საარტილერიო დანდგარებით"). იმავე წლის 16 ოქტომბერს გადამუშავებული პროექტი სამხედრო-საზღვაო და გემთმშენებელ სახკომატებს წარედგინა.


  ცხადი გახდა, რომ ახალი საარტილერიო დანდგარების განლაგება საგრძნობლად ცვლიდა თავად ხომალდების კორპუსისშიდა საერთო განლაგების დიდი ნაწილის კონსტრუქციას (საერთო სიგრძის დაახლოებით 40%) შიდა ფსკერიდან ზედა გემბანამდე. იცვლებოდა დანაშენებიც. წყალქვეშა ნაღმსაწინააღმდეგო დაცვის სიგრძე 9 მეტრით მატულობდა. ცეცხლის მართვის ახალი სისტემების განსათავსებლად აუცილებელი ხდებოდა საბრძოლო პოსტისა და ხიდურების ზომების გაზრდა. უნდა შეცვლილიყო კოშკისებური ფოკ-ანძის ზედა იარუსები და კიჩოს საკონტროლო-მანძილმზომი პოსტისთვის საჭირო დანაშენი. სამხედრო-საზღვაო ფლოტის წინადადებით იცვლებოდა თვითმფრინავების განლაგების წესიც: ამწე ისრის ნაცვლად თვითმფრინავების საბარკასე ამწეები უნდა დამდგარიყო (ისევე, როგორც ეს ახლადშეძენილ "პეტროპავლოვსკს" (ყოფილ "ლუტცოვს") ჰქონდა).
 ცეცხლის მართვის მოწყობილობების კომპლექტი "სიმენსის" ფირმის ორი საკონტროლო-მანძილმზომი პოსტისაგან შედგებოდა, რომელთაგან თითოეული 10-მეტრიანი მანძილმზომით იყო შეიარაღებული. კომპლექტში შედიოდა, აგრეთვე, ღამის ვიზირები, სამმეტრიანი მანძილმზომები და 150 სმ-იანი პროჟექტორები. მთელი ამ მეურნეობის განლაგება არსებული ხიდურების ზომების გაფართოებასა და ახალი ხიდურების განლაგებას მოითხოვდა. საბრძოლო მდგომარეობაში ელექტრომოწყობილობათა დატვირთვის გაზრდასთან დაკავშირებით კი ტურბოგენერატორების სიმძლავრეც 1 300 კილოვატამდე უნდა გაზრდილიყო.
  ზემოთჩამოთვლილი ცვლილებების შეტანის შემდეგ ხომალდის სტანდარტულმა წყალწყვამ 36 420 ტონას მიაღწია (ნორმალურმა წყალწყვამ - 39 660 ტონას, სრულმა - 42 830 ტონას!) და შესამჩნევად გადააჭარბა სახაზო ხომალდებისათის ვაშინგტონის ხელშეკრულებით დადგენილ ლიმიტს (35 000 ტონას): მართალია საბჭოთა კავშირი ამ ხელშეკრულებაში არ მონაწილეობდა და მისი პუნქტებით შეზღუდულიც არ იყო, მაგრამ ასეთი მნიშვნელოვანი ზომებისა და გაბარიტების ხომალდის შედარებით მოკრძალებული შეიარაღება და დაცვა უკვე თვალშისაცემი ხდებოდა (ვაშინგტონის შეზღუდვების გათვალისწინებით "კრონშტადტებზე" 10-15 წლით ადრე აგებული ბრიტანული "ნელსონი" და "როდნი" საბჭოთა კრეისერებს ყველა პარამეტრში სჯაბნიდნენ, გარდა სისწრაფისა). სხვა გაანგარიშებებისა და მონაცემების უცვლელობის ფონზე წყალწყვის ზრდამ კრეისერების დადგრადობის, ცურვისუნარიანობისა და სისწრაფის შემცირება გამოიწვია. 69И პროექტის სისწრაფე 69 პროექტის სისწრაფეზე არანაკლები რომ ყოფილიყო, მისი პროპულსური კოეფიციენტის გაზრდა ახალი ხრახნების დაპროექტების ხარჯზე გადაწყდა.
