Tuesday, September 13, 2016

მეომრის ღირსება

1943 წლის 20 დეკემბერს ბრემენს ამერიკის 8-ე საჰაერო არმიის 379-ე ბომბდამშენი ჯგუფი ბომბავდა: ეს ოპერაცია საკმაოდ მასშტაბური იყო და მასში ასობით ამერიკული თვითმფრინავი მონაწილეობდა.
ამერიკულ ბომბდამშენთა შორის იყო 2-ე ლეიტენანტ (Second Lieutenant) ჩარლზ ბრაუნის (Charles L. "Charlie" Brown) „მფრინავი ციხესიმაგრე“ B-17 საკუთარი სახელით Ye Olde Pub და მისი ეკიპაჟიც - კიდევ 9 კაცი:
  • 2-ე ლეიტენანტი სპენსერ ლიუკი (Spencer "Pinky" Luke) - მეორე პილოტი.
  • 2-ე ლეიტენანტიალბერტ სადოკი (Albert Al "Doc" Sadok) - შტურმანი.
  • 2-ე ლეიტენანტი რობერტ ენდრიუსი (Robert "Andy" Andrews) - ბომბარდირი.
  • სერჟანტი ბერტრან კოლომბი (Bertrund "Frenchy" Coulombe) ზედა კოშკის ბორტმსროლელი და ბორტინჟინერი.
  • სერჟანტი რიჩარდ პეჩო (Richard “Dick Pechout) - რადისტი.
  • სერჟანტი ჰიუ ეკენროდი (Hugh "Ecky" Eckenrode) კუდის ბორტმსროლელი.
  • სერჟანტი ლოიდ ჯენინგსი (Lloyd Jennings) მარცხენა ბორტმსროლელი.
  • სერჟანტი ალექს იელესანკო (Alex "Russian" Yelesanko) მარჯვენა ბორტმსროლელი.
  • სერჟანტი სემუელ ბლეკფორდი (Samuel Sam "Blackie" Blackford) ქვედა სფერული დანადგარის (ე.წ. ball turret) ბორტმსროლელი.