   უნდა აღინიშნოს, რომ მაღალი საერთო მახასიათებლების მიუხედავად გერმანულ 380 მმ-იან ქვემეხს რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარვეზიც ჰქონდა: ის კი აღემატებოდა 305 მმ-იან საბჭოთა ქვემეხს ჭურვის წონაში (800 კგ 470 კგ-ს ნაცვლად), მაგრამ ჩამორჩებოდა სროლის სიშორეში (187 კაბელტოვი (34,63 კმ) 260 კაბელტოვის (48,15 კმ) ნაცვლად), სწრაფსროლასა (წუთში 2,3 გასროლა წუთში 3,24 გასროლის ნაცვლად) და საცეცხლე მწარმოებლურობაში, ანუ - მთავარი კალიბრის ყველა ქვემეხის მიერ 1 წუთის განმავლობაში გასროლილი ჭურვების საერთო წონაში (11 ტონა 380 მმ-იანი 6 ქვემეხისთვის და 13,7 ტონა 305 მმ-იანი 9 ქვემეხისთვის). თავად მთავარი კალიბრის საერთო მარაგიც მესამედზე მეტით შემცირდა (570 ერთეული 380 მმ-იანი ჭურვი (ლულაზე 95 ჭურვი) 305 მმ-იანი 900 ჭურვის ნაცვლად (ლულაზე 100 ჭურვი)). მიუხედავად გერმანული არტილერიის ასეთი საეჭვო უპირატესობისა, არ შეიძლება, არ აღვნიშნოთ, რომ როდესაც საუბარია ახალ საბჭოთა 305 მმ-იან ქვემეხსა და გერმანულ 380 მმ-იან ქვემეხზე, პირველი მათგანი ჯერ მხოლოდ პროექტის სახით არსებობდა და საჭირო იყო ამ ქვემეხის საცდელი ეგზემპლარის დამზადება, მისი ყოველმხრივი გამოცდა, გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა, სერიული წარმოების დაწყება და ქვემეხების საჭირო რაოდენობით დამზადება (დიდი საარტილერიო ხომალდების მთავარი კალიბრის ახალი პროექტების ქვემეხებისთვის საჭირო მთელ ამ ციკლს 3-4 წელიწადი ესაჭიროება) მაშინ, როდესაც 380 მმ-იანი გერმანული ქვემეხი უკვე ყოველმხრივ იყო მზად და მისი საბრძოლო და ყოველდღიური ექსპლუატაციის გამოცდილებაც არსებობდა (როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, სწორედ ეს საარტილერიო სისტემები იდგა ახალ გერმანულ სახაზო ხომალდებზე - "ბისმარკსა" და ტირპიცზე" და სწორედ ამ ქვემეხების ზუსტი ცეცხლით ჩაძირა "ბისმარკმა" 1941 წლის 24 მაისს ბრიტანული "ჰუდი").
   1940 წლის ოქტომბრის დასაწყისში მთავრობის სხდომაზე, სადაც ქვეყანაში ხომალდების მშენებლობის 1941 წლის გეგმა განიხილებოდა, ადმირალმა კუზნეცოვმა წინადადება წამოაყენა, საერთოდ შეეწყვიტათ მძიმე კრეისერების მშენებლობა, მშენებარეები გემხარიხებზევე დაეშალათ და მათ ნაცვლად 30 პროექტის ახალი საესკადრო ნაღმოსნები აეგოთ, რომლებიც გაცილებით უფრო საჭირო იყო და მათი მშენებლობაც შეუდარებლად სწრაფი და იაფი იქნებოდა. სტალინი, რასაკვირველია, არ დაეთანხმა ამას და სახკომსაბჭოსა და საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ცენტრალური კომიტეტის (სკკპ(ბ) ცკ) 1940 წლის 19 ნოემბერს გამოსულ ერთობლივ დადგენილებაში "1941 წლის სამხედრო გემთმშენებლობის გეგმის შესახებ" ნათქვამი იყო: "...ახალი ხომალდებისა და კრეისერების მშენებლობის დაწყება არ მოხდეს, დაევალოს გემთმშენებლობის სახკომატს, მთელი ძალები მიმართოს "კრონშტადტისა" და "სევასტოპოლის" მშენებლობისკენ, დადგინდეს მათის წყალში ჩაშვების ვადად 1942 წლის 3-ე კვარტალი, მათი მთავარი კალიბრის არტილერიის საკითხი გადაწყდეს არაუგვიანეს ნოემბრის შუახანებისა. შეწყდეს სახაზო ხომალდ "სოვეტსკაია ბელორუსია"-ს მშენებლობა და მის ნაცვლად მოლოტოვსკში (დღევანდელი სევეროდვინსკი - ავტ.) №402 ქარხანაში დაიწყოს 30 პროექტის ოთხი საესკადრო ნაღმოსნის მშენებლობა". მძიმე კრეისერების ფლოტისთვის ჩაბარება ამჯერად უკვე 1944 წლისთვის იგეგმებოდა.
  ამ დადგენილების შესრულების დაწყებამდე 69 და 69И პროექტის ავტორმა საკონსტრუქტორო ბიურომ 1940 წლის ოქტომბერში გემთმშენებლობის სახკომატს მოახსენა, რომ იმპორტული მასალების მოწოდება გაჭიანურდა. მშენებელი ქარხნები უკვე ამთავრებდნენ კორპუსის სამუშაოებს იმ რაიონებში, რომლებსაც ცვლილებები არ შეხებია. საჭირო იყო შეცვლილი რაიონების ნახაზების დამუშავების დაჩქარება, აგრეთვე გერმანელებისგან მათი ნახაზების სასწრაფოდ მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში კონსტრუქტორთა, შემდეგ კი ქარხნების მუშაობაც პარალიზებული იქნებოდა.
   1940 წლის ნოემბერში გერმანიასთან 380 მმ-იანი არტილერიისა და ცეცხლის მართვის სისტემების მოწოდებაზე კონტრაქტი ხელმოწერილი იქნა და, მიუხედავა იმისა, რომ საბჭოთა კავშირმა დროულად გადარიცხა მათი სრული ღირებულება (50 მილიონი მარკა), გერმანელები ვალდებულების შესრულებას არ ჩქარობდნენ. ქვემეხები და კოშკები თავის სისტემებთან ერთად თითქმის მზად იყო, მაგრამ ისინი საბჭოთა კავშირში არ გაუგზავნიათ. 1941 წლის აპრილის დასაწყისში სტალინმა მორიგ თათბირზე მოისმინა საქმეთა მდგომარეობა მშენებარე "პეტროპავლოვსკის", "კრონშტადტისა" და "სევასტოპოლისთვის" იმპორტული მოწყობილობების მიწოდების შესახებ, მაგრამ გადაწყვიტა, ხელშეკრულებები არ გაეწყვიტა, რათა გერმანიასთან პოლიტიკური გართულებები არ წარმოქმნილიყო. იმავე წლის 10 აპრილს თავდაცვის კომიტეტმა საბოლოოდ დაადგინა, რომ მშენებარე მძიმე კრეისერებზე გერმანული 380 მმ-იანი ორქვემეხიანი კოშკები და "სიმენსის" ფირმის ცეცხლის მართვის სისტემეი დადგმულიყო, დაამტკიცა ტაქტიკურ-ტექნიკური მოთხოვნილებების ამასთან დაკავშირებული ცვლილებები და დაავალა გემთმშენებლობის სახკომატს, საბოლოოდ მოეხდინა პროექტის კორექტირება და, არაუგვიანეს 1941 წლის 15 ოქტომბრისა, მისი საბოლოო სახე დაემტკიცებინა.
   რაც შეეხება თავად ხომალდების მშენებლობას, რომელიც 1939 წლის 5 და 20 ნოემბერს დაიწყეს (შესაბამისად, პირველი სერიული "სევასტოპოლი" - ქ. ნიკოლაევის 61 კომუნარის სახელობის №200 ქარხანაში და სათაო "კრონშტადტი" - ქ. ლენინგრადის (დღევანდელი სანკტ-პეტერბურგი - ავტ.) ა. მარტის სახელობის №194 ქარხანაში), ეს პროცესი საბჭოთა კავშირში გერმანიის შეჭრის მომენტისათის პრაქტიკულად საწყის ეტაპზე იმყოფებოდა: კრეისერების ტექნიკური მზადყოფნა დაახლოებით 12%-ს შეადგენდა. თავდაცვის კომიტეტის 1941 წლის 10 ივლისის დადგენილებით მძიმე კრეისერების მშენებლობა შეჩერებული იქნა: ყველა ქარხნის მთელი ძალები და საშუალებები მსუბუქი ხომალდების, წყალქვეშა ნავებისა და კატარღების მშენებლობისკენ იქნა მიმართული.
  ომის პირველი წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე "კრონშტადტის" ჯავშნის კონსტრუქციები ლენინგრადის მიმართულებაზე ხანგრძლივი საცეცხლე წერტების ასაგებად გამოიყენებოდა, "სევასტოპოლის" კორპუსი კი, რომელიც გერმანელებს 1941 წლის აგვისტოში, ნიკოლაევის დაკავების შემდეგ ჩაუვარდათ ხელთ, ნაწილობრივ დაშალეს, ლითონი და ჯავშანი კი გერმანიაში გაიტანეს.