ბრემენის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის 11-ე გამანადგურებელი ესკადრის (JG-11) თვითმფრინავებმა გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწიეს ამერიკელებს: ბრაუნის ბომბდამშენს ერთდროულად შეუტია ათზე მეტმა Bf-109-მ და FW-190-მა და ისინი 10 წუთის განმავლობაში არ მოეშვნენ B-17-ს.
ეს დღე Ye Olde Pub-ისა და მისი ეკიპაჟის დღე ნამდვილად არ იყო: მრავალრიცხოვანი მოხვედრებისგან მესამე ძრავამ მკვეთრად დაკარგა სიმძლავრე (საერთო სიმძლავრის მხოლოდ 40% დარჩა ხელმისაწვდომი), დაზიანდა ჰიდრავლიკური და ელექტრული, აგრეთვე - ეკიპაჟის ჟანგბადით მომარაგების სისტემები. ბომბდამშენმა კუდის ვერტიკალური საჭის მოზრდილი ნაგლეჯი და კუდის ჰორიზონტალური ფრთასხმულობის ორიდან ერთი - მარცხენა ფრთა, აგრეთვე ცხვირის კონუსი დაკარგა. შეიარაღებაში არსებული თერთმეტი 12,7 მმ-იანი „ბრაუნინგიდან“ ერთბაშად გამოვიდა მწყობრიდან სამი მათგანი (კუდის ორივე და შტურმანის კაბინაში მდგარი, წინ მსროლელი სამიდან ერთი) - როგორც ჩანს, ცუდი შეზეთვის ან სხვა, საბრძოლო გაფრენის წინ მიწაზე გამორჩენილი ხარვეზის გამო.
ეკიპაჟის უმრავლესობა მწყობრიდან გამოვიდა: კუდის ბორტმსროლელი ეკენროდი დაიღუპა, მარჯვენა ბორტმსროლელი იელესანკო ნამსხვრევით მძიმედ დაიჭრა ფეხში, რადისტი პეჩო ასევე მძიმედ დაიჭრა ნამსხვრევით თვალში, თავად ბრაუნიც დაიჭრა მარჯვენა მხარში. ელექტროსისტემის მწყობრიდან გამოსვლის გამო სპეციალურ საცავში არსებული მორფინის გამაყუჩებლები გაიყინა - ბორტსმიღმა ტემპერატურა -60 გრადუსზე მეტი იყო - და ეკიპაჟის დაჭრილი წევრების გადაუდებელი დახმარება მეტისმეტად გართულდა, ხოლო რადიოსადგური სრულად გამოვიდა მწყობრიდან. Ye Olde Pub საშინელი სანახავი გახდა.
ბრაუნის მძიმედ დაზიანებულმა ბომბდამშენმა 379-ე ბომბდამშენი ჯგუფის B-17-ების საერთო მწყობრი დატოვა, დაბალ სიმაღლეზე ჩაიწია, სიჩქარეც დააგდო და ის მიწიდან შენიშნეს გერმანელმა მეთვალყურეებმა.
27-ე გამანადგურებელი ესკადრის 6-ე შტაფელის (6./JG27) პილოტი ობერლეიტენანტი ფრანც შტიგლერი გამოცდილი მფრინავი იყო: ომის განმავლობაში 500-ზე მეტი საბრძოლო გაფრენა შეასრულა, 17-ჯერ ჩამოაგდეს, ერთხელ ტყვედაც ჩავარდა, თუმცა მალევე გაიქცა. ომის დასასრულისთვის 28 დადასტურებული და 30 „სავარუდო“ გამარჯვება ჰქონდა, 1944 წლის ბოლოდან კი „გალანდის ცირკში“ – Me-262 გამანადგურებლებით შეიარაღებულ JV-44-ში იბრძოდა. დაჯილდოვებული იყო რაინდის ჯვრით.
იმ დღეს - 1943 წლის 20 დეკემბერს - შტიგლერი ბრემენის ცას იცავდა. იცავდა გააფთრებით: იმ დროისათვის, როდესაც მეთვალყურეებმა დაზიანებული Ye Olde Pub შენიშნეს, შტიგლერს ორი სხვა B-17 უკვე ჩამოეგდო და თავისი შტაფელის აეროდრომზე იჯდა საკუთარი „გუსტავის“ (Bf-109G-6) საწვავისა და საბრძოლო მარაგის შესავსებად. სწორედ შტიგლერმა მიიღო დავალება, დაწეოდა დაზიანებულ „მფრინავ ციხესიმაგრეს“ და ჩამოეგდო.
შემდგომში შტიგლერი იხსენებდა: „როგორღაც მეთაურმა გვითხრა: დაიმახსოვრეთ - თქვენ მფრინავ-გამანადგურებლები ხართ. თუ გავიგე, რომ პარაშუტით გადმომხტარ მფრინავს ესროლეთ, ჩემი ხელით დაგხვრეტთ!“... 27-ე ესკადრის მეთაური, რომელშიც შტიგლერი მსახურობდა, ცნობილი ასი - გუსტავ რიოდელი იყო: მუხისფოთლებიანი რაინდის ჯვრის კავალერი, ესპანეთის, პოლონეთის, საფრანგეთის, „ინგლისისათვის ბრძოლის“, ბალკანეთის, აღმოსავლეთის ფრონტის, აფრიკის, დასავლეთის ფრონტის ვეტერანი 980 საბრძოლო გაფრენით და 98 გამარჯვებით, რომელთაგან საბჭოთა თვითმფრინავი მხოლოდ 1 იყო (СБ-3); სამაგიეროდ ანგარიშზე უხვად ჰყავდა მეორე მსოფლიო ომის პრაქტიკულად ყველაზე რთული და სახიფათო სამიზნეები - ოთხმოტორიანი ამერიკული და ინგლისური ბომბდამშენები: 12 გამარჯვება.
...შტიგლერი აფრინდა, დაზიანებულ B-17-ს დაეწია, კლასიკური ვირაჟით ამოუდგა უკან-მაღლა და ცეცხლის გასახსნელად მოემზადა, მაგრამ... კუდის ბორტმსროლელის „ბრაუნინგების“ ლულები ქვემოთ იყურებოდა. გერმანელი მფრინავი დაეჭვდა და გადაწყვიტა, მოწინააღმდეგეს კიდევ უფრო მიახლოვებოდა, რაც გააკეთა კიდეც და მის თვალწინ მთელი თავისი ტრაგიზმითა და დიდებულებით გამოჩნდა B-17-ის მთლიანად დაცხრილული ფიუზელაჟი, ფრთები და კუდის ფრთასხმულობა, ორი გაჩერებული ძრავა, თითქმის მთლიანად მოგლეჯილი საჭე და კუდის ჰორიზონტალური ფრთასხმულობის ნახევარი, კუდის ბორტმსროლელის სისხლით მორწყული კაბინა და ფიუზელაჟის ზედაპირზე პირდაღებულ უზარმაზარ ნახვრეტებში თავგანწირვით მოფუსფუსე ამერიკული ეკიპაჟის გადარჩენილი წევრები, რომლებიც თავგამოდებით ცდილობდნენ დაჭრილი მეგობრებისთვის დახმარების აღმოჩენას - გერმანული გამანადგურებლისგან თავის დასაცავად არავის ეცალა: B-17 განწირული იყო.