     ომის დასრულების შემდეგ 69 პროექტის კრეისერების მშენებლობა აღარ განახლებულა: არ იყო მთავარი კალიბრის კოშკები, ცეცხლის მართვის სისტემები, მთავარი მექანიზმები. განვლილი ომის გამოცდილებამაც ცხადყო, რომ მორალურად მოძველებული კრეისერების აგებასა და მწყობრში ჩაყენებას პრაქტიკულად აღარავითარი აზრი აღარ ჰქონდა, თანაც უკვე სრული სვლით მიმდინარეობდა სტალინის ახალი ფავორიტების - 82 პროექტის მძიმე (სახაზო) კრეისერების დაპროექტება და მშენებლობა, რომლებიც ყველა პარამეტრით აღემატებოდნენ "კრონშტადტებს". გაჩნდა რამდენიმე წინადადება ამ უკანასკნელთა 76 თვითმფრინავით შეიარაღებულ ავიამზიდებად, ანდა ვეშაპთმჭერი ფლოტილიების საოკეანო ბაზებად გადაკეთების შესახებ, მაგრამ არცერთი მათგანი არ იქნა ხორცშესხმული. 1947 წლის მარტში გამოვიდა საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს დადგენილება 69 პროექტის ხომალდების ლითონად დაჭირს შესახებ.
   ასე დასრულდა მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სადაო ხომალდების ამბავი, თუმცა ჩვენი თხრობა სრული ვერ იქნება, თუკი ამ პროექტს არ შევაფასებთ და არ ვიტყვით, თუ რატომ იყო ის სადაო.
     მრავალი წლის განმავლობაში ჯერ საბჭოთა, შემდეგ კი რუსულ სამხედრო-საზღვაო და ტექნიკურ ლიტერატურაში "კრონშტადტის" ტიპის მძიმე კრეისერები (ისევე, როგორც "სოვეტსკი სოიუზის" ტიპის სახაზო ხომალდები) მხოლოდდამხოლოდ მსოფლიოში უძლიერესებად ფიგურირებენ რაც, რბილად, რომ ვთქვათ, სიმართლეს არ შეესაბამება. ნაღმსაწინააღმდეგო დაცვითა და მთავარი კალიბრის სიმძლავრით 69 და, განსაკუთრებით, 69И პროექტის კრეისერები რამდენადმე სჯობდნენ თავიანთ ზოგიერთ საზღვარგარეთულ ანალოგს, თუმცა მათ სერიოზული ხარვეზებიც ჰქონდათ.
    "კრონშტადტი", რომელიც თავის ძირითად მოწინააღმდეგეს - "შარნჰორსტს" მთავარი კალიბრით აღემატებოდა, ძლიერ ჩამორჩებოდა მას ნაღმსაწინააღმდეგო და მსხვილკალიბრიან საზენიტო არტილერიაში (რვა 152 მმ-იანი და რვა 100 მმ-იანი ქვემეხი თორმეტი 150 მმ-იანისა და თოთხმეტი 105 მმ-იანის წინააღმდეგ). საერთოდ, საბჭოთა კავშირში 30-იანი წლების შუახანებიდან მშენებარე დიდ საარტილერიო ხომალდებზე ორი "საშუალო" კალიბრის - 152 მმ-იანი ნაღმსაწინააღმდეგოსა და 100 მმ-იანი საზენიტოს არსებობა სერიოზულ და ღრმა ხარვეზად შეიძლება ჩაითვალოს. საბჭოთა კონსტრუქტორები, რომლებსაც ამ საქმეში გამოცდილება არ გააჩნდათ, უცხოურ ფირმებს მიმართავდნენ. ყველაზე დიდი დახმარება მათ საბჭოთა კავშირის იდეოლოგიურმა და იმდროინდელმა პოლიტიკურმა მოკავშირეებმა - იტალიელებმა აღმოუჩინეს. "იტალიური სკოლა" მნიშვნელოვანწილად აისახა საბჭოთა ხომალდების შეიარაღების არჩევის დროსაც. როგორც იტალიური და გერმანული, ასევე დიდი საბჭოთა ხომალდებიც ცალ-ცალკე ატარებდნენ ნაღმსაწინააღმდეგო და შორსმსროლელ საზენიტო არტილერიას. ინგლისური და ამერიკული სახაზო ხომალდები, რომლებიც 30-იანი წლების მეორე ნახევრიდან შენდებოდა, შეწყვილებულ დანადგარებში მოთავსებული 16-20 უნივერსალური ქვემეხით იარაღდებოდნენ (127 მმ-იანები - ამერიკულებზე და 133 მმ-იანები - ინგლისურებზე). ფრანგული "დიუნკერკიც", რომელიც "შარნჰორსტსა" და კომპანიასთან ერთად განიხილებოდა "კრონშტადტის" პოტენციურ მოწინააღმდეგედ, ასევე ორლულიან დანადგარებში მოთავსებული 16 უნივერსალური 130 მმ-იანი ქვემეხით იყო აღჭურვილი. პარადოქსულია, მაგრამ საბჭოთა კონსტრუქტორებმა და მეზღვაურებმა მშვენივრად იცოდნენ, რომ ამერიკელები თავიანთ ახალ სახაზო ხომალდებზე უნივერსალურ საშუალო არტილერიას დგამდნენ, მაგრამ ამ ფაქტისათვის ჯეროვანი ყურადღება არავის მიუქცევია. ანდა მიაქციეს, მაგრამ სათანადო დასკვნები არ გამოიტანეს. ანდა გამოიტანეს, მაგრამ პრაქტიკულად არ გამოუყენებიათ. მეტიც: 1937-1939 წლებში ამერიკულმა ფირმამ "გიბსმა და კოკსმა" საბჭოთა მხარის შეკვეთით სახაზო ხომალდების რამდენიმე ვარიანტი დაამუშავა, რომლებიც ერთმანეთისაგან ზომებით, წყალწყვითა და მთავარი არტილერიის კალიბრით განსხვავდებოდა, მაგრამ ყველა მათგანზე ორქვემეხიანი 127 მმ-იანი უნივერსალური დანადგარები იდგა. იყო დებატები ამის თაობაზე საბჭოთა სამხედრო-საზღვაო აკადემიაშიც. როგორც ვხედავთ, ეს დავა იტალიური და გერმანული სკოლის მომხრეებმა მოიგეს. მიღებული გადაწყვეტილების შედეგად კი შემცირდა როგორც ნაღმსაწინააღმდეგო, ასევე შორსმსროლელი საზენიტო არტილერიის ლულების რაოდენობა, საბრძოლო მარაგის ოდენობა ორივესთვის, ხოლო ცეცხლის მართვის მოწყობილობების ნომენკლატურა და საბრძოლო პოსტების რაოდენობა გაიზარდა. ამას მოჰყვა ეკიპაჟისა და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების საერთო რაოდენობის ზრდა, რომელთათვისაც საჭირო გახდა დამატებითი ადგილების გათვალისწინება. ამას მოჰყვა ხომალდის ზომების და, შესაბამისად, წყალწყვის ზრდა და მისი კორპუსის პარამეტრებისა და დაცვის გაზრდილ ზომებსა და წყალწყვასთან მორგება... ერთი სიტყვით, დაიწყო ჯაჭვური რეაქცია. უკვე აღარაა გასაკვირი, რატომ აღემატებოდა მნიშვნელოვნად 230 მმ-იანი ჯავშნით დაცული და ექვსი 380 მმ-იანი, რვა 152 მმ-იანი და რვა 100 მმ-იანი ქვემეხით შეიარაღებული "კრონშტადტი" 225 მმ-იანი ჯავშნით დაცულ ("სტრასბურგს" - 283 მმ) და რვა 330 მმ-იანი მთავარი კალიბრითა და 16 უნივერსალური 130 მმ-იანი ქვემეხით შეიარაღებულ "დიუნკერკს" როგორც ზომებში ("კრონშტადტის" სიგრძე - 250,5 მ., "დიუნკერკის" (და "სტრასბურგის") სიგრძე - 218 მ.), ასევე - წყალწყვაში ("კრონშტადტი" (სტანდარტული/სრული) - 36 420 ტ./42 830 ტ., "დიუნკერკი" - 26 500 ტ./34 884 ტ. ("სტრასბურგი" - 27 300 ტ./36 380 ტ.)).
    რუსეთში პირველი მსოფლიო ომის წინ ობუხოვის ქარხნის 130 მმ-იანი საზღვაო ქვემეხი მიიღეს შეიარაღებაში, რომელიც თავისი მასაგაბარიტული, ბალისტიკური და სწრაფსროლის მახასიათებლებით თითქმის იდეალურად შეესაბამებოდა იმდროინდელი ნაღმოსნების, საესკადრო ნაღმოსნებისა და მსუბუქი კრეისერების წინააღმდეგ ბრძოლის ყველა მოთხოვნილებას. ეს მართლაც კარგი ქვემეხები, გარდა საკმაოდ ოპტიმალური პროექტის "ნოვიკის" ტიპის რუსული საესკადრო ნაღმოსნებისა, რუსული შავი ზღვის ფლოტის "იმპერატრიცა მარიას" ტიპის სახაზო ხომალდებზე, "იზმაილის" ტიპის სახაზო და "სვეტლანას" ტიპის მსუბუქ კრეისერებზეც იდგა. მათთვის სამწუხაროდ წითელი არმიის საზღვაო ძალები და, მათი დაკვეთით, საარტილერიო საკონსტრუქტორო ბიუროები და ქარხნებიც ამ ქვემეხს მხოლოდ საზღვაო და სახმელეთო სამიზნეების წინააღმდეგ სამოქმედოდ აუმჯობესებდნენ. მხოლოდ 30-იანი წლების დასასრულიდან შეუდგნენ უნივერსალურ 130 მმ-იან დანადგარზე მუშაობას (მოდელი Б-2-У), მაგრამ საბჭოთა კავშირში გერმანიის შეჭრის დასაწყისისთვის ამ ქვემეხის საცდელი ეგზემპლარიც კი არ იყო ჯერ მზად. რეალურად კი უნივერსალური 130 მმ-იანი დანადგარი მხოლოდ 41 პროექტის ექსპერიმენტულ საესკადრო ნაღმოსანზე, შემდეგ კი 56 პროექტის უკვე სერიულ საესკადრო ნაღმოსნებზე გამოჩნდა 50-იანი წლების დასაწყისში და მოვლენებს სულ ცოტა, 10 წლით მაინც ჩამორჩა.