„ასეთი სურათის შემხედვარემ საკუთარ თავში ვერ მოვძებნე ძალა, რომ მათთვის ხელი მომეთავებინა“ - იხსენებდა შემდგომში შტიგლერი. ის კიდევ უფრო მიუახლოვდა B-17-ს და მისი და ჩარლი ბრაუნის მზერა უკვე ერთმანეთს შეხვდა. გერმანელმა ხელით ანიშნა - „დაჯექი!“. ჩარლიმ უარის ნიშნად თავი გააქნია. ცოტა ხანში შტიგლერმა ახალი ალტერნატივა შესთავაზა: ხელით აღმოსავლეთისკენ მიუთითა და შვედეთისკენ შეთავაზა წასვლა, სადამდეც ნახევარი საათის ფრენა იყო საჭირო და სადაც დაზიანებული ამერიკული ბომბდამშენის ეკიპაჟს დახმარებას აღმოუჩენდნენ და ომის ბოლომდე ინტერნირებულები იქნებოდნენ. ბრაუნს ისევ ჯიუტად ეჭირა გეზი ინგლისისაკენ, სადამდეც კიდევ 2 საათის ფრენა იყო საჭირო და აქ შტიგლერმა... თავად გადაწყვიტა, რომ დაზიანებული მოწინააღმდეგისთვის ესკორტირება გაეწია!
დაბლა, ყველას დასანახად მფრენი ამერიკული ბომბდამშენის გარშემო უწყვეტი და დამახასიათებელი მანევრირებით შტიგლერი მიწაზე მყოფ გერმანელ მეზენიტეებსა და დამკვირვებლებს აჩვენებდა, რომ მტერი დანებდა და დასაშვებად მიჰყავდა... ასე გააცილა B-17 ჩრდილოეთის ზღვამდე და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ანგლოსაქსების გამანადგურებელთა პატრულირების ზონას მიუახლოვდა, შტიგლერმა უსაზღვროდ გაკვირვებულ ბრაუნსა და მის ეკიპაჟს სამხედრო სალამი მისცა და უკან გაბრუნდა...
პატაკში შტიგლემა დაწერა, რომ ამერიკული ბომბდამშენი ჩრდილოეთის ზღვაში ჩავარდა, ჩარლი ბრაუნმა კი კიდევ 400 კილომეტრი იფრინა და ავიაბაზა სისინგზე (Seething) დაჯდა: მისგან ამ გასაოცარი ისტორიის მოსმენის შემდეგ ამერიკულმა სარდლობამ გადაწყვიტა, ეს შემთხვევა გაესაიდუმლოებინა.
ასე გრძელდებოდა 1986 წლამდე, როდესაც ომის ვეტერანთა ყრილობაზე კოლონელ ჩარლზ ბრაუნს - უკვე წარმატებულ ბიზნესმენს - როგორღაც ჰკითხეს, რა იყო ყველაზე არაჩვეულებრივი მის კარიერაში და ბრაუნმაც, რომელიც ამ ისტორიას აქამდე არ ახმაურებდა,  ეს ამბავი მოყვა. მართლაც საოცრება იყო: „მან ჩვენი სიცოცხლე არ გადაარჩინა... უბრალოდ არ წაგვართვა ეს სიცოცხლე“ - ამბობდა ჩარლი ბრაუნი.
გარკვეული პერიოდის მანძილზე ბრაუნი ცდილობდა, გერმანელი პილოტის ამბავი გაეგო - მანამ, სანამ მის თავს გადახდენილი საოცარი ამბავი იმ ბიულეტენში არ მოხვდა, რომელიც ლიუფტვაფეს ყოფილი პილოტებისთვის იყო განკუთვნილი.
ერთ მშვენიერ დღეს ჩარლი ბრაუნმა წერილი მიიღო - „ეს მე ვიყავი“. მისამართი კანადიდან იყო - ფრანც შტიგლერი ომის შემდეგ კანადაში გადასულა საცხოვრებლად და ბიზნესიც წამოუწყია. სატელეფონო საუბარში შტიგლერმა დაწვრილებით მოუყვა ბრაუნს, როგორ გამოიყურებოდა მისი თვითმფრინავი 1943 წლის 20 დეკემბერს, აუწერა ყველა დაზიანება, ყველაფერი, რაც ნახა... ბრაუნისგანაც მოისმინა, როგორ დაინახა მან და მისმა ეკიპაჟმა შეტევისთვის გამზადებული „გუსტავი“, როგორ გამოიყურებოდა ეს გამანადგურებელი, რა მანევრებს ასრულებდა და ორივე დარწმუნდა, რომ მართლაც ერთი და იგივე, საოცარი ამბის მონაწილეები იყვნენ. ამჯერად მათ მხოლოდ სიეტლსა და ვანკუვერს შორის არსებული 200-მილიანი მანძილი აშორებდა... ბრაუნმა გადაწყვიტა, რომ მას შტიგლერის გარკვეული ვალი ჰქონდა და მისი დაკვეთით მხატვარმა რობერტ ჰარპერმა სურათი დახატა.

ყოფილ მოწინააღმდეგეთა შეხვედრამ შესანიშნავად ჩაიარა და მათი მეგობრობაც დაიწყო - 1990-2008 წლებში ბრაუნი და შტიგლერი არაერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს და მათი მეგობრობა სიკვდილამდე გაგრძელდა: ჩარლი ბრაუნისა და ფრანც შტიგლერის გარდაცვალების თარიღებს შორის მხოლოდ რამდენიმეთვიანი სხვაობაა.

აღნიშნულ ვაჟკაცურ ეპიზოდს ცნობილმა ჯგუფმა „საბატონმა“ დიდებული სიმღერა მიუძღვნა.