   აქედან გამოდიოდა მძიმე კრეისერების მორიგი ღრმა და უდიდესი ხარვეზი - სუსტი საჰაერო თავდაცვა. 1944 წელს მართლაც რომ ჩამდგარიყვნენ მწყობრში, უახლესი ხომალდები სწორედ ისეთივე საზენიტო დაცვით იცურებდნენ, როგორითაც "ჩაპაევის" ტიპის მსუბუქი კრეისერები და თვით მოძველებული, პირველი მსოფლიო ომისდროინდელი პროექტის ("სვეტლანას" ტიპის) მსუბუქი კრეისერი "კრასნი კავკაზი" დაცურვდნენ. საჰაერო იერიშების 90-გრადუსიან საკურსო კუთხეზე მოგერიების შემთხვევაში "კრონშტადტს" მხოლოდ ოთხი 100 მმ-იანი ქვემეხი ჰქონდა მაშინ, როდესაც ამერიკულები რვა-ათი 127 მმ-იანით მოქმედებნენ. ომის გამოცდილებამ კი ცხადყო, რომ დისტანციური ამფეთქებლებით აღჭურვილი ჭურვებით მსროლელი ერთი ქვემეხის საზენიტო ცეცხლი უფრო ეფექტური იყო, ვიდრე - კონტაქტური ამფეთქებლებით აღჭურვილი ჭურვებით მსროლელი მცირეკალიბრიანი ქვემეხების მთელი ბატარეა. ავიაგამანადგურებელთა საიმედო საფარის გარეშე ზღვაში ასეთი საზენიტო შეიარაღებით გასვლა თვითმკვლელობამდე მისული ავანტიურის ტოლფასი იყო. არადა საიდან უნდა ჰქონოდა საოკეანო ლაშქრობაში გასულ "კრონშტადტს" საჰაერო საფარი, როდესაც საბჭოთა კავშირში ავიამზიდებზე მუშაობა ესკიზური პროექტების მომზადების სტადიას არ გასცილებია. საჰაერო საფარის აუცილებლობა პროფესორ სტავიცკის კომისიის 1938 წლის დასკვნაშიც ხაზგასმით იყო მითითებული.
   "კრონშტადტი" პოტენციურ მოწინააღმდეგეებს შეჯავშნაშიც ჩამორჩებოდა. მისი ბორტი 230 მმ-იანი ვერტიკალური ჯავშნით იყო დაცული მაშინ, როდესაც "დიუნკერკის" ბორტს 225 მმ-იანი ჯავშანი იცავდა, რომელიც 12 გრადუსით იყო დახრილი (ვერტიკალური ჯავშნისთვის მისი სისქე 270 მმ-ს ექვივალენტური იყო). რაც შეეხება "სტრასბურგს" და მის ასევე 12 გრადუსით დახრილ 283 მმ-იან ბორტს (325 მმ-ს ექვივალენტური), აქ კომენტარი ზედმეტია. აღარაფერს ვამბობ "შარნჰორსტის" 350 მმ-იან დახრილ ბორტზე (400 მმ-ს ექვივალენტური), რომელიც საერთოდ კონკურენციის მიღმა დგას. 69 პროექტის ხომალდების ჯავშნისა და წყალქვეშა დაცვის თაობაზე მსჯელობა მხოლოდ თეორიული კუთხით შეიძლება მაშინ, როდესაც "შარნჰორსტის" დაცვის სწორედ ამ კომპონენტებმა 1943 წლის 26 დეკემბრის ბრძოლაში (ბრძოლა ნორდ-კაპის კონცხთან, ანუ საშობაო (ან საახალწლო) ბრძოლა) სერიოზულ გამოცდას გაუძლო: გერმანულმა ხომალდმა ბრძოლისუნარიანობა არ დაკარგა 152-356 მმ-იანი ჭურვების დაახლოებით 30 მოხვედრისა და ბორტში 4 ტორპედოს მიღების შემდეგაც კი და მისი ბედი მხოლოდ მოწინააღმდეგის ძალების სიჭარბემ, ბრიტანული სახაზო ხომალდის "დიუკ ოფ იორკის" 356 მმ-იანი ქვემეხების სულ რაღაც 9 500 იარდიდან (8,5 კმ) გახსნილმა გრიგალისებურმა ცეცხლმა და კიდევ 10 ტორპედოს მოხვედრამ გადაწყვიტა.
   "კრონშტადტების" სერიოზული ხარვეზი იყო, აგრეთვე, მხოლოდ ერთი საბრძოლო ბოგურა და სავალი ხიდურის შეზღუდული ზომები. მთავარი კალიბრის სროლის მაქსიმალურად დიდი კუთხეების მისაღებად კონსტრუქტორებმა მეტისმეტად დაავიწროვეს დანაშენი ცხვირის ნაწილში; ხიდურზე მყოფი ხომალდის მეთაური ვერ ხედავდა არა მხოლოდ საკუთარი ხომალდის კიჩოს, არამედ უკანა ნაწილის ფართო სექტორსაც, რაც ძალზე აძნელებდა ხომალდის მანევრირებას ყურეებსა და სივიწროვეებში. იგივე პრობლემას წააწყდნენ 1914 წელს დრედნოუტ "სევასტოპოლის" მწყობრში ჩადგომის დროსაც: მაშინ ხიდურს სასწრაფოდ მიაშენეს აივანი-ფრთები, საიდანაც უკეთესი ხედვადობა იყო.
    და ბოლოს - სისწრაფე. გადატვირთვის შედეგად (განსაკუთრებით - 69И პროექტისთის) ეს მაჩვენებელი საპროექტო 33 კვანძიდან (69И პროექტისათვის - 32 კვანძი) 31 კვანძამდე, ანდა კიდევ უფრო მეტადაც შემცირდა. ტაქტიკურ-ტექნიკური დავალებით "კრონშტადტი" სვლის სისწრაფით "შარნჰორსტს" უნდა დასწეოდა და უფრო მძლავრი სახაზო ხომალდებისგან თავის არიდება უნდა შეძლებოდა. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, საბჭოთა კრეისერი სულ ოდნავ, მაგრამ მაინც ჩამორჩებოდა სისწრაფეში გერმანულ ხომალდს ("კრონშტადტის" 31-32 კვანძი "შარნჰორსტის" გარანტირებული 32 კვანძის საწინააღმდეგოდ), ხოლო ამერიკელთა "აიოვას" ტიპის უახლესი სახაზო ხომალდები საერთოდ 33 კვანძს ავითარებდნენ.
   საბოლოო ჯამში, ყველა ზემოთჩამოთვლილი ფაქტორის გაუთვალისწინებლადაც კი "კრონშტადტების" ბრძოლისუნარიანობა, მათი მწყობრში 1944 წელს ჩადგომის შემთხვევაშიც არ იქნებოდა ისეთ დონეზე, რაც ამ ხომალდების სრულყოფილ საბრძოლო ერთეულებად ქცევას განაპირობებდა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საბჭოთა სახაზო ფლოტს სრულებით არ გააჩნდა რეალური და თანამედროვე საბრძოლო გამოცდილება; თვით სერიოზული ზღვაოსნები - იაპონელებიც კი ვერ შეედრებოდნენ ახალბედა და გამოუცდელ ამერიკელებს საბრძოლო გამოცდილების დაგროვებაში და ხომალდების შენაერთებისა და ფლოტის "მცურავი ზურგის" ორგანიზაციასა და გამოყენებაში. როგორც ბრიტანეთის ხმელთაშუა ზღვის ფლოტის სარდალმა, სახელოვანმა ადმირალმა ენდრიუ კანინგჰემმა თქვა 1941 წელს: "...ახალი ხომალდის შესაქმნელად 3 წელია საჭირო. ახალი ტრადიციის შესაქმნელად - 300". საბჭოთა სახაზო ფლოტს არ გააჩნდა ტრადიცია და ის, რასაკვირველია, ვერ გაუტოლდებოდა ამერიკულსა და ინგლისურ ფლოტებს მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე დაწყებული ცივი ომის პირობებში.
  არ შეიძლება, არ მოვიხსენიოთ კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც დიდი ხნის განმალობაში ახდენდა პრაქტიკულად გადამწყვეტ გავლენას საბჭოთა ხომალდმშენებლობაზე. ეს სკკპ-ს "ხელმძღვანელი როლი" გახლავთ. სტალინი საკუთარ თავს მრავალ საკითხში, მათ შორის სამხედრო ფლტის მშენებლობს საკითხში მცოდნედაც თვლიდა. ხშირად ის ერთპიროვნულად, მეზღვაურთა აზრის საწინააღმდეგოდ განსაზღვრავდა, რომელი ხომალდები და რა რაოდენობით უნდა აგებულიყო. თანაც მისი სიტყვა საბოლოო იყო და კრიტიკას არ ექვემდებარებოდა. გარკვეულწილად ამიტომაც იყო საბჭოთა კავშირის მეორე მსოფლიო ომისწინა და ამ ომისშემდგომი პირველი ხომალდმშენებელი პროგრამები ასე დაუბალანსებელი. საზღვაო ბრძოლაში ავიამზიდებისა და ავიაციის როლი სრულად იგნორირდებოდა. სწორედ "დიდი სტალინის" დამსახურება იყო (ის კი ამაში "სპაციალისტებმა" დაარწმუნეს), რომ საბჭოთა კავშირი მსოფლიოში ერთადერთ სახელმწიფოდ დარჩა, სადაც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგაც განაგრძობდნენ სახაზო ხომალდებისა და სახაზო კრეისერების პროექტირებასა და მშენებლობას. ბელადი იტალიურ ფლოტს მიბაძვის ღირსად თვლიდა და იტალიური ფირმები საბჭოთა ხომალდმშენებლებს საესკადრო ნაღმოსნების დაპროექტებაში ეხმარებოდნენ, რომელთა კორპუსები ჩრდილოეთის ზღვის მკაცრ პირობებს ვერ უძლებდა და იმსხვრეოდა, ხოლო იტალიელ სპეციალისტთა დახმარებით დაპროექტებულ კრეისერებს მაღალი სისწრაფე და ძალზე სუსტი საზენტო შეიარაღება ჰქონდათ. ხშირად სტალინი ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს იღებდა თვით ხომალდების ცალკეული ელემენტების მიხედვითაც: სწორედ მან გადაწყვიტა, რომ მძიმე ხომალდებისთვის სრულიად საკმარისი იქნებოდა 100 მმ-იანი საზენიტო ქვემეხი (მეზღვაურები 130 მმ-იანს სთავაზობდნენ). ადმირალი კუზნეცოვი იხსენებს, რა უპასუხა სტალინმა მეზღვაურებს ხომალდების საზენიტო შეიარაღების გაძლიერების თხოვნაზე: "ჩვენ ამერიკის სანაპიროსთან ბრძოლას არ ვაპირებთ". ხანდახან (ყოველ შემთხვევაში, ამას გვიმტკიცებს მრავალი წყარო და ზოგიერთი ისტორიკოსიც კი) ბელადი მეზღვაურებისგან და კონსტრუქტორებისგან პრაქტიკულად შეუძლებელს მოითხოვდა; მაგალითად - 35-კვანძიან სისწრაფეს 82 პროექტის კრეისერებისთვის (თუმცა აქვე იბადება კითხვა: რატომ იყო 42 300-ტონიანი კრეისერისთვის 35-კვანძიანი სისწრაფის მინიჭება "პრაქტიკულად შეუძლებელი" 1950-იანი წლების დასაწყისისათვის მაშინ, როდესაც 10 წლით ადრე ამერიკელებმა მშვენივრად მოახერხეს თავიანთ 57 500-ტონიან "აიოვებზე" გარანტირებული 33-კვანძიანი (თეორიული გაანგარიშებებით კი - იგივე 35- და მეტკვანძიანი) სისწრაფის მიღება). ასეთ მტკიცებებს საკუთარი (ამ შემთხვევაში - საბჭოთა კონსტრუქტორებისა და ხომალდმშენებლების) უუნარობის მიჩქმალვისა და ყველა წარუმატებლობის ერთ ადამიანზე გადაბრალების სერიოზული სუნი უდის. ასე, რომ არც მთლად სტალინის ბრალი იყო საბჭოთა ფლოტის დაუბალანსებლობა: ამის მიზეზები ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების უკმარისობა, საკონსტრუქტორო სკოლის არასაკმარისი კვალიფიკაცია და, რაც მთავარია, ელემენტარული ტრადიციისა და საბრძოლო გამოცდილების უქონლობა იყო